<უკან დაბრუნება
შუანას ტაძარი მდებარეობს მდ.ყუბანის მარცხენა სანაპიროზე, ყარაჩაევსკის ჩრდილოეთით, 7 კმ-ზე, ამავე სახელწოდების მთა შუანაზე. ტაძარი წარმოადგენს სამნავიან, სამაფსიდიან შენობას, ოთხი კვადრატით, რომლებიც შეერთებულია ბოძებით. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მას აქვს ეკვდერები, ცენტრალური აფსიდა უფრო დიდია გვერდით აფსიდებთან შედარებით. დასავლეთიდან ტაძარზე მიშენებულია საყრდენი კედელი კონტრფორსებით. ტაძრის სიგრძე 12, 90 მ-ია, ხოლო სიგანე - 8, 90 მ. სიმაღლე კი 12 მ. ტაძარი წმინდა გიორგი სახელობისაა და, სავარაუდოდ, X საუკუნის უნდა იყოს. ამაზე მრავალი ფაქტორი მიუთითებს: წარწერა შიგნით, სადაც მოხსენიებულია ლეონი, ეს სწორედ ეგრის-აფხაზთა მეფე ლეონ III უნდა იყოს, რომლის სახელს უკავშირდება ტაძრების მშენებლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე.
შუანა - მომდინარეობს სიტყვა "შუან“-დან რომელიც სვანეთის თვითსახელწოდებაა, ხოლო მუშვან კი სვანის ტაძარი. პირველად არქიტექტურულად აღწერა გერმანელმა მეცნიერმა ჯოსეფ ბერნარდცმა 1829 წელს.
ტერიტორია სადაც მდებარეობს ეკლესია და მისი მიმდებარე მხარეები ოდითგანვე დასახლებული იყო ქართველებით, კერძოდ კი სვანებით. მდინარე ყუბანის, კერძოდ ყარაჩაის მხრით - ლაბგვიარი - ახლანდელი ულუ კამის ხეობა და ყაბარდოს მხრით - თეგენი, XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე - 1834 წლამდე - სვანეთის სამთავროს საკუთრებას წარმოადგენდა, რისთვისაც სვანეთის მთავრები იღებდნენ სათანადო გადასახადს იქ დასახლებული ყაბარდო-ბალყარელებისაგან.
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი სწერს აფხაზთა მეფე გიორგი II-ს, "შენმა ღვთისმოსავობამ და უმწიკვლო ქცევამ, აღგვიძრა სიყვარული შენდამი, შენი ღვთისმოსავობის საბუთია ღვთისნიერი სწრაფვა, რომელიც გამოიჩინე ალანთა ტომის მიმართ, განანათლე ალანთა მმართველი და ყველა მასთან ერთად ვინც ღირსი გახდა წმინდა ნათლისღებისა“. გიორგი მეორე პირადად მონაწილეობდა ალანთა მეფისა და მისი ოჯახის მონათვლაში. ეს მჭიდრო ურთიერთობა მეათე საუკუნეშია დამყარებული. ლეონ აფხაზთა მეფის მიერ აგებულია მოქვის ტაძარი.
მეათე საუკუნის დასაწყისიდან ეგრის აფხაზეთის მეფეთა გავლენით ალან ოსებში ქრისტიანობა აქტიურად ვრცელდება. გიორგი II და ლეონ III აფხაზთა მეფეების დროს გააქტიურდა ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ქართულ ბიზანტიური არქიტექტურა. ასეთი შერწყმის შედეგად საქართველოში აშენდა ისეთი ტაძრები როგორიც იყო მოქვის, ლიხნის, ბიჭვინთის და სხვ. ეკლესიები.
თორნიკე დიასამიძე
სპეციალურად საუნჯესთვის
----------------------------------------------------
მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:
1. Бернадаци, I, Христианские древности за Кубанью, ЖМВД. 1830, кн.4 стр.186-191
2. მიბჩუანი თ. ქართული ძეგლები ჩრდილო კავკასიაში // ძეგლის მეგობარი. - 1974. - კრ.36. - გვ.63-67. - ყარაჩაი-ბალყარეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლის ქართული წარმოშობის შესახებ. ქრისტიანული ძეგლებიდან აღნიშნულია ორი მონასტერი: სენტი და შუანა (X-XI სს.).
3. თორნიკე დიასამიძე - ქართული კვალი ჩერქეზეთში X-XII საუკუნეებში // მეცნიერება და ტექნოლოგიები - სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი, N2 (716), გვ.100-106, თბილისი, 2014 წ.
4. В.А. Кузнецов - В верховьях Большого Зеленчука
5. Белецкий Д.В., Виноградов А.Ю. - ФРЕСКИ СЕНТИНСКОГО ХРАМА И ПРОБЛЕМЫ ИСТОРИИ АЛАНСКОГО ХРИСТИАНСТВА В Х В
6. Сысоев В. М. Поездка на реки Зеленчук, Кубань и Теберду летом 1895
7. "Материалы по археологии Кавказа". Т.VII. М. 1898, стр.116.
ჯ.ბერნადაცის ჩანახატი
|