topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

თაგილონის განძი

<უკან დაბრუნება...<<<არქეოლოგიური აღმოჩენები>>>


თაგილონის განძი

http://www.heritagesites.ge/geo/archeology/archeology/71

არქეოლოგებმა I-II საუკუნეებით დაათარიღეს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მახლობლად შემთხვევით აღმოჩენილი (1930 წ.) მამაკაცის მდიდრული სამარხის ინვენტარის ნაწილი. გამოვლენილი ნივთებიდან შემორჩენილია ჯაჭვის პერანგისა და მუზარადის ნაწილები, მახვილის ან სატევრის ვადის ოქროს გარსაკრავები, რკინის ლაგამი, სარტყლისა ან ცხენის შესამკობელი ოქროს გავარსიანი მძივი, ოქროს რიტონი ირმის თავის გამოსახულებით, ვერცხლის 14 ჭურჭელი: ცილინდრული, ნახევარსფერული და კვერცხისებური სასმისები, ქუსლიანი და ორყურა თასები, ლამბაქები, ლანგრები, ემბლემიანი პინაკი და სხვ. ოქროს ნივთების უმრავლესობა მდიდრულად არის შემკული ცვარათი და ფერადი თვლებით. სოფელ თაგილონში, მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე ქ.წ. XI-X საუკუნეების განძიაღმოაჩინეს. ბრინჯაოს ქვაბში ეწყო კოლხური ცულის ჩამოსასხმელი სპილენძის ორსადგულიანი ყალიბი, მეორე ასეთივე ცულის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ბრინჯაოს დიდი სეგმენტური იარაღი და ფირფიტის ნატეხი. განძი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

დ.ქორიძე - კოლხური კულტურის ისტორიისთვის, თბ. 1965.

А.Амиранашвили – Новая находка в низовьях реки Ингура, Тфл. 1935.

 

ოქროს ირმის თავი

გიორგი კალანდია, ლილი ბერაია

http://samegrelo.borbonchia.ge/presadaistoria/423-.html

XX საუკუნის 30-იან წლებში საქართველოს მთასა და ბარში ხმა- გავარდა - მუშებმა ლიანდაგის ქვეშ საარაკო განძი იპოვეს და გაიტაცესო. იმასაც ამბობდნენ, სტალინისა და ბერიას ბრძანებით, მთელი დასავლეთ საქართველო ჩაიკეტა, მაგრამ საგანძურს მაინც ვერსად მიაკვლიესო. ჭორი კარგა ხანს ტრიალდებდა, სიმართლე კი ასეთი გახლდათ. 1930 წლის 21 ივლისს, შუადღისას, ოთხი მუშა ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ თალიგონის ახლოს, სარკინიგზო ლიანდაგისათვის. მიწაყრილს ამზადებდა. №446-50 პიკეტაჟის პირდაპირ, დაახლოებით 75 სმ სიღრმეში, მათ ოქროსა და ვერცხლის ნივთები აღმოაჩინეს, ერთმანეთში გაინაწილეს და განძის გასაიდუმლოებლად ნაწილი დაამტვრიეს. ეს ამბავი სოფელში უმალ გავრცელდა. ხმამ იქვე არსებული ხეტყის გადამამუშავებელ ქარხანაში საკუთრების დაცვის მილიციის ყურამდეც მიაღწია - ერთერთი განძის მიმთვისებელი გზად სწორედ ამ მილიციის ათეულს შეეჩეხა და იძულებული გახდა, ნივთები მისთვის ჩაებარებინა, დანარჩენმა სამმა მუშამ მიმალვა მოახერხა. მილიცია ნივთების პოვნის ადგილს გვიან საღამოს მიადგა და თხრა ლამპების შუქზე გააგრძელა, თუმცა ღირებულს ვერაფერს მიაგნო. მეორე დილასვე იქ გაჩნდა ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელი, ცნობილი არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე აკაკი ჭანტურია. მან განათხარში ოქროს, ვერცხლისა და რკინის რამოდენიმე ნამტვრევი კიდევ აღმოაჩინა. აკაკი ჭანტურიას დიდი მცდელობის მიუხედავად, გატაცებულ ნივთებს ვერსად მიაგნეს. ამდენად, საცავს უნიკალური განძის მხოლოდ ერთი მეოთხედი ერგო... გამოკითხვის შედეგად განძის პოვნის ორი გარემოება გამოიკვეთა: ერთნი ამბობდნენ, რომ ოქრო-ვერცხლი იდო მეტალით დამშვენებულ ხის ყუთში, რომელიც დაიმტვრაო, სხვათა თქმით, განზი თიხის ქოთანში იყო მოთავსებული. ე.წ. თალიგონის განძი (უფრო ზუსტად, განზის ნაწილი) უნიკალური გახლდათ. იგი შედგებოდა შემდეგი ექსპონატებისაგან. 1.ოქროს ირმის თავი, 2.ოქროს სამკაულის დეტალები, 3.ცხენის მოსართავი, 4.რკინის მუზარადი, ვერცხლის ჭიქები, ფიალები და სხვ. მათი უმეტესობა ჩვენი წელთააღრიცხვის I-II საუკუნეებით დათარიღდა. არქეოლოგიური განძის კვლევას მეცნიერები მაშინვე შეუდგნენ. ქალია ამირანაშვილმა მას მიუძღვნა საგანგებო ნაშრომი სათაურით - „ახალი აღმოჩენა მდინარე ენგურის შესართავთან“. საგანძურში უმეტესად სასმისები იყო (სულ 16 ცალი). ისინი მხატვრული ხასიათით ბულგარეთში ნაპოვნ რომაულ ნივთებს ჰგავდა. მეცნიერებს არ ასვენებდათ ოქროს ირმის თავი, რომლის ზუსტი დანიშნულება ვერა და ვერ გაირკვა. თუმცა დაწვრილებით შეისწავლეს - აღწერეს მისი დამუშავების მეთოდი, პლასტიკა, ფორმა და რქების განლაგების სისტემაც კი. გაჩნდა უამრავი კითხვა: რატომ იყო ირმის თავი არაბუნებრივად წინ წაგრძელებული? რატომ ჰქონდა დატანებული მილი ყელში და ყბის ქვეშ? რად სჭირდებოდა ე.წ. ოქროს ოთხი სამაგრი? რა სიმძიმე უნდა გაეწონასწორებინა წინ წახრილ რქებს? ყველა ამ კითვხის პასუხი ძალიან ზოგადი და დაუსაბუთებული იყო. გამოითქვა ვარაუდი, რომ ირმის თავი უცნობი სარიტუალო ნივთი იყო, სამაგრებზე კი, ალბათ, წარმართული ნებისმიერ, ზანზალაკები მაგრდებოდა. საიდუმლო ალბათ კიდევ დიდხანს დარჩებოდა ამოუხსნელი, რომ არა ერთი გარემოება: შარშან სტატიის ავტორები, მუზეუმის თანამშრომლებთან - ბესიკ არქანიასა და მერაბ ქვაჩახიასთან ერთად, თალიგონის განძს ვათვალიერებდით. რატომღაც ყურადღება მიიქცია ოქროს ძაბრისებურმა დეტალმა. ის ირმის თავის მსგავსად არის დამუშავებული, ტრადიციულად, ირმის დამტვრეული სხეულის ნაწილად ითვლებოდა, თუმცა მისი თავთნ შეთავსებადობა ვერანაირად ვერ ხერხდებოდა. ამჯერად დეტალის მისადაგება არა ქვემოდან, არამედ ზემოდან, კისრის მხრიდან, ეცადეთ ფრაგმენტი ერთმანეთს ზუსტად მოერგო... და მაშინვე ყველაფერი ცხადი გახდა - ათასწლოვანი ნივთი ჩვენ თვალწინ გაცოცხლდა, მან ერთ წამში დაიბრუნა ძველებური ელფერი და ბრწყინვალება. ოქროს ირმის თავიმსგავსი ნივთები არაერთხელ გვინახავს მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების: ლუვრის, ერმიტაჟის და „ბრიტიშის“ ელიტურ კატალოგებსა თუ ბუკლეტებში. ეს რიტონია - ძველებური სასმისი (თალიგონის განძის უმეტესობას ხომ სასმისები შეადგენს), რომელსაც ძველი ბერძნები კერამიკის ან ძვირფასი ლითონებისაგან ამზადებდნენ. რიტონი ყოველთვის ცხოველის (ირმის, ცხენის, ხარის) ან ადამიანის თავის გამოსახულებით სრულდებოდა. ეს ულამაზესი ნივთი ფართოდ იყო გავრცელებული საბერძნეთში, სპარსეთსა და სკვითებში, მას უმთავრესად წვეულებებსა და სარიტუალო ზეიმების დროს იყენებდნენ. დადიანების სასახლეში დაცული „თალიგონოს რიტონის“ შემორჩენილი ნაწილი ძალიან ჰგავს პართიულ ვერცხლის ირმისთავა რიტონს (ჩვ.წ.აღ 50 წ.0 და ბულგარეთში, ვრაცაში, აღმოჩენილ თხისთავა ოქროს სასმისს (ჩვ.წ.აღ. VI-IVსს), რომელიც შესაძლოა მივამსგავსოთ ერმიტაჟში დაცულ სკვითურ-ყუბანურ ნივთებს (სასმისებს). ასე რომ, პასუხი ყველა კითხვას გაეცა: - მილი სასმისის ცენტრალურ კორპუსის თავთან აერთებდა, ქვედა ხვრელი და სამაგრი კი რიტონის სადგამს უერთებოდა, არაბრუნებრივად წაგრძელებული თავი და ვერტიკალური რქები - სასმისის სიმძიმის ცენტრს აწონასწორებდა. ამდენად, თალიგონის განძის სახით მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ ერთი ხელოვნების საუკეთესო ნიმუში შეემატა, საქართველოში კი ეს პირველი ოქროს რიტონია. „კვირის პალიტრის“ მკითხველს ვთავაზობთ ფრაგმენტებისაგან აღდგენილი „თალიგონის რიტონის“ ექსკუზიურ მონტაჟის საშუალებით შესაძლებელი გახდა მისი თავდაპირველი სახის წარმოდგენა. ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებლის, აკაკი ჭანტურიას წყალობით, ეს უნიკალური ნივთი განადგურებას გადაურჩა, უბირი მუშებისა და ხარბი მილიციელების ხელთაგან დახსნილი განძის ფრაგმენტებმა თითქმის 80 წლის შემდეგ მეორე სიცოცხლე პოვა. საიდუმლო უკვე ამოხსნილია, „თალიგონის რიტონის“ პროფესიული რესტავრაცია და მისთვის პირველეული სახის მინიჭება მხოლოდ მომავლის საქმეა.

„კვირის პალიტრა“ 6-12 მარტი 2006 წელი

თაგილონი და მისი განძი

წყარო: http://samegrelo.borbonchia.ge/presadaistoria/422-.html

http://bashkura.blogspot.com/2011/08/blog-post.html

სოფელი თაგილონი მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე ენგურის მარჯვენა საბაპიროზე. ზღვის დონიდან 80მ, რაიონული ცენტრიდან (გალი) 15 კმ-ზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფ.ჭუბურხინჯი, დასავლეთით სოფ.სიდა, სამხრეთით ნაბაკევი - აღმოსავლეთით კი (ენგურს გაღმა) ზუგდიდის რ-ნის, სოფ.შამგონა. 1993 წლის 30 სექტემბრიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სოფელში 1992-93 წლის აფხაზეთის კონფლიქტამდე ცხოვრობმა 600-მდე კომლი. გადმოცემის თანახმად ტოპონიმი თაგილონი მომდინარეობს მეგრულიდან: სახლისკენ მიმავალ კაცს, გზად ხიდი ჩატყდომია, გადავარდნილა და თაქ გინოლ" - რაც ნიშნავს აქ გადავარდაო. დროთა განმავლობაში "თაქ გინოლ"-მა მიიღო ფორმა თაგილონი და დაერქვა სოფელს.

თაგილონის განძი

თაგილონი და მისი განძი ძვ.წ. XI-X საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩნდა სოფ.თაგილონში (გალის რაიონი), მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირას. ყველაზე ადრეული მასალები "წიფურიაში" აღმართულ "დიხა გუძუბაზეა" აღმოჩენილი. ბრინჯაოს ქვაბში ეწყო კოლხური ცულის ჩამოსასხმელი სპილენძის ორსაგდულიანი ყალიბი, მეორე ასეთივე ცულის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ბრინჯაოს დიდი სეგმენტური იარაღი, კოლხური ცული და ფირფიტის ნატეხი. 2.I-II საუკუნეების მდიდრული სამარხის ინვენტარის ნაწილი. სამარხი მამაკაცისა იყო, აღმოჩნდა შემთხვევით 1930 წელს სოფ.თაგილონის მახლობლად. აღმოჩენილი ნივთებიდან შემორჩა ჯაჭვის პერანგისა და მუზარადის ნაწილები, მახვილის (ან სატევრის) ვადის ოქროს გარსაკრავები, რკინის ლაგამი, სარტყლის ან ცხენის ავშარის შესამკობელი ოქროს გავარსიანი მძივი, ირმის სარიტუალო ოქროს ქანდაკების თავი, ვერცხლის 14 ჭურჭელი და მათი ნატეხები (ცილინდრული, ნახევარსფერული და კვერცხისებრი სასმისები, ქუსლიანი და ორყურა თასები, ლამბაქი, ლანგრებისა და ემბლემიანი პინაკის ნატეხები და სხვა). ვერცხლის ჭურჭელი I საუკუნის რომაული პროვინციული ნაწარმია და ბოსკორეალესა და ჰილდესჰაიმის განძების ჭურჭლის მსგავსია. თაგილონის განძის ოქროს ნივთების უმრავლესობა მდიდრულადაა შემკული ცვარათი და ფერადი თვლებით. მსგავსი ოქროს ნაწარმი ცნობილია ჩრდილოეთი კავკასიისა და ყუბანისპირეთის ადრინდელი სარმატული სამარტებიდან. თაგილონის განძში აღკაზმულობისა და აბჯრის აღმოჩენა გვიჩვენებს მის სიახლოვეს სარმატულ სამყაროსთან. სავარაუდოა, თაგილონში აღმოჩენილი სამარხი ეკუთვნის სოციალური დიფერენცირებული საზოგადოების ზედა ფენის წარმომადგენელს და ასახავს კულტურის ელემენტთა იმ გადაადგილებასა და მჭიდრო კონტაქტებს, რაც, ანტიკური წერილობითი წყაროებით, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე I საუკუნეში ივარაუდება. ორივე განძი დაცულია ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

წიფურია

წიფურია შუა საუკუნების (ძირითადად XVII ს.) ისტორიული სავაჭრო-სახელოსნო პუნქტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, ვარაუდით ახლანდელი გალის რაიონის სოფ.თაგილონის ტერიტორიაზე. სახელწოდება წარმოდგება "წიფლნარიდან" (მეგრულად "წიფური"). წიფურია (ზოგ მეცნიერს გამოყენებული აქვს ტოპონიმი წიფლნარი) კათოლიკე მისიონერთა საქმიანობის ცენტრიც იყო. გარკვეულ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ არქანჯელო ლამბერტი, ჯუზეპე ჯუდიჩე, კრისტოფორო დე კასტელი და სხვები.

თაგილონის ეკლესია

(ჩე ოხვამე)

გალის რაიონის სოფ.თაგილონში მდებარეობს ადგილობრივი რიყის ქვისაგან ნაგები ტაძარი, რომელიც წარმოადგენს ბაზილიკის ფორმის საეკლესიო ნაგებობას. ეკლესია აგებული უნდა იყოს XVI-XVII საუკუნეებში ადგილობრივი ფეოდალების მიერ. ადგილობრივები მას ჩე ოხვამეს უწოდებენ (თეთრი სამლოცველო). მიმდებარე ტერიტორიაზეა უძველესი წინა საუკუნეების სასაფლაო. ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა: ტაძარი დაზიანებულია, ჩამონგრეულია კედლების ნაწილი. თუმცა კედლები მთელ სიმაღლეზე ჩანს. 2008 წლის გაზაფხულზე თაგილონის ტაძარი გაასუფთავეს ადგილობრივი ქართული სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.