topmenu

 

ღამბაშიძე გ. - ტყობა-ერდი ქართული კულტურის ძეგლი ინგუშეთში

<უკან დაბრუნება

 

ღამბაშიძე გ. - ტყობა - ერდი ქართული კულტურის ძეგლი ინგუშეთში // ლიტერატურული საქართველო. - 1971 (4 ივნისი).

მთიან ინგუშეთში, მდინარე ასის ულამაზეს ხეობაში მდებარეობს დიდი ხნის წინ მიტოვებული, კოშკოვანი სოფლებითა და აკლდამებით გარშემორტყმული ქრისტიანული ტაძარი, სახელად ტყობა ერდი (თხაბა - ერდი, თობა ერდი). იგი მე-18 საუკუნის გასილიდან იპყრობს მეცნიერთა ცხოველ ყურადღებას. აღსანიშნავია დ.ბაქრაძის, ვ.მილერის (XIX ს.), ე.კრუპნოვის და მეტადრე გ.ჩუბინაშვილის ღვაწლი იმ ძეგლის საფუძვლიანი შესწავლის საქმეში. აკად.გ.ჩუბინაშვილის აზრით, ტყობა ერდი წარმოადგენს ქართული კულტური ძეგლს, რომელსაც ზოგიერთი ადგილობრივი ინგუშური თავისებურება მოსდგამს. ტაძრის ისტორიაში მან მშენებლობის სამი პერიოდი გამოჰყო: VIII-IX სს. X-XI საუკუნეების მიჯნა და გვიანი შუა საუკუნეები, დაწყებული XV-XVI საუკუნეებიდან. დღემდე შემორჩენილი იყო ნანგრევი გვაინ შუასაუკუენებში აღდგენილს-გადაკეთებული ტაძრეისა. იმ გადაკეთბის დროს გამოუყენებიათ წინა ორი პერიოდის არქიტექტურული დეტალები, რელიეფები და ა.შ. ქრისტიანობის ეს უნიკალური ძეგლი, ჩრდილო კავკასიაში მდებარე, საჭიროებდა დაუყოვნებლივ გამაგრება- აღდგენას. გასული საუკუნის ნახატ-ნახაზები ცხადყოფენ, თუ რა დაბეჯითებით უნგრევია დროს ტყოაბ-ერდის ეკლესია. 1941 წ. ჩაჩნეთ - ინგუშეთის სახკომსაბჭომ სთხოვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მეცნიერული კონსულტაცია გაეწიათ რესტავრაციის ჩასატარებლად. ამის პასუხად მოეწყო ექსპედიცია გ.ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით, მაგრამ დიდმა სამამულო ომმა ხელი შეიუშალა აღდგენითი მუშაობის დაწყებას. 1969 წელს ზაფხულში, ჩაჩნეთ - ინგუშეთის კულტურის სამინისტროს თხოვნით, ტყობა - ერდის რესტავრაცია დაიწყო საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებულმა სპეც.სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ არქიტექტორ ლ.ხიმშიაშვილის პროექტით. მუშაობა ამჟამად დასასრულ უახლოვდება. პარალელურად (1969 წ.ზაფხულსა და 1970 წ. შემოდგომაზე) არქეოლოგიური გათხრა - გაწმენდაც ჩატარდა. ამით დაიწყო მეორე ეტაპი ტყობა-ერდის ტაძრის შესწავლაში. იგი პირველისაგან იმით განსხვავდება, რომ მაშინ ძეგლის ხელოვნებათმცოდნეობითი და პალეოგრაფიული კვლევის მეტი ვერაფერი გაკეთდა. ტყობა - ერდის ტაძრის არქეოლოგიური თხრისას (გაითხარა მიწა მის გარშემოც, 2-6 მ. დაცილებით) აღმოჩნდა: რკინის ისრისპირები და შუბისპირი, მინისა და სარდიონის მძივები, თიხის ჭურჭლის ნატეხები (მათ შორის მწვანედ მოჭიქული დოქის ძირ-ქუსლი), თიხის ჩიბუხის ნატეხები და არქიტექტურული დეკორის ნაწილები (მშენებლობის ორი პირველი პერიოდისა). ეს არქეოლოგიური მასალა გვიან შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. ცალკე აღსანიშნავია აღმოჩენა ქვის ჯვრისა (სიმაღლე 112 სმ, განი 102 სმ.). მას ტოლი მრგვალი მკლავები და მკლავთა ბოლოებში კი ბურთობები ჰქონია, ჯვარს მკლავები ჩამოტეხილი ჰქონდა. ყურადსაღები აღმონაჩენია აგრეთვე ნახევარწრიული, ამოღრუებული, ძირბრტყელი ქვა (დიამეტრი - 62 სმ., სიმაღლე - 45 სმ). იგი სანათლავს ანუ ემბაზს წარმოადგენს. ისიც და კვარის, ეტყობა ტყობა- ერთის ტაძრის არსებობის ადრინდელ ხანას უნდა მიეკუთვნოს. ეკლესიის ზეძირკველის დონემდე (0,5-2,5 მ.) აღებულ მიწის ფენაში მრავლად გვხვდებოდა ბრტყელი ("შემოღობილი") და ღარისებრი კრამიტის ნატეხები და ზოგიც მთელი, რომლებზედაც რელიეფური ტოლმკლავა და "გოლგოთიანი" ჯვრებია სამოსახული. აღმოჩნდა აგრეთვე 7 ანტეფიქსი, რომელთაგან ორზე რელიეფურად გამოსახულია ექვსფურცელა ვარდული, დანარჩენებზე კი ტოლმკლავა ჯვრები. შემოღობილ კრამიტებზე არის სამპწკარიანი ასომთვრული რელიეფური წარწერა: "ქრისტე შეუნდვენ არსენს, მ". წარწერა პალეოგრაფიულად შეიძლება დათარიღდეს X ს-ის მეორე ნახევრითა და XI ს.-ის პირველი ნახევრით, უფრო კი X ს.-ის მეორე ნახევრით. ასეთ ხნოვანებას მხარს უჭერს აკად.გ.ჩუბინაშილის მიერ ტყობა - ერდის მშენებლობის ისტორიის ერთ ერთ საფეხურად X-XI სს. გარდამავალი ხანის გამოყოფა, აგრეთვე კრამიტის ზომა და მასზე და ანტეფიქსებზე გამოყვანილი გამოსახულებანი. ტყობა ერდის ეკლესია X საუკუნის მეორე ნახევარში ან X-XI სს. მიჯნაზე გადაუხურავთ წარწერებით და ჯვრებით შემკული, ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით და თან ლავგარდანთან პირველი რიგისათვის შემოუყოლებიათ ჯვრებითა და ვარდულებით შემკული ანტეფიქსები საქართველოში ტაძართა მშენებლები - მეფენი, დიდი საერო და საეკლესიო ფეოდალები თუ ცალკეული თემები იყვნენ. ინგუშეთში ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთ-ერთ გამოხატულებად უნდა ჩავთვალოთ და იმ ეკლესიის აგებაც სახელმწიფო თუ საეკლესიო ხელმძღვანელებს მივაწეროთ. ტყობა ერდის ბრტყელ კრამიტზე აღნიშნული "არსენი მ", რაკი წარწერის პალეოგრაფიაც იქითკენ გვეწევა, იქნებ მივიჩნიოთ X ს. მეორე ნახევრის ცნობილ მოღვაწედ, ქართლის კათალიკოს არსენ II--დ, ხოლო ასო "მ" ამოვხსნათ, როგორც "მამამთავარი" ან (მთავარეპისკოპოსი" (მამამთავარი || მთავარეპისკოპოსი || კათალიკოსი - ივ.ჯავახიშვილი) - მით უმეტეს, რომ როგორც ქართული ხელნაწერ თუ ეპიგრაფიკულ ძეგლებში არსებული მხოლო-ასოიანი დაქარაგმების მაგალითების მოხილვამ გვიჩვენამ დაქარაგმების ეს წესი უმთავრესად ბიბლიური სახელების, საეკლესიო თუ საერო თანამდებობისა და წოდების აღსანიშნავად იხმარებოდა. ჩვენმა ექსპედიციამ ეკლესიია გარშემო გათხარა 5 სამარხი. სამი მათგანი წარმოადგენდა მიწისქვეშა აკლდამებს და აღმოჩნდა ეკლესიის სამხრეთი კედლის გაყოლებაზე. მათს იქ არსებობას, როგორც ეს ხშირად გვხვდება ჩრდ. კავკასიის მსგავს სამაროვნებზე, მიგვანიშნებდა შვეულად ჩადგმული ფილაქვები. პირველი სამარხი აგებულია ფიქლებითა და კირით. გეგმით წარმოადგენს წაგრძელებულ ოთხკუთხედს. აგდახურულია ფილაქვებით. შიგნით ფილაქვებითვე გამართულია ორი სასთუმლიანი საცხედრე, რომლებზედაც ქრისტიანული წესით ესვენა ორი მიცვალებული: თავით დასავლეთისაკენ, ზურგზე გულაღმა გაშოტილნი, ხელები ტანის ჩამოსწვრივ ეწყოთ, პირისახე მარცხნივ ჰქონდათ მიბრუნებული. საინტერესოა მესამე აკლდამაში ნაპოვნი მოოქროვილი ბრინჯაოს ღილები, რკინის დანა, მინის სხვადასხვა ჭურჭლის ნატეხები. აღსანიშნავია, რომ ამ სამარხში აღმოჩნდა მოოქროვილი სპილენძის ფული ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ III (ნუმიზმატ ირ.ჯალაღანიას განსაზღვრით), რომელიც იჭრებოდა კონსტანტინეპოლში 842-856 წწ. საინტერესოა აღნიშნოს, რომ იგი იშვიათობაა სსტკ ტერიტორიაზე არმოჩენილ მონეტათა შორის. ჩვენ მიერ ნაპოვნი მონეტა ტყობა ერდის ეკლესიასთან მოწყობილ აკლდამაში სამკაულის სახით მოხვედრილა: ჩამოსაკიდად გახვრეტილია ორ ადგილას. რამდენი ხანი იყო იგი მიმოქცევაში და როდის ჩაატანეს მიცვალებულს სამკაულად? ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ აღმოჩენილი მონეტა იძლევა ხნოვანებისა ქვედა საზღვარს სამარხისა და სამარხეული ინვენტარისათვის. გათხრილი აკლდამების სამარხეული ინვენტარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მხატვრული ოსტატობით ნაკეთები მინის ჭერჭელი. მას მოყვანილობით, შემკულობით და ჩანს თვით მინითაც, ზუსტი ანალოგია მოეპოვება ჩრდილო ოსეთში, სტანიცა ზმეისკაიაში გათხრილ გვიანალანურ კატაკომბურ სამარხებში აღმოჩენილი მინის ჭურჭლის სახით. გამთხრელები (ს.კუსაევა, ვ.კუზნეცოვი) იმ ჭურჭელს საქართველოდან, ამიერკავკასიიდან შეტანილად მიიჩნევენ. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ქართული სამყაროსთან მჭიდროდ დაკავშირებული ტყობა-ერდის ტაძართან გათხრილ სამარხებში იმნაირივე ჭურჭლის აღმოჩენა. ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ, რომ არც საქართველოში, სადაც მინის წარმოენა იმ დროისათვის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლიდა და არც ამიერკავკასიაში, აბსოლუტურად იმგვარივე ჭურჭელი ჯერ არაა გამოვლენილი. მათ ანალოგიევი ორნამენტის მხრიც ზოგიერთი მსგავსების გარდა, ვერ მოეძებნებათ ვერც აღმოსავლეთისა და ვერც დასავლეთის ქვეყნების ცნობილ მინის წარმოების ცენტრების პროდუქციაში. ამიტომ მინის იმ ჭურჭლის კონკრეტული წარმომავლობის საკიტხს ჯერ-ჯერობით ღიად ვტოვებთ. ტყობა-ერდისთან ჩვენ მიერ გათხრილი მიწისქვეშა აკლდამები, აღნაგობით და შენების ხერხების მხიედვით, დამახასიათებლად ითვლება ჩრდილო კავკასიისათვის, კერძოდ, ალანური კულტური აღმოსავლური ლოკალური ვარიანტისათვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართულ არქეოლოგიაში არის მოსაზრება, რომ იმიერკავკასიაში ადრეფეოდალურ ხანაში გავრცელებული მიწისქვეშა აკლდამების ერთ-ერთი სათავე ამიერკავკასიაშია საძიებელი (რ.რამიშვილი). ჩვენ მათ, სამარხთა ტიპების, სამარხეული ინვენტარისა და სტრატიგრაფიული დაკვირვების მიხედვით IX ს. მეორე ნახევარი - XII საუკუნით ვათარიღებთ და თან ვფიქრობთ, რომ იქ წარჩინებული საერო პირები ყოფილან დამარხული. დანარჩენი ორი სამარხი ერთიმეორის მსგავსია და განსხვავდება აღწერილი აკლდამებისაგან. ერთი მათგანი ეკლესიის საკურთხევლის სარკმლის ქვეშ დგას, ზეძირკველიდან ერთ მეტრ სიღრმეზე. იგი ნაგებია ქვებით და თიხით და ფილაქვებით არის გადახურული. სამარხი მთლიანად მიწით იყო სავსე და მასში ქრისტიანული წესით დასაფლავებული ხუთი მიცვალებულის ჩონჩხი იყო. უნდა შევჩერდეთ ტყობა-ერდის ეპიგრაფიკულ ძეგლებზედაც. ასომთავრულით ნაწერი ქვები ოდესღაც ეკლესიის სხვადასხვა ადგილას ყოფილა ჩაშენებული. ორი მათგანი XX საუკუნის დამდეგს გადაუტანიათ და ამჟამად გროზნოს სამხარეთმცოდნეო მუზეუმში ინახება. ვ.მილერის მიერ გამოქვეყნებული ბაქრაძისეული წაკითხვა ერთი მათგანისა1 არაა ზუსტი და ეს თავის დროზე აღნიშნა გ.ჩუბინაშვილმა. ჩვენ მიერ გადმოღებულმა ასლმა იმ წარწერისა ასეთი ტექსტი მოგვცა: "ქრისტე ადიდე აღმოსავლეთისა პატრიარქი მელქიზედეკ, ამინ". ეტყობა, წარწერაში იხსენიება XI ს. პირველი მესამედის ცნობილი მოღვაწე, სვეტიცხოვლის მშენებლობის ხელმძღვანელი კათალიკოს პატრიარქი მელქიზედეკ I. მეორე წარწერა კი2 იკითხება: "...მოიხსენე სული გიორგი ებისკოპოსისა". არქეოლოგიური მუშაობისას აღმოჩნდა კიდევ ორი წარწერა. ერთ მათგანს ასე ვკითხულობთ: "სახელითა ღმრთისაითა შემიწყალე", მეორეს: "სახელითა წმიდა გიორგისითა, მე, გიორგი ებისკოპოსმან...", მესამეს: "ქრისტე, შეიწყალე მრღვფი". (?), მეოთხე ქვის ძლიერ გამოფიტვის გამო არ იკითხება. რაც შეეხება წარწერას ვ.მილერის მიერ ტყობა-ერდიში ნაპოვნ კრამიტზე (რომელიც მან შეცდომით სამარხის ფილად მიიჩნია), მას ჩვენ დ.ბაქრაძისაგან3 განსხვავებით ასე ვკითხულობთ: "ქრისტე, შეუნდვენ არსენს". ასეთია მოკლედ, ტყობა - ერდის ტაძრისა და მისი უშაულო მიდამოს არქეოლოგიური შესწავლის შედეგი. ჩვენ მიერ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები დამატებით განამტკიცებს აკად.გ.ჩუბინაშვილის მიერ იმ ტაძრის დათარიღებას. სრული საფუძველი არსებობს ტყობა-ერდის ხნოვანების ახლებურად დადგენისა. ძველი თარიღი XII ს (თუ არ ჩავთვლით ბაქრაძისეულ დათარიღებას IX საუკუნით, რაც ტყობა-ერდის წარწერათა არასწორად წაკითხვას და ინტერპრეტაციას ემყარებოდა), ეფუძნებოდა ადგილობრივ ხალხი გადმოცემებს, რომლებიც თამარ მეფის ხანას აკუთვნებდნენ ტაძარს, და თვით ძეგლის არა საკმაოდ სიღრმით შესწავლას. ასეთი თარიღი განსაკუთრებით დამკვიდრდა სამეცნიერო ლიტერატურაში პროფ.ე.კრუპნოვის მიერ ტობა -ერდის შესწავლის შემდეგ. ფრიად ნიშანდობლივი ფაქტებია: VIII-IX საუკუნეებში, არაბობის გამო საქართველოსათვის დამდგარი ძნელბედობის ჟამს, იმიერკავკასიაში ქრისტიანული ტაძრის აგება X საუკუნის ბოლოსა თუ XI საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მთლიანად გაერთიანებამდე, მისი საფუძვლიანი გადაკეთება - შეკეთება (იმ დროს ეკლესიათა აგების შემთხვევები ჩრდ. კავკასიის სხვა მხარეებშიც გვაქვს: სოფელ დათუნას ეკლესია დაღესტანში, "ხოზიტა მაირამის" ეკლესია და ეკლესია სოფელ თლის მახლობლად, ჩრდ. ოსეთში). საქართველოში იმ ხანაში, ჩანს იმიერკავკასიით დაინტერესების რაღაც მძლავრი ტალღაა, რის მიზეზიც საქართველოს სახელმწიფოს ვითარების წიაღსა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიული განვითარების პროცესშია საძიებელი: მას ხანგრძლივი კულტურულ - პოლიტიკური ურთიერთობა უდევს საფუძვლად. დასასრულ, აღვნიშნავთ ჩაჩნეთ - ინგუშეთის ასსრ კულტურის სამინისტროს რესპუბლიკური სამხარეთმცოდნეო მუზეუმისა და საერთოდ საზოგადოების დიდ დაინტერესებას და დახმარებას ქართულ- ინგუშური კულტურული ურთიერთობის მნიშვნელოვანი ძეგლის ტყობა-ერდის არქეოლოგიურ შესწავლაში, ურომლისოდაც დასახლებული პუნქტებიდან ათეული კილომეტრების დაშორებით მომუშავე ექსპედიციას დიდად გაუჭირდებოდა.

 

 

 

1. МАК, I, 1888, გვ.20., ნახ.31, წარწ. N2

2. იქვე, გვ.20, ნახ.33, წარწ. N1.

3. იქვე, გვ.21. ნახ.35