topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ტ. გუდავა - ორი წარწერა (ქართული და ქართულ–ხუნძური) დაღესტნიდან

<უკან დაბრუნება

 

(+)

ტოგო გუდავა

ორი წარწერა (ქართული და ქართულ - ხუნძური) დაღესტნიდან*

მასალები - საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. - 1954. - ნაკ.30. - გვ.191.

დაღესტნის ისტორია ჯეროვნად არაა შესწავლილი. ის კანტიკუნტი ცნობები რასაც მეზობელ ერთა (არაბული, ქართული, სომხური...) წერილობითი წყაროები გვაწვდიან, საკმარისი არაა დაღესტნის წარსულის რომელიმე მონაკვეთის ნათელი სურათის წარმოსადგენად, მით უმეტეს, რომ ამ ცნობათა მეტი წილი მხოლოდ კასპიისპირა ზოლს შეეხება. ამიტომ გასაგებია ის განსაკუთრებული ინტერესი, რაც ამ საკითხის შესახებ ყოველი ახალი ფაქტის გამოვლინებას ახლავს. დაღესტნის ხალხები მაჰმადიანები იყვნენ. რიგი ცნობები გვავარაუდებინებენ, რომ დაღესტნის ზოგ ნაწილში მაინც მაჰმადიანობას წინ უსწრებდა ქრისტიანობა. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ზოგი ხუნძური რაიონი (მაგ., ხუნძახისა, ყაჰიბისა, ღუნიბისა), საიდანაც დროდადრო მუსლიმანობამდელი ქრისტიანობის ძეგლები ამოტივტივდებიან ხოლმე. საინტერესოა, რომ ეს ძეგლები ქართული კულტურის დაღს ატარებენ. ცნობილია, რომ მაჰმადიანობა მთიან დაღესტანში შედარებით ახალი მოვლენაა. როცა დაღესტნის მუსლიმანობის ისტორიას ეხებიან, მუდამ როდი ითვალისწინებენ, რომ ეს რელიგია ყველგან ერთნაირად არ ვრცელდებოდა და ვერც გავრცელდებოდა. შეუძლებელია ის ცნობები, რაც კასპიისპირა ზოლის (მაგ., დერბენტისა და მისი მიდამოების) შესახებ გვაქვს, მექანიკურად გადავიტანოთ მთიან რაიონებზე (მაგ.ხუნძურ და დიდოურ თემებზე). საკმაო საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ გარკვეულს ეპოქაში (XIV საუკუნემდე) ამ მთიანი რაიონების გაქრისტიანების ცდები საქართველოდან მოდიოდა, მაგრამ საქართველოში თემურ-ლენგის შემოსევის შემდეგ ეს წამოწყება, ბუნებრივია, ჩაიფერფლა, ხოლო ახლად გაქრისტიანებული კუნძულები წალეკა მუსლიმანიზაციის ძლიერმა ტალღამ1. ამ კონტექსტში სრულებით მოულოდნელი არაა ქართული წარწერების გამოვლინება დაღესტნიდან. ერთ-ერთი ასეთი წარწერა (ორენოვანი: ქართულ - ხუნძური) გამოაქვეყნა არნ.ჩიქობავამ [I], ქვემოთ მოგვყავს კიდევ ორი წარწერა. წარწერა (N1) ნაპოვნია 1949 წლის შემოდგომაზე სოფელ ჰალაში2. ხუნძახის ჩრდილოეთით ხუთიოდე კილომეტრზე, სათიბი ადგილის მოწმენდის დროს. ჰალაში ამჟამად არავინ ცხოვრობს, იგი დიდი ხანია მიტოვებულია და ნასახლარებიდაა დარჩენილი. წარწერა ჩვენ გადმოგვცა ხუნძახის საშუალო სკოლის მასწავლებელმა ამხ.მანსურ გაიდარბეკოვმა 1950 წლის ივლისში. ამჟამად ჯვარი ინახება ქ.მახაჩკალაში, სახელმწიფო მუზეუმში. წარწერა ამოკვეთილია ქვაზე, რომელსაც სწორკუთხედის ფორმა აქვს (24X17 სმ, სისქე=4,5 სმ). ქვის ზედა ნაწილი სისქე-სიგანეში ოდნავ უფრო ვიწროა, ვიდრე ქვედა. ქვის წინა მხარის ზედაპირი (რომელზედაც წარწერაა გაკეთებული) საკმაოდ გლუვია, მას მარჯვენა ქვემოთ ნაწილი სიბრტყეზე ჩამომტვრეული აქვს. უკანა მხარე ქვისა დაუმუშავებელია და ამიტომ ოღრო–ჩოღრო. გვერდითს კიდეებს ატყვია თლის კვალი. ქვის წინა მხრის შუაში ღრმა ჩაღარვით გამოყვანილია ჯვარი. ჯვრის სიმაღლე 14,5 სმ, გარდიგარდმო ფრთის სიგრძე 9,4 სმ, სიგანე საშუალოდ 1,4-1,3 სმ. წარწერა შესრულებულია ნარევი მრგლოვანი და ნუსხური დაწერილობით და იკითხება ასე:

ჯ||რი ქჱ||სი||ო`ო გსნე სლ||სსა, ჩა||ხუ3||ტი||სსა,

რაც ქარაგმების გახსნით მოგვცემს:

ჯოჳარი ქრისტჱსი ოჳფალო განუსვენე სულსა ჩახუტისსა.

ქარაგმის ნიშანი წარწერაში მხოლოდ ერთხელაა გამოყენებული (ო`ო)4, ნიშნად ნახმარია მახვილი კუთხე. სხვაგან შემოკლებული სიტყვები უქარაგმოდაა დატოვებული (ჯრი, ქჱსი, გსნე, სლსა). ენობრივი თვალსაზრისით წარწერა უჩვეულოს არაფერს შეიცავს, დაწერილია იგი გამართული ქართულით. წარწერაში მოხსენებულია საკუთარი სახელი ჩახუტი (თუ ჩახოტი?), რომლის სულის განსვენებასაც შესთხოვენ უფალს. დამატებითი კვლევა სჭირდება ამ საკუთარ სახელს. იგი შესაძლებელია ქართული წარმოშობისა იყოს (-უტ დაბოლოებიანი)5. მაგრამ სანამ ადგილობრივი (ხუნძური) ონომასტიკონი შესწავლილი არაა, გადაჭრით რისამე თქმა ძნელია. წარწერის შინაარსი ("განუსვენე სულსა“) გვაფიქრებინებს, რომ იგი საფლავის წარწერაა და შესაძლოა თავის დროზე ვინმე ჩახუტის სამარხზე ყოფილიყო დადგმული.

უფრო საყურადღებოა მეორე წარწერა, ქვის ჯვარი. წარწერა ნაპოვნია 1950 წელს ისტორიის მასწავლებელ ამხ.დიბირ ათაევის მიერ, რომელმაც თავაზიანად ნება მოგვცა გავცნობოდით მას. ნაპოვნია იგი ზედ ხუნძახთანვე (მის ჩრდილოეთით), სადაც, როგორც ჩანს, წინათ ქრისტიანული სასაფლაო ყოფილა. ეს ადგილი უაღრესად საინტერესო ჩანს. სამარხები მიწის ზედაპირთან ახლოსაა, ზოგი მათგანი გაშიშვლებულია აქ ხშირად პოულობენ ჯვრებს, მათ შორის წარწერიანსაც. ამ ადგილის მეცნიერული შესწავლა საჭირო საქმედ უნდა იქნეს მიჩნეული. ამხ.დ.ათაევმა მაჩვენა რამდენიმე ქვის ჯვარი, რომელზედაც წარწერა გადარეცხილი იყო, მაგრამ რამდენიმე ქართული  ასოს გარჩევა მაინც მოხერხდა6. ერთ - ერთ ნატეხზე ლამაზი მრგლოვანით იკითხება

ქოო... ვენაჴსა..აა (ნ),

მეორეზე ჩანს ქო`ო. შედარებით კარგად აღმოჩნდა დაცული ის ჯვარი, რომელსაც ჩვენი მსჯელობა შეეხება. ჯვარი გამოკვეთილია კირქვისაგან. სიმაღლე 14 სმ., გარდიგარდმო ფრთის სიგრძე 10 სმ (ეს ზომა ვარაუდითაა მოცემული, რადგან მარცხენა ნაწილი ჩამოტეხილია), სისქე დაახლოებით 4 სმ. ჯვრის ზემო ნაწილის მარჯვენა მხარე დაზიანებულია, ქვედა ნაწილი გადატეხილია, მაგრამ ნატეხი შენახულია (თუმცა საკმაოდ დეფექტურად). წარწერა შესრულებულია მრგლოვანისა და ნუსხურის ნარევით. წარწერა აქაც ჩაღარვითაა გაკეთებული, მაგრამ უფრო ფაქიზად, ვიდრე ჰალაში ნაპოვნ ჯვარზე. ჯვარს კიდეებზე უვლის არშია (ორი პარალელური ღარი), ცენტრში კი მრგვალი ორნამენტია გამოყვანილი.; პატარა მრგვალი ორნამენტია აგრეთვე ზემო და მარჯვენა კიდეზე (ალბათ იყო მარცხენა კიდეზეც). წარწერა ასე იკითხება (მოგვყავს მხედრულით):

ჯ`რ  [ი]

ქ`ესი:

[?]: წ` ო: ა

| | | |  ეტ

ნო:  მო

ციქო

ლნო: შ`

ე:ე (ვ?) (ი?)

|||| ბ (ე?) (რ?)  ი

(ტ ?) (ა ?): თიმა

ლატაწ

ობეგ: ა `ნ

ო `ო

ქარაგმების გახსნით:

ჯოჳარი ქრისტესი: (?).

წმიდაო: ა[თო.რმ] ეტნო:

მოციქოლნო: შეიწყალე:

ერისთავი [?] ? ბ (ე?) (რ?)ი (ტ ?) (ა?):

თიმალატაწობეგ:

ამინ უფალო.

ამრიგად, ჯერ კიდევ არაა ამოკითხული ის ადგილი, რომელიც ჯვრის გადატეხის გამო დაზიანებულია. თუ ევი მართლაც ერისთავს ნიშნავს, მაშინ მოსალოდნელია მომდევნო სიტყვა ამ ერისთავის სახელი ყოფილიყო (ამ სიტყვის ბოლო ნაწილი ჩანს ბერიტა თუ ბირიტა. ისიც შესაძლოა, რომ ტა ადგილობითი ბრუნვის ნიშანი იყოს). წარწერაში ნახმარია გაყოფის ნიშნები და ქარაგმა. საინტერესოა სიტყვა თიმალატაწობეგ. ჩვენი აზრით ეს ხუნძური წინადადებაა და სამ სიტყვად იშლება: თიმალატა წობ ეგ. აქ გადმოცემული უნდა იყოს დღევანდელი ხუნძურის ლ'იმალატა წაობ ლ'ეგი, რაც ნიშნავს "ბავშვებზე წყალობა დადევი" (ე.ი. ბავშვები შეიწყალე). პირველ  სიტყვაში ხუნძური ყრუ ფშვინვიერი სპირანტი ლ' გადმოცემულია თ–თი. ქართულს ლ' ბგერა (და მისი შესატყვისი ნიშანი) არა აქვს, ამდენად მისი თ-თი გადმოცემა შეიძლება აიხსნას აკუსტიკური სიახლოვით (ლ' გამოთქმაში დაახლოებით თლ-ს უდრის). ხუნძურის ანწუხურ დიალექტში ლ' იძლევა კიდეც თ-ს, მაგრამ ძნელია დავუშვათ, რომ წინათ ასეთი მოვლენა გვქონდა ხუნძახშიც (სადაც წარწერაა ნაპოვნი). ყოველ შემთხვევაში, ლ' ამავე თ-თია გადმოცემული არნ.ჩიქობავას მიერ გამოქვეყნებულ წარწერაშიც ([I,] გვ.323): თეგი – ლ'ე - გი. ლ'იმალატა მრავლობითი რიცხვის ლოკატიური ბრუნვის ფორმაა. ამ სიტყვის სახელობითია ლ' იმერ, მრავლობით რიცხვში - ლ'იმალ. თანამედროვე ხუნძური ნორმის მიხედვით წარწერაში უნდა გვქონოდა ლ'იმალაზდა (ლ'იმალ – მრ. რიცხვის სახელობითი+ა ჩანართი ხმოვანი+ზ ერგატივის ნიშანი, რომელიც ირიბ ბრუნვებში გადაყვება, და I სერიის ლოკატიური ბრუნვის ნიშანი). მაგრამ წარწერაში დადასტურებული ფორმა (თიმალატა) საყურადღებო სწორედ იმითაა, რომ აქ ზ არა ჩანს, ხოლო ლოკატიური ბრუნვის ნიშნად და-ს ნაცვლად - ტა გამოდის. არც ერთი ეს მოვლენა შემთხვევითი არაა: წარწერის ამომჭრელმა, თუ პირველ ასოს (თ-ს) არ მივიღებთ მხედველობაში, აქ ზუსტად გადმოსცა ხუნძახური დიალექტური ფორმა ლ'იმალატა. ერგატივისეული ზ-ს დაკარგვა (მრ.რიცხვში) ხუნძახურისათვის ბუნებრივია ამჟამადაც საერთოდ და კერძოდ ამ სიტყვაში. ხუნძახური ნორმაა დაცული ლოკატიური ბრუნვის ნიშნის გადმოცემაშიც, სალიტერატურო ხუნძურისაგან განსხვავებით ხუნძურში ჩვეულებრივია -ტა სუფიქსიანი ფორმები (დიტა "ჩემზე", ნუხტა "გზაზე", განჭიტა ქვაზე) იგი უცხო არაა რიგი სხვა (უპირატესად სამხრული) დიალექტებისათვისაც. ეს ფაქტი საინტერესოა ხუნძური ენის ისტორიისათვისაც. ჩანს, ლოკატივის ნიშნად ტ–ს გამოყენება, ასევე ერგატივისეული ზ-ს უქონლობა საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონე მოვლენებია, ტ შესაძლოა უფრო ძველიც იყოს დ-ზე. მეორე სიტყვა წობ წყალობას ნიშნავს. ხუნძურში წ გემინირებულია (წоობ), ქართულში იგი გემინირებულ თანხმოვანთა უქონლობის გამო გადმოცემულია სათანადო მარტივი თანხმოვნით. ეს სიტყვა ასევეა წარმოდგენილი არნ.ჩიქობავას მიერ გამოქვეყნებულ წარწერაში (I, გვ.322–323). მესამე სიტყვა ლ'ეგი "დადევ" (პრდ. “დაგედოს") ნატვირთი კილოს ფორმაა ზმნისა ლ'ეზე დადება. წარწერაში ეს სიტყვა ძლიერ დამახინჯებულია: აკლია თავკიდური თანხმოვანი ლ' (რომელიც თ-ს სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი) და ბოლოკიდური ხმოვანი ი (–გი ფორმანტის ნაწილი). ზემოხსენებულ წარწერაში [I] ეს სიტყვა უკეთაა დაცული, იქ თეგი იკითხება. წoობ ლ'ეგი ბუნებრივი ხუნძური გამოთქმაა7, ობიექტი,  ვის წყალობასაც, შესთხოვენ (უფალს), ამჟამადაც - ტა [და]იან ლოკატიურ ბრუნვაში ისმის. ხუნძურ ნაწილში არ გვხვდება ქარაგმა და გაყოფის ნიშნები ([I] წარწერაში კი ორივე გვაქვს). ამრიგად, ეს წარწერა ორენოვანია (ქართულ - ხუნძური), იგი ბევრი მხრივ მიაგავს არნ.ჩიქობავას მიერ გამოქვეყნებულ წარწერას და, ალბათ ორივე ერთი და იმავე დროისაა. წარწერა, ცხადია, ხუნძახშივეა ამოჭრილი, ხუნძური ტექსტის ენობრივი თავისებურებანიც ამას უჭერენ მხარს. ამრიგად, ეს უკვე მეორე ქართულ - ხუნძური წარწერაა და ხუნძური ენის ერთ-ერთი უძველესი წერილობითი ძეგლი. რა დროისაა წარწერა? წარწერის პალეოგრაფიული მხარე და რიგი ისტორიული მონაცემი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი წარწერა, ისევე, როგორც არნ.ჩიქობავას მიერ გამოქვეყნებული ქართულ-ხუნძური წარწერა, XIV საუკუნეზე გვიანდელი არ უნდა იყოს. ის არგუმენტები, რომელსაც ავტორი ეყრდნობა ხსენებული წარწერის დასათარიღებლად, შემდეგია ([I], გვ.323 - 324):

1. წარწერის პალეოგრაფიული მხარე.

2. ისტორიული კონტექსტი: ჟამთააღმწერლის ცნობით დიმიტრი თავდადებულის მეფობის დროს (XIV საუკუნის 60-იან წლებში) ორი ქართველი ბერი პიმენ სალოსი (დავით გარეჯის მონასტრიდან) და ანტონი ნაოჴრებულიძე („დიდი მოღუაწე“, „ნათესავით მესხი“) მისიონერული მიზნებით დაღესტანში წასულან და ლეკები (შესაძლოა დიდოელი ტომები) გაუქრისტიანებიათ, რომლებიც წარმართები ყოფილან ([III], გვ.612).

3. ისტორიული კონტექსტი: შამილის მდივნის ჰაჯი-ალი ჭუხელის ცნობით, ქართველებს 1363 წელს ყაჰიბის რაიონში სოფ.დათუნთაში თლილი ქვის ეკლესია აუშენებიათ. ეს ეკლესია დღემდე დაცულია (შდრ. [XII], გვ.73)

4. XIV საუკუნის მომდევნო ხანებში თემურ-ლენგის შემოსევების შემდეგ საქართველოს აქტიურობა დაღესტანში მოსალოდნელი არაა.

ქრისტიანობა მთიან დაღესტანში რომ მართლაც ყოფილა, ამას არაბული წყაროებიც ადასტურებენ. არაბი ისტორიკოსის იბნ-რუსტეს ცნობით გიმრიში (ხუნძური თემია) X საუკუნეში "ქრისტიანი მეფე მჯდარა (მოსახლეობა კი წარმართული ყოფილა), ხოლო ხუნძახში მეფე ადარნასე, რომელიც ერთდროულად თურმე სამ რელიგიას აღიარებდა - ქრისტიანულს, ებრაულს და მაჰმადიანურს, რადგან მის სამფლობელოში ყოფილან ქრისტიანებიც, ებრაელებიც და მაჰმადიანებიც ([IV], გვ.8, შდრ.[2], გვ.170). როგორადაც არ უნდა შევაფასოთ ეს ცნობები, ცხადია, ჭეშმარიტების რაღაც გამონაკრთონი მათში მაინც გვაქვს8. უკვე ის გარემოება, რომ ცენტრალურ დაღესტანში XIV ს-ში ეკლესია აუგიათ, იმაზე მიუთითებს, რომ ამ ეკლესიას გარკვეული მიზანი ჰქონია და თავის დროზე განსაზღვრული "მომხმარებელთა წრეც" (მრევლი, გაქრისტიანებული ხუნძები!) უნდა ჰყოლოდა. რომ ქრისტიანულ რელიგიას აქ ქართული კულტურის და ქართული პოლიტიკური ორიენტაციის გაძლიერება უნდა მოჰყოლოდა, ეს სადავო არაა. შეგნებით თუ შეუგნებლად სწორედ ეს ამოძრავებდათ ქართველ მისიონერებსაც. ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ქრისტიანობა მიიღო (IV ს.), იგი თვითონ გახდა ქრისტიანობის გავრცელების კერად კავკასიაში. სიმ.ჯანაშიას ცხადყოფილი აქვს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა გაქრისტიანებაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა მიუღია ([V], გვ.235–253). ქართულ წყაროებს გარდა ზევით ნახსენები ამბისა (ორი ბერის შესახებ). რომელიც XIV საუკუნეს მიეკუთვნება, ჩვენთვის საინტერესო საკითხზე შემოუნახავს ანალოგიური ხასიათის სხვა ცნობებიც, გაცილებით უფრო ადრინდელი. მაგ., VIII საუკუნის 80–იან წლებში აბიბოს ნეკრესის ეპისკოპოსმა "მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი არაგუსა აღმოსავლეთით“. საყურადღებოა, რომ ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნული ეპისკოპოსის სამწყსოში დიდოეთსაც ასახელებს ([VI], იქვე). იმავე საუკუნეს მიეკუთვნება არჩილ მეფის ენერგიული ღონისძიება დაღესტნელ წარმართთა გასაქრისტიანებლად: [არჩილი] "დაჯდა წუქეთს და აღაშენა კასრი და ჴევსა ლაკუსტისასა აღაშენა ციხე და პოვა წუქეთს მთავარნი, რომელთა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი. და იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა სახელით აბუ–ხუასრო და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი. აღაშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატისი9, ორთა წყალთა შუა. ხოლო ნუხპატელნი უწინარეს იყვნეს კაცნი წარმართნი და მჴეცის ბუნებისანი არამედ ყრუსა მოესრა სიმძლავრე იგი მათი და იძულებით მონათლა არჩილ იგინი“([V], გვ.249, შდრ.[6], გვ.155, გვ.140). სიმ.ჯანაშია შენიშნავს, რომ "ისეთი მაღალი მთის ქვეყანაში, როგორიცაა ხუნძეთი, ქრისტიანობის გავლენა VIII ს. არ უნდა ყოფილიყო ღრმა, რამდენადაც ფეოდალური ურთიერთობა მაშინ კავკასიის მთიანეთში ახლად ფეხადგმული იყო. ამიტომაცაა, რომ შემდეგშიაც ჩნდება ცნობები ახალ ღონისძიებათა შესახებ ამ მხრივ დასახელებულ მხარეებში“ (V, გვ.250). საყურადღებო ცნობას გვაწვდის ერთ-ერთი სახარების "ანდერძი“, საიდანაც ირკვევა, რომ 1310 წელს საქართველოს პატრიარქ ექვთიმეს მოუვლია თავისი სამწყსოს ჩრდილო - აღმოსავლეთის ნაწილი და სხვათა შორის საყდარნი ხუნძთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა10. ჩანს, ამ დროისათვის ხუნძეთისა და მისი ახლომახლო თემების გაქრისტიანების საქმე საკმაოდ წინ წასულა. ამიტომ არაა შემთხვევითი, რომ ქართულ წყაროებს დაუცავთ ცნობა ხუნძეთის კათალიკოსის (?!) შესახებ, რომელსაც სახელად ოქროპირი რქმევია ([IX], გვ.3I9). ყოველივე ეს საკმარისი უნდა იყოს, რათა ქართული ანბანით შესრულებული წარწერების გამოვლინება დაღესტანში შემთხვევით მოვლენად არ გვიჩვენოს ქართული და ხუნძური წარწერების გამომზეურება ხუნძეთში მხოლოდ იწყება. ამგვარი წარწერები სხვაც ბევრი უნდა იყოს. რამდენადაც საკითხი ხუნძეთის ქრისტიანობის ისტორიას შეეხება, მნიშვნელობას არ უნდა. იყოს მოკლებული, რომ ხუნძურად (აგრეთვე რიგ ანდიურ-დიდოურ ენებზე) ქრისტიანული რელიგიის ერთ–ერთ ძირითად სიმბოლოს, ჯვარს, ვანჩ ჰქვია, რაც წარმოშობით სომხური ჩანს (XXXXX)11. ეს გვავარაუდებინებს, რომ დაღესტანში ქრისტიანობის გავრცელების საქმეში იქნებ სომხებსაც რაღაც წილი ედოთ, თუმცა შესაძლებელია ეს სიტყვა ალბანურშიც ყოფილიყო და იქნებ იქიდან იყოს მოხვედრილი დაღესტნის ხსენებულ ენებში. ზემოთ ვახსენეთ ქართველების მიერ XIV საუკუნეში (1363 წ.) აგებული ეკლესია. იგი მდებარეობს ყაჰიბის რაიონში, სოფ.დათუნატას ახლოს. აშენებულია თეთრი მოვარდისფრო თლილი ქვით. წარწერები და კედლის მოხატულობა არა ჩანს. ეკლესია აშენებულია პატარა ხევში, მდ.ხუნძური ყოისუდან (Аварское Койсу) 400-ოდე მეტრზე. საინტერესოა თვით ამ ხევის სახელწოდებაც - ჰატან კჲალ. XXX კჲ ალ ხუნძურად ხევს, ხეობას ნიშნავს. რაღაა ჰატან–ი? ამ სიტყვის მნიშვნელობა დღეს ხუნძებისათვის მთლად ნათელი არაა, მაგრამ რომ იგი ძველად ეკლესიას უნდა რქმეოდა, ამაში ძნელია დაეჭვება (იხ.[VII], გვ.51)12. ამგვარად, ჰატან კჲალ "ეკლესიის ხეობას" ნიშნავს. ასეთი სახელი ამ ხევს მას შემდეგ უნდა დარქმეოდა, რაც იქ ზემოხსენებული ქართული ეკლესია აშენდა. სიტყვა ჰატან–ის ოდინდელი მნიშვნელობა შემონახული ჩანს ხუნძურ გამოცანაში – რაჰუ ჰეჭებ ჰატან – რუყ "კარის უქონელი ჰატან სახლი” (=კვერცხი). ცხადია, ჰატანი შენობის სახელია. კიდევ მეტი, იგი საკულტო შენობის, სახელდობრ ეკლესიის, სახელია, როგორც ერთ-ერთი ზეპირგადმოცემა მოწმობს: ახ`ალჭი-ში ერთი შეიხი ყოფილა, რომელსაც მეჩეთის ახლოს გაუგონია, რომ მამამ დაუძახა ურმით მომავალ შვილს: ეს ურეში ისე გამოატაორე, რომ ბორბალი ჰატანს არ მოხვდესო ("ცეცე ვალაჰუნ ბაჩე, ჰებ ჰატანალ და ჴვაზე გურინ") ამის გამგონე შეიხი გაბრაზებულა, როგორ თუ მეჩეთს ჰატანი დაუძახაო და სხვა სოფელში წასულა. აშკარაა, ჰატანი მეჩეთის საპირისპირო ცნებაა, ამან გამოიწვია შეიხის გულისწყრომა. ამრიგად, სიტყვა ჰატანი ქრისტიანობის დანალექია ხუნძურში13. საყურადღებოა, რომ ეს სიტყვა შემონახულია კვირა დღის სახელწოდებაში (ჰატან ან ჰატან ყო - "კვირა"ყო-“დღე“). თუ ჰატან სიტყვის პირვანდელ მნიშვნელობას მოვიგონებთ, კვირას ხუნძურად "ეკლესიის დღე" რქმევია, რაც, რა თქმა უნდა, ისევ ქრისტიანობის გავლენაზე მიუთითებს. კვირა დღის სახელწოდება ერთადერთია, რომელიც სათანადო არაბული სახელით არაა შეცვლილი. სხვა დღეთა სახელები ხუნძურს არაბული აქვს (წინათ, არც ისე შორეულ წარსულში, რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო, ამას ბევრი რამ მოწმობს, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდებით). არ შეიძლება აქვე არ მოვიხსენიოთ მ.საიდოვის წერილი [VIII], რომელიც ხუნძური დამწერლობის ისტორიას შეეხება. ავტორი გაკვრით ეხება არნ.ჩიქობავას მიერ გამოქვეყნებულ ქართულ-ხუნძურ წარწერასაც [I], ორიოდე სიტყვით აღნიშნავს მის არსებობას და, მოჰყავს რა არნ.ჩიქობავას აზრი ამ წარწერის დათარიღების შესახებ (ასახელებს მხოლოდ პალეოგრაფიულ მხარეს!), მოკლედ დაასკვნის: "აკად.ჩიქობავას არგუმენტაცია დამარწმუნებელი არააო" ([VIII], გვ.137). სამწუხაროდ, მ.საიდოვს არცერთი არგუმენტი არ მოჰყავს, რომ თვითონ მისი აზრი დამარწმუნებლად გვეჩვენოს. კონტექსტის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ავტორს ხსენებული წარწერა გაცილებით გვიანდლად მიაჩნია და უკავშირებს საქართველოდან დაღესტანში გატაცებულ ტყვეებს, რომლებიც XVIII საუკუნეში (მის მეორე ნახევარში განსაკუთრებით) ამ რაიონში მართლაც იყვნენ. უკვე იმის შემდეგ, რაც ზემოთ ითქვა, ეს საკითხი ასე იოლი გზით ვერ გადაწყდება. რა უფლება გვაქვს ყურადღება არ მივაქციოთ არც წარწერათა პალეოგრაფიულ მხარეს, არც ისტორიულ ცნობებს. აშკარაა, რომ ცენტრალურ დაღესტანში გაკეთებული ქართულ-ხუნძური წარწერა მკითხველად გულისხმობს არა მარტო (და არა იმდენად) ქართველს, არამედ ხუნძს, რომელმაც იცის (ან - ივარაუდება - უნდა ისწავლოს) ქართული ანბანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხუნძური სიტყვების ქართული ასოებით წერას ყოველგვარი აზრი ეკარგება. ასეთი კონტექსტი ძალაუნებურად მისიონერთა (და არა „ტყვეთა“) მოღვაწეობას გვავარაუდებინებს. ძნელია ვიფიქროთ, რომ ქართველ ტყვეებს (ე.წ. ჴაზაჴებს), რომელთა უფლებრივ მდგომარეობაზე ბევრი არაფერია სათქმელი, ნებას მისცემდნენ ქრისტიანული ჯვრები აღემართათ საფლავზე, და ისიც მებრძოლი ისლამიზმის პირობებში. რაც შეეხება წარწერათა შინაარსს, არაფრიდან არა ჩანს, რომ წარწერასთან დამოკიდებული პირები თავს ტყვეებად გრძნობდნენ. ისინი ტყვეები არ იყვნენ და იმიტომ. ქართული და ქართულ - ხუნძური წარწერები, რომლებიც დაღესტნის მთიანი რაიონებიდან ვლინდება, ბევრი მხრივაა საინტერესო. იგი უმნიშვნელო არაა ამ ხალხთა ისტორიის ზოგი საკითხის გასარკვევად. იგი საყურადღებოა ხუნძური ენის ისტორიის თვალსაზრისით, რადგანაც საქმე ეხება ხუნძური ენის ფიქსირების უძველეს შემთხვევას. დასასრულ, იგი საინტერესოა როგორც საქართველო-დაღესტნის კულტურული ურთიერთობის მაუწყებელი.

მინაწერი. დაღესტნის სახ. მუზეუმის დირექტორმა ამხ.როსინმა, როცა სოფელ ჰალაში ნაპოვნი წარწერა გადავეცი, მაცნობა, რომ ჩვენთან ინახება მოზრდილი წარწერიანი ქვა (ხუნძახიდან ჩამოტანილი), რომელიც ჯერ შესწავლილი არ არისო. აღნიშნული ქვა ვნახე. მისი სიგრძე–სიგანე დახლ. 1/2 მეტრს უდრის. ნაპირები ჩამომტვრეულია (განსაკუთრებით ბევრი უნდა აკლდეს მარჯვენა და ქვედა მხარეს). მარჯვენა კიდეზე გამოყვანილია მოზრდილი ჯვარი. ანბანი წარწერისა ქართული გამოდგა. შესრულებულია იგი საკმაოდ ლამაზი მრგლოვანით (რომელიც ძალიან ჰგავს ნ.მარის მიერ გამოქვეყნებული წარწერის[XI] ასოებს)14, ნახმარია ქარაგმები და გაყოფის ნიშნები. წარწერა ბევრგან გადარეცხილია და გადაფხაჭნილი. ირჩევა სიტყვები წა, ჲცაჲ და სხვ. ენა ქართული თითქოს არ უნდა იყოს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

* წაკითხულია ენათმეცნიერების ინსტიტუტის "საენათმეცნიერო საუბრებზე" 12.11 1952 წ.

1. აქ აღძრული საკითხების შესახებ რიგი საყურადღებო ცნობა მომაწოდა პროფ. ნ.ბერძენიშვილმა.

2. სოფ.ჰალა და მისი ახლომახლო მიდამოები საინტერესო ჩანს არქეოლოგიური თვალსაზრისით. ჰალას აღმოსავლეთით ხრამის პირზე კარგად ჩანს გაშიშვლებული არამაჰმადიანური სამარხები.

3. კარგად არა ჩანს უ არის თუ ო.

4. მეორეგან - Z ხომ არაა ნახმარი? ქ Z - ჱსი - ქრისტესი.

5. ამხ.მ.კედელაძის ცნობით გუდამაყარში გვხვდება სახელი ჩახუტაური. ეს სახელი ფშავშიც რქმევია ერთ კაცს (სოფ.მიგრიაულნი).

6. ზეპირი გადმოცემით ასეთი წარწერებიანი ქვები ხშირია ხუნძახის ახლომახლო სოფლებში (ხინიში, ჰოწათლში), აგრეთვე ღუნიბის რაიონშიც.

7. იქნებ სწორედ ამიტომაც გარკვეული წრის მეტყველებაში იგი გამოითქმოდა როგორც წობეგ.

8. დაღესტანში ეს სამი სარწმუნოება გარკვეულ პერიოდში ერთმანეთს ეცილებოდა გაბატონებისათვის. ყოველ მათგანს გააჩნდა პოლიტიკური დასაყრდენი მეზობელ ქვეყნებში.

9. ხომ არა გვაქვს აქ ხუნძური ნუხ ბატ “შუაგზა” (პრდ.გზა შუა), თუმცა ამ სახელწოდების სხვანაირი ეტიმოლოგიაც გამორიცხული არაა.

10. კ.კეკელიძე, [IX],გვ.315. იქვეა მოყვანილი ცნობები როგორც ამ დოკუმენტის რაობისა, ისე  დაღესტანში ქრისტიანობის ისტორიის შესახებ.

11. თვითონ სომხურში ამ სიტყვას ნასესხებად თვლიან.

12. პ.უსლარს მოყვანილი აქვს ამ სიტყვის უფრო ძველი სახე - ფატან ([X]], ლექსიკონი). ფ—> ჰ ხუნძურისათვის (განსაკუთრებით ხუნძახური დიალექტისათვის) ნიშნეული მოვლენაა. მიზეზი ფ-ს ჰ-ში გადასვლისა იმაშია საძიებელი, რომ ხუნძური (მაგ.,ხუნძახური) ფ სპირანტია, იგი ოდენ ფშვინვაა, რომელიც ბაგეთა შორის იწარმოება. შეინიშნება, რომ აქა–იქ ფ––> ჰუ (მაგ., ახვახურში). სპირანტი ფ "დაიშალა“ სუფთა ფშვინვად(ჰ) და ლაბიალიზაციად (^უ). ჰატანი ხუნძახური ფორმაა, მაგრამ იგი სწორედ ამ სახით გვხვდება სხვა ხუნძურ დიალექტებსა და ანდიურ ენებში, რაც, შესაძლოა, ქრისტიანობის გავრცელების საქმეში ხუნძახის განსაკუთრებულ როლზე მიუთითებდეს (სამხრულ ხუნძურში პატან—> აჰალცან).

13. ამავე რიგის სიტყვა უნდა იყოს ჟოჟოხეთ აყალ–მაყალი, გაუგებარი ყვირილი. (შდრ. ქართ. ჯოჯოხეთი). სიტყვა დასტურდება ხუნძახელთა მეტყველებაში, ლექსიკონებში იგი არა ჩანს.

14. ნ.მარის ის მოხსენება, რომელიც ამ წარწერას შეეხება, გამოქვეყნებულია 1947 წელს ი.მეშჩანინოვის წინასიტყვაობით წარწერის ანბანი ქართულია, ენა კი უცნობი. ნ.მარი ცდილობს ამ წარწერის ენა ალბანურს დაუკავშიროს. სათანადო საბუთები არა ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენება რიგ საინტერესო საკითხს აღძრავს, სიტყვათა შინაარსის დადგენის ის ვარაუდები, რაც ამ მოხსენებაში უხვადაა წარმოდგენილი, ელემენტოვან ანალიზს ემყარება და მოკლებულია დამარწმუნებლობას.

 

Т.Е.ГУДАВА

ДВЕ НАДПИСИ (ГРУЗИНСКАЯ И ГРУЗИНСКО - АВАРСКАЯ) ИЗ ДАГЕСТАНА

Резюме

Публикуются две надписи, найденные в Дагестанской АССР. Первая из них найдена в местечке Галла (Halla, хунзахский р-н, близ. сел. Гиничутль) т.Мансур Гайдарбековым. Надпись сделана на камне, на котором вырезан крест. Язык и алфавит (смешанный „мргловани" и „нусхури“) надписи - грузинский. Читается она так (Приводим в транскрипции): j||ri||ku ||si||о`о gsne sl||sa||chа||xku||ti||ssa, с раскрытием титлов: Jokhari krist^si owpalo ganusvene sulsa daxutissa. Перевод: „Крест Христа. Господи, помилуй душу Чахути“.

Вторая надпись (крест высеченный из известняка) найдена в сел. Хунзах т.Дибир Атаевым. Алфавит текста грузинский (смешанный „мргловани" и „нусхури"). Надпись двуязычная -грузинско-аварская. Некоторая часть ее повреждена и не поддается чтению. Надпись читается так: jг[i]||q`esi:||с`o`- а||et||nо: mо||ciqo||lno: sh`||е:е (v?) i (?)|||b (e?) (r?) i (t?) (a?); tima||latats||obeg: a`n||o`o. С раскрытием титлов: jowari kristesi: [?]: cmidao: atormetno mocikulno: Sheickale: eristavi (?) b (e?) (r?) i (t?) (a?): timalattsobeg: amin upalo. Перевод: „Крест Христа... святые двенадцать апостолов, помилуй(те) эристава (?)... timalatacobeg аминь, господи". timalatacobeg аварское выражение: timalata (-L`imalata) "на детей" cob (-cob) милость’, eg (-tegi—l‘egi) "да положится" т.е. «помилуй детей" В форме timalata засвидетельствована хунзахская диалектальная (и исторически, может быть, более древняя); форма местного падежа на- ta (срн. свр. литерат.-z-d-a: 1‘imalazda).

Эта надпись очень похожа на грузинско-аварскую надпись, опубликованную А.С.Чикобава [I] и по всей видимости датируется так же, как и она (не позднее ХIV в.). В статье отвергается мнение М.С.Саидова [VIII], считающего надпись [I] делом „вольноотпущенных грузин* (надо полагать 17-18 в.). Такое мнение противоречит как палеографической стороне, так и ряду исторических сведений. Достаточно сказать, что историки соседних народов сохранили прямые сведения о христианстве в нагорном Дагестане (в грузинских источниках упоминается даже «хунзахский (||аварский) католикос Окропири“, т.е. Златоуст). Следы христианства обнаруживаются в некоторых аварских выражениях (напр, hatan qo- ‘воскресенье’ букв, «церковный день"). Нет сомнения, что дальнейшее изучение вопроса даст новые материалы. Выявление грузинско-аварских надписей может дать ответ на некоторые вопросы как истории Дагестана, так и аварского языка (поскольку речь идет о древнейшем случае фиксации аварской речи). Надписи заслуживают внимания и как документы свидетельствующие о культурных связях между Грузией и Дагестаном.

 

ლიტერატურა

I. არნ.ჩიქობავა. ქართულ - ხუნძური წარწერა XIV საუკუნის დაღისტნიდან. სსრკ მეცნ. აკად. საქართველოს ფილიალის მოამბე ტ.1, N4, 1929.

II. Гасан-Эфенди Алкадари. „Асари-Дагестан", მახაჩკალა, 1929.

III. "ქართლის ცხოვრება" ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, თბილისი, 1897.

IV. P.Магомедов. Дагестан в эпоху татарско-монгольского ига, მახაჩკალა, 1940.

V. სიმ.ჯანაშია. საქართველოს ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე "შრომები", ტ.1, თბილისი, 1949.

VI. "ანასეული ქართლსი ცხოვრება", თბილისი 1941.

VII. Л.Жирков. Аварско-русский словарь. მოსკოვი, 1936.

VIII. М.С.Саидов. Возникновение письменности у аварцев. „Языки Дагестана" 1.მახაჩკალა, 1948

IX. კ.კეკელიძე. ქართული კულტურის ისტორიისათვის მონღოლთა ბატონობის ხანაში. კრებ. "ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან", ტ.II, თბილისი, 1945

X. П. К.Услар. Этнография Кавказа. III, Аварский язык, თბილისი, 1889.

XI. Н.Я.Марр. Албанская надпись. Краткие сообщения о докладах и полевых исследованиях ИИМК, ნაკვ.XV, მოსკოვი - ლენინგრადი, 1947.

XII. А.Берже. Горные племена Кавказа. оБ. Живописная Россия, ტ.XI, ს. -პეტერბურგი - მოსკოვი, 1883.