topmenu

 

საქართველო ბრიჯაოს ხანაში - საქართველოს არქეოლოგია (ნაწილი 2)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

აღმოსავლეთ საქართველო ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანაში - საქართველოს არქეოლოგია (რვა ტომად, ტომი II), ენეოლითი - ადრე ბრინჯაოს ხანა // სარედაქციო კოლეგია: ისტ.მეცნ დოქტორი ო.ლორთქიფანიძე, (მთავარი რედაქტორი), ისტ.მეცნ. დოქტორი ა.ჯალაღონია, (პასუხისმგებელი მდივანი), ისტ. მეცნ. დოქტორი თ.მიქელაძე, ისტ. მეცნ კანდიდატი გ.ცქიტიშვილი, ისტ. მეცნ კანდიდატი ვ.მ.ჯაფარიძე. რედაქტორი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ.კორ - ო.ჯაფარიძე. რეცენზენტები - ისტ. მეცნ კანდიდატები: თ.კიღურაძე, ლ.ნებიერიძე. თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1992 წელი.

კარი პირველი

აღმოსავლეთ საქართველო ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანაში

თავი I

ენეოლითი

I. ენეოლითური კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში

საქართველოს არქეოლოგია - საქართველო ენეოლითის ხანაში (ნაწილი 1)

წითელი სოფელი (ტაბ.LI)

(+)

ნამოსახლარი მდებარეობს ბოლნისის რაიონში, წითელი სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე. ძეგლის გათხრები აწარმოვა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ.გოგელიას ხელმღვანელობით. ადრესამიწათმოქმედო კულტურის მასალა გამოვლინდა აქ გათხრილ 18 სამეურნეო დანიშნულების ორმოში. მათი შემორჩენილი სიმაღლე 0,30-1,10 მეტრამდეა. დიამეტრი ორმოს პირთან 0,60-1,10 მ-ია, ძირისაკენ ფართოვდება; როგორც ჩანს, ზემოდან ეფარა ოვალური მოყვანილობის გათლილი ბრტყელი ქვა. აქ აღმოჩენილი კერამიკის ნაწარმი „ხელით ნაძერწია, მურამოყავისფროდ, მოშავოდ ან მონაცრისფროდ გამომწვარი. თიხა მსხვილმარცვლოვანია, ზოგ შემთხვევაში სხვა არაორგანულ მინარევებთან ერთად კეცში შერეული აქვს ობსიდიანის ნამტვრევები. ძირითად ფორმად წარმოგვიდგება დაბალყელიანი, შებერილმუცლიანი ჭურჭლები, არის თხელკედლიანი ფრაგმენტებიც. გავრცელებულია ჭურჭლის პირების შემკობა. რამდენიმე შემთხვევაში პირზე დატანილია ირიბი ნაჭდევები, გვხედება სხვადასხვა მოყვანილობის ფოსოებით შემკული პირის ფრაგმენტები. ერთ შემთხვევაში ჭურჭლის პირი ირიბად დატანილი სავარცხლის შტამპით არის დაჭდეული. ქვის მასალა წარმოდგენილია ერთი გატეხილი ხელსაფქვავით, მცირე რაოდენობის კაჟისა და ობსიდიანის იარაღ-ანატკეცებით. ორ შემთხვევაში დადასტურდა ობსიდიანის ლამელაზე დატანილი მაღალი მცოცავი რეტუში. ორშოებშივე აღმოჩნდა ცხოველის ძვლების ნაშთები და ბათქაშის რამდენიმე ნატეხი. მასალა ინახება ბოლნისის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

Д.Д.Гогелия, Л.М.Челидзе, Г.Б.Авалишвили, Краткий отчёт о полевой работе Квемо – Картлийской археологической экспедиции за 1985-1986 гг. ПАИ в 1986 г.


ჯავახი (ტაბ.LII)

ჯავახის ენეოლითური ხანის სადგომი მდებარეობს დმანისის რაიონში  (1000 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან), მდ.მაშავერას მარცხენა, მაღალი ტერასის ძირში. ადრესამიწათმოქმედო ხანის კულტურული ფენა აქ აღმოჩნდა ფარდულის ქვემოთ, სადაც არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ გაკეთდა სადაზვერვო თხრილი. აქ აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი წაროდგენილია ხელით უხეშად ნაძერწი თიხის ჭურჭლის რამდენიმე ფრაგმენტით. ერთს კორპუსზე დატანილი აქვს გამჭოლი ნახვრეტი. ქვის ინდუსტრია წარმოდგენილია ობსიდიანის იარაღ -ანატკეცებით. ქვის იარაღების მეორადი დამუშავების ტექნიკით და ტიპოლოგიური შემადგენლობით ჯავახის მასალა ახლოს დგას სიონის ქვის ინვენტართან. მასალა ინახება არქელოლოგიურ კვლევის ცენტრში.

ბიბლიოგრაფია

Д.Д.Гогелия, Квемо – Картлийская археологическая экспедиция 1979-1980 гг  ПАИ 1980 rr., Тб., 1982.


კახეთის ენეოლითური ძეგლები

ენეოლითიის ხანის ნამოსახლარები შეისწავლება ლაგოდეხის რაიონის სოფელ ულიანოვკასთან კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ კ.ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდის მასალა აქ გამოვლენილია ბორცვებზე. №1 და №2 ნამოსახლარი განადგურებულია. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა №3 ნამოსახლარზე. ბორცვის დიამეტრი 70 მ., სიმაღლე 1,5 მ. ძეგლი ერთფეროვანია, დაზიანებულია ბედენური ხანის სამარხით და სადრენაჟე არხებით.  გამოვლენილ თიხის ჭურჭელზე გვხვდება რელიეფური კოპები, ჰორიზონტალური შვერილები. არის მასიურყურიანი ჭურჭლის ფრაგმენტები. აქვეა აღმოჩენილი პირდაჭდეული და ზემოდან ჩახვრეტილფოსოებიანი კერამიკის ფრაგმენტები, ტალღისებურპირიანი კერამიკა და სხვა. ქვის ინდუსტრია წარმოდგენილია ობსიდიანის ნუკლეუსებით, რიყის ქვის გახეხილ-გაპრიალებული ცულებით, ობსიდიანის იარაღ-ანატკეცებით და ნავისებური მოყვანილობის ხელსაფქვავით. ძვლის იარაღი შედარებით მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. გვხვდება სადგისები, საპრიალებელი და ერთი კოვზის ფრაგმენტი. მსგავსი მასალა აღმოჩნდა N4 ნამოსახლარზე, რომელიც ერთი კილომეტრითაა დაცილებული N3 ნამოსახლარისაგან. ბორცვის დიამეტრია 40-50 მ, სიმაღლე - 1,5 მ. ორივე ძეგლზე გამოვლენილია სამეურნეო დანიშნულების ორმოები (დიამეტრი 0,4-1,0). ასევე ენეოლითურ ხანას განეკუთვნება ყორღანული სამარხის - „დამწვარი გორის“ - ქვემოთ გამოვლენილი კულტურული ფენა. ძეგლზე მიწურის ტიპის ნაგებობის არსებობა ივარაუდება. მასალა ინახება სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ბიბლიოგრაფია:

1. ვ.ვარაზაშვილი ძვ.წ IV ათასწლეულის შუა ხანების მასალები იორ-ალაზნის აუზიდან, კაე, IV, თბ., 1980.

2. მისივე, ნამოსახლარი „დამწვარი გორა“, 1980 საველე მუშაობის შედეგები, კაე, IV, თბ., 1984.


დელისი

საყურადღებოა თბილისში, ე.წ. დელისის ნამოსახლარზე, მიკვლეული კულტურული ფენა, სადაც ენეოლითური ხანის სამოსახლოებისათვის დამახასიათებელი მასალა აღმოჩნდა. ძეგლი შეისწავლებოდა თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. რ.აბრამიშვილის ხელმძღვანელობით. წინამტკვარ - არაქსული ხანის კულტურული ფენა გათხრილ ფართობზე თითქმის მთლიანად დარღვეულია და ყველა დონეზე, თვით გრუნტზედაც. აღმოჩენილია ადრე და შუაბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი შევპრიალა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ძეგლზე ივარაუდება სარლასტიანი წრიული ნაგებობის არსებობა. თიხის ჭურჭლის ერთეულ ფრაგმენტებს აქვს შულავერ - შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი რელიეფური ორნამეტი. კერამიკული ნაწარმი გარკვეულ მსგავსებას პოულობს სიონის თიხის. ჭურჭლის ზოგიერთ ფორმასთან, თუმცა განსხვავებულია ქვის ინვენტარი. აქ წარმოდგენილი ობსიდიანის იარაღ - ანატკეცები ძირითადად უსახოა და დაბალია მეორადი დამუშავების ტექნიკა. მასალა ინახება თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაში.

ბიბლიოგრაფია:

1. რ.აბრამიშვილი, ე.გოგაძე, ნ.თუშიშვილი, კ.კალანდაძე, დ.მუსხელიშვილი, ალ.რამიშვილი, დიდი თბილისის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები, „საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1972 წ.“, თბ., 1973.

2. რ.აბრამიშვილი, დელისის ნასახლარი, „თბილისის არქეოლოგიური ძეგლები“, თბ., 1981.


არაგვის ხეობის ენეოლითური ძეგლები

არაგვის ხეობაში, მდ.არაგვის მარჯვენა ტერასაზე, ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რ.რამიშვილის ხელმძღვანელობით მიაკვლია მტკვარ-არაქსის კულტურის წინარე ხანის ძეგლებს. სოფ.ბოდორნაში ენეოლითური ხანის კულტურული ფენა დაზიანებულია ადრე შუასაუკუნეების პერიოდის სამარხებითა და ქვაყრილებით. აქვე აღმოჩნდა სამეურნეო დანიშნულების ორმო. მისი დიამეტრი 1,80 მეტრია. თანამედროვე მიწის ზედაპირიდან ჩაჭრილია 1,40 მეტრზე. აღმოჩენილი ენეოლითური მასალა მცირერიცხოევანია. კერამიკული ნაწარმი წარმოდგენილია უსახო ნიმუშებით. აქვეა ნაპოვნი გატეხილი ხელსაფქვავი, ქვის სახეხ-საპრიალებელი, რეტუშორი და ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები დამუშავებისა და გამოყენების კვალით. სოფ.ჟინვალში ენეოლითური ხანის კულტურული ფენა აღმოჩნდა ადრე შუასაუკუნეების სამაროვნის ქვეშ. გამოვლენილი ენეოლითური მასალა წარმოდგენილია უსწორმასწორო, ტალღისებურპირიანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებით, სუსტად პროფირილებული ცილინდრულყელიანი ჭურჭლის პირგვერდის ნატეხებით, ქვის მცირე ზომის სანაყებით, ხუთი გახეხილ-გაპრიალებული ხელცულითა და ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევებით. სოფ.არანისში ენეოლითური ხანის კულტურული ფენა დაზიანებულია ფეოდალური ხანის ნასახლარითა და მტკვარ-არაქსული ეპოქის სამეურნეო ორმოებით. რამდენიმე შემთხვევაში ამ ორმოებს ჩაჭრილი აქვთ ენეოლითური მასალის შემცველი ფენა. ძეგლზე აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი წარმოდგენილია უსწორმასწორო, ტალღისებურპირიანი ჭურჭლისა და ირიბი ხაზებით პირდაჭდეული პირისა და კორპუსის ფრაგმენტებით. ერთი პირგადაშლილი ჭურჭლის ფრაგმენტი შემკულია ნაჭდევი ორნამენტით. აქვე აღმოჩნდა ქვის ცულის ნამზადი, მცირე ზომის სანაყი და ობსიდიანის ანატკეც-ანამტვრევები. საყურადღებოა ირმის რქის ფუძისა და წანაზარდისაგან ნაკეთები იარაღის და ძვლის სადგისების აღმოჩენა. სოფ.აბანოსხევთან, მდინარე არაგვის მარცხენა I ტერასაზე, ერთი კილომეტრის რადიუსით, სამ პუნქტში აღმოჩნდა ენეოლითური ხანის კულტურული ფენა: „ხიმშიანთმიწები“, ”ნაქალაქარი“ და „წყალსაცავის ზონა“. აქ აღმოჩენილია ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი კერამიკული მასალა და ქვის იარაღები. მსგავსი მასალა გამოვლინდა აგრეთვე სოფ.ჩინთის მახლობლად და ხერთვისში, ძველი ჰესის ტერიტორიაზე. მასალა ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ბიბლიოგრაფია:

1 გ.ჩიქოვანი, არაგვის ხეობის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლების ტოპოგრაფია და გავრცელების რუქა,  ხელნაბეჭდი დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.

2.Р.Рамишвили, Б.Джорбенадзе, М.Маргвелашвили и др., Археологические исследования в Арагвском ущелье. ПАИ в 1977 г., Тб., 1980.

3. Р.Рамишвили, Б.Джорбенадзе, М.Маргвелашвили и др., Археологические исследования в Арагвском ущелье. ПАИ в 1978 г., Тб., 1981.

4.Р.Рамишвили, Б.Джорбенадзе, М.Маргвелашвили и др., Археологические исследования в Арагвском ущелье. ПАИ в 1982 г., Тб., 1985.


ბერიკლდეები

ძეგლი აღმოჩენილია ქარელის რაიონში მდინარე მტკვრის და მისი მარცხენა შენაკადის, ფრონეს შესართავთან მდებარე კონცხზე. ნამოსახლარს იკვლევს ს.ჯანაშიას სახ.საქართველოს სახელმწიფო მზუეუმის ექსპედიცია ალ.ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. გათხრილ 800 კვმ ფართობზე დადასტურებულია 195 სმ სისქის ხუთი კულტურული ფენა: მტკვარარაქსამდელი, მტკვარარაქსული, ბედენური, შუაბრინჯაოს და გვიაბრინჯაოს, რომელთა შორის სტერილური შრეები არ გამოვლენილა. ენეოლითური ხანის ფენის სიმძლავრე 25 სმ-ია და უშუალოდ გრუნტზე მდებარეობს. აქ აღმოჩდა სქელკედლიანი, დიდი ზომის ნამჯანარევი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები; საშუალო ზომის. სფერულტარიანი ჭურჭლები, მკვეთად გადაშლილი პირით, რომელთაც მოვარდისფრო ნაპრიალები ზედაპირი ღია მოყავისფრო ანგობით აქვს დაფარული.  ცალკე ჯგუფში ერთიადება უხეშად ნაძერწი კვერცხისებურტანიანი 40-50 სმ სიმაღლის ჭურჭლები დაბალი ცილინდრული ყელით. აქვე აღმოჩდა კაჟის ნეოლითური იერის ლამელები და საფხეკი. მასალა დაცულია ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმმი.

ბიბლიოგრაფია:

Л.И.Глонти, А.И.Джавахишвили. Новые данные о многослойном памятнике эпохи энеолита = поздней бронзы в Шида Картли- Бериклдееби. КСИА, 192 М., 1987.

 

თანდიწყარო I

თანდიწყარო I ენეოლითურ ნამოსახლარის ნაშთი მდებარეობს სოფელ ხელთუბნის (გორის რაიონი) სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, ე.წ. თანდიწყაროს მიდამოებში, აქვე აღმოჩენილი ხელთუბნის N10 ყორღანის ყრილის ქვეშ. ნამოსახლარის კულტურული ფენა, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 0,55 მეტრია, წარმოდგენილი იყო ერთ დონეზე გაშლილი რიყის დამტვრეულ ქვებთან ერთად განფენილი თიხის ჭურჭლის ნატეხებით, ცხოველთა ძვლების ფრაგმენტებით და სხვა. აქვე გაიწმინდა რამდენიმე ენეოლითური მასალის შემცველი ორმო და შენობის მოლესილ - მომწვარი იატაკის მცირე ნაშთი. თანდიწყარო I, აღმოჩენილი თიხის ფორმით, ბიბილოსებური თუ დასერილ-დაჭდეული პირით, გახეხილ-გაპრიალებული ქვის ცულით, დისკოსებური ხელსაფქვავებით და ობსიდიანის იარაღით ბევრ საერთოს პოულობს წოფის. სიონის, წითელი გორების, არაგვის ხეობისა და დასავლეთ საქართველოს მღვიმური ენეოლითური კულტურის მასალასთან. მასალა ინახება არქეოლოგიურ კვლევის ცენტრში.

ბიბლიოგრაფია:

1.Г.М.Миндиашвили, Экспедиция Горииского района, ПАИ в 1983 г., Тбидиси, 1986

2. Г.М.Миндиашвили, Г.Ч.Чиковани, Экспедиция Горииского района в 1986 г.