topmenu

 

თ. დიასამიძე - ქართული კვალი ჩერქეზეთში X-XII საუკუნეებში

<უკან დაბრუნება


ქართული კვალი ჩერქეზეთში X-XII საუკუნეებში*

თ. დიასამიძე

თორნიკე დიასამიძე - ქართული კვალი ჩერქეზეთში X-XII საუკუნეებში // მეცნიერება და ტექნოლოგიები - სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი, N2 (716), გვ.100-106, თბილისი, 2014 წ.

კავკასია არამარტო გეოგრაფიული, არამედ ისტორიულ-კულტურული რეგიონია. საქართველო კი ცენტრია კავკასიის, რომელიც ხშირ შემთხვევაში კავკასიის განვითარების ბიძგის მიმცემი იყო. ქართული კულტურა გაფანტულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ყველგან, სადაც ქართველი კაცის ხელი მისწვდა სამუდამოდ დარჩა ქართული კულტურის კვალი. კავკასიის რეგიონი გამორჩეულია ამ მხრივ - აქ ყველა ჩვენი მეზობლის ტერიტორიაზე შეიმჩნევა ქართული ქრისტიანული და წინარექრისტიანული კულტურის ნაკვალევი. ამ მხრივ არც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებია გამონაკლისი. ქართული ქრისტიანული კულტურის კვალი ვრცელდება მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე, დაწყებული დაღესტნიდან, დამთავრებული ადიღემდე.

სტატიის მიზანია ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლების ირგვლივ მოპოვებული და დამუშავებული მასალის ანალიზი. იგულისხმება ქართული ქრისტიანული კულტურის შესწავლა დღევანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე, სადაც დღემდეა შემორჩენილი X საუკუნის ორი ქრისტიანული ტაძარი შუანასა და სენტის სახელწოდებით.

ტაძრების შესწავლის ისტორია იწყება XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც რუსეთის იმპერიის სამეფო კარი დაინტერესდა ჩრდილოეთ კავკასიის ქრისტიანული კულტურით, მათ მიზნად დაისახეს ქრისტიანული რელიგია გამოეყენებინათ ისლამის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამისათვის კი საჭირო იყო ქრისტიანული კვალის და გავლენის შესწავლა ჩრდილოეთ კავკასიაში, აღნიშნულ შემთხვევაში კი - ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. სამეცნიერო ექსპედიციამდე სხვადასხვა მოგზაური ცდილობდა შეესწავლა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა და კულტურა, თუმცა, ისინი ასევე ხვდებოდნენ ქრისტიანულ ტაძრებსაც და მხოლოდ ინფორმაციას იწერდნენ  ამ ტაძრების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი მოგზაური იყო გერმანელი რეინეგსი, რომელმაც იმოგზაურა ჩერქეზეთში XVIII საუკუნის 80-იან წლებში. რაინეგსი წერს: "სამხრეთით მაღალ მთაზე დგას კარგად შენახული, წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ქვის ეკლესია, იქ ჯერაც ორი ზარია, ასევე ამტკიცებენ, რომ წიგნები, ბერების სამოსელი, თასი და ჯვარი ახლაც დაცული იმავე მთაზეა განსაკუთრებულ საიდუმლო ადგილას, რომელზედაც ეკლესია დგას, ეკლესიის ირგვლივ კი ბევრი ქვაბულია გამოკვეთილი. ეს ეკლესია ცნობილი ყოფილა თავისი საკვირველმოქმედებით, განდეგილებითა და ბერებით. ქერის მოსავლის აღების შემდეგ აქ იკრიბებიან გლეხები, ქრისტიანი მღვდელი კი ატარებს ლოცვას. თუ ვინმეს ამ ეკლესიის ახლოს მეხი მოკლავს მას წმინდანად მიიჩნევენ. იქვე მარხავენ მის გვამს, შემდეგ მართავენ დღესასწაულს, იკვლება შავი ვაცი, ტყავს გატენიან და საფლავის ახლოს მაღალ ძელზე გამოჰკიდებენ, რათა ამ წმინდანად შერაცხულის ხსოვნა გაახანგრძლივონ"[1]. ტაძართან ახლოს უნდა ყოფილიყო წიგნსაცავი, საიდანაც რაინეგსმა წაიღო ორი წიგნი: ერთი საეკლესიო ცნობარი და მეორე, სავარაუდოდ, იესო ქრისტეს ცხოვრება, წიგნები დაწერილი უნდა ყოფილიყო ბერძნულ ენაზე, თუმცა ამის შესახებ ჩვენ ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება.

შუანას და სენტის პირველი სამეცნიერო შესწავლა დაიწყო გერმანელმა მეცნიერმა ჯ.ბერნადაცმა, რომელმაც იმოგზაურა ჩერქეზეთში 1829 წელს. "შუანას ტაძარი სრული სახით იყო შემორჩენილი. ტაძრის შიგნით შეიმჩნევა საღებავის კვალი, რომლითაც ტაძარი შეუთეთრებიათ[2]". შუანას ტაძრის შიგნით საკურთხევლიდან მარჯვენა მხარეს ინახება ჯვარი, რომლის ირგვლივ იკითხება ბერძნული წარწერა "ოკ... ევონ... ლოს... ლეონოს", (სახელითა მსახურითა ღვთისა ლეონ. ლეონი, სავარაუდოდ, უნდა იყოს ეგრის-აფხაზეთის სამეფოს მეფე ლეონ III (945-963), სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ტაძრის მშენებლობა, შუანას ტაძარი სტრუქტურულად ძალიან ჰგავს ლეონ III-ის მიერ აგებულ მოქვის ტაძარს. რაინეგსის მსგავსად ბერნადაცმაც აღწერა ტაძარი: ტაძრის შიგნით შემორჩენილია ფრესკები, რომელთა ნაწილიც წაშლილია, ტაძარს გვერდით აქვს აკლდამა, რომელიც სავარაუდოდ აქ მოღვაწე ბერების განსასვენებელი უნდა ყოფილიყო.[2] Бернадацци. ჯ.ბერნადაცი იყო პირველი, ვინც შეეცადა შეესწავლა და რუსეთის საიმპერატორო კარისთვის მიეწოდებინა ტაძრის შესახებ ინფორმაცია, მისი ვარაუდით, ორივე ტაძარი ბიზანტიური წარმომავლობის უნდა ყოფილიყო, მართლაც, ეს ტაძრები აგებულებით ჰგავს ბიზანტიურ საეკლესიო არქიტექტურას, თუმცა, ხშირად მეცნიერები დასავლეთ საქართველოს, ანუ ეგრის-აფხაზეთის ქართველთა სამეფოს ბიზანტიის ჭრილში მოიხსენიებენ, რის გამოც რთულდება მათი შეხედულების სისწორის დადგენა, ხოლო თანამედროვე მეცნიერები ამ დაკვირვებებს და აღნიშვნებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ და მიუთითებენ. რომ თითქოს ეს ორივე ტაძარი ბიზანტიელების მიერ არის აგებული. ამის შესახებ ქვემოთ გვექნება საუბარი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, XIX საუკუნიდან ამ ტაძრებმა მეცნიერთა დიდი ინტერესი გამოიწვია, მოეწყო სამეცნიერო ექსპედიციები შუანასა და სენტის შესასწავლად, 1867 წელს ტაძრების შესწავლით დაინტერესდნენ ძმები ნარიშკინები, 1886 წელს ტაძრები შეისწავლა ფელიცინმა, 1898 წელს სენტის ტაძარი მოინახულა და შეისწავლა - დიაჩკოვა – ტარასოვამ.([3] Дъячкова-Тарасова 1898). შუანას ტაძარიმდებარეობს მდ.ყუბანის მარცხენა სანაპიროზე, ყარაჩაევსკის ჩრდილოეთით, 7 კმ-ზე, ამავე სახელწოდების მთა შუანაზე. ტაძარი წარმოადგენს სამნავიან, სამაფსიდიან შენობას, ოთხი კვადრატით, რომლებიც შეერთებულია ბოძებით. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მას აქვს ეკვდერები, ცენტრალური აფსიდა უფრო დიდია გვერდით აფსიდებთან შედარებით. დასავლეთიდან ტაძარზე მიშენებულია საყრდენი კედელი კონტრფორსებით. ტაძრის სიგრძე 12, 90 მ-ია, ხოლო სიგანე - 8, 90 მ. სიმაღლე კი 12 მ. ტაძარი წმინდა გიორგი სახელობისაა და, სავარაუდოდ, X საუკუნის უნდა იყოს. ამაზე მრავალი ფაქტორი მიუთითებს: წარწერა შიგნით, სადაც მოხსენიებულია ლეონი, ეს სწორედ ეგრის-აფხაზთა მეფე ლეონ III უნდა იყოს, რომლის სახელს უკავშირდება ტაძრების მშენებლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ტაძრის აგების დროს ეს ტერიტორია ალანეთის ეპარქიის გამგებლობაში შედიოდა. თუმცა ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებებიც, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. ტაძრის დათარიღება X საუკუნით მთელი რიგი მოვლენებით არის განპირობებული. პირველ რიგში აღსანიშნავია, აქ ქრისტიანობის გავრცელება. მართალია, ჯერ კიდევ ანდრია პირველწოდებულმა და მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ისინი აფხაზეთიდან გადავიდნენ, მაგრამ ეს არ გვაძლევს, იმის თქმის უფლებას, რომ აქ მოსახლეობა პირველი საუკუნიდან იყო ქრისტიანული მრწამსის მიმდევარი, თუმცა ქრისტიანობის გავრცელებისათვის ბაზა უკვე მომზადებული იყო. შემდგომ პერიოდში ბიზანტია ცდილობდა აქტიურად ექადაგა და გაევრცელებინა ამ ტერიტორიაზე ქრისტიანობა, რაც ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ამ მხრივ სრულ წარმატებას მიაღწია ეგრის-აფხაზეთის მეფე გიორგი II-მ. ამის შესახებ ჩვენ ვიგებთ კონსტანტინეპოლის პატრიარქის ნიკოლოზ მისტიკოსის წერილიდან, რომელიც მან მისწერა გიორგი II-ს: "შენმა ღვთისმოსავობამ და უმწიკვლო ქცევამ, აღგვიძრა სიყვარული შენდამი, შენი ღვთისმოსავობის საბუთია ღვთისნიერი სწრაფვა, რომელიც გამოიჩინე ალანთა ტომის მიმართ, განანათლე ალანთა მმართველი და ყველა მასთან ერთად, ვინც ღირსი გახდა წმინდა ნათლისრებისა”.[4] გეორგიკა. ამ წერილის მიხედვით, აშკარა ხდება მეფე გიორგის ღვაწლი ალანთა გაქრისტიანების საქმეში. ამ პერიოდში ალანები სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე სახლობდნენ ქართველებთან, კერძოდ სვანებთან, ერთად. გიორგი II-ის შემდეგ მისი კვალი გააგრძელა მისმავე ვაჟმა ლეონ III-მ. ტაძრის არქიტექტურულმა შესწავლამ ასევე ცხადყო, რომ ტაძარი X საუკუნის შუა ხანებში უნდა ყოფილიყო აგებული. ძველად შუანასთან გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა, რომელსაც იცავდა ხუმარას ციხე - სიმაგრე, აქვე იყო მიმოფანტული ქვის ჯვრები. ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ შუანას ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მსგავსებას "აფხაზური ჯგუფის” ეკლესიებთან, კერძოდ სოფლების - ლოოს, ბზიფის, ლიხნეს, ბიჭვინთის, ანაკოფიის, ახალი ათონის, მოქვის ეკლესიებთან. ყველა ეს ტაძარი X-XI საუკუნეშია აგებული. ამ ტაძრებს ამსგავსებენ ტრაპიზონის ტაძრებსაც.([5] Кузьмин 2005:27). რაც შეეხება ტაძრის ამგებს, მეცნიერთა ნაწილი ტენდენციურად მიუთითებს, რომ ტაძარი აგებულია ბიზანტიელთა მიერ, ნაწილი კი შედარებით ლოიალურია და ტაძრის აგებისას არ გამორიცხავს ეგრის-აფხაზეთის სამეფოს როლს, თუმცა ამ სამეფოს განიხილავს არა ქართულ, არამედ ბიზანტიურ სამეფოთა რიგებში. ვლ.კუზნეცოვი წერს: ბიზანტიის იმპერია აფხაზთა სამეფოდან ამარაგებდა ალანთა მეფე-მთავრებს, ასევე აღნიშნავს, რომ ტაძარი სიახლოვეს ავლენს აფხაზეთის არქიტექტურის ძეგლთან - მოქვის ტაძართან, რომლის აგებაც ლეონ III-ს უკავშირდება, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველივე ამის ფონზე ვლ.კუზნეცოვი არსად არ ახსენებს საქართველოს. თითქოს არნიშნულ პერიოდში საქართველო საერთოდ არ არსებობდა კავკასიაში.[6]Кузнецов 2002:67 იგი ამ ეკლესიასაც ყუბანის დიდი ეპარქიის ტაძრად და ადგილობრივი ეპისკოპოსის რეზიდენციად მიიჩნევს. ახლა შევეხებით მომდევნო საკითხს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ქართველთა, კერძოდ კი სვანთა, განსახლებაზე მიუთითებს. მდინარეების ყუბანის და ბაქსანის, ჩეგემის, ჩერეკის და სხვა. სათავეების მნიშვნელოვანი ნაწილი, კერძოდ ყარაჩაის მხრიდან - ლაბგვიარი (ახლანდელი ულუ კამის ხეობა) და ყაბარდოს ,ხრიდან - თეგენი, XIX საუკუნის პირველ ნახევარში, (1834 წლამდე) სვანეთის სამთავროში შედიოდა, რისთვისაც სვანები იღებდნენ სათანადო გადასახადს იქ დასახლებული ყაბარდო - ბალყარელებისაგან. ([7]გელოვანი). წერილობითი წყაროებითაც დასტურდება, რომ 1834 წლამდე საქართველოს (სვანეთის სამთავროს და ზოგიერთ სვანურ თემს) ეკუთვნოდა შედარებით ვრცელი მიწები მდ.თერგის, ყუბანისა და ბაქსანის სათავეებში. დადეშქელიანები სვანეთის სამთავროს უკიდურეს ჩრდილოეთ პუნქტს ურუსბიევოს თავიანთ საკუთრებად თვლიდნენ და სივრცეს იალბუზიდან მოყოლებული ვიდრე ჩეგემამდე საქართველოს ტერიტორიად მიიჩნევდნენ. 1834 წელს ბარონ როზენის მიერ სვანეთში საზღვრების აღსაწერად გაგზავნილმა სამხედრო მოხელე ი.შახოვსკიმ სვანეთის სამთავროს ყოველი მხრიდან ჩამოაჭრა ტერიტორიები. ([8]გუჯეჯიანი). სვანეთის მთავრის ქვრივი დიგორხან დადეშქელიანი-გარდაფხაძისა, რომლის ტიტულატურა იყო "მბრძანებელი ბაქსანის მდინარის სატავისა, ყუბანისა, დალისა და ანგურისა" დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენას. არქივში დაცულია მისი წერილი ბარონ როზენისადმი, სადაც აღწერილია სვანეთის ტერიტორიების ჩამოჭრის ისტორია.([9] საქ. ცსა. ფ., 2, აღწერა I, საქმე, 4465, გვ.67). X-XII საუკუნეებში ყუბანის სათავეებში სვანთა დასახლების ერთი საყურადღებო ფაქტია მოხსენიებული ბერძენი ავტორების მიერ. ეს ეხება იქ მდებარე ისეთ ქალაქებს, როგორიც იყო ფუსტი და სხემირისი. ფუსტი, როგორც სამლოცველო, დღესაც არის სვანეთში. სხუმარისი იგივე "ცხუმისი" უნდა იყოს, რაც სვანურად რცხილნარს ნიშნავს. [10] მიბჩუანი როგორც აღვნიშნეთ, შუანას არის შუანას მთაზე. ოსები მთასაც და მონასტერსაც შუნ –ს ეძახიან და არა შუანას, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია ცნობილი. ოსები მხოლოდ ლოცვის დროს იტყვიან ხოლმე: "შუან უასთირჯი" (უასთირჯი ოსურად წმინდა გიორგის ნიშნავს). ეს ტერმინი ძველირანულ პერიოდს განეკუთვნება და ღვთაებას, ღვთაებრივ წმინდანს ნიშნავს. ასე რომ, "შუან უასთირჯი" სვანეთის წმინდა გიორგია, რადგან "შუან” სვანურ ენაზე სვანეთის სახელწოდებაა, ოსებისთვის კი ტერმინი გაუგებარია. ([10] მიბჩუანი).

ამრიგად, ტერიტორია, სადაც შუანას ტაძარი მდებარეობს, საუკუნეების განმავლობაში ქართველთა საკუთრებას წარმოადგენდა, სადაც დასახლებული იყო ქართული მოსახლეობა. დროთა განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ალანები, ჩერქეზები და ყაბარდოელები დასახლდნენ, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია ამ ხალხთან. დღეს მათ შესახებ მხოლოდ ტოპონიმებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ყუბანისა და ბაქსანის ტერიტორიაზე სვანთა დასახლებამ თავისი კვალი დატოვა, ისეთი ტოპონიმების სახით როგორიცაა, "უშკულანი” - უშგული, ხუმარა - ცხუმარა, სხუმარა, ლაშკუთ - ლაშხეთი. უშგული, ცხუმარა და ლაშხეთი დღევანდელ სვანურში მოქმედი ტოპონიმებია, ხოლო უშკულანი და ხუმარა ყუბანის სათავეებთან, ლაშკუთი კი მდ. ბაქსანთან. ([11] лавров 1952: 338). ის ავტორები, რომლებიც ტენდენციურად განიხილავენ აღნიშნულ საკითხს, გვერდს ვერ უვლიან ტოპონიმებისა და ისტორიის განხილვას, მარამ მათი მცდელობა, რომ დამახინჯებულად წარმოგვიდგინონ ჩვენი ისტორია, ხშირ შემთხვევაში, წარმატებას აღწევს, თუმცა ისტორია არასოდეს იკარგება და ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც იჩენს თავს.

შუანას ტაძრიდან მოშორებით დახლოებით 15 კ-ზე სოფ სენტში მდ.თებერდას სანაპიროზე შემაღლებულ ადგილას - გორაზე დგას სენტის ტაძარი. ქვედა თებერდას ტერიტორიაზე ყარაჩაული მოსახლეობა გაჩნდა 1870 წლიდან. ადგილობრივთა  გადმოცემით, სენტი ეწოდებოდა ქვის ძეგლს, რომელსაც ადამიანის გამოსახულება ჰქონდა და ინახებოდა მონასტერში სენტი ქართული სვეტის იდენტური უნდა იყოს.([10] მიბუჩანი 1986). ისევე როგორც შუანის ეკლესია სენტის  ტაძარიც მეცნიერულად პირველად შეისწავლა გერმანელმა მეცნიერმა  ბერნარდცმა გენერალ ემანუელის დავალებით 1829 წელს. სენტი რომ სვეტს ნიშნავს ამას აღნიშნავს დიაჩკოვა - ტარასოვაც, რომელმაც ასევე შეისწავლა ტაძარი, "სენტი როგორც ქართული სვეტი, ქართველებმა შემოიტანეს აქ ქრისტიანობა და ის სიწმინდეები, რომლებიც შემდეგი გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაში”. ([3]Дъячкова-Тарасова 1898). ბერნარდიც იყო პირველი ევროპელი რომელიც XIX საუკუნეში მოინახულა ეს ტაძარი. ისევე როგორც შუანის, ბერნარდცი სენტის ტაძარსაც ბიზანტიურ არქიტექტურას უავშირებს. ტაძრის შესახებ იგი წერს; "ინტერიერი დაფარულია სხვადასხვა ფრესკებით. გამოსახულებით რომლებზედაც აღწერილია ქრისტეს მიწიერი ცხოვრება, კარგად არის შემონახული ფერები. ეკლესია, ისევე როგორც გუმბათი, ჩვენამდე კარგ ფორმაშია მოღწეული. ზოგან გამოყენებულია აგური, ასევე გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის გამომწვარი თიხა. ტაძარი იატაკი დანგრეულია ჩერქეზების მიერ რომლებიც აქ ოქროს ეძებდნენ”.([2] Бернадацци). 1829 წლიდან სენტის ტაძარი მოექცა მეცნიერთა ყურადღების ცენტრში და დაიწყო ტაძრის სამეცნიერო შესწავლა. 1867 წელს იგი შეისწავლეს ძმებმა ნარიშკინებმა. 1886 წელს ტაძარი დაათვალერა ფელინცმა, ხოლო 12 წლის შემდეგ ტაძარი მოინახულა დიაჩკოვა - ტარასოვამ. 1899 წელს ტაძარი ასევე შეისწავლა არქეოლოგმა და მხატვარმა ვლადირივომა. უშუალოდ ვლადირივომა დააფიქსირა ტაძრის მთავარი ღირსეშესანიშნაობები გარედან კირით იყო შეთეთრებული მისი ფრესკები. გეგმით ტაძარი წარმოადგენს თანაბარმკლავიან ჯვარს სამი ეკვდერით. შენობის სიგრძე და სიგანე 8 მ-ია. ეკლესია ნაგებია ქვიშაქვით კარგად თლილი ბლოკებით და კირხსნარით. წყობაში ჩანს ბლოკები წარმართული ორნამენტებით. 1977 წელს, ვ.კუზნეცოვმა აღადგინა ტაძარი. ის აღნიშნავს, რომ სენტი განსხვავდება შუანასაგან თავისი პროპორციებით. ტაძრის მოყვანილობა შეუდარებელია, კედლებზე არ არის ბზარი, ტაძარი აგებულია კლდეზე. ტაძარი ფუნქციონირებდა XIX საუკუნის ბოლომდე, აქ მოღვაწეობდნენ ბერები. სწორედ მათ შეცვალეს მისი პროპორციები, რის შედეგადაც შეცვალა ტაძრის პირველი სახე. ტაძრის თავი იყო ცილინდრის ფორმის, ჰქონდა რვა ფანჯარა და ვიწრო წაგრძელება, სამი შესასვლელი. შიგნიდან ტაძარი უბრალო და მკაცრია. იგი არ ყოფილა გათვლილი დიდ მრევლზე. სენტის ტაძრის განხილვისას საინტერესოა წარწერა, რომელიც აქ აღმოაჩინა ა. ვინოგრადოვმა, მისი შესწავლის დროს. წარწერა შესრულებულია შავი საღებავით ბერძნულ ენაზე.

ქართულად წარწერა ასე ითარგმნება:

"ღვთისმშობლის ტაძარი განაახლეს

ნიკიფორეს მეფობის დროს,

ალანიის მფლობელების

დავითის და მარიამის დროს,

დასაბამითგან 6473 წლის 2 აპრილს

წმინდა ანტიპასხის ხსენების დღეს

ალანეთის მიტროპოლიტ თეოდორეს შემწეობით.

წარწერის მიხედვით, თარიღი უნდა გამოვთვალოთ ბიზანტიური ქორონიკონით და ამ გამოთვლით ეს არის 965 წელი, სწორედ ამ დროს უნდა განახლებულიყო ან აგებულიყო ტაძარი.[12]Виноградов 2005:87 აღნიშნული წარწერის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა ბერძნული და, სავარაუდოდ, ქართული წარწერებიც, რომლებიც შესრულებულია სენტის ტაძარზე. ეს ყოველივე საჭიროებს სამეცნიერო ძიების გაგრძელებას. თუ გავითვალისწინებთ ა.ვინოგრადოვის მიერ შესწავლილ წარწერას, შეიძლება დავადგინოთ, თუ რომელ საუკუნეს მიეკუთვნება ტაძარი, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვვით, ტაძარი X საუკუნის უნდა იყოს, ე.ი. იმ პერიოდის, როდესაც ქართული სამეფო - სამტავროები ერთმანეთს ეცილებოდნენ კავკასიაში პირველობისათვის. სწორედ ამ დროს, ჩვენ სახეზე გვაქვს, სავარაუდოდ, ერთი და იმავე პერიოდის ორი ტაძარი, რომელთაც ქართული სახელწოდებები აერთიანებთ. თუ ამას დავუმატებთ ამ პერიოდში ქართული სამეფოების აქტიურობას კავკასიაში, ადვილი მისახვედრია, რომ ორივე ტაძრის შენების საქმეში ქართველებს თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ X საუკუნიდან ბიზანტიის იმპერია ნელ-ნელა კარგავს თავის გავლენას დასავლეთ საქართველოზე, ხოლო დასავლეთ საქართველო კი თავის მხრივ ცდილობს გააფართოოს თავისი გავლენა როგორც ქართულ სამეფო - სამთავროებზე, ისე ჩრდილოეთ კავკასიაზე. ამის ნათელი მაგალითია ეგრის - აფხაზეთის მეფის გიორგი II-ის მოღვაწეობა. სენტის ტაძარი გამორჩეულია თავისი ფრესკებით, როგორც აღვნიშნეთ, ფრესკები პირველად დააფიქსირა ვლდიმიროვმა და აღწერა კიდეც. მანვე აღმოაჩინა ფრესკის ორი შრე. ისინი ან აღადგინეს, ანდა ზედვე შეასრულეს. ფრესკები ოსტატურად არის შესრულებული თეთრი, წითელი და მუქი ყავისფერი ფერებით. სავარაუდოდ, ცენტრალური ფიგურა ღვთისმშობელი იყო, რომელსაც ხელები ზეცისკენ ჰქონდა აღპყრობილი. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გამოსახულია წმინდანთა ორი ჯგუფი; თითოეულზე ოთხი ფიგურა, რომელთაც ახლავს წარწერა. ტაძრის ზედა ნაწილში წარმოდგენილია ქრისტეს ცხოვრების ამსახველი ეპიზოდები, სასამართლო, აღდგომა. დასავლეთ კედელზე გამოსახულია იერუსალიმში შესვლის სცენა. ქვედა იარუსზე წარმოდგენილია მოციქულთა და ეკლესიის მამათა ფიგურები, ასევე მთავარანგელოზი შუბით ხელში. ფრესკები ძალიან დაზიანებულია, მათი ნაწილი XIX საუკუნეში დაიკარგა, ვლადიმიროვი მიუთითებდა ფრესკების ბიზანტიურ წარმოშობაზე, მაგრამ არ გამორიცხავდა სიახლოვეს ქართულთან. სენტის ტაძართან ახლოს მის ჩრდილო - დასავლეთით დგას უფრო გვიანი პერიოდის ქვის მავზოლეუმი (ამგები უცნობია). სამხრეთ კედელში გაკეთებულია შესასვლელი, შიგნით ჩანს სამარხების კვალი. ასეთი მავზოლეუმი არ არსებობს მთელ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, იგი განკუთვნილი იყო უმაღლესი რანგის სასულიერო პირთათვის. მავზოლეუმი აგებული უნდა იყოს უფრო ძველი ერთაფსიდიანი ტაძრის ნანგრევებზე ალანთა გაქრისტიანების დროს. ჩვენს მიერ განხილული ორივე ტაძარი ძალიან ჰგავს აფხაზური ტაძრების არქიტექტურას[13]. მსგავსების შესახებ აღნიშნავს რუსი მეცნიერი ვ.კუზნეცოვი, რომელიც ცდილობს გვერდი აუაროს ქართულ კვალს ჩრდილოეთ კავკასიაში და ძეგლი დაუკავშიროს მხოლოდ აფხაზეთს. როგორც ჩანს, ის აფხაზეთს განიხილავს, როგორც არაქართულ სახელმწიფოს. ეს მაშინ, როდესაც ეგრის - აფხაზეთის მეფეები იბრძოდნენ ქართული მიწების გაერთიანებისთვის. თვით იოანე მარუშის-ძე - ეგრის - აფხაზეთის მეფის მიერ დანიშნული ერისმთავარი საქართველოს გაერთიანების ინიციატორი იყო. ასე რომ, აფხაზთა სამეფო თავისი დაარსების დღიდან მუდმივად მოიაზრება ქართული სამეფო - სამთავროების გვერდით და განიხილება, როგორც ძირფესვიანად ქართული სამეფო. ჯერ კიდევ ლეონ II-მ შეძლო და ეგრის-აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქი გადმოიტანა ქუთაისში, მომდევნო მეფეები ცდილობდნენ უფრო გაეღრმავებინათ მათი გავლენა საქართველოს ყველა სამეფო - სამთავროზე. პარალელურად დასავლეთ საქართველოს ეკლესია ეტაპობრივად ჩამოშორდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს და დაუკავშირდა მცხეთის საკათალიკოსოს, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ სამეფოს ქართულობას.

ამრიგად, სტატია წარმოადგენს მოკლე ექსკურსს ქართული სახელმწიფოს გავლენისა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი ჩერქეზეთში, შრომა გაგრძელდება და მომავალში უფრო საფუძვლიანად იქნება წარმოდგენილი ქართული კულტურის გავლენა და ჩერქეზეთში არსებული ტაძრების იდენტურობა ქართულ, კერძოდ კი აფხაზურ, არქიტექტურასთან. ტაძრის ისტორიის პარალელურად ჩვენ შეგვეძლება გავეცნოთ საქართველოს კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ წარსულს და ურთიერთობას ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან.

______________

* შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის N52/40

 

 

ლიტერატურა - References - Литература:

1.გ. გელაშვილი. იაკობ რაინეგსი საქართველოს შესახებ, თბ., 2002, გვ.23.

2.Бернадацци И. Христианская древности за кубанью. Журналъ министерства внутренних делъ  частъ III, С.-пб. 1830.

3.Дъячкова-Тарасова АК., Сентинский храм и его фрески. 1898

4.ს. ყაუხჩიშვილი, გეორგიკა. ტ. IV, თბ., 1952

5.Кузьмин В. - Христианские храмы Северного Кавказа. 2005.

6.Кузнецов В.,  христианство на северном кавказе до XV в,Владикавказ, 2002.

7.ა. გელოვანი, დასავლეთ საქართველოს მთიანეთი (სვანეთი) XIX საუკუნეში, თბ., 2003.

8.რ. გუჯეჯიანი, ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლები ბალყარეთსა და ყარაჩაიში, კავკასიის ეთნოგრაფიული კრებული. ტ. X, თბ., 2007

9.საქ. ცსა. ფ., 2, აღწერა I, საქმე, 4465, გვ. 67.

10.თ. მიბჩუანი, მეგობრობის სათავეებთან. თბ., 1986.

11.Лавров Л. И. Расселение сванов на северном кавказе до XIX века. Вопроси этнографии кавказа. Тб. 1952.

12.Белецкий Д.В., Виноградов А., Фрески Сентинсково храма и проблема истории Алансково христианства X в. Росийская археологиа, N1, 2005.

13.Чачхалиа Д. К. Абхазская школа византийской архитектуры (к вопросу о принципах абхазского храмостроения в IX-XIII вв.) Памяти проф. К. Н. Афанасьева, Сух.  2004.

7