topmenu

 

ი.ელიზბარაშვილი - ქილდის ორნავიანი ეკლესია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ახალქალაქის რაიონის ძეგლები>>>

ირინე ელიზბარაშვილი - ქილდის ორნავიანი ეკლესია // ძეგლის მეგობარი, 1986. - კრ.71. - გვ.28-33.

ქართული საკულტო არქიტექტურის ისტორიაში ბევრია მცირე ზომის შეუმჩნეველი ძეგლი, რომელიც არ იპყრობს ყურადღებას განსაკუთრებული მხატვრული სივრცითი გადაწყვეტით და არც ახალს მატებს რასმე ამა თუ იმ არქიტექტურული ტიპის განვითარებას. ამასთანავე თითქმის ყველა მათგანი წარმოადგენს განუყოფელ ნაწილს იმ არქიტექტურული თუ ბუნებრივი გარემოსი, რომელთან კავშირი მათ განსაკუთრებულ მომხიბვლელობას და განუმეორებლობას ანიჭებს, ხოლო დრო უმრავლეს შემთხვევაში გარკვეულ კეთილშობილებასა და ღირსებას სძენს. ასეთ ძეგლთა რიცხვს ქილდის ეკლესიაც მიეკუთვნება.

ქილდა მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, სოფელ კუმურდოს ჩრდილოეთით, მისგან 6-7 კმ-ის მოშორებით, ზეგანის ბექობის კიდეში. ეკლესია სწორ ადგილზეა აღმართული და შემოფარგლულია ციკლოპური ქვის ლოდებით ნაგები გალავნით. გალავანს შემოსასვლელი სამხრეთ დასავლეთ ნაწილში ჰქონია. შემოსასვლელის ამ მხარეს გაჭრა განპირობებული იყო ეკლესიის სამხრეთით ძველი ნასოფლარის არსებობით1. ნასოფლარიდან შემორჩენილია დიდი ლოდებით მოკირწყლული მშვენიერი ქუჩა, რომლის ორივე მხარეს საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების მქონე დარბაზების ნაშთია შემონახული. ნასოფლარი პლატოს კიდეში, დამრეც ფერდობზეა გაშენებული და ნაწილობრივ მიწაშია ჩამჯდარი, ისე რომ ეკლესია სიახლოვისა მიუხედავად, სრულიად ცალკე, დამოუკიდებლად აღიქმება.

ამგვარი გარემო - ნასოფლარის არსებობა, ქუჩა, რომელიც უშუალოდ აკავშირებს ეკლესიას სოფელთან ცხადყოფს, რომ ქილდა ჩვეულებრივი სოფლის ეკლესია - სამლოცველო იყო და არც იყო გათვალისწინებული შორიდან აღსაქმელად. ამითვე შეიძლება აიხსნას ეკლესიის მცირე ზომები და პროვინციული ხასიათი. მსგავსი ლოკალური მნიშვნელობის დასახლებები და კომპლექსები ზემო ჯავახეთში ხშირია. ეს გამოწვეული იყო ადგილობრივი პირობებით, რამაც შეზღუდა აქ სოციალური დიფერენციაცია და არ მისცა საშუალება ამ ტიპის სოფლებს ქცეულიყო ბარისათვის დამახასიათებელი ფეოდალურ რეზიდენციებად2. ქილდის კომპლექსის ნაკლებ მნიშვნელობასა და შეუმჩნევლობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ისტორიული წყაროები არავითარ მნიშვნელოვან ცნობას არ იძლევა მის შესახებ. (გურჯისტანის ვილაიეთის სიის დავთარში იგი მხოლოდ მოხსენებულია)3 უყურადღებოდ დარჩენია ის XIX -ის დასასრულისა და XX ს-ის დასაწყისის ისტორიკოსებსაც. ნ.ბერძენიშვილი, რომელმაც 1933 წელს ინახულა ქილდა, სახელწოდების განხილვისას გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ტერმინი წუნდა, ქილდა, დახუდა, გულსუნდა, კუმურდო, სულდა, უნდა მოწმობდეს უძველეს მოსახლეობის გარკვეულ ფენას4. ამასვე ადასტურებს დ.ბერძენიშვილის მიერ შექმნილი ჯავახეთის რუქები, სადაც ქილდა ადრე ფეოდალურ ხანიდან გვხვდება5. სადღეისოდ ქილდა დაცარიელებულია. 30-იან წლებში იქ ჯერ კიდევ შერჩენილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა, ე.წ. იერლი (ჯავახი მუსულმანები)6.

1974 წელს ძეგლი გაზომეს სპეც. სამეცნიერო სარესტავრაციო სახელოსნოს თანამშრომლებმა. ძეგლის გაწმენდისა და შესწავლის საფუძველზე მზადდება მისი რესტავრაციის პროექტიც (ავტორი არქიტექტორ-რესტავრატორი თ.ნემსაძე). გეგმით ქილდა ორნავიანი ეკლესიაა ნავთა გასაყარზე მოცემული ერთი სვეტით, რომლის ორივე მხარეს თაღებია გადაყვანილი. ნავთა დიფერენციაია შემდეგნაირია: მაღალი და განიერი ცენტრალური, დაბალი, ვიწრო და მოკლე ჩრდილოეთის ნავი. ეკლესიის ცენტრალური სივრცე საკმაოდ ნათელი და დიდია. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული ფორმის აფსიდით სრულდება, აფსიდის კუთხეში შემორჩენილია სატრიუმფო თაღის საწყისი, რომელიც თარის ფორმის კონსოლს ებჯინება. სადღეისოდ საკურთხევლის ზედა მონაკვეთი გადაწყობილია. შემორჩენილია სატრიუმფო თაღის საწყისი ქვები, დანარჩენი კონქის წყობაშია შეზრდილი. აფსიდის ცენტრში საკმაოდ განიერი სარკმელია გაჭრილი. მთავარ ნავში ერთი საბჯენი თაღია გადაყვანილი, რომელიც ჩრდილოეთით კონსოლს ებჯინება, სამხრეთით კი განიერი პილასტრის სადა ორსაფეხუროვან კაპიტელს. კამარა შეკეთების შედეგად დადაბლებულია და აგურით არის ამოყვანილი. ეკლესიის მთავარი ნავის ჩრდილოეთის კედელი ცოცხალი და მრავალსახოვანია: იგი გახსნილია ორი დაბალი და ტლანქი თაღით: თაღები სიგანითა და სიმაღლით ტოლია. დასავლეთ და აღმოსავლეთ კუთხეებში ისინი განიერ პილასტრებზე დასვენებულ მასიურ კაპიტელებს ეყრდნობა, შუაში კი დამჯდარი პროპორციების, მრავალწახნაგა სვეტს, რომელიც ასევე ძალიან მასიური კაპიტელით სრულდება. სვეტიც და აღმოსავლეთის პილასტრიც კვადრატულ განიერ ბაზაზე დგას.

ჩრდილოეთის ნავი, როგორც ითქვა, უფრო მოკლეა, იგი მთავარს მხოლოდ აფსიდამდე მიყვება, მოკლებულია პასტოფორიუმს და სწორკუთხოვნად სრულდება, დაბლა გადაყვანილი კამარის თაღი ილუზორულად აფსიდის შთაბეჭდილებას ტოვებს: ნავის სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში ტრაპეზია მოდგმული, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი წირვისათვის იყო გათვალისწინებული. ამ ნავის ორივე საპირისპირო - აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მცირე ორი სარკმელია - დასავლეთი კედლის ცეტრში და სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. შესასვლელი სადღეისოდ ორია. ერთი მთავარი ნავის დასავლეთ კედლის ცენტრში რომელიც არქ. რესტავრატორი თ.ნემსაძის აზრით მოგვიანებით უნდა იყოს გაჭრილი, მეორე კი ამავე ნავის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში (იგი ამჟამად ამოქოლილია) იმისდა მიუხედავად, რომ ეკლესიაში მრავლადაა ღიობები, მათი არასისტემატური განლაგება და სარკმელთა ზომები ნაკლებ შუქს უშვებს ინტერიერში. ეკლესია შელესილი იყო. ნალესობა ძალიან სქელია და ფარავს შიდა წყობას. იქ, სადაც ნალესობა ატკეჩილია, მოჩანს მკვრივი ადგილობრივი ქვა და შირიმი.

ეკლესია დღეს მნიშვნელოვად გადაკეთებულია. მთავარი ნავი დადაბლებულია. სამხრეთი მინაშენის მხოლოდ კვალია დარჩენილი. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ირგვლივ წყობა შეცვლილია. გარედან ეკლესია ნაგებია დიდი ზომის რუხი ქვებით. ნალესობა მას უფრო მორუხო-მოთეთრო ტონალობას ანიჭებს. ნასოფლარის განლაგება დამრეც ფერდობზე, ვიზუალურად თიშავს მას ეკლესიის აღქმის არეიდან, ამიტომ ეს უკანასკნელი ამ უკაცრიელ, მოსწორებულ ადგილზე ერთადერთ დომინანტად აღიქმება. მისი მორუხო სილუეტი მკაფიოდ გამოიყოფა ჟანგისფერი ლოდებით მოფენილ გარემოსგან. ეკლესია სრულიად მოკლებულია მორთულობას, რაც მას მეტ ასკეტურობას ანიჭებს, ხოლო წყობაში გამოყენებული დიდი, უსწორმასწორო მოყვანილობის ქვები მეტ სიმკაცრესა და სიძლიერეს მატებს მის ფასადებს. წყობის მსგავსება და ერთიანი შეფერილობა არ გამორიცხავს ფასადთა მეტ-ნაკლებად განსხვავებულ ხასიათს. მაგალითად: ჩრდილოეთის სრულიად ყრუ და შეტეხილ ფასადს დასავლეთით ცვლის ერთიანი და ღიობებით დასერილი ფასადი. ამას სამხრეთის უფრო ცოცხალი და მრავასახოვანი კედელი ენაცვლება (ორ სიბრტყეში მოცემული, ასიმეტრიულად განლაგებული ღიობებით) და ბოლოს მკაცრი და გააზრებული, მოწესრიგებული აღმოსავლეთისა. მსგავსებისდა მიუხედავად, თითოეული ფასადი დამოუკიდებელი და თავისდებური ხასიათის მატარებელია. აღსანიშნავია, რომ ფასადების გადაწყვეტაში აშკარად იგრძნობა მისწრაფება სიმეტრიის დარღვევისაკენ, რაც სიცოცხლეს მატებს მის საკმაოდ მკაცრ გარე მასებს.

მსგავსი მიდგომა ინტერიერის გადაწყვეტაშიც იგრძნობა. ერთი მხრივ მძიმე, განრთხმული სივრცე, დამჯდარი პროპორციების მქონე განიერი პილასტრები და სვეტი, მასიური კაპიტელები - უფრო მკაცრი ხასიათის მატარებელია, ხოლო კომპოზიციის ასიმეტრიულობა რაც განხორციელებულია ორი არატოლფასოვანი ნავის გვერდიგვერდ არსებობით, გაბნეული და უსისტემო განათებით უფრო მოუსვენარსა და მრავალფეროვანს ხდის მას.

ეკლესიის ინტერიერში მნახველი დღეს მხოლოდ დასავლეთის შესასვლელიდან ხვდება. (სამხრეთისა, როგორც ვიცით, გაუქმებულია) შესვლისთანავე, მის ყურადღებას იქცევს ერთი მხრივ საკმაოდ განიერი და გაშლილი ფორმის საკურთხეველი და მეორე მხრივ ნავთა გასაყარზე მოცემული სვეტი, რომელიც ერთადერთი გაფორმების ელემენტია მთელს ეკლესიაში. მნახველის ყურადღება უმალვე გადადის ჩრდილოეთის ნავთა გამყოფ კედელზე. ამრიგად, უმთავრესი მაინც ნავთა გამყოფი თაღებია და მაყურებლის მზერა უკვე მათ შემდეგ გადადის აფსიდზე, რომლის გაშლილი ფორმა დამასრულებელ მოცულობად შეიძლება აღვიქვათ. თვალის ასეთი მიმართულებით მოძრაობა უფრო მკვეთრად შეიგრძნობა აწ ამოქოლილი სამხრეთ შესასვლელიდან, აქედან ნავთა გამყოფი სვეტი უშუალოდ მზერის არეში ექცევა. თაღების მიღმა არსებული ჩრდილოეთ ნავის ყრუ ჩრდილოეთი კედელი და მცირე სარკმლები ამ ნავის დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში ლოკალურ განათებას ქმნიან, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ამ მონაკვეთების უბეებად აღქმას. ამასვე ემსახურება დაბალი, გაშლილი ფორმის ნავთა გამყოფი თაღები. ამგვარად, მხატვრული თვალსაზრისით ჩრდილოეთის ნავი არ წარმოადგენს ერთიან დამოუკიდებელ მოცულობას. მისი ერთიანად აღქმა შესაძლებელია მხოლოდ მასში მოხვედრის შემდეგ და იქაც იგი იკითხება როგორც მთავარი ეკლესიის დამხმარე, დამატებითი ნაწილი.

ქილდის ეკლესია მრავალი ნიშნით უახლოვდება ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი პერიოდის ნიმუშებს. ეს ნიშნებია კონტრასტი მეტად განათებულ მთავარ და ნაკლებად განათებულ გვერდით ნავს შორის, ხაზგასმულად ასიმეტრიული კომპოზიცია, სხვადასხვა დონეზე განლაგებული ღიობები, რასაც უფრო გაბნეული შუქი შეაქვს ინტერიერში და ცხოველხატულობას მატებს მას. კომპოზიციის შედარებით იშვიათი, უჩვეულო გადაწყვეტა მოკლე ჩრდილოეთის ნავით, კონტრასტი მკაცრს ფასადებსა და შედარებით უფრო ცოცხალ ინტერიერს შორის და სხვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ადრეული ცხოველხატული სტილის ნიშნებია. თუმცა ეს ცხოველხატულობა არ არის მიყვანილი იმ მხატვრულ დონემდე, რომელიც ჩვენ გარდამავალი ეპოქის მთელ რიგ საინტერესო ძეგლებში გვხვდება.. (გურჯაანის ყველაწმინდა, ქსნის ხეობის ძეგლები, ვაჩნაძიანი და სხვა.). აქ ეს ტემინი უფრო პირობითად გამოიყენება, როგორც განათების ცვალებადობის და ასიმეტრიის მანიშნებელი. საგულისხმოა - და გარდამავალი ეპოქისათვის სახასიათოც - ის ფაქტი, რომ ეკლესიაში გამოყენებულ ცალკეულ დეტალებსა და მთლიანად კომპოზიციასაც პირდაპირი ანალოგი არ მოეძებნება, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს დავადგინოთ ეკლესიის აშენების თარიღი.

დათარიღების თვალსაზრისით საინტერესოა საშენი მასალის გამოყენების ხერხი, როგორც ითქვა, გარედან ეკლესია სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის ქვებითაა ნაგები. შიგნიდან კონსტრუქციული ელემენტები (თაღი, კაპიტელი, სვეტი) ფოროვანი ქვით არის ამოყვანილი, დანარჩენი ნაწილები კი უფრო მკვრივი, ადგილობრივი ქვით. მასალის ასეთი შერევა ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი პერიოდისათვის არის დამახასიათებელი. იგივე პერიოდზე მიგვითითებს ფასადებზე წყობის არასიმეტრიულობა და თავისუფალი მიდგომა მასალის მიმართ. ასევე დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია განსხვავება ექსტერიერსა და ინტერიერს შორის. ინტერიერში წყობა უფრო გააზრებული და მოწესრიგებულია განსხვავებით ფასადებიდან, სადაც წყობაში უხეშად დამუშავებული, სხვადასხვა ზომის ქვებია ნახმარი. ქვები მოკლებულია გეომეტრიულ მკვეთრ ფორმას, რის გამოც დარღვეულია რიგების ჰორიზონტალობა. გვხვდება დამატებებიც წყობის შესავსებად. ნაკერები ქვებს შორის არათანაბარია. თვით ქვის დამუშავების ხარისხიც მდარეა. ქვები არაზუსტი მოხაზულობისაა, რაც ზედაპირს უფრო ტალღისებურს ხდის. აღსანიშნავია რომ საშენი მასალის ამგვარი გამოყენება და დეკორის სრული უგულვებელყოფა ასევე მეტყველებს მის გარდამავალ ხანაში აგებაზე, იმ პერიოდზე, როცა ქართველი ხალხი მატერიალურად საკმაოდ შეზღუდულ პირობებში არსებობდა და ალბათ არ შეეძლო ზედმეტად დახარჯულიყო ასეთი მეორეხარისხოვანი ნაგებობის აშენებაზე, როგორსაც ქილდა წარმოადგენს. თუმცა ეკლესია, როგორც აღვნიშნეთ, არ არის მაღალხატვრული ღირებულების მქონე ძეგლი, იგი მაინც საყურადღებოა როგორც უჩვეულო კომპოზიციური გადაწყვეტით, ასევე იმითაც, რომ არის ნიმუში შედარებით იშვიათი ტიპის - ორნავიანი ეკლესიისა, რომლის განვითარების გზაზე ქილდასაც გარკვეული ადგილი უკავია.


ძეგლის კომპოზიციის გარჩევისას მთავარ ყურადღებას იპყრობს ქილდის აღმოსავლეთი ფასადის სახე - ნავთა სხვადასხვა სიღრმეზე განლაგება. ასეთი გადაწყვეტა ქართულ ხუროთმოძღვრებაში იშვიათად გვხვდება. ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშს ჩვენთვის ვაქირის სამეკლესიანი ბაზილიკა წარმოადგენს (VI-VII სს.) ქილდისაგან განსხვავებით ვაქირის ეკლესიის გვერდით ნავებში პასტოფორიუმებია გამოყოფილი. გ.ჩუბინაშვილი მოკლედ მოიხსენიებს რა ვაქირის ეკლესიას, დასძენს, რომ ასეთი მიდგომა (აღმოსავლეთ ფასადის შეტეხილობა) ახლებურია ეკლესიათა მხატვრულ გაფორმებაში7. მსგავსი გადაწყვეტა ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების გზაზე სპორადულად გვხვდება, მეტწილად სწორედ სამხრეთ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში, ისეთ არქიტექტურული ტიპის ნაგებობებში როგორიც დარბაზული ეკლესიაა არ შექმნილა მკაცრი უნიფიცირებული ფორმა. აქ ხშირია შემთხვევები, როდესაც ეკლესიის მთავარ მოცულობას სხვადასხვა მხრიდან განსხვავებული სიგრძის მინაშენები ებჯინება. ტამალა, X ს, ხვილინა IX ს., ყიზილ - დერესი VIII-IX სს. და სხვ.) გარედან ასეთი გადაწყვეტა ფასადებს ტეხილ აბრისს უქმნის. ზოგიერთი ნიმუში შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს მოცულობათა ერთიერთკავშირით, ფუნქციით, მაგრამ მისი აღმოსავლეთი ფასადი მსგავსია ქილდისა (უკიამი, ტახტაკრანი, კარგლუხი)8. ასეთივე გადაწყვეტას ჩვენ ერკეთის9 და ლექსორის ეკლესიებშიც ვხვდებით. ამგვარად, როგორც დავინახეთ აღმოსავლეთ ფასადის ასეთი სახე ტიპიური ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი პერიოდისათვის. არ არის უცხო ამ დროისათვის არც შეფარდება ნავთა შორის. ანალოგები მოიძებნება VIII-IX სს. ისეთ ძეგლებში, როგორიცაა ალვანის ნათლისმცემელი10, თიანეთის სიონი11, ჟალეთი12.

ზემოაღნიშნულ მინიშნებებს მხარს უჭერს ქილდის კომპოზიციის განხილვაც ორნავიან ეკლესიათა ევოლუციის გათვალისწინებით. როგორც აღწერა, დაგვანახა, ეკლესიის ორი ნავიდან ჩრდილოეთისა სრულიად უსიცოცხლოა და მთავარი ნავის დანამატს წარმოადგეს. ორნავიანი ეკლესიების გენეზისი ცხადყოფს, რომ მსგავსი გადაწყვეტა ე.ი. გვერდით ნავის მხატვრულ - სივრცობრივი დამოუკიდებლობის სრული დაშლა, ჩვენ X ს-ის ამ ტიპის ძეგლებში გვხვდება. ორნავიან ეკლესიათა ადრეულ ნიმუშებში (VI-VII სს) გვერდითი ნავი (მეტწილად ჩრდილოეთისა) ერთიანად თავის თავში დასრულებულად და დამოუკიდებლად აღიქმება (შალაური, ბაიხო, ბაღიანთკარი), გარდამავალი ხანის საწყის ეტაპზე (VIII-IX სს) ამ ნაწილს შესასვლელის ფუნქცია აკისრია (ბძიანი, ღართა) და ბოლოს X ს-ის ნიმუშებში ეს ნავი ქილდის მსგავსად კარგავს დამოუკიდებლობას. ასეთებია: ვანის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (X ს.); სადაც გვერდით ნავის საბნელისა და სივიწროვის გამო იგი აღიქმება როგორც ბნელი, ყოველგვარ ფუნქციას მოკლებული დერეფანი და ზედა ვარძია (X ს-ის ბოლო XI ს-ის დასაწყისი) ეკლესიაში, სადაც ცენტრალურსა და გვერდით ნავს შორის კონტრასტი იმდენად საგრძნობია, რომ ამ უკანასკნელის არსებობა სრულიად შეუმჩნეველია 13. ამრიგად ზემოთ ჩამოთვლილის მიხედვით ცხადი ხდება, რომ ქილდა XI ს-ის დასაწყისის ძეგლია, რომელიც შეიცავს ამ პერიოდისათვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს და მსგავსად მთელი რიგი ამ დროის მეორე ხარისხოვანი ძეგლებისა ბევრს არაფერს მატებს ახალს ამ არქიტექტურული ტიპის განვითარებას არც კომპოზიციურ - სივრცობრივი გადაწყვეტით და არც კონსტრუქციულ - დეკორატიული თვალსაზრისით.

ქილდის ეკლესია ჩვეულებრივი პროვინციული, უპრეტენზიო სალოცავია მისი ფორმათა და სივრცობრივ - კომპოზიციური გადაწყვეტის განხილვის შედეგად ჩვენ დავრწმუნდით, რომ აქ სრულიად არ ჩანს ავტორისეული განსაკუთრებული მხატვრულ - შემოქმედებითი მიდგომა, მას მხოლოდ ფუნქციონალური დანიშნულება ეკისრება და პასუხობდა იმ მცირე რაოდენობის, ადგილობრივი მრევლის მოთხოვნებს რომელის მის სიახლოვეს იყო დასახლებული.

-------------------------------------------------------------------

1. ახალი სოფელი, რომელიც მხოლოდ 30-40-იან წლებში აიყარა ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო განლაგებული, სადღეისოდ აღგვილია მიწისაგან პირისა.

2. დ.ბერძენიშვილი, ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული V, თბ., 1975 წ. გვ.101

3. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, III, თბ., 1958.

4. ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, I, თბ., 1964, გვ.127.

5. დ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, რუკები.

6. ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.53.

7. Г.Н.Чубинашвили, Архитектура Кахетии, თბ., 1959, გვ. 187.

8. В.В.Беридзе, Архитектура Тао-Кларджети,  თბ., 1981, გვ.42-43.

9. ერკეთის ეკლესიის ნახაზები ინახება სარესტავრაციო - საწარმოო სამმართველოს არქივში.

10. Г.Н.Чубинашвили, დასახ. ნაშრომი, გვ.95.

11. თიანეთის სიონის გეგმა ინახება სარესტავრაციო - საწარმოო სამმართველოს არქივში. ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1983, იხ.გეგმები, გვ.11-12.

12. Г.Н.Чубинашвили, დასახ. ნაშრ., გვ.95

13. И.Г.Элизбарашвили, К вопросу об эволюции двухнефных церквей Грузии.