topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ძველი ქვის ხანა საქართველოში - ქვედა და ზედა პალეოლითი

<უკან დაბრუნება...<<<მემატიანე // უძველესი საქართველო>>>

ქვის ხანა საქართველოში - ქვედა პალეოლითი

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.I - საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე //ტომის რედ.: გიორგი მელიქიშვილი, გამომც., “საბჭოთა საქართველო”. თბ., 1970.

გამოყენებული ბმული: http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2954/1/SakartvelosIstoriisNarkvevebi_Tomi_I_1970.pdf

იმისათვის, რათა სწორად იქნეს გაგებული შორეულ წინაპართა ისტორიული განვითარების გზა, საჭიროა გათვალისწინდეს ის წინამძღვრები, რომელთაც აღნიშნული გარემოს ცვალებადი ხასიათი და მიმართულება განაპირობებს. დღეისათვის საყოველთაოდ მიღებულია დედამიწის ისტორიის დაყოფა ოთხ ერად. ესენია, არქეული, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ანუ ნეოზოური.

(გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - + )

არქეული ერა მილიარდ–ნახევარ წელს გრძელდებოდა. სიცოცხლის ჩასახვას დედამიწაზე მეცნიერება ამ ერის მხოლოდ მეორე ნახევრიდან ანგარიშობს და ამისდა შესაბამისად ამ ხანას პროტეროზოურ (ადრეული სიცოცხლის) ერას უწოდებს. პირველად ჩნდება წყალმცენარეები, შემდეგ – უმარტივესი, ერთუჯრედიანი არსებანი, ღრუნაწლავიანები, მოლუსკები, მრგვალპირიანები (ჭიები) და სხვ. პალეოზოური ანუ ძველი სიცოცხლის (პირველეული) ერა შეიცავს კემბრიულ, სილურულ, დევონურ, კარბონულ და პერმულ პერიოდებს. იგი გრძელდებოდა 335 მილიონ წელს და აღინიშნა თევზების, ამფიბიების, ქვეწარმავალთა და ხმელეთის სპოროვანი მცენარეების გამოჩენით. მეზოზოური ანუ შუა სიცოცხლის (მეორეული) ერა შეიცავს ტრიასულ, იურულ და ცარცულ პერიოდებს, გრძელდებოდა 125 მილიონ წელს და გამოირჩევა ვეებერთელა ქვეწარმავლების ბატონობით. პირველად ჩნდებიან ფრინველები და მაწოვრები, მათ შორის ჩანთოსნების წინაპრები. ნეოზოური (ახალი სიცოცხლის) ერა იყოფა მესამეულ და მეოთხეულ პერიოდებად.  მესამეული პერიოდი თავის მხრივ იყოფა ხუთ ეპოქად: პალეოცენი, ეოცენი, ოლიგოცენი, მიოცენი და პლიოცენი. ამთგან პირველ სამ ეპოქას ერთად აღებულს უწოდებენ პალეოგენს, ხოლო უკანასკნელ ორს – ნეოგენს და პერიოდის ხანგრძლივობას 59–60 მილიონი წლით განსაზღვრავენ. მეოთხეული პერიოდი იყოფა პლეისტოცენად და ჰოლოცენად. პლეისტოცენი ანუ ძველი მეოთხეული შეიცავს ქვედა, შუა და ზედა პლეისტოცენს, ითვლის 1 მილიონ წელს.50 ყველა გეოლოგიური ეპოქისაგან იგი გამოირჩევა იმით, რომ ამ დროს წარმოიშვა ადამიანი, ჩამოყალიბდა ადამიანთა საზოგადოება. მასზე მოდის მთელი ძველი ქვის ხანა ანუ პალეოლითი.51 ჰოლოცენმა ანუ თანამედროვე გეოლოგიურმა ეპოქამ პლეისტოცენი ამ ათი ათასი წლის წინ შეცვალა. იმის გამო, რომ მეოთხეული პერიოდის მთავარ შინაარსს ადამიანი და მისი საზოგადოება შეადგენს, სახელწოდება “მეოთხეული” თითქოს მოძველდა, რის სანაცვლოდ სპეციალისტები ხშირად ანთროპოზოურს, ანთროპოგენურ ხანას ან მარტივად ანთროპოგენს გვთავაზობენ.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მომენტი (ადამიანის წარმოშობა) გეოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე მეოთხეულისათვის დამახასიათებელი დიდი გაყინვარებანი.52 როგორც ვხედავთ, სამივე ერის ხანგრძლივობა 520 მილიონ წელიწადს უდრის. ამდენსავე წელიწადს კი არქეული ერის მხოლოდ პროტეროზოული ნაწილი ითვლის. ხოლო არქეული ერის უძველესი ნაწილი, როდესაც დედამიწის ზურგზე არავითარი სიცოცხლე არ არსებობდა, გეოლოგების გამოანგარიშებით, თუ მეტს არა, 1 მილიარდ წელიწადს მაინც გრძელდებოდა. ასე რომ, “მარტო გეოლოგიური დრო 2000 მილიონ წელიწადს აღემატება. თუ მიწის მთელ ასაკს ავიღებთ 3000–5000 მილიონი წელიწადი მაინც უნდა ვივარაუდოთ”53. რა დიდი დროა 5 მილიარდი წელიწადი იმისთან შედარებით, რაც ადამიანი გამოჩნდა ბუნებაში (ნახევარი ან სულ დიდი ორი მილიონი წლის წინათ) და თავისი ასაკის ასეთი სიმცირის მიუხედავად, რაოდენ დიდია მისი გონებრივი ძალების მიღწევა არაორგანული და ორგანული ბუნების დაუფლების გზაზე! ვინაიდან მესამეულ პერიოდს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანთა საარსებო ფიზიკურ–გეოგრაფიული პირობების წარმოქმნისათვის, მასზე რამდენადმე დაწვრილებით შევჩერდეთ. მესამეულის მანძილზე ხდება უაღრესად დიდი დიაპაზონის ტექტონიკური მოძრაობანი დედამიწის ქერქის განვითარების ისტორიაში. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოროგენეტური (მთების წარმომშობი) პროცესი, რომელიც თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო, მაგრამ განვითარების უმაღლეს წერტილს მესამეულში მიაღწია. მთათა აზევების ეს გრანდიოზული პროცესი, რომელმაც ნეოგენის დასაწყისიდან ალპურ ოროგენეზში იჩინა თავი, ერთიანად მოედო ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეთა შორის გადაჭიმულ ევრაზიის თვალუწვდენ მატერიკებს (გიბრალტარიდან ინდოჩინეთამდე) და წარმოქმნა ვეებერთელა მთიანი მასივების ჯაჭვი: ალპები-კარპატები ყირიმის მთები - კავკასიის მთაგრეხილი– პამირისა და ჰიმალაის მასივები. აღნიშნული პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა დღეისათვის ცნობილი უმთავრესი გეომორფოლოგიური ერთეულები: მთები, ბორცვები, ველ-მინდვრები; ღრმად ჩაიჭრა, განვითარდა და გართულდა ჰიდროგრაფიული ქსელი; ჩამოყალიბდა გეოგრაფიული ზონები: ნოტიო, ცხელი ჰავა თბილზომიერით შეიცვალა. ერთი სიტყვით, პლიოცენის გასულისათვის დედამიწის იერსახე თანამედროვეს მიუახლოვდა. მაგრამ მესამეული პერიოდი კიდევ უფრო საინტერესოა ცოცხალი ბუნების განვითარების თვალსაზრისით. თანამედროვე პალეობიოლოგიურ მეცნიერებათა სწრაფმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა კიდევ უფრო სრულყოფილად შემოწმებულიყო ორგანული სამყაროს ევოლუციის კანონზომიერებანი სწორედ მესამეული გეოლოგიური პერიოდის ისტორიის მაგალითზე. ამჟამად აღიარებულია, რომ ხმელეთის “მცენარეთა ევოლუციის მთავარი ეტაპები რამდენადმე უფრო ადრე მთავრდება, ვიდრე ხერხემლიანთა ევოლუციის შესაბამისი მთავარი ეტაპები.”54 ეს ბუნებრივიცაა ვინაიდან, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, “ხმელეთის ხერხემლიანთა ევოლუცია საგრძნობლად არის დამოკიდებული მცენარეთა ევოლუციაზე, რადგან ბოლოს და ბოლოს მათთვის მცენარეები მასაზრდოებელ წყაროს წარმოადგენენ”55 სწორედ მესამეულ პერიოდს უკავშირდება უმაღლეს მაწოვართა ანუ პლაცენტიანთა (მომყოლის მქონეთა) ქვეკლასის ბატონობა ორგანულ სამყაროში. ამ ქვეკლასს ეკუთვნიან როგორც ოლიგოცენიდან ცნობილი ნამარხი მაიმუნები, ასევე ადამიანის მსგავსი იმ მაიმუნების ოჯახიც, რომელთაგან მხოლოდ ზოგი ცხოვრობს ხეზე, უმრავლესობა კი მიწაზეა ჩამოსული. ამათი უძველესი ნაშთები უკვე მიოცენურ ნალექებშია დადასტურებული.56 გარკვეული კანონზომიერებანი შეიძლება შეინიშნოს მესამეული პერიოდის მცენარეული საფარის განვითარების ისტორიაშიც. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ევრაზიის ევროპული ნაწილის ფლორის თანამედროვე მდგომარეობა კანონზომიერი შედეგია მისი ადგილობრივი ისტორიული განვითარებისა ოლიგოცენ–მიოცენიდან მაინც. მიუხედავად ღრმათვისობრივი სხვაობისა, რაც თანამედროვე და მესამეულ მცენარეულობას შორის არსებობს, მთელი ევროპის დღევანდელი ფლორა ინარჩუნებს გარკვეულ მემკვიდრეობით დამოკიდებულებას მესამეული პერიოდის ფლორისაგან.57 ...მთელი ევროპის მცენარეულობის განვითარების პროცესი მიოცენიდან მოკიდებული მიმდინაოეობდა დედამიწის ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ზომიერი ჰავის ზონალურ-რეგიონალური სისტემის მინაცვლეობისდა შესაბამისად. აღნიშნული სისტემების მონაცვლეობა კი როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში უმთავრესად დამოკიდებული იყო ხმელეთისა და ზღვის ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც თავის მხრივ ჰავის ზონალობის მეტ– ნაკლებ გადანაცვლებას იწვევდა. უკანასკნელი გამოკვლევების თანახმად, მეოთხეულში მესამეულის გასულის ფლორის კატასტროფული გაქრობის შესახებ არსებული ვარაუდი სრულიად არ დასტურდება უკიდურესი ჩრდილოეთის მიმართაც კი. მით უმეტეს უადგილოა ეს ევრაზიის სამხრეთი რაიონებისათვის, სადაც საკმაოდ ბევრი თერმოფილური (სითბოს მოყვარული) ავტოხთონური ელემენტები გვხვდება.58 მცენარეთა ფორმების ევოლუციის საერთო მიმართულება ძველი მესამეულიდან ახალი მესამეულისაკენ კი ისეთია, რომ ფლორა თანდათან კარგავს მეზოფილურს, მაგრამ იძენს ქსეროფილურ ხასიათს. ჩვენც სრული უფლება გვაქვს, რომ სპეციალისტების მიერ ევრაზიის ზომიერი სარტყელისათვის გაკვლეული ეს კანონზომიერება კავკასიაზედაც გავავრცელოთ. რამდენადაც მცენარეული საფარის ევოლუცია, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, უპირველესი პირობა იყო ცხოველთა სამყაროს არსებობისა და განვითარებისათვის, ცხადია, პალეობიოლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობენ ჰავის ცვლილებას, რასაც ცხოველთა ევოლუციისათვის ხელსაყრელ პირობათა შექმნა მოსდევს. ცხოველთა სამყაროს, განსაკუთრებით მაწოვართა, განვითარებისათვის ამ პერიოდში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ კლიმატურ ცვლილებებს (არიდიზაციას, აცივებას), რომელთაც ხელი შეუწყვეს ბალახოვანი მცენარეულობის განვითარებას.59 ამ გარემოებამ, ბევრ სხვა პირობასთან ერთად, დიდი როლი შეასრულა სავანური, ნახევრად უდაბური, ტყიან–ველიანი და სტეპური ლადშაფტის პირობებში ჰიპარიონული ფაუნის, ცხენისნაირთა, წყვილჩლიქოსანთა, კერძოდ, მცოხნელთა სწრაფ განვითარებაში. ეს კი თავის მხრივ ერთი არსებითი პირობა იყო უმაღლესი პრიმატების, ჰომინიდებისა და საბოლოოდ ადამიანებისათვის ხელსაყრელ ფიზიკურ გეოგრაფიულ პირობათა ჯაჭვში. ანალოგიური სურათი ისახება სამხრეთ საქართველოსთვისაც აქაური ქვედაპლეისტოცენური დროის ძუძუმწოვართა ფაუნის განხილვის დროს.60 ერთი სიტყვით, ყველა საფუძველი არსებობს ვამტკიცოთ, რომ მესამეულის გასულისათვის ჩვენი ქვეყნის მიწა - წყალი, განსაკუთრებით მისი აღმოსავლეთი ნაწილი, უკვე გამეჩხერებული ტყის საფარითა და სავანური ტიპის ლანდშაფტით, წარმოადგენდა ხელსაყრელ რაიონს, სადაც უმაღლესი პრიმატების გაადამიანების პროცესი უკვე საკმაოდ შორს იყო წასული. ამის საბუთია ანთროპოიდული არსების ქვედა ყბის ფრაგმენტის პოვნა დავით გარეჯის უდაბნოს ზედასარმატულ ნალექებში.61

ეს უაღრესად საინტერესო პალეონტოლოგიური აღმოჩენა სპეციალურ ლიტერატურაში ჯეროვნად იყო შეფასებული62, რაც გაზიარებული და ფართოდ აღიარებულია არქეოლოგების მიერაც63. მაგრამ თვით ადამიანის საბოლოო ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო, რომელიც მილიონი წლები გრძელდებოდა. ადამიანის მსგავს მაიმუნთა (დრიოპითეკის, რამაპითეკის, ავსტრალოპითეკისნაირთა) ფიზიკური და გონებრივი განვითარებისა და ადამიანებად გადაქცევის პროცესში არსებითი როლი შეასრულა მიწაზე ცხოვრებამ, ორ ფეხზე ამართულმა სიარულმა, საკვებად ხორცეულის ფართო გამოყენებამ, მეტყველებისა და შრომის ჩასახვა-განვითარებამ. შრომა ალბათ დაიწყო ხელს მოყოლილი საგნების (ხის, კეტის, ქვისა და სხვ.) მოხმარებით, მათი პირველადი დამუშავებით. რაკი ამ არსებამ შეძლო “კაჟი დანად გადაექცია”, ამით იგი უკვე შეუდგა გამიზნულ შრომას. შრომა კი ადამიანის მთელი სიცოცხლის ძირითადი პირობაა და მასთან იმდენად, რომ ჩვენ გარკვეული აზრით უნდა ვთქვათ: შრომამ შეჰქმნა ადამიანი”64 ამ მომენტიდან დაიდო საზღვარი ადამიანის მსგავს მაიმუნთა ჯოგსა და უძველეს ადამიანთა პრიმიტიულ საზოგადოებას შორის. ამ მარტივი საზოგადოების გაჩენიდან დღემდე გასულ დროს მეცნიერება 500 000 - 1 000 000 წლით განსაზღვრავს65. საზოგადოებრივი განვითარების უძველეს საფეხურში, პირველყოფილ თემურ ფორმაციაში, გამოყოფენ: წინაგვაროვნულ საზოგადოებას და გვაროვნულ საზოგადოებას ანუ გვაროვნულ თემს. წინაგვაროვნული საზოგადოება, მიუხედავად მისი სოციალური ბუნების სიმარტივისა, წარმოების, განაწილებისა და მოხმარების კოლექტიურ პირინციპზე იყო დაფუძნებული. სწორედ წარმოება იყო ის ახალი თვისობრივი მოვლენა, რითაც ადამიანები არსებითად განსხვავდებიან ცხოველთაგან. “...ცხოველები უკეთეს შემთხვევაში აგროვებენ, მაშინ როდესაც ადამიანები აწარმოებენ”66. მაგრამ წარმოებისათვის საჭირო იყო საწარმოო საშუალებანი, რომელთა შორის პირველი ადგილი, ცხადია, შრომის იარაღებს ეჭირათ. პირველყოფილი ადამიანი იარაღებს ქვის, ხისა და ძვლისაგან ამზადებდა. პირველ ხანებში ადამიანი ბუნებაში მზამზარეულად შეხვედრილ ჯოხს ხმარობდა, მაგრამ მალე საჭირო გახდა მისი მოჭრა და წამახვილება, რასაც ადამიანმა მიაღწია ბუნებრივად წამახვილებული ქვის გამოყენებით. ამგვარად, ქვა თავადაც იყო იარაღი და სხვა იარაღის წარმოების საშუალების როლშიც გამოდიოდა. ქვის ასეთი დიდი მნიშვნელობის გამო საზოგადოების განვითარების ამ უძველეს და უზარმაზარ პერიოდს მეცნიერებმა ქვის ხანა უწოდეს. იგი ორად იყოფა – ძველი ქვის (პალეოლითის) ხანად და ახალი ქვის (ნეოლითის) ხანად. ძველი ქვის ხანას, თავის მხრივ, ყოფენ ქვედა ანუ ადრეულ პალეოლითად და ზედა ანუ გვიან პალეოლითად. საფრანგეთში ძველი ქვის ხანის განვითარების მიხედვით პალეოლითს უფრო წვრილ საფეხურებადაც ყოფენ: შელი, აშელი, მუსტიე, ორინიაკი, სოლუტრე, მადლენი, აზილ – ტარდენუა. პირველ სამ ეპოქას ქვედა პალეოლითს მიაკუთვნებენ, დანარჩენ ოთხს – კი გვიან პალეოლითს. ზოგი მეცნიერი შელის ეპოქას წინ უმძღვარებს “ეოლითების” (ქვის განთიადის) ეპოქას67. უმრავლესობა ამ ხანას წინაშელურს უწოდებს. ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი იყო ადამიანის განვითარების ისტორიაში და რამდენიმე ასი ათას წელსაც ითვლის. იგი ძირითადად დასრულდა 40 000 წლის წინ. ამის შემდეგ იწყება გვიანი პალეოლითი, რომელიც ამ 10 000 წლის წინ ნეოლითმა შეცვალა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, შეცვლილ იქნა ენეოლითით (ქვა–სპილენძის ხანით), რომელიც ჩვენში ძვ.წ. V–IV ათასწლეულებში არსებობდა. ქვედა პალეოლითში ცხოვრობდნენ ცხოველთა სამეფოდან საბოლოოდ გამოყოფილი ჰომინიდები ანუ უძველესი და ძველი ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ შემორჩენოდათ ზოგიერთი ცხოველური ნიშანი. მათგან პირველ რიგში უნდა დასახელდეს Homo habilis – “მარჯვე”, “მოხერხებული” ადამიანი. მისი პირველი ნაშთები ათიოდე წლის წინ იყო აღმოჩენილი ოლდუვაის ხეობაში (ტანგანიკა, აღმოს. აფრიკა). შემდეგ მოდის პითეკანთროპი (ამართულად მოსიარულე მაიმუნ-ადამიანი), რომლის ნაშთები პირველად 1891 წ. კუნძულ იავაზე აღმოაჩინეს; სინანთროპი (ჩინელი ადამიანი), რამდენადმე განვითარებული ტიპი, აღმოჩნდა ჯოუ–კოუ– დიანში (პეკინთან ახლოს) 1927 წ.; ჰაიდელბერგელი ადამიანი, აღმოჩენილი 1907 წ. გერმანიაში; აფრიკანთროპი, ატლანთროპი, ათიოდე წლის წინ აღმოჩენილი აფრიკაში, ტუნისში და ნეანდერტალელი, რომლის ძვლები გერმანიაში 1856 წ. აღმოჩნდა. ფიქრობენ, რომ ეს უკანასკნელი ცხოვრობდა ქვედა პალეოლითის მეორე ნახევარში და აგრეთვე გვიან პალეოლითზე გარდამავალ ხანაში. თვით გვიან პალეოლითში ჩნდება დღევანდელი ადამიანის ფიზიკური ტიპი ე.წ. კრომანიონელი ადამიანი, სხვაგვარად, “ნამარხი გონიერი ადამიანი”, რომელიც მალე მთელ აფრევრაზიას მოედო და დასაბამი მისცა დღემდე არსებულ ყველა რასას. წინაშელურ, შელურ და ადრეშელურ ხანაში გავრცელებულ ჰომინიდებს (იავისა და ოლდუვაის პითეკანთროპებს, სინანთროპებს, ატლანთროპებს, ჰაიდელბერგელსა და სხვ.), არქანთროპებს ე.ი. უძველეს ადამიანებსაც უწოდებენ, გვიან აშელსა და მუსტიეს ხანაში მცხოვრებ ნეანდერტალელსა და მისთ. პალეანთროპებს ანუ ძველ ადამიანებს, ხოლო გვიან პალეოლითში გამოჩენილ “გონიერ ნამარხ ადამიანებს” ნეოანთროპების, ანუ ახალი ადამიანების სახელითაც მოიხსენიებენ68.

ქვედა პალეოლითელი ადამიანის ცხოვრება ჯერ კიდევ ბევრად იყო დამოკიდებული გარემო პირობებზე. ამ პირობათა შორის, პირველყოვლისა, უნდა დასახელდეს პოლარული ყინვარები, მათი პერიოდული მოძრაობანი და ამით გამოწვეული ცვლილებები ბუნებასა და ადამიანთა ცხოვრებაში. სპეციალისტები აღნიშნავენ ყინვარების გლობალურ ხასიათსა და მათ ფართო გავრცელებას ძველ მეოთხეულში. ამ ნიშნის მიხედვით, ძველ მეოთხეულს ყინვარეულ პერიოდსაც უწოდებენ. ყინვარეული მოვლენების განვითარება შეინიშნებოდა კავკასიონის მთიანეთშიც, მაგრამ აქაური გაყინვარება ძლიერი არ ყოფილა, რის გამოც მისი გავლენა გარემოზე შესაბამისად სუსტი იყო. თავის დროზე სრპეციალისტების მიერ ალპებში შესწავლილი იყო ოთხი ყინვარეული და სამი ყინვარეულთშორისი პერიოდი. ესაა: გიუნცი, მინდელი, რისი და ვიურმი, შესაბამისად, გიუნც-მინდელის, მინდელ–რისის, და რისვიურმის ყინვარეულთშორისი პერიოდები. ამათგან საბჭოთა კავშირში გიუნცის კვალი არ არის დადასტურებული, სხვათა კვალი საკმაოდ ბევრია, იგი დასტურდება ჩვენი ქვეყნის მთიანეთშიც, თუმცა მცირე. საქართველოს შავი ზღვისპირა ზოლში მინდელის დროს უკვე ჩამოყალიბებული იყო 100–110მ სიმაღლის ტერასები, რომლებზედაც ბლომად ვხვდებით ქვედაპალეოლითურ იარაღებს. ცხოველთაგან აღსანიშნავია: სამხრეთის სპილო,69ბრტყელშუბლა სპილო, ეტრუსკული მარტორქა, გარეული ცხენი, ბიზონი, ელასმოთერიუმი, მღვიმის დათვი, ანტილოპა და სხვ. მინდელის შემდეგ ისე ათბილებულა, რომ ჰავა ქვეტროპიკულს უახლოვდებოდა. მალე ისევ აცივებულა. რისის ყინვარეული ხანა ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრი ყოფილა. კავკასიონზედაც მძაფრად გაუყინავს. ამ დროის ცხოველებია: მამონტი (ჩვენში მისი აღმოჩენის მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს), ბეწვიანი მარტორქა, დიდრქიანი ირემი. ბევრია მღვიმის დათვი, აფთარი, ლომვეფხვა. რისისა და რის-ვიურმის ეპოქაში ყალიბდება 60–80 და 32–40მ სიმაღლის ტერასები70, სადაც პალეოლითური მონაპოვარი კიდევ უფრო მეტია. ვიურმის გაყინვარება უკანასკნელი და თანაც ყველაზე სუსტი იყო. ამ დროის კავკასიონის ყინვარეულ ცენტრად იალბუზსა თვლიან. ჩამოყალიბებულია 25–30 მ სიმაღლის ტერასები, სადაც მოიპოვება უმთავრესად გვიან პალეოლითური იარაღები, მაგრამ არის ჩამორეცხილი უფრო ადრეულიც. განაგრძობენ არსებობას მამონტი, დიდრქიანი ირემი, მღვიმის ცხოველები და სხვ. ასეთი ცვალებადი კლიმატური პირობებისდა შესაბამისად ადამიანი ხან უმთავრესად ღია ცისქვეშეთით კმაყოფილდებოდა, ხან კი კარსტულ მღვიმეებსა და ხეებს აფარებდა თავს. ქვედაპალეოლითური ხანის ადამიანის ნასადგომევთა თუ მეტ-ნაკლებად დროებით ნაბინართა საერთო რაოდენობამ ჩვენს რესპუბლიკაში დღეისათვის უკვე 137–ს მიაღწია. ამათგან 42 აშელს, ხოლო 95 მუსტიეს განეკუთვნება. ამგვარად, გამოდის, რომ საბჭოთა კავშირში ამ ხანის ნაბინართა 64%-ზე მეტი მარტო საქართველოს მიწა–წყალზეა მიკვლეული. უძველეს ადამიანთა ეს ნაბინარები ნაწილდება მკაფიოდ გამოყოფილი შემდეგი რაიონების მიხედვით: I. საქართველოს შავიზღვისპირა ზოლი; II. რიონ–ყვირილას აუზი; III. შიდა ქართლი; IV. მდ.მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაბალმთიანეთი, ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში; V. ჯავახეთის ზეგანი და VI. იორ–ალაზნის აუზი71. აღნიშნულ რაიონებში მიკვლეული ნაბინარები, კულტურული ნაშთების განლაგების ხასიათის მიხედვით, იყოფა ორ ჯგუფად: ა) კულტურული ფენების შემცველი ნასადგომევნი, ბ) აუშლელ კულტურულ ფენას მოკლებული ნაბინარნი. პირველი ჯგუფის ნასადგომევნი მოკვლეულია უმთავრესად I, II და IV რაიონების მღვიმეებში (კუდარო, წონა, ჯრუჭულა, წოფი და სხვ.) და გვაძლევენ კარგად დოკუმენტირებულ მასალას72, მეორე ჯგუფისანი კი გავრცელებულია უმთავრესად მაღალ, მდინარეულ და ზღვიურ ტერასებზე (შავიზღვისპირეთი), მდინარეთა წყალგამყოფ მთაგრეხილებზე (შიდა ქართლი, კახეთი) ანდა მაღალ პლატოებზე (ჯავახეთის ზეგანი). უკანასკნელი წლების ძიების შედეგად შესაძლებელი გახდა კულტურული ფენის შემცველი ნაბინარი მეორე ჯგუფის ძეგლებშიც გამოგვეყო (მაგალითად, უძრავი მუსტიეური ფენა გურჯაანის რაიონის სოფ ზიარში). ზღვისპირა აშელური სადგომებიდან უნდა აღინიშნოს ნაბინარები სოფ.კოლხიდაში, გუდაუთაში, სოხუმში, იაშთხვაზე, ბირცხში, გალში, ჭუბურხინჯში, ლესელიძეში, ხეივანსა და სხვ. ამ მხარეში მოპოვებული კაჟის ინვენტარი ძირითადად წარმოადგენს უხეშ, მასიურ, ფართო და ხშირად უსწორო მოყვანილობის ანატკცებს, რომლებიც ჩამოტეხილია უმთავრესად დისკოსებრი გულგულებიდან (ნუკლეუსებიდან). ზოგიერთი შემდგომი დამუშავებით უქცევიათ წვეტანებად და სახოკ იარაღებად. ზოგან (იაშთხვაზე, გალში, ხეივანში, ჭუბურხინჯში) ნაპოვნია ეპოქისათვის მეტად დამახასიათებელი, თითქმის უნივერსალური იარაღები, ხელცულები. უნდა ითქვას, ამ დროს ჯერ კიდევ არ იციან იარაღის მეორადი რეტუშით დამუშავება და უმეტესად კაჭრის ორმხრივ გათვლას, გაჩორკნას მიმართავენ. ამ დროს ხელცულები ორმხრივ დამუშავებულია.

ქვის იარაღის დამუშავების ეს წესი, რასაც ბიფასურ ტექნიკასაც ეძახიან, ქვედა პალეოლითში საყოველთაოდ გავრცელებულია. აშელურ ნაბინართა შორის სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით იაშთხვა გამოირჩევა. იგი სოხუმიდან ჩრდილოეთით 3კმ მანძილზეა. მოთავსებულია 80–100 მ სიმაღლის (მინდელის) ტერასაზე. აქ ქვის ხანის თითქმის ყველა დროის ნაშთებია. მათ შორის უძველესია აშელური იარაღები, რომლებიც დელევიონურ თიხნარშიც არის და ზედაპირზეც ბლომად მოიძებნება. აქაური კაჟის ინვენტარში გამოირჩევა მასიური ანატკეცები; დიდი და ტლანქი დისკოსებური ნუკლეუსები; მასიური, გვერდელა სახოკები; უხეში წვეტანები; ორმხრივ დამუშავებული ხელცულები; ტლანქი, მჭრელი იარაღები და სხვ. იარაღთა უმრავლესობა მთლიანი კაჭრისგან არის გამოთლილი ან მსხვილ ანატკეცზეა გაფორმებული73. იაშთხვას ნამოსახლარზე ხანგრძლივი ცხოვრების კვალი ჩანს. აქ ადამიანთა მრავალრიცხოვან კოლექტივებს ადრეულ აშელსა (შესაძლოა, შელშიც) და მუსტიეში უცხოვრიათ და ისინი არც შემდეგ ხანებში მიუტოვებიათ. ამას მოწმობს ქვის დამუშავებაში შენიშნული ტრადიციები, რაც გამოიხატება აშელური ტექნიკის შემდგომი განვითარებით, ერთი მხრივ, ლევალუაური, ხოლო, მეორე მხრივ, ტეიაკური ტექნიკის მიმართულებით74. აშელური იარაღები ფართოდ არის გავრცელებული რიონ–ყვირილას აუზშიც. ამ პერიოდისაა, კერძოდ, სოფ.კაცხში, პერევისასა და სკინდორში (ჭიათურის რ–ნი) შეგროვილი მასალები, რომლებიც გვხვდება მდ.ყვირილას ორთავ ნაპირზე, წყლის დონიდან 200–250 მ შემაღლებულ ტერასისმაგვარ პლატოებზე. ამათგან ადრეულია საქორიას (კაცხში) ძეგლები: ხელცულები, უხეში საჩეხი იარაღები. სახოკები, გულგულები, ანატკეცები, რომელთა რიცხვი 2200 აღწევს. ერთგვარი სიტლანქე, მასიურობა, ღრმა პატინიზაცია, ნაკეთობის დამუშავების პრიმიტიული ხერხები ამ იარაღებს ადრეული აშელით ათარიღებს75. გვიანი აშელით დათარიღებული ძეგლები მიკვლეულ იქნა მდ.ჯეჯორისა და ყვირილას სათავეებში. ესაა კუდაროს მღვიმეთა ჯგუფი76 სოფ.ჩასავალთან და წონას მღვიმე ერწოს ტბისა და სოფ.წონას მახლობლად (ჯავის რ-ნი)77. ზღვის დონიდან ისინი საკმაოდ მაღალზე იმყოფებიან (კუდარო-600 მ, წონა- 2100 მ) და მარადთოვლიანი მთებისაგან 15–20 კმ–ით არიან დაშორებული. შეიცავენ ოთხ სხვადასხვა დროის (აშელის, მუსტიეს, ეპიპალეოლითისა და ადრებრინჯაოს) კულტურის ძეგლებს. ჩანს, ისინი პირველყოფილი ადამიანის დროებითი სადგომებია. მღვიმეთა უღრმეს კულტურულ ფენებში მოპოვებული ხელცულები, უხეში, მჭრელი იარაღები, წვეტანები, სახოკები და სხვ. მსგავს იარაღთა საუკეთესო ტიპებს იძლევა და მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას გვიქმნის აშელის დროის ადამიანთა სამეურნეო საქმიანობაზე (მონადირეობა, შემგროვებლობა). ამათი განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ იმაშია, რომ აშელით დათარიღებული ძეგლების ასეთ დიდ სიმაღლეზე (ზღვის დონიდან 2100 მ) აღმოჩენა პირველად დასტურდება არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც. როგორც ჩანს, ზედა მეოთხეულის დასაწყისში კავკასიონზე აცივებულა რის გამოც აღნიშნულ სიმაღლეებზე ხანგრძლივი ცხოვრება შეუძლებელი გამხდარა. ამის პირდაპირი მოწმობაა ზედაპალეოლითური ნაშთების არარსებობა ხსენებულ მღვიმეთა კულტურულ ფენებში. მასალები ადასტურებენ, რომ ზედაპალეოლითელ ადამიანს ზღვის დონიდან 800–1000მ-ზე უფრო მაღლა არც უცხოვრია. ამავე პერიოდის ძეგლები ბლომადაა შიდა ქართლშიც. მათგან ყველაზე ადრე და სრულად შესწავლილ იქნა ლაშე-ბალთის ნაბინარი78. იგი მდებარეობს მდ. მეტეხის ფრონეს ტყე – ველიან ზონაში (ზნაურის რ- ნი). ლანდშაფტის მრავალფეროვნებას, მდინარეთა და ტბების სიახლოვეს, ბუნებრივი რესურსების სიმდიდრეს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა პირველყოფილ ადამიანთა მიერ ამ მიდამოების დასახლების დროს. აქ იარაღები და ანატკეც–ანამტვრევები თავმოყრილია პაწია, მშრალი ხევების ქვიშიან – ხვინჭოვან ფენაში, ზედაპირიდან 1,30–3,40 მ-ის სიღრმეზე; უმრავლესობა მაინც ზედაპირზეა შეკრებილი და ძლიერ ნაგორებიც არის. ეს მოწმობს, რომ ისინი მაღლამდებარე ტერასიდან უნდა იყოს ჩამოტანილი ისევე როგორც დასავლეთ საქართველოში და სომხეთში, სადაც უმთავრესად 80–100მ სიმაღლის ტერასებს უკავშირდებიან. ნაკეთობის ნედლ მასალად გამოყენებული ყოფილა ანდეზიტი, იასპი, ქალცედონი, კირქვიერი კაჟი და სხვა, რომელთაგან ამზადებდნენ ხელცულებს, სახოკებს, წვეტანებს. ნუკლეუსები უმთავრესად დისკოსებურია, გვხვდება კუბისმაგვარი, სწორკუთხა, ატიპიური. ლაშე–ბალთის იარაღები უახლოვდება იაშთხვისა და სატანიდარის (სომხეთი) მასალებს, თუმცა ხნოვანებით ამ უკანასკნელს ჩამორჩება და შუა აშელით თარიღდება. ამ პერიოდის ნაკეთობანი: ნუკლეუსები, ნამზადები და სხვ. აღმოჩენილია აგრეთვე სოფ.ქალეთში, მეტეხში, თიღვაში, ძაღინაში, კვერნეთში, დამპალეთში, აჩაბეთში, ზედა დვანში და სამხრეთ ოსეთისა და შიდა ქართლის ბევრ სხვა სოფელში79. აშელური ნაკეთობანი ჯავახეთის ზეგანზე იქნა აღმოჩენილი.

ყველაზე მეტყველი გამოდგა ნასადგომევი ახალქალაქი I (ქალაქიდან სამხრეთით 1კმ–ზე), სადაც შეკრებილია ბაზალტისაგან ნაკეთები ხელნაჯახები, სახოკები, ნუკლეუსები, ანატკეცები და სხვ. ეს მასალები ახლო დგას ლაშე–ბალთის, იაშთხვას, სატანიდარის, არზნის შესატყვის ნაკეთობებთან და აშელის მეორე ნახევრით თარიღდება80. ცნობილია აშელის დროინდელი იარაღ–ანატკეცები აგრეთვე ლაკბის ხევიდან, კაჭრეთთან ახლოს (კახეთი). როგორც ვხედავთ, აშელის კულტურას საკმაოდ ფართო გავრცელება ჰქონია საქართველოში, რაც მოწმობს, რომ ევრაზიის საზღვარზე მდებარე ეს მხარე ძველი ოჲკუმენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. ეს მხარე უფრო ფართოდ ყოფილა დასახლებული მომდევნო, მუსტიეს ეპოქაში. დღემდე მიკვლეულია ამ ეპოქის დამახასიათებელი 95–მდე ძეგლი, რომელთა უმრავლესობა დასავლეთ საქართველოშია, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც საკმაოდ ბევრია და სამხრეთშიც მოიპოვება. შავიზღვისპირა რაიონში მუსტიეს ეპოქის ძეგლები აღმოჩენილია ბზიფის ეხში, კალდახვარაში, ლიხნეში, გუდაუთაში, სოხუმში, იაშთხვაში, აჰბიუკში, კელასურში, ოჩამჩირეში, ილორში, გალში, ხევში, ოქუმში, რუხსა და ბევრ სხვაგან. ოჩამჩირის ნაბინარი, მაგალითად მოთავსებული ყოფილა (ქალაქის მახლობლად) სოხუმ- ოჩამჩირის გზატკეცილის ნაპირას III (35 მ სიმაღლის) ტერასის ფერდობზე. აქ მოპოვებული წვეტანები, სახოკები, სამკუთხა ლამელები, დისკოსებური ნუკლეუსები წითელი კაჟისაგანაა მომზადებული და მოყვითალო– ყავისფერი პატინით არის დაფარული. ლამალები ნაკლებმასიურია, დარტყმის მოედანი ვიწროა; იარაღის მეორადი დამუშავების შემთხვევები უფრო ხშირია; ორმხრივი დამუშავება დავიწყებულია და სხვ. რიონ–ყვირილას აუზის მუსტიეს ტექნიკისათვის დამახასიათებელი მასალა ბლომად აღმოჩნდა სოფ.ჭილოვანში (ჭიათურის რ ნი). იგი მდ.ყვირილას მარცხენა ნაპირზეა, ზღვის დონიდან 600მ სიმაღლეზე (ჭიათურიდან 5კმ–ზე). აქ უამრავია საუკეთესო ხარისხის კაჟი – უმთავრესი ნედლეული იმდროინდელი იარაღების დასამზადებლად. ჩურგულში, ხერგეთსა და კაჟებში მოპოვებული მრავალრიცხოვანი ნუკლეუსების, სახოკ–საფხეკების, წვეტანების, ანატკეცებისა და სხვ. შესწავლა გვიჩვენებს, რომ ისინი განეკუთვნება ლევალუა–მუსტიეს (ჩურგული), მუსტიეს (ხერგეთი) და გვიანი მუსტიეს (კაჟები) ხანას.81 ქვის დამუშავების კიდევ უფრო მაღალი ტექნიკა გამოავლინა ჯრუჭულას მღვიმის მასალებმა (სოფ.ზოდი, მდ.ჯრუჭულას მარჯვენა ნაპირი). მღვიმის ორთავ კულტურულ ფენაში აღმოჩენილი გვიანმუსტიეური იარაღ-ხელსაწყოები ლევალუაური ტექნიკის შესანიშნავ ნიმუშებს იძლევა.82 ეს მღვიმე იმითაც არის შესანიშნავი, რომ მან მოგვცა კავკასიისათვის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ნაშთი (საძირე კბილი) ნეანდერტალელი ადამიანისა.83 გვიანი მუსტიეს რჩეული იარაღები აღმოჩენილია აგრეთვე წონასა და კუდაროს მღვიმეებში. რიონ–ყვირილას აუზშივეა აღმოჩენილი და გათხრილი შესანიშნავი ძეგლები, რომლებიც ფინალური მუსტიესა და ზედა პალეოლითზე გარდამავალი ხანის მასალებს იძლევიან. ესენია საგვარჯილე, მდ. ძევრულას მარცხენა ნაპირზე (თერჯოლის რ-ნი) და ჭახათის ეხი მდ.წყალწითელას მარჯვენა ნაპირზე (ქუთაისის რ-ნი); ჯრუჭულას მღვიმის, საგვარჯილეს და ჭახათის ეხების, აგრეთვე სვანთა სავანის არქეოლოგიური ნაშთები უძვირფასეს მასალას გვაწვდის საქართველოსა და კავკასიის ზედაპალეოლითური კულტურის ჩასახვა–განვითარების საკითხების დასამუშავებლად.35. მუტიეს 15-მდე ძეგლი აღმოჩენილია ქსნის, დიდი და პატარა ლიახვის, მეჯუდის და ფრონეს ხეობებში. მათგან უმნიშვნელოვანესია თამარაშენში, მორგოში, ჯიჯოეთსა და ყორნისში მოპოვებული მასალები, რომლებიც ღია ნაპირებიდან მომდინარეობს. ამავე პერიოდის, ოღონდ უფრო ადრეული ეტაპის მასალას გვაწვდის ქვემო ქართლის კულტურულ გარემოში მიკვლეული ნასადგომევი წოფის I მღვიმეში აქაური მონაპოვარი ენათესავება სომხეთის ზეგნისა და მახლობელი აღმოსავლეთის სინქრონულ ძეგლებს და დას. საქართველოს მასალებსაც კარგად ეხმაურება. წოფის ფაუნაში გამოირჩევა ბეწვიანი მარტორქის, გარეული ცხენის, კეთილშობილი ირმის, დაღესტნური ჯიხვის ნაშთები. ამათთან ერთად იყო ოქოტონას ძვლებიც, რაც წინააზიურ ფაუნასთან კავშირს მოასწავებს36. ამავე რაიონში შვიდიოდე ადგილსამყოფელია (სამშვილდე, კაზრეთი, გომარეთი, მამეი და სხვ.), რომლებიც ბოლომდე არ არის გამოვლენილი. ქვემო ქართლის ძეგლებთან ახლო კავშირში ჩანს ავეიდაღის (ყაზახის რ-ნი, აზერბაიჯანის სსრ) მღვიმურ ნასადგომევებში აღმოჩენილი მუსტიეური მასალები. ასევე ახლო უდგება წონა–კუდაროს ნივთიერ კულტურას აზოხის მღვიმის (გადრუთის რ-ნი, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანის სსრ) აშელურ–მუსტიეური კულტურის ნაშთები37. საერთოდ, წონას, კუდაროსა და აზოხის მღვიმეებს კავკასიის საყრდენ ძეგლებად მიიჩნევენ38.

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ მუსტიეური კულტურა უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ვიდრე აშელური. ამ დროს აუთვისებიათ არა მარტო ზღვისპირეთი, მდინარეთა შესართავები, ტერასები, ტყიანველიანი ზონა, არამედ შუა, ზოგჯერ მაღალმთიანეთიც. პირველყოფილი ჯგუფი მცირერიცხოვანი ყოფილა (20–30 კაცი) და უნდა ეცხოვრათ ტყის პირას ან მდინარეთა შორის მოქცეულ კონცხებზე ბანაკის სახით. თავშესაფრად (ღამის სათავედ, მტაცებელთაგან თავდასაცავად, მარაგის საწყობად, სამუშაო ფართობის უზრუნველსაყოფად) ხის ტოტებისაგან ნაკეთები კარავი უნდა ჰქონოდათ. რისის აცივებასთან დაკავშირებით იგრძნობა ლტოლვა ბუნებრივი მღვიმეებისაკენ. მღვიმეებში ცხოვრება, შუაცეცხლით სარგებლობა აღვივებდა კოლექტიური თანაცხოვრების, ერთობლივად მოპოვებული სარჩო–საბადებლის საერთოობის პრინციპს, საფიქრელია, რომ გვარის ჩამოყალიბების პროცესი მუსტიეს გასულს აქედან უნდა დაწყებულიყო. მეურნეობის მთავარი სახეები იყო: მონადირეობა (მამონტზე, მარტორქაზე, ბიზონზე, გარეულ ცხენზე, ირემზე, დათვზე, კურდღელსა და სხვ. წვრილ ცხოველებზე), შემგროვებლობა (ხის ნაყოფის, გარეული ხილის, ძირხვენა ბოლქვებისა). იარაღის კეთება, იარაღებს აკეთებდნენ ხისაგან კაჟისაგან, ანდეზიტ– ბაზალტისა, ობსიდიანისა და სხვა მაგარი ქანებისაგან. იცოდნენ ქვის გათლა, გაჩორკნა, იშვიათად მეორადი დამუშავებაც (რეტუში). მუსტიეს ეპოქაში დაეუფლნენ ქვის ჩამოტკეცვას და ანატკეცი ნამზადისაგან უფრო მსუბუქი, მჭრელი და მხოკავი სატყორცნ – საძგერებელი იარაღების დამზადებას. იარაღთა ასორტიმენტი ერთობ ღარიბია: ხელცული, უხეშად მჭრელი იარაღი, ხელჩაქუჩი, წვეტანა (ხშირად შუბისპირად ქცეული), სახოკ–საფხეკი, იშვიათად საჭრისი, სახვრეტი და სხვ. ამიტომაც მათი დანიშნულებაც ნაკლებად დიფერენცირებული იყო. ამ ხანაში ჩაისახა შრომის განაწილება ასაკისა და სქესის მიხედვით. ახალგაზრდა, მოწიფული და ჭარმაგი თაობა სარეწაოზეა (ნადირობს, აგროვებს). მოხუცები საამისო იარაღს აკეთებენ, მოზრდილ ბავშვებს უვლიან და ასწავლიან. დიაცები უმთავრესად შემგროვებლებია, მამაკაცები–მონადირენი. შრომის ასაკობრივ–სქესობრივი განაწილება მეურნეობის სისტემატურ ხასიათს უნდა მოჰყოლოდა შედეგად. მეურნეობის პროგრესს ხელი შეუწყო ცეცხლის მიღების გამოგონებამ, რაც ქვედა პალეოლითის კულტურული მონაპოვარია. ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას უტოლებენ რკინის დამუშავების ათვისებას. პირველს ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა პირველყოფილი ჯგუფის მატრიარქატულ – გვაროვნულ თემში გადაზრდისათვის, როგორიც ბევრგან მეორეს, პირველყოფილ–თემური წყობიდან კლასობრივ წყობილებაზე გადასვლისათვის. ადამიანს უმუშავდება აქტიური თავდაცვის უნარი; ეჩვევა რეგულარულ შრომას; სისტემატურად იკვებება ხორცეულით; საბოლოოდ ეუფლება გამართულ სიარულს. ყველაფერი ეს აღვივებდა მის ცნობიერებას, უვითარებდა მეტყველებას. გონიერების ამაღლება და მეტყველების წარმოშობა–განვითარება უშუალო კავშირში იყო იარაღის წინასწარგანზრახვით დამზადებასთან და ძველი ადამიანების საერთო ცხოვრებასთან. ბუნების ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში შეძენილმა გამოცდილებამ გააკაჟა ადამიანი, ფიზიკურად უფრო მოქნილი და გონებრივად უფრო ძლიერი გახადა. სწორედ საპიენტაციის პროცესმა განაპირობა უმთავრესად ნეანდერტალელის შეცვლა კრომანიონელით, “გონიერი ადამიანით” (Homo Sapiens), რომელიც ზედა პალეოლითში ცხოვრობდა.

ქვის ხანა საქართველოში - გვიანი (ზედა) პალეოლითი

ზედა პალეოლითი ანუ ძველი ქვის ხანის გვიანი საფეხური კაცობრიობის წარსული ცხოვრების უაღრესად შინაარსიანი და საინტერესო ფურცელია. იგი არ არის დაწერილი იოლად საკითხავი ანალებით, მაგრამ მეცნიერებისათვის მაინც შევსებულია ადამიანის მიერ ბუნების ძალთა დამორჩილების, საკუთარი თავისა და თავისი სოციალური ორგანიზაციის სრულყოფისათვის ბრძოლის სურათებით. ამ დროის ადამიანი უფრო ფართოდ არის განსახლებული დედამიწის ზურგზე, ვიდრე ქვედა პალეოლითში. აფრევრაზიის შემდეგ იგი მეოთხე მატერიკზე, ამერიკაშიც გადასულა. თუ ადრე ნეანდერტალელთა ნაბინარებს ევრაზიის სამხრეთ და ცენტრალურ რაიონებში ვხვდებოდით, ახლა კრომანიონელებს ამ მატერიკების ჩრდილოეთი ნაწილიც84 დაუსახლებიათ და ეპოქის ბოლოს თვით არქტიკამდეც კი მიუღწევიათ85. ევრაზიის მიწა–წყალზე დღეისათვის გვიანპალეოლითელი ადამიანის 750–ზე მეტი ძეგლია ცნობილი. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 50-ზე მეტი ძეგლი მოდის. თუ საბჭოთა კავშირში ცნობილ ქვედაპალეოლითურ ძეგლთაგან საქართველოზე თთითქმის 2/3 (64%) მოდიოდა, ზედაპალეოლითური ძეგლების მხრივ ასეთი შეფარდება საქარველოსათვის ცოტათი აჭარბებს 1/7 (14%). ეს იმას ნიშნავს, რომ ზედა ანთროპოგენში ყინვარების საგრძნობლად უკან დახევის შედეგად, განთავისუფლებული დიდი ტერიტორია ზედაპალეოლითელს საკმაოდ სწრაფად აუთვისებია. ამ დროის ადამიანის საწარმოო საშუალებათა მარაგი, კერძოდ, იარაღხელსაწყოთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. იგი იწყებს თავის საწარმოო საშუალებათა წარმოებას, ე.ი. იგონებს და სრულყოფს იარაღებს საწარმოო დანიშნულების იარაღების საწარმოებლად. ეძიებს, პოულობს და ამრავალფეროვნებს საშუალებებს საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, ყოფის გასაუმჯობესებლად; წინ ეღობება ბუნების სტიქიურ ძალებს: სიცხეს, სიცივეს, უამინდობას; იკერავს ტყავის ტანსაცმელს; აწყობს და აუმჯობესებს ბუნებრივ თავშესაფარს (მღვიმეს), ხოლო სადაც ეს არ არის, ველ – მინდორში იშენებს ბინას (მიწურს, კარავს). ინსტიქტურად ებრძვის ახლო ნათესავთა შორის სისხლის აღრევას, რაც იწვევს ექსოგამური ქორწინების განმტკიცებას გვარსა და თემში; საკვების მენიუს გამრავალფეროვნების შესაბამისად აღვირს დებს კანიბალისტურ მისწრაფებას; მაღლდება ზნეობრივად, ზრუნავს მიცვალებულზე (როგორც წესი, კრძალავს მას); უჩნდება წარმოდგენა სულებით დასახლებულ იმიერ სამყაროზე (ანიმიზმი); აღმერთებს მოვლენას, საგანს (ფეტიშიზმი); შრომის წარმატებითი შედეგის მისაღწევად მიმართავს მაგიას; ქმნის მითებს, აღიარებს კულტს, მაშასადამე, ეზიარება რელიგიას. ბოლოს, ამ გონიერ ადამიანს უჩნდება ესთეტიკური მოთხოვნილებანიც (უმთავრესად საწარმოო ყოფიდან გამომდინარე), ცდილობს მათ დაკმაყოფილებას შინაგანი მოწოდების გამომჟღავნების გზით და ეუფლება გრაფიკას, ქანდაკებას, ფერწერას. საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ამ მხარის გაშუქება მარტო ერთი ქვეყნის არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული და სხვ. მასალების მოშველიებით, რაგინდ ბევრი და მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს, ვერ მოხერხდება. იგივე ითქმის ჩვენი ქვეყნის მიმართაც. მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვის ხანის ისტორიის შესწავლას დიდი ყურადღება დაეთმო ჩვენში (განსაკუთრებით, რევოლუციის შემდეგ), ზემოაღნიშნული საკითხების შესასწავლად ბევრი საინტერესო მასალა დაგროვდა, ბევრი საყურადღებო ფაქტი დადგინდა, მრავალი საკითხი ახლებურად გადაიჭრა და საბოლოდ, ამ შორეული წარსულის ადამიანთა საზოგადოების შესახებ მეტ–ნაკლებად მწყობრი და დასაბუთებული წარმოდგენა შემუშავდა86. ზედაპალეოლითელი ადამიანის ნაბინარები მიკვლეულია საქართველოს შავიზღვისპირეთში, ცხენისწყალ–რიონ–ყვირილას უზში, კავკასიონის მთისწინეთსა და შუამთიანეთში, აგრეთვე ანტიკავკასიონის მთისწინეთში, უმთავრესად მდ.მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ისტორიული ქვემო ქართლის ფარგლებში. თავისი ხასიათის მიხედვით ეს ნაბინარები ორ ჯგუფად იყოფა: მღვიმური და ღია. პირველნი უმთავრესად კირქვის გავრცელების რაიონშია გამოვლენილი (25 ნასადგომევი), მეორენი კი – ზღვიურ და მდინარეულ ტერასებზე, ღია ცისქვეშ (28 ნაბინარი). მღვიმურ ნასადგომევში ადამიანის ცხოვრების კვალი, ცხადია, უკეთ არის დაცული, მაშინ, როდესაც მეორე შემთხვევაში ამგვარი კვალის დადასტურება, ნიადაგის გადარეცხილობის გამო, საკმაოდ გაძნელებულია. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამ დროის ნაბინარები ზღვის დონიდან 800–1000 მეტრს ზემოთ აღარ გვხვდება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თითქმის მთელი ზედა პალეოლითის განმავლობაში ხსენებულ ნიშნულზე უფრო მაღლა საგრძნობი უნდა ყოფილიყო ვიურმის გაყინვარებით გამოწვეული აცივება, რის გამოც ადამიანს ასეთ სიმაღლეთა გარემოში ხანგრძლივად ცხოვრება არ შეეძლო. იგი უმთავრესად მთისწინეთსა და დაბლობ ადგილებში ცხოვრობდა, ხოლო შუა და მაღალმთიანეთში ნადირობისას და ტყის მცენარეული ნაყოფის შეგროვებასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. ჩვენი შორეული წინაპრების ცხოვრება ზედა პალეოლითში (თუ მეტი არა, 35000 წლის განმავლობაში მაინც) მეტად თავისებურ პირობებში მიმდინარეობდა, რამაც კულტურის განვითარების თავისებური გზა და ხასიათი განაპირობა. საქართველოს ზედა პალეოლითური კულტურის სინქრონული კულტურები, ცხადია, სხვაგანაც განვითარდა, მაგრამ ყველა მათ, განსაკუთრებული ფიზიკურ – გეოგრაფიული გარემოსა და შექმნილი კულტურულ -ისტორიული ვითარებისდა შესაბამისად, თავისებური იერსახე მიეცათ. მაგალითად, ერთია დასავლეთ ევროპის კლასიკური ზედაპალეოლითური კულტურული გარემო, განვითარების მეტ – ნაკლებად უწყვეტი ძაფით წარმოდგენილი პერიოდის დასაწყისიდან მის დასასრულამდე (ორინიაკი ან პერიგორდი – სოლუტრე – მადლენი –აზილ – ტარდენუა) და მეორეა ყინვარეთისპირა (პერიგლაციალური) ქვეყნების, კერძოდ, შუა და აღმოსავლეთი ევროპის ვრცელ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული კულტურა, სადაც თანადროული ორინიაკის კულტურის გვერდით გვაქვს მუსტიედან უშუალოდ განვითარებული სელეტი (შუაევროპაში), მაგრამ არა გვაქვს ამათი მომდევნო ნამდვილი ფრანგული სოლუტრე. სხვაგან კი (მაგალითად, შუა რუსეთის დაბლობზე) თითქოს პირიქით მოხდა: სოლუტრეს კულტურისათვის დამახასიათებელი ძეგლები, რომლებიც ორინიაკს უნდა მოჰყოლოდა, ამ უკანასკნელზე უფრო ადრე გამოჩნდა. სულ სხვა რამ მოხდა ჩრდილოეთ აფრიკის კულტურულ გარემოში. მუსტიეს შემდეგ აქ ე.წ.

კაპსიური კულტურა წარმოიშვა, რომლისთვისაც უმთავრესად ქვის დამუშავების მიკროლითური ტექნიკა იყო დამახასიათებელი და ამგვარად, დასავლეთევროპული ორინიაკი, სოლუტრე და მადლენი განვითარების ჯაჭვიდან სულ ამოვარდა. გარდა ამისა, ახალი კაპსიური კულტურა მხოლოდ სირია-პალესტინის ნატუფიური კულტურის მსგავსი იყო. ჩრდილოეთი მეზობელი ტერიტორიების (ჩრდილო კავკასიის ტრამალების, აზოვისპირეთისა და უკრაინის სტეპების) კულტურა უმთავრესად მაინც პერიგლატიალური რეგიონის კულტურა იყო, თუმცა ამავე დროს კავკასიური კულტურული ნაკადებიდანაც საკმაოდ დამოკიდებული რჩებოდა. რაც შეეხება კავკასიის, ნამეტნავად ამიერკავკასიის ზედა პალეოლითის, მისი ორინიაკი ევროპულისას მთლიანად არ იმეორებს, ხოლო არც სელეტური, არც სოლიუტრეული და არც მადლენური კულტურები კავკასიაში დადგენილი არ არის. თუმცა, დასავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ზედაპალეოლითური ხელსაწყო–იარაღების ასორტიმენტსა და ქვის დამუშავების ტექნიკაში ბევრი საერთო რამ შეიძლება მოინახოს. ასევე აქაური კულტურა არ მისდევს ზედაპალეოლითური კულტურის განვითარების კაპსიურ ვარიანტს. მაგრამ ერთგვარი მსგავსება მათ შორის მაინც შეინიშნება, კერძოდ, მიკროლითური იარაღების ადრე გამოჩენისა და მათი შემდგომი განვითარების მიმართულებით. როგორც უცხოელი ავტორები აღნიშნავენ, კავკასიის ზედა პალეოლითი ყველაზე მეტ სიახლოვეს მაინც მახლობელი აღმოსავლეთის (ერაყი, სირია–პალესტინა) სინქრონულ კულტურებთან იჩენს. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ამ მხრივ ერაყისა და ამიერკავკასიის კულტურათა მსგავსებას87 და ეყრდნობიან “ორინიაკის მსგავსი” ან “ორინიაკოიდული” ელემენტების ანალოგიებს ერაყის და დას.საქართველოს ზედაპალეოლითურ ძეგლებში. თუმცა სრული ანალოგიის გატარება მაინც არ არის შესაძლებელი. პროფ. გ.ნიორაძე, რომელსაც ეკუთვნის ზედაპალეოლითური ნაბინარის პირველი მეცნიერული გათხრა და მონოგრაფიული შესწავლა საქართველოში, სწორედ ასეთი ვითარების გამო აღნიშნავდა 1933 წელს: “...ჯერჯერობით სრულიად გარკვეულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მიერ დევისხვრელში აღმოჩენილი კოლექცია ეკუთვნის ახალ პალეოლითს და რომ ის წარმოადგენს თავისებურ რეგიონალურ ფატიას (ხაზი ჩვენია – ა.კ.), რომელსაც მოეპოვება პარალელები კარგად განვითარებულ ზემო ორინიაკის და ძველი კაპსიის კულტურასთან”88. რაკი სხვადასხვა კუთხის ზედაპალეოლითური კულტურები ერთმანეთს არ იმეორებს და მათი განვითარების გზები ფრანგული ზედა პალეოლითის განვითარების სქემას (ორინიაკი – სოლუტრე – მადლენი – აზილ – ტარდენუა) ზუსტად არ მოერგო, მეცნიერების წანაშე ცალკეული რეგიონებისათვის საკუთარი, დამოუკიდებელი კულტურულ–ქრონოლოგიური სქემის შემუშავების საჭიროება დადგა. გ.ნიორაძის შემდეგ, 1935 წელს, საქართველოსა და ამიეკავკასიის ზედა პალეოლითს შეეხო ს.ზამიატნინი. მაშინდელი, ჯერ კიდევ მცირე მასალების გამოყენებით იგი შეეცადა ერთგვარი კანონზომიერება დაედგინა ხსენებული რაიონის ზედაპალოლითური კულტურის განვითარებაში. ამასთანავე, სტრატიგრაფიულად დოკუმენტირებული მასალების თითქმის უქონლობის გამო, იგი უმთავრესად კაჟის ინვენტარს ეყრდნობოდა და აღმავალი საფეხურების გამოყოფას ქვის დამუშავებაში შენიშნული პროგრესული ელემენტების გამოვლინებით ცდილობდა. ს.ზამიატნინმა საქართველოს ზედაპალეოლითური ძეგლები (იმჯერადაც უმთავრესად იმერეთის მღვიმური ნაბინარებით წარმოდგენილი) სამ ასაკობრივ ჯგუფად დაყო. ადრეულ ჯგუფში შეიტანა ხერგულის კლდისა და თარო კლდის მღვიმური ნაბინარები; შუა ჯგუფში გააერთიანა საკაჟიას, უვაროვის სახელობის, მღვიმევის, ბნელი კლდისა და დევისხვრელის ნაბინარები, ხოლო გვიანი ჯგუფი, რომელიც ადრე გვარჯილას კლდით იყო წარმოდგენილი, 1957 წელს ეძანით (ბარმაქსიზი) და ზურტაკეტით შეავსო89. დას. საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურის საფეხურებად დაყოფის ზამიატნინისეულ სქემაში, ახალი მასალების გათვალისწინების საფუძველზე, ნ.ზ.ბერძენიშვილმა გარკვეული შესწორება შეიტანა. ადრეულ ჯგუფს (რომელსაც მან ზედა პალეოლითის ადრეული საფეხური უწოდა) მიაწერა იაშთხვა და საგვარჯილე (უძველესი ფენა), აგრეთვე დევისხვრელი (რომელიც ზამიატნინს შუა ჯგუფში ჰქონდა მოთავსებული), ხოლო გვარჯილას კლდის ნამოსახლარი ამოიღო ზამიატნინის “გვიანი ჯგუფიდან” და “განვითარებული საფეხურის” ძეგლად მიიჩნია. “გვიანი საფეხურის” ძეგლებში ნ.ბერძენიშვილს გაერთიანებული აქვს ეძანის (ბარმაქსიზის) ეხი, ოდიში, ჯერმუხი და ზურტაკეტი90. დ.თუშაბრამიშვილი ძირითადად იზიარებს ს.ზამიატნინის ქრონოლოგიურ სქემას იმ შესწორებით, რომ გვარჯილას კლდის ნამოსახლარი შუა ჯგუფიდან გვიან ჯგუფზე გარდამავალ ძეგლად მიაჩნია, ხოლო “გვიანი ჯგუფის” ძეგლებს, თანახმად ნ.ბერძენიშვილისა, უმატებს ჯერმუხს, აგრეთვე ქვედსა და წონას91. ამჟამად, თუ შევაჯამებთ ამ საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებს, საქართველოს ზედა პალეოლითი შეიძლება დახასიათდეს შემდეგნაირად დალაგებული ძეგლების განხილვით:

ადრეული საფეხური
ხერგულის კლდე
თარო კლდე
საგვარჯილე I
სვანთა სავანე და სხვ.
განვითარებული საფეხური
საგვარჯილე II
საკაჟია
მღვიმევი
დევისხვრელი
ბნელი კლდე
სამერცხლე კლდე და სხვ.
გვიანი საფეხური
გვარჯილას კლდე
საგვარჯილე III
ჭახათი II
ქვაჭარა II
წონა
ეძანი
ზურტაკეტი და სხვ.
ხერგულის კლდე სოფ.ვაჭევთან (ჭიათურის რ-ნი) მღვიმური ნასადგომევია. იგი მიკვლეულ და ნაწილობრივ გათხრილ იქნა 1917 წ. სტ.კრუკოვსკის მიერ. ფენაში აღმოჩენილი კაჟის ინვენტარი ზედაპალეოლითურ მასალასთან შედარებით არქაულ იერს ატარებს. კოლექციაში წინამავალი ხანის, მუსტიესათვის დამახასიათებელი იარაღები: წვეტანები და სახოკები ფართო, ტლანქ ანატკეც–ანამტვრევებზეა ჩამოყალიბებული. დამახასიათებელია აგრეთვე მცირე ზომის ორმხრივ დამუშავებული იარაღები, დისკოსებური ნუკლეუსი, სამკუთხა ლევალუაური ანატკეცები და სხვ. უფრო მეტია ზედაპალეოლითური იარაღები: სხვადასხვა ტიპის მასიური საფხეკები, მრავალწახნაგა საჭრისები და სხვ. საფხეკებს შორის გამოირჩევა გულგულის მაგვარნი (ნუკლეუს–საფხეკები). დაახლოებით ასეთივე სურათს იძლევა თარო კლდეში (სოფ.შუქრუთში, ჭიათურის რ-ნი) მოპოვებული მასალები. ორმხრივ დამუშავებული ხელცულის მსგავს იარაღებთან, სამკუთხა წვეტანებთან, მსხვილ ფირფიტოვან დანებთან ერთად აქ ბლომადაა თითქმის ყველა სახე ზედაპალეოლითური იარაღისა, რაც კი მომდევნო ქრონოლოგიურ ჯგუფში გვხვდება. თავისი “ორინიაკოიდული” ნიშნებით ეს მღვიმური ნაბინარი ხერგულის კლდეზე უფრო ახალგაზრდად მოჩანს. ქვედადან ზედა პალეოლითზე გარდამავალი ხანის ნავსადგომევის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს საგვარჯილეს ეხი (სოფ.ძევრთან, თერჯოლის რ-ნი). იგი გათხარა ნ.ბერძენიშვილმა 1952 წ. ზედა ფენებში გვიანი კულტურები იყო წარმოდგენილი, სულ ქვემოთ კი 5 პალეოლითური ფენა გამოვლინდა. მათ შორის უძველესია მეხუთე ფენა, რომელიც შეიცავს ჩინებულ ნახელავ კაჟის წვეტანებს, დამახასიათებელი დარტყმის სიბრტყითა და ბორცვით. ამ ფენის მასალაში იარაღთა დიფერენცირებული ტიპები ნაკლებად შეინიშნება. უკეთეს შემთხვევაში კაჟის ანატკეც-ანამტვრევებს წვერი ან გვერდი რეტუშირებული (დამუშავებული)92 აქვს. ქვის დამუშავება ლევალუა-მუსტიეს ტექნიკურ ტრადიციებს ინარჩუნებს, მაგრამ აქვე მოპოვებული საფხეკები, უხეში საჭრისები, მოგრძო, გვერდდაბლაგვებული ფირფიტები და ბევრი სხვა “ორინიაკოიდული” სახის იარაღები ზედაპალეოლითური კულტურის დასაწყისს მოასწავებს. იარაღთა უფრო სრულყოფილი სახეებით წამოდგენილი ამ კულტურის ელემენტები, საგვარჯილეს IV-II პალეოლითური ფენებისათვის არის დამახასიათებელი.

სვანთა სავანე (სოხუმის რ-ნი ამტყელისა და ჯამპალის შესაყარში) გაითხარა 1963–1965 წწ. (ნ.ბერძენიშვილი, გ. გრიგოლია), მდინარის ზედაპირიდან 30 მ–ის სიმაღლეზეა. მღვიმის ფენათა შორის ძირითადია მე–4, პალეოლითური. დამახასიათებელია ორი ტიპის ნუკლეუსები (გულგულები): დისკოსებური (მუსტიეური) და მოგრძო პრიზმისებური (ზედაპალეოლითური). იარაღთა დიდი ნაწილი დისკოსებური ნუკლეუსებიდან აღებულ ანატკეცებზეა ჩამოყალიბებული. საჭრისების თითქმის 80% მუსტიეური ტიპის ანატკეც–ანამტვრევებზე არის გაფორმებული, დანარჩენი ტიპიური ზედაპალეოლითურია. ასეთივე სურათია საფხეკების მხრივაც. აქ აღმოჩენილი კაჟის ფოთლისებური და ირგვლივრეტუშიანი მსხვილი დანები ზედა პალეოლითის საწყისი პერიოდის სახელმძღვანელო იარაღებად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ უფრო მრავალრიცხოვანია ზედაპალეოლითური კაჟის ინვენტარი (სახვრეტები, დაკბილული იარაღები, გრავეტის ტიპის ორი და ცალგვერდრეტუშიანი დანები და სხვადასხვა მიკრო იარაღები). დამახასიათებელია, რომ მუსტიეური იერის იარაღები მონაცრისფრო და შედარებით უხარისხო კაჟიდან არის დამზადებული, ხოლო ზედა პალეოლითური იარაღების უმრავლესობის დასამზადებლად კარგი ხარისხის მოვარდისფრო კაჟი არის გამოყენებული. მასალებზე დაკვირვება ააშკარავებს, რომ აქ ქვის დამუშავების ტექნიკაში ორგანულად შერწყმულა მუსტიეური და ზედაპალეოლითური წესები, მაგრამ ისე, რომ პირველი დაქვემდებარებული აქვს მეორეს. ამგვარად, ეს ძეგლი ჩვენი ქვეყნის ადრეული და გვიანდელი პალეოლითის მჭიდრო კავშირის მოწმეა93. ამ დროის ნაბინართა რიცხვი, რა თქმა უნდა, აქ ჩამოთვლილით არ განისაზღვრება. მათი დიდი რაოდენობა, საფიქრებელია, მღვიმეებში ადამიანის მრავალგზის დასადგურების გამო უკვალოდ გაქრა, ბევრი ალბათ დენუდაციამ, ეროზიამ მოსპო, ბევრი კიდევ გამომზეურებასა და შესწავლას მოელის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დროისათვის ადამიანი მეტ–ნაკლებად ზომიერი, დღევანდელთან შედარებით ცოტა უფრო ცივი ჰავის პირობებში ცხოვრობდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ხნოვანების ასეულობით ნაბინარი ჯერ კიდევ თვალს არის მიფარებული. ამ პერიოდში ცხოვრებისათვის ხელსაყრელ პირობათა შორის უნდა დასახელდეს ფაუნისტური მონაცემები. ამის მიხედვით პალეოზოოლოგები აღადგენენ ხოლმე ცხოველთა იმ სახეებს, რომელებიც ქვის ხანის ადამიანის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგის, მონადირეობის, საგანი იყო. ასეთ ცხოველთაგან აღნიშნულ მღვიმეებსა და ზოგ სხვა თანადროულ ნამოსახლართა კულტურულ ფენებში აღმოჩენილი და განსაზღვრულია: გარეული ცხენი, ნამარხი ხარი, გარეული თხა, გარეული ღორი, მღვიმის დათვი, დომბა, კავკასიური ჯიხვი, ჯიქი, მგელი, მელა, მაჩვი, თახვი და სხვ. როგორც ქვემოთ ვნახავთ ანთროპოგენის ცხოველთა სახეებით გაცილებით მდიდარია ზედა პალეოლითის განვითარებული და გვიანი საფეხურების მღვიმური ნაბინარები, რაც მოსახლეობის ზრდასთან ერთად მონადრეობის ჩვევა–ხერხების გამდიდრებასა და თვით მონადირეთა გაწაფვა–დახელოვნებას გვაგულისხმებინებს. ზედა პალეოლითის განვითარებული საფეხურის ძეგლთან პირველ რიგში უნდა მოვიხსენიოთ ნასადგომევი საკაჟიას მღვიმეში (წყალწითელას ხეობა, ქუთაისის რ–ნი). ეს იყო კავკასიაში პირველი ზედაპალეოლითური ძეგლი, რომელსაც გათხრები ჯერ კიდევ რევოლუციამდელ ხანაში შეეხო (1914 წ). მისი მეცნიერული გათხრა დაასრულა პროფ. გ.ნიორაძემ 1936 წელს. იგი ერთფეროვანი ძეგლია. აქ აღმოჩენილი დიდძალი ქვის ნაკეთობანი წარმოგვიდგენს ზედაპალეოლითელი ადამიანის საკმაოდ მდიდარ არსენალს. მასში შემავალი საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, დანები, მიკრო იარაღები და სხვ. ათეულობით ტიპებსა და ქვეტიპებს მოითვლის. ადრეული საფეხურიდან ნაანდერძევი “ორინიაკოიდული” ნიშან– თვისებანი აქ სრულყოფილად არის გამომჟღავნებული. ქვის იარაღის დამუშავება, გულგულისათვის ბუნებრივი კაჭრის მომზადებიდან დაწყებული და ნამზადის ფაქიზი, წვრილი რეტუშით დამთავრებული, ფრიად მაღალ დონეს აღწევს. გულგულაზე მეთოდური დარტყმა, წინასწარ გამიზნული ფორმა მოყვანილობისა და ზომის ნამზადის ატკეცა, ისევე როგორც მიღებული ანატკეცის, ფირფიტა ლამელის მაღალი, ციცაბო ან დაბალი, მცოცავი, თანამიმდევრული გამაფხიანებელი ან დამაჩლუნგებელი რეტუშით დამუშავება ამ დარგში საკაჟიელი ადამიანის მაღალ ხელოვნებაზე მეტყველებს. საკაჟიამ მოგვცა პირველი, ყუნწგამოყვანილი ისრისპირი კაჟისა, რაც მშვილდ ისრის გამოგონება- გამოყენებას მეზოლითამდელი ხანისათვის გვავარაუდებინებს94. ბლომადაა წარმოდგენილი საკაჟიაში ცხოველის ძვლისა და რქისაგან დამზადებული ნაკეთობანი: ხელშუბისპირები, სადგისები, წალკატის მაგვარი იარაღები და სხვ. ასეთ იარაღს საკაჟიელი ალბათ ხშირად მიმართავდა საკვები მცენარეულობის (ძირხვენების, ბოლქვების) ამოსაჩიჩქნად და შესაგროვებლად. აქვე აღმოჩნდა ადამიანის კეჩხოს (თავისქალას) ფრაგმენტები, რომელთა აღდგენამ გამოავლინა დოლიხოცეფალური ტიპი95. საკაჟიას ძველ კოლექციაში აღმოჩნდა აგრეთვე ლულოვანი ძვლის ფრაგმენტი, რომელზედაც ოქროს საღებავით(?) გამოსახულია რკალი, ხოლო შიგნით ორი პარალელური ხაზი მესამით განივადაა გადაკვეთილი. თუ გავიხსენებთ, რომ საკაჟიაში მოწითალო ოქროს გორახებიცაა ნაპოვნი, ამ საღებავი მასალის გამოყენების ვარაუდი დამაჯერებელი უნდა იყოს96. მსგავსი მასალები აქვს მოპოვებული აგრეთვე ნ.ბერძენიშვილს 1941 წ. მღვიმევის ეხში (ჭიათურის რ-ნი, მდ.ყვირილას მარჯვენა ნაპირზე). აქ მოპოვებული კაჟის ინვენტარი სრულ წარმოდგენას გვაძლევს ქვის დამუშავების ერთიან პროცესზე. აქ სჭარბობს ლამელარული ტექნიკა. ცხადია, იარაღებიც უმთავრესად სხვადასხვა ზომისა და ტიპის ლამელებზეა ჩამოყალიბებული. საიარაღე მასალად გამოყენებულია ობსიდიანიც. თვალში საცემია საჭრისთა სერიულობა და მრავალტიპიანობა, რაც მათი დანიშნულების მრავალგვარობაზე მიგვითითებს. დიდი რაოდენობით გვხვდება გრავეტის ტიპის დანები, მიკრო იარაღები და სხვ. ამასთან ძვლის ხელშუბისპირები, ჩვეულებრივი და ორწვეტა სადგისები, მრავალწახნაგა სადგის–სახვრეტები, ნემსისებური იარაღები. მათი დამუშავება მღვიმელი ადამიანის ამ საქმიანობაში კარგ გაწაფულობას მოწმობს97. ზოგ მათგანზე შენიშნული ხაზოვანი სამკაული იმდროინდელი ადამიანის ესთეტიკური გემოვნების მაჩვენებელია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მღვიმევის ერთ-ერთი ეხის კედელზე, ეხში მცხოვრები ადამიანის მიერ რაღაც წვეტიანი იარაღით გრაფიკულად გამოსახული ურთიერთმკვეთი ღარები სამი ათეული წლის წინათ იყო შენიშნული98. ამავე საფეხურს მიეკუთვნება დევისხვრელის ნამოსახლარ მღვიმეში (ხარაგოულის რ-ნი) აღმოჩენილი დიდძალი პალეოლითური ნაშთები. ეს არის კავკასიაში, პირველად რევოლუციის შემდეგ (1926–1930), მეცნიერულად გათხრილი, შესწავლილი და გამოქვეყნებული (1933 წ.) ნაბინარი. ესეც ქართული არქეოლოგიის დიდი მოჭირნახულის გ.ნიორაძის მიერ შესწავლილი ძეგლია. ჩვენთვის ცნობილ იარაღთა ტიპები და მათი დამუშავების ხერხები საკმაოდ დახვეწილია. განსაკუთრებით ბევრია ორმაგი (დუბლირებული) და კომბინირებული იარაღები. კომბინირებული იარაღი სხვადასხვა ფუნქუციის იარაღთა კომბინაციას გულისხმობს. მაგალითად, საფხეკ–საჭრისი, საფხეკ- სახვრეტი, საჭრის-სახვრეტი, საფხეკ-წვეტანა და სხვ. კოლექციაში არის შატელპერონის ტიპის დანები თუ წვეტიანი იარაღები. იგი გრძელი, ფართო ფირფიტაა, რომელსაც ცალი მორკალული ნაპირი მთელ სიგრძეზე აქვს რეტუშირებული და უფრო დანის ფუნქცია უნდა ჰქონოდა დაკისრებული. მონაპოვარში გამოირჩევა გრავეტული დანები ანუ შედარებით ვიწრო, მაგრამ სწორი, ორფერდა ცალ ან უფრო ხშირად ორთავგვერდრეტუშიანი ლამელები, რომლებიც ზომებით შატელპერონულს საგრძნობლად ჩამორჩება და დამახასიათებელია უმთავრესად ზედა პალეოლითის მეორე ნახევრის ქვის ინდუსტრიისათვის. ხშირია თავირიბრეტუშიანი ხიწვიანი საჭრისები. ბლომად არის აგრეთვე ნავისებური, მაღალი ტიპისა და ნუკლეუსისმაგვარი საფხეკები99. აქვეა მარაოს მოყვანილობისა და მრგვალი, მოკლე, ფართო ანატკეცებზე ჩამოყალიბებული საფხეკები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რგანის ტიპის დანები, რომლებიც ადრე დაუმთავრებელ ისრისპირებად მიაჩნდათ. დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი წნევითი ტექნიკით დამუშავებული მიკროლითები, რომლებიც ზოგი დანის, ზოგი ისრისპირის, ზოგიც სხვა რთული იარაღის ჩასართის დანიშნულებას ასრულებდა. აღმოჩენილია ძვლის იარაღი და იარაღის დასამზადებელი ხელსაწყო-ინსტრუმენტებიც: გრდემლი, ხელჩაქუჩი, ძვლის კომპრესორი (წნევის გზით ნაზი რეტუშის მისაღებად) და სხვა მრავალი. დევისხვრელიც ტიპიური “ორინიაკოიდული” ძეგლია. დევისხვრელში იმდროინდელი (კრომანიონელი, გონიერი) ადამიანის ქვედა ყბის ნაწილიც აღმოჩნდა. ცხოველთა ზემომოტანილ სიას აქ განხილული პერიოდისათვის უნდა დაემატოს კეთილშობილი ირემი, ცხენირემი, არჩვი, მურა დათვი, ფოცხვერი, კვერნა, მგელი, მაჩვზღარბი და სხვ100. ზედა პალეოლითის გვიანი საფეხურის ძეგლებიდან ცნობილია გვარჯილას კლდის ნაბინარი, საგვარჯილე (მეზოლითური ფენა), ჭახათი II, წონასა და ქვედის მღვიმეები (ყველა რიონ-ყვირილას აუზში), ქვაჭარის, იაშთხვას, ხოლოდნი გროტისა და კეპ-ბოღაზის ნაბინარები (აფხაზეთი), ეძანი და ზურტაკეტი (სამხრეთ საქართველოში) და სხვ. ამათ შორის ყველაზე ადრეული, ადრეც (1916 წ.) მიკვლეული, მრავალრიცხოვანი და სახელმძღვანელო ფორმების შემცვლელია გვარჯილას კლდე (ჭიათურის რ-ნი), რომელიც ეტალონური ძეგლია ჰოლოცენამდელი მეზოლითური ნამოსახლარებისათვის. იგი თავიდანვე შევიდა სპეციალურ ლიტერატურაში როგორც ფინალური პალეოლითისათვის დამახასიათებელი ადგილსაპოვნელი. აქ მოპოვებული კაჟის ინვენტარი განვითარებული საფეხურის ძეგლებთან შედარებით მსგვასებასთან ერთად, საგრძნობ სხვაობას გვაძლევს. იცვლება ნამზადის ხასიათი. დანისებური ლამელები უფრო ვიწრო და მოგრძო პროპორციებისაა, ვიდრე საკაჟიასა და დევისხვრელში. ამასთანავე, მათი ზურგის პარალელური წიბოები მთელ სიგრძეზე გასდევს ნამზადს. ამათ კარგად შეესატყვისება პრიზმული და კონუსისებური ნუკლეუსები. მრავალრიცხოვანია საფხეკები, რომლებიც 14 ჯგუფშია გაერთინებული. მათ შორისაა მომრგვალებული და მიკროსაფხეკებიც. ორინიაკული საფხეკები ერთეულებითაა წარმოდეგენილი. ყველაზე დიდ ჯგუფს ცალგვერდრეტუშიანი ან თავგვერდრეტუშიანი ზურგდაბლაგვებული ლამელები შეადგენს. მიკროლითებში სჭარბობს წაგრძელებული სეგმენტისებური ჩასართები, ასიმეტრიული მოყვანილობის სამკუთხა ლამელები, რომელთაც ცალი გვერდი და ფუძე დაბლაგვებული აქვთ. აქვეა ადრე ისრისპირებად მიჩნეული “რგანის ტიპის დანები”. კლებულობს საჭრისების რაოდენობაც. განსაკუთრებით მცირეა მრავალწახნაგა საჭრისების რიცხვი. განვითარებული საფეხურის ძეგლებიდან მომდინარეობს და აქაც ხშირია პატარა სათლელები, უფრო სწორად, ხოწები, რომელბიც ჩვეულებრივ თხელ ანატკეცებსა და ლამელებზეა ჩამოყალიბებული. ფრიად მაღალ დონეზე დგას ძვლის დამუშავების საქმე. ძვლის ხელშუბისპირები, ისრისპირები, სადგისები, სახვრეტები, გახვრეტილყუნწიანი ნემს-მახათები და სხვ. ათეულობით დაითვლება. ფართოდ არის წარმოდგენილი იარაღის სამზადი ინსტრუმენტები: გრდემლები, ხელჩაქუჩები, რეტუშორები, საპრიალებლები და სხვ. ძვლის პირველი ჭვილთი (მეზოლითური ტიპისა) ისევე როგორც “მეთაურის კვერთხი” სწორედ აქ არის აღმოჩენილი. ამასთანავე ეს ნივთი ორთავ ზედაპირზე 7-7 პარალელური ხაზითაა შემკული. მღვიმის მთელი ავლა-დიდების გათვალისწინება გვარწმუნებს იმაში, რომ აქ მოსახლე ადამიანი ქვისა და ძვლის დამუშავების სრულყოფილ კულტურას ფლობდა101. გვიანი პალეოლითის ბოლო საფეხურზე განვითარებული მეზოლითური კულტურა კარგად შეიძლება დახასიათდეს ჭახათის ეხში მოპოვებული მასალებით. ჭახათის ეხი დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა პირველყოფილ ადამიანს როგორც საიმედო სადგომი, ჯერ მუსტიეს ხანაში და ახლა კიდევ ეპიპალეოლითში. ამის საბუთია არა მარტო უხვი, ძვლოვანი მასალა (ნანადირევ ცხოველთა დამტვრეული ძვლები), არამედ კერის ნაშთებიც102, რომელთა მიკვლევა და გამოცნობა ასეთი შორეული წარსულის ნასადგომევში ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ანალოგიურ ვითარებაშია მოპოვებული ეპიპალეოლითური ძეგლები ქვაჭარის მღვიმეშიც (წებელდის მახლობლად, სოხუმის რ-ნი). აქ გამოვლენილია 5 კულტურული ფენა, რომელთაგან ზედა ოთხი მეზოლითს ეკუთვნის, ხოლო ქვედა (მეხუთე) მუსტიეს დროისა უნდა იყოს103. ამ დროის კაჟის ინვენტარში გამოირჩევა ლევალუაურ ანატკეცზე ჩამოყალიბებული კარგი ხელობის წვეტანები. მაგრამ ისინი ძალიან ცოტაა, რის გამოც მკვლევარნი მართებულად ვარაუდობენ მღვიმის პირველი მობინადრის, მუსტიელი ადამიანის, კულტურული ნაშთების გამორეცხვას. ამგვარად, ძირითადია მეზოლითური ფენის მასალები. ამათგან აღსანიშნავია პაწია, ორფერდა, ლამელის ბოლოზე გაფორმებული საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, ისრისპირები, გრავეტული დანები და სხვ.

უხვად გვხვდება ზურგდაბლაგვებული ლამელები. საერთოდ, გაბატონებულია მიკროლითური ტექნიკა. გეომეტრიული მოხაზულობის იარაღები ცოტა: სულ რამდენიმე სეგმენტისნაირი და ატიპიური სამკუთხედისებრი ჩასართია აღმოჩენილი. მაგრამ აქ მოპოვებულ მიკროლამელთა უმრავლესობაც, უნდა ვიფიქროთ, რთული იარაღების (შუბის, ხელშუბის, ისრის და სხვ.) აღსაკაზმავად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ქვაჭარაში ქვის იარაღთან ერთად ძვლის იარაღი და შინამოხმარების საგანიც საკმაოდ არის წარმოდგენილი. საყურადღებოა კერების აღმოჩენის ფაქტი. სულ სამი კერა იყო მიგნებული. კერების სიმრავლე მობინადრეთა მრავალრიცხოვნობაზე უნდა მიგვითითებდეს104. საჭიროა აღინიშნოს, რომ ქვაჭარამ შემოგვინახა ამ მობინადრეთაგან ორი ადამიანის კარგად დაცული ქვედა ყბის ძვალი. ქვაჭარის ცხოველთა ნაშთებს შორის, რაც მუფლონის, გარეული თხის, კეთილშობილი ირმის, ჯიხვის, შველის ლეოპარდის, ვეფხვის, მგლის, მელას, მურა და მღვიმის დათვის ძვლებით არის წარმოდგენილი, ყურადღებას იპყრობს მღვიმის დათვის დიდხანს შემორჩენა ხსენებულ სადგომსა და, საერთოდ, დას. საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიულ გარემოში.105 ეპიპალეოლითური ძეგლები დადასტურებულია აგრეთვე ცნობილ იაშთხვას, კეპ–ბოღაზის, ხოლოდნი გროტისა და სხვ. მღვიმეებში. ამ მღვიმურ ნაბინარებს გარდა დას. საქართველოში ცნობილია აგრეთვე ღია, ცისქვეშა ნასადგომევიც; მათ შორის ისეთიც, რომელმაც აუშლელი ეპიპალეოლითური ფენაც შემოგვინახა. ასეთია მაგალითად, ენწერის ნაბინარი მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე (სოფ.ლიასთან, წალენჯიხის რ-ნი). ენგურის ერთ–ერთ მაღალ 155 მ სიმაღლის ტერასაზე, როგორც მასალები გვიჩვენებს, ზედაპალეოლითელ ადამიანს არაერთგან დაუდვია ბინა. ენწერში მაგალითად, ხანგრძლივი ცხოვრების კვალი დადასტურდა. ჰუმუსქვეშა თიხოვან ფენაში, რომლის სიმძლავრე 35–40 სმ–ს არ აღემატებოდა, უძრავად იდო კაჟის ინვენტარი: ნუკლეუსები, საჭრისები, სახვრეტები, გვერდდაბლაგვებული მიკროფირფიტები, სეგმენტის მოყვანილობის ჩასართი და პაწია ლამელა - დანები106. ეს ინვენტარი ტიპოლოგიურად და დამუშავების მიხედვით (მიკროტექნიკა) ახლო დგას იაშთხვას, ქვაჭარის, საგვარჯილესი და ჭახათის ეპიპალეოლითურ მასალებთან. ერთი სიტყვით, ენწერი პირველია იმ მეზოლითურ ძეგლებს შორის, რომელთაც ღია, გარესადგომის პირობებში უძრავი კულტურული ფენა შემოუნახავს. მეზოლითელი ადამიანი ფართოდ განსახლებულა აგრეთვე რიონ–ყვირილას აუზის ზემო წელში, მთისწინეთსა და შუამთიანეთში, სადაც გვხვდება ღია ნაბინარებიცა და მღვიმური ნამოსახლარებიც. ამ უკანასკნელთაგან შეიძლება დავასახელოთ ბუბის კლდეში წარმოქმნილი კარსტული მღვიმე, რომელიც მეცნიერებაში შევიდა წონას მღვიმური ნამოსახლარის სახელწოდებით107. როგორც ზემოთ ვნახეთ, წონას მღვიმეში დადასტურდა ოთხი კულტურული ფენა: აშელის, მუსტიეს, ეპიპალეოლითისა და ენეოლით-ადრებრინჯაოსი. აქ მოპოვებული ნაშთები მოწმობს, რომ მაღალსა და შუამთიანეთის ზონაში არსებული საკმაოდ თბილი, ზომიერი ჰავა აშელელ ადამიანს არსებობისათვის ფრიად ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა. ეს იყო ალბათ მინდელ-რისის ყინვარეულთშორისი პერიოდი. მაგრამ შემდეგ, რისის ყინვარეული პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით, აშელის გასულსა და ადრეულ მუსტიეში ადამიანის ნაკვალევი აღარ ჩანს. რის- ვიურმის ყინვარეულთშორისი პერიოდის გასულს კლიმატური პირობები გაუმჯობესებულა და აქ ისევ გამოჩენილა ადამიანი, რის მაჩვენებელია გვიანი მუსტიეს კულტურული ნაშთები. მაგრამ მალე (ვიურმში) ისევ აცივებულა (რაც განსაკუთრებით შუა კავკასიონის იალბუზ–მყინვარწვერის მონაკვეთზე იგრძნობოდა) და ადამიანს დიდი ხნით მიუტოვებია ეს მხარე. ამას ადასტურებს ზედაპალეოლითური კულტურის ნაშთების არარსებობა ამ ზონის მღვიმურ ნამოსახლარებში. ამ მხარეს ადამიანი უბრუნდება გვიან მეზოლითში. ამ დროის ფენაში გვხვდება როგორც ნაკერალები, აგრეთვე ეპიპალეოლითური კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღების შემცველი კაჟის ინვენტარი. მეზოლითური ძეგლები მიკვლეულია სამხრეთ საქართველოშიც. წალკის ზეგანზე დღეისათვის ამ დროის ორი მღვიმური ნამოსახლარია დადასტურებული. ერთია ზურტაკეტში108, მეორე კი ეძანის ეხში (ყოფ.ბარმაქსიზი დაბა წალკასთან)109 ეძანში ქვის იარაღთან ერთად ნაპოვნია ძვლის იარაღიც, რომელიც შესაძლოა რეტუშორს წარმოადგენდეს. ქვის დამუშავების ტექნიკის შესწავლითა და ანალოგიების მოშველიებით ეძანი მეზოლითის განვითარებული საფეხურით თარიღდება110. ზურტაკეტსა და ეძანის ეხში მოპოვებული ფაუნისტური მასალების მიხედვით (ჯიხვი, შველი, მუფლონი, კულანი, ტახი, კურდღელი და სხვ.) წალკის ზეგანზე სტეპური და ნახევრად სტეპური ლანდშაფტი უნდა ყოფილიყო გაბატონებული., რომლისთვისაც უცხო არ იქნებოდა მდინარეული დაბლობი და მთიან–ტყიანი ზონა111. თუ ერთხელ კიდევ გადავხედავთ საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურის განვითარებას ქვის იარაღების დამუშავების ტექნიკაში, ერთ არსებით თავისებურებას შევნიშნავთ. ქვედა პალეოლითიდან ნაანდერძევი თუ ამ ეტაპზე გაჩენილი იარაღის ესა თუ ის ფორმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობს და იგი ამ პერიოდს მეტ–ნაკლები სახეცვლილებებით დასაწყისიდან დასასრულამდე გასდევს ისევე როგორც გვიანი საფეხურისათვის დამახასიათებელი და განმსაზღვრელი ელემენტი ჯერ კიდევ ადრეულ საფეხურზე იჩენს თავს. ასე რომ, აქაური ზედა პალეოლითის ადრეული, განვითარებული და გვიანი საფეხურის ძეგლების ურთიერთისაგან მკვეთრი ქრონოლოგიური გამიჯვნა ტექნოლოგიური ნიშნების მიხედვით ხშირად საძნელო ხდება, თუმცა შეუძლებელი მაინც არ არის. ეს მომენტი კარგად გაიკვლევა მრავალწახნაგა საჭრისებისა და ნუკლეუსისმაგვარი იარაღების დეგრადაციის, ერთი მხრივ, და მიკროიარაღების გრადაციული განვითარების მაგალითზე, მეორე მხრივ, ასეთ სურათს იძლევა შესწავლილ მღვიმეთა უმრავლესობა. მაგრამ ამავე გარემოში ბოლო დროს თავი იჩინა ერთი რიგის ძეგლმა, სადაც ქვის დამუშავების ტექნიკაში ზემოაღნიშნულისაგან თითქმის განსხვავებული ტრადიცია შეინიშნება. ეს არის სამერცხლე კლდისა და ძუძუანას112 მღვიმური ნაბინარები (ჭიათურის რ-ნი). ორთავე ეს ძეგლი განვითარებული ზედა პალეოლითის დროისაა და საკაჟიას, დევისხვრელის, მღვიმევისა და სხვათა თანატოლია ქრონოლოგიურად, მაგრამ მათში დადასტურებული ტექნიკა ზუსტად არ მისდევს ადრეცნობილი ტექნიკური განვითარების ძაფს. ახალ-აღმოჩენილი ძეგლებისათვის მიკროლითური ტექნიკა არ არის დამახასიათებელი, მაშინ როდესაც დევისხვრელისა და სხვათა მისთ. ძეგლები მიკროლითების სიუხვით გამოირჩევა113. შესაძლოა, ტექნიკის ასეთი სხვადასხვაობა ეთნოგრაფიულად განსხვავებული ყოფისა და საწარმოო ჩვევა-გამოცდილების შედეგიც იყოს, მაგრამ ძეგლების საფუძვლიანად შეუსწავლელობის გამო ამის გადაჭრით თქმა არ იქნებოდა მართებული. ზედაპალეოლითური ძეგლები იმიერკავკასიაში სულ უკანასკნელ ხანამდე არ იყო ცნობილი. ბოლო დროს ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად ხსენებული პერიოდის ძეგლები აქაც მომრავლდა. ამ მხრივ გამოირჩევა დაღესტანი114 და განსაკუთრებით ყუბანის მხარე. სპეციალისტები საქართველოს, ყუბანის და დაღესტნის პალეოლითური კულტურების გარკვეულ ნათესაობას ვარაუდობენ და მათ ერთიანი კავკასიური ზედაპალეოლითური კულტურის ლოკალურ ვარიანტებად თვლიან115. ეს ვარიანტები მეტ-ნაკლები სისრულით გვიანი პალეოლითის გასულსა და მეზოლითში ჩამოყალიბდა, მანამდე კი მთელი კავკასიური კულტურა, მახლობელი აღმოსავლეთის კულტურასთან ერთად, აღმოსავლეთ ხმელთაშუა -ზღვისპირეთის ერთიან ისტორიულ-კულტურულ პროვინციაში შედიოდა. ზოგიერთი მკვლევარის დაკვირვებით, ჩვენი ქვეყნის ზედა პალეოლითთან განსაკუთრებულ სიახლოვეს იჩენს აზოვის მხარის სტეპური კულტურაც. ამის მაგალითს გვაძლევს დონის ქვემო წელში (როსტოვის მახლობლად) აღმოჩენილი ათიოდე ღია ზედაპალეოლითური ნაბინარი, რომლებიც გასულ უკანასკნელ ათწლედში იყო მიკვლეული. კერძოდ, კამენნაია ბალკასა და საქართველოს ზედა პალეოლითის განვითარებული საფეხურის მასალების შეპირისპირების საფუძველზე შეიძლება ბევრი რამ საერთო დადგინდეს ამ ორი რაიონის ქვის დამუშავების ტექნიკურ ტრადიციებში.

ეს სიახლოვე (შესაძლოა, გენეტიკურიც) იმდენად აშკარაა, რომ კავკასიის ჭარბი მოსახლეობის აზოვისპირეთში განსახლებას საკმაო საბუთიანობით ვარაუდობენ116. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ განსახლებას (ტომების მოძრაობის სახით) ნამდვილად ჰქონოდა ადგილი. მაგრამ ამისი, როგორც ისტორიული ფაქტის, დადასტურება პირდაპირი საბუთების უქონლობის გამო, ჭირს. ყოველ შემთხვევაში, კულტურებს შორის უშუალო, მჭიდრო კონტაქტი, გავლენა, საწარმოო გამოცდილების გაზიარება და სხვ. ეჭვს არ უნდა იწვევდეს. გაცვლა- გამოცვლის საფუძველზე დამყარებული კონტაქტი თუნდაც იმითაც მტკიცდება, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში საკმაოდ ხშირად პოულობენ კავკასიიდან გატანილ კარგ საიარაღე მასალას – ობსიდიანს. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდისათვის საზოგადოება სოციალური განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. მისი სოციალური სტრუქტურის საფუძველს შეადგენს წყვილთა ოჯახზე დამყარებული მატრიარქატული გვარი. ადრე გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ტომობრივი ორგანიზაცია ყალიბდება მეზოლითში, როდესაც საფუძველი ეყრება ეთნიკური ხასიათის ვიწრო ლოკალურ კულტურებს117. ახლა მეცნიერება თითქოს უფრო ღრმად ჩაწვდა ამ რთული პრობლემის ფესვებს და ასეთი ორგანიზაციის ჩასახვას ზედა პალეოლითის დამდეგიდან ვარაუდობენ118. ზოგი კი უფრო შორს მიდის და ჯერ კიდევ მუსტიეს ხანაში ხედავს ტომობრივი ცხოვრების ნიშნებს, რომელთა ერთობლიობას წინარეტომის სახელწოდებას აძლევს119. თუ ისტორიულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ერთხმივი თანხმობის უქონლობის გამო მუსტიესათვის გაჭირდებოდა ამის მტკიცება, ყოველ შემთხვევაში, ზედაპალეოლითელი Homo Sapiens-ის მოდგმა ფიზიკურად და სიმბოლურად იმდენად მაღალორგანიზებული არსებაა, რომ მისი საზოგადოებისათვის კოლექტიური თანაცხოვრების პრინციპი სოციალური არსებობის უმაღლესი მოთხოვნილება უნდა ყოფილიყო. ასეთი თანაარსებობის პირველი სახე თემია. არის საფუძველი ვივარვუდოთ, რომ მაგალითად, კავკასია–საქართველოს პირობებში ყოველი პატარა ხეობა თავისი მღვიმეებითა და თავშესაფრებით, ტყიან – ველიანი სავარგულებით, ისევე როგორც წყლის რესურსებით, თითო ასეთი თემის საარსებო არეს, თავისებურ მიკროქვეყანას წარმოადგენდა, ხოლო რამდენიმე თემი ან ჯგუფი თემებისა შეადგენდა ტომს, რომელიც ტერიტორიულად ამ პატარა ხეობათა შემკრები სამდინარო აუზის რომელსამე ნაწილში (სათავეებში, შუა ან ქვემო წელში) იყო განლაგებული, ხოლო მოსახლეობა მონათესავე თემურ დასახლებათა გაერთიანებულ სოციალურ აგრეგატს წარმოადგენდა. ასე მაგალითად, თუ ჯრუჭულას ან ჭერულას რომელიმე ხეობა ერთი გვაროვნული თემის ან თემთა ჯგუფის საცხოვრისი იყო, მდ.ყვირილას შუა წელი უკვე უფრო მსხვილ გაერთიანებას ანუ ტომს ექნებოდა დაკავებული. ასეთივე სურათი შეიძლება ვივარვუდოთ ძირულა–ჩხერიმელას ხეობების მიმართაც, ან კიდევ, ძევრულას წყალწითელას და სხვ. წვრილ ხეობებში მობინადრე თემები ან მათი ჯგუფები ბუნებრივად გაერთიანებული უნდა ყოფილიყვნენ მდ. =რიონის შუა წელზე მოსახლე ერთ–ერთი ტომის ფარგლებში. მსგავსად ამისა, შავი ზღვისპირა ზოლის მდინარეთა წყალგამყოფი ქედებიც შეიძლებოდა ბუნებრივად დანაწილებულიყო მონათესავე გვაროვნული თემების გამაერთიანებელ ტომებს შორის და სხვ. ის გარემოება, რომ წებელდას ხეობაში მიკვლეული სვანთა სავანის ნამოსახლარს ქვის დამუშავების ტექნიკაში თავისი, განსხვავებული ეთნოგრაფიული ნიშანი აქვს, ხოლო ყვირილას ხეობის ნაბინარებს კი თავისი, იქნებ არ იყოს შემთხვევითი და გვანიშნებდეს თავისებურ ტრადიციებზე, რაც ამ ორი ხეობის ტომთა არქეოლოგიური კულტურებისათვის იყო დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამჟამად საქართველოს ქვის ხანის შესწავლის იმ სტადიაზე ვიმყოფებით, როდესაც საკითხი შეიძლება ამ ასპექტშიც დაისვას, ხოლო მისი გაღრმავება, კონკრეტული ისტორიული სინამდვილისა და ადამიანის გარემომცველი ბუნებრივი პირობების რეკონსტრუქციის ცდები, უფრო მომავალი კვლევა–ძიების საქმეა. ჯერჯერობით, კი ვალდებული და იძულებულიც ვართ საქართველოს ზედაპალეოლითელი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა მხარის შესახებ მეტ– ნაკლებად შემოწმებული, დადგენილი ფაქტებისა და ზოგჯერ შედარებითი მონაცემების საფუძველზე ვიმსჯელოთ. რა საბუთები მოგვეპოვება დღესდღეობით იმისათვის, რომ ვამტკიცოთ ჩვენს პირობებში ზედაპალეოლითელ ადამიანთა საზოგადოების საწარმოო ძალთა ნორმალური განვითარება და მათი კვლავწარმოება? ცნობილია, რომ ყოველი საზოგადოებრივი წარმონაქმნის ნორმალური არსებობისათვის საჭიროა: ა) ადამიანთა მოდგმის კვლავწარმოება ანუ გამრავლება, ბ) ბინა, გ) საწარმოო საშუალებანი: სამუშაო იარაღ ხელსაწყოები ანუ ტექნიკა და დასამუშავებელი საგანი (ამ შემთხვევაში ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს ელემენტები). როგორც ზემონათქვამიდან დავრწმუნდებოდით, თითქმის ყველა ამ პირობით ადამიანი თავისი არსებობის ადრეული საფეხურიდანვე იყო უზრუნველყოფილი. ასეთი უზრუნველყოფა უფრო ზედა პალეოლითიდან შეინიშნება, როდესაც ადამიანმა მეტ-ნაკლებად მუდმივი ბინა გაიჩინა, ხოლო მეორე მხრივ, გვარის შიგნით ქორწინების აკრძალვამ, ენდოგამური ტომის წარმოქმნამ და, მაშასადამე, სისხლის აღრევის გაუქმებამ ადამიანთა მოდგმის გაუმჯობესება გამოიწვია და მისი გამრავლებისათვის ნორმალური პირობები შექმნა. ტექნიკის მხრივ კი, როგორც ვიცით, ზედაპალეოლითელმა ადამიანმა დიდ პროგრესს მიაღწია. ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითში (შელი-აშელი-მუსტიე) ადამიანი 60-ზე მეტი სახეობისა და ქვესახეობის მარტო ქვის იარაღს ფლობდა120. ზედა პალეოლითში კი ეს არსენალი კიდევ უფრო გამდიდრებულია და სათანადო იარაღთა ნომენკლატურა 91-ს აღწევს121. აღნიშნულ იარაღ-ხელსაწყოთა დანიშნულების მიხედვით დაჯგუფება გვაძლევს სახოკ-საფხეკებს, საჭრისებს, საჭრელებს, სათლელებს, ხოწებს, სახვრეტებს, სადგისებს, ნემსებს, შუბის, ხელშუბისა და ისრისპირებს, სათხრელებს, ხელკვერებს და მრავალ მისთ., რაც მათზე უშუალო დაკვირვებისა და აგრეთვე ნართაული ეთნოგრაფიული ფაქტების მოშველიებით გვიდასტურებს მათ გამოყენებას მონადირეობაში, ნანადირევი ხორცეულის, ძვლოვანი მასალისა და ტყავის დამუშავებაში, მცენარეული ნაყოფის შეგროვებით საქმიანობაში, თვით იარაღთა კვლავწარმოებაში და ადმიანის სხვა მრავალ ყოფა-ცხოვრებით მოღვაწეობაში. ბევრი მათგანი თემებისა თუ ტომების ურთიერთშეჯახებასა და საომარ მოქმედებაშიც პოულობდა თავის გამოყენებას და ამგვარად, არსებობისათვის ბრძოლის ერთ აუცილებელ საშუალებას წარმოადგენდა. საომარი მოქმედებაც ხომ წარმოების ერთ-ერთი სახეობა იყო, ხოლო მისი შედეგი – ნადავლი - წარმოებული პროდუქტი (თუმცა მეორადი). თვით მაგიური მოქმედება, სხვადასხვა საკულტო ცერემონიალი და საამისოდ საჭირო აქსესუარების გამოყენება უნდა განვიხილოთ, როგორც ამდროინდელი ადამიანის წარმოების, საერთოდ, მისი სამეურნეო ცხოვრების ხელშემწყობი პირობები. ზედაპალეოლითური ძეგლების ფართო გავრცელება სამყაროში გვიჩვენებს, რომ მოდგმის გაგრძელება და გამრავლება ნორმალურ ბიოსოციალურ პროცესს წარმოადგენდა. ხდებოდა აგრეთვე წარმოების საშუალებათა ერთი კომპონენტის – ტექნიკის – ნაწილობრივი აღწარმოება. რაც შეეხება მეორე კომპონენტს – წარმოების საგანს – ნანადირევს ან შეგროვებულ პროდუქციას, იგი ერთგზის მოიხმარებოდა და მისი გადიდება–გამრავლების ან ხარისხობრივად გაუმჯობესების საშუალებას ძველი ქვის ხანის ადამიანი ვერ ფლობდა. წაბლის, წიწიბოს, რკოს, ველური ყურძნის, მაჟალოს ან საკვები ძირხვენა–ბოლქვების მარაგი დიდხანს ვერ შეინახებოდა, რადგან მალე ფუჭდებოდა და მისი გადამუშავების გზა და ხერხი ადამიანისათვის უცნობი იყო. ასეთივე სიძნელე იდგა მის წინაშე ხორცეულისა და თევზეულის შენახვის მხრივაც. წარმატებით ჩავლილი ნადირობის შედეგად ხორცეული შეიძლებოდა ბლომადაც დაგროვებულიყო. მისი გარკვეული ნაწილის შენახვა ორმოებში ან მღვიმეთა ბუნებრივ “მაცივრებში” ალბათ მხოლოდ ზამთრობით თუ შეიძლებოდა. ამიტომ, ცხადია, საკვების მოსაპოვებლად ბრძოლა ადამიანებს თითქმის ყოველდღიურად უხდებოდათ. ეს გარემოება იწვევდა ამა თუ იმ სოციალური უჯრედის საცხოვრებელ–სამოქმედო არეში ბუნებრივი რესურსების მკვეთრ შემცირებას, და ხშირ შემთხვევაში – გამოლევასაც. ამის გამო ესა თუ ის ტომი გადადიოდა სხვა საცხოვრებელ გარემოში, სადაც იგივე პროცესი მეორდებოდა. საქმეს ვერ უშველა ეპიპალეოლითში მეთევზეობის როლის ამაღლებამ, შორსატყორცნი იარაღების (მშვილდ - ისრისა და მისთ.) ფართო გამოყენებამ, სათხრელ–საჩიჩქნი ჯოხ-კავების გამრავლებამ და გაუმჯობესებამ. მთელ წარმოებას მითვისებითი ხასიათი რჩებოდა. საზოგადოებრივი ცხოვრების კვლავწარმოება არასრულფასოვანი, ნაკლული იყო. წარმოების წესი ჩიხში მოექცა. დადგა სამეურნეო ცხოვრებაში ძირეული გარდატეხის მოხდენის აუცილებლობა. ასეთი გადატრაილება მართლაც ხდება ახალი ქვის ხანაში, როდესაც ადამიანთა სამეურნეო ცხოვრების შინაარსი მიწათმოქმედებამ და მესაქონლეობამ აავსო.

(+)

--------------------------------------------------------------------------

35. ნ.ბერძენიშვილი, ქვის ხანის ახალი ძეგლი წყალწითელას ხეობაში, თბ., 1964.

36. გ.გრიგოლია, ქვემო ქართლის პალეოლითი, წოფი I, თბ., 1963.

37. М. Гусейнов, Пещера каменного века на Авейдаге, ДАН Аз. ССР, №11, 1959. М. Гусейнов, О резулътатах археологических раскопок в Азыхской пещере, сб. «Археологические исследования в Азербайджане, Баку, 1965. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ აზოხის მღვიმის აშელურ ფენაში მ.ჰუსეინოვმა იპოვა ძველი ადამიანის ქვედა ყბის ფრაგმენტი, რომელიც პალეოანთროპოლოგების წინასწარული დასკვნით, ადრეული ტიპის ნეანდერტალელს უნდა ეკუთვნოდეს. მონაპოვრის შესახებ ჯერჯერობით იხ. Д.Гаджиев, М.Гусейнов, Неандерталец в Азербайджане, газ. «Бакинский рабочий» от 18 июля 1968 г.; აგრეთვე მ.ჰუსეინოვის წერილი Оллкемизде Надир Тапынты, газ. «Коммунист» -ში, 1968, 11 აგვისტო.

38. Richard G. Rlein,Chellean and Acheulean on the Territory of the Soviet Union. A Critical Review of the Evidence as Presented in the Literature “American Anthropologist. Recent Studies in paleoanthropology”, vol.68, №.2, april, 1966, p.2, 14, 15, 18-27.

81. დ.თუშაბრამიშვილი, მუსტიერული ხანის ძეგლები სოფ.ჭილოვანიდან (დას. საქართველო, ჭიათურის რაიონი), სმმ, XXVII–B, გვ.5–52.

82. დ.თუშაბარამიშვილი, ჯრუჭულას გამოქვაბულში 1960 – 1961 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგები, კრებ.“საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები”, თბ.., 1963, გვ.97 -108 ტაბ.I–VI.

83. Л.К.Габуния, Д.М.Тушабрамишвили, А.К. Векуа, Первая находка остатков мустъерского человека на Кавказе, «Вопросы антропологии», №8,1962.

84. Г.П.Сосновский, Палеолитические стоянки Северной Азии, Труды II международ. конф.АИЧЕПЕ, вып. V, Новосибирск, 1934, გვ.246-306; А.П.Окладников, Освоение первобытным человеком Сибири..., Материалы по изуч. четвертичного периода, вып.2, М. –Л., 1950, გვ.150-158; Следы палеолита в долине р.Лены, МИА, №39, გვ.227 –265.

85. Б.Ф.Земляков, Арктический палеолит на севере СССР, СА, V, გვ.107-143.

86. საქართველოს ქვის ხანის შესწავლის საქმეში დიდი კვალი გაავლეს გ.ნიორაძემ და ს.ზამიატნინმა: გარკვეული ღვაწლი მიუძღვით უცხოელ მეცნიერებსაც (რ.შმიდტს, ლ.კოზლოვსკის, ს.კრუკოვსკის). ამ დარგში ამჟამად წარმატებით მუშაობენ: ნ.ზ.ბერძენიშვილი, დ.თუშაბრამიშვილი, გ.გრიგოლია, ვ.ლიუბინი; აგრეთვე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები: ლ.ნებიერიძე, მ.გაბუნია, მ.ნიორაძე, ლ.წერეთელი, თ.ბუგიანიშვილი, გ.ჯავახიშვილი, ნ.ბადერი, ი.კორობკოვი და სხვ.

87. Н.О.Бадер, Различия между верхнепалеолитическими кулътурами Закавказья и Ближнего Востока, сб.«Археология старого и нового Света», м., 1966, გვ.135–143; განსაკ. გვ.142, 143.

88. გ.ნიორაძე, პალეოლითელი ადამიანი დევისხვრელში, საქართველოს მუზეუმის შრომები, თბ., 1933, გვ.78; იგივე აზრი აქვს გამოთქმული მკვლევარს საკაჟიას მასალების განხილვის დროსაც. იხ.მისივე, ქვის ხანის ადამიანი საკაჟიას გამოქვაბულში, თბ., 1953, გვ.87 – 88.

89. С.Н.Замятнин, Новые данные по палеолиту Закавказья, «Советская этнография», №2, 1935. უფრო გაშლილი და დასაბუთებული მსჯელობა იხ. С.Н.Замятиин, Палеолит западного Закавказья I. Палеолитические пещеры Имеретии, Сборник Музея антропологии и этнографии АН СССР, т.XVII, გვ.432-499.

90. საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959, §2.ზედა პალეოლითი (ნ.ბერძენიშვილისა) გვ.35-53. მკვლევართა უმრავლესობას დევისხვრელის ნასადგომევი შუა ჯგუფის ძეგლად მიაჩნია, გვარჯილას კლდეს კი უფრო გვიან ძეგლად თვლიან. უკანასკნელი დაკვირვების მიხედვით, ოდიში მეზოლითურ ძეგლად აღარ ჩაითვლება.

91 დ.თუშაბრამიშვილი, არქეოლოგიური დაზვერვები მდ.ყვირილას ხეობაში (წინასწარი ანგარიში), სმმ, ტ.XXIII –В, თბ, 1962, გვ.34.

92. Н.З.Киладзе, Многослойный археологический памятник «Сагварджиле», «Сообщениа АН Грузинской ССР», ტ.XIV, №9, 1953; იხ.აგრეთვე, “საქართველოს არქეოლოგია”,§2, გვ.41-42.

93. ნინო ბერძენიშვილი, გ.გრიგოლია, შავიზღვისპირეთის პალეოლითური ექსპედიციის 1966 წლის საველე მუშაობის ანგარიში. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის XVI სამეცნიერო სესია, მიძღვნილი 1966 წლის საველე არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგებისადმი. თბ., 1967, გვ.3-11.

94. გ.ნიორაძე, ქვის ხანის ადამიანი საკაჟიას გამოქვაბულში, თბ., 1953. იხ.აგრეთვე С.Н.Замятнин, Палеолит западного Закавказья ..., გვ.463-479.

95. გ.ნიორაძე, დასახ. ნაშრ., გვ.84, სურ.109, 110.

96. С.Н.Заматнин, დასახ. ნაშრ., გვ.478, სურ.14, 7.

97. ავტორთა კოლექტივი, საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959, §2 (ნ.ბერძენიშვილისა), გვ.44.

98. С.Н.Заматнин, Пещерные навесы Мгвимеви близ Чиатуры (Грузия). Первые следы наскальной полеолитической графики в Закавказье, СА, 3, 1937, 57-75.

99. გ.ნიორაძე, პალეოლითელი ადამიანი დევისხვრელში, “საქართველოს მუზეუმის შრომები”, VI, თბ., 1933; საქართველოს არქეოლოგია, გვ.43.

100. ფაუნის შესახებ ცნობები შემოწმებული გვაქვს ნ.ვერეშჩაგინის მონაცემებით, იხ. Н.К.Верещагин, Млекопитающие Кавказа, История формирования фауны, М. – Л., 1959.

101. დ.თუშაბრამიშვილი, გვარჯილას კლდის პალეოლითური ნაშთები, თბ., 1960; С.Н.Замятнин, Палеолит западного Закавказья...

102. ნინო ბერძენიშვილი, ქვის ხანის ახალი ძეგლი წყალწითელას ხეობაში, თბ., 1964, გვ.40-45, ტაბ.I-VI, განსაკ. ტაბ.I, 4-6, 9, 13; ტაბ.V, 3, 5, 7, 10, 11.

103. ლ.წერეთელი, პალეოლითური სადგომი ქვაჭარა, ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შრომები, ტ.VII, თბ., 1963, გვ.221–234, სურ.1-5.

104. იქვე, დასახ. ნაშრ., გვ.223.

105. იქვე, გვ.231; იხ აგრეთვე Н.И.Бурчак – Абрамович, К. изучению пешерных медведей из Воронцовской пещеры возле г. Адлера на Кавказе, Пещеры Грузии, т.III, Тб., 1965, გვ.108-116. Д.В.Церетели, Кладбище пащерных медведей в окрестностях Накеральского перевала (пещера Цхраджвара), Известия АН Азерб. ССР, №2, 1956, გვ.59–61.

106. გ.გრიგოლია, ლ.წერეთელი, მეზოლითური სადგომი სოფ.ენწერში, “მაცნე”, №4, 1967.

107. А.Н.Каландадзе, Цопская пещера и ее культура, Пещеры Грузии, Спелеологический сборник, №3, Тб., 1965, გვ.32–36.

108. Л.И.Маруашвили, Зуртакетская палеолитическая стоянка в Южной Грузии и ее геологическое значение, «Природа» , №12, 1946, გვ.56–62.

109. Б.Куфтин, Археологические раскопки в Триалети, Тб., 1941, გვ.119 – 123. “საქართველოს არქეოლოგია”, თ., 1959, გვ.46.

110. მ.გაბუნია, პალეოლითური ნაშთები ეძანის (ბარმაქსიზის) გამოქვაბულიდან, “მაცნე”, №5, 1965, გვ.162.

111. Н.И.Бурчак–Абрамович, Фауна эпипалеолитической стоянки в Триалети, «Сообщения Академии наук Грузинской ССР», т.XII, №2, გვ.93–97.

112. ძუძუანას მღვიმე (სოფ.დარკვეთთან, ჭიათურის რ-ნი) მეტად პერსპექტიული ძეგლი ჩანს, მისი შესწავლა ახლა იწყება დოც. დ. თუშაბრამიშვილის მიერ.

113. ნ.ნიორაძე, სამერცხლე კლდის კულტურა და დას. საქარველოს ზედაპალეოლითური კულტურის ზოგიერთი საკითხები, თბ., 1967.

114. В.Г.Котович, Каменный век Дагестана, Махач – кала, 1964.

115. იხ. Н.О.Бадер - თან; СА, 4, 1965, გვ.3-16.

116. М.Д.Гвоздовер, О культурной принадлежности позднепалеолитических памятников нижнего Дона, «Вопросы антропологии», вып.27, 1967, გვ.82 –101. განსაკ.94 –95. იხ. აგრეთვე, А.А.Формозов, Каменный век и энеолит Прикубанья, М., 1965, გვ.5; Г.В.Григорьева, Большая Аккаржа и её место среди позднепалеолитических памятников юга СССР. КСИИМК, вып.111, გვ.90; Н. О. Бадер, О соотношении верхнепалеолитической и мезолитической культуры Крыма, Кавказа и ближнего Востока, М., 1964, გვ.8.

117. А.А.Формозов, О времени и исторических условиях сложения племенной организации, СА№1 1957, გვ.13-21. 118 Н. О. Бадер, Различия между верхнепалеолитическими культурами Закавказья и Ближнего Востока, Сб.«Археология Старого и Нового Света», М., 1966, გვ.135-143.

119. Г.П.Григорьев, Начало верхнего палеолита и возникновение Homo sapien s в Европе и на Ближнем Востоке, Л., 1965.

120. В.П.Любин, К вопросу о методике изучения нижнепалеолитических орудий, МИА, №131, М.,-Л., 1965, გვ.7-75.

121. იხ. А.П.Черныш, О номенклатуре позднепалеолитических орудии, КСИА, вып.111, 1967, გვ.3-11.

ი.ციციშვილი - ქართული ხელოვნების ისტორია //ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების გამომცემ., თბილისი, 1995, გვ.5-6

არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგად დადგენილია საქართველოს ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანის დასახლება უკვე უძველეს პერიოდებიდან. ბევრგან სოფელ იაშთხვასთან, სოფელ რუხთან, კაცხში აღმოჩენილია ადამიანის სადგომები ძველი ქვის ხანის - პალეოლითის (ძვ.წ. 800 ათასი წელი) პრიმიტიული იარაღებით. მაგრამ უკანასკნელი დროის აღმოჩენებმა (დმანისის  გათხრები) გვჩვენეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრება 1 მილიონ 700 ათასი წლის წინათ დაწყებულა. თანდათანობით, იარაღის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო შეგროვებითი მეურნეობის, ნადირობის და თევზჭერის განვითარებას. ამასთანავე, დაწყებულმა გამყინვარებამ აიძულა, თავი შეეფარებინა მღვიმეებისათვის, ტყეში მოწყობილ ფარდულებისათვის და სხვ. უამრავი ქვის ხანის იარაღია აღმოჩენილი დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეს და სხვა გამოქვაბულებში. მღვიმეებში აღრიცხულია უძველესი გამოსახულებანი კლდეზე, ხოლო მდინარე ჯრუჭულას ხეობაში მდებარე ერთ გამოქვაბულში აღმოჩენილი ძვლები დაფარულია გარკვეულ რიტმს  დაქვემდებარებული ნაჭდევებით. დაბა წალკის მახლობლად, მდინარე პატარა ხრამის ხეობაში მდებარე მღვიმეში აღმოჩენილია პეტროგლიფები - ცხოველთა და მონადირეთა გამოსახულებანი - სულ ასამდე ნახატი. როგორც ჩანს, ამ პერიოდში იწყება ადამიანის მაგიურ აზროვნებასთან დაკავშირებული ხელოვნების ჩასახვაც. ამგვარად ადამიანი უკვე ხატავს და ძერწავს. მართალია, ამას იგი მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ აკმაყოფილებს სილამაზის მოთხოვნილებასაც. დადგენილია ქვის ხანის მომდევნო სტადიების (ზედა პალეოლითი, მეზოლითი) კულტურის ადგილობრივი საფუძვლები და განვითარების უწყვეტი პროცესი. ამასთანავე კავკასიის პალეოლითის ძეგლები გარკვეულ სიახლოვეს იჩენენ მახლობელი აღმოსავლეთის - სირია, პალესტინა, ერაყი გვიანპალეოლითურ ძეგლებთან. ცხადია, რომ არქიტექტურის აღმოცენებას ვერ დავუკავშირებთ პირველყოფილი ადამიანის მიერ მღვიმეების და სხვა ბუნებრივ თავშესაფართა გამოყენებას, არამედ მხოლოდ მის შეგნებულ მოღვაწეობას და პირველ ნაგებობებს, შექმნილს შრომის იარაღების შემწეობით. მხოლოდ ხელოვნურ ნაგებობებში ხდება ადამიანის მიერ მასალების თვისებების გაგება და შენობის ცალკეული ნაწილების კონსტრუქციული არსი. ნეოლითის ხანაში (ძვ.წ. X-VI ათასწლეულები) მოხდა ქვის იარაღების ტექნიკის შემდგომი განვითარება. ადამიანმა ისწავლა ქვის გაპრიალება, ხეხვა და გახვრეტა. მან დაიწყო საკვები მცენარეების გაშენება, ცხოველთა მოშინაურება, ე.ი. საფუძველი ჩაეყარა მარტივ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას. ადამიანმა დაიწყო მეთუნეობა, რთვა, ქსოვა. იწყება ბინადარი ცხოვრება. საქართველოში ასეთი ნეოლითური სადგომები აღრიცხულია ანასეულში, კისტრიკში, ხუცუბანში, ზემო ალვანში, ოდიშში და სხგაგან. ამ საზოგადოების სოციალური სტრუქტურა ხასიათდება პატრიარქატზე გადასვლით და ცალკეულ ოჯახთა ეკონომიკური განვითარებით. ნეოლითური ნამოსახლარები ხასიათდება თიხით შელესილი, წნული ნაგებობებით, რომელთა შიგნით ცხოვრობდა საერთო კერის მქონე გვაროვნული ჯგუფი. ასევე დამოწმებულია, ოთხკუთხა და მრგვალი გეგმის ნაგებობათა გადახურვათა საყრდენი ბოძების კვალი (ხორში, ანასეული, დარკვეთი). როგორც ჩანს, ამ პერიოდში ყალიბდება ძირითადი არქიტექტურული სქემები, ნაგებობათა ნაწილების ფუნქციათა მკვეთრი გრადაციით. მიუხედავად საცხოვრებლის პრიმიტიული ფორმისა ნეოლითის ეპოქაში ხდება მნიშვნელოვანი მოვლენა - საცხოვრებლის მოწყვეტა გამოქვაბულიდან და დამოუკიდებელი ნაგებობის შექმნა გადახურვით, რომელიც განსაზღვრავდა საცხოვრებლის ფორმასა და ზომებს. ვლინდება ურთიერთკავშირი წინა აზიის სამიწათმოქმედო კულტურებთან ე.ი. საქართველოს ტერიტორია აქტიურად მონაწილეობდა უძველესი სამყაროს განვითარების პროცესში.

უძველესი დროის ხუროთმოძღვრება // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.11-16

ადამიანის მოღვაწეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზე პალეოლითის ხანას მიეკუთვნება (ზემო პალეოლითის დროინდელი გამოქვაბული საცხოვრებლები აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოში). არქეოლოგიური კვლევა-ძიებით აღმოჩენილია ნეოლითისა და ენეოლითის ძეგლებიც. მომდევნო დროისთვისაც - ე.ი. ჩვენი წელთაღრიცხვის IV-V საუკუნეებამდე - უმთავრესი მასალა კვლავ არქეოლოგიური მონაპოვარია. ქართველი ხალხი წარმოშობით დაკავშირებულია წინა აზიის უძველეს მკვიდრ მოსახლეობასთან. საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე, როგორც სხვაგანაც, საცხოვრებლის თავდაპირველი სახე პალეოლითის ხანის ბუნებრივი გამოქვაბულები იყო, ხოლო ხუროთმოძღვრული ხელოვნების უადრესი ნიმუშები (ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც ჩვენ დღესდღეობით ვიცნობთ) შეიძლება მიეკუთვნოს გვიანა ნეოლითის ხანას. ეს არის ნასოფლარები შულავრის მახლობლად (აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის სამხრეთით), ე.წ. შულავრის გორა და იმირის გორა. მათ ძველი წელთაღრიცხვის V და IV ათასწლედს მიაკუთვნებენ. აქ დარჩენილია მრგვალი გეგმის მქონე მცირე საცხოვრებელ უჯრედთა მთელი ჯგუფი. ყოველ ასეთ უჯრედს, რომლის დიამეტრიც 2,5-3 მეტრია, თავისი კერა აქვს; სამეურნეო სადგომები აგრეთვე მრგვალია, მაგრამ კიდევ უფრო მცირე - მათი დიამეტრი 1,5 მ. არ აღემატება. შენობები ალიზისაა, თიხის ხსნარით. ოთახები კონუსური გუმბათებით იყო გადახურული. მთელი ინვენტარი შედგება პრიმიტიული კერამიკისა, სამეურნეო დანიშნულების ობსიდიანის, ძვლისა და რქის ხელსაწყოებისაგან. მაგრამ იმირის გორაზე გამოვლინდა ბრტყელსახურავიანი საცხოვრებლებიც.  გადახურვისთვის ხის ბოძები და კოჭები იყო გამოყენებული, ხოლო კერის თავზე სახურავში კვამლის გასასვლელი ნახვრეტი იყო გაკეთებული: ძალიან საყურადღებო გარემოებაა, რადგანაც ეს ხუროთმოძღვრული თემა - ზემო  ხვრელი შუქის შესაშვებად და ბოლის გასასვლელად - საქართველოში განვითარდება და ძალიან დიდხანს იარსებებს (იხ. ქვემოთ, დარბაზი). საცხოვრებლის უფრო განვითარებული ფორმა აღმოჩნდა ქვაცხელებში, სოფ. ურბნისის მახლობლად (გორიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე). აქაური საცხოვრებელი სახლები ჩამოყალიბებული ტიპისაა, გეგმა სავსებით შემუშავებულია, მისი ვარიაციები უმნიშვნელოა. ოთახი დაახლოებით კვადრატულია, კუთხეები კი მომრგვალებული აქვს, რაც მოწმობს ამ შენობების გენეზისურ კავშირს მრგვალ სახლებთან. შუაში ბოძი დგას, მის წინ კი კერაა. ოთახს წინ უძღვის ტალანი. ოთახიცა და ტალანიც ბრტყელი ჭერითაა გადახურული, აქაც დამახასიათებელია ჭერის ცენტრში გაკეთებული ხვრელი. კედლები ან ალიზისა იყო, ან დაწნული, ხის სარებით გამაგრებული კარკასისა, რომელიც ორივე მხრიდან - შიგნიდანაც და გარედანაც - თიხის რამდენიმე ფენით იყო შელესილი. გადახურვისთვის იყენებდნენ მრგვალ კოჭებს, რომლებიც კედლებსა და ცენტრალურ ბოძს ეყრდნობოდა. ეს ბოძი და კერა, რომელიც წმიდათა წმიდად ითვლებოდა, შეადგენდნენ საცხოვრებლის ბირთვს - ოჯახის მთელი ყოფა-ცხოვრება მათთან იყო დაკავშირებული. ქვაცხელების უძველესი ფენა ძვ.წ. III ათასწლედის დასაწყისსა და ნახევარს მიეკუთვნება. არ შეიძლება არ აღინიშნოს ქვაცხელების სახლთა გარკვეული ნათესაობა ეგეოსის ზღვის არეში გავრცელებული საცხოვრებლის - მეგარონის ტიპთან. II-I ათასწლედებს მიეკუთვნება დასახლებათა სხვა ტიპები - ხელოვნურად გამაგრებულ გორაკებზე. მიკვლეულია ერთოთახიანი საკულტო და საცხოვრებელი შენობები: მათ საძირკვლები და კედლების ქვემო ნაწილები რიყის ქვისა ჰქონდათ, ზემო ნაწილები კი ხის ჯარგვალი იყო. საფიქრებელია, რომ ამ სახლებსაც ზემო ხვრელი ჰქონდა (ნაცარგორა ცხინვალთან).

მეგალითური ანუ ციკლოპური მშენებლობა აგრეთვე არ იყო უცხო ამიერკავკასიასა და, კერძოდ, საქართველოსთვის. მეგალითების ზუსტი დათარიღება ძნელია: ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ უძველესი ნიმუშები შეიძლება III ათასწლეულსაც მიეკუთვნოს. მეგალითური შენობებით განსაკუთრებით მდიდარია თრიალეთი. აქ აღმოჩენილია დაუმუშავებელი ლოდებით ნაშენი სიმაგრეები და საცხოვრებელი კომპლექსები. წყობა მშრალია, დუღაბის გარეშე. საცხოვრებელ და საკულტო (სარწმუნოებრივ) ნაგებობათა გარდა, ადრევე შემუშავდა სამარხების არქიტექტურაც. ადრეულ ბრინჯაოს ხანაში ძალიან გავრცელებული იყო ყორღანული სამარხები. 1950-1951 წლებში თბილისის მახლობლად, სამგორის ველზე, ყორღანის 10-მეტრიანი მიწაყრილის ქვეშ, აღმოჩნდა მუხის ძელებით ნაშენი სამარხი კამერის ნარჩენები. ამ ყორღანს კოხრას გორა ჰქვია და დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლედის დასასრულით თარიღდება. იატაკის ზემო ფენის ქვეშ იყო ორმო, რომელშიაც თიხის ჭურჭელი იდო, ჭურჭელში კი ფერფლი აღმოჩნდა - მიცვალებული დაუწვავთ. ინვენტარი მდიდარი არ ყოფილა. გვარის ან ტომის მეთაური, რომელიც იქ განისვენებდა, თავისი ეკონომიური მდგომარეობით ჯერ კიდევ ნაკლებად გამოირჩეოდა გვარის რიგითი წევრებისაგან. საქართველოში ასეთი ან სხვა ტიპის ყორღანული სამარხი სხვაც ბევრია გამოკვლეული. ამას გარდა, ცნობილია დოლმენების სახის სამარხებიც (აფხაზეთში). რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნას, მით უფრო მრავლდება ძეგლთა რაოდენობა. ალბათ ძვ. წელთაღრიცსვის I ათასწლედში უნდა ვეძიოთ კლდეში ნაკვეთი კომპლექსების შექმნის ტრადიციათა ძირები. ასეთი კომპლექსები ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს სამხრეთით მდებარე ურარტუს სახელმწიფოში. მართალია, ძალიან ძნელია ამ ტიპის უძველეს ქართულ ძეგლთა დათარიღება, მაგრამ მათი გენეტიკური კავშირი ურარტუსთან უეჭველია.