topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გ. გამყრელიძე - ვერცხლის რიტონი სოფ.გომიდან

<უკან დაბრუნება... <<<უძველესი საქართველო // ექსპონატები>>>

(+)

გელა გამყრელიძე

ვერცხლის რიტონი სოფ.გომიდან

არქეოლოგიური კვლევის ცენტრი (სმა-ს)

კოლხოლოგიური ნარკვევები, გვ.138-155, 2010 წ.

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/11039/1/Kolxologiuri_%20Narkvevebi.%20Gamkrelidze%2cG..pdf

http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=95&info_id=11629

II

საქართველოს მთიან მხარეში, ზემო რაჭაში, აღმოჩენილი ბრძოლის სცენის გამოსახულებიანი ვერცხლის სასმისი ტორევტიკის ფრიად უნიკალური ნიმუშია. საყურადღებოა მისი სიუჟეტი და ორნამენტული სამკაული. ვერცხლის სასმისი წაგრძელებული კონუსის ფორმისაა; შემორჩენილი სიმაღლე 13 სმ; პირის დმ – 6,5 სმ; წონა – 86 გ; დაზიანებულია პირ-ყელის ნაწილი; მოტეხილია ქვედა ნაწილი. სასმისი ქუთაისის მუზეუმის ძვირფასი ლითონების ფონდში ინახება (ინვ.N111) [29,გვ.37]. სასმისი ვერცხლის ერთიანი ფურცლისაგანაა დამზადებული. გამორიცხული არ არის, რომ რელიეფი ჯერ ბრტყელ ფურცელზე გაკეთდა და შემდგომ შეიკრა. ამიტომაცაა, რომ ფიგურები რამდენადმე დეფორმირებული და პროპორციები დარღვეულია. სასმისს სამი სარტყელი ამკობს. ზემოდან პირველი – კანელურებიანი ფრიზი; მეორე – ოთხი ადამიანის ურთიერთბრძოლის სცენა; მესამე – ორი ცხოველი და ხე. მოცემული გამოსახულებები სასმისის კედელზე სიმეტრიულადაა განლაგებული. კანელურების ქვემოთ ორი ორთაბრძოლის სცენაა გამოხატული. მარცხნიდან პირველ წვეროსან ადამიანს თავზე მუზარადი ახურავს; ზეაწეულ ხელში საძგერებლად გამზადებული მოკლე შუბი უპყრია, ხოლო მარცხენა ხელში ოთხკუთხა ფარი უჭირავს. მეომარს სხეულზე მოკლე ტანსაცმელი მოსავს, ხოლო მის ქვემოთ შიშველი ფეხები მოუჩანს. ფეხზე, კოჭთან, სარტყლებით გადმოცემული ფეხსაცმელი აცვია. მეორე მეომარი სახით პირველისაკენაა გამოსახული და მშვილდ-ისარს უმიზნებს პირველს. მას თავზე მუზარადი, ტანზე უსახელო სამოსი და პირველი მეომრისნაირი ფეხსაცმელი აცვია. მესამე მეომარი მეორისადმი ზურგით დგას, თავზე მუზარადი ახურავს; მარჯვენა ხელში სატევარი უპყრია, ხოლო მარცხენა ხელში პირველი მეომრისნაირი ფარი უჭირავს. მეოთხე მეომრის ფიგურა სახით მესამისაკენაა მიმართული და ხელში შუბი უჭირავს. ფიგურების ზოგიერთი ნაწილი დაზიანებულ-დეფორმირებულია. მეომართა ქვემოთ რვატოტიანი ხეა და ერთმანეთის პირისპირ მდგომი შველი და მგელია. სასმისზე გამოსახულებების გადმოცემის ტექნიკა დაჭდევის, ამოკაწვრის და რელიეფის შიგნიდან ამოზნექის ხერხებითაა წარმოჩენილი. ამოზნექილი ფიგურების კონტურები კი მკვეთრადაა შემოვლებული. ფიგურები სქემატურნატურალისტურია; დაბალი რელიეფით და ჩაჭდეული ხაზებითაა გაკეთებული. რელიეფი არც თუ მაღალი კლასის ოსტატის მიერ უნდა იყოს შესრულებული. ოთხივე მებრძოლის ტანი სამმეოთხედში, ხოლო თავი პროფილშია გამოხატული. მეომრების წვერ-ულვაში ხაზებითაა მოცემული. ზედა და ქვედა კომპოზიციის სივრცობრივი გადაწყვეტა მარტივია. ქვედა სიუჟეტში შვლის უკან ჩანს ხე, რითაც იქმნება ორი სხვადასხვა სიბრტყის ილუზია. მებრძოლების ოთხკუთხა ფარებზე ჰორიზონტალური შტრიხებით კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელოსანი ეცადა შეექმნა მხატვრული პერსპექტივის ილუზია. ბრძოლის სცენის კომპოზიციის მეომართა დინამიკური პოზები აგრესიული ექსპრესიის განწყობას ქმნის. ცენტრში, უკანა პლანზე გამოსახული ხე ზედა და ქვედა სიუჟეტების დამაკავშირებელ, მთავარ სიმბოლოდ აღიქმება. სასმისზე გამოხატულ სიუჟეტებს ჯერჯერობით კავკასიაში და მის გარშემო ზუსტი მხატვრულსტილისტური ანალოგია არ მოეპოვება. შეიძლება ზოგადი მსგავსება ვეძებოთ მხოლოდ მის საკრალურ (ხე, ცხოველები) და ნივთიერ (საჭურველ-იარაღი) მონაცემებში. სამწუხაროდ, აქამდე ეს საყურადღებო ვერცხლის სასმისი სამეცნიერო მიმოქცევაში არაა შემოტანილი. მკვლევართათვის ისიც კი უცნობი იყო, თუ დასავლეთ საქართველოს რომელი ადგილიდან მოხვდა იგი ქ.ქუთაისის მუზეუმში. მუზეუმის დავთარში მოკლედ ჩაწერილია, რომ ნივთი 1930 წელს ჩააბარა ისტორიკოს-მხარეთმცოდნე გიორგი ბოჭორიძემ, რომელიც 1937 წლის უსამართლო რეპრესიებმა შეიწირა. ამდენად, გ.ბოჭორიძის მონოგრაფია – "რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები" მხოლოდ 1994 წელს დაისტამბა. ამ საყურადღებო წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ნათელი მოეფინა მოცემული სასმისის აღმოჩენის ადგილმდებარეობას. კერძოდ, სასმისი გ.ბოჭორიძეს ზემო რაჭაში, სოფ. გომის (მდ. გომურას მარჯვენა ნაპირზე) მთავარანგელოზის, სავალალოდ დანგრეული, ეკლესიიდან ქუთაისის მუზეუმში ჩამოუტანია. სოფ. გომი, ისევე როგორც სოფ.ჯინჭვისის და უწერის სანახები შუა საუკუნეებში აზნაურ გამყრელიძეებს ეკუთვნოდათ. შემონახულია 1458 წ. მეფე გიორგი VIII მიერ მათზე გაცემული სიგელი (ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებში – Hd-10149) (დაწვრილებით იხ.[3, გვ.209,331, 355; 2, გვ.21-23, 82,122]).

(+)

გ. ბოჭორიძის ნაშრომში ჩამოთვლილია სოფ.გომის მთავარანგელოზის ეკლესიაში დადასტურებული ნივთები: "ვერცხლის სასმისი 13 სმ, შემკული მშვილდ-ისრითა და შუბით მეომარი ხალხის ჭედური სურათებით; დაზიანებულია. ძეგლი ეკუთვნის უძველეს ხანას. სპილენძის თასი 1 ცალი. ბრინჯაოს სარტყლის ნაწილი, შემკული ცხოველთა სახეებით – 2 ცალი. ბრინჯაოს სამაჯური დიდ-პატარა 2 ცალი. ბრინჯაოს ქინძისთავი 2 ცალი. ბრინჯაოს ბეჭედი 1 ცალი. ბრინჯაოს წვრილი ნივთები 7 ცალი. მინის სამკაულის ნაშთი. რქის ბეჭედი 1 ცალი. მძივები ერთი ასხმა, მათში 8 მოზრდილი. მძივების ნატეხები 16 ცალი..." [3, გვ.254]. მკითხველი თუ დააკვირდება, აქ მოხსენიებული ნივთები – ვერცხლის სასმისი, ბრინჯაოს თასი, ბრინჯაოს ბეჭედი, მძივები (მათი დღევანდელი შენახვის ადგილი უცნობია) ის ნივთებია, რომლებიც ხშირად არქეოლოგიურად შესწავლილ წინაქრისტიანულ სამაროვნებში გვხვდება. სადღეისოდ, სოფ.გომთან ყველაზე ახლოს მდებარეობს სოფ.ღებთან მდებარე ბრილის ცნობილი არქეოლოგიური მრავალფენიანი ძეგლი. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ აქ შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები სოფ. გომის მთავარანგელოზის ეკლესიას შესწირეს.

(+)

ამ მხრივ საყურადღებო ცნობას გვაწვდის ეთნოგრაფი სერგი მაკალათია. კერძოდ, "ბრილში ოყა ლობჯანიძეს მიწის ხვნის დროს არაერთხელ გაუხსნია ძველი აკლდამა-სამარხები ... ამოუკრეფია ჭურჭელი, ბრინჯაოს სამკაულები, ქანდაკებები და მძივები" [14, გვ.14]. მთიან საქართველოში, ძველი ჩვეულების მიხედვით, მორწმუნე ადამიანი, რასაც კარგ, უჩვეულო ძვირფას ნივთს შემთხვევით იპოვიდა, ყველაფერს სოფლის ეკლესიას სწირავდა. აქედან კი ნივთის გატანა დიდ მკრეხელობად ითვლებოდა. ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში რაჭის და სვანეთის ეკლესიებში უამრავი უძველესი ნივთი დაგროვდა [25, გვ.4-7; 14, გვ.87]. სოფ.გომში აღმოჩენილი სასმისის ფორმა – ცილინდრული ყელი და მოგრძო, ქვემოთკენ დავიწროვებული ტანი, ბოლოში გადანატეხით (მოტეხილია სასმისის პროტომი) გვაფიქრებინებს, რომ ის რიტონი უნდა იყოს. რიტონებს იყენებდნენ სასმისად. ისინი ძირითადად ორგვარია - მოკლეყელიანი, ცხოველის თავის გამოსახულებით და ყანწისმაგვარი, წვერთან სხვადასხვა არსებათა მცირე ფიგურებით. საქართველოში მეღვინეობის უძველესი ფესვები გვაფიქრებინებს, რომ ყანწ-რიტონი აქ სასმისის უძველესი ფორმაა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იხმარებოდა.საერთოდ, რიტონის წარმომავლობის შესახებ მრავალნაირი მოსაზრება არსებობს [64, გვ.6-15; 61, გვ.4-13]. მკვლევართა ერთი ნაწილი თვლის, რომ რიტონი პირველად დაამზადეს მცირე აზიაში [1, გვ.51]. მეორე ნაწილის აზრით, რიტონის სამშობლო ირანია [62, გვ.8-14], მესამე ნაწილის მიხედვით, გამორიცხულია, რომ რიტონისნაირი სასმისი მაინცდამაინც ერთ რომელიმე ადგილას შეექმნათ [54, გვ.107-108; 46, გვ.215-235].მართლაც, შესაძლოა, რომ რიტონი, სრულიად დამოუკიდებლად გაჩენილიყო მეცხოველეობის მიმდევარ ამა თუ იმ რეგიონებში [4, გვ.73-81], რადგან გამოფხეკილი რქა ბუნებრივი და მარტივად დასამზადებელი სასმისია. ყანწ-რიტონი, რომელიც თავდაპირველად ცხოველის რქისაგან კეთდებოდა, დროთა განმავლობაში სხვადასხვა მასალისა (თიხა, ლითონი, სპილოს ეშვი, მინა) და სხვადასხვანაირი ფორმის მზადდება. რიტონის დამზადებაში უფრო განვითარებული საფეხური უნდა იყოს ლითონის მასალისაგან მისი გაკეთება. ჩანს, ამ დროისათვის ის სარიტუალო ჭურჭლის დანიშნულებას იძენს. ამ პერიოდისათვის ლითონის რიტონები განსაკუთრებით ვრცელდება შავი ზღვისპირეთში, კავკასიაში, აღმოსავლეთ ანატოლიასა და ირანში [32, გვ.36-47]. მარტო დნეპრისპირეთიდან ჩრდილო კავკასიის ჩათვლით, ყორღანებში 21 ცალია არქეოლოგიურად დადასტურებული (სემიბრატნის ყორღანი, კელერმესის ყორღანი, ულიაპსკის ყორღანი, კულ-ობა, ტოლსტაია-მოგილას, სოლოხას ყორღანი, ტალაევსკის ყორღანი, ყარაგოდეუაშხის ყორღანი და სხვ.) [36, გვ.65].

საქართველოში არქეოლოგიურად აღმოჩენილია გამოსახულებები ხელში ყანწ-რიტონით. მაგალითად: ქ.გუდაუთასთან (ადგილი ბომბორა) ნაპოვნი მჯდომარე ადამიანის ფიგურა, რომელსაც ხელში ყანწ-რიტონი აქვს; ორი მამაკაცის ფიგურა რიტონით ხელში დაბა ყაზბეგიდან; ქ.მცხეთაში, არმაზისხევის N6 სამარხში გათხრილი ქალღმერთის გამოსახულება ყანწით [63, გვ.30] ხელში; ქალღმერთი ყანწით, ვერცხლის ლანგარზე სოფ.ციხისძირიდან; ვანის ნაქალაქარზე გათხრილი ღვთაების ქანდაკება ყანწით ხელში [37, ტაბ.XLVIII; 27, ტაბ.VII, IX; 7, გვ.33, ტაბ.VIII1; 5, გვ.135-138]. "სიუხვის ყანწი", ყანწ-რიტონი ხშირად ერთ-ერთი ატრიბუტი იყო ღვთაებების. სამარხეულ ნივთებში რიტონის სიმრავლე გვავარაუდებინებს, რომ მათი ერთ-ერთი საკრალური ფუნქცია იყო რიტონის გამოყენება მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ რიტუალში – საფლავში ჩატანება (მაგ.ლეკითოსებივით), ან მის სამარესთან ყანწ-რიტონით მოსახსენებლის შესმა. საქართველოს ტერიტორიაზე რიტონები აღმოჩენილია – ქ.გუდაუთასთან ბრინჯაოს რიტონი გარეული თხის პროტომით [44, გვ.33]; დაბა ყაზბეგიდან ვერცხლის რიტონი ვერძის თავიანი პროტომით [27, გვ.52, ტაბ.XV3]; ყაზბეგის მიდამოებიდანვეა ხბოს თავის გამოსახულებიანი ვერცხლის რიტონი (ინახება ს.-პეტერბურგის ერმიტაჟის აღმოსავლეთის ფონდში); ქ.ბორჯომთან, ბორნიღელეს სამაროვნის ბრინჯაოს რიტონი [39, გვ.50, ტაბ.65, 8;60, გვ.152]; სოფ.მთისძირის ვერცხლის რიტონი [59, გვ.211-216]; ვანის ნაქალაქარიდან ტახის თავიანი თიხის რიტონი; უფლისციხის ნაქალაქარიდან თიხის რიტონი [24, გვ.76]; მდ.წებელდის ხეობიდან მინის სამი რიტონი [38, გვ.76-77, სურ.20; 7, 8, 11]; ურბნისის ნაქალაქარის სამაროვანიდან მინის რიტონი [17, გვ.72, ტაბ.124]; ქ. მცხეთის, სამთავროს სამაროვანიდან მინის რიტონი [19, გვ.26, სურ.3]. სოფ.გომში აღმოჩენილი სასმისი ყანწისებური რიტონის ტიპს მიეკუთვნება. მასზე გამოსახული ოთხიდან ორ მეომარს ერთნაირი კონფიგურაციის ფარი უჭირავს, რომლებიც მენჯიდან მხრამდე ფარავთ. ფარი ოთხკუთხაა და მარჯვენა ზედა კუთხე ამოჭრილი აქვს. ფარი ნახატზე ისეა გამოსახული, რომ მკლავზე მარყუჟით დამაგრებული ჩანს და ხელის ჩასაჭიდიც უნდა ჰქონოდა. ამგვარად, მებრძოლს ფარი უფრო მარჯვედ, მოხერხებულად ეკავა და თუ დასჭირდებოდა, ბრძოლის დროს ორივე ხელის ხმარება შეეძლო (ფარის ასეთ სამაგრს პირველად ჰოპლიტები იყენებდნენ [8, გვ.35]). გომის სასმისის ფარის მარჯვენა კუთხე ამოჭრილი იყო, რაც მეომარს ლავირების დროს გამოხედვის საშუალებას აძლევდა და მოხერხებული უნდა ყოფილიყო. ფარის ამგვარი დეტალი მხოლოდ ამ გამოსახულებებზეა აღნიშნული და სხვაგან არ გვხვდება. ამიტომ, სავარუდოა ეს გამოსახედი საბრძოლო აღჭურვილობის განვითარებაში ადგილობრივ ნოვაციად მივიჩნიოთ. გამოსახედიანი ფარები სხვაგანაცაა აღმოჩენილი, მაგრამ მათზე სიმეტრია არაა დარღვეული. მაგ.: ე.წ.ნახევარმთვარისებური ფარები ან გამოსახედიანი ფარი, რომელიც ქ.ხერსონესში I ს-ის რელიეფზე გამოხატულ მეომარს უკავია. სასმისის ჭედურობაზე ფარი მოცემულია ვერტიკალური ხაზებით და ხის ფაქტურას მოგვაგონებს. ხის მოგრძო ნაჭრები ჰორიზონტალურად, ალბათ, ლითონის ორი სარტყლითაა შეკრული. სარტყლებს შორის ლათინური ვე-ს მაგვარი, ჰორიზონტალურად გადმოცემული ნიშანი (<), რაღაც ემბლემა შეიმჩნევა. ოთხკუთხა (მომრგვალებულ კუთხეებიანი) ფარები დადასტურებულია ყარაშამბას ვერცხლის თასზე, რომელიც მდ.რაზდანის შუა წელზე, ძვ.წ. II ათასწლეულით დათარიღებულ სამარხში აღმოჩნდა [51, გვ.145]; ტრაპეციისებური ფარები სტეფანავანში, გვიანბრინჯაოს ხანის სამარხში აღმოჩენილ სარტყელზეა [48, სურ.65]; კარმირ-ბლურში, კარების ბრინჯაოს გარსაკრავზე გამოსახულია ქ.სუგუნის აღება. სადაც ასურელ მეომრებს ხელში მოგრძო, კუთხეებიანი ფარები უჭირავთ [52, ტაბ.IV]; ჩელტის ოთხკუთხა ფარები აქვთ აბუ-სიმბელის ტაძარში დადასტურებულ ძვ.წ. 1312 წ. ქადეშის ბრძოლის სცენაზე, საბრძოლო ეტლებზე ამხედრებულ რამსეს II მოწინააღმდეგე მეომრებს [42, გვ.132, სურ.1]; მომრგვალებულ კუთხეებიანი ოთხკუთხა ფარი აქვს ხელში სოლოხას სახელით ცნობილ სამარხში აღმოჩენილ ოქროს სავარცხელზე გამოხატულ ე.წ. სკვით მეომარს [47, სურ.34]. აქვე აღსანიშნავია, რომ სკვითურ-სარმატული სამყაროსთვის ფარები ნაკლებადაა დამახასიათებელი. თითქმის არ გვხვდება ისინი არც მათ მრავალრიცხოვან არქეოლოგიურ მასალაში. სამარხებიდან ცნობილია მხოლოდ ხუთიოდე მათგანი, რომლებიც მიჩნეულია ფარის ნაშთებად [50, გვ.78; 55, გვ.63].

ჰეროდოტეს მიხედვით, ქსერქსეს ჯარში ირანელები ჩელტის წრიული ფარებით იყვნენ აღჭურვილი (VII, 61). ეგეოსურ-ბერძნული სამყაროსათვის ოთხკუთხა ფარები დამახასიათებელი არაა. ადრეული რომაული ფარები წრიულია, ხოლო დაახლოებით ძვ.წ. III ს-დან ჩნდება ოთხკუთხა, ვერტიკალზე ოდნავ მოღუნული ფარები. პოლიბიოსი "ისტორიაში" (VI, 23, 2-4) გადმოგვცემს, რომ ფარები შედგება ხის ფირფიტებისაგან და დაფარულია ტყავით (ზომები დაახლოებით 120X80 სმ). ფარს, ზედა და ქვედა მხარეს, შესაკვრელად რკინის გარსაკრავები ერტყა. შემდგომ, კუთხეებიანთან ერთად თანაარსებობენ ოვალური და მოგრძო წაკვეთილ ბოლოებიანი რომბისებური, ექვსკუთხა ფარებიც. ფარის ცენტრში წრიული ლითონის უმბონი იყო. სამივე (ოთხკუთხა, ექვსკუთხა, ოვალური) ტიპის ფარი ქ.რომში ლუციუს სეპტიმიუს სევერუსის ტრიუმფალური თაღის რელიეფებზეა გამოხატული. ოთხკუთხა ფარებია გამოხატული ქ.პომპეიში აღმოჩენილ გლადიატორთა ბრძოლის სცენებზეც. მარკუს ფურიუს კამილუსის დიქტატორობისას, რომაელი ქვეითის ძირითად ფარად იქცა ოთხკუთხა ფარი – სკუტუმი (scutum). აქედან მოყოლებული, დაახლოებით ახ.წ. III საუკუნემდე ამ ტიპის ფარები დომინირებენ რომის ქვეით არმიაში (ცხენოსნებს ოვალური აქვთ). ამგვარი ოთხკუთხა ფარები უნდა ჰქონოდათ პომპეუსის ლეგიონერებს, როცა ძვ.წ. 65 წელს პირველად გამოჩნდნენ ტრანსკავკასიაში და იბერიის მეფე არტოკესთან მოუხდათ შეტაკება [იხ.5, გვ.57-69]. რომის იმპერიის ეპოქაში ფარის ზომები შემცირდა და ძირითადად მეომრის ტორსს ფარავდა [57, გვ.230-234]. დასავლეთ საქართველოში, წებელდაში სტეკლიანის გორაზე გათხრილ არქეოლოგიურ კომპლექსში, რომელიც IV ს-ით თარიღდება, ოთხკუთხა ხის ფარი, კუთხეებში რკინის სამაგრებით და ლურსმნებიანი გარსაკრავით (ზომა - 48X68სმ) აღმოჩნდა [38, გვ.95, სურ.33]. საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებულ არქეოლოგიურ მონაცემებში ხშირად ჩნდება ფარის წრიული, ბრინჯაოს ან რკინის "გული", უმბონი. ფარის ხისა და ტყავის სხვა ნაწილები მიწაში ცუდად ინახებოდა. უმბონის წრიულობა არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ფარიც აუცილებლად წრიული იყო (მაგ. წრიულ უმბონიანი რომაული ოთხკუთხა სკუტუმები). ფარის წრიულობის შესახებ მოსაზრება საქართველოს მთიანეთის ეთნოგრაფიულ მონაცემებს ეყრდნობა. ამ ფარების დიამეტრი 30-40სმ-მდეა [26,გვ.227-232]. ვარსიმაანთკარის არქეოლოგიურ ძეგლზეც მხოლოდ ფარის გულებია შემორჩენილი და არა ფარები [შეადარე, 16, გვ.67-72]. საქართველოში ფარის ლითონის წრიული უმბონები და გარსაკრავები არქეოლოგიურ ძეგლებზე ძირითადად გვიანბრინჯაო ადრერკინის ხანიდან ჩანს; კერძოდ, ბადიაურში, ლილოში, მელაანში, ვანთაში, ურეკში, ყაზბეგში, სამთავროში, კამარახევში, ვარსიმაანთკარში, ვანში (N9 სამარხში), ხუცუბანში, წებელდაში, ეშერში, ბრილში და სხვ. საყურადღებოა, რომ ჰოპლიტური, წრიული ფარებია აღმოჩენილი წითელი შუქურას N7 სამარხში და ახულ-აბაას სამარხში [8, გვ.32-40]. ალბათ, ლითონის უმბონიან, ლითონითვე შეჭედილ და უცხოურ (მაგ.ჰოპლიტურ) ფარებს შეძლებული, წარჩინებული მეომრები ატარებდნენ. ეს შეიმჩნევა, მაგალითად, ვარსიმაანთკარის არქეოლოგიური ძეგლიდანაც, სადაც 166 სამარხიდან მხოლოდ ორში დადასტურდა ფარის "გული"(დმ - 30სმ) [16, გვ.71]. რიგითი მეომრები ჩელტის, ტოტებისაგან დაწნული ლასტის ან ხის ტყავგადაკრულ ფარებს ატარებდნენ, რომლებიც მიწაში მოხვედრის გამო არაა შემორჩენილი. ბერძნულ წერილობით წყაროებში მოიხსენიება ქართველური მოსახლეობის (კოლხების, მოსინიკების, მოსხების, ხალიბების) ფარები. კერძოდ, ჰეროდოტე აღნიშნავს – "კოლხებს თავზე ხის მუზარადები ჰქონდათ, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები, ამის გარდა დანები" (VII, 79; იხ.აგრეთვე VII, 78). ქსენოფონტის "ანაბასისში" ხალიბების ხარის ტყავისაგან გაკეთებული ფარები მოიხსენიება (IV, 7, 22). აქვე ნახსენებია, რომ მოსინიკების მეომრებს "ყოველს ხელში ეკავა სუროს ფოთლის ნაირი ფარი, ხარის თეთრი ბეწვიანი ტყავით დაფარული" (V, 12). სტრაბონი "გეოგრაფიაში" გადმოგვცემს, ალბანელები "არიან შუბოსნები და მშვილდოსნები, აქვთ ტყავის აბჯრები და ფარები იბერების მსგავსად (XI, 4, 5). აქ ნახსენებია რომაული სკუტუმის მსგავსი ფარი – θυρεος  [იხ.40, გვ.802]. მნიშვნელოვანია, რომ "გეოგრაფიის" ეს მონაკვეთი ქრონოლოგიურად კავკასიაში რომაელი სარდლის პომპეუსის ალბანელებთან და იბერებთან ბრძოლის დროს ეხება. როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს, კოლხები, ხალიბები, მოსინიკები, იბერები ხმარობდნენ – ხარის ტყავის მცირე ფარებს; სუროს ფოთლის ფორმის ფარებს; სკუტუმის მსგავს კუთხეებიან ფარებს. ეს ფარები ზოგი ჩელტის იყო, ზოგიც ხის და ტყავგადაკრული. არქეოლოგიურ მასალაში უმბონების დადასტურება მიგვანიშნებს იმაზე, რომ ფარის კონსტრუქციაში ხშირად ლითონიც გამოიყენებოდა. სოფ.გომის სასმისზე კი, მომცრო სკუტუმის მსგავსი ფარებია გამოსახული; მხოლოდ, მათ მარჯვენა ზედა კუთხის ადგილზე გამოსახედი აქვს. ამ ფარების კონსტრუქციის ეს ელემენტი მიგვითითებს სამხედრო აღჭურვილობის გამორჩეულ მხარეზე. გომის სასმისზე ასახულ მეომრებს მოკლე სამოსი აცვიათ, რომელიც მენჯს ქვემოთ ფარავდა. ტანისამოსი გადმოცემულია ვერტიკალური ხაზებით. პირველ და მეორე მეომარს თითქოს ზემოდან უსახელო სამოსიც მოსავს. პირველ და მესამე მეომარს წელზე ქამრები აქვთ.

როგორც ზემოთაც აღვნიშნე, გამოსახულებები ფრიად სქემატურია და ამიტომ დაბეჯითებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. გამორიცხული არაა, რომ მებრძოლებს აბჯარი ეცვათ. არც ის არის გამოსარიცხი, რომ ხაზებით მოცემულია რომაული ლორიკას მაგვარი აბჯარი. მესამე მეომარს შარვალიც აცვია, რაც სკვითურ-სარმატული სამყაროსთვის დამახასიათებელი ელემენტია. გავიხსენოთ მოკლე ზედა ტანის და შარვლის კომბინაცია, მაგ.სოლოხას სავარცხელზე გამოხატული მეომრის ფარიანი ფიგურა. ქსენოფონტი "ანაბასისში" მოგვითხრობს: მოსინიკებს "...ეცვათ ტილოს მკვრივი მოკლე ქიტონები, რომელნიც მუხლებს არ სწვდებოდა..."(V, 4, 13). ქსენოფონტი აქვე აღნიშნავს, ხალიბებს "... ჰქონდათ სელის აბჯრები, მუცლის ქვედა ნაწილამდე, ხოლო ქვემოთ მჭიდროდ დაგრეხილი თოკები" (IV, 7, 15), წელზე ქამრები ერტყათ. საყურადღებოა, რომ ოთხიდან სამ მებრძოლს ფეხები, რომაელი ლეგიონერებივით შიშველი აქვს და ფეხზე კოჭთან შეკრული ფეხსაცმელი აცვია. ცნობილია, რომ ბერძენი მეომრები ხშირად კნემიდებით იფარავდნენ ფეხებს. ხალიბებსაც ჰქონდათ კნემიდები (ქსენოფონტი, ანაბასისი, IV, 7,16). საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიურად დადასტურებულია ბრინჯაოს და რკინის საჯავშნე ფირფიტები და ჯაჭვის რგოლები. კერძოდ, ისინი აღმოჩნდა – ვანში, ეშერში, თაგილონში, კლდეეთში, წებელდაში (შაპკა). ვანის ნაქალაქარზე, მეომრის (N2) სამარხში დადასტურდა ასამდე რკინის ნახვრეტიანი ფირფიტა. ასეთი ფირფიტებისაგან შეკრულ აბჯარს ქერცლისებურს უწოდებენ. ნახვრეტებიანი ფირფიტები მაგრდებოდა ტყავზე ან მკვრივ ტილოზე და ფარავდა მეომრის ტორსს [10, გვ.183-184]. შესაძლოა, რომ სწორედ ამდაგვარი აბჯარი, რომელიც ჩაჭდეული ხაზებითაა გადმოცემული, ემოსათ გომის სასმისის მებრძოლებს. სასმისზე გამოხატულ ოთხივე მეომარს თავზე ახურავს ნახევარსფერული მუზარადი. ზოგიერთს თითქოს ცხვირსაფარი და ყბების საფარი მოუჩანს. ანტიკურის წინა ეპოქაში ცხვირსაფარი და ყბისსაფარი არ აქვთ მუზარადებზე [41, გვ.101, ტაბ.XVI]. ისინი არაა დამახასიათებელი არც ირანული სამყაროსათვის. ბერძნული და შემდეგ რომაული სამყაროსათვის კი ყბასაფარები შედარებით ხშირია [იხ. 56, გვ.65-136, 327]. საქართველოში არქეოლოგიურად აღმოჩენილია ე.წ.ქალკიდური, ჰოპლიტური მუზარადები – სოხუმთან, ქუთაისთან, სოფ.კოხთან (აჭარა), სოფ.შუხუთთან (ლანჩხუთის რ-ნი). ახლახან რომაული ნახევარსფერული მუზარადი აღმოჩნდა კახეთში, დედოფლისწყაროს რ-ნში სოფ.ზემო ქედში (აღმოაჩინა არქეოლოგმა ბ. მაისურაძემ). რომის რესპუბლიკის ეპოქაში მუზარადებს შუბლთან სიმტკიცისათვის უკეთებდნენ დამატებით ლითონის სარტყელს. ისეთს, როგორიც გომის სასმისზე პირველ და მეორე მეომრის მუზარადებს მოუჩანთ. რესპუბლიკის და იმპერიის ხანის რომაული მუზარადებისათვის ცხვირსაფარები ნაკლებადაა დამახასიათებელი [56, გვ.327-365; 57, გვ.228]. გომის სასმისზე, ალბათ, შერეული ტიპის (ბერძნულ-რომაული) ან კოლხური ხის მუზარადებია მოცემული. კოლხურის შესახებ ცნობას გვაწვდის ჰეროდოტე (VII, 79). ხის მუზარადები მოსხებსაც ეხურათ (ჰეროდოტე, VII, 78). უფრო მოგვიანო, კერძოდ, პომპეუსის იბერებთან ბრძოლის დროინდელ ამბებზე თხრობისას, სტრაბონი აღნიშნავს, იბერებს ტყავის მუზარადები ეხურათო (XI, 4, 5). გომის სასმისზე გამოსახულ პირველ მეომარს, ზეაწეულ ხელში, წვერით ქვემოთ, საძგერებლად გამზადებული შუბი უჭირავს. შუბი მოკლეა და რომბისებური შუბისპირი აქვს. შუბისპირის დამაგრების ადგილი ორი ჰორიზონტალური ხაზითაა გადმოცემული. ამდაგვარი შუბიანი მებრძოლია გამოსახული იმპერატორ კონსტანტინეს ტრიუმფალურ თაღზე ქ.რომში [35, სურ.279]. შუბის წვერით ქვემოთ დახრა თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს შუბი საძგერებელია და არა სატყორცნი. საქართველოს ანტიკური ხანის არქეოლოგიურ მონაცემებში შუბისპირები, სხვა იარაღთან შედარებით, პროცენტულად პირველ ადგილზე ჩანს, რაც იმის ნიშანია, რომ იმ დროს შუბი ძირითად საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა. ამასვე ადასტურებს წერილობითი ცნობებიც, რომელთა მიხედვითაც – შუბი წამყვანი იარაღია კოლხების, ხალიბების, მოსხების და იბერებისათვის (ჰეროდოტე, VII, 78, 79; "ანაბასისი"V, 2, 22; V, 4, 12; V, 4, 25; სტრაბონი XI, 4, 5). "შუბოსანი იბერების" სპეციალური რაზმის შესახებ აღნიშნავს პლუტარქეც (ლუკულსი,31). გომის სასმისზე მეორე მეომარს მარცხენა ხელში მშვილდ-ისარი უჭირავს და შუბიან მეომარს უმიზნებს. მშვილდი მომცრო და თანაბრად მორკალულია; ლარის მიბმის ადგილები ჰორიზონტალურადაა გამოხატული; ისრისპირი, სამკუთხა, დაქანებულ ფრთებიანია. ამგვარი ისრისპირები გვიანელინისტურ რომაული სამყაროსათვისაა უფრო დამახასიათებელი. საქართველოს არქეოლოგიურ მასალაში ისრისპირები პროცენტულად ცოტაა აღმოჩენილი. ალბათ, იმ პერიოდში მშვილდ-ისარს სამხედრო შეიარაღებაში მეორეხარისხოვანი ადგილი ეჭირა. ამასვე ადასტურებს ჰეროდოტეს (VII, 78, 79) და ქსენოფონტის (IV, 7, 15-16; IV, 8, 3; V, 2, 22; V, 4, 12) ცნობებიც. ისინი კოლხების, მოსხების, მოსინიკების, ხალიბების შეიარაღების ჩამოთვლა-აღწერისას მშვილდ-ისარს არ ახსენებენ. სამაგიეროდ, შემდეგ, რომაელების (პომპეუსის) ლაშქრობის დროს, იბერიაალბანეთში სტრაბონი იბერების შეიარაღების ჩამოთვლისას მშვილდისარსაც ახსენებს (XI, 4, 5). მშვილდოსანი იბერების შესახებ გადმოგვცემს აპიანეც (მითრიდატეს ომები, 101) და დიონ კასიუსიც (XXXVII, 2). სვანების მოწამლული ისრების შესახებ აღნიშნავს სტრაბონი (XI, 2, 19). სასმისზე მესამე და მეოთხე მებრძოლი ერთმანეთს მოკლე ორლესური სატევრით და შუბით ერკინებიან. რკინის სატევარი საქართველოს ანტიკური ხანის არქეოლოგიურ მასალაში შუბთან შედარებით ცოტაა; ისინი შედარებით მეტია გვიანანტიკურ ხანაში. მაგ.: არმაზისხევი, კლდეეთი, ჩხოროწყუ, ბრილი, წებელდა [21, გვ.74-75]. ჰეროდოტე შუბებთან ერთად ახსენებს მოკლე სატევრებს (დანებს?) (VII, 79). ქსენოფონტი "ანაბასისში" მიუთითებს, რომ ხალიბებს ქამარზე მოკლე სატევრები ეკიდათ (IV, 7, 16). გომის სასმისის ქვედა სარტყელზე პირისპირ დედალი, ურქო შველი და მგელია (მტაცებელი) გამოსახული. ამ ჯიშის ცხოველები კავკასიონის ხეობებში დღესაც ბინადრობენ. შველის უკან ხე მოჩანს. ვფიქრობთ, აქ ალეგორიულად დუალისტური კეთილისა და ბოროტის ბრძოლა აისახა (რაც ძირითადად ახასიათებდა ზოროასტრულ და შემდგომ მანიქეველურ რელიგიებს). ხე, ამ შემთხვევაში კეთილის მხარესაა (უკანაა). ზედა, მეომართა ბრძოლის სიუჟეტის, ალეგორიული გამოსახვა უნდა იყოს ქვედა სცენა, სადაც შველი სიკეთეს, კარგს, მგელი, ბოროტებას, ცუდს და ხე ნაყოფიერებას, სიცოცხლის გამარჯვებას და მტრის დამარცხებას ასახავს. გომის რიტონ-სასმისი, ალბათ, სპეციალურად ბრძოლაში დაღუპული, წარჩინებული მეომრისათვის, შესაწირად იყო დამზადებული და დაკრძალვის რიტუალში გამოიყენეს. ვფიქრობთ, მეომრებიანი სარტყლის ახსნაში, უფრო მიწიერი, ჩვეულებრივი, შესაძლოა ჩრდილო კავკასიელებთან, სარმატებთან ან ალანებთან ბრძოლაა გადმოცემული [იხ. 55, გვ.3-4].

სასმისის დამამზადებელმა, ადგილობრივმა ხელოსანმა, მისი შესაძლებლობის ფარგლებში, ასახა ის, რაც ნანახი ჰქონდა. ქვემოთა, ცხოველებიან სარტყელში კი ზედა სარტყლის თავისეული მსოფლმხედველობითი, საკრალური შინაარსი ჩადო, რომელიც იმ ეპოქას ახასიათებდა. გომის სასმისი მხატვრული თვალსაზრისით დამოუკიდებელი და უნიკალურია მეზობელი ქვეყნების ხელოვნების ძეგლებთან მიმართებაში. გომის სასმისს პირ-გვერდზე ვერტიკალურ-კანელურებიანი ფრიზი დაუყვება. კანელურები ქვედა მხარეს ე.წ. კამარებით ბოლოვდება. საქართველოს ტერიტორიაზე კანელურებიანი, ადგილობრივად დამზადებული ლითონის ჭურჭელი ჯერ კიდევ გვიანბრინჯაო ადრერკინის ხანაში ჩნდება. მაგ.: ლეჩხუმში [18, გვ.11, ტაბ.IX], თლიაში [53, გვ.75, სურ.63] აღმოჩენილი კანელურებიანი სიტულები. კანელურები, წინარეანტიკური ხანის კოლხური კერამიკის ყველაზე დამახასიათებელი ელემენტია, რომელიც ადრეანტიკურ ხანაშიც აგრძელებს არსებობას [13, გვ.57]. მაგრამ, ამ კერამიკაზე, გომის სასმისისაგან განსხვავებით, კანელურების ბოლოები ყოველთვის ე.წ. კამარებით არ ბოლოვდება. ვერტიკალური კანელურები არ ჩანს კლასიკური ხანის ბერძნულ კერამიკაზე (სამაგიეროდ არქიტექტურაშია). ის, არ ახასიათებს არც აქემენიდური და არც სასანური ირანის მხატვრულ ჭურჭელს. რელიეფი, კერძოდ, კანელურები ელინისტურ-რომაულ სამყაროში მხატვრულ კერამიკაზე და ტორევტიკაზე ჩნდება [58, გვ.279, 280, 288-303; 33, გვ.238-254]. მაგ.: რომაული, ძვ.წ. I ს-ის კანელურებიანი რიტონი [43, სურ.9; 35, გვ.204, სურ.197]. კანელურები, სარტყლური ფრიზების და ე.წ. მარაოსებური სახის, უფრო ფართოდ გვიანელინისტურ-გვიანანტიკურ ეპოქაში იკიდებს ფეხს [45, გვ.24-25, სურ.45]. როგორც ჩანს, კავკასიაში ჭურჭელზე უფრიზო კანელირება (ჯერ ლითონზე, ხოლო მერე კერამიკაზე) ჯერ კიდევ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში იწყება. ალბათ, ის აქ გარკვეულ ტრადიციად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება ფრიზზე განლაგებულ კანელურებს ცალ მხარეს ე.წ. კამარული დაბოლოებით, ის უფრო გვიანანტიკური ხანისათვისაა დამახასიათებელი. სწორედ ამგვარი კანელურებიანი ფრიზია სოფ. გომის რიტონზე. საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიურად აღმოჩენილ, ანტიკური ხანის ტორევტიკულ ნიმუშებში გამორჩეული სიმრავლით და მრავალფეროვნებით აღინიშნება გვიანანტიკური ხანა [49, გვ.9-23; 12, გვ.77-101, 111]. გვიანანტიკური ხანის ტორევტიკული ნაწარმი დადასტურებულია – თაგილონში, ურეკში, ციხისძირში, ბანძაში, კლდეეთში, ბორში, სარგვეშში, ხაიშში, ქვაშხიეთში, ზღუდერში, ცხინვალში, ჟინვალში, ერწოში, არმაზისხევში, ბაგინეთში, სამთავროში და სხვ. საქართველოს გვიანანტიკური ხანის ტორევტიკა რომაული სამყაროს გარკვეულ ზეგავლენას განიცდის [49, გვ.138-147]. გომის სასმისზე ეს, ალბათ, მხოლოდ კანელურების გადმოცემაში აისახა. გვიანანტიკური, კანელურებიანი ჭურჭელი საქართველოში აღმოჩენილია – თაგილონში, ხაიშში, ბანძაში, ციხისძირში [49, გვ.28-29; 21, გვ.72-74; 28, გვ.149-150]. საქართველოში დადასტურებული გვიანანტიკური ტორევტიკის ზოგიერთი ნიმუში IVს-შიც ჩანს. შემდგომი პერიოდის ვერცხლის ჭედური ხელოვნების ძეგლები ქრისტიანულ ხელოვნებას განეკუთვნება და ქრისტიანული მსოფლმხედველობის მატარებელია. ვერცხლის ქიმიური ანალიზი ადასტურებს, რომ ამ ლითონისაგან გაკეთებულ სასმისში ჩასხმული სითხე უფრო უვნებელი ხდება; ვერცხლი ბაცილებს სპობს. ვერცხლის ეს თვისება იცოდნენ ძველადაც და ამ ლითონის სასმისებს საკრალურ რიტუალებში იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ანტიკური ხანის ვერცხლის ტორევტიკული ნაწარმი ძირითადად მაღალსინჯიანია. საქართველოს ქრისტიანული ხანის ჭედურ ნაწარმს კი ხშირად ვერცხლში, სიმკვრივის გაზრდის მიზნით, უმატებდნენ სპილენძს. ასეთ ნივთებს დროთა განმავლობაში მომწვანო ჟანგი და კოროზია უჩნდება [6, გვ.79-84]. სოფ. გომის სასმისი მოთეთრო მაღალსინჯიანი ვერცხლისაგანაა დამზადებული, სტიბიუმის მინარევებით. სტიბიუმის, ვერცხლის მაგვარი მოთეთრო ლითონის საბადო მდებარეობს ზემო რაჭაში ბრილთან (ზოფხიტოში), ხოლო ვერცხლი მოიპოვება კვაისაში (ჯავის რნში). საყურადღებოა აგრეთვე, რომ სოფ.გომის ახლოს ბრილის ცნობილ არქეოლოგიურ ძეგლზე მოპოვებული ლითონის ნაწარმი შეიცავს სტიბიუმს (ანალიზები ჩაატარა ლითონმცოდნემ გ.ინანიშვილმა). ვერცხლის საბადოებთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს სტრაბონის ცნობაც – ხალიბების მიერ, რკინის გარდა, ვერცხლის მოპოვების შესახებ (XII, 3, 19). ამგვარად, კავკასიონის სამხერთ ფერდზე, ზემო რაჭაში, სოფ.გომში დადასტურებული ვერცხლის ყანწ-რიტონი, ჩვენი ვერსიით ადგილობრივი ნაწარმია, ზოგადად გვიანელინისტურ-გვიანანტიკურ ხანაშია დამზადებული და ბრილის სამაროვანიდან უნდა იყოს. დაკრძალვის რიტუალისათვის დამზადებულ ვერცხლის სასმისზე გამოსახული სიუჟეტი ხელოსნის მიერ სოციოგარემოს აღქმის გამოხატულებას წარმოადგენს, რაც ერთი მხრივ ჩრდილო კავკასიურ (სარმატულ-ალანური), მეორე მხრივ რომაულ სამყაროსთან იჩენს გარკვეულ სიახლოვეს.

ლიტერატურა:

1. ამირანაშვილი, შ. ქართული ხელოვნების ისტორია. თბ., 1961.

2. ბერაძე, თ. რაჭა. თბ., 1983.

3. ბოჭორიძე, გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები.... თბ., 1994.

4. გამყრელიძე, გ. ცენტრალური კოლხეთის ძვ. ნამოსახლარები, თბ., 1982.

5. გამყრელიძე, გ. კოლხოლოგიური ნარკვევები. I, თბ., 2001.

6. გოგინაშვილი, ნ. არქ..., ხელოვნების მუზეუმის ნარკვევები,III, 1997,გვ.79-84.

7. ინაიშვილი, ნ. ციხისძირის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1993.

8. კვირკველია, გ. ჰოპლიტური ფარები....ძიებანი, N7,2001, გვ.32-40.

9. ლომოური, ნ. დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1966.

10. ლორთქიფანიძე, გ. საბრძოლო და სამეურნეო..., ვანი II,1976, გვ.167-190.

11. ლორთქიფანიძე, გ. სამხედრო..., თსუ შრომები, ტ.205, 1979, გვ.95-107.

12. ლორთქიფანიძე, ო. ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო,თბ.,1968.

13. ლორთქიფანიძე, ოთ. და სხვ., ძვ.წ. VI-IV სს. კოლხური..., ვანიV, 1981.

14. მაკალათია, ს. მთის რაჭა. თბ., 1987.

15. მიქელაძე, თ. ქსენოფონტის "ანაბასისი", თბ., 1967.

16. მუხიგულაშვილი, ნ. ვარსიმაანთკარის..., არქ. ძიებანი, VI, 1986, გვ.67-75.

17. საგინაშვილი, მ. ურბნისის სამაროვნის მინის ჭურჭელი. თბ., 1970.

18. სახაროვა, ლ. ბრინჯაოს განძები ლეჩხუმიდან. თბ.,1976.

19. უგრელიძე, ნ. ადრეულ შუასაუკუნეთა ქართლში მინის..., თბ., 1967.

20. ურუშაძე, აკ. პლუტარქე, ტ.I. თბ., 1957.

21. ფუთურიძე, რ. გვიანანტიკური ხანის..., მსკა, ტ.II, თბ.,1959, გვ.54-94.

22. ყაუხჩიშვილი, თ. სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957.

23. ყიფიანი, გ. ანტითეზური..., ხელოვნების მუზეუმის ნარკვევები, I, 1995, გვ.10-21.

24. ყიფიანი, გ. უფლისციხის კლდოვანი..., არქ. ჟურ., I, 2000, გვ.74-95.

25. ჩართოლანი, შ. მასალები სვანეთის არქეოლოგიისათვის, I. თბ., 1976.

26. ჩოლოყაშვილი, კ. ქართული საბრძოლო..., სსმმ, ტ.XVIII-Б,1954, გვ.227-53.

27. წითლანაძე, ლ. ხევის არქეოლოგიური ძეგლები. თბ., 1976.

28. ჯავახიშვილი, ალ. ხაიშის განძი. – მნათობი, N3, 1958, გვ.149-157.

29. ჯიქია, ლ. ქუთაისის მუზეუმის კოლექციები., ძმ, N53, 1980, გვ.32.

30. ჰეროდოტე, ისტორია, თარგმნა თ. ყაუხჩიშვილმა, ტ.I, II, თბ., 1975-76.

31. Античные государства Северного Причерноморья Арх.М., 1984.

32. Аракелян Б. Очерки истории искусства дре. Армении. Ереван, 1976.

33. Блаватский В. История античной расписной керамики. М., 1953.

34. Блаватский В. Очерки военного дела в античных государсвах…, М., 1954.

35. Велишский Ф., Быт и нравы древных Греков и Римлян. М., 2000.

36. Власова Е. Сосуды.., შავი..., ძვ. ისტ.-არქ. IX სიმპოზიუმი. ვანი, 1999, გვ.65.

37. Воронов Ю. Археологическая карта Абхазии. Сухуми, 1969.

38. Воронов Ю., Тайна Цебельдинской долины. М., 1975.

39. Гамбашидзе О., Работы Месхетской экс. – ПАИ,1995, с. 48-54.

40. Древнегреческо-русский словарь ( Дворецкий И.), М., 1958.

41. Есаян С. Оружие и военное дело Древ. Армении, Ереван, 1966.

42. История Еврейского народа, т. I. М., 1914.

43. Кобылина М., Искусство древнего Рима. М.-Л., 1939.

44. Кривицкий В. Бронзовый ритон из Эрмитажа., СГЭ, XLII, 1977, ც.33.

45. Кропоткин В. Римские импортные изделия…. САИ, Д1-27. М. 1970.

46. Максимова М. Ритон из Келермеса. – СА, XXV, 1956, ც. 215-235.

47. Манцевич А. Курган Солоха. Л., 1987.

48. Мартиросян А. Армения в эпоху бронзы…. Ереван, 1964.

49. Мачабели К. Позднеантичная торевтика Грузии. Тб., 1976.

50. Мелюкова А. Вооружение Скифов. САИ, Д1-4. М., 1964.

51. Оганесян В. Серебряный…,Ист.-фило. жур.,АНА, Ереван, №4,1988, с.145.

52. Пиотровский Б. Ванское царство (Урарту). М., 1959.

53. Техов Б. Центральный Кавказ в XVI-X вв. до н.э. М., 1977.

54. Тревер К. Памятники греко-бактрийского искусства. М.-Л., 1940.

55. Хазанов А. Очерки военного дела Сарматов. М., 1971.

56. Bottini F., Egg M., Hase F., …, Antike Helme. Mainz, 1988.

57. Connolly P. Greece and Rome at war. London, 1988.

58. Froning H. Katalog der griechischen…, Museum Folkwang Essen. 1982.

59. Gamkrelidze G., Ein Rhyton mit Götterdarstellung aus der Kolchis. – Archäologische Mitteilungen aus Iran und Turan, Band 30, 1998 : 211-216.

60. Georgien, Schätze aus dem Land des Goldenen Vlies. Bochum, 2001.

61. Hoffman H. Tarentine Rhyta. Mainz, 1966.

62. Rostovtzeff M. The animal style in South Russia and China. London, 1929.

63. Simon E. Amalthea, The 9th International Symposium on the Ancient History and Archaeology of the Black Sea Area. 1999. Vani. Tbilisi, 1999, p. 62.

64. Svoboda B., Cončev D., Neue denkmäler antiker Toreutik. Praha, 1956