topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ლოჟკინი მ. - შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ძეგლები კრასნოდარის მხარეში

<უკან დაბრუნება

მიხეილ ლოჟკინი - შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ძეგლები კრასნოდარის მხარეში // ძეგლის მეგობარი. - 1981. - N57. - გვ.30-35.

Средневековые памятники грузинской архитектуры в Краснодарском крае // Дзеглис Мегобари (Друзья памятников культуры. Издание Грузинского общества охраны памятников культуры). 1981. № 57 (на груз, яз., аннот. на русс. и англ. языках). Тбилиси. С.47-50.

ადრეშუასაუკუნეების ილიჩევსკის ნაქალაქარის (XI-XIII სს.), არქეოლოგიური გათხრების დროს, რომელიც ჩატარდა 60-იან წლებში კრასნოდარის პედაგოგიური ინსტიტუტის ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ნ.ვ.ანფიმოვი), აღმოჩენილ იქნა ქართულ სტილში შესრულებული ქრისტიანული ეკლესიის ფუნდამენტისა და კედლების ნანგრევები. ნაქალაქარი მდებარეობს კრასნოდარის მხარის ოტრადნენსკის რაიონში, ზეგანზე, მდინარე ურუპის მთის მდინარეების კუვისა და გამოვსკის ტყით დაფარულ ხეობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ნაქალაქარს ხელსაყრელი ბუნებრივი მდებარეობა ჰქონდა, მოსახლეობამ იგი დამატებითი თავდაცვითი ნაგებობების სისტემით გაამაგრა - მიწაყრილით თხრილით და ოთხი ქვის გალავნით. ყოველივე ეს გზას უღობავდა მტერს და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობისათვის სანდო თავშესაფარს წარმოადგენდა. ამ თავისებური სიმაგრის ცენტრი ახლანდელი საზაფხულო მერძევეობა – მესაქონლეობის ფერმის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მიმდინარე გათხრების დროს ამ მდელოზე აღმოჩნდა XI–XIII საუკუნეების ხუთი ქრისტიანული ეკლესია. ამ ძეგლების ფუნდამენტები და კედელწყობის პირველი რიგები დაფარული იყო ყორღანის მსგავს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ შემაღლებაში და შედგებოდა ნეშომპალასა და სამშენებლო ნარჩენებისაგან. სამი ძეგლი უდაოდ ქართული სტილისაა. ძეგლი N1, რომელიც მდელოს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში მდებარეობს, აღმოჩენილია და გამოკვლეულია 1965-66 წლებში. გეგმაში ოთხკუთხა (11,24X5,05 მ) დარბაზული ტიპის ეკლესია შედგებოდა სამი სათავსისაგან: ნახევრადწრიული აფსიდის, (ჩართული აღმოსავლეთ კედელში) დარბაზისა და დასავლეთის მინაშენიდან (5,15X3,0 მ). მთლიანი ნაგებობის სიგრძეა 15,15 მეტრი. ფუნდამენტი არცთუ ისე ღრმად ჩამალული იყო ხრეშიან ყორეში. როგორც ფუნდამენტის, ისე კედლების (სიგანე 0,8–დან 0,9-მდე, სიმაღლე 1 მდე) საშენ მასალად გამოყენებულია მტკიცე კირქვის ბლოკები და დამუშავებული ფოროვანი კირქვის კვადრები, რომლებიც კირხსნარის დუღაბით არის შეერთებული. შიდა და გარე კედლების წყობას შორის ადგილი შევსებულია ჭყორდუღაბით; შენობის შიდა კედლები მობათქაშებულია, აქა–იქ შეიმჩნევა შელესვის კვალი; შემორჩენილია საკარე ღიობები სამხრეთ და დასავლეთ ფასადზე. გამოვლენილია ფოროვანი კირქვისაგან დამზადებული და საგანგებოდ დამუშავებული საკურთხევლის შემაღლების ხუთი ფილა. აფსიდის იატაკი შედგება მტკიცე კირხსნარის ფენისაგან (ივ მ), ხოლო დარბაზის იატაკი მოპირკეთებული იყო კირქვის ბრტყელი ფილებისაგან; ზოგიერთი მათგანი შემორჩენილია სამხრეთი კედლის ახლოს. იატაკის მთელი დანარჩენი ფართობი გადათხრილია.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების გასწვრივ შეიმჩნევა ერთსაფეხურიანი გამონაშვერი (სიგანე 0,3 მ. სიმაღლე 0,35 მ) მლოცველთათვის ჩამოსაჯდომად. შემკლავებიდან 3,15 მეტრის დაშორებით შემორჩენილია პილასტრის ძირი, რომელიც მზიდი თაღის საყრდენი უნდა ყოფილიყო. თაღი გადავლებული იყო ადვილად დასამუშავებელი ფოროვანი კირქვის ბლოკებისაგან. სათავსის გაწმენდის დროს აღმოჩენილია დამუშავებული ფოროვანი კირქვის ფილები (0,88X0,7X0,25; 0,5X0,6X0,26 მ). ზოგიერთ მათგანს შეზნექილი პირიმხარე აქვს და დაფარულია კირხსნარის თხელი ფენით. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ფილებისაგან შედგებოდა  თაღებისა და გადახურვის კონსტრუქციები. ეკლესიის ფერწერა არ არის აღმოჩენილი, სახურავი მასალაც არ არის ნაპოვნი. მინაშენი დასავლეთიდან, ძირითადი შენობის აშენების შემდეგაა აგებული. სათავსის გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა ოცი სამარხი, რომლიდანაც მხოლოდ ერთია შესრულებული არაქრისტიანული წესით. სამხრეთ კედელთან, გარეთა მხრიდან გათხრილია სამი საფლავი; ერთ-ერთ მათგანში აღმოჩნდა ხუთი ჩონჩხი უწესრიგო მდგომარეობაში; სავარაუდოა, რომ რიტუალი შესრულდა არამშვიდობიან დროს. (ომი, ეპიდემია). ცენტრალური  დარბაზის გაწმენდის შემდეგ აფსიდის ძირში ნაპოვნია დაახლოებით სამასამდე ორნამენტირებული კანკელის ფრაგმენტი, რომელიც შესრულებულია გამოცდილი ქვისმჭრელის მიერ. დასანანია, რომ კანკელის აღდგენა არ მოხერხდა, იმის გამო, რომ ფრაგმენტების დიდი ნაწილი დაკარგულია, განადგურებულია მონღოლი დამპყრობლების მიერ XIII საუკუნეში; ეს იყო პერიოდი, როდესაც გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრება ამ ქალაქში ჩაკვდა. საქართველოში აქ განხილული კანკელის სრულ ანალოგიებს ვხვდებით (სოფ.პოკროვსკოე აფხაზეთის ასსრ; სათხე, მერია). ისინი თარიღდებიან XII-XIII საუკუნეებით. კანკელის შექმნის ადგილი გამოურკვეველია. ჯერჯერობით ჩრდილო კავკასიაში ეს ერთადერთი აღმოჩენაა და ვიმედოვნებთ რომ მომავალში მათი რიცხვი გაიზრდება. ტაძრის არქიტექტურული მხარე არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ იგი ააგო ქართველმა ოსტატმა, უფრო ზუსტად ძეგლის მშენებელი დასავლეთ საქართველოდან ან აფხაზეთიდან უნდა ყოფილიყო, რადგან ეს ტერიტორიები უფრო ახლოა ყუბანის აუზთან, საითკენაც ძველთაგანვე მიემართებოდა ბილიკები (ქლუხორის, სანჩაროს). ოთხკუთხოვანი გეგმა ნახევრადწრიული მინაშენის გარეშე, შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან, მლოცველთა დასაჯდომი, ორნამენტირებული ქვის კანკელი — მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს შუასაუკუნეების დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროინდელ არქიტექტურულ ნაგებობასთან. ძეგლი N1–ის ჩრდილოეთით, 10 მეტრის დაშორებით გათხრებმა აღმოაჩინეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ქრისტიანული არქიტექტურის ძეგლი, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია მთელს ჩრდილო კავკასიაში. არქეოლოგებმა გათხარეს სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები, (ძეგლი №3) რომელიც თარიღდება XIII საუკუნის დასასრულითა და XIII საუკუნის დასაწყისით. შენობის დაგეგმვა ოთხკუთხოვანია (14,4X15,6 მ). აღმოსავლეთიდან ეკლესიას აქვს გამოწეული აფსიდი, ცენტრალურ დარბაზს სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს სათავსები. ჩრდილო სათავსი გაყოფილია ორად; სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმოჩენილია მთლიანად გაძარცვული სამარხი. გახსნილია დასავლეთის საკარე სამხრეთ შემოსასვლელი მინაშენით უერთდება დარბაზს. შენობა გადაკეთებულია რაღაც მიზეზის გამო. ფუნდამენტისა და კედლების წყობა სისტემურია და კირქვის გამძლე ხსნარით არის შედუღაბებული. შენობის  შიდა კედლები მობათქაშებულია. მშენებლობისათვის გამოყენებულია გამძლე, ფოროვანი კირქვა. დარბაზი იყოფა მზიდი თაღით, შემორჩენილია პილასტრის ძირი. სამეკლესიანი ბაზილიკის ნიმუშები საქართველოში აღწერილია აკადემიკოს გ.ჩუბინაშვილის ნაშრომებში. განვიხილოთ კიდევ ერთი საკულტო არქიტექტურის ნიმუში, (ძეგლი №4), რომელიც აღმოჩენილია აღმოსავლეთით, 360 მეტრის დაშორებით პირველი ძეგლიდან. ეს არც თუ ისე დიდი ეკლესია ტიპიური იყო შუასაუკუნეების საქართველოსათვის შენობა ოთხკუთხოვანია, ნაკლებად გამოკვეთილი აფსიდით და დასავლეთისაკენ გაჭრილი კარით. შეიმჩნევა რეკონსტრუქციის ნიშნები. სამხრეთ კედელი გრძელდებოდა აღმოსავლეთით არსებული აღმოსავლეთის კედლის იქით. შესაძლოა თავდაპირველად აფსიდა გარეთ იყო გატანილი. ეკლესიას დასავლეთიდან აქვს საყრდენი კედელი, გაჭრილი საკარით (სიგანე 4 მ). სამხრეთ კედელთან სახურავის ქვის ფილების ქვეშ აღნუსხულია დანგრეული სამარხები, ხოლო აღმოსავლეთ კედელთან ნაპოვნია და გამოკვლეულია 18 ქრისტიანული სამარხი. როგორც ძეგლი N.1–ის, ისე ამ სამარხების გათხრების დროს აღმოჩენილი სამარხი ინვენტარი საკმაოდ მცირეა და ნაკლებად მნიშვნელოვანია (მეტალის ღილები, მძივები, რკინის სამშენებლო სამაგრები და სხვ.) განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე ზომის ქარვის ჯვარი. სამწირველო თარიღდება დაახლოებით XII საუკუნით. სამი არქიტექტურული ძეგლის აღმოჩენა და გამოკვლევა ილიჩევსკის ნაქალაქარში გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ საქართველოს დიდი გავლენა ჰქონდა დასავლეთ ალანიაზე, ოსების ალანელი წინაპრების ადრეფეოდალურ სახელმწიფოზე, რომელიც ყუბანის ბასეინის ზედა ნაწილში მდებარეობდა. ალანების ტერიტორიას დასავლეთიდან ემიჯნებოდა დღევანდელი ადიგეელების, ყაბარდოელებისა და ჩერქეზების წინაპრების მიწები, ხოლო მდინარეების ყუბანის, ურუპისა და დიდი ლაბის შუამდინარეთში ხდებოდა ორი ეთნიკური მასის შერწყმა. ილიჩევსკის ნაქალაქარის არქეოლოგიური მონაპოვრების ანალიზმა გვიჩვენა, რომ ისინი წარმოიშვნენ და განვითარდნენ ადგილობრივად არსებულ ფეოდალურ სახელმწიფოში, რომელიც ძირითადად ალანებით იყო დასახლებული, ხოლო მათ მმართველებს მეტად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ აღმავლობის პერიოდში მყოფ ფეოდალურ საქართველოსთან. რა კონკრეტულმა ვითარებამ განაპირობა ეს ურთიერთობა ურუპზე მდებარე ქალაქებს შორის (პოლიტიკური, დინასტიური) ჯერჯერობით თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ ვიმედოვნებთ შემდგომ გათხრებზე, რომელმაც უნდა გამოავლინოს სულ ცოტა ათი ძეგლი ნაქალაქევსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. საკულტო არქიტექტურის ასეთი დაგროვება გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში უნებლიეთ სამონასტრო კომპლექსის არსებობის  აზრსაც იწვევს, მაგრამ ეს უკანასკნელი რა თქმა უნდა მხოლოდ მოსაზრებაა. ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლების აღმოჩენა ჩრდილო – დასავლეთ კავკასიაში, ურუპზე ეწინააღმდეგება ისტორიულ ლიტერატურაში გაბატონებულ აზრს იმის შესახებ, რომ დასავლეთ ალანებში ქრისტიანობა ბიზანტიიდან გავრცელდა. ცნობილია, რომ ალანებში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა X საუკუნის I ნახევარში (913-925 წწ) რაც ბიზანტიელი მისიონერების ფეოდალური აფხაზეთის მმართველების აქტიური მონაწილეობით მოხდა, მაგრამ ქრისტიანობის შეტანისა და განმტკიცების საქმეში აქტიური მონაწილეობა მიიღო სოციალურ-ეკონომიური აღმავლობის პერიოდში მყოფმა საქართველომ XI–XII საუკუნეებში. ჩვენი აზრით არქიტექტურული ძეგლების მკვლევართა ამოცანაა არა მხოლოდ ამ მონაპოვართა აღმოჩენა, ფიქსაცია და გამოცემა, არამედ მათ მომავალზე ზრუნვაც; სწორედ ამ მიზნით ილიჩევსკის ნაქალაქარის გათხრების შემდეგ ჩატარდა შემდგომი სამუშაოები 1974–1978 წლებში. აღმოჩენილი ძეგლების კედლის ზედა ფენები გაამაგრეს ცემენტის ხსნარით და დაფარეს კირხსნარის ფენით. ასე რომ ტაძრის ყველა ნანგრევი დაკონსერვებულია, მათი ნგრევა შეჩერებულია. სამუშაოები შესრულებულია თანხებით, რომელიც გამოყო სრულიად რუსეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების პრეზიდიუმის კრასნოდარის სამხარეო განყოფილებამ. ფაქტიურად ილიჩევსკის XI-XIII ს–ის ნაქალაქარზე ჩაეყარა საფუძველი ღია ცის ქვეშ მუზეუმს. რსფსრ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით ნაქალაქარი შეტანილია რესპუბლიკური მნიშვნელობის ძეგლების სიაში. ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმზე ავტორმა გააკეთა მოხსენება: "კრასნოდარის მხარეში, ოტრადნენსკის რაიონში, ილიჩევსკის ნაქალაქარის ძეგლი N1–ის ქვის კანკელი“.