topmenu

 

ვაზოვანის ეკლესია

<უკან დაბრუნება

 

ვაზოვანის ეკლესია მდებარეობს ქალაქ ყვარლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ-ზე, კავკასიონის ძირში, მდ.ვაზოვანის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ტყიან ადგილას. მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით შეიმჩნევა ქვის ყორეები და ნასახლარები, რაც მიგვანიშებს, რომ ეკლესიასთან მოზრდილი დასახლება ყოფილა, ხოლო მის აღმოსავლეთით, 3 კმ-ზე შემორჩენილია დიდი ნაქალაქარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ყორიანს“ ეძახის. ასე რომ, ვაზოვანიცა და „ყორიანიც“ კავკასიის კალთებზე შეფენილი ძველი დასახლებების ნაწილებია, რომელთაც თავისი საკუთარი ტაძრები ჰქონდათ.

ვაზოვანის ეკლესია (ყვარლის რ-ნი), მის შესახებ სტატიები:

ჭილაშვილი გ. კახეთის ერთი უცნობი არქიტექტურული ძეგლის შესახებ (ვაზოვანი) //ძეგლის მეგობარი, კრ.72. - 1986. - გვ.49-53. // სამეკლესიანი ბაზილიკის ხუროთმოძღვრული დახასიათება, აგების თარიღი, დეკორატიული გაფორმების ანალიზი.

გიორგი ჭილაშვილი - კახეთის ერთი უცნობი არქიტექტურული ძეგლის შესახებ

(ვაზოვანი)

ძეგლის მეგობარი, N2, 1986 წ., გვ.49-53

ვაზოვანი, რომელიც ეკლესიის ნანგრევებს შემორჩა სახელად, მდებარეობს ქალაქ ყვარლის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამ კმ-ზე, კავკასიონის ძირში, მდ.ვაზოვანის მარცხენა მხარეს.

ვაზოვანის ეკლესია მდინარის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე აუგიათ. ეკლესიასა და მდინარის ღრმა კალაპოტს შორის სიმაღლეთა სხვაობა დაახლოებით 10-12 მეტრს შეადგენს. ძეგლი დაცილებულია მდინარისგან 35-40 მეტრით. ამჟამად როგორც ეკლესია, ისე გარშემო ტერიტორია ხშირი ტყითაა დაფარული. ხეებია ამოსული თვით ტაძარშიც, რის გამოც ნაგებობა ძლიერაა დაზიანებული, კედლები დამსკდარ-დაბზარულია. ეკლესია დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია: მისი დიდი ნაწილი ჩამოქცეულია, სახურავის მხოლოდ მცირე დეტალია შემორჩენილი სამხრეთის ნაწილში1.

როგორც ჩას, ეკლესია არც თუ პატარა დასახლების მრევლისათვის აუგიათ. ამაზე პირველ ყოვლისა ძეგლის მოცულობა მიუთითებს. მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით შეიმჩნევა ქვის ყორეები და ნასახლარები, რაც მიგვანიშებს, რომ ეკლესიასთან მოზრდილი დასახლება ყოფილა. თუ შემორჩენილი სახელი - ვაზოვანი თავის დროზე ამ დასახლებას ეკუთვნოდა, ალბათ ეს ადგილები ვაზოვან-ვენახოვანი ყოფილა და მეურნეობაც უეჭველია მევენახეობაზე და მეღვინეობაზე იქნებოდა დამყარებული.

საინტერესოა ამავე დროს. რომ ვაზოვანის აღმოსავლეთით, 3 კმ-ზე დღესაც არის შემორჩენილი საკმაოდ დიდი ნაქალაქარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "ყორიანს" ეძახის. აქ არის დადასტურებული ძალზე საინტერესო ნასახლარები, მათ შორის ქვევრები, საწნახელები და ერთი მოზრდილი ეკლესიის ნანგრევებიც, თითქოს „სამეკლესიიანის“ ტიპისა. ისე რომ ვაზოვანიცა და „ყორიანიც“ კავკასიის კალთებზე შეფენილი ძველი დასახლებების ნაწილებია, რომელთაც თავისი საკუთარი ტაძრებიცა ჰქონიათ.

ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის და ნახეტი ქვით, კირის ხსნარზე, არსად აგური არ ჩანს. კუთხეებში მსხვილი თლილი ქვებია გამოყენებული, შიგადაშიგ, გათლილი შირიმიც გვხვდება. ეკლესია შიგნიდათ და გარედან ყოფილა გალესილი კირის მკვრივი ხსნარით. ეკლესიის ძლიერი დაზიანების გამო მისი სრული სურათის აღდგენა მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების განხორციელებით თუ მოხერხდება. ეკლესია წარმოდგენილია ცენტრალური ვრცელი დარბაზით (სიგრძე 16 მ.), რომელსაც აღმოსავლეთ ნაწილში, საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით ეკვრის სწორკუთხა მოყვანილობის სათავსები, ალბათ სამკვეთლო და სადიაკვნე. აფსიდი ნალისებრია, აღმოსავლეთით გარეთ შევიწროებული სარკმელი აქვს დატანებული, აფსიდი მთლიანად ჩასმულია ტაძრის სწორკუთხედის ფარგლებში, საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში და სახმრეთ კედელში მომცრო ნიშებია დატანებული. ინტერიერი მთელ სიგრძეზე სამი წყვილი წახნაგოვანი პილასტრია ჩარიგებული. ზოგი პილასტრის ქვედა ნაწილი მოგრეულია (სურ.1). ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონია - სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში. სამხრეთის კარი თაღოვანია, თითქმის ნახევარწრიული (მისი შუა ნაწილი გახეთქილია, კარის სიგანეა 1,55 მ., დასავლეთის კარიც თაღოვანია (სიგანე 1,5 მ). თაღები შეკრულია რიყის ბრტყელი ქვებით. ჩრდილოეთის კარი, რომელიც შემდგომ ამოუშენებიათ, 1,2 მ სიგანისაა. ეკლესიის კედლების სიგანე მეტ-ნაკლებად ერთნაირია, საშუალოდ 1 მ, ეკლესია სამხრეთის კედელში დატანებული ორი, გარეთ შევიწროებული სარკმლით ნათდებოდა. სარკმლები მოწყობილი იყო სამხრეთ მხარეს მდებარე აბსიდიანი სათავსის ზევით, რომელიც ცენტრალურ ეკლესიაზე გაცილებით დაბალი იყო. ერთი მათგანი სამხრეთის კარის თავზე იყო გაჭრილი. სარკმელი, რომელიც აბსიდს ანათებდა, გაცილებით დაბლა იყო წინა ორ სარკმელზე.

სამკვეთლო და სადიაკვნე გეგმით სწორკუთხა მოყვანილობის სათავსებს წარმოადგენენ. იქ შესვლა მხოლოდ დარბაზიდან შეიძლებოდა. ჩრდილოეთის სათავსი ნაგრევებით არის ჩახერგილი. რაც შეეხება სამხრეთის სათავსს, (მისი სიგრძე 5 მ-ია) ის საკმაოდ ბნელი უნდა ყოფილიყო, ნათდებოდა მხოლოდ აღმოსავლეთის კედელში დატანებული გარეთ შევიწროებული სარკმლით. გადახურვა კამაროვანი აქვს. ჩრდილოეთ აღმოსავლეთ კუთხეში მოზრდილი ნიშა აქვს დატანებული. მისგან დასავლეთით აბსიდიანი სათავსი მდებარეობს, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმეტულად არის წარმოდგენილი. იგი დამოუკიდებელი საეკლესიო სამსახურის ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს. შესასვლელი არ ჩანს.

იმის გამო, რომ ეკლესია გასაწმენდია და არ არის დადგენილი მისი იატაკი, არ არის გარკვეული ბევრი საყურადღებო საკითხი, არ ჩანს საკურთხევლის კედლები, არ არის გარკვეული კანკელის არსებობის საკითხი, (სურ.3), რაც მთავარია, ვერ გავარკვიეთ გეგმარების ერთი მთავარი საკითხი - იყო თუ არა სამხრეთის და ჩრდილოეთის ნაწილები შეერთებული, როგორც გარსშემოსავლელი. ჩვენი ყურადღება მიიქცია ცენტრალური დარბაზის სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით კედლებზე არსებულმა კონსოლებმა, რომელთა მიხედვითაც უნდა ვიფიქროთ, რომ მას გარსშემოსასვლელი ჰქონია და კონსოლებზე ყოფილა დაყრდნობილი სტოების გადახურვა.

გ.ჩუბინაშვილი სამეკლესიიან ბაზილიკებში გამოჰყოფს სამ - უძველეს, საშუალო და მოგვიანო ჯგუფებს. უძველესი ჯგუფი წარმოდგენილია კარდენახის, რუისპირის, კისიხევის, ველისციხის და საბუის ტაძრებით. ვაზოვანის ეკლესია სიახლოვეს ამჟღავნებს შუა ჯგუფის ძეგლებთან, პირველ რიგში კი იყალთოსთან, ნეკრესის სამეკლესიიანთან, ვაჩნაძიანის ამიდასტურთან, საბუის ნათლისმცემელთან2.

პირველ რიგში ყურადღებას იქცევს საერთო გეგმარება; ვაზოვანის ეკლესიაში ნაგებობის შემკვრელია ცენტრალური დარბაზი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში სამხრეთით და ჩრდილოეთით მოწყობილია გეგმაში სწორკუთხა ფორმის სათავსები. დამახასიათებელია ყველა მათგანისათვის სამი შესავლელი კარი სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში, თანაც ისე, რომ სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარები ერთ ხაზზე მდებარეობენ. ნეკრესში და ამიდასტურში, დამხმარე სათავსეების კუთხეებში, აღმოსავლეთ კედელთან მოზრდილი ნიშებია მოწყობილი, ისევე როგორც ვაზოვანში (ალბათ ასევე უნდა ყოფილიყო ვაზოვანის სამსხვერპლოშიც. ეს ადგილი ნანგრევებით არის დაფარული). ორიგინალურია ვაზოვანში საფეხურებიანი პილასტრების არსებობა, რასაც ცნობილ ძეგლებში თითქმის ვერა ვხვდებით. ასეთი პილასტრებია ცნობილი საყდრის ყურის ეკლესიაში არეშის ნაქალაქარზე3.

სამხრეთის მხარეს არსებული აბსიდიანი სათავსით ვაზოვანის საყდარი ძლიერ მიემსგავსება ნეკრესსა და ამიდასტურს. ამის შესახებ ამბობდა გ.ჩუბინაშილი, რომ საქმე გვაქვს არა სამეკლესიიან, არამედ „ხუთეკლესიიან“ ბაზილიკასთან (აქეთ-იქიდან დამატებითი ერთნავიანი ეკლესიებით)4. ასეთი ცალნავიანი ეკლესია აქვს მიმატებული ვაზოვანსაც სამხრეთიდან. შესაძლოა, ნეკრესის ბაზილიკის მსგავსად, ვაზოვანის საყდარსაც ჰქონოდა ასეთი ერთნავიანი მომცრო ეკლესია ჩრდილოეთის მხრიდანაც, რაც დადგენელია, რადგან ეს ადგილები გასაწმენდია.

აღნიშნული ძეგლები, ისევე როგორ ვაზოვანის ეკლესიაც, გ.ჩუბინაშვილის დასკვნით, წარმოადგენენ ერთიანი, მთლიან კომპოზიციას. სადაც ერთი სათავსი არის მთავარი, დანარჩენები კი მასზე არიან დამოკიდებული. ეს მთავარი ელემენტი არის ცენტრალური ეკლესია, რომელიც მაღლაა აწეული და უფრო ვრცელია. მთავარი დარბაზული სათავსის აღმოსავლეთით, საკურთხევლის აბსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით, არის მოწყობილი ცალკეული ოთახები სამხვერპლოსათვის და სალაროსათვის. ეს ნაწილები უფრო დაბალია, ისინი დამატებითი ფუნქციებისათვისაა გათვალისწინებული და არა დამოუკიდებელი სამსახურისათვის. ამიტომაცაა, რომ მათ მხოლოდ თითო შესასვლელი აქვთ, ისიც მთავარი ეკლესიიდა5.

ვაზოვანის ეკლესია, მსგავსად სხვა მისი თანადროული ძეგლებისა, მოკლებულია ორნამენტულ შემკობას, წარწერებს. გ.ჩუბინაშვილი ამ მოვლენას ხსნის იმით, რომ ეს იყო არქიტექტორულ ფორმათა ძიების ხანა, როდესაც არ სცნობდნენ მიზანშეწონილად მეორეხარისხოვანი დეტალებით გატაცებას6.

ეკლესიის ფუნქცონირების რომელიღაც ეტაპზე იგი შეუმკიათ ფრესკული მხატვრობით. მხატვრობის ძალზე მცირე ფრაგმენტები დღესაც არის შემორჩენილი აფსიდის სამხრეთ ნაწილში, გაირჩევა მოშავო, მოყავისფრო და წითელი საღებავებით გამოყვანილი კონტურები.

ეკლესიის მშენებლობაში სხვადასხვა ფენა არ გაირჩევა. საფიქრებელია, რომ ის ქრონოლოგიურად ერთ სამშენებლო ფენის ნაყოფია. მთლიანი არქიტექტურული ჩანაფიქრი ერთი ამოსუთქვით არის შესრულებული.

ამასთან დაკავშირებით, ერთი საინტერესო საკითხი იქცევს ყურადღებას: სხვა მსგავსს ძეგლებზე დაკვირვებით, ზოგჯერ ჩანს მშენებლობის მეორე ფენაც, რომელიც ძირითადად ეხება გარშემოსავლელების მოწყობას8, ჭერემის კათედრალი9 წინანდლის წმინდა გიორგი10, და სხვა. ასეთ შემთხვევებში სტოების გადახურვის დამჭერად არსებულ ეკლესიებს უშენებენ პილასტრებს. ვაზოვანში პილასტრების სისტემა არ არსებობს. გვერდის სათავსების გადახურვის დამჭერად გამოყენებულია ეკლესიის ირგვლის (გარდა აღმოსავლეთის კედლისა) არსებული, საშუალოდ 15 სმ. სიგანის კონსოლები, რაც მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს ერთფეროვან ძეგლთან.  ეს მტკიცდება ტაძრის გარეგანი იერითაც. ადგილზე ეკლესიის ზოგი დეტალის აღდგენა, რომელიც შეიძლებოდა გვევარაუდებინა ანალოგიების მიხედვით, შეუძლებელია არქეოლოგიური გაწმედის ჩატარებამდე, წინასწარ კი შეიძლება ითქვას, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შემორჩენილი კონსოლები დასავლეთის კედელზე, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გვავარაუდებინებს გარშემოსავლელის არსებობას. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში კონსოლების თავზე, რომლებიც სახურავს ებჯინებოდა, ქვების წყობებია გამონგრეული, რაც უნდა მომხდარიყო სახურავის ჩამოქცევის შედეგად.

როგორ აღნიშნული იყო, ვაზოვანის ეკლესია ექცევა სამეკლესიიანი ბაზილიკების შუა ჯგუფის ძეგლების წრეში და შესაძლებელია იგი სავარაუდოდ დავათარიღოთ VI საუკუნით.

ვაზოვანის მიდამოებში, რაშიც ეკლესიასთან ერთად ვგულისმობთ ვრცელ დასახლებასაც, ადრექრისტიანულ ხანაში საკულტო დანიშნულების ძეგლების მშენებლობის არეში არის მოქცეული, რაც ამ მხარის ძლიერ ქრისტიანიზაციის პროცესის ანარეკლი უნდა იყოს; აქვე ახლოსაა დუბის ტაძარი, ყორიანის სამეკლესიიანი, ნეკრესის ანსამბლი. ძველი გავაზის ტეტრაკონქი, არეშის ეკლესიები და სხვ. ისე, რომ აქ ცხოვრების მძლავრი აღმავლობა იგრძნობა, რაც დასტურდება არქიტექტურულ ნაგებობათა სიჭარბით სწორედ ქრისტიანობის შემოსვლისა და გავრცელების პირველი საუკუნეებისათვის.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. ვაზოვანის ეკლესია სამეცნიერო ლიტერატურაში არ არის ცნობილი, ის არც საქართველოს სსრ კულტურის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. მისი არსებობის შესახებ შევიტყვეთ გრემ-ნეკრესის მუზეუმ - ნაკრძალის დირექტორის მირიან ბუჯიაშვილისგან, რომელმაც ადგილზევე დაგვათვალიერებინა იტი 1980 წლის შემოდგომაზე. ძეგლი აზომილია ნ.ბახტაძის მიერ.

2,4,5,6,8,9,10 - Г.Чубинашвили - Архитектура Кахетии т.1, გვ.173-181, 186, 185, 191, 196.

3. ლ.ჭილაშვილი, ბ.მჭედლიშვილი, ნ.აფხაზავა - არეშის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში, საქ. სახ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, VI, გვ.100

7. ლ.ჭილაშვილი - არეშის ნაქალაქარის გათხრები, გვ.127, საქ.სახ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, V, 1977.