topmenu

 

ლ. ჯიბლაძე - დასავლეთ საქართველოს ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურები

<უკან დაბრუნება

 

 

ლერი ჯიბლაძე

დასავლეთ საქართველოს ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურები

http://saunje.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1587%3A2015-12-14-17-43-39&catid=1%3A2010-01-24-19-54-07&Itemid=1&lang=ru

უკვე არის

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე როგორც წინამორბედ ენეოლითურ, ასევე ადრებრინჯაოს ხანაში ერთმანეთისაგან განსხვავებული ორი ლოკალური რეგიონი გამოიყოფა (ფხაკაძე 1992:228). ეს განპირობებული უნდა ყოფილიყო მათი განსხვავებული კულტურული ატრიბუციით და აქედან გამომდინარე ადრებრინჯაოს ხანის კულტურის თავისებური ხასიათით და განვითარების გასხვავებული გზებით(ფხაკაძე 1993:31). ერთი ლოკალური რაიონი წარმოდგენილია მდინარე რიონ-ყვირილას აუზში, ზემო იმერეთის პლატოზე; მეორე კი კოლხეთის დაბლობზე თავისი ბორცვოვანი და მთიანი ზოლით. ცალკე ლოკალურ რეგიონად ალბათ უნდა გამოიყოს ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის ტერიტორია (ბარამიძე 1999:24; გოგაძე 1997:33-34; ჯაფარიძე 2003: 131-132; Гогадзе 1990:114-115). მდ.რიონ-ყვირილას აუზი (ზემო იმერეთის პლატო) ადრებრინჯაოს ხანაში მთლიანად მოქცეულია მტკვარ-არაქსის კულტურის არეალში და წარმოადგენს ლითონის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაწინაურებულ კერას კავკასიაში (ჯაფარიძე 1976: 141; ფხაკაძე 1993:74-75; მახარაძე; ბერიკაშვილი 2004:29; ბერიკაშვილი 2006: 30). ეს ძირითადად ეხება მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარების ფინალური ეტაპის ძეგლს, საჩხერის ყორღანულ-სამაროვანს, სადაც ბრინჯაოს ინვენტარი უხვად არის წარმოდგენილი (ფხაკაძე 1993:32). მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არა გვაქვს წარმოდგენილი კოლხეთის დაბლობზე და მის მიმდებარე ბორცვოვან ზოლში, თუ არ ჩავთვლით დაბლაგომის ნამოსახლარსა და ამ კულტურის იერის მქონდე რამდენიმე კერამიკული ფრაგმენტის აღმოჩენას გურიის ტერიტორიაზე (ჭოლიპასა და შემოქმედის ნამოსახლარები - ლანჩხუთის რაიონი) (Куфтин 1950:138; ფხაკაძე 1992:266; ჯაფარიძე 2003: 129; სადრაძე და სხვ. 1996:25; მურვანიძე 1996:75). რიონ-ყვირილას აუზში ძვ.წ. III ათასწლეულის კულტურის განვითარებაში სამი ეტაპის ძეგლებს გამოყოფენ: ადრეულ, განვითარებულ და ფინალურ ეტაპს (ფხაკაძე 1993:32). ამ პერიოდის მასალები გვხვდება ბუნებრივ მღვიმე-გამოქვაბულებში (საგვარჯილე ზედა ჰორიზონტი, სამელე-კლდე და დარკვეთის ეხი - ზედა ჰორიზონტები, სამერცხლე-კლდე, ცუცხვათი, მოწამეთა) (ტაბ.I, II1-7, 10-12).

ღია ტიპის ნამოსახლარებზე, რომლებიც განფენილია ბუნებრივ შემაღლებებზე, მდინარეთა ტერასებზე, კონცხისებურ ადგილებში და გორებზე სამარხი ორმო (N41) რომელიც ნაწილობრივ გაძარცვული აღმოჩნდა (ლომთაძე 1997:11-17). მტკვარ-არაქსული კულტურული ფენები, რომლებიც გამოვლენილია ყვირილას გამოქვაბულების ზედა ჰორიზონტებში, ძვ.წ.III ათასწლეულის საწყის პერიოდს განეკუთვნება. ზოგჯერ ისინი ენეოლითური ხანის ფენებზე დევს ყოველგავრი სტერილური შრის გარეშე (სამელე-კლდე, საგვარჯილე, დარკვეთი და ა.შ). რიონ-ყვირილას აუზში მღვიმე-გამოქვაბულებში ადრე ბრინჯაოს ხანის როგორც ადრეულ (სამერცხლე-კლდე, ცუცხვათი), ასევე გვიან ეტაპზე (მოწამეთა) მხოლოდ ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურული ფენებია გამოვლენილი. აქ მღვიმური ტიპის ნამოსახლარები უპირატესად მდინარეთა ხეობებშია განლაგებული, სადაც სტაციონალური ცხოვრების კვალი დასტურდება რამდენიმე კულტურული ჰორიზონტით, თიხით მოლესილი იატაკებით, შიგ ჩალეწილი თიხის კერებით. როგორც ჩანს, ამ ტიპის ნამოსახლარებზე სარ-ლასტზე მოწნული, თიხით შელესილი და ერთგვარად გამაგრებული მსუბუქი კონსტრუქციის მქონე შენობები მდგარა. ზოგიერთი მღვიმე-ნამოსახლარის კულტურული ფენები (სამერცხლე-კლდე, საგვარჯილე) ჩაჭრილი იყო ინვენტარის შემცველი ინჰუმაციური ორმოსამარხებით (ფხაკაძე 1992:235). ადრებრინჯაოს ხანის საწყის ეტაპზე ღია ტიპის ნამოსახლარებზე დასტურდება თხელი კულტურული ფენები. მომდევნო განვითარებულ და ფინალურ ეტაპზე თითქმის არ იყენებდნენ მღვიმეებს და ცხოვრება ძირითადად გრძელდებოდა ბუნებრივი შემაღლებებისა და გორების ფერდობებზე. არქიტექტურული სიახლე აღმოსავლეთ საქართველოდან მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელებასთან არის დაკავშირებული, რომლის კლასიკურ ნიმუშად გამოდგება არგვეთის ნამოსახლარი, სადაც საცხოვრებელი ნაშთები მომრგვალო და მოგრძო ოთხკუთხა მოყვანილობის ქვის ნაგებობებით იყო წარმოდგენილი. ისინი შედგებოდა ძეგლებზე გამაგრებული და სარ-ლასტზე თიხით შელესილი კედლებით. თიხალესილ იატაკებში ჩადგმული იყო მტკვარ-არაქსული კერები ქვებშემოწყობილი ნაცრიანი ორმოებით. ზოგიერთ ძეგლზე ვარაუდობენ თიხით შელესილ სარებზე მოწნულ შენობებს (დაბლაგომი).

ძვ.წ. III ათასწლეულის გამოქვაბულის კერამიკაში ორი ჯგუფი გამოიყოფა. პირველის უმრავლესობა ქვედა ენეოლითური ხანის ფენიდანაა ცნობილი და არავითარი საერთო არ აქვს მტკვარ-არაქსულ თიხის ნაწარმთან. ისინი დასავლეთ საქართველოს მღვიმე ნამოსახლარებისათვის დამახასიათებელ მასალებადაა მიჩნეული (ფხაკაძე 1992:230; ტაბ.CLI-CLIII, CLV-CLVI). კერამიკის მეორე ჯგუფი ძალზე მცირერიცხოვანია და უპირატესად ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. ისინი გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებენ ადრე მაიკოპური კულტურის ძეგლების მასალებთან: მეშოკო, სკალა, ხაჯოხი, იასნაია პალიანა, ვესიოლი და სხვა (ფხაკაძე 1985: 22-36; ფხაკაძე 1992:230). რიონ-ყვირილას აუზის გამოქვაბულებისთვის დამახასიათებელი ადრებრინჯაოს ხანის კერამიკული მასალები გარკვეულ სიახლოვეს ავლენენ ადლერის რაიონში შესწავლილ ვორონცოვის გამოქვაბულის ინვერტართან (ჯაფარიძე 2003:128). მსგავსება გამოიხატება არამარტო თიხის ნაწარმის, არამედ სხვა მასალების მიხედვითაც: ქვის ინდუსტრიაში, რქისა და ძვლის იარაღებში, კვირისტავების ორნამენტებში, ქვის სამაჯურების დამუშავებასა და ფორმებში, მცირე ფიგურების გაფორმებაში, დასახლების ერთიან ტიპში. საყურადღებოა, რომ ზემო იმერეთის ნამოსახლარების მასალების ერთი ჯგუფი ახლო შეხების წერტილებს ავლენს სამცხეში, დასავლეთ საქართველოს სიახლოვეს მდებარე ორჭოსნის ნამოსახლარის თიხის ჭურჭელთან (ორჯონიკიძე; ჯიბლაძე 2010:105). ამ ძეგლზე მტკვარ-არაქსული და ბედენური კულტურის ელემენტებთან ერთად გვხვდება ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში გავრცელებური მაიკოპური კულტურის ნიშნებიც: წითლად შეღებილი სფერულტანიანი და ძაბრისებრპირიანი თიხის ჭურჭელი და ნიკელის შემცველი ბრინჯაოს თოხი (ორჯონიკიძე, ჯიბლაძე 2010:10). განსაკუთრებით საყურადღებოა ორჭოსნის ნამოსახლარზე აღმოჩენილი ადრემაიკოპური კულტურისთვის დამახასიათებელი ნიკელიანი ბრინაჯოს თოხი როგორიცაა: პსეკუპსკის, ზამანკულკის მაიკოპის, გალუგაის ამ რიგის ნიმუშები (Коренеьский 1995:63-65,170, სურ.85; Коренеьский 2004: 183; Мунчаев 1994: გვ.199, ტაბ.48 11, 18; Иессен 1960: 173; Инанишили, Джибладзе: 2009-2010: 99-116). რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შემთხვევითი არ შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სავარაუდოდ გვეჩვენება, რომ წინა აზიის ტერიტორიიდან წამოსული მაიკოპური კულტურის მატარებელი ხალხის გადაადგილების ერთ-ერთი გზა გადიოდა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე (Формозов 1965:208; ჯაფარიძე 1976: 204; ფხაკაძე 1978:33; ფხაკაძე 1993:44) იქნებ, სამცხისა (ორჭოსანი, აბასთუმანთან ახლოს გათხრილი ყანობილის ნამოსახლარი), შემდეგ კი ზემო იმერეთის ტერიტორიის გავლით (მღვიმე-ნამოსახლარების მასალებში არსებული მაიკოპური კულტურის ელემენტები)3 სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა ამ კულტურის იმპულსები. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის მთელ რიგ გამოქვაბულებში და ღია ტიპის ნამოსახლარებზე მოჩანს მაიკოპური კულტურის ელემენტები. ფიქრობენ რომ ყოველივე ეს თანხვედრები უფრო უნდა მიგვითითებდეს რიონ-ყვირილას აუზის ძეგლებისა და ადრე მაიკოპური კულტურის მჭიდრო ურთიერთკავშირებზე (ფხაკაძე 1992: 232)

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მღვიმე ნამოსახლარებზე მაიკოპური კულტურის ელემენტებთან ერთად ერთ ჰორიზონტზე გვხვდება მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიეთებელი კერამიკა. აღსანიშნავია, რომ გორა-ნამოსახლარებზე მაიკოპთან ურთიერთობის არავითარი კვალი არ ჩანს. ღია ტიპის ნამოსახლარებზე (მოდინახე, იხთვისი, დაბლაგომი, არგვეთი, ჯიეთი, ალბათ ჩიხორი და სხვა) ზოგჯერ წარმოდგენილია საკმაოდ თხელი მტკვარ-არაქსული კულტურული ფენები (გაგოშიძე და სხვ. 2004:73-113; ბერიკაშვილი 2003:15-23; ბერიკაშვილი 2006:14; ფხაკაძე 1992:258, 266-268). ამ ტიპის ძეგლებზე ძვ.წ. III ათასწლეულის ფენები გვხვდება როგორც ერთფენიან, ისე მრავალფენიან სამოსახლო ბორცვებზე. საყურადღებოა, რომ ზემო იმერეთის ზოგიერთ ღია ტიპის ნამოსახლარებზე (ჯიეთი VI ფენა, მოდინახე I ფენა, ითხვისი-ჩილათის ბორცვი, VI ფენა) მტკვარ-არაქსული ფენის არსებობის ბოლო ეტაპზე ჩნდება ბედენური კულტურა. როგორც ჩანს, ამ ძეგლებზე ეს ორი კულტურა გარკვეულ პერიოდში თანარსებობენ (ბერიკაშვილი 2006:17).

რიონ-ყვირილას აუზში ადრებრინჯაოს ხანაში წარმოდგენილია ორმო სამარხები და ყორღანული სამაროვანი. საგვარჯილეში და სამერცხლე კლდეში ორ ორმოსამარხს ჩაჭრილი ჰქონდა მტკვარ-არაქსული ფენები. სამერცხლე კლდეში ბავშვის ჩონჩხი დაკრძალული იყო მოხრილ მდგომარეობაში. საგვარჯილეში კი მიცვალებული ესვენა მარცხენა გვერდზე კიდურებმოხრილი. ორივე სამარხი შეიცავდა კერამიკის ფრაგმენტებს, კვირისტავებს, ყუნწიან ისრისპირს, ხვრელიან ქვის ცულს. მესამე ორმო სამარხი აღმოჩნდა მოდინახეს მთის ფერდის ჩამოშლისას (1991, 1995 წწ.). იგი ნაწილობრივ დაზიანებული იყო და შეიცავდა ოთხი მიცვალებულის თავის ქალას. გამოვლინდა თიხის ჭურჭის ნატეხები, ბრინჯაოს ყუამილიანი ცული, ვერცხლისა და ოქროს ორი ხვია, ოქროს მძივი, ბრინჯაოს სამაჯურები. ამ N41 სამარხს ათარიღებენ ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით (ლომთაძე 1997:10,11). რიონ-ყვირილას აუზში, ადრებრინჯაოს ხანის ფინალურ ეტაპზე, საჩხერის რაიონში ცნობილია ყორღანული სამაროვანი: ნაჩერქეზევი, ცარცის გორა, ქორეთი (ჯაფარიძე 1961:122-203; ფხაკაძე 1992:268; Куфтин 1949:70, 79, 84). ყორღანულ სამარხებს თავზე ედო ქვაყრილი. ისინი სპეციალურად ამოჭრილ ორმოებში იყო გამართული. მიცვალებული უპირატესად იწვა მარჯვენა გვერდზე თავით ჩრდილოეთით ან სამხრეთით. აღმოჩნდა ძალზე საყურადღებო მტკვარ-არაქსული კულტურის ფინალური ეტაპის არტეფაქტები: კერამიკული ნაწარმი, სპილენძის ყუამილიანი და ყუადაქანებული ცულები, სატევრის პირები, ქინძისთავები, სპილენძის საკიდები და სხვ. დადასტურდა ოქროს ნივთიც (ჯაფარიძე 1961:70, 122-130, 138-140) (ტაბ.IV-VII). ყვირილას ხეობის ყორღანული სამაროვნებიდან მომდინარე სპილენძ-ბრინჯაოს ნივთები მიუთითებენ ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების მაღალ დონეზე. საჩხერის ყორღანული სამაროვნები ქრონოლოგიურად დროის დიდ მონაკვეთს მოიცავს. საწყისი ეტაპი ძვ.წ.2400-2200 წწ. განსაზღვრული, ხოლო ბოლო საფეხური ძვ.წ. 1900-1800 წწ. (ჯაფარიძე 1961:194-195; ფხაკაძე 1992:270). ბრინჯაოს მეორად მეტალურგიულ წარმოებასთან დაკავშირებული არტეფაქტები დასტურდება მღვიმე-ნამოსახლარების კულტურულ ფენებში: თიხის ტიგელები, ციცხვები, ნამზადის ფორმები, ყალიბები (სამელე კლდე, სამერცხლე კლდე) (ტაბ.II10-12), ოთხწახნაგა სადგისები, ანკესები, მრავალგანიკვეთიანი ღეროები და ა.შ. ((სამელე კლდე, საგვარჯილე) (ფხაკაძე 1992: 230; ღამბაშიძე და სხვ. 2010: 262, 268-269, 275). კოლხეთის დაბლობისა და მისი ბორცვოვანი ზოლის სამოსახლოდ ათვისება იწყება ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან, უფრო კი მის მეორე ნახევარში (ჯაფარიძე 1976: 137; ფხაკაძე 1993: 83; ჯიბლაძე 2001: 262). ადრებრინჯაოს ხანის (პროტოკოლხური I ეტაპი) კულტურული ფენები წარმოდგენილია ხელოვნურად გამართულ ბორცვ-ნამოსახლარებზე (ფიჩორის ცენტრალური ბორცვი VIII-VII ფენები, საელიაოს კურზია III ფენა, ანაკლია I პირველი ფენა, ხუცუბანი, ოჩამჩირე); ზღვისპირა ტერასული ტიპის შემაღლებებზე (ჩაქვი, გუანდრა В და Б ფენები, მაჭარა IV-III ფენები); ბუნებრივ ბორცვებზე (ათარა არმიანსკაია  გუმისთა I, აჭანდარა, დაბლა გომი); მთისწინა ტერასაზე (შემოქმედი); მღვიმე გამოქვაბულებში (ბაქსანია, პალი, ახრაკაპში და ა.შ) (ფხაკაძე 1992: 262-263, 271-275, 278; სადრაძე და სხვ. 1996 ; 25; ჯიბლაძე 1997: 30-34, 37,49-50; ჯიბლაძე 2007: 13-15, 17, 20, 23-28; Бжания 1966: 113-126; Бжания  1969: 58-62; Бжания 1973: 65-71). ადრებრინჯაოს ხანის მასალები ასევე დაფიქსირდა ისპანის ტორფქვეშა ნამოსახლარზე და ამომშრალ ჭოლიპას ტბის ფსკერზე (ხახუტაიშვილი 1995: 35; მურვანიძე 1996: 73-77; სადრაძე და სხვ. 2007: 24-32; Микеладзе, Хахутаишвили 1985 ტაბ.IV)

ვიდრე სხვა საკითხებზე  გადავიდოდეთ მიზანშეწონილად მიგვაჩნია შედარებით ვრცლად შევეხოთ ხელოვნურად გამართული ბორცვების ტოპოგრაფიის საკითხებს, რადგან სწორედ ამ ტიპის ნამოსახალრებზეა ძირითადად გამოვლენილი კოლხეთის დაბლობზე და მის ბორცვოვან ზოლში არსებული ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის (პროტოკოლხური I და II ეტაპი) კულტურები. ამ ტიპის ნამოსახლარების დახასიათებისას ერთმანეთისაგან არ ვმიჯნავთ ჩვენი კვლევის სფეროში შემავალ (ადრე და შუა ბრინჯაოს  ხანა) ფენებს უფრო მოგვიანო პერიოდის ფენებისაგან, რადგან ისინი ხშირად ერთმანეთზეა სტატიგრაფიულად განლაგებული და მთლიანობაში განვიხილავთ.

კოლხეთის დაბლობზე და მის ბორცვოვან ზოლში არსებულ ნამოსახლართა ტიპებიდან ყველაზე გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს ხელოვნურად გამართულიდიხა-გუძუბები (ამობურცული მიწა). სავარაუდოდ ასეთი ტიპის სამოსახლო ბორცვები დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონაში ჩნდება ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულს. ისინი უმრავლეს შემთხვევაში შეიცავენ სხვადასხვა ეპოქების (ადრე, შუა ბრინჯაო, გვიანბრინჯაო-ადრერკინასა და კლასიკურ ხანას) ფენებს. ზოგიერთი ამ ტიპის ძეგლის ქვედა ჰორიზონტებში წარმოდგენილია ადრე ბრინჯაოს ხანის ფენები. ანუ როგორც  კოლხეთის დაბლობისა და მისი ბორცვოვანი მხარის  ამ პერიოდის ამღვნიშვნელად სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია ტერმინი პროტოკოლხური კულტურა (I ეტაპი) (მიქელაძე 1974: 49; ჯიბლაძე 1997: 107; ჯიბლაძე 2007: 104). ამ ტიპის სამოსახლო ბორცვებითაა მოფენილი კოლხეთის დაბლობის როგორც ზღვისპირა, ასევე მისი შიდა მხარე. დიხა-გუძუბებს ვხვდებით მთისწინა რეგიონშიც (მარტვილის რაიონი- აბედათი, საელიაოს კურზია, სერგიეთი, ლეხაინდრაო, მუხურჩა), სადაც მათი გამართვა შესაძლოა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში დიდ როლს უნდა თამაშობდეს მიწაზვინულების აგების ტრადიცია, რომელსაც კოლხეთის დაბლობის მთისწინა ზოლშიც მიმართავს პროტო- და ძველი კოლხური მოსახლეობა.

დიხა-გუძუბების უფრო მეტი კონცენტრაცია შეინიშნება მდინარეების რიონ-ფიჩორის, აბაშა-ნოღელის, ენგურ-ერისწყლის, ცივი-ხობის, ჩოლოქ-ოჩხამურის, ყორანთა წყლის-მუნჩიას აუზებში. სადღეისო მონაცემების მიხედვით მათი გავრცელების უკიდურესი საზღვარია ჩრდილო-დასავლეთით ტამიშისა (ოჩამჩირის რ-ნი), ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით ნამჭედურისა და ჩოლოქისპირა ნამოსახლარები (ქობულეთის  რ-ნი)

სამეგრელოში ხელოვნურად გამართული ბორცვების აღმნიშვნელად გვხვდება სხვადასხვა სახელწოდებები. ხშირად კი მათი სახელები  უკავშირდება სოფლებს, უბნებს, გვარებს, მდინარეებს და ა.შ. მაგალითად: დიხა-გუძუბა, დიხა-ზურგა, ზურგა, ზუგა, ზურგანი, ნაკარღალი, ნამარნუ, ნაჯიხუ (ნაციხარი), ნაზონარე (მიწა  ნაყარი), ნაჭკადუ (ნასამჭედლო), ნამჭედურუ, ნამჭედური,  შუამაღალა, ობერგულე (სამუხლე), სირიაჩქონის ოხოჯე (ზურგა), საგვიჩიოს პატარა კონძა, სოფ.ლეხაინდრაოს გოგიაშ ნაოხვამუ I, II, სოფ.სერგიეთის ნაფაცუცუ, ბანძის ტაბაკური I, II, ბაღდურას ბორცვი, კეკელიების ზუგა, ნაჭვის ზურგა (კოჩას ზურგა), ლუკას ნოხორი, ნაგოგუე, ჯალაღონიაში, ესართიების, იროდი სართანიას, ჯვარალების, წურწუმიების, პერტიების დიხა-გუძუბები, ნაესაკოვოს ოჭინკე, ხეთის ოტორონჯე (სამტრედე), ბულიცხუს, წინაგოლას, გურილუფუს, ცვანას, კიროვის, ჯოჯუების, ჭურიის, დიდი ნეძას, დღვაბას, თიკორის, საქორქიოს, ოთხირეს ხელოვნურად გამართული ბორვც-ნამოსახლარები (ჯიბლაძე 2001: 270; ჯიბლაძე  2007: 186-187; ტაბ.I; ჯიბლაძე, პაპუაშვილი 2013: 105 -117).

იმერეთში  დიხა-გუძუბები  ცნობილია გორიკას სახელწოდებით,  რომლებსაც ყოფენ დიდ  და  უფრო  მცირე ზომის ბორცვებად (ბერძენიშვილი 1975: 457-458). აქაც გორიკების სახელები უკავშირდება სოფლებს, უბნებს მაგრამ დამატებით

ვხვდება მათი აღმნიშვნელი სხვა სახელებიც: სოფ.ფარცხანაყანების გორიკები ანარია, საბზიალო, შროშანები, სოფ.კოპიტნარის, დიდი ჯიხაიშის (ერთ-ერთი შუბლაძეების უბანშია), ბაძგნარის, იანეთის, გოჩა ჯიხაიშის, ბაშის, ეწერ-ბარის, ბროწეულის, ქვედა მესხეთის, მაღლაკის, ქვიტირის, პატრიკეთის, კულაშის (საწურბლიას),კუხის, ხონის, გორდის,კინჩხის, ღვედის,გორიკები (ბერძენიშვილი 1975: 449-456; ჯიქია 1993: 54-55; ჯიბლაძე 2007: ტაბ.I; ჯიბლაძე, პაპუაშვილი 2013:100-112). გურიისა და აჭარის ტერიტორიაზე  ხელოვნური ბორცვები ცოტაა. შესაძლოა, ეს ფაქტი იმითაც აიხსნას, რომ აღნიშნული ტიპის ბორცვების ზედა ნაწილი გადასწორებულ-განადგურებული იქნა კოლხიდმშენის მიერ დროთა განმავლობაში მიწისზედა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებისას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გურიასა და აჭარაში მთისწინა და დაბლობი ზონა ძალზე ახლოსაა ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე შესაძლოა დაბლობ ადგილებში ხელოვნურად ბორცვების გამართვა დიდად არც იყო საჭირო. დიხა-გუძუბებისათვის დამახასიათებელია მდინარეების ან ძველი ნამდინარევი კალაპოტების გასწვრივ, ერთ საკომუნიკაციო ხაზზე, ჯგუფებად განლაგება, რომელთა ფართობი ხშირად 10, 12, 15, 20, 25 ჰა-ს აღწევს. უმეტესად კონფიგურაციით და მდებარეობით გამოირჩევა ცენტრალური ბორცვი, რომლის ირგვლივ განლაგებულია შედარებით მცირე ზომის თანამგზავრი გუძუბები. ხელოვნურ სამოსახლო ბორცვებს ზოგჯერ ერთ რიგად, ხშირად კი ორ-სამ წყებად შემოსდევს თხრილი თუ არხი (ზოგჯერ 10,15 და 50 მ სიგანისაც კი), რომელიც ყოველთვის უერთდება მდინარეს ან ნაკადულს. ფიქრობენ, რომ თხრილებსა თუ არხებს ერთდროულად რამდენიმე დანიშნულება გააჩნდა. იგი ემსახურებოდა თავდაცვის, სადრენაჟო დანიშნულების, სანაოსნო მიმოსვლისა და თევზჭერის საქმეს (გ.ნიორაძე, ნ.ხოშტარია, ო.ჯაფარიძე, ბ.კუფტინი, თ.ჩიქოვანი, მ.ბარამიძე, ლ.ჯიბლაძე, რ.პაპუაშვილი, ჯ.აფაქიძე, თ.ჩიგოშვილი). როგორც ცნობილია, ჰოლოცენის ხანაში მიმდინარე დედამიწის კლიმატის ციკლურსა და შუალედურ ცვლილებებს თან ახლავს მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის აწევ-დაწევა, რომელსაც თავის მხრივ, უკავშირდება ახალშავზღვური ტრანსგრესია და ფანაგორიული რეგრესია (Джанелидзе 1980: 30; ხახუტაიშვილი 1995: 9-15; პაპუაშვილი 2013: 52-62). სწორედ ამ პერიოდში (ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრული, ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებში) კოლხეთის დაბლობზე ჩნდება პირველი დასახლებები (ისპანის ქვედა ჰორიზონტი, ჩაქვი, შესაძლოა მაჭარის IV ფენა). ამ პროცესების ცალკეულმა ფაზებმა შავი ზღვის დონის აწევ-დაწევამ გამოიწვია კოლხეთის დაბლობის ტერიტორიების (განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლის) სამეურნეო სავარგულების თანდათანობით დაჭაობება, ჭარბი ტენიანობა, ნოტიო ნიადაგების არსებობა. კოლხეთის დაბლობის მაცხოვრებლებმა არსებული პირობებისგან თავის დასაცავად დაიწყეს ხელოვნურად გამართული ბორცვების შექმნა დასასახლებლად. სწორედ ამ პროცესების შედეგად ტორფქვეშ მოექცა ისპანის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. ასევე სავარაუდოდ ტორფქვეშ უნდა იყოს მოქცეული ზღვის გასწვრივ გამართული მთელი რიგი პროტოკოლხური I ეტაპის (ადრებრინჯაოს ხანა) ნამოსახლარები და სხვა კატეგორიის ძეგლები (სამაროვნები). ერთი რამ ცხადი უნდა იყოს:ჰოლოცენის ხანაში მიმდინარე ახალშავზღვურმა ტრანსგრესიამ და ფანაგორიულმა რეგრესიამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს კოლხეთის დაბლობის ბიოგარემოს, შემდეგ კი სოციოგარემოს შეცვლაზე (გამყრელიძე 1993: 5-41), ჰიდროლოგიაზე, ხელოვნურ ბორცვთა წარმოქმნა-განლაგებაზე, სადრენაჟო-საარხო სისტემების დაფუძნება-დახვეწაზე, ძელურ ნაგებობებზე, მათი მშენებლობის ტექნიკასა და სასიმაგრო სისტემაზე და საერთოდ, იმდროინდელი კოლხეთის დაბლობის დემოგრაფიულ სიტუაციაზე. ხელოვნური ბორცვების ტიპოლოგიური კლასიფიკაციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს (ნ.ხოშტარია, ი.გრძელიშვილი, თ.მიქელაძე, მ.ბარამიძე, ლ.ჯიბლაძე, ნ.პაპუაშვილი, რ.პაპუაშვილი) (ბარამიძე 1998: 59; Микеладзе 1990: 17; ჯიბლაძე 2007: 30; პაპუაშვილი რ; პაპუაშვილი ნ 2005: 11-13; ჯიბლაძე, პაპუაშვილი 2013:100-112). საყურადღებოა, რომ კოლხეთის დაბლობის დიხა-გუძუბები ტოპოგრაფიის, დაგეგმარებისა და სახლთმშენებლობის მიხედვით, ძალიან ახლოს დგას ჩრდილო იტალიაში მდ. პოს დაბლობზე (ასევე ხეობაში) გავრცელებულ ტერამარების კულტურაში (ძვ.წ.XVIII-XIIსს) ცნობილ ხელოვნურად გამართულ ბორცვ-ნამოსახლარებთან (აფაქიძე 2002: 5-6 ტაბ.I 2,II 1,2). ფიქრობენ, რომ, კოლხეთის დაბლობის ტერიტორიის მსგავსად, ტერამარების კულტურაშიც ხელოვნური ბორცვ-ნამოსახლარების წარმოქმნა განპიროვნებული უნდა ყოფილიყო გეოგრაფიული მდებარეობით და გეოკლიმატური პირობებით (აფაქიძე 2002:6). კოლხეთის დაბლობის ძვ.წ.III ათასწლეულის ნამოსახლარებზე საცხოვრებელი ნაგებობები ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. შედარებით უკეთ დაცულ ნაგებობათა ნარჩენებზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ იმდროინდელი კოლხეთის საშენი მასალების, ნაგებობათა ტიპებისა და მშენებლობის ტექნიკის შესახებ. ადრებრინჯაოს ხანის ზოგიერთ ნამოსახლარზე შედარებით კარგადაა შემორჩენილი ნაგებობათა ნაშთები. როგორც ირკვევა, ამ პერიოდში მდგარა ჯარგვალური, ძელური, უსრულო ჭდობით გადაბმული შენობები. მაგალითად, ანაკლია I-ის ძირა ფენაში ოთხკუთხა ძელური ნაგებობა ყოფილა გამართული. ისპანის ნამოსახლარის ქვედა ჰორიზონტზე უნდა ყოფილიყო სილაზე გამართული ჯარგვალური ტიპის ნაგებობები, ხოლო ზედაზე დაჭაობებით გამოწვეული, უფრო გვიანდელი ხიმინჯებზე შემდგარი შენობები (ხახუტაიშვილი 1995:39; ჯიბლაძე 2007:27; ფხაკაძე 1992: 239). ფიჩორის ცენტრალური ბორცვის Vll-Vlll კულტურული ფენების მაგალითზე სახლის (ჯარგვალის) გამართვა შემდეგნაირად ხდებოდა. ბორცვის პირველი მაცხოვრებლები უპირველეს ყოვლისა ყოველგვარი მოზვინვის გარეშე ჭაობში საყრდენად ალაგებდნენ ხის ძელებს, ტოტებს და ნაფოტებს. შემდეგ ხდებოდა მათზე მიწის დაზვინვა და სპეციალურად ამაღლებული ბაქნის შექმნა, სადაც ლაგდებოდა ხის ძელები. ისინი ორივე მხრიდან სიმტკიცის მიზნით მაგრდებოდა ხის სოლებით (ჯიბლაძე 1997:239). ერთმანეთის პარალელურად ჩასმულ ხიმინჯებს შორის დიდი მორები იჭედებოდა. ხიმინჯები 60-70 სმ სიგრძის სპეციალურად გათლილი ხის გადანაჭრებია, რომლის სოლისებური ბოლო მიწაში იდგმებოდა, ზედა ნაწილი კი სწორად ჰქონდა წაჭრილი, რომელზედაც სქელი ფიცრის ბაქანი იყო მოგებული. ბაქანს ზემოდან თიხატკეპნილი იატაკი ჰქონდა მოლესილი. რამდენიმე ადგილას კუთხე შეკრული ძელები დაფიქსირდა, რომელიც მიგვითითებს, რომ სათავსოები ოთხკუთხა ფორმის უნდა ყოფილიყო. ირგვლივ შემორჩენილი წნელისანაბეჭდიანი ბათქაშები უნდა მოწმობდეს, რომ ხის ნაგებობათა კედლები თიხით ყოფილა შემოლესილი (ფხაკაძე 1992:239; ჯიბლაძე 2007:17). ადრე ბრინჯაოს ხანის ოჩამჩირის ხელოვნურად გამართულ ბორცვზე ვარაუდობენ 3 მეტრის დიამეტრის მქონე ფაცხისმაგვარი შენობის არსებობას, რომელზეც უნდა მიუთითებდეს ვერტიკალურად ჩასმული წრიული მოყვანილობის ბოძების აღმოჩენა (Соловьев 1939: 53). სავარაუდოა, რომ ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში ასეთი ტიპის შენობები ჭარბობდა, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო ამ რეგიონის შედარებით უფრო თბილი სუბტროპიკული კლიმატით (ჯიბლაძე 2007:37). ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში როგორც მომდევნო პერიოდში, ისე ადრებრინჯაოს ხანაში დასტურდება მიწური და ნახევრადმიწური ნაგებობები, რომელზედაც ზემოდან აღმართული უნდა ყოფილიყო სარ-ლასტიანი ფაცხისმაგვარი შენობები (ჯიბლაძე 2007;37). ისინი მრგვალ გეგმიანი ან ოთხკუთხა ძირბრტყელი ორმოებია, რომელთაც გარშემო სარების ჩასამაგრებელი ორმოები შემოუყვება. ფიქრობენ, რომ ხის კარკასები ლერწმის ტიპის სპეციალური მცენარით იყო შემოწნული, ისინი კონად კარგად იკვრებოდნენ და იფარებოდნენ რაიმე მცენარით ან ლერწმით. ეს კონსტრუქციები შიდა და გარე მხრიდან თიხით იყო შემოლესილი. სათავსოების ასაგებად მოედნები წინასწარ იყო მომზადებული-მოტკეპნილი (Цвинария 1978:38-39; ფხაკაძე 1992: 2-39). ასეთი ტიპის ნაგებობები გვხვდება შემდეგ ძეგლებზე: გუმისთა I, გუანდრა, ფსოუ, ახრა-კაპში, მაჭარა და სხვა (ჯიბლაძე 2007:38). ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ადრე  ბრინჯაოს  ხანის კულტურის შიდა ქრონოლოგიის საკითხებზე. კოლხეთის დაბლობის ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურის პერიოდიზაციის რამდენიმე ცდა არსებობს, რომელიც ემყარება სტრატიგრაფიულ მონაცემებსა და არქეოლოგიური მასალების ურთიერთშედარებას. ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურის ადრეულ ეტაპს აკუთვნებენ ადლერის მახლობლად მდებარე ვორონცოვის მღვიმეს („კოლოკოლისა“ და ზალოჟნის ფარდულები); განვითარებულ ეტაპს მიაკუთვნებენ ოჩამჩირისა და გუმისთის ნამოსახლარებს, ახრაკაპშისა და პალის ფარდულებს, გუმისთის ყორღანს, პატარა და საშუალო ზომის დოლმენებს. ამ კულტურის ფინალური ეტაპი წარმოდგენილია შემდეგი ძეგლებით: მაჭარა (III ფენა), გუანდრა (ბ ფენა), საელიაოს კურზია, ფიჩორი 1 (მე-8 ფენა), ანაკლია 1 (ქვედა ფენა) და სხვა (ფხაკაძე 1992:38; ფხაკაძე 1993:82-83)

როგორც აღვნიშნეთ, არქეოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებულია ტერმინი პროტოკოლხური კულტურა, რომლის I ეტაპი შეესაბამება კოლხეთის ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურას, ხოლო მოგვიანო საფეხური, II ეტაპი კი ამავე რეგიონის შუა ბრინჯაოს ხანის კულტურას. თვლიან, რომ ტერმინი პროტოკოლხური კულტურა საერთო ისტორიული ხასიათის მატარებელია, თუმცა ეთნიკური დატვირთვაც გააჩნია. ამიტომაც უფრო მართებულად მიაჩნიათ მის მაგივრად კოლხეთის დაბლობის ადრებრინჯაოს ხანის კულტურის სახელწოდების გამოყენება (ფხაკაძე 1998:32-41;Пхакадзе 2009-2010:75). ზოგიერთი მკვლევარი კოლხეთის დაბლობის ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ხელოვნურად გამართული ბორცვთა კულტურების აღმნიშვნელად იყენებს ტერმინს დასავლეთი კოლხური კულტურა (გოგაძე 1997:33:58) თუმცა ხშირად, ძირითადად კერმიკული მასალის ტიპოლოგიური მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ტერმინს ამ კულტურის ლოკალური ვარიანტების აღმნიშვნელად იყენებენ. ზოგადად გამოყოფენ 3 ლოკალურ ვარიანტს: ცენტრალური და დასავლეთი კოლხეთის კულტურის ლოკალური ვარიანტები; მესამე ვარიანტს აკუთვნებენ დოლმენურ კულტურას (Гогадзе 1990:113-117; გოგაძე 1997:33-34). არქეოლოგიურ მეცნიერებაში მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ შემოღებული იქნა ტერმინი სამხრეთ-დოლმენური (ოჩამჩირული) კულტურა (სოლოვიოვი, ბჟანია, ვორონოვი, წვინარია) (Соловьев 1958 :151; Соловьев 1960 :69; Бжания 1973:71; Воронов 1971:17). ჩვენი ვარაუდით ამ კულტურის წრეში რამდენადმე განსხვავებულ და მონათესავე ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ დოლმენებთან ერთად (კიურდერე-ეშერა აზანთა, სული და ა.შ.) მცდარად არის გაერთიანებული ოჩამჩირის ნამოსახლარი. ეს ძეგლი სოჭი-ადლერის ტიპის ორი ქვის თოხითა და კიბისებურ- ორნამენტიანი კერამიკით, მართლაც უკავშირდება დოლმენურ კულტურას, მაგრამ ოჩამჩირის ნამოსახლარის იდენტური კერამიკული მასალა მოიცავს მთელი კოლხეთის დაბლობის ტერიტორიას. ასევე არასწორად გვეჩვენება თვით ტერმინი ოჩამჩირული კულტურის გაიგივება სამხრეთ დოლმენურ კულტურასთან. ასეც რომ იყოს, ამ კულტურისათვის პირველი აღმოჩენის მიხედვით ამ სახელწოდების მიკუთვნება არასწორად მიგვაჩნია.

სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთში ჩაქვის ნამოსახლარზე დასტურდება 1,5 მ სიღრმისა და 1,5 დიამეტრის მქონე მიწუrიანი ნაგებობა (Григолия; Мирцхулава 1976: 10-12; ფხაკაძე 1992:263). თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ადრე ბრინჯაოს ხანაში საცხოვრებლად გამოიყენებოდა კასტრული მღვიმე-გამოქვაბულები (იუპსი, ახრაკაპში და პალის ფარდულები). ამ ძეგლებზე დაფიქსირდა თიხატკეპნილი იატაკების ნაშთები შიგ ჩალეწილი კერებით (Бжания 1973 :65-71).

ზოგიერთი მკვლევარი ლ.სოლოვიოვი მეტად ცალმხრივად და ტენდენციურად აგებდა თავის შეხედულებებს, როდესაც მდ.ენგურიდან ადლერის ზღვისპირა ზოლამდე გამოყოფდა სამხრეთ-დოლმენურ კულტურას, რომლის ყველაზე ცნობილ ძეგლებად მიიჩნევდა ოჩამჩირისა და ეშერის დოლმენების ქვედა ფენებს (Соловьев 1958:150; Соловьев 1960:60). იგი თვლიდა, რომ სამხრეთ-დოლმენურ კულტურას მდ.ენგურთან ემიჯნება მონათესავე კულტურა, რომელსაც პირობითად პროტოკოლხურს უწოდებს. ამ უკანასკნელი კულტურის ძეგლებად თვლიდა დაბლაგომს, ანაკლიის დიხა-გუძუბას და კოლხეთის დაბლობის სხვა ნამოსახლარებს (Соловьев 1958: 162). ასევე ტენდენციური და მცდარი იყო კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულს, მისი აზრით, განსხვავებული კერამიკული ფორმების დაკავშირება მოსახლეობის შეცვლასთან. კერძოდ, მცირე აზიიდან გადმოსახლებულ ქაშქებთან, რომლებმაც კოლხეთის დაბლობზე მოიტანეს თავისებური თიხის ჭურჭელი და საკუთარი მეტალურგია (Соловьев 1960:151). ამ მცდარმა და უაღრესად ტენდენციურმა დებულებებმა სამართლიანი კრიტიკა დაიმსახურეს (ჯაფარიძე 1961:233). აღინიშნა, რომ ოჩამჩირის ნამოსახლარი, ანაკლიის ბორცვი და ეშერის ადრეული დოლმნები უნდა გაერთიანდეს კოლხეთის დაბლობის ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურაში, რომელსაც საფუძვლად დაედო დასავლეთ საქართველოს ნეოლითი (ჯაფარიძე 1961:233). შემდგომში, ეს მოსაზრება გაიზიარეს სხვა მკვლევარებმა. კოლხეთის დაბლობის  ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურის გავრცელების არეალები უფრო გაფართოვდა და ახალი ძეგლები იქნა ჩართული (ფხაკაძე,1993:32-37; Пхакадзе 2009-2010 :74-86).

რუს და აფხაზ მეცნიერთა (სოლოვიოვი, ვორონოვი, ბჟანია, ინალ-იფა და წვინარია) შეხედულების საპირისპიროდ, სავსებით სამართლიანადაა მიჩნეული, რომ კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე გავრცელებული პროტოკოლხური კულტურის მატარებელი უნდა ყოფილიყო ქართული ეთნიკური ნაკადი-სვანურენოვანი მოსახლეობა (მელიქიშვილი, ორბელი, მიქელაძე, ბარამიძე) (მიქელაძე, 1974:72; ბარამიძე, 1999:18-19) კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე მათ კვალს ამჩნევენ როგორც დალექილი უძველესი ფესვების მქონე ტოპონიმებით, ასევე არქეოლოგიური მასალებით (მიქელაძე, 1974:9-20; ლორთქიფანიძე, 1986:51).

პროტოკოლხური 1 ეტაპის კულტურის განვითარებაში დასაშვებად მიგვაჩნია ადრეული და მოგვიანო საფეხურების გამოყოფა. ჩვენი აზრით, ადრეული საფეხურს განეკუთვნება (დაახლოებით ძვ.წ XXV-XXIII სს-ები) ისპანის ქვედა ჰორიზონტი, ჭოლიპას, შემოქმედის, ჩაქვის, მაჭარის (IV ფენა) ნამოსახლარები. ადრეული საფეხური უნდა გაიმიჯნოს მასალათა ტიპოლოგიური ანალიზითა და ისპანის ნამოსახლარის ქვედა ჰორიზონტიდან მომდინარე თარიღებით: 5100+159 (ძვ.წ. 3150, 3180 წწ. კალიბრილებული მეთოდი), 4540 +- 50, 4590+-60 (შედარებითი ქრონოლოგიით -ძვ.წ. XXVII -XXVI  სს).

პროტოკოლხური I ეტაპის ადრეული საფეხურისთვის დამახასიათებელი თიხის ნაწარმის უმრავლესობა გვხვდება ორნამენტაციის გარეშე. მათ შორისაა სწორპირიანი, ცილინდრულტანიანი ქილები, სადღვებლები, შედრეკილძირიანი ჭურჭელი, ქიმისებური დანაძერწები, მცენარის ანაბეჭდიანი ძირები, სქელკეციანი, ვარდისფერსარჩულიანი კერამიკა და სხვა ელემენტები (ჯიბლაძე 2007:105) (ტაბ. XIV1-13, 18-30, XVIII6, 11-12, XXXV).

პროტოკოლხური I ეტაპის მოგვიანო საფეხურის ძეგლებად მიგვაჩნია ფიჩორის ცენტრალური ბორცვი (Vlll, Vll ფენები), ოჩამჩირე, ანაკლია I (ქვედა ფენა), ისპანი ზედა ჰორიზონტი, შესაძლოა საელიაოს კურზიას ქვედა ფენა. ვფიქრობთ, რომ მათი სინქრონული უნდა იყოს პროტოკოლხური და მტკვარ-არაქსული (არგვეთა, დაბლაგომის ზედა ჰორიზონტი და სხვა), პროტოკოლხური და დოლმენური (გუმისთა I, აჭანდარა, ახრა-კაპში, გუანდრა ბ ფენა) და მათი თანხვედრის ძეგლები. ზოგიერთ ძეგლზე ეს საფეხური იმიჯნება სტატიგრაფიულად, ტიპოლოგიურად და აბსოლუტური მეთოდებით. ისპანის ზედა ჰორიზონტი კალიბრირებული ცხრილით განისაზღვრა 4600+-108 წწ, ხოლო შედარებითი ქრონოლოგიით  კი 4130+-50 წ (ძვ.წ. XXVII – XXII სს) (Аракидзе; Бурчуладзе 1987: 23). ფიჩორის ცენტრალური ბორცვის VII კულტურული  ფენა 14 C კალიბრირებული მეთოდით განისაზღვრა 4245+-109 წწ. (ძვ.წ.XXIVსს). VII კულტურული ფენის ასაკი კი 4710+-108 წ (ძვ.წ. 2760 წ. XXVIII) (Апакидзе; Ьурчуладзе 1987: 37).

პროტოკოლხური I ეტაპის მოგვიანო საფეხურისთვის დამახასიათებელი ნიმუშებია: ნათითურფოსოიანი რელიეფურსარტყლიანი კერამიკა, ჭილოფის ანაბეჭდიანი ძირები, შავპრიალა ბიკონუსური ფორმის ლენტურყურიანი ჭურჭელი, ორლულიანი ქიმიანი ყურები, ნაფოტისმაგვარი ნივთით კერამიკის ზედაპირის მოსწორების ტრადიცია, ზიარი ჭურჭელი და სხვა (ტაბ.XV1-8, XVI, XVII1-3, XX1-8, XXXVI) ზოგიერთი ელემენტი თავს იჩენს მტკვარ-არაქსულ, ბედენურ, თრილეთური კულტურის ადრეულ საფეხურზე, რაც ძვ.წ. III ათასწლეულის ფინალურ ეტაპზე კარგ შესაძლებლობას იძლევა მათი სინქრონიზაციისთვის. პროტოკოლხური I ეტაპის მოგვიანო საფეხურზე გვხვდება ფიჩორული ტიპის ყუამილიანი ცულები და ფიჩრულ-ანაკლიური ტიპის თიხის ყალიბები და მასში ჩამოსხმული ბრინაჯოს თოხები (ტაბ.XXIX, XXX) ამ საფეხურზე არის წარმოდგენილი ერთსახელურიანი შედგენილი ხის სახვნელი და ამ რიგის სამიწათმოქმედო იარაღის მოდელის სახით გადმოიცემა (ტაბ.XX23) ფიჩორის თოხებს და ხის სახვნელებს მთელი რიგი ნიშნების მიხედვით ახალი პარალელები ეძებნებათ წინა აზიაში გავრცელებულ ამ რიგის სამიწათმოქმედო იარაღებთან (მერნისი, თეფე-გავრა, თეფე-სიალკი, ერიდუ, ჯემდეთ-ნასრი) და ძველი ქიშის თიხის ფირფიტებზე გამოსახული ხის სახვნელები, ძველი ბაბილონი, ეგვიპტე, კრეტა-კვიპროსის თიხის ფირფიტებზე დატანილი პიქტოგრამები და ა.შ. (Краснов 1975: 24, 53, 62, 86-88; Андрианов 1978: 32,78, 82, 83, ტაბ: 1-5; mullег-Кагре 2002: 95-96. სურ. 81; ჯიბლაძე 2007: 63-66, ტაბ: XCV9-27, XCVI, CXIII-CXIV).

გამოთქმულია  მოსაზრება,რომ  გუმისთა I , მაჭარა, ახრაკაპში, გუანდრა, ვორონცოვის მღვიმე(კოლოკოლი, ზალოჟნი-ფარდულები), გუმისთის ყორღანი, ეშერის პატარა და საშუალო ზომის დოლმენები, კოლხეთის დაბლობის ადრებრინჯაოს ხანის კულტურას განეკუთვნება (ფხაკაძე 1993:32-83, Пхакадзе 2009-2010: 75-76). ფიქრობენ,რომ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანის მასალების განსხვავება კოლხეთის დაბლობის სინქრონული პერიოდის ძეგლების მასალებისგან უნდა აიხსნას ამ მხარის ლოკალური თავისებურებებით (ბარამიძე 1998:204-205, ფხაკაძე 1998:35; ჯაფარიძე 2003:131-132, Гогадзе 1990: 113-115). ზოგიერთი მკვლევარი (მ.ბარამიძე) კოლხეთის დაბლობის ადრებრინჯაოს ხანის კულტურაში არქეოლოგიური არტეფაქტების ერთგვაროვნების მიუხედავად სამ ლოკალურ ვარიანტს გამოყოფს: ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთი (აფხაზეთი) , ცენტრალური კოლხეთი და სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთი (ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი 1, 2007:15).

ზემოთ მოხსენიებულ ძეგლებზე (მხედველობაში გვაქვს ნამოსახლარები) მართლაც დამახასიათებელია რამდენადმე განსხვავებული თიხის ნაწარმი და ქვის ინვენტარი როგორიცაა: სოჭი-ადლერის და სოხუმის ტიპის ქვის თოხები (ძირითადად ქ. სოხუმსა და მდ. ფსოუს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე) მოქლონისებური და მარყუჟისებურ ყურიანი თიხის ჭურჭელი და ზოგიერთ შემთხვევაში მათზე დატანილი კიბისებური დანაძერწები (გუმისთა I, კამან I, ფსოუ, ვორონცოვის მღვიმის ზალოჟნის ფარდული), მარყუჟისებური ფორმის ყურების ზურგზე დატანილი მეჭეჭისებური დანაძერწები, ფარფლისებური შვერილიანი კერამიკა და ა.შ. (ტაბ. XLI1-28, 34-37, XLIIა, XLIII). ზოგიერთ ძეგლზე (გუმისთა I) წარმოდგენილია სოხუმის ტიპის 300 ერთეულამდე ქვის დისკოსებური ფორმის თოხი(ტაბ.XLI32-33). ეს ელემენტები ოჩამჩირის ნამოსახლარის სამხრეთით ვერ აღწევს (ჯიბლაძე 2007:55). ვფიქრობთ, რომ გუმისთა I, ახრაკაპში, პალი,გუანდრა, გუმისთის ყორღანი, ეშერის დოლმენები, კამან I და სხვა ძეგლები უნდა წარმოადგენდეს პროტოკოლხურისა და დოლმენური კულტურების შეხვედრების არეალს. როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთ ძეგლზე დასტურდება სოჭი-ადლერის  ტიპის ღია სადგომებისათვის (ვესელოე, ბოჩარეი-რუჩეი, აშტირი, ლოო, მამაიკა,კაზაჩი ბროდი, ფსო, ბლინოვო და სხვა) დამახასიათებელი ქვის თოხები (Воронов 1979:35). როგორც ჩანს, ამ ელემენტის შემოღწევა ქ.სოხუმამდე და იშვიათად კი მის სამხრეთით, ხდება სოჭი-ადლერის ქვის თოხების მატარებელი კულტურის წრის ძეგლებიდან. ასევე არ გამოვრიცხავთ  ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის ტერიტორიაზე ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებზე, რამდენადმე განსხვავებული თიხის ნაწარმის არსებობა ავხსნათ ამ მხარის ლოკალური თავისებურებითაც.

ამრიგად, პროტოკოლხური კულტურის არეალში ექცევა დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტირია ქ.სოხუმამდე. მის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია მდ. ფსოუმდე არა მარტო ადრე ბრინჯაოს ხანაში, არამედ მომდევნო შუა ბრინჯაოს პერიოდშიც უნდა წარმოადგენდეს პროტოკოლხური, დოლმენური და შავი ზღვისპირა ზოლში გავრცელებული სოჭი-ადლერის ქვის თოხების მატარებელი კულტურების შეხვედრების ადგილს, მის საკონტაქტო ზონას. მომდევნო გვიანბრინჯაო-ადრე რკინის  ხანაში დასავლეთ საქართველოს ტერიტორია მდინარე ფსოუმდე და ზოგჯერ მის ჩრდილოეთითაც კი მთლიანად მოქცეულია კოლხური კულტურის არეალში.

კოლხეთის დაბლობზე ძვ.წ.III ათასწლეულის მეორე ნახევრისა და ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის ნამოსახლარებზე (ისპანი, ჩაქვი, შემოქმედი,ანაკლია I ქვედა ფენა, ფიჩორის ბორცვი VIII-V ფენები, ნაკარღალის ქვედა ფენა, ანაკლია II, ერგეტის „მამულების“ ბორცვი და სხვა). ვრცელდება შავად და წაბლისფრად ნაპრიალები კერამიკა (ჯიბლაძე1998; ჯიბლაძე 2007: 49) (ტაბ. XV, XVI) კერამიკის ეს ჯგუფი ყველაზე ადრე ჩნდება ჩაქვის, ისპანის (ქვედა ჰორიზონტი) და შემოქმედის ნამოსახლარებზე. ესენია საკმაოდ დიდი ზომის უორნამენტო, ვარდისფერსარჩლიანი, სქელკეციანი, შავპრიალა ქოთნის მაგვარი ჭურჭელი. პროტოკოლხური I ეტაპის მოგვიანო საფეხურის ძეგლებზე კი დასტურდება ბრწყინვალედ ნაპრიალები ამ ტიპის თიხის ნაწარმი, როგორიცაა შავად და წაბლისფრად ნაპრიალები, თხელკეციანი, ბიკონუსურტანიანი დოქები, ქოთნები, მაღალყელიანი ქილები, სამარილეები და ლარნაკისებური ფორმის ჭურჭელი. ზოგიერთი არტეფაქტი ლენტურყურიანია (როგორც ცალ, ისე ორყურა) (ჯიბლაძე 1998. ჯიბლაძე 2007; 49, ტაბ.LXVl, LXVll; Пхакадзе 2009-2010: ტაბ.III). ამ ჯგუფის კერამიკა ძირითადად შემკულია ნაკაწრი წესით შესრულებული ბადისებური(რომბული) დეკორით,რომელიც უმეტესად ჭურჭელს ყელზე და კორპუსის დასაწყისში შემოსდევს.

ხშირად ბადური ორნამენტი ფრიზულ სახეს ღებულობს. ასეთი სახის დეკორი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ყურის ზურგზეცაა გადმოცემული. ბიკონუსურტანიან ჭურჭელს ტანის დასაწყისში კენტად და წყვილად დაძერწილი აქვს მცირე ზომის კოპები და ფოსოების რიგი. პროტოკოლხურ II ეტაპზე გრძელდება რამდენადმე შეცვლილი სახით ამ ფაქტურის მქონე კერამიკის დამზადება, ოღონდ უფრო მდარე ხარისხის. შუა ბრინჯაოს ხანის  მიწურულიდან თიხის ნაწარმის ეს ჯგუფი საერთოდ გამოდის ხმარებიდან. მკვლევართა ნაწილს (თ.მიქელაძე, ო.ჯაფარიძე,დ. ხახუტაიშვილი, ა.ინაიშვილი, გ.ფხაკაძე, ე.გოგაძე, ვ.სადრაძე, ბ.მურვანიძე) დასაშვებად მიაჩნიათ შავპრიალა თიხის ჭურჭლის შემოღწევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ მტკვარ-არაქსულ, ბედენურ და თრიალეთური კულტურებიდან. ზოგჯერ მას ადგილობრივ თიხის ნაწარმად მიიჩნევენ (რ.პაპუაშვილი), ანდა პარალელებს ნახულობენ ცენტრალური ანატოლიას ზღვისპირა ზოლში (იქიზ-თეფე, ალაჯა-ჰუიუკი, ჰოროზ-თეფე, ალიშარ-ჰუიუკი, ტროა I) არსებულ მასალებთან (ჯ.აფაქიძე). თავდაპირველად ეს მოსაზრება გამოთქვა ლ.სოლოვიოვმა. ბ.კუფტინმა ყველაზე ადრე ოჩამჩირისა და ანაკლია I-ის შავპრიალა კერამიკა გენეტიკურად დაუკავშირა ამიერკავკასიის ციკლოპური ნაგებობების უძველესი თიხის ნაწარმს და მოუძებნა შორეული პარალელები მცირე აზიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, სირიისა და შვეიცარიის ხიმიჯებიანი ნაგებობების მასალებში (Куфтин  1950; 267). ზოგიერთი მკვლევარი შავპრიალა კერამიკას კოლხეთის დაბლობზე შემოტანილად თვლის მაიკოპის კულტურიდან. გამოთქმული მოსაზრებებიდან ჩვენთვის ყველაზე მისაღებია კოლხეთის დაბლობზე შავპრიალა თიხის ჭურჭლის გავრცელება ავხსნათ მტკვარ-არაქსულ, ბედენურ და თრიალეთურ კულტურებთან კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად(გაცვლა-გამოცვლა, ტექნოლოგიური გავლენები) (ჯიბლაძე 1998, ჯიბლაძე 2007: 50-51).

კოლხეთის დაბლობზე ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან (უფრო ფინალურ ეტაპზე) ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოება ძალიან მაღალ დონეზე  მდგარა. ზოგიერთ ნამოსახლარზე ბრინჯაოს მეორადი მეტალურგიული წარმოების ცენტრია გამოვლენილი. მაგალითად: ფიჩორის ცენტრალური ბორცვის VIII-VII კულტურულ ფენებში გამართულ ლითონჩამომსხმელ სახელოსნოებში აღმოჩნდა 80 ერთეულამდე სხვადასხვა ნივთის ჩამოსასხმელი ყალიბი. მათ შორის ფიჩორული ტიპის ყუამილიანი ცულების, თოხების ჩამოსასხმელი ყალიბები მათზე დამზადებული ბრინჯაოს თოხებით (8 ერთეული), ორი და ოთხგანყოფილებიანი თიხის ყალიბები, საქშენი მილები, ბრინჯაოს ზოდები და ა.შ. (ჯიბლაძე 1997:78-79). ლითონჩამომსხმელი სახელოსნოს ნაშთები აღმოჩნდა ანაკლია1-ის ქვედა ფენაში და ისპანის ნამოსახლარზე (Микеладзе 1985: ტაბ  IV; Куфтин 1950:248; ტაბ.64, 16 17). ისპანის ბრინჯაოს მეორადი მეტალურგიული წარმოების ნივთებიდან აღსანიშნავია ყუამილიანი ცულის ყალიბის ფრაგმენტები და ორნამენტირებული ტიგელის მოდელი. საინტერესოა ის ფაქტი,რომ ამ ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ყუადაქანებული ცულის ხის მოდელი, რომელიც ზოგიერთი დეტალის მიხედვით ძალზე ახლოს დგას მარტყოფის N3 და №5 ყორღანებში გამოვლენილ ბრინჯაოს ამ რიგის იარაღებთან (ჯაფარიძე1998:42). უნდა ვიფიქროთ, რომ  კოლხეთის დაბლობის ადრე ბრინჯაოს ხანის ლითონჩამომსხმელი სახელოსნოების მომარაგება სპილენძის ნედლეულით ხდებოდა კოლხეთის მთიანეთში არსებული ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების პირველადი ცენტრებიდან (რაჭა, აფხაზეთის მთიანეთი, მდინარე ბზიფისა და კოდორის სათავეები, ბაშკაფსარა, ზემო სვანეთი). თვლიან, რომ კოლხეთის მთიანეთში არსებული სამთამადნო წარმოების ძეგლების ამოქმედება ხდება შუა ბრინჯაოს პერიოდიდან (ინანიშვილი და სხვ. 1998:52-59; ინანიშვილი, მაისურაძე 2010:54-102; Муджири 2008:50-57). ამიტომ არ უნდა გამოირიცხოს კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა ზოლში არსებული ძვ.წ.III ათასწლეულის მეორე ნახევრის ლითონჩამომსხმელი სახელოსნოების სპილენძის ნედლეულით მომარაგება ჭოროხის აუზში მდებარე სამთამადნო წარმოების ძეგლებიდანაც (Иессен 1935: 44-47). გამოთქმულია მოსაზრებები , რომ ამ მდინარის აუზში არსებული სპილენძის საბადოების დამუშავება იწყება უფრო ადრეული პერიოდიდან (ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარი). შესაძლოა, რომ ჭოროხის აუზში არსებული სამთამადნო წარმოების მაღაროები (სხვა წყაროებთან ერთად), სპილენძის ნედლეულის ძირითადი მიმწოდებელი იყო მტკვარ- არაქსული კულტურის ძეგლებისთვის. თიხისგან დამზადებული ყუამილიანი ცულის პატარა თიხის მოდელი ცნობილია ბერიკლდეების ნამოსახლარის ბედენური კულტურის ფენაშიც. შესაძლოა, რომ პროტოკოლხურ და ბედენურ კულტურებში ხისა და თიხის მოდელის დამზადების ტრადიცია შემოდის ძველი აღმოსავლეთის სამყაროდან, სადაც იგი ჩნდება ძვ.წ.IV ათასწლეულის მიწურულსა და ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისში (ჯიბლაძე 2007:61).

საყურადღებოა, რომ ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის  ადრებრინჯაოს ხანის  ნამოსახლარებზე  ბრინჯაოს მეორად მეტალურგიულ წარმოებასთან  დაკავშირებული ნივთები არ არის წარმოდგენილი. სამაგიეროდ ბრინჯაოს ნივთები დაფიქსირდა კიურდერეს (ზემო ეშერა) დოლმენების ადრეულ ფენაში. ლითონის ნივთები აგრეთვე ცნობილია ხუაბისა და ოთხარის დოლმენებიდან (Цвинария 1990: 12-49), რომელსაც შევეხებით უფრო ქვემოთ.

კოლხეთის ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების კულტურულ ფენებში გვხვდება არქეოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნიან მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარებაზე. აღმოჩენილი მასალების მიხედვით ირკვევა,რომ მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი ყოფილა მიწათმოქმედება.ადრეული და განვითარებული საფეხურის ძეგლებზე (რიონ-ყვირილას აუზის გამოქვაბულები,ღია ტიპის ნამოსახლარები)მიწის დამუშავება ხდებოდა ქვისა და რქის იარაღებით, რომელთაც წამახვილებული სამუშაო პირი გააჩნდათ. “პიკის“ ტიპის და წერაქვისნაირი იარაღების საშუალებით, რომელთაც ჰორიზონტალური ან ვერტიკალური დასაგები ტარი ქონდათ, ნიადაგის გაკვალა ხდებოდა (ფხაკაძე 1992: 12-45, ფხაკაძე1993:122-125). ძვ.წ.III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან (უფრო მის ფინალურ ეტაპზე) ხმარებაში შემოდის გამწევ-ძალიანი ხის სახვნელები (ფიჩორისVIII ფენა), რომელიც გუთნური მიწათმოქმედების  არსებობაზე უნდა მიგვანიშნებდეს (ჯიბლაძე 2007: 80-86). კოლხეთის დაბლობზე ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულიდან ვრცელდება ბრინჯაოს თოხები (ფიჩორის VIII-VII ფენა), რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა მიწის დამუშავების პროცესში. საყურადღებოა, რომ ფიჩორული ვარიანტის ერთ-ერთი ბრინჯაოს თოხის სატარეში  ჩარჩენილი იყო  დანახშირებული სახელური (ჯიბლაძე 1997: 79). გავრცელებული ყოფილა სხვადასხვა სახეობის  პალეობოტანიკური მასალები. კულტურული მარცვლეულიდან წარმოდგენილია ორმარცვალა, სპელტა, მახა, რბილი ხორბალი (არგვეთის ქვედა ჰორიზონტი, ფიჩორის ცენტრალური ბორცვისVIII ფენა, ანაკლია I-ის ქვედა ფენა). ამავე ძეგლების ქვედა ფენებში დასტურდება ქერის, ფეტვის, შვრიის, ღვარძილის, პროსის და ფეტვის მარცვლები. (ფხაკაძე 1993:123-124; Куфтин 1950:251; ჯიბლაძე 1997: 88). საინტერესოა, რომ ფიჩორის ცენტრალური ბორცვის VIII ფენის იატაკზე, ხის სახვნელებთან, ბრინჯაოს თოხებთან, ე.წ. ოჩამჩირული ტიპის ნამგლის ჩასართებთან და ხელსაფქვავებთან ერთად აღმოჩნდა 8 კგ დანახშირებული ხორბილის მარცვლების მასა. მარცვლეული კულტურის დამუშავება ხდებოდა ნავისებური ფორმის ხელსაფქვავებით. როგორც ჩანს, მოსავალს იღებდნენ კაჟის ნამგლის ჩასართებით, რომელთაც ხის სახელური უკეთდებოდათ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის ზღვისპირა და მთიანი ზოლის ნამოსახლარებზე (გუანდრა, მაჭარა, ახრაკაპში, კამან I, გუმისთა I და სხვა) არსად დასტურდება მარცვლეული კულტურის ნაშთები და ბრინჯაოს თოხები (ჯიბლაძე 2007: 81). საფიქრებელია, რომ ამ რეგიონში მიწის დამუშავება ხდებოდა სოჭი-ადლერისა და სოხუმის ტიპის ქვის დისკოსებური ფორმის თოხებით, რომლებიც მთელი რიგი ნამოსახლარების კულტურულ ფენებშია წარმოდგენილი (მაჭარა მე-3 ფენა, გუმისთა 1, ფსოუ, გუანდრა Б,В ფენები) (Бжания 1966:113-126; Бжания 1969:58-52; ფხაკაძე, 1992: 259-260, 272-275; ჯიბლაძე, 1997:31-33).

უფრო მისაღებია მოსაზრება, რომ ისინი დამჯდარ მიწათმოქმედებას არ მისდევდნენ. თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მეურნეობის წამყვანი დარგი იყო  მესაქონლეობა, რასაც ხელს უწყობდა ბუნებრივი პირობები (ალპური საძოვრები) (ჯიბლაძე 2007:81). კოლხეთის ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებზე (სამელე-კლდე, დარკვეთი, საგვარჯილე, ანაკლია I, ფიჩორი, დაბლაგომი, არგეთი, საგვარჯილე და სხვ.) აღმოჩენილი ოსტეოლოგიური მასალების მიხედვით, განვითარებული ჩანს მესაქონლეობა. შინაურ ცხოველებში წარმოდგენილია ხარის, ღორის, ცხვრის ძვლები. გარეული ცხოველებიდან გვხვდება  ტახის, ირმის, ჯიხვის, შვლის ჯიშები (ფხაკაძე 1999:124; ჯიბლაძე 1997: 87; ჯიბლაძე 2007:88). იშვიათად გვხვდება ფრინველის ძვლებიც. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში სინქრონული პერიოდის ძეგლებზე ხშირად არ დასტურდება ოსტეოლოგიური მასალები.

კოლხეთის ადრე ბრინჯაოს ხანის მასალების მიხედვით განვითარებული ჩანს მეთევზეობა, რაც დასტურდება  მთელი რიგი ნამოსახლარების კულტურულ ფენებში გამოვლენილი ბადის ჩასაბმელი ქვის საწაფებით, ძვლისა და ლითონის ანკესებით. ბუნებრივია, ამ დარგის განვითარებას ხელს უწყობდა მდინარეებისა და ზღვის სიახლოვეს საცხოვრებელი ადგილების განლაგება. როგორც ჩანს, მონადირეობაც საკმაოდ განვითარებული ყოფილა, რასაც ადასტურებს კაჟისა და ბრინჯაოს ისრისპირები. არქეოლოგიური მასალების მიხედვით ირკვევა, რომ რთვასა და ქსოვას ადრე ბრინჯაოს ხანის მოსახლეობის საქმიანობაში დიდი როლი ეკავა. ამას მოწმობს თიხისა და ქვის კვირისტავების აღმოჩენები. კოლხეთის ძვ.წ.III ათასწლეულის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოებით უნდა ყოფილიყო დაკავებული. ეს განსაკუთრებით კარგად იკვეთება ზღვისპირა დაბლობი ზოლის ნამოსახლარების კულტურულ ფენებში (ფიჩორი, ანაკლია 1, ისპანი) გამოვლენილ ლითონჩამომსხმელ საქმიანობასთან დაკავშირებული არტეფაქტებით. ყოველივე ეს ბრინჯაოს მეორად მეტალურგიულ საქმიანობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის უფრო ადრეულ და სინქრონულ პერიოდის ნამოსახლარებზე არც ერთი ბრინჯაოს ნივთია გამოვლენილი. თუმცა ძვ.წ.III ათასწლეულის დასასრულს კიურდერეს დოლმენებში უხვადაა აღმოჩენილი ბრინჯაოს ინვენტარი. ასეთივე სურათი ისახება ოთხარისა და ხუაბის დოლმენებშიც, რაც გვაძლევს საფუძველს  ვიფიქროთ, რომ ამ რეგიონშიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დასაქმებული უნდა ყოფილიყო ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოებით.

კოლხეთის მთიანეთში (რაჭა, სვანეთი) დღემდე არ არის გამოვლენილი პროტოკოლხური I ეტაპის (ადრე ბრინჯაოს ხანა) ნამოსახლარები და სამაროვნები. ფიქრობენ, რომ ამ რეგიონის (სვანეთი) სამოსახლოდ ათვისება ხდება უფრო გვიან ძვ.წ. XVI-XV სს-დან. კერძოდ, ზანურენოვანი მოსახლეობის საყოველთაო გავრცელების ფონზე სვანურენოვანი მოსახლეობის ნაწილი ტოვებს ბარს და მთაში ინაცვლებს, ნაწილი კი ბარში რჩება და ერწყმის მეგრულ-ჭანურ ნაკადს (ბარამიძე 1998: 20). მთაში გადანაცვლებას ეკონომიკური ფაქტორითაც ხსნიან. კერძოდ, გარდამავალ და გვიან ბრინჯაოს საწყის ეტაპზე, ბრინჯაოს მეტალურგიის მკვეთრმა აღმავლობამ ძალზე გაზარდა მოთხოვნილება სპილენძის მადანზე. ამის გამო მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავებული იყო ბარში ლითონგადამამუშავებელი საქმიანობით მთაში ინაცვლებს (ბარამიძე 1998:132). არსებობს საპირისპირო მოსაზრება, რომლის მიხედვით ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ამ რეგიონში ცხოვრობს სვანურენოვანი მოსახლეობის ნაკადი (Чартолани 1989: 244). სვანეთის რეგიონიდან ადრებრინჯაოს ხანის მასალები ცნობილია ლითონის ინვენტარის შემთხვევითი აღმოჩენებით. კერძოდ, სპილენძის ცულების ცალკეული ნიმუშებით. მათ შორის მაიკოპური ყუადაქანებული და საჩხერული ვარიანტის ცულების ნიმუშებით. (Чартолани 1989: 40, 44-48; ტაბ. X2, XI1,4, XII1, XIII, XIV). ასევე გამოვლენილია სპილენძის შუბისპირები (Чартолани 1989: 55-58, ტაბ.XV). კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე ადრე ბრინჯაოს ხანის სამაროვნები ან ცალკეული სამარხები, კოლოტაურის გარდა დღემდე არ არის მიკვლეული (ჯიბლაძე და სხვ. 2006: 117-132). შესაძლოა, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ახალშავზღვური ტრანსგრესიისა და ფანაგორიული რეგრესიის მიმდინარეობისას ამ ეპოქის სამაროვნები ტორფქვეშ მოექცა, ანდა ისინი კოლხეთის დაბლობის  ჭაობიანი ნიადაგის სიღრმეშია მოქცეული და ჭირს მათი მოძიება.

კოლოტაურის სამარხი(სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთი)შემთხვევით გამვლინდა. იგი ქვის ფილებით იყო ნაგები, რომლის ინვენტარიდან მხოლოდ ორი თიხის ჭურჭელი შემორჩა. (ტაბ.XVIII6,10).

ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთიდან ცნობილია ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულის ქვაყრილიანი ყორღანი, რომელიც გუმისთის ნამოსახლარზე გაიწმინდა. ყორღანი ქვის წრეებით იყო შემოსაზღვრული და ოთხი ინდივიდუალური სამარხისაგან შედგებოდა. აღმოჩნდა მცირე ზომის ქოთნები, პატარა ზომის რიყის ქვის ცული და ოვალური ფორმის რიყის ქვის საკიდი (Воронов 1969: 31; ფხაკაძე 1992: 272-273).

როგორც ცნობილია, დოლმენები გავრცელებული იყო მთიანი ტყის მასივებში შავი ზღვის გასწვრივ 480 კმ. სიგრძეზე(გავრცელების სიფართე იყო 30კმ-დან 75კმ-მდე) დაწყებული ტამანის ნახევარკუნძულიდან ქ.ოჩამჩირემდე (ბედია). სულ 194 პუნქტში 564 დოლმენური ნაგებობაა გამოვლენილი. (Марковин 1978:59; რუკა20 Марковин 1994:228-231). დოლმენები განლაგებულია ზღვის დონიდან 250-400 მ სიმაღლეზე, ზოგიერთი 700-800 მ-ის, ხოლო არის 1029 მ-ზე არსებული ამ ტიპის ნაგებობები (Марковин 1978: 55).

ქ.სოხუმის სამხრეთით ისტორიული სამურზაყანოს ტერიტორიაა, სადაც დოლმენური ტიპის სამარხები თითქმის არ გავრცელებულა. ეს ადგილი უფრო გაშლილია და თანდათანობით კოლხეთის დაბლობზე გადადის (ჯაფარიძე 2006; 45).

ეს მხარე ალბათ ქართველური (პროტოკოლხური კულტურის მატარებელი ტომების) მოსახლეობის საცხოვრისი იყო (ჯაფარიძე 2006:45). როგორც ჩანს, დოლმენების მშენებლობის ტრადიციამ კოლხ მოსახლეობაში ფეხი ვერ მოიკიდა. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში დოლმენები გამოვლენილია 31 პუნქტში (ჯიბლაძე და სხვ; 2006:127-129; Марковин 1978:274; Марковин 1994: 226-253). ასევე, რამდენიმე პუნქტში (პრცხა-ყოფილი როჟდესტვენსკი, ახუპაჩი, აზანთა) გვხვდება ქვაყუთები და დოლმენისებური ფილებით გამართული ნაგებობა (Марковин 1978:50. Бгажба,Воронов 1982 :14; Лукин 1941 :67; Иващенко 1935:85). ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში დოლმენები ჯგუფ-ჯგუფად გვხვდება როგორც ზღვისპირა ისე შიდა მთიან მხარეში. ზომების მიხედვით დოლმენები იყოფა 3 ჯგუფად: მომცრო, საშუალო და მოზრდილი დოლმენები(ჯაფარიძე 2003:132; ჯაფარიძე 1961:87; ფხაკაძე 1992:240). თავის დროზე ბ.კუფტინმა ამ ტიპის მეგალითურ ნაგებობაში 3 ფენა გამოყო: ბრინჯაოს ადრეული საფეხური (ძვ.წ III ათასწლეულის დასასრული), შუა ბრინჯაოს ხანა და მესამე ფენა კი განსაზღვრა კოლხური მონეტით (ჯაფარიძე 1961:217). უფრო გვიან ამ კლასიფიკაციას დაუმატეს გვიან ბრინჯაოს ხანა (ჯაფარიძე 1961:217). ადრე ბრინჯაოს ხანის მასალები ძირითადად წარმოდგენილია მომცრო და საშუალო ზომის დოლმენებში. როგორც მომცრო, ასევე მოზრდილ ამ რიგის ნაგებობს უპირატესად ტრაპეციის ფორმა აქვთ (ჯაფარიძე 2003:132) (ტაბ.XXXVIII). ადრეული დოლმენები შედარებით პატარაა და უხეშადაა ნაგები. ფორმის, კონსტრუქციისა და დაკრძალვის წესის მიხევით ისინი არ განირჩევიან ერთმანეთისგან. დოლმენები აგებულია ოთხი ვერტიკალურად დადგმული მასიური ქვისგან და მეხუთე ქვითაა გადახურული. წინა კედელში რომელიც თითქმის ყოველთვის სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთითაა მიმართული,ხვრელია დატანილი, რომელიც ქვის საცობით იხურებოდა. ეს ნაგებობები გამოყენებულია მეორადი დაკრძალვისთვის და მიცვალებულის ძვლები წინა კედელში დატანილი ხვრელით შეჰქონდათ (Куфтин 1949:275). დოლმენების გვერდით კედლებზე და იატაკზე გასამაგრებელი ნარიბანდებია (საბჯენები) ამოკვეთილი. გვერდითი კედლები ზოგჯერ საბჯენებით ან დიდი ლოდებითაა გამაგრებული. ზოგიერთი მათგანი კი მიწითაა დაფარული. არის შემთხვევები როდესაც ამ რიგის ნაგებობებს კრომლეხი შემოუყვებოდა (ფხაკაძე 1992:240). როგორც აღინიშნა, ადრეული დოლმენები შედარებით პატარებია. მერე მათი აგების წესი უფრო იხვეწება და ზომაც მატულობს. დოლმენების მშენებლობა კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძვ.წ II ათასწლეულის შუა ხანებამდე გაგრძელებულა. მათ უფრო გვიანაც იყენებენ მიცვალებულის დასამარხად და ზოგჯერ აქ მოგვიანო პერიოდის სამარხებიც გვხვდება (ჯაფარიძე 2003:133). კოლხეთში დოლმენების დაკრძალვის წესი თითქმის ათას წელს გაგრძელებულა და მთელი არსებობის მანძილზე თითქმის უცვლელი რჩება. ისინი კოლექტიურ საოჯახო-საგვარეულო სამარხებს წარმოადგენდნენ (ჯაფარიძე 2003:133, ჯაფარიძე 2006:45), სადაც მიცვალებულის დაკრძალვის წესი არ დგინდება. ძვლები და სამარხეული ინვენტარი ძირითადად შეჯგუფებული იყო დოლმენების კუთხეებში. ადრეული მომცრო ზომის დოლმენებში სამარხეული ინვენტარი ღარიბული და საკმაოდ არქაულია (ტაბ.XXXVIII) ჭურჭელი უმეტესად პატარა ზომისაა. ფიქრობენ, რომ მათ სპეციალურად სამარხში ჩასატანად ამზადებდნენ (კუფტინი 1950:295). კერამიკა ხელითაა ნაძერწი, თხელკეციანი და უპირატესად მოწითალო ან მოშავო ფერისაა. გამოირჩევა პატარა ზომის ქოთნები, ქილები ჯამები და სასმისები. უადრეს დოლმენებში იშვიათად დასტურდება ბრინჯაოს სასაფეთქლე რგოლები, არქაული სატევრის პირები და ა.შ. (ჯაფარიძე 2003:134; ჯაფარიძე 2006:45). საშუალო ზომის დოლმენები უკეთაა ნაგები, სხვა მხრივ კი ფორმის, კონსტრუქციითა და დამარხვის წესით პატარა ზომის დოლმენებისგან არ განსხვავდება. კერამიკა ფორმით, ფერით და ორნამენტით იმეორებს პატარა ზომის დოლმენების მასალას. სამაგიეროდ მასში ლითონის ნივთები დიდი რაოდენობით და ნაირგვარობითაა წარმოდგენილი (ფხაკაძე 1992:277). კარგადაა შესწავლილი კიურ-დერეს (ზემო ეშერა), ოთხარისა და ხუაბის დოლმენები. კიურ-დერეს საშუალო ზომის დოლმენებში, რომლებიც ადრე ბრინჯაოს ხანის დასასრულს განეკუთვნება, გვხვდება სპილენძის ვიწროტანიანი, ყუადაქანებული ცულები, მასრაგახსნილი და მასრაშეკრული კავები. ერთი მათაგანი წნული ორნამენტითაა შემკული (ჯაფარიძე 2003:134; ჯაფარიძე 1961:232; ჯაფარიძე 2006:46; ფხაკაძე 1992:277) (ტაბ. XXXVIII).

ეშერის დოლმენების ყუადაქანებული ცულები ფორმის მიხედვით უახლოვდებიან საჩხერის ყორღანულ სამაროვანზე აღმოჩენილ ამ სახის იარაღებს. ლითონის სხვა ინვენტარიდან წარმოდგენილია ბრტყელი ფოთლისებური მაღალყელიანი სატევრისპირები, საკინძები და სხვა. ნივთები ძირითადად დამზადებულია ჩამოსხმით, დარიშხნიანი სპილენძისგან. ადრეულ პერიოდს განეკუთვნება ოთხარისა და ხუაბის დოლმენები. ოთხარში შესწავლილი იქნა 6 ერთეული ტრაპეციისებური ფორმის დოლმენი, რომლებიც დაფარული იყო ხელოვნურად მოზვინული მიწაყრილით. ასეთი სულ სამი მიწაყრილი იყო, რომელსაც ყორღანს უწოდებენ (Цвинария 1990 :5-7). ყველა დოლმენი გამართული იყო ძველ ნამოსახლარზე, სადაც დაფიქსრიდა სოჭი- ადლერის ტიპის ქვის თოხები. ზოგიერთი დოლმენი ჩასმული იყო კრომლეხში. ოთხარის დოლმენებშიც ხდებოდა მეორადი დაკრძალვა. მიცვალებულების დაკრძალვის პოზა არ დგინდება. გამოვლინდა მინიატურული ფორმის კაჟის პირები, ბრინჯაოს საკიდები, ხვიები და სხვა არტეფაქტები (Цвинария 1990: 5-12) (ტაბ.XLა 1-32 ). ხუაბში გაითხარა 4 დოლმენი. ზოგიერთ დოლმენს გარს ერტყა ნახევრად დანგრეული კრომლეხის წრე. ოთხივე დოლმენში მიცვალებულების მეორად დაკრძალვის წესთან უნდა გვქონდეს საქმე. დაკრძალვის პოზა არ იკითხებოდა. აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუახვრელიანი ცული, 1,5 ბრუნიანი ხვია, მძივები,სადგისი და ისრისპირი. ასევე კაჟის ისრისპირები, გიშრის მძივი და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა სავარძელზე მჯდომი უთავო ქალის თიხის ანთროპომორფული ქანდაკება და ა.შ. (ტაბ.XXIX39-43, XLბ, 1-27) ორივე ოთხარისა და ხუაბის დოლმენებს ათარიღებენ ძვ.წ III ათასწლეულის დასასრულითა და ძვ.წ II ათასწლეულის დასაწყისით. კავკასიის დოლმენების წარმომავლობაზე, გავრცელების გზებზე და ამ კულტურის შესწავლის საკითხებზე არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული (დაწვრილებით იხილეთ: Марковин 1978; Марковин 1994:226-253; ჯაფარიძე 1961:212-240; ჯაფარიძე 1976:180-182; ჯაფარიძე 2003:132-134; ჯაფარიძე 2006:44-50). გამოთქმულია მოსაზრება, რომ დოლმენები აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ ადგილებიდან გავრცელდა, სადაც ბილიკები და გადასასვლელები გადიოდა. ამ გზებით შორეულ წარსულში სარგებლობდნენ მწყემსები ცხვრის გადარეკვისას (Марковин 1978:55).

როგორც ჩანს, ამ კულტურის მატარებელი ხალხი მისდევდა მესაქონლეობა-მეცხვარეობას და მათ მუდმივი საცხოვრებელი არ ქონდათ. ჩრდილო კავკასიაში დოლმენური კულტურის ორი თუ სამი ნამოსახლარია მიკვლეული და ისიც საეჭვო (Марковин 1978: 232-236). ასეთივე სიტუაციაა ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში. მთელ რიგ ადრე ბრინჯაოს დასასრულისა და შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებზე(ახრაკაპში, პალი, გუანდრა, შრომა, გუმისთა I, გუმისთა II, კამან I, მაჭარა II-III ფენები, ივაშჩენკო და სხვ.), რომლებიც შეყავთ სამხრეთ დოლმენურ (ოჩამჩირული) კულტურის არეალში, გამოვლენილია ძალზე თხელი კულტურული ფენები (Соловьев 1958:15; Воронов 1971:17; Цвинария 1990; Бжания 1973:70). შესაძლოა ეს ფაქტი იმის მაჩვენებელი იყოს, რომ მოხსენიებული ძეგლები სეზონური, დროებითი საგდომები იყო. აქ მაცხოვრებელი ხალხი დამჯდარ მიწათმოქმედებას არ მისდევდა და მათი ძირითადი საქმიანობა იყო მეცხვარეობა-მესაქონლეობა. აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გამოვლენილი დოლმენები, როგორც ჩანს, საერთო დოლმენური კულტურის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ისინი ატარებენ რამდენიმე განსხვავებულ ლოკალურ ხასიათს, რომელიც გამოიხატება მთელი რიგი ნიშნების მიხედვით: ტრაპეციისებური ფორმის დოლმენები, საჩხერული ტიპის ლითონის ყუადაქანებული ცულები, კაჟის ისრისპირები და ა.შ. ეს გამოწვეული უნდა იყოს იმითაც, რომ ისინი მოქცეულნი არიან დასავლეთ საქართველოს ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის (პროტოკოლხური კულტურა) კულტურების არეალში. უფრო მძლავრად მდ. გუმის- მთამდე, უფრო სუსტად კი, მის ჩრდილოეთით. ის დოლმენები რომლებიც გამოვლენილია მდ.გუმისთისა და ფსოუს ტერიტორიებს შორის უფრო განიცდის ჩრდილოეთ კავკასიის დოლმენური კულტურის გავლენებს. ეს გამოიხატება დოლმენების მიწაყრილის ქვეშ მოქცევაში, ხუაბის დოლმენის ყუახვრელიანი ლითონის ცულით, სოჭი-ადლერის ტიპის ქვის თოხების გავრცელებით, განსხვავებული თიხისა და კაჟის ნაწარმით და ა.შ. მკვლევართა ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოვლენილ დოლმენებს აკუთვნებს კოლხეთის დაბლობის და მისი ბორცვოვანი ზოლის ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურას (ჯაფარიძე 1976:190-191; ფხაკაძე 1992:238-239; ფხაკაძე 1993:83, 110). თითქოსდა ამ ერთგვაროვანი კულტურის წრეში მდ.გუმისთის ჩრდილოეთით გამოყოფენ ლოკალურ ვარიანტს თავისი დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნებით: დაკრძალვის წესი, დოლმენები, დასახლებები ტერასაზე, სოჭი-ადლერის ტიპის ქვის თოხები და სხვა ნიშნები, რომლებიც უფრო განიცდიდა ჩრდილოურ გავლენებს მაიკოპ-ნოვოსვაბოდნაიას მხრიდან (ბარამიძე 1999:24). დასაშვებად მიაჩნიათ ამ რეგიონის ძველი აფხაზური ეთნოსისადმი მიკუთვნება. უფრო ფართო სპექტრში წაროუდგენიათ ეს საკითხი. კერძოდ, თვლიან რომ დოლმენების გავრცელების მთელი არეალი ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის ტერიტორიის ჩათვლით აფხაზურ-ადიღეური ტომების განსახლების ადგილი უნდა ყოფილიყო (Марковин 1978:183-291).

ზოგიერთი მკვლევარი დოლმენური კულტურის მატარებლად თვლის პროტოკოლხური კულტურის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც ძვ.წ II ათასწლეულის შუა ხანებში ტოვებს დაბლობ ზონას და ინაცვლებს მთაში. ამ ეთნოკულტურულ ძვრებს უკავშირებენ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე დოლმენების გაქრობას (ბარამიძე 1998:132). რამდენად სწორი უნდა იყოს არქეოლოგიურად ამ მომენტის დაკავშირება (მეორადი დაკრძალვის რიტუალი, სამკაული, დოლმენური არქიტექტურა) ბრილისა და თლიას სამაროვნებთან, ძნელი სათქმელია. მიღებულია დოლმენების დათარიღება ძვ.წ 2000-.1600 წწ. (ლ.სოლოვოვი), ძვ.წ III-II ათასწლეულის მიჯნით (ბ.კუფტინი), 2400-2200 წ.წ (ადრეული ჯგუფის) და 2200-1800წ.წ (გვიანდელი ჯგუფის). ყველაზე ადრეული უხვრელო დოლმენებს საზღვრავენ ძვ.წ XXVII-XXVI საუკუნეებით, ყველაზე გვიანდელს კი ძვ.წ XIV-XIII საუკუნეებით (ჯაფარიძე 1961:251; ჯაფარიძე1976:183-192; ჯაფარიძე 2006:47;Мунчаев 1994:251).

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი შუა ბრინჯაოს ხანის კულტურა. ამ პერიოდში რიონ-ყვირილას აუზში თითქმის მთლიანად წყდება ცხოვრება გამოქვაბულებში. ზემო იმერეთის პლატოზე შუა ბრინჯაოს ხანის მასალები წარმოდგენილია ბუნებრივი ბორცვების ფერდებზე, მთის თხემზე გამართულ ღია ტიპის მრავალფენიან ნამოსახლარებზე (ჯიეთი IV-V ფენა, ითხვისი-ჩილათას ბორცვი). როგორც სამართლიანად აღნიშნავენ, ამ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკული მასალა ტიპიურია კოლხეთის დაბლობის შუა ბრინჯაოს ხანის (პროტოკოლხური II ეტაპი) კულტურაში გავრცელებული ანალოგიური თიხის ნაწარმისა (მახარაძე, ბერიკაშვილი 2003:31-33, ტაბ. 40-44; მახარაძე; ბერიკაშვილი, 2004:32; ბერიკაშვილი, 2006:29; გაგოშიძე და სხვ., 2004: 79, ტაბ.113, სურ.53) (ტაბ. IX1-16).

ზემო იმერეთის პლატოდან ასევე ცნობილია შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებიც. კერძოდ,საჩხერეში მოდინახეს ციხის სამხრეთ ფერდობზე გამოვლინდა სამარხთა დიდი ჯგუფი, რომელიც სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება(ლომთაძე 2000:5-17; ლომთაძე 2000:48-72; ბერიკაშვილი 2006:21-22). გავრცელებულია ქვაყრილიანი ან უბრალოდ რიყის ქვებით შემოსაზღვრული სამარხი ორმოები. ყველა მათგანი ინჰუმაციურია, სადაც გამოყოფენ ინდივიდუალურ და კოლექტიურ ორმო სამარხებს. დედაკაცები განისვენებენ მოხრილ მდგომარეობაში მარცხენა გვერდზე, მამაკაცები კი დაკრძალულნი არიან მარჯვენა მხარეს თავით სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით. სამარხებში თიხის ჭურჭელთან ერთად(ქოთნები,ბადიები,სასმისები და ა.შ) მრავლად აღმოჩნდა ლითონის ინევენტარი. ეს ფაქტი უნდა მიუთითებდეს, რომ ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოება საკმაოდ დაწინაურებული დარგი ყოფილა შუა ბრინჯაოს ხანაშიც ზემო იმერეთის პლატოზე. ბრინჯაოს არტეფაქტებიდან აღსანიშნავია სხვადასხვა ტიპის საკინძები, მასრაგახსნილი შუბისპირების სხვადასხვა ვარიანტი, ყუამილიანი ცული, ქინძისთავები, სატევრისპირები და სხვ (ლომთაძე 2005:5-17; ლომთაძე 2002:48-72)(ტაბ. XIII). შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში გამოყოფენ ადრეულ ჯგუფს(N7,19,21 სამარხები), რომელსაც ათარიღებენ ძვ.წ XX-XVIII საუკუნეებით. ამ ჯგუფის სამარხებს თიხის ჭურჭლითა (ნაფოტისმაგვარი ნივთით ჭურჭლის ზედაპირის მოსწორების ტრადიცია, კერამიკის მთელ სიგრძეზე დაყოლებული შვეული ზოლები და სხვა ელემენტები) და ყუამილიანი ცულით ახლო კონტაქტები გააჩნია კოლხეთის დაბლობის პროტოკოლხური კულტურის მასალებთან (ლომთაძე 2000:9; ბერიკაშვილი 2006:22). მოდინახეს  სამარხების შემდეგ ჯგუფს ათარიღებენ შუაბრინჯაოს ფინალური სტადიით ე.წ გარდამავალი საფეხურით (ძვ.წ XVII-XVI ს-ის პირველი ნახევარი). ამ პერიოდის სამარხებს აქცევენ იმ კულტურის წრეში, რომელიც ახლოს დგას შიდა ქართლის შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლებთან: ქვასათალი, ნული წაღვლი, აწყურის სამარხი.

ფიქრობენ, რომ ადრე ბრინჯაოს დასასრულს, ზემო იმერეთის პლატოზე, მტკვარ-არაქსის კულტურას ცვლის დასავლეთ საქართველოს ბარში გავრცელებული კულტურა (ფხაკაძე 1978:11). ამ კულტურის გამოჩენა ყვირილას ხეობაში ხდება უფრო შუა ბრინჯაოს საწყის ეტაპზე (ჯაფარიძე 1961:189; მახარაძე; ბერიკაშვილი 2004:29).

ვეთანხმებით იმ მოსაზრებას რომ, შუაბრინჯაოს ადრეულ ეტაპზე ზემო იმერეთის პლატო მოქცეული უნდა იყოს პროტოკოლხური კულტურის არეალში (ბერიკაშვილი 2006:31). თუმცა ამ ეტაპზე შედარებით მწირე არქეოლოგიური მასალების არსებობის გამო, ძნელი სათქმელია რამდენად მძლავრად იყო წარმოდგენილი ეს კულტურა ყვირილას ხეობაში.

შუა ბრინჯაოს ხანის კულტურა (პროტოკოლხური II ეტაპი) ნამოსახლარების მასალების მიხედვით ძალზე მძლავრად არის წარმოდგენილი კოლხეთის დაბლობის ტერიტორიაზე. ამ პერიოდის ფენები ძირითადად გვხვდება ხელოვნურად გამართულ მრავალფენიანი დიხა-გუძუბათა ფენებში: ანაკლია I (II-IVფენები), ნოსირი III (I-II ფენა), ფიჩორის ცენტრალური ბორცვი (VI-IV ფენები), წყემი (I ფენა), საელიაოს კურზია (II ფენა), ერგეტა (IV ფენა), ნაკარღალი (VI-IV ფენები), ნამჭედური (VI ფენა), ჩოლოქისპირა ნამოსახლარი (VI ფენა). ზოგჯერ პროტოკოლხური II ეტაპის მასალები გვხვდება მხოლოდ ერთ ფენიან ხელოვნურად გამართულ ბორცვებზე. პროტოკოლხური II ეტაპის პერიოდში, განსაკუთრებით კი მის მომდევნო ხანაში(გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანა) იზრდება ნამოსახლართა მასშტაბები, ხელოვნური გამაგრებათა სისტემები(მხედველობაში გვაქვს ნამოსახლართა ირგვლივ შემოვლებული თხრილები თუ არხები, რომლებიც უფრო ფართოვდება და რთული ხდება) და დასახლებები უფრო ინტენსიური ხდება. ხელოვნურად გამართულ ბორცვ- ნამოსახლარებს აკუთვნებენ ცალკეულ საოჯახო გვაროვნულ დასახლებებს. დასაშვებად მიაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის დიხა-გუძუბები სოფლური (ხუტორული) ხასიათის მატარებელი იყო. შუა ბრინჯაოს ხანის ბორცვ-ნამოსახლარებზე გრძელდება ჯარგვალური ნაგებობების აგების ტრადიცია. სადაც ჭაობიანი ნოტიო ნიადაგი ჭარბობდა აშენებდნენ უფრო რთული კონსტრუქციის შენობებს (ანაკლია II, ნოსირი  მესამე I-II ფენები და ა.შ). შენობის აგებას წინ უსწრებდა ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც გამიზნული უნდა ყოფილიყო კოლხეთის დაბლობის არამყარი გრუნტული ნიადაგის გასამყარებლად. თავდაპირველად ნაკლებად წყალგაუმტარი წებოვანი გრუნტული მიწით კეთდებოდა ერთგვარი შემაღლება-ბაქანი, რომელზეც ლაგდებოდა ხეების წყობა, ანდა ზოგჯერ მათ ენაცვლებოდა ფიცარნაგები. ხის მორები ლაგდებოდა უსისტემოდ, ხანდახან გვერდიგვერდ საგულდაგულოდ დალაგებული და უჯრედებად. ზოგჯერ მთელი ნამოსახლარები იყო ძელებით შემოლასტული. ამასთან ერთად პარალელურად მიმდინარეობდა ცალკეულ ნაგებობათა შემაგრება. ხდებოდა მიწების დაზვინვა, მზადდებოდა თიხატკეპნილი იატაკები და იმართებოდა შენობები. შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულის ზოგიერთ ფენაში (ფიჩორის IV ფენა) ზოგჯერ დასტურდება ხის საფენების  გარეშე მოტკეპნილი იატაკები. იშვიათად კი სადაც შედარებით მშრალი ადგილები იყო, ყოველგვარი მოზვინვის გარეშე გრუნტზე სახლდებოდნენ. შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებზე დასტურდება კენტად, უმრავლეს შემთხვევაში კი წყვილად და მჭიდრო რიგების სახით ვერტიკალურად ჩასმული სარები (ერგეტა IV ფენა, ანაკლია II, ნოსირი I-II ფენები, ნამჭედური VI ფენა და ა.შ.). სავარაუდოდ ერთმანეთის პარალელურად გვერდიგვერდ მჭიდრო მწკრივებად განლაგებული სარების რიგი ზღუდავდა დასახლების ერთ-ერთ მხარეს, შესაძლოა ისინი „იჭერდა“ (აკავებდა) მონაზვინ მიწას. კენტად და წყვილად ვერტიკალურად ჩასმული სარების მეშვეობით იატაკზე დალაგებული ძელები სიმყარის მიზნით გვერდიდან მაგრდებოდა. გვხვდება იატაკზე ჩასმული შედარებით დიდი ზომის ძელები, რომლებიც ალბათ ხიმინჯებს წარმოადგენდნენ. შუა და მომდევნო გვიან ბრინჯაოს ხანაში სამშენებლო მასალად გამოიყენებოდა: ბზა, რცხილა,თხმელა, წიფელი იფანი, მუხა, ძელქვა და სხვ. განსაკუთრებით კარგად არის შემორჩენილი ჯარგვალური ნაგებობები ანაკლია II-ისა და ნორისის I-II  ფენებში. ანაკლია II-ის ჯარგვალური ტიპის ოთხკუთხა შენობების პარამეტრები მერყეობდა 4 X 2,4X4 და 4 X 3 მ-ზე (Микеладзе 1994:19) (ტაბ.XXIV-XXVI).ზოგჯერ ძელებით ნაგები ოთხკუთა შენობების ფართობი 20 კვ.მ აღწევდა. მათი იატაკები მოგებული იყო ხის საფენებით (ფიცარნაგებით) (ტაბ.XXVI1). ხშირად შენობათა იატაკების 3-4 ჰორიზონტი გამოიყოფოდა, რომელიც სხვადასხვა ქრონოლოგიურ ეტაპს უნდა ასახავდეს (მუსხელიშვილი და სხვა. 2010:23). ზოგჯერ ანაკლია II-ზე ოთხკუთხა ჯარგვალურ ნაგებობებს მიდგმული ჰქონდათ შედარებით მცირე ზომის სამეურნეო დანიშნულების (წვრილფეხა საქონლისთვის განკუთვნილი „სათხე“) შენობა. ასევე ოთხკუთხა ნაგებობაზე მიშენებული იყო მცირე ზომის საკუჭნაოც. ერთ-ერთ ნაგებობაში ძელებით გამართული დაბალი ტახტი დაფიქსირდა (მუსხელიშვილი და სხვა. 2010: 19-24) (ტაბ. XXV1). კოლხეთის დაბლობის შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებზე ასევე დასტურდება სარ-ლასტზე გამართული წნულკარკასიანი, წნულკედლიანი ფაცხისმაგვარი ტიპის შენობები. შუა ბრინჯაოს ხანაში გავრცელებულ ხის ნაგებობათა კიდევ ერთ ტიპზე შესაძლოა მიუთითებდეს ნაუხვამოს ნამოსახლარის გვიან ბრინჯაოს ხანის ფენიდან მომდინარე კოლხური სახლის თიხის მოდელი (ჯიბლაძე 2010:117-124, ტაბ I 1-5; II). იგი კონსტრუქციულად განსხვავდება კოლხეთის დაბლობზე არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილ ხის შენობებისგან და გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდში გავრცელებულ კიდევ ერთ ახალ ნაგებობათა ტიპზე. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში შუა ბრინჯაოს ხანაში გვხვდება ზღვისპირა დაბალ ტერასაზე (მაჭარა II-III ფენები), ბუნებრივ ბორცვებზე (გუმისთა II) და მთის ფერდებზე (ფლატეზე) გამართული მღვიმე (ფარდულები) ნამოსახლარები (შრომა- მიხაილოვსკი, კამან I, ქლუხორის უღელტეხილზე მდებარე ფარდული)(Воронов 1969:33,39; Воронов 1971:18; Соловьев 1960:80; Цвинария 1990:2-4; Марковин 1978 :50). აღნიშნულ ძეგლებზე წარმოდგენილი იყო სუსტი ფენები, სადაც ნაგებობის რაიმე ნაშთები არ დაფიქსირებულა. თუმცა როგორც ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში მდებარე სხვა ადრეული და უფრო მოგვიანო პერიოდის ძეგლებზე, აქაც სავარაუდოა მსუბუქი კონსტრუქციის მქონე სარლასტზე გამართული ფაცხისმაგვარი შენობები.

პროტოკოლხური II ეტაპისთვის ყველაზე უფრო დამახასიათბელია ჰორიზონტალური, წყვილადი, სამკუთხედისებურად დაბრტყელებულ ყურიანი და ჭილოფის ანაბეჭდიან ძირიანი ჭურჭელი (ტაბ.XXIII1-6, 8-11, XXIII, XXXVII). გვხვდება პრ. I ეტაპისაგან განსხვავებული შედარებით მდარე ზედაპირნაპრიალები შავპრიალა კერამიკა, რომელთაც უფრო ფართო ლენტისებური ფორმის ყურებზე მეჭეჭისებური დანაძერწები გააჩნიათ(ჯიბლაძე 1998; ჯიბლაძე 2007: 109 ტაბ.LXVI-LXVII). ორნამენტში დომინირებს რელიეფურ სარტყლებზე სხვადასხვა ვარიაციებით დატანილი ნათითური ფოსოები, ქიმისებური შვერილები და ა.შ. (ტაბ.XX9-21). პრ II ეტაპს მეტნაკლებად  კარგად ათარიღებს ცილინდრულნახვრეტიანი, სოლისებურ პირიანი ქვის ცულები, რომლებიც ადრე ბრინჯაოს დასასრულს და ძირითადად შუა ბრინჯაოს ხანაში გვხვდება ჩრდილო კავკასიურ, ადრეკატაკომბურ ბალანოვოს, ფატიანოვოსა და აბაშევსკის კულტურებში. პროტოკოლხური (პრII) II ეტაპი, მომდევნო ძველი კოლხური I ეტაპიდან განსაკუთრებით კარგად იმიჯნება მდ.ენგურის ქვემო წელის აუზის ძეგლებზე (ფიჩორის ცენტრალური ბორცვი, ანაკლია I, ნაკარღალი, ერგეტა, შესაძლოა ანალია II). კოლხეთის შიდა რეგიონის ზოგიერთ ძეგლზე ამ პერიოდში დომინირებს რამდენადმე განსხვავებული თიხის ნაწარმი(ნოსირი III)( ტაბ XXI, XXII). ფიქრობენ, რომ ყოველივე ეს გამოწვეული უნდა იყოს ზღვიდან დაშორებული ამ ნამოსახლარის თიხის ნაწარმის ერთგვარი ლოკალური ხასიათით (გოგაძე 1997:33-30). პროტოკოლხური II ეტაპის ძეგლის ფიჩორის ცენტრალური ბორცვის V ფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის C14 ლაბორატორიაში (კალიბრირებული მეთოდით) განისაზღვრა ძვ.წ XIX ს-ით, ხოლო შედარებითი ქრონოლოგიით კი ძვ.წ XVII ს-ით (Апакидзе; Бурчуладзе 1987:37; ჯიბლაძე 1997:102). ეს ფენა ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის თერმოლუმინისცენციის ლაბორატორიაში დათარიღდა 3775 წლით (ძვ.წ 1970 წ). გვაქვს რამდენიმე თარიღი ანაკლია II-ის  შუა ბრინჯაოს ხანის ფენიდან, რომელიც ძირითადად ერთმანეთს თანხვდება: შედარებითი ქრონოლოგიით ძვ.წ. XX–XIX სს., კალიბრირებულით კი ძვ.წ. 2250,2350,2150 წლები (Апакидзе; Бурчуладзе 1987:35). ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში შუა ბრინჯაოს ხანაშიც ქ.სოხუმამდე, ძირითადად მის ჩრდილოეთით რამდენადმე განსხვავებული თიხის ნაწარმის არსებობას სხვა ელემენტებთან ერთად ხსნიან ამ მხარის ლოკალური თავისებურებებით (ო.ჯაფარიძე, მ.ბარამიძე, გ.ფხაკაძე), ან უფრო მათი ლტოლვით სამხრეთ-დოლმენური (ოჩამჩირული) კულტურისადმი (ი.ვორონოვი, ლ.სოლოვიოვი, ვ.ბჟანია, ი.წვინარია და სხვა). ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურის განხილვისას ამ საკითხებზე ყურადღება გავამახვილეთ, ამიტომ მის განმეორებას არ შევუდგებით. აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში (მხედველობაში გვაქვს ქ.ოჩამჩირის ჩრდილოეთით) შუა ბრინჯაოს ხანაში გვხვდება შემდეგი სახის კერამიკა: ნაპრიალები (ზოგჯერ ანგობირებული) თიხის ჭურჭელზე დატანილი ზოლები, ნახევრად მთვარისებური, შტამპიანი, ნაჭდევებიანი კერამიკა, წიწვისებური და ზარისებური ორნამენტების ერთმანეთთან კომბინირება და მათი სხვადასხვა ვარიაციებით გადმოცემა, ფარფლისებური შვერილები, მარყუჟისებრი ყურები და ა.შ. შუაბრინჯაოს ხანის თიხის ნაწარმშიც ხშირად ერევა სოჭი-ადლერისა და სოხუმის ტიპის ქვის თოხები (Бжания 1966: 122, სურ.51-18).

უკანასკნელ პერიოდამდე კოლხეთის დაბლობზე - ანაკლია II-ის შუაბრინჯაოს ხანის ფენიდან ცნობილი იყო ოვალური ფორმის უინვენტარო სამარხი ორმო, რომელიც ხით ნაგები იატაკის კიდესთან იყო გამართული. მიცვალებული დაკრძალული იყო ხელფეხმოხრილი მარჯვენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთით. მის ფეხებთან აღმოჩნდა ბავშვის ჩონჩხი, რომლის დაკრძალვის პოზა არ იკითხებოდა.

ახალშავზღვური, ტრანსგრესიისა და ფანაგორიული რეგრესიის მიმდინარეობის პროცესების შედეგად  ზღვის მიერ უნდა იყოს მიტაცებული გალის რაიონის სოფ. გაგიდაში მდებარე შუა და გვიან ბრინჯაოს საწყისი პერიოდის სამაროვანი (ძვ. წ. XIX-XV სს.). ეს ძეგლი მდებარეობს სოფ.ფიჩორის ნამოსახლარის ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ის მანძილზე, ადგილ ნაჭკადუში. ზღვის ღელვამ გააშიშვლა სანაპირო ზოლი და გამოაჩინა დიდძალი არქეოლოგიური მასალა, რომელიც ძირითადად სამაროვნებისთვისაა დამახასიათებელი. ამ ძეგლიდან შემოსული კოლექციების დიდი ნაწილი კი უნებართვო გათხრების შედეგად  მიტაცებულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და გასაყიდად მიედინება სხვადასხვა მხარეს. როგორც ჩანს, ძალიან დიდი პერიმეტრების მქონე სამაროვანთან უნდა გვქონდეს საქმე, რომელიც ფიჩორის ნამოსახლარის ადრეული (VI, V, IV ფენების) და მოგვიანო გვიანბრინჯაოს საწყისი პერიოდის ფენების სინქრონული ჩანს. იგი დიდი ალბათობით ფიჩორის ნამოსახლართა კომპლექსის საძვლეს უნდა წარმოადგენდეს (ჯიბლაძე და სხვ. 2004: 74; ჯიბლაძე 2007: 157).სამწუხაროდ, ყველასთვის გასაგები პოლიტიკური მიზეზების გამო შეუძლებელია აღმოჩენის ადგილის დათვალიერება და გარკვევა იმისა თუ რა ტიპის სამარხებთან უნდა გვქონდეს საქმე. შესაძლოა, ეს იყოს კოლექტიური დაკრძალვის ორმო სამარხები.

გაგიდის სამაროვნიდან მომდინარეობს მკვეთრქედიანი, მასრა გახსნილი და მოკლე მასრიანი შუბისპირები, სატევრისპირები, ყუამილიანი ცულების სხვადასხვა ვარიანტები, დისკოსებრთავიანი საკინძები, ურეკული ტიპის ბრინჯაოს საფხეკები და თოხი, დუგმების სხვადასხვა ტიპი, ხვიები და ა.შ. (ჯიბლაძე და სხვ. 2004: 74-78, ტაბ.I-IV)(ტაბ.XXXII, XXXIII).

ეს არის გაგიდის სამაროვნიდან მომდინარე მასალების მცირე ჩამონათვალი. საყურადღებოა, რომ ამ სამაროვნის ლითონის არტეფაქტები ახლო პარალელებს პოულობს ბრილის, მოდინახეს შუა ბრინჯაოს ხანის მასალებთან. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნულ პერიოდებში გავრცელებული იყო ერთგვაროვანი მატერიალური კულტურა, რომელიც ლითონის იარაღ-სამკაულის მიხედვით მჭიდრო კავშირებს ავლენს შიდა და ზემო ქართლის შუა ბრინჯაოს ხანისა და გვიანი ბრინჯაოს საწყისი ეტაპის (წაღვლი, აწყურის სამარხი, ნული, ქვასათალი, ზველის ყორღანი, რველი, კვირაცხოველი, ჭითახევი, ბორნიღელე, თლიას ადრეული სამარხები) ბრინჯაოს ინვენტართან.

თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელებული ჩანს კრომლეხური ტიპის სამაროვანი. ქვემო ეშერაში შესწავლილი იქნა ორი ასეთი კრომლეხი, რომელიც ფუნქციონირებდა ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრიდან დაწყებული, ვიდრე ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ჩათვლით. ამ კოლექტიური მეორადი დაკრძალვის სამაროვნის ქვედა B ფენაში აღმოჩნდა: ტოლჩები, მინიატურული თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს უყუნწო სატევრისპირი, ბრინჯაოს მძივები და ა.შ.  შუა ბრინჯაოს ხანაში კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში განაგრძობს არსებობას დოლმენური კულტურა (ჯაფარიძე 2003: 193; ჯაფარიძე 2006: 44-50). ამ პერიოდის დოლმენები გაცილებით უფრო მოზრდილია და უკეთაა ნაგები. ისევ გავრცელებულია კოლექტიური დაკრძალვა. დოლმენებში აღმოჩენილია ძირითადად დარიშხნიანი ბრინჯაოს ლითონის იარაღი. სამკაულისათვის დარიშხან-ანთიმონიანი ბრინჯაოა გამოყენებული (ჯაფარიძე 2003: 195). კალიანი ბრინჯაო იშვიათია. შუა ბრინჯაოს ხანა გამოყოფილია ლ. სოლოვიოვის (N2), მ.ივაშჩენკოს (№1), ბ.კუფტინის (№2, 4, 6), ო.ჯაფარიძის (№1) მიერ გათხრილ ზემო ეშერის დოლმენებში და ასევე სულის, აზანთის დოლმენებში (ჯაფარიძე 1959:77-126; ჯაფარიძე 1961: 217-219; Иващенко 1935: 14-15; Воронов 1982: 10-11; Бжания, Воронов 1982: 14; Цвинария 1990: 11). გამოვლინდა სხვადასხვა ფორმის ლითონის ნივთები, ნახევრადსფეროსებური, დაფანჯრული საკიდები, საკინძები, ბრინჯაოს ფრინველის ქანდაკება, სასაფეთქლე ხვიები, სპირალურად დახვეული მილაკები. არსებობას წყვეტენ ყუადაქანებული-ყუამილიანი ცულები. ძირითადად წარმოდგენილია სატევრისპირები (ჯაფარიძე 2003: 192). აზანთის დოლმენებში სხვა ინვენტართან ერთად დაფიქსირდა ბრინჯაოს მინიატურული დათვის ფიგურა, ბრინჯაოს კავი და სხვა (Воронов 1982: 10-11)(ტაბ. XXXIX 1-38)

სოფ. აზანთაში დოლმენთან ერთად აღმოჩნდა შუა ბრინჯაოს ხანის ქვაყუთი, სადაც დაფიქსირდა ბრინჯაოს 3 ხარის ქანდაკება (Лукин 1941:67).

ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში შუა ბრინჯაოს ხანაში, ზოგჯერ სამარხს მართავდნენ მღვიმე-ფარდულებში, ანდა მათ მღვიმეებში გამართული ნამოსახლარების კულტურული ფენები ხანდახან ჩაჭრილი ჰქონდათ. მდ. ბზიფის ხეობაში კალდახვარისა და ლავინოი-ბალკას მღვიმე-ფარდულებში გამოვლინდა ორი სამარხი მეორადი დაკრძალვის კვალით, ერთმანეთში არეული მრავალრიცხოვანი მიცვალებულის ძვლებით. დაკრძალვის პოზა არ იკვეთებოდა (Воронов 1969: 18; Соловьев 1960: 80-81). ერთში დაფიქსირდა კერამიკის რამდენიმე ფრაგმენტი. სხვა ინვენტარი არ აღმოჩენილა. ამ ძეგლებს სავარაუდოდ საზღვრავენ ადრე ბრინჯაოს დასასრულით, ზოგჯერ კი შუა ბრინჯაოს ხანით. სამარხის ნაშთები არ არის გამოვლენილი. ძველ გაგრასთან მდებარე 4X2 მეტრის მქონე შესასვლელიან მღვიმეში, სადაც ადამიანის ძვლებთან ერთად აღმოჩნდა კერამიკის რამდენიმე ნატეხი. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში მთისწინა და მთიანი ზოლის ზოგიერთი მღვიმე-ნამოსახლარის (ფარდულის) თავისებურება ის არის, რომ კულტურული ფენები ჩაჭრილი იყო ორმოსამარხებით. მაგალითად, კამან I-ზე გამოვლინდა 3 ფენა თუ ჰორიზონტი (B,E,D), სადაც D ფენაში აღმოჩნდა 7 ორმო სამარხი მეორადი დაკრძალვით, რომელთაგან ზოგიერთი გადახურული იყო ბრტყელი ქვით. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს მძივები, სარდიონის მძივი, ტყვიის შენაერთისაგან დამზადებული სარტყელი. ასევე შრომის მღვიმეში, ზედა A და B ფენაში დაფიქსირდა 7 კოლექტიური დაკრძალვის სამარხი ორმო, სადაც გამოვლინდა ბრინჯაოს სპირალური ასხმა, რგოლი, მძივები, 1,5 აგრაფის ხვია, თიხის ჭურჭელი. სამარხები გადახურული იყო ბრტყელი ქვებით. შუა ბრინჯაოს საწყისი პერიოდის ორმო სამარხი, (ერთმანეთში არეულ ადამიანის ძვლებთან ერთად) მომდინარეობს ქლუხორის უღელტეხილზე მდებარე ფარდულიდან (Воронов 1969: 33; Соловьев 1960: 80).

კოლხეთის სხვა რეგიონებთან შედარებით შუაბრინჯაოს ხანის კულტურაში მეურნეობის ცალკეული დარგების განვითარებაზე, უფრო ნათელ სურათს იძლევა ბარში განლაგებული ნამოსახლარების ფენებში მიკვლეული ამ დარგებთან დაკავშირებული ცალკეული არტეფაქტები. როგორც ირკვევა, შუა ბრინჯაოს პერიოდშიც მეურნეობის წამყვანი დარგი ყოფილა მიწათმოქმედება. სამეურნეო ფართობები უნდა ყოფილიყო გამართული წყლის შემოტევებისგან დაცულ, შედარებით მშრალ, ამაღლებულ ადგილებში. მიწის დამუშავება ხდებოდა ანაკლია II-სა და ურეკული ტიპის ბრინჯაოს სამკუთხა და შედარებით ფართოპირიანი (ვგულისხმობთ ანაკლია II-ის თოხის ჩამოსასხმელ ყალიბებს) ბრინჯაოს თოხებით. შესაძლოა ბრინჯაოს თოხები ბარის ფუნქციის მატარებელიც იყო. როგორც მიიჩნევენ, მისი საშუალებით ხდებოდა მიწის პირველადი დამუშავება (ბ.კუფტინი, დ.ქორიძე, ალ.რამიშვილი, შ.ჩართოლანი)(ქორიძე 1965:82-83; რამიშვილი 1974: 62; ჯიბლაძე 1997:82). ანაკლია II-ის მაგვარი, შედარებით ფართოპირიანი ბრინჯაოს თოხები იქნებ განკუთვნილი იყო მიწის მეორადი დამუშავებისათვის. კოლხეთში შუაბრინჯაოს ხანაში ხის სახვნელი იარაღები არ არის აღმოჩენილი. მიუხედავად ამისა ამ პერიოდში უნდა ვივარაუდოთ გამწევძალიანი ხის სახვნელი იარაღების არსებობა. ამის გარკვეულ საფუძველს გვაძლევს როგორც ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულის ფიჩორის ამ რიგის სამიწათმოქმედო იარაღები, ასევე ჩოლოქისა და ყულევის ნამოსახლარების გვიანბრინჯაოს ხანის ფენებში მიკვლეული ხის სახვნელები (ჯიბლაძე, პაპუაშვილი 2006:117-124; ჩავლეიშვილი 2002: 11-14).

შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლართა კულტურულ ფენებში (ანაკლია II, ანაკლია I მეორე ფენა, ნოსირი III ძირა ფენა) აღმოჩენილია დანახშირებული ხორბლის ნაშთები, გოგრის მარცვლები, ველური ვაზის წიპწები, თხილის, რკოს, წაბლის ნაჭუჭები და სხვა. მარცვლეული კულტურის დამუშავება და მოსავლის აღება ხდებოდა ხელსაფქვავებითა და კაჟის ნამგლის ჩასართებით. ხელსაფქვავის ფორმა არ იცვლება. ადრე ბრინჯაოს ხანაში გავრცელებულ  ორივე მხრიდან თავებამოღარული ე.წ. ოჩამჩირული ტიპის კაჟის ნამგლის ჩასართების ნაცვლად ძირითადად ვრცელდება ცალგვერდდაკბილული, ვიწრო ტანიანი ამ სახის სამიწათმოქმედო არტეფაქტები (ჯიბლაძე 2007:43). ოსტეოლოგიური მასალების ანალიზისას დგინდება, რომ შინაურ ცხოველებიდან ყველაზე გავრცელებული სახეობა ყოფილა ღორი. ცხადია მათი სიმრავლე გამოწვეული უნდა ყოფილიყო მისი თვისებებით. იგი ადვილად მოსავლელია, იოლად შინაურდება და აქვს დიდი ნამატი (ჩავლეიშვილი 1988: 27). ტყიანი ლანდშაფტი განუსაზღვრელ საზრდოს იძლეოდა მათ გამოსაკვებად. ალბათ ღორის საკვებად გამოიყენებოდა კოლხეთის დაბლობის მთელ რიგ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლართა კულტურულ ფენებში მიკვლეული წაბლის, თხილისა და რკოს ნარჩენები (ჯიბლაძე 2007: 88). შემდეგ ყველაზე გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს ძროხა. მართალია კოლხეთის დაბლობის ჭაობიანი ნიადაგები მესაქონლეობის განვითარებისათვის მაინცდამაინც ხელსაყრელ პირობებს ვერ ქმნიდა, მაგრამ ოსტეოლოგიური მასალები ამ მხრივ საპირისპირო მონაცემებს იძლევა. საიალაღო მესაქონლეობის განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელი პირობები უნდა არსებულიყო კოლხეთის დაბლობის მთისწინა და მთიან ზოლში. მაგრამ არქეოლოგიური მასალების სიმწირე ამ მხრივ სრულ წარმოდგენას ვერ გვიქმნის.შესაძლოა ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის მთისწინა ზოლში მდებარე ენეოლითური ხანის დასასრულისა და ადრე ბრინჯაოს ხანის დასაწყისის აბგიძრას ნამოსახლარი. ძეგლზე ოსტეოლოგიური მასალების მიხედვით გამოვლინდა 15% მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, 9% ღორი, 64% თხა და 12% რუხი დათვი (Воронов 1982: 11-17). შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარებული ჩანს მეთევზეობა, რომელთანაც დაკავშირებულია ქვის საწაფები. მეურნეობის ერთ-ერთ წამყვან დარგს მონადირეობა წარმოადგენდა. ნანადირევი ცხოველებიდან ჭარბობს გარეული ღორი, შველი, ირემი და გარეული თხა. როგორც ჩანს, კოლხეთის დაბლობის მოსახლეობას ადრე ბრინჯაოს პერიოდიდან მოყოლებული მოშინაურებული ჰყავდა ცხოველთა დიდი ჯგუფი და საკვებად იყენებდა. ვფიქრობთ, სწორედ ამით უნდა აიხსნას გარეულ ცხოველთა ოსტეოლოგიური მასალების შედარებთ სიმწირე. ბრინჯაოსა და კაჟის ისრისპირებს არამარტო საბრძოლო დანიშნულება ჰქონდათ, არამედ მონადირეობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული (ჯიბლაძე 2007: 88).

შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების ფენებში მიკვლეული თიხისა და ქვის კვირისტავები უნდა მიუთითებდეს, რომ რთვას და ქსოვას კოლხეთის დაბლობის მოსახლეობის შიდა საქმიანობაში წამყვანი ადგილი ეკავა.

კოლხეთის ბარის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დასაქმებული უნდა ყოფილიყო ბრინჯაოს მეორადი მეტალურგიული საქმიანობით, რომლის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების სუსტი არქეოლოგიური ფენები (მაჭარა II-III ფენა, გუმისთა II, მღვიმე-ფარდულები ივაშჩენკო, კამანი, შრომა და სხვ.) ალბათ უნდა მიუთითებდეს, რომ ისინი დროებითი, სეზონური სადგომები იყო.13 აქ მაცხოვრებლები დამჯდარ მიწათმოქმედებას არ მისდევდნენ და ძირითადად დაკავებული უნდა ყოფილიყვნენ ალპურ ზონაში საიალაღო საქმიანობით. კერძოდ, მეცხვარეობა-მესაქონლეობით. ზოგიერთ ძეგლზე აღმოჩენილი ბადის საწაფები დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მეთევზეობასთან. ცხადია, ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის შუა ბრინჯაოს ხანის მოსახლეობა მისდევდა მონადირეობას, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი საშუალება უნდა ყოფილიყო თავის გამოსაკვებად. მართალია ამ მხრივ ნამოსახლარების მასალები არ იძლევა ასეთი დასკვნების გამოტანის საშუალებას, მაგრამ შუაბრინჯაოს ხანის სამაროვნებიდან (ზემო ეშერის დოლმენების შუაბრინჯაოს ხანის ფენები, ეშერის კრომლეხების ძირა ფენა, აზანთა, სული) მომდინარე ბრინჯაოს იარაღების ზოგიერთი სახეობა, სხვა ფუნქციასთან ერთად, მონადირეობისთვისაც უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.

კოლხეთის დაბლობისა და მისი ბორცოვანი ზოლის შუა ბრინჯაოს ხანის სამაროვნების მასალების განხილვამ დაგვანახა, რომ ამ პერიოდში ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოება მაღალ დონეზე მდგარა. ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა გაგიდისა და დოლმენების სამარხეული კომპლექსებიდან მომდინარე ლითონის მრავალრიცხოვანი ნივთებით. ბრინჯაოს მეორად მეტალურგიულ წარმოებასთან დაკავშირებული არტეფაქტები წარმოდგენილია ფიჩორის V ფენიდან: ნავისებური ფორმის ორგანყოფილებიანი და ოთხგანყოფილებიანი თიხის ყალიბები, რომელზედაც გაურკვეველი დანიშნულების ნივთებია ამოკვეთილი, საქშენი მილები და მეტალურგიული წარმოების ნაშთები. შუაბრინჯაოს ხანის ფენიდან მომდინარეობდა ლურსმნისებური თავიანი ქინძისთავი, დაფნისფოთლისებური მოყვანილობის ქედიანი და ყუნწიანი ბრინჯაოს ისრისპირი, ყუამილიანი ცულის პირის ფრაგმენტი (ფიჩორის VI ფენა).

 

საყურადღებოა, ფიჩორის ცენტრალური ბორცვის I მონაზვინ ფენაში გამოვლენილი ბრინჯაოს სამკუთხა მოყვანილობის თოხი, რომელსაც შიდა მხარეს სიგრძეზე მიუყვება რელიეფური ზოლი. ეს თოხი ურეკული ტიპისაა (მხედველობაში გვაქვს ურეკის განძში შემავალი ამ რიგის თოხები) და განეკუთვნება შუა ბრინჯაოს ხანას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იდენტური ბრინჯაოს თოხი ასევე ცნობილია გაგიდის სამაროვნიდან. ლითონის ჩამოსახმელი საქმიანობის დამადასტურებელი რამდენიმე ნივთი (ყუამილიანი ცულის ორი ყალიბის ფრაგმენტი, საქშენი მილები, ბრინჯაოს ზოდის ნატეხები) გამოვლინდა ფიჩორის №6 ბორცვზეც.

ანაკლია II შუა ბრინჯაოს ხანის ფენიდან ასევე ცნობილია რამდენიმე ლითონის ნივთი და ბრინჯაოს მეორად მეტალურგიულ წარმოებასთან დაკავშირებული მასალა. განსაკუთრებთ საყურადღებო იყო ბრინჯაოს თოხების ჩამოსასხმელი ორი ყუნწიანი თიხის ყალიბის ფორმის აღმოჩენა. ისინი ფიჩორული ბრინჯაოს თოხებისაგან და მათი ჩამოსასხმელი ყალიბებისაგან ტიპოლოგიურად მაინც რამდენადმე განსხვავებულია (Микеладзе 1990; ტაბ.VII, მუსხელიშვილი და სხვ. 2010:45, ტაბ.28). ამავე ფენაში დაფიქსირდა გაურკვეველი ბრინჯაოს ნივთების ჩამოსახმელი ორი ყალიბის ნატეხი და ბრინჯაოს მინიატურული ფორმის საკიდი [მუსხელიშვილი და სხვ. 2010: 46]. ერგეტის „მამულიების“ ბორცვის შუა ბრინჯაოს ხანის IV კულტურული ფენიდან მომდინარეობს მეტად საინტერესო ყუამილიანი ცული (პაპუაშვილი ნ; პაპუაშვილი რ: 2005: ტაბ.XXVIII14). ეს ცული ცალკეული დეტალების მიხედვით (ზურგის მხრიდან ოდნავ შეჭრილია, აქვს რელიეფური ზოლების გარეშე ოდნავ დაფერდებული საშუალო ზომის ყუა, ახასიათებს ოდნავ აპრეხილი გორდა პირი) ტიპოლოგიურად ახლოს დგას სვანეთისა და ბრილის მრგვალხვრელიან და ვიწროყუიან ყუამილიანი ცულების ერთ ნაწილთან (Чартолани 1989: ტაბ.XVIII 2,3). იგი ცალკეული დეტალების მიხედვით ასევე მოგვაგონებსგანთიად-ფიჩორული ტიპის ყუამილიანი ცულების ერთ ნაწილს (ჯიბლაძე 2007: 63).

ნოსირის ნამოსახლარის ქვედა შუა ბრინჯაოს ხანის I ფენიდან მომდინარეობს მომცრო ზომის ფოთლისებური ფორმის ბრინჯაოს სატევარი, სპილენძის საკიდი, ლითონის ჩამოსასხმელი თიხის ყალიბის ფრაგმენტი, მეტალურგიულ წარმოებასთან დაკავშირებული ციცხვი და ა.შ.

 

როგორც ცნობილია, განძები (ორი ან მეტი ნივთის ერთიდაიმავე ადგილზე განთავსება) გვიან ბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია (ლორთქიფანიძე 2001: 178). ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების ძალზე მაღალი დონის განმსაზღვრელი არქეოლოგიური კატეგორიის ეს ძეგლი კოლხური კულტურის გავრცელების არეალში აღმოჩენილია დაახლოებთ 150 პუნქტში (ლორთქიფანიძე 2001: 178-194, ტაბ I; ქორიძე 1965; რამიშვილი 1974; აფაქიძე 2006: 66-87, ტაბ. I; კახიძე, მამულაძე 2000: 18-41). დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (აღმოსავლეთ საქართველო, ისტორიული საქართველოს მომიჯნავე თურქეთის ტერიტორია - მეხჩის ციხე, ართვინი, ორდუ) ვხვდებთ კოლხური გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის კულტურისათვის დამახასიათებელ განძებსაც. ამ კატეგორიის ძეგლი მთლიანობაში 166 პუნქტშია გამოვლენილი. კოლხეთის ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანაში (უფრო ვგულისხმობთ ამ პერიოდის დასასრულს) განძები არ გვხვდება, თუმცა როგორც მოვიხსენიეთ, ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის არაერთი (ძირითადად ყუამილიანი-ყუადაქანებული ცულები) ნივთია შემთხვევით აღმოჩენილი კოლხეთის მთიანეთში (სვანეთი), რომელსაც განძებს ვერ ვუწოდებთ. კოლხეთის დაბლობზე და მის ბროცვოვან ზონაშიც გვხვდება შემთხვევით აღმოჩენილი ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ყუამილიან-ყუადაქანებული სპილენძ-ბრინჯაოს ცულები (ღორჯომი, აჭყვისთავი, ვერნევი, განთიადი, ურეკი, საზანო, სვირი, ხარაგაული, ივანწმინდა, მაღლაკი, დურევი, კინოთი, ჭლოუ, პალური, აზანთა, ათარა არმიანსკაია, გუადიხუ, ყულანუხვა და ა.შ. (ჯიბლაძე 2011: 126-136) (ტაბ. XI 1-10, XII 1-6, XXVII1,XXXIV). ორი ასეთი ტიპის ცული დაცულია ქუთაისის მუზეუმში, რომლის აღმოჩენის ადგილი უცნობია.

შუა ბრინჯაოს ხანაში კოლხეთის დაბლობზე და მის ბორცვოვან ზონაში გამოჩენას იწყებს ბრინჯაოს ნივთებისგან შემდგარი განძები (ურეკი, გალი 1959 წ. აღმოჩენა, ლეჩქოფი) (ქორიძე 1965: 10-12; Трапш 1970: 174; ქორიძე 1968: 28-29). ამ განძების შემადგენლობაში შედიოდა: ყუამილიან-ყუადაშვებული ცულები, კოლხური ცულების პროტოტიპები, ბრინჯაოს სამკუთხა პირიანი თოხები და ბრტყელი საფხეკები (ურეკი), სპილენძის ზოდები, ბრინჯაოს ფირფიტები და მეტალურგიული წარმოების სხვადასხვა ნარჩენი. განსაკუთრებით საყურადღებოა ურეკის განძიდან მომდინარე ყუამილიან-ყუადაქანებული ცულები, რომელთაც შეჭრილი ყუა, მოკლე მილი და, ოდნავ მოხრილი და ექვსად დაწახნაგებული ტანი ახასიათებთ (ტაბ. XXVIII 6-10). ცულის ეს ტიპი გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში შუა ბრინჯაოს ხანაში გავრცელებულ ამ რიგის იარაღებთან (ჯაფარიძე 2003: 185) (ტაბ. XXVIII 9-10). ურეკისა და გალის განძებში გვხვდება სწორპირიანი, ორფერდა ტანიანი და მრგვალხვრელიანი ბრინჯაოს ცულები, რომლებიც თავისი ფორმით უახლოვდება ჩვენში დღესაც გავრცელებულ ე.წ. „ქართულ ცულს“ (ჯაფარიძე 2003: 185). ურეკის განძიდან ასევე ცნობილია კიდევ ორი ცული, რომელიც კოლხური ცულის პროტოტიპადაა მიჩნეული(ტაბ. XXVIII13). საყურადღებოა, რომ კოლხური ცულების პროტოტიპების შემცველ განძებს (პილენკოვო, გაგრა, ერგე, ჭოროხი, ქობულეთი, ზემო ჯოჭო და სხვ.) ძვ.წ. XVIII-XIV სს-ებთ ათარიღებენ (ქორიძე 1965: 10-12). უფრო გვიან კოლხური ცულების პროტოტიპების შემცველი განძები, მათ შორის ურეკის განძიც, გვიან ბრინჯაოს ადრეულ საფეხურს მიაკუთვნეს (რამიშვილი 1974: 95-97). ყურადღებას იმსახურებს ურეკის განძიდან მომდინარე ბრინჯაოს სამკუთხა პირიანი თოხები და ორი ბრტყელი საფხეკი. ანალოგიური ნიმუშები ცნობილია გაგიდის სამაროვნიდან, რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა გარკვეულ ეტაპზე ამ ორი კატეგორიის ძეგლის სინქრონიზაციისათვის (ბარამიძე, ფხაკაძე 2009: 54-56). ბრინჯაოს სამკუთხა პირიანი თოხი როგორც აღვნიშნეთ, ასევე მომდინარეობს ფიჩორის ცენტრალური ბორცვის I მონაზვინი ფენიდან, რომელიც მასალების მიხედვით სინქრონული ჩანს ამავე ძეგლის IV კულტურული ფენისა (ძვ.წ. XVI-XV სს.).

საინტერესოა რა ხდება კოლხეთის მთიანეთში შუა ბრინჯაოს ხანაში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კოლხეთის ამ რეგიონში დღემდე არ არის მიკვლეული პროტოკოლხური II ეტაპის ნამოსახლარები. თუმცა სვანეთისა და რაჭის რეგიონებიდან მომდინარე ცალკეული აღმოჩენები, რომელსაც ქვემოთ შევეხებით, გვაფიქრებინებს, რომ ეს მხარე შუა ბრინჯაოს ხანაში სამოსახლოდ ათვისებული უნდა ყოფილიყო პროტოკოლხური კულტურის მატარებელი ქართველური ეთნიკური ნაკადების მიერ. ამ პერიოდს განეკუთვნება შემთხვევით აღმოჩენილი ბოგრეშის(მესტიის რ-ნი) სამარხეული ინვენტარი, სადაც დაფიქსირდა წიწვოვანი ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი, ყუნწიანი ბრტყელი დანა და სხვა არტეფაქტები(ტაბ. XLIIბ). სამარხის ტიპისა და მიცვალებულების პოზის დადგენა ვერ მოხერხდა (Чартолани 1989: 131-134). ბოგრეშის სამარხეული ინვენტარი უახლოეს პარალელებს პოულობს კოლხეთის დაბლობისა და ჩრდილოეთ კავკასიის მასალებთან. ამ აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან კოლხეთში იშვიათი გამონაკლისის გარდა (საჩხერე, გაგიდა, ბრილის ადრეული სამარხები, ეშერის დოლმენების ქვედა ფენა, მოდინახე, ანაკლია II უინვენტარო ორმოსამარხი.) დღემდე არ არის მიკვლეული ადრე და შუაბრინჯაოს ხანის სამაროვნები და ცალკეული სამარხები. ასევე სვანეთიდან მომდინარეობს შემთხვევით აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის ბრინჯაოს არტეფაქტები: სხვადასხვა ტიპის ყუამილიან-ყუადაქანებული ბრინჯაოს ცულები, ბრტყელი ცულები, შუბისპირები, საკულტო-საპარადო დანიშნულების ბრინჯაოს ნივთები და ა.შ. (Чартолани 1989: 62-79, სურ.4-7, ტაბ. XIV-XVIII) (ტაბ. XLIV4, 12-15,XLV1,3-13). შუა ბრინჯაოს საწყისი პერიოდიდან იწყებს ალბათ ამოქმედებას ზემო სვანეთში არსებული ზარგაშის სამთამადნო წარმოების ძეგლი (Чартолани 1989: 125-128). როგორც მოვიხსენიეთ, რაჭა-ლეჩხუმის მხარეშიც არ არის ცნობილი შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარები. თუმცა ამ რეგიონში გვხვდება შუა ბრინჯაოს ხანის ქვიშარის განძი (ამბროლაურის რ-ნი), რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა 16 ბრინჯაოს ცული.  მათ ახასიათებთ ორფერდა მახვილი ყუა, ოვალური სატარე ხვრელი და ორგზის მოხრილი თხელი ტანი (ქორიძე 1965: 11; ნიორაძე 1948: 1-22). საინტერესოა, რომ ქვიშარის ცულებს საკულტო ფუნქციას მიაწერენ. თვლიან, რომ ისინი გამოყენებული უნდა ყოფილიყო მიცვალებულისთვის სამარხში ჩასატანად, ნამდვილი ცულების მაგივრად და ამ მიზნით სპეციალურად იყო გაკეთებული (ნიორაძე 1948: 1-22). საყურადღებოა, ლეჩხუმიდან მომდინარე ორბელის ყუამილიანი ცულიც (ტაბ. XXVIII 5).

განსაკუთრებით საინტერესოა ზემო რაჭაში შესწავლილი ბრილის სამაროვანი, რომელიც მდებარეობს სოფელ ღების ჩრდილო-დასავლეთით 11 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. ძეგლი მოქცეულია მდ.რიონის მარცხენა და მის შენაკად ზოფხითურას მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერასის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. ბრილის სამაროვანზე გამოიყო რამდენიმე ფენა, რომელთა შორის უძველესი განეკუთვნება შუა ბრინჯაოს ხანას გამოთქმულია ვარაუდი, რომ ბრილის სამაროვნის უძველესი ფენები ადრე ბრინჯაოს ხანის დასასრულს განეკუთნება. სამაროვნის ფუნქციონირების პერიოდია ძვ.წ. II  ათასწლეულის შუა ხანები ახ.წ. III-IV სს-ები. შუა ბრინჯაოს ხანაში გვხვდება ქვისა და ორმო სამარხები, რომლის ზომები იყო 4x4, 3x3, 2x1 მეტრი. ვარაუდობენ ხის მასალების მონაწილეობას ორმო სამარხების გადახურვაში, ქვის სამარხები კი ფილა ქვებით უნდა ყოფილიყო გადახურული. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხთა უმრავლესობა დანგრეული იყო მომდევნო პერიოდების სამარხებით. აქ განისვენებდა 1-3 მიცვალებული, რომელთა დაკრძალვის პოზა ცუდი დაცულობის გამო არ იკითხებოდა. სამარხებში გვხვდება მრავალრიცხოვანი ბრინჯაოს ინვენტარი: სატევრისპირები, შუბისპირები, ყუამილიანი-ყუადაქანებული ცულები, მათ შორის საპარადო-საკულტო დანიშნულების, რომელთაც ამკობთ რელიეფურად გამოსახული ცხვრის თავები(ტაბ. XLIV 16-17). გვხვდება სარდიონის, პასტის, გიშრის მძვები და სხვა. თიხის ჭურჭელი საერთოდ არ აღმოჩენილა (საქართველოს არქეოლოგია 1959:111-115; გობეჯიშვილი 1952: 52-61; ბარამიძე 1961: 23-24). ბრილის სამარხთა ტიპებიდან განსხვავდებოდა აქვე შესწავლილი შუა ბრინჯაოს  ხანის სამარხი-აკლდამა, რომელიც გადახურული ყოფილა ძელებზე დაწყობილი ფიქალოვანი ქვებით (ზომები 4,2x3-ზე, სიმაღლე 1 მ). სამარხის შიგნით დადასტურდა 1,2 მ სიგრძის და 40 სმ სიმაღლის, როგორც აღნიშნავენ, ქვის მერხი. აკლდამაში უსისტემოდ იყო მიმობნეული რამდენიმე დანაწევრებული მიცვალებულის ჩონჩხის ნაწილები. მრავლად აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები: ბალთები, ხვიები, დუგმები, საკინძები, სასაფეთქლე რგოლები, სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის ქანდაკებები, ყუამილიანი ცულის იმიტაციები, მცირე ზომის ჭურჭლის ნატეხები (ბარამიძე 1961:24). ბრილის სამაროვნის ლითონის ნივთების გარკვეული ნაწილი უნდა შედიოდეს კოლხეთის ბარში გავრცელებული პროტოკოლხური კულტურის არეალში, რომელიც აქ ალბათ ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში გავრცელდა მდ.რიონის ხეობით. შენიშნავენ, რომ ბრილის სამარხეული ინვენტარი გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს შიდა ქართლის, კერძოდ, ნულის, ქვასათალის სამარხებში მოპოვებულ მასალასთანაც. მათ შორის სიახლოვე შეინიშნება სატევრისპირებსა და შუბისპირებშიც (ჯაფარიძე 2003:185). მაგრამ ამავე დროს ბრილის სამაროვნისთვის დამახასიათებელია იარაღისა და სამკაულის ისეთი ფორმები,რომლებიც შიდა ქართლში და საერთოდ თრიალეთურ კულტურაში სრულიად უცნობია (ჯაფარიძე 2003:185).ეს ნივთები არც კოლხეთის ბარში გავრცელებულ კულტურაში გვხვდება. მხედველობაში გვაქვს ბრილის სამაროვანზე გამოვლენილი (N12 სამარხი და ა.შ)შუაბრინჯაოს ხანის ლითონის ინვენტარის ზოგიერთი სახეობა (შტანდარტები, ყუამილიანი ცულები, სატევრები, პუნქტირებით შემკული დისკოსებურთავიანი საკინძები და საკიდების გარკვეული ნაწილი) ახლოს დგას ჩრდილო კავკასიის ფასკაუსა და ზემო რუხთას ამ კატეგორიის ძეგლების ანალოგიურ მასალებთან (გობეჯიშვილი 1952:61; ფანცხავა და სხვ. 2001: 39-44; Кореневский1981: 27,30-31, 37, სურ.6,8, ტაბ.13, 72 73). ზოგიერთი მკვლევარის მიერ (გ.გობეჯიშვილი) ადრე იქნა შემჩნეული ამ ორი რეგიონის ბრინჯაოს არტეფაქტების გარკვეული ნაწილის დიდი მსგავსება, რის გამოც გამოიყო კიდეც დიგორი-რაჭის ლოკალური რაიონი (ა.იესენი). ჩრდილოეთ კავკასიის ბრინჯაოს ხანის კულტურის განვითარების გვიან ეტაპზე (გვიან ბრინჯაოს დასაწყისი) ცალკე გამიჯნეს თავისი დამახასიათებელი ნიშნებით დიგორის კულტურის ლოკალური ვარიანტი, რომლის ცენტრად ჩათვალეს ცენტრალური კავკასიის მთისწინა და მთიანი რაიონები (ე.კრუპნოვი) (Крупнов 1951:61; Марковин 1960: 79]). კოლხეთის მთიანეთში ანალოგიური ძეგლების აღმოჩენის გამო უფრო გვიან ეს ტერმინი რამდენადმე დაზუსტებული იქნა რაჭა-დიგორის კულტურის სახელწოდებით (ი.მონცებეკერი) იმ განსხვავებით, რომ მასში სვანეთის ჩრდილოეთი რაიონებიც გააერთიანეს (ლ.ფანცხავა, ბ.მაისურაძე, გ.გობეჯიშვილი) (ფანცხავა და სხვ. 2001:44). ეჭვგარეშეა, რომ კოლხეთის მთიანეთისა და ჩრდილო კავკასიის (დიგორის) ბრინჯაოს ინვენტარის ზოგიერთი სახეობის თანხვედრები, ზოგ შემთხვევაში იდენტურობაც კი გამოწვეული უნდა იყოს ამ ორი მხარის გეოგრაფიული სიახლოვით, გარკვეულ ეტაპზე იქ მაცხოვრებელი ხალხის მჭიდრო კონტაქტების შედეგად. ეს ურთიერთობები ალბათ ხორციელდებოდა კავკასიის მთავარ ქედზე არსებული გადასასვლელებით, საუღელტეხილო ბილიკებით, რომელთა ნაწილი ჩრდილო კავკასიაში გადიოდა (ჩართოლანი 1996: 20-23). სავარაუდოდ რაჭა-დიგორის კულტურის თუ ჯგუფის ძეგლების ცენტრი უფრო საძიებელია ზემო რაჭის ტერიტორიაზე, რომელსაც აქ არსებული მდიდარი სამთამადნო წარმოების ძეგლები უმაგრებდა ზურგს. როგორც აღვნიშნეთ, უძველესი სამთამადნო წარმოების ძეგლები, სადაც ალბათ ხდებოდა სპილენძის ნედლეულით კოლხეთის ბარში არსებული ადრე ბრინჯაოს დასასრულისა და შუა ბრინჯაოს ხანის (ასევე მოგვიანო პერიოდის) ლითონჩამომსხმელი სახელოსნოების მომარაგება, კონცენტრირებულია ცენტრალური კავკასიონის ქედის სამხრეთ ნაწილში. მათი ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია სულფიდური მადნის სახით. ამ ზონაში ექცევა აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის სპილენძის გამადნებათა სისტემები (ინანიშვილი და სხვ. 1998: 52-60, 26-39, 54-89; ბარამიძე და სხვ.2013: 43-49, ბარამიძე 1998:172; ღამბაშიძე და სხვ. 2010:49-90;ჩართოლანი 1971: 49-60; ჩართოლანი 1996:21-135). სამთამადნო წარმოების მეორე ზონა მცირე კავკასიონის მთიანეთია, სადაც განლაგებულია სპილენძის საბადოები და პოლიმეტალური მასალები. ამ რეგიონის გამადნების სისტემაში ექცევა რამდენიმე მადნის ზონა, რომელიც იყოფა ცალკეულ მადანგამოსავლებლად. აჭარის მადანგამოსავლების ჯგუფი იყოფა 1. მერისისა და მდ.აჭარისწყალის ხეობათა ზემო წელი; 2.გურიის მადნეულის ზონა, რომელიც განლაგებულია მდ. ნატანებისა და მდ. ბახვისწყლის სათავეებთან (ინანიშვილი და სხვ. 1998:55). გარდა ამისა აჭარისა და გურიის ტერიტორიაზე არის წვრილ-წვრილი საბადოები როგორიცაა: ბობოყვათი, ზემო ხინო, ბზონის წყალი, ვაკიჯვარი ადგილი ქორბუდა და ა.შ (ქორიძე 1965:102, 122; ჩავლეიშვილი 1991:14).

ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე მდ.ჭოროხის აუზში 11-12 ადგილზეა გამოვლენილი სპილენძის მძლავრი საბადოები მიწისქვეშა გამონამუშევრებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსულის საბადო (Иессен 1935: 44-47). აჭარა-ჭოროხის ჯგუფში სპილენძის საბადოები აღნიშნული აქვთ 110 პუნქტში (Иессен 1935:32). ეს არის სპილენძის მოპოვების ძირითადი წყაროები, საიდანაც შესაძლოა ნედლეული მასალებით მომარაგებულიყო კოლხეთის ბარში (განსაკუთრებით ზღვისპირა ზოლში) და მთისწინა ზონაში სავარაუდოდ არსებული ადრე ბრინჯაოს ხანის მეორე ნახევრისა და შუა ბრინჯაოს ხანის (რა თქმა უნდა ვგულისხმობთ გვიან ბრინჯაოს ხანასაც) ლითონჩამომსხმელი სახელოსნოები (ისპანი, ანაკლია I, ანაკლია II, ფიჩორის ცენტრალური ბორცვი VII-V ფენები და სხვა). ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების I და II ცენტრების ურთიერთობის საკითხები იშვიათი გამონაკლისის გარდა, დღემდე არ დამდგარა დღის წესრიგში. გამოვლენილი მასალების მიხედვით დასტურდება რომ, სპილენძის საბადოებიდან რამდენადმე მოშორებით როგორც წესი წყალთან და ტყის ზონასთან ახლოს მიმდინარეობდა  სამთამადნო წარმოების ძეგლებიდან მოპოვებული მადნის დამუშავება-გასუფთავება, ხდებოდა მათი გამოწვა დნობის შემაფერხებელი გოგირდოვანი მინარევებისგან განთავისუფლების მიზნით, შემდეგ კი ხორციელდებოდა მადნის დაწურვა (გობეჯიშვილი 1952:110). ეს პროცესი წარმოადგენდა სპილენძის ნედლეულის პირველად დამუშავებას. შემდეგ კი მიმდინარეობდა ნედლეული მასალით ბარში განლაგებული ლითონ ჩამომსხმელი სახელოსნოების მომარაგება. აქ სპილენძის ნედლეული შემოდიოდა ნახევარფაბრიკატების სახით, სადაც ხდებოდა მათი მეორადი გადამუშავება, სიმყარისათვის საჭირო ნივთიერებების (დარიშხანი, კალა და ა.შ.) დამატება და სხვადასხვა დანიშნულების ბრინჯაოს ნივთების ჩამოსხმა (ჯიბლაძე 2006:10). პირველად და მეორად ბრინჯაოს მეტალურგიულ ცენტრებს შორის დამაკავშირებელი გზები ალბათ გადიოდა მდინარეთა ხეობათა აყოლებით ხევისპირა ან ხეობათა ფსკერზე (ჩართოლანი 1996:117; ჯიბლაძე 2006:9-15). სავარაუდოა, რომ ბარში არსებული ლითონჩამომსხმელი სახელოსნოების სპილენძის ნედლეულით მომარაგებისას თავდაპირველად უფრო ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო ახლოს მდებარე ტრანსპორტირებისთვის შედარებით იოლად ხელმისაწვდომი კოლხეთის მთიანეთში არსებული სამთამადნო წარმოების ძეგლები. აქედან გამომდინარე ერთგვარი ჰიპოთეზის სახით დასაშვებად გვეჩვენება, რომ მდინარეების კოდორისა და ბზიფის ზემო დინებაში გამოვლენილი უძველესი სამთამადნო წარმოების ძეგლებიდან (Муджири 2008:50-57; ჩართოლანი 1971: 49-60) ხდებოდა სპილენძის ნედლეულით მომარაგება სავარაუდოდ ამ მდინარეთა ქვემო წელში არსებული ბრინჯაოს მეორადი წარმოების ცენტრების. მაღალმთიანი ზონიდან ბართან დამაკავშირებელი გზები ალბათ გადიოდა მდ.კოდორისა მდ.ბზიფის ხეობებში გამავალ ვიწრო ბილიკებზე (Воронов 1982:12). სავარაუდოდ, ამ სამთამადნო წარმოების ძეგლებიდან მომდინარე სპილენძის ნედლეულით უნდა იყოს დამზადებული ადრე და განსაკუთრებით შუა ბრინჯაოს ხანის დოლმენებში (ეშერა, აზანთა სული და ა.შ.) არსებული მდიდარი ბრინჯაოს ინვენტარი.

ვფიქრობთ, მდ.ენგურის ქვემო წელის აუზში გამოვლენილი ძალზე მძლავრი ბრინჯაოს მეორადი წარმოების ცენტრები (სოფ.ფიჩორის ცენტრალური ბორცვი, გაგიდის სამაროვანი, ერგეტა, ანაკლია II და სხვა) სხვა წვრილ-წვრილი საბადოების გარდა, სპილენძის ნედლეული მასალით მარაგდებოდა მდ. ენგურის სათავეებთან აღმოჩენილი უძველესი სამთამადო წარმოების ძეგლებიდან. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, არ უნდა გამოვრიცხოთ ადრე ბრინჯაოს ხანის დასასრულს კოლხეთის ზღვისპირა ზოლში არსებული ლითონჩამომსხმელი სახელოსნოების ნედლეული მასალით მომარაგება, ჭოროხის აუზიდანაც (ძანსული, გიუმიშხადე, ხოდო, ქვარცხანას ცენტრები და ა.შ). ასევე არ უნდა დავივიწყოთ მდ. აჭარისწყალის ზემო წელზე ქედის მახლობლად მერისის სპილენძის საბადოებიც. ფიქრობენ რომ, ჭოროხის აუზში ზემოთ მოხსენიებულ სხვა სამთამადო ძეგლებთან შედარებით, ყველაზე ადრე იწყება სპილენძის ნედლეულის სამთამადნო წარმოება (Иессен 1935:102). ამ რეგიონებში და საერთოდ მცირე კავკასიონის ზონაში თვითნაბადი სპილენძების დიდი მასივებია, რომელიც ძირითადად წარმოქმნილია ხალკოპირიტის დაშლის შედეგად (ბარამიძე 1998:172). საპირისპირო სურათი გვაქვს ცენტრალური კავკასიონის ქედის სამხრეთ ნაწილში (აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა). სპილენძის მადანი აქ ძირითადად წარმოდგენილია სულფიდური მადნის სახით (ინანიშვილი და სხვ. 1998:52), რომლის ამოქმედება შედარებით გვიან ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი  ნახევრის შუა ხანებიდან იწყება. სავარაუდოა, რომ შუა ბრინჯაოს ხანაში ბარში არსებული ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების მეორადი ცენტრები სპილენძისა და ანთიმონის ნედლეულებით მარაგდებოდა ზემო რაჭაში არსებული სამთამადნო წარმოების ძეგლებიდანაც. ალბათ მათ შორის დამაკავშირებელი გზები გადიოდა მდ. რიონის ხეობაში.

კოლხეთის მთიანეთის სამთამადნო წარმოების ძეგლებიდან ბარში გამართულ ლოთონჩამომსხმელ სახელოსნოებში თუ დავუშვებთ  სპილენძის ნედლეულის შემოზიდვას უკვე დაყალიბებული ზოდების სახით, მაშინ გარკვეული სიცხადეა შესატანი მთელ რიგ საკითხებში. მიახლოებით დასადგენია შემოზიდვის გზები, ტრანსპორტირებისა და შრომითი ორგანიზაციის საკითხები. ზოგიერთი ზოდის წონა 20, 25, 30, 40 კგ. აღწევს. არის ზოდები, რომლებიც 70-80 კგ. იწონის (ქორიძე 1965: 101: ჩავლეიშვილი 1991:15). ამ შემთხვევაში კოლხეთის მთიანეთიდან დაბლობ ზოლში ძალზე გაჭირდებოდა მათი ტრანსპორტირება. ეს მითუმეტეს მაშინ, როდესაც პირველადი და მეორადი მეტალურგიული წარმოების ცენტრები ზოგჯერ ერთმანეთისგან დაშორებულია დაახლოებით 150-200 კმ. მანძილზე. ასეთ შემთხვევაში მათ შორის კავშირები ძალზე გაძნელდებოდა თუ არ იქნებოდა კარგად მოგვარებული სატრანსპორტო საშუალებებისა და შრომითი ორგანიზაციის მხარე. აღმოსავლეთ საქართველოს  გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ძეგლების მაგალითზე ეს პრობლემა შესაძლოა შედარებით ადვილად გადასაწყვეტი ყოფილიყო, რადგან აქ ლითონჩამომსხმელი სახელოსნოები მათგვერდით გულისხმობს მადნის გადამამუშავებელ წარმოებასაც. ამ რეგიონში ძველი სამთამადნო წარმოების ძეგლებიდან ბრინჯაოს საწარმოო სახელოსნოებში სპილენძის ტრანსპორტირებისას დასაშვებად მიაჩნიათ ცხენის გამოყენება, რომელიც აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულიდან ფართოდ ჩანს გავრცელეული (ფიცხელაური 1973:92). ამ მხრივ კოლხეთის დაბლობის მთელი ძვ.წ. II ათასწლეულის ძეგლები თითქმის არ იძლევა ხელისჩასაჭიდ მასალებს. სავარაუდოდ, მდინარეთა ხეობებში გამავალი დამაკავშირებელი გზებით ამ მძიმე და შრომატევად სამუშაოებს ასრულებდნენ სპეციალურად გამოყოფილი და დასაქმებული ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც გაერთიანებული უნდა ყოფილიყვნენ მკაცრ შრომით ორგანიზაციაზე დაფუძნებულ სასოფლო თემურ დასახლებებში. სავარაუდოდ, ამ სამუშაოების შესრულებისას ისინი იყენებდნენ ცალფა გამწევძალიან სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ანალოგები უხვად მოიპოვება დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში (სათრეველა-საჩოჩიალო, ციგა, მარხილი, ლეკმარხილი, ლაშკანი, თავკავი, თური) (გეგეშიძე 1956:30)

უნდა ვირწმუნოთ, რომ ბარში სპილენძის ნედლეული შემოდიოდა ნახევარფაბრიკატების - ზოდების  სახით. ამ მხრივ საყურადღებოა ზოგიერთი ფაქტის მოშველიება. კერძოდ, ფიჩორის ნამოსახლართა სისტემიდან 200 მეტრის დაშორებით მიწის დამუშავებისას სხვადასხვა მეტალურგიულ ნარჩენებთან ერთად შეინიშნებოდა ბრინჯაოს ზოდების კონცენტრაცია (დაახლოებით 100 ერთეულამდე).შეგვექმნა ერთგვარი შთაბეჭდილება, რომ ხომ არ ხდებოდა ფიჩორის ლითონჩამომსხმელ სახელოსნოში  ზოდების დაყალიბება და იქვე ახლოს გამართულ ე.წ. სათავსოებში შენახვა.

ამრიგად, კოლხეთში ძვ.წ III ათასწლეულის დასასრულსა და ძირითადად შუა ბრინჯაოს ხანაში შეიძლება გამოიყოს ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების რამდენიმე მსხვილი ცენტრი თავისი სამთამადნო წარმოების ძეგლებითა და ლოკალური ვარიანტებით. 1. ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთი ; 2.ცალკე ვმიჯნავთ მდინარე ენგურის ქვემო წელის აუზის მეტალურგიულ ცენტრს, რომელიც მოქცეულია ამ მდინარის როგორც მარცხენა ისე მარჯვენა სანაპიროზე. ამ ცენტრის ნაწილი თავსდება ცენტრალური კოლხეთის-სამეგრელოს ტერიტორიაზე; 3.კოლხეთის მთიანეთის (სვანეთი-რაჭა) მეტალურგიული წარმოების ცენტრი; 4.სამხრეთ-დასავლეთ კოლხეთის ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების ცეტრი, სადაც აღნიშნულ პერიოდებში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ლოკალური ვარიანტი (აჭარა, გურია და ა.შ) 5; სამხრეთ- აღმოსავლეთ კოლხეთი, სადაც ადრე ბრინჯაოს დასასრულს და შუაბრინჯაოს ხანაში დაიწინაურებული ჩანს მდ.ყვირილას ზემო წელში არსებული ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების ცენტრი.

კოლხეთი ადრე და შუა ბრინჯაოს ხანაში კულტურულად არ არის მოწყვეტილი გარე სამყაროდან. კოლხეთის ტერიტორია განსაკუთრებით მისი დაბლობი ზონა კულტურულ-ეკონომიკური თვალსაზრისით ერთგვარ დამაკავშირებელ ზოლს წარმოადგენდა მცირე აზიასა და ჩრდილო კავკასიის რეგიონებს შორის. ადრე ბრინჯაოს დასასრულიდან ამ ტერიტორიის გავლით, როგორც სახმელეთო ასევე საზღვაო გზების გამოყენებითი ხორციელდებოდა კავშირურთიერთობები გარე სამყაროსთან. სხვადასხვა არქეოლოგიურ კულტურებთან ურთიერთობის დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა  შავი ზღვის გარშემო ე.წ ცირკუმპონტიის მეტალურგიული პროვინციების ჩამოყალიბებას (Черных 1978:53-82). კოლხეთი განსაკუთრებით მისი დაბლობი ზონა მძლავრადაა ჩართული ცირკუმპონტიის მეტალურგიული პროვინციების განვითარების ერთიან სისტემაში. დასავლეთ საქართველოს ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის კულტურების გავლენები და კონტაქტები მეზობელი რეგიონების კულტურებთან კარგად იკვეთება ლითონის მასალების მიხედვით. სავარაუდოდ ეს მხარე ძვ.წ III ათასწლეულის მიწურულიდან განიცდიდა წინა და მცირე აზიის მეტალურგიული ცენტრების გავლენებს. ახლო კულტურული კონტაქტების დამყარებისას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა კოლხეთის ტერიტორიის სიახლოვეს უძველესი ცივილიზაციების ზოგიერთ კერასთან. უსაფუძვლოდ არ უნდა გამოიყურებოდეს.

ისპანის ყუადაქანებული ცულის ხის მოდელის დამზადების ტრადიციების მოძიება ძველი აღმოსავლეთის სამყაროში. ასევე წინა აზიასთან და ეგეოსურ სამყაროსთან ახლო კონტაქტები შეინიშნება ფიჩორის  ერთსახელურიანი, სწორმხრიანი, მხარგადაბმული სახვნელებით. ყუამილიანი ცულებითა და ბრინჯაოს თოხებით (მხედველობაში გვაქვს ურეკული, ფიჩორული, ანაკლიური ტიპის თოხები) შორეული კონტაქტები შეინიშნება წინა აზიაში, მცირე აზიასა და ბალკანეთის მეტალურგიულ ცენტრებში დამზადებულ ნიმუშებთან(თეფე- ხაზანა,პოლიოხინი, იუსფილდის განძი, კიში, კიშის სამაროვანი, სუზა, ლურისტანის ზოგიერთი ნიმუში და სხვ. (ჯიბლაძე 2007:124). კოლხეთის დაბლობის ადრე ბრინჯაოს ხანის ლითონჩამომსხმელ სახელოსნოებში ჩანს ცირკუმპონტიის მეტალურგიული პროვინციებისთვის (მხედველობაში გვაქვს მეორე ეტაპის ფაზა ძვ.წ III ათასწლეული) დამახასიათებელია ლითონ ჩამომსხმელი ტექნიკის ელემენტები. კერძოდ, გამლღვარი ლითონის ჩასხმა მუცლის მხრიდან მთლიანად გახსნილ ორსადგულიან ყალიბებში. ასეთ წესს ვხვდებით მტკვარ-არაქსის კულტურის ფინალური ეტაპის ძეგლებზეც.

კოლხეთი ადრე ბრინჯაოს ხანის დასასრულს და შუა ბრინჯაოს ხანაში მძლავრ ზემოქმედებას ახდენდა ჩრდილო კავკასიის მეტალურგიულ ცენტრებზე. კოლხეთიდან მიმავალი გავლენები აქ ვრცელდებოდა აზოვისა და შავი ზღვის სანაპიროების გასწვრივ (Черных 1966:65; Кореневский 1981:17-22). ასევე კოლხეთის მთიანეთიდან ჩრდილო კავკასიაში გამავალი საუღელტეხილო გადასასვლელებით. კოლხეთის ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის მეტალურგიული ცენტრებიდან ჩრდილო კავკასიაში თავდაპირველად იმპორტის სახით(ანდა მეტალურგიული კერების გავლენებით) შესაძლოა გავრცელდა ნაჩერქეზევის, ქორეთის, ფიჩორისა და სხვა ტიპის ყუამილიანი ცულები( Кореневский 1981:36-38). ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილში (ჩრდილო ოსეთი, ყაბარდო, ბალყარეთი) აღნიშნულ პერიოდებში ვრცელდება საჩხერული ტიპის საკიდები. თვლიან, რომ ეს უნდა ასახავდეს ამიერკავკასიის მეტალურგ- ჩამომსხმელობის შეღწევას ჩრდილო კავკასიის ქედს მიღმა (Кореневский 1981: 39).

გარე სამყაროსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ერთ-ერთი საინტერესოა პროტოკოლხური კერამიკა. როგორც აღინიშნა, შავპრიალა კერამიკით ახლო კონტაქტები შეინიშნება მტკვარ-არაქსულ, ბედენურ და თრიალეთურ კულტურებთან. არ არის გამორიცხული, რომ ამ ფაქტურის მქონე ზოგიერთი თიხის ნაწარმი მტკვარ-არაქსის კულტურიდან ღებულობდეს საწყის (შავპრიალა და ორყურა ბიკონოსური ფორმის თიხის ჭურჭელი და სხვ.) (ჯიბლაძე 2007:125). მტკვარ-არაქსის კულტურასთან გარკვეულ კონტაქტებზე უნდა მიუთითებდეს ზემო სვანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სწორღეროიანი და ღილისებურ დაბოლოებიანი შუბისპირები, ბდაძოროსა  იალბუზის ტიპის ყუადაქანებული ცულები (ჯაფარიძე1976:292) (ტაბ. XLIV 1-3, 5-9). კოლხეთის დაბლობის ადრე -და შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკით (ორლულიანი და ქიმისებური შვერილიანი ყურები, ჭურჭლის ზედაპირის ნაფოტისმაგვარი ნივთით მოსწორების ტრადიცია და სხვ.) ახლო კონტაქტები შეინიშნება ბედენურ კულტურასთან (ჯიბლაძე 2007:124). ჰორიზონტალური ყურებით, სამფეხა ზიარი,მრგვალყურიანი ჭილოფის ანაბეჭდიან- ძირიანი ჭურჭლით, შავპრიალა სახილე ლარნაკებით, ფოსოიანი კერამიკით ახლო კონტაქტები შეინიშნება წინა, მცირე აზიისა და ეგეოსური სამყაროს ანალოგიურ თიხის ნაწარმთანაც.