topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

კარსანი - ძეგლთა აღწერილობა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<კარსანი // მცხეთის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

ქ.დიღმელაშვილის ფოტო

კარსანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.289-292.

კარსანი - მცხეთის საქალაქო საბჭო.

119. მეთუნეთა ნამოსახლარი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს თბილისი - მცხეთის საავტომობილი გზის მე-17 კილომეტრზე, კარსნისხევის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ძვ.წ.I-III საუკუნეებით. ძეგლი 1975 წელს გათხარა იაე ინსტიტუტის მმაე-მ (ხელმძღვაელი ა.აფაქიძე). კომპლექსში შედის: ნამოსახლარი, საწარმოო უბანი და სამაროვანი.

(ა) ნამოსახლარი ტერასულადაა განლაგებული ბორცვის თხემსა და ძირში. გამოვლინდა კარგად გამოკვეთილი სამი სამშენებლო ფენა. საცხოვრებელი სახლისა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობებისაგან. გეგმით ოთხკუთხა შენობები ნაგებია ნატეხი ქვიშაქვითა და ტალახით. მათი უმეტესობა გადახურული ყოფილა მცხეთური ღარიანი და ბრტყელი კრამიტებით. თიხის იატაკის ცენტრალურ ნაწილში ქვითა და თიხით ნაგები კერებია. ნამოსახლარზე დიდი რაოდენობით გამოვლინდა მოვარდისფრო - მოწითალოდ გამომწვარი თხელკედლიანი სამეურნეო დანიშნულების კერამიკა (ქვევრები, დერგები), სუფრისა და სამზარეულოს თიხის ჭურჭელი (ჯამები, ხელადები), ლითონისა და თიხის ქანდაკებები, რკინის დანები, მონეტები, ქვის სატყორცი ჭურვები, ძვლის საკინძი, სინოპური ამფორის ძირი.

(ბ) სახელოსნო უბანი მდებარეობს ნამოსახლარის აღმოსავლეთით 60 მეტრზე. აქ გამოვლინდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ქურები და მასთან დაკავშირებული ფარდულის ტიპის ნაგებობების ნაშთები. ქურების ნაწილი ორსართულიანი ყოფილა. მათი ქვედა - საცეცხლე განყოფილება გადახურული ალიზის დიდი აგურებისაგან შეკრული თაღებით, რომლებშიც ცეცხლის ამოსასვლელად ღია ადგილებია დატოვებული. ალი ადიოდა მეორე სართულზე, სადაც ჭურჭლის გამოწვა ხდებოდა. საწარმო უბაზე გარდა ე.წ. ვერტიკალური ქურებისა არის აგრეთვე ოვალური გუმბათისებრთაღიანი ქურა. საწარმოო უბანზე, ქურებში და მათ მახლობლად აღმოჩნდა წითელი წერნაქით მოხატული გვიანდელი ელინისტური ხანის თიხის ჭურჭელი.

(გ) სამაროვანზე გაითხარა ძირითადად კრამიტსამარხები. დადასტურდა აგრეთვე ორმოსამარხები, კომბინირებული (კრამიტით, ქვითა და ძელებით ნაგები) სამარხები, ფილასამარხი და ქვევრსამარხი. კრამიტსამარხები ძირითადად ბრტყელი და ღარიანი კრამიტებით ნაგები ორფერდასახურავიანი კრამიტყუთებია, რომლებიც მიწაში ამოთხრილ ორმოში ყოფილა ჩადგმული. ზოგიერთი კრამიტსამარხს იატაკიც კრამიტის ჰქონდა. მიცვალებულები მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე ესვენა კიდურებმოკეცილი. სამარხებში აღმოჩნდა მოვარდისფროდ გამომწვარი თიხის სამტუჩა ხელადები, რელიეფური სარტყლითა და კოპებით შემკული ხელადისებური ჭურჭელი, კოჭობები, მინის სანელსაცხებლები, ოქროს საყურეები და სასაფეთქლე რგოლები, სხვადასხვა ფორმისა და მასალის მძივები, რომაული და პართული მონეტები, გემიანი ბეჭდები, ირმისა და ვერძის ქანდაკებები (საკიდეები), ზარაკები და სხვ.

კარნისხევის ნამოსახლართან ახლოს გამოვლინდა საწნახელი და მარნის ნაშთი. ჰიდრავლიკური ხსნარით მოკირწყლულ - შემოზღუდული მოედანი (3,2X2,4 მ) ეკვრის კერამიკული ფილებით ნაშენ წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის აბაზანისებურ ნაგებობას - საქაჯავს. ისინი იატაკში გაჭრილი ხვრელებით უერთდებიან კერამიკულ მილსადენს. საწნახელი ფერდობზე, მოსწორებულ ტერასაზე დგას. მას უკავშირდება წვრილი ქვით მოფენილი საურმე გზა.

ვ.ნიკოლაიშვილი

ბიბლიოგრაფია:
მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტ.2, თბ., 1978.
ნიკოლაიშვილი ვ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება „დიდი მცხეთის“ ტერიტორიაზე, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1977, № 1.

120. მინის სახელოსნო, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ჯარსნისხევის მარჯვენა ნაპირას, ფერდობზე, ყოფილი მაგნეტური ობსერვატორიის საცხოვრებელი ბინების სამხრეთით, 200 მეტრზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. 1918 წელს ძეგლი გათხარა გ.ლემლეინმა. მოპოვებული მასალა ინახება ლენინგრადის სახელმწიფო ერმიტაჟში. ფერდობის ძირში (როგორც ჩანს აქ ყრიდნენ წარმოების ნარჩენებს), თიხის ფენის ქვეშ აღმოჩნდა 0,75 მ სისქის კულტურული ფენა - ნახშირი. თიხა, ღორღი, აგურის ნატეხები, თიხის წითელი, შავი და თეთრი ჭურჭლის ნამსხვრევები; ორიოდე მეტრის ზემოთ, მცენარეული ფენის ძირში გამოჩნდა თხელი (0,2-0,25 მ) კულტურული ფენა - ნახშირის ნაფხვენი, ხარის, ძროხის, ცხვრის, ღორის, თევზის ძვლები, თიხისა და მინის ჭურჭლის ნამტვრევები, მინის სამაჯური, დიდძალი წიდა, მინის სადუღი ქოთნების ნატეხები, მინის წვეთები და ძაფები. ტყეში, ფერდობის თავზე, შევაკებაზე გამოვლინდა ორმოები (მინის სახელოსნოსთან დაკავშირებულ ნაგებობათა ნაშთები?).

რ.კვიტაიშვილი

ბიბლიოგრაფია:
ლემლეინი გ., მინის საბერი წარმოების ნაშთები კარსანში, მცხეთის მახლობლად, «საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1945, ტ.6, №9
ლომთათიძე გ., არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ძველ დედაქალაქში, თბ., 1945 მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტ.1-2, თბ., 1955-1978

ი.ხვიბლიანის ფოტო

121. ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ყოფილი მაგნიტური ობსერვატორიის მთავარი შენობის სამხრეთ აღმოსავლეთით 200 მეტრზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (9,55X6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთის კედლის წყობაში ე.წ. მერცხლის კუდით გადაბმული კვადრებიცაა გამოყენებული. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლის ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკის დონიდან ერთი საფეხურით ამაღლებული საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი დიდი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნახევარწრიული ნიშია. საკურთხევლის წინ საკურთხევლისწინა ჯვრის რუხი ქვის ცხრაწახნაგა პოსტამენტი დგას.

ნ.ადღულაძე

ბიბლიოგრაფია:
Шмерлинг Р.О., Долидзе В.Г.., Барнавели Т.В.., Окресности Тбилиси, Тб., 1960.
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, გვ.291, თბ., 1990 წელი.

122. წმინდა ნინოს ეკლესია და ციხე - გალავანი, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს მტკვრის მარჯვენა მხარეს, ქართლის ქედის ერთ-ერთ მწვერვალზე, მცხეთის რკინიგზის სადგურის პირდაპირ (მისასვლელი კარსნის ხევიდანაა). თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ძეგლზე 1961-62 წლებში არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა იაე ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ.ბერძენიშვილი). გაითხარა (ა) გალავანი, რომლის სამი მხარე უხეშად გათლილ ქვიშაქვის ლოდებითაა ნაგები, ხოლო ჩრდილოეთ მხარე - ნატეხი ქვით. გალავნის კედელი გამაგრებულია გარეთ გამოწეული, ერთმანეთისაგან სხვადასხვა მანძილით დაშორებული ოთხკუთხა კოშკებით. აღმოსავლეთით გალავნის კედლის ნაწილი და კოშკები ორივე მხრიდან მოპირკეთებულია. სხვაგან კედლისა და კოშკების მხოლოდ გარეთა პირია ამოყვანილი გათლილი ქვით. გალავნის კედელსა და კოშკებში ჩაშენებულია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრები, რომლებზეც ამოჭრილია ფოტოები ე.წ. მერცხლისკუდა გადასაბმელისათვის (ქვები გვიანდელი ანტიკური ხანის ნაგებობიდან უნდა ყოფილიყო გადმოტანილი). გალავნის სახმრეთ - აღმოსავლეთ კუთხიდან 43,75 მ დაშორებით გაითხარა კოშკი, რომელიც გალავანს უკავშირდებოდა ნატეხი ქვით ნაგები კედლით (სისქე 3 მ). გალავნის შიგნით გამოვლინდა ნატეხი ქვით ნაგები ნახევრად მიწურის ტიპის საცხოვრებელი ნაგებობანი. მათი სათავსები გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედებია, სათავსების ცენტრში მოწყობილია ოთხკუთხა კერები. გალავნის ჩრდილოეთ უბაზე გაითხარა ორი მარანი, ერთში - 14, ხოლო მეორეში 4 საშუალო სიდიდის ქვევრი აღმოჩნდა. სამხრეთ უბაზე კი სენაკის სამხრეთ კედლის გასწვრივ ოთხი ქვევრი იყო. გათხრებით გამოვლინდა დიდძალი სხვადასხვა ფორმის, სიდიდის და დანიშნულების კერამიკა, რომელიც ძირითადად V-VIII საუკუნეებით თარიღდება. კერამიკის ნაწილი და ქვევრსამარხი გვიანდელი ელინისტური ხანისაა.

(ბ) წმინდა ნინოს ეკლესია დგას მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს. ეკლესია დარბაზულია (7,75X7,45 მ), ნაგებია დიდი ზომის ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი ნახევარელიფსური ფორმისაა. აფსიდში სამი ნიშია, ერთი - ჩრდილოეთით, ორი სამხრეთით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია (გადაკეთებული), ხოლო სამხრეთისაში - ორი. დარბაზი კამარითაა გადახურული. ეკლესიის კედლები შიგნიდან შელესილია (შელესილობა გვიანდელია). ეკლესიის ცოკოლი ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი სწორკუთხა ფილებით.

ა.ბოხოჩაძე, პ.ზაქარაია

ბიბლიოგრაფია: Мелитаури К.Н. - Крепости дофеодальной и раннефеодальной Грузии, Тб., т.1, 1969, т.2, 1971 гг.