topmenu

 

ზ.ჭიჭინაძე - კათოლიკეთა ეკლესია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

კათოლიკეთა ეკლესია //ჭიჭინაძე ზ. სამცხე - საათაბაგო. - ტფ., 1905, გვ.119-121.

მღვთის მშობლის მიძინების ეკკლესია (მოზდოკს). მოგეხსენებათ, რომ ძველად საქართველოს ერი მრავალნაირად იყო ახვეწილ დახვეწილი, მისს მცხოვრებთ მკვიდრნი ხშირად აქეთ-იქით მიემგზავრებოდნენ და ხან უცხო სახელმწიფოშიაც. ქართველთ ძველადვე დაინახეს სასარგებლო კუთხეთ ქ.მოზდოკი, რომელიც რუსეთის სამფლობელოთ ითვლებოდა. აქ ძველად თავი მოიკრიბეს თვით ქართველთ კათოლიკეთაც, მართლმადიდებელთ რიცხვი ხომ ერთობ დიდი იყო და ამასთან გრიგორიანის სარწმუნოების მექონი ქართველნიც მრავლად იყვნენ - ქართველ კათოლიკეთ რიცხვი XVIII საუკუნეში იმოდენი იყო, რომ მათთვის კათოლიკოს ეკკლესიაც საპირო შეიქმნა. აქ კათოლიკეთ ეკკლესია ძველადგანვე დაუარსებიათ, ხოლო იგი პატარა ეკკლესია ყოფილა, შემდეგ 1873 წ., აქ ეს პატარა ეკკლესია სხვაფერ აღუგიათ. კათოლიკეთა რიცხვი ძველადგანვე აქ ლათინის წესზედ მდგარან. ყველანი ქართველ გვარისანი ყოფილან. ქართველებში მოიპოვებიან თვით აზნაურისშვილებიც და თავადიშვილების გვარიც, მაგალითებრ მხეიძეების გვარის წევრთა თავადიშვილები დღესაც სცხოვრებენ აქ. ამათ გარდა ქართველთ გვართაგანი არიან მაისურაძენი, მამულაშვილი, საყვარელიძენი და მრავალიც სხვანი ქართველ გვარის კათოლიკენი. თუმც ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ქართველ კათოლიკეთა უმრავლესობას დედაენა დავიწყებული აქვსთ და იგინი სომხურს და სხვა ენებზედ საუბრობენ, ესეც საკვირველი ნარუქია ქართველის კაცის მცონარეობისა. სანატრელი - კია, რომ მოზდოკის ქართველ კათოლიკეთ შორის დედა - ენამ ფეხი აიდგას, ფრთები შეისხას. დავსძენთ, რომ მოზდოკს გარდა, ქართველ გვარის კათოლიკენი და ნამეტურ მართლმადიდებელნი, ამ კუთხისკენ სხვა ქალაქებშიაც სცხოვრებენ, რომელნიც ძველად გასულან საქართველოდგან და იქ დასახლებულან, მაგრამ ყველა მათ ქართული ენა კი დაუკარგავსთ, სომხურს გარდა აქ ქართველთა ქართველობის არავის რა ეტყობა. ყველგან ქართველობა აქეთ აშკარა რიცხვითაც მცირდება. ძველად -კი მოზდოკს ქართველთ კათოლიკეთ რიცხვი 300 კომლზედ მეტი იყო, უმეტეს ნაწილი რუსეთის ქალაქებისაკენ განბნეულან XIX საუკუნის დამდეგიდამ. მოზდოკში ქართველთ გარდმოსახლება ეკუთვნის XVIII საუკ. შემდეგიდამ, ზოგნი ვახტანგ მეფის თანხლებულთაგანი დასახლდნენ აქ და მეფეს რუსეთში აღარ გაჰყვნენ. ზოგნი გადასახლდნენ კახეთიდან და ქართლიდამ 1733 წ. ზოგნი 1760 წლების შემდეგ, ზოგნიც 1795 წ. ამ წელს ანანურიდგან მოვიდნენ. იქ XIX საუკუნეში გადასახლდნენ რაჭიდგანაც, ხოლო ესენი სად დასახლდენ, ამის ჩვენ არა ვიცით რა, ის კი ვიცით, რომ ზოგნი ამათგანი მოზდოკს მოვიდნენ და აქ დასახლდენ. რაჭიდგან და იმერეთიდან 1878 წლებშიაც გადასახლდენ იქ. გარდა ასეთის გარდასახლებისა საქართველოს კუთხეებიდგან ყოველს თვეს და წელს მირბოდენ მებატონეთაგან დევნილნი ყმანი და მოზდოკს იკრეფდენ თავს, იქ სახლობდნენ, რადგანაც საქართველოს მოსამზღვრეთ რუსეთის უახლოეს ქალაქს მოზდოკი შეადგენდა. გარდა ამისა, საქართველოს სამეფოს პირთა უპირველეს რუსეთის სამფლობელო ადგილთა ეს ქალაქი ითვლებოდა, ყოველი ქართველი მოგზაური თითქმის აქ უნდა მოსულიყო, აქ უნდა მოესაქმიანა, აქ უნდა ენახა რუსეთის მოწინავე მოხელე პირი, რაც შეეხება ქართველ კათოლიკობას, ესენიც ზემოხსენებულ დროს არიან გარდასახლებულნი, ზოგნი აქ დაკავშირებულან კათოლიკობას, ზოგნი გასომხებულან კიდეც, უფრო მრავალნი – კი გასომხებულან დროთა მიმდინარეობის მეოხებით და ეკკლესიის საეროს წესით. ამათ შესახებ წერილი დაიბეჭდა "ცნობის ფურცელში", დამწერი პატრი გაბრიელ ასლანიშვილი სწერს, რომ მოზდოკის კათოლიკენი შთამამავლობით ქართველები არიანო.

 

http://www.liveinternet.ru/users/sanur/post331341241

http://mozdok-hutor.narod.ru/index/mozdokskaja_ikona_bozhiej_materi/0-80