topmenu

 

საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი
There are no translations available.

<<უკან დაბრუნება ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

გ.ბარისაშვილი - საგურამო, თადეოზ გურამიშვილის მარანი

მარნებისა და ქვევრების ძველ ნაშთებს ჩვენში თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ძველ მარნებს შესაძლოა შევხვდეთ ასევე ისეთ მაღალმთიან რეგიონებშიც სადაც ქართველ კაცს ვენახის გასაშენებლად ხელს ბუნების მკაცრი პირობები არ უწყობდა, მაგრამ იგი ყურძენსა თუ ტკბილს ბარიდან ეზიდებოდა და ამგვარ რთულ ვითარებაში ეწეოდა მეღვინეობას.

საქართველოში ყველგან ერთნაირი მარნები როდი იყო გავრცელებული, დასავლეთ საქართველოს მარნები და თავად ღვინის დაყენების წესი შეიძლება ითქვას რადიკალურად განსხვავდება მაგალითად კახეთისაგან. განსხვავებულია კლიმატი, ვენახის მოვლის წესები, ღვინის ტექნოლოგია, ყურძნის ხარისხი და შემადგენლობა, მარნის ტიპი, მევენახეობა მეღვინეობის ტრადიციები და სხვა. მარანს ძველ საქართველოში გარდა ტექნიკურისა ზოგ შემთხვევაში რელიგიური დატვირთვაც კი ჰქონდა. იგი წარმოადგენდა წმინდა სახლს და იმ დროს, როდესაც საქართველოში მტერი შემოვიდოდა და ეკლესია მონასტრებს დაარბევდა და გაანადგურებდა, ზოგიერთი საეკლესიო რიტუალი მაგალითად ჯვრისწერა, ნათლობა და სხვა სწორედ მარანში აღესრულებოდა.

აღმოსავლეთ საქართველოს მარნები ძირითადად მთლიანად დახურლია და ზოგიერთ შემთხვევაში სარდაფული ტიპისაა, მაშინ როდესაც დასავლეთში უფრო ღია ცის ქვეშ გამართულ ან ნახევრად ღია მარნებს ვხვდებით. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული მარნების ტიპის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სოფელ საგურამოში თადეოზ გურამიშვილისეული მარანი, რომელიც ამავდროულად უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლია. მნახველებს დღესაც აოცებს ამ მარნის ჩუქურთმები და მორთულობა, სიდიდე და საერთოდ მისი გრანდიოზულობა.

აღნიშნულ მარანში მიმდინარეობდა ყურძნის გადამუშავებისა და ღვინის ტექნოლოგიის ყველა პროცესი: ყურძნის შემოზიდვა, გადარჩევა, გადამუშავება (დაჭყლეტა), დადუღება, გადაღება, დაღვინება, და შენახვა. ამ მარნის შემხედვარე ალბათ ადვილი წარმოსადგენია ვივარაუდოთ მევენახეობა მეღვინეობის საერთო დონე იმდროინდელ საქართველოში. მარანი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, ილია ჭავჭავაძის სიმამრს - თადეოზ გურამიშვილს აუშენებია იმ ადგილას სადაც ამჟამად სოფელი საგურამოა. ეს ადგილები ძველად მთლიანად ვენახებით ყოფილა დაფარული, ქართლის ამ ადგილებისათვის დამახასიათებელი ყოფილა და არის ყურძნის ჯიშები: ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო და სხვა. თავად სოფელი საგურამო, რომლის პირვანდელი სახელი გურამიანთკარი ყოფილა ახლანდელი სოფლის თავში, შემაღლებულზე ყოფილა განლაგებული, იქ სადც ახლა წმინდა ილია მართალის სახელზე ახლად აშენებული ტაძარი დგას. აქვეა დავით გურამიშვილის ნამოსახლარი და მარანი, (შემორჩენილია მარნის კედლები, ორიოდე დაზიანებული ქვევრი და კარგად შემონახული ქვითკირის საწნახელი).

თადეოზ გურამიშვილის მარანში ამჟამად 17 დიდი ქვევრია, თითო დაახლოვებით 1—1.5 ტონის ტევადობისა, ამის გარდა მარანში მოწყობილია სამი საწნახელი, ერთი მოზრდილი (შუაში) და ორი მომცრო. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ილია ჭავჭავაძეც ამ მარანში ამზადებდა ღვინოს, რომელიც შემდეგ გადაჰქონდა თავის სარდაფში, სადაც იგი ამ ღვინოს მუხის კასრებში ასხავდა. მარანი დღესდღეიობით ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მას ძალიან აკლია მზრუნველი ხელი, რის გამოც აქაურობა ძალზე დაბინძურებული და მიუხედავია. იმედი ვიქონიოთ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები რომლებიც ითავებენ ამ უნიკალური ძეგლის პატრონობასა და ამავდროულად ჭეშმარიტად ეროვნულ საქმეს, რადგან როგორც უკვე ითქვა თადეოზ გურამიშვილის მარანი ქართული კულტურული მეღვინეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო და უნიკალური მაგალითია, რომელმაც ქართულ ტრადიციულ მეღვინეობაში თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ უნდა სთქვას.