<უკან დაბრუნება
ჯორბენაძე ბ. მივხედოთ მთიანი ინგუშეთის ქართულ ეკლესიებს //ლიტერატურული საქართველო. - 1989 (10 ნოემბ.). - გვ.10.
მთიან ინგუშეთში მდ.ასას ხეობაში, თარგიმის ქვაბულში შემორჩენილია ქართული კულტურის ძეგლები. ერთ-ერთი მათგანია ტყობა-ერდის სამეკლესიანი ბაზილიკა. მისი კედლები შემკულია შირიმის ქვაში ამოკვეთილი ადამიანების და ცხოველების რელიეფური სკულპტურული კომპოზიციებით და მცენარეული ორნამენტებით. ტყობა-ერდიდან, აგრეთვე, ცნობილია ქართული ასომთვრული წარწერები. გამოიყოფა ეკლესიის მშენებლობის რამდენიმე ეტაპი: VIII-IX სს. X-XI სს. და XV-XVI სს. 1969-1970 წწ საქათველოს სსრ კულტურის სამინისტროს სპეციალურმა სამეცნიერო სარესტავრაციო სახელოსნომ ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ კულტურის თხოვნით ჩაატარა ეკლესიის აღდგენა-რესტავრაცია (არქიტექტორი ლ.ხიმშიაშვილი). პარალელურად მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათრები, რის შედეგადაც გამოვლინდა მეტად საყურადღებო მასალები (არქეოლოგი გ.ღამბაშიძე). მაგრამ მაშინ სარესტავრაციო სამუშაოები არ ჩატარდა შესაფერის დონეზე. ჯერ ერთი, სამეკლესიანი ბაზილიკიდან აღადგინეს მარტო ცენტრალური ეკლესია და ამით დაიკარგა ძეგლის თავდაპირველი სახე. რესტავრაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჩაიქცა კრამიტის გადახურვა და ეკლესიაში ჩდის წყალი. ეკლესიის კარები არ იკეტება და მწყემსებს ხშირად შეიგნით შეყავთ ცხვარი.
ტყობა - ერდის სავალალო მდგომარეობაზე სხვადასხვა დროს გაამახვილეს ყურადღება გ.ღამბაშიძემ ("ლიტერატურული საქართველო", 1987 წლის 29 მაისი) და ა.ქალდანმა ("ელის მეგობარი", 1988 წ., N1). ამ საკითხებს მიეძღვნა ტელეგადაცემაც, მაგრამ მდგომარეობა არ გამოსწორებულა. ტყობა-ერდის ეკლესიიდამ 2-3 კმ დაშორებით მდ.ასას მარცხენა ნაპირას მდებარეობს XI-XIII სს. დარბაზული ეკლესიის ალბი-ერდის ნანგრევები, რომლის კელდებზე შემორჩენილია შელესილობა მხატვრობის კვალით. 1987 წელს ალბი-ერდას ეკლესიის გარშემო ჩაჩნეთ - ინგუშეთის ასს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს რესტავრატორებმა, არქეოლოგ მ.მუჟუხოევის მონაწილეობით, ბულდოზერით დააზიანეს კლტურული არქეოლოგიური ფენები. ამით დიდი ზიანი მიაყენეს ამ ქართული კულტურის ძეგლის შესწავლის საქმეს. ამ ფაქტის შესახებ იუწყებოდნენ თავიანთ სტატიებში გროზნოს უნივერსიტეტის პროფ.ვ.ვინოგრადოვი, ასისტენტი ს.სავენკო (გაზეთი "კომსომოლსკოე პლემია" 1987 წლის 10 ოქტომბერი) და ბ.ბორისოვი (ქ.ნაზრანის რაიონული გაზეთი "პუტ ლენინა" 1988 წლის 24 სექტემბერი). გასული წლის აგვისტოს თვეში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაათვალიერა თარგიმის ქვაბულის ხუროთმოძღვრული ძეგლები და კვლავ დაადასტურა ქართული ეკლესიების მძიმე მდგომარეობა. მთიანი ინგუშეთი მდიდარია სხვადასხვა პერიოდის ხუროთმოძღვრული ძეგლებით. აქედან გამომდინარე ჩეჩნეთ - ინგიშეტის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით ახლახან შექიმნა ჯეირახსას ხეობის ისტორიულ - ხუროთმოძღვრული და ბუნების სახელმწიფო მუზეუმი. იმედია, რომ ეს მუზეუმი დიდ ყურადღებას დაუთმობს ქართულ ქრისტიანულ ძეგლებსაც. ჩვენი აზრით, საქართველოს სსრ კულტურის სამინსიტროს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო - საჭარმოო სამმართველო დროულად უნდა დაუკავშირდეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის სათანადო ორგანიზაციებს და სასწრაფოდ ჩაატაროს ტყობაერდის და ალბი-ერდის ეკლესიებზე სარესტავრაციო სამუშაოები.
ბესარიონ ჯორბენაძე
არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი
|