<უკან დაბრუნება
ლადო მირიანაშვილი
ქართველთა საქტიტორო მოღვაწეობა კაპადოკიაში1
მეცნიერების ფონდი "უდაბნო"
სტატიის წყარო
იჰლარის, იგივე პერისტრემის ხეობა თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიული კაპადოკიის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ღრმა კანიონში მდინარე მელენდიზი მიედინება. 14 კილომეტრის სიგრძის ხეობა, რომელიც ქალაქ იჰლარასთან იწყება და სელიმესთან მთავრდება, ქალაქ აქსარაიდან ორმოცი კილომეტრის მოშორებით მდე-ბარეობს. ხეობაში მოსახვედრად აქსარაი-ნევშე-ჰირის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე მარჯვნივ (სამხრეთისკენ) უნდა გადაუხვიოთ. ხეობის გაყოლებაზე, ციცაბო ფერდობებში არაერთი ქვაბია ნაკვეთი. მათი ნაწილი უძველესი საც-ხოვრისებია, ნაწილი კი - ეკლესიები. ყველაზე მეტი ეკლესია იჰლარასა და ბელისირამას შორის არის თავმოყრილი. ამ უკანასკნელისაგან დაახ-ლოებით ერთი კილომეტრის მოშორებით, მისგან სამხრეთით, მდებარეობს წმ.გიორგის კლდეში ნაკვეთი ეკლესია, თურქულად "ქირქ დამალთი ქილისესი"2 (ნახ.1).
ნახ.1 იჰლარის ხეობის სქემატური რუკა (ნ. და მ.ტიერების მიხედვით)
ეს ეკლესია მდინარის მარცხენა ნაპირის ფლატეში, წყლის ზედაპირიდან საკმაოდ მაღლაა ნაკვეთი. მისი ამოცნობა თეთრ ცხენზე ამხედრებული წმ.გიორგის ფრესკის მეშვეობით შეიძლება, რომელიც ეკლესიის საფასადო ნიშშია გამოსახული (სურ.1). ფრესკაზე წმ.გიორგი ლახვრავს გველს, რომლის წვრილი და საკმაოდ გრძელი სხეული ორივე მხრიდან თავით ბოლოვდება. წმინდანის აფრიალებულ მუქ ყავისფერ მოსასხამს სოკოსებრი ფორმა აქვს. ანალოგიურადაა გადმოცემული მოსასხამის კონტური წმ.გიორგის გამოსახულებიან ადრეულ ქართულ ფრესკებსა და ხატებზე. წმინდანის ფიგურის ნაწილი, წელიდან შარავანდედის ზედა რკალამდე, ჩამოცვენილ შელესილობასთან ერთად განადგურებულა. თავად ეკლესიაც დაზიანებულია: მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე ერთიანად ჩამოქცეულია. საკურთხევლისაგან მხოლოდ მცირე მონაკვეთი გადარჩენილა. იატაკზე შერჩენილი მორკალული კედლის კვალი მიუთითებს, რომ საკურთხეველი ნაწილობრივ ამოშენებული ყოფილა. თუ დავუშვებთ, რომ ეს შეკეთების კვალია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კლდე ნაწილ-ნაწილ, ხანგრძლივი შუალედით ჩამოიქცა. ეკლესიაში შესასვლელი კარი საკურთხევლის ჩრდილოეთით იქნებოდა გაჭრილი. წმ.გიორგის ეკლესიის გეგმა არასწორი ექვსკუთხედია (ნახ.2).
ნახ.2. წმ.გიორგის ეკლესიის გეგმა (ნ. და მ.ტიერების მიხედვით, გასრულებული)
ჩრდილოეთი კედელი სამხრეთ-დასავლეთისკენაა დაცერებული, აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლები კი - ტეხილია. ნაოსს სამხრეთ-დასავლეთით სამი მეტრის სიგრძის ვიწრო და სწორკუთხა საძვალე აგრძელებს: მის იატაკში, გარდიგარდმო, ოთხი საფლავია ნაკვეთი. ნაოსის კედლებში არკოსოლიუმებია გამოკვეთილი. განსახილველი ეკლესიის მკვლევრების - ნიკოლ და მიშელ ტიერების ვარაუდით, საფლავები ნაოსის იატაკშიც უნდა იყოს გაჭრილი3, მაგრამ დახვავებული ქვები მათი ლოკალიზაციისა და რაოდენობის დადგენის საშუალებას არ იძლევა. ტიერების პუბლიკაციის თანახმად, ეკლესიის სამხრეთი კედლის სიგრძე, დაახლოებით, 1მ 70 სმ-ია, დასავლეთისა - 6 მ, ჩრდილოეთ კედლისა კი - 5 მ 50 სმ4. ქვაბის აღმოსავლეთი კედლის სიგრძე 4 მ + 2 მ = 6 მ-ს შეადგენს. ეკლესიის ჭერის დასავლეთი მონაკვეთი პრაქტიკულად ბრტყელია, აღმოსავლეთისა კი - საკურთხევლის მიმართულებით ირკალება. ეკლესიის ინტერიერში შემდეგი სცენებია გამოსახული: შობა, ფერისცვალება, ჯვარცმა, ამაღლება, ღმრთისმშობლის მიძინება და ვედრება (ეს უკანასკნელი ამჟამად ჩამოქცეულ საკურთხეველში ყოფილა გამოსახული). ამას გარდა, ეკლესიაში არის წმ.გიორგის ხუთი გამოსახულება (მათ შორის ოთხი ინტერიერში, რომელთგან ორს წარწერა ახლავს, და ერთიც - ეკლესიის ფასადზე). ტიერები ეკლესიასა და მის მოხატულობას, ფრესკულ წარწერაზე დაყრდნობით, 1283-1295 წლებით ათარიღებენ (1284, 1292 და 1293 წლების გამოკლებით)5.
ჩვენი კვლევის მიზანს ეკლესიის ინტერიერის დასავლეთ კედელზე მოთავსებულ ფრესკაზე, წმ.გიორგის აქეთ-იქით გამოსახული ორი ქტიტორის (ნახ.3, სურ.3) იდენტიფიცირება წარმოადგენს. იჰლარის ხეობის ქვაბოვან ეკლესიათა შორის თურქი მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას წმ.გიორგის ეკლესიის მიმართ სწორედ ამ ფრესკის გამო იჩენენ. მიზეზი კი ორია: 1.ფრესკის ცენტრალური ფიგურის - წმ.გიორგის ხელმარჯვნივ გამოსახულია ვედრების პოზაში მდგომი, სელჩუკურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი, ხელმარცხნივ კი - დიდებული ქალი, რომელიც წმინდანს ეკლესიის მოდელს უძღვნის. ქრისტიანულ ეკლესიაში სელჩუკის გამოსახვის ფაქტს თურქი ისტორიკოსები ქრისტიანობისადმი სელჩუკების ტოლერანტობით ხსნიან; 2.განსახილველი ფრესკის სახით იმ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა კაპადოკიის ეკლესიის მოხატულობას დამათარიღებელი წარწერა ახლავს: ფრესკის თანმხლებ ბერძნულ წარწერაში ბიზანტიისა და რუმის უზენაესი ხელისუფალნი – ანდრონიკე და მასუდ დიდი6 არიან მოხსენიებულნი, რომელთა ზეობის წლები ფრესკის დათარიღების შესაძლებლობას იძლევა. ტიერები წმ.გიორგის ეკლესიის ფრესკულ წარწერებს კაპადოკიაში XIII საუკუნის დასაწყისიდან შექმნილ ეპიგრაფიკულ ძეგლთა რიგს მიაკუთვნებენ, რაც ამ რეგიონში სელჩუკთა ხანგრძლივი ბატონობის დროს ჩამკვდარი საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლებაზე მიუთითებს7. მათი დაკვირვებით, ანალოგიური ფრესკული წარწერები დაცულია გიულშეჰირის ქარში ქილისესა (1212 წ.) და სიუვეშის ორმოცი წამებულის ეკლესიაში (1216 წ.). ამ ორ წარწერაში მხოლოდ ნიკეის იმპერატორი თეოდორე I-ია ნახსენები, რუმის სულთნის პიროვნება კი საერთოდ უგულებელყოფილია. წმ.გიორგის ეკლესიის წარწერის პარალელად მეცნიერებს მოჰყავთ, აგრეთვე, კონიის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის წარწერა, რომელიც განახლებითი სამუშაოების ჩატარებისას შეუსრულებიათ. ამ წარწერაში ნახსენები არიან იგივე უზენაესი ხელისუფალნი, რომლებსაც წმ.გიორგის ეკლესიის წარწერაში ვხვდებით, ოღონდ მათი მოხსენიების თანამიმდევრობა განსხვავებულია: ანდრონიკეს სახელი წინ უსწრებს მასუდ დიდისას8. სულთნის მნიშვნელობის დაკნინებას, რაც წარწერებში აისახა, მკვლევრები XIII საუკუნეში რუმის სასულთნოს დასუსტებით ხსნიან. ჩვენი აზრით, ეს პროცესი XIII საუკუნის შუახანებიდან უფრო შესამჩნევია, ვიდრე მანამდე. კერძოდ, 1243 წლიდან რუმის სასულთნო მონღოლთა ვასალი გახ-და და დაკისრებული ხარკის სიმძიმის მიზეზით დაკნინება დაიწყო. ამას დაერთო 1246 წელს, ყიას ად-დინ ქეიჰუსრევ II-ის (ზეობდა 1236-1245 წლებში) გარდაცვალების შემდეგ, მონღოლთა მიერ ერთიანი რუმის ადგილზე, ფაქტიურად, სამი დამოუკიდებელი სასულთნოს ჩამოყალიბება, რომელთაც ოფიციალურად ქეიჰუსრევ II-ის ვაჟები, რეალურად კი - მათი პირველი ვეზირები მართავდნენ. ტრიუმვირატის მმართველობა 1257 წლამდე გაგრძელდა. 1277 წლიდან რუმის სასულთნოს ფაქტიური მმართველობა უშუალოდ მონღოლ ხელისუფალთა ხელში გადავიდა. ამგვარი პოლიტიკური ვითარების პირობებში, რუმის სასულთნოს ხელისუფალნი ქრისტიანთა წინააღმდეგ არსებულ შეზღუდვებს, როგორც ჩანს, ვეღარ ახორციელებდნენ, რამაც ქრისტიანული თემის გააქტიურება გამოიწვია. ქვეყნის საშინაო მდგომარეობის ასეთმა ფონმა ქტიტორებს წმ.გიორგის ეკლესიის მოხატვის შესაძლებლობა მისცა (ჩვენი ვარაუდით, რომელიც საქტიტორო წარწერას ეფუძნება, ამ ეკლესიის მოხატულობა XIII საუკუნის ბოლო მეოთხედში – XIV საუკუნის პირველ ათწლეულშია შესრულებული). როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმ.გიორგის ეკლესიის დასავლეთ კედელზე სამფიგურიანი კომპოზიცია იხილვება, რომლის ღერძსაც წმ.გიორგის გამოსახულება წარმოადგენს. წმინდანი ფრონტალურად, მთელი ტანით, საომარ, მუხლებამდე დაშვებულ სამოსშია გამოსახული. მარჯვენა ხელში მას ვერტიკალურად აღმართული შუბი უჭირავს, მარცხენათი კი პროფილში გამოსახულ, სელჩუკური ორნამენტით შემკულ ფარს ეყრდნობა. ხელმარჯვნივ ბიზანტიურ სამოსში გამოწყობილი ქალბატონი დგას, რომელსაც ორივე ხელით ეკლესიის მოდელი უპყრია და წმინდანს უძღვნის9. (ნახ.3, სურ.3).
ლ.გაბელიას ფოტო
მანდილოსანი თეთრი კაბითაა შემოსილი. ზემოდან წვივებამდე დაშვებული მწვანე მოსასხამი აქვს წამოსხმული. წინა მხარეს მოსასხამის კალთები ოდნავ მომრგვალებულია, საყელო - განიერი, მხრებზე გადასული. მოსასხამის დაბლა კაბის მდიდრულად ამოქარგული ქვედა კიდე მოჩანს. მოქარგულია კაბის სახელოც. თმა სახის აქეთ-იქით მხრების დონემდე ეშვება. თავზე ოვალური ფორმის თავსაბურავი ახურავს, ხოლო ყურებზე განიერი, მარგალიტებით შემკული საყურეები უკეთია. ქტიტორი ქალის სამოსელი და თმის ვარცხნილობა ბიზანტიური ტიპისაა და განვითარებულ შუა საუკუნეებში იყო გავრცელებული. განსახილველ სამფიგურიან კომპოზიციაში ხელმარცხნივ შავ წვერ-ულვაშიანი მამაკაცი დგას, რომელსაც თავზე საშუალო ზომის ჩალმა ახურავს. მას ტანთ სელჩუკური თეთრი ხიფთანი - "იალმა" აცვია. მკერდზე "იალმას" მარცხენა კიდე მარჯვენა კიდის ზემოდან აქვს გადატარებული. ხიფთანის კალთას ირგვლივ გეომეტრიულ ორნამენტიანი არშია აქვს შემოყოლებული. მამაკაცს წელზე ქამარი არტყია. ხელები ვედრებად აღუმართავს. ორთავ, მამაკაცისა და ქალის ფიგურები წმინდანისკენ ოდნავ, 3/4-ითაა მიბრუნებული, თუმცა სახეები ანფასში იხილვება. კაპადოკიაში, ბელისირამას მახლობლად მდებარე წმ.გიორგის ეკლესიაში დაცული ფრესკული წარწერების სამეცნიერო ღირებულების გათვალისწინებით, სრულად ვაქვეყნებთ ბერძნულ წარწერებსა და მათ ქართულ თარგმანს10. ტექსტების ჩვენეული პუბლიკაცია ტიერების მიერ ადგილზე მოპოვებულ მასალაზეა დამყარებული. პირველი წარწერა მამაკაცის თავს ზემოთ იწყება და მანდილოსნის თავს ზემოთ გრძელდება, წმ.გიორგის გამოსახულების ფარგლებში კი უწარწერო შუალედია დატოვებული:
მშვენივრად კეთილ-იქმნა ყოვლად თაყვან-
საცემი ტაძარი წმიდისა და დიდებულისა
დიდმოწამისა გიორგისი, მრავალსაწადელი
თანამოღვაწეობით და დამაშვრალობით აქ |გა-
მოწერილის დედოფალ11 თამარისა და უფალ
ამირარზეს ბასილი გიაგუ [პესისა]12.
ამ წარწერას, თამარის მხარეს, მეორე წარწერა მოსდევს, რომელიც მიმართვის ფორმას ატარებს:
ძლევაშემოსილო მარტვილო გიორგი კაბადოკიელო.
თამარის თავის მარჯვენა მხარეს მესამე წარწერაა:
ერთი მხრივ, ყოვლად უმაღლესისა დიდგვა-
როვანისა, დიდისა სულთან მასუთის ზეობისა
და მეორე მხრივ, რომაელებზე უფალ ანდრო-
ნიკეს მეფობის ჟამს14.
კიდევ ერთი, რიგით მეოთხე წარწერა ეკლესიის ჭერზეა შესრულებული:
ხოლო ამ ყოვლად დიდებულ ტაძარს წმიდისა
გიორგისას, რომელიც მოპოვებული მაქვს მე
- უბადრუკ, კნინ დედოფალ თამარს, დამატე-
ბით ვუბოძებ ფერდობის ვენახსაც, რომელსაც
ვფლობ ნასყიდობით სიარაფატენისაგან.
ნახ.3. წმ.გიორგის ეკლესიის მოხატულობა, ქტიტორთა გამოსახულება, სქემა (ნ. და მ.ტიერების მიხედვით)
სურ.3. წმ.გიორგის ეკლესიის მოხატულობა, ქტიტორთა გამოსახულება
ამ უკანასკნელის მარჯვნივ კიდევ ერთი, ძალზე ფრაგმენტულად შემორჩენილი წარწერაა, რომელიც წმინდა გიორგისადმი ვედრებას უნდა წარმოადგენდეს. წარწერაში ორი უზენაესი ხელისუფლის სახელების დამოწმება წარწერისა და, შესაბამისად, ფრესკის დათარიღების საშუალებას იძლევა. ტიერები ანდრონიკე II-ის ზეობას 1282-1295 და 1320-1325 წლებით განსაზღვრავენ, მასუდ II-ისას კი - 1283-1305 წლებით, რამდენიმეთვიანი წყვეტილობით 1284 წელს და 1292-1293 წლების გამოტოვებით. ორი ხელისუფლის თანაზეობის წლები 1283-1295 წლების ფარგლებში ექცევა, ამიტომ ფრესკები და წარწერები, ავტორთა აზრით, დროის ამ მონაკვეთში უნდა იყოს შესრულებული (1284 წლის რამდენიმე თვისა და 1292-1293 წლების გამოკლებით). მასუდ II-ის ზეობის განსხვავებულ თარიღებს იძლევა ენციკლოპედია "ბრიტანიკა": 1285-1298 და 1303-1308 წლები. იგივე ენციკლოპედიის მიხედვით, ანდრონიკე II 1282-1328 წლებში ზეობდა. ასეთ შემთხვევაში, წმ.გიორგის ეკლესიის ფრესკული მოხატულობა და წარწერები 1285-1291, 1294-1298, ან 1303-1308 წლებში უნდა იყოს შესრულებული. კაპადოკიის წმ.გიორგის ეკლესიისადმი ჩვე-ნი ინტერესი ზემოთ აღწერილ ფრესკაზე შესრულებულ საქტიტორო წარწერაში დედოფალ თამარის სახელის ხსენებამ გამოიწვია. ეს უძველესი ბიბლიური სახელი ყველაზე ფართოდ საქართველოში იყო გავრცელებული, რასაც ხელი შეუწყო სახელოვანი მეფე თამარის პოპულარობამ. ჩვენს მიერ 2002 წელს ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში წაკითხულ მოხსენებასა და იმავე წელს გამოქვეყნებულ მის მოკლე შინაარსში გამოვთქვით მოსაზრება ფრესკაზე გამოსახული თამარისა და მეფე რუსუდანის ასულის იგივეობის შესახებ15. ჩვენი მოხსენების მოკლე შინაარსის დაბეჭდვამდე, წმ.გიორგის ეკლესიის ფრესკასთან დაკავშირებული პუბლიკაციები მხოლოდ უცხოეთში იყო გამოქვეყნებული. თურქი მკვლევრები ფრესკაზე გამოსახულ და წარწერაში მოხსენიებულ თამარს ქართველ დედოფლად მიიჩნევენ16. განსხვავებული მოსაზრება მხოლოდ ნიკოლ და მიშელ ტიერებს აქვთ გამოთქმული: მათი აზრით, ფრესკაზე, ადგილობრივი (ანუ კაპადოკიელი) არაქართველი დიდებულია გამოსახული17. ზ.ბატიაშვილმა, 2003 წელს დაბეჭდილ საგაზეთო სტატიაში, კაპადოკიის ფრესკაზე გამოსახული თამარი დავით ულუს ასულად - დიმიტრი II-ის დად მიიჩნია18. მოგვიანებით, მან იგივე მოსაზრება თავის წიგნშიც გაიმეორა19. საკვლევ ფრესკულ გამოსახულებას 2006 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ინგლისელი მკვლევარი ე.ისტმონდიც შეეხო. იგი ფრესკაზე გამოსახულ თამარს მეფე რუსუდანის ქალიშვილად, გურჯი ხათუნად მიიჩნევს20, თუმცა ამ მოსაზრების გასამყარებლად არც რაიმე დასაბუთება მოჰყავს და არც არავის იმოწმებს. კაპადოკიის წმ.გიორგის ქვაბოვანი ეკლესიის ფრესკული მოხატულობის შესრულების ქრონოლოგიურ შუალედში, რაც ფრესკული წარწერით დგინდება, ორი ქართველი დედოფალი თამარი მოღვაწეობდა: მეფე რუსუდანის (1223-1245 წწ.) ქალიშვილი და აღმოსავლეთ საქართველოს მეფის, დიმიტრი II-ის (1270-1289 წწ.) და. ჩვენი ვარაუდით, წმ.გიორგის ეკლესიაში შესრულებულ ფრესკაზე გამოსახული ქტიტორი მეფე რუსუდანის ქალიშვილი თამარი, იგივე გურჯი ხათუნია, რის დასაბუთებასაც ქვემოთ შევეცდებით. 1231-1232 წლებში მონღოლთა ჯარმა, ჩორ-მაღან-ნოინის მეთაურობით, რუმის სასულთნოზე გაილაშქრა. სასულთნო 1077 წელს დაარსდა და მას შემდეგ მიზანსწრაფულ ექსპანსიას ეწეოდა, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგაც. იბნ-ბიბის ცნობით, მონღოლები ანატოლიელი სელ-ჩუკების წინააღმდეგ მეფე რუსუდანმა წააქეზა21. სავარაუდოა, რომ რუსუდანს საქართველოს ორი სამხედრო-პოლიტიკური მოწინააღმდეგის - მონღოლებისა და სელჩუკების ერთმანეთისადმი წაკიდებით მათი დასუსტება ჰქონდა ჩაფიქრებული. სულთანმა ქეიყობად I-მა (1220-1237 წწ.) მონღოლების შემოსევა მოიგერია და შეიტყო რა რუსუდანის მზაკვრობა, თავისი ჯარით სამხრეთ საქართველოსაკენ დაიძრა. ეს დაახლოებით 1232 წელს მოხდა. სელჩუკებს ერთ კვირაში ოცდაათამდე ქართული ციხე-სიმაგრე აუღიათ. მეფე რუსუდანი იძულებული გამხდარა ზავი ეთხოვა, რომლის ერთ-ერთი პირობის თანახმად, მისი ასული თამარი ქეიყობადის ვაჟისთვის - ყიას ად-დინ ქეიჰუსრევისათვის უნდა მიეთხოვებინა. რუსუდანის მცდელობას შედეგი გამოუღია და სელჩუკთა ლაშქარი საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნებულა. ასეთ ცნობას გვაწვდის იბნ-ბიბი22. თუმცა, ჩვენ ხელთ გვაქვს ამონარიდი ელ ჰუსეინ მუჰამედ ალი ელ-ქა’ფერი ერ-რუგადი იბნ-ბიბის წიგნიდან "ცნობილი სელჩუკი", რომლის თანახმად, იმ მიზნით, რომ მომავალი საქმროს არჩევანი გაეკეთებინა, თამარისთვის სელჩუკთა სამეფო კარის ცამეტი ყველაზე წარჩინებული მამაკაცის პორტრეტი უჩვენებიათ, რომელთაგან თერთმეტი კანდიდატი რუმის სელჩუკთა სულთნის ოჯახის წევრი ყოფილა23.
სურ.1. წმ.გიორგის ეკლესია. საფასადო ნიშის მოხატულობა, წმ.გიორგი
ამ ცნობის გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ თავდაპირველი მოლაპარაკება არ ითვალისწინებდა თამარის გათხოვებას, მაინცდამაინც, სელჩუკთა ტახტის მემკვიდრეზე. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, სელჩუკი მმართველები ქრისტიანებთან სისხლის აღრევას არ ერიდებოდნენ. ქრისტიანი ცოლი ჰყავდა თავად ქეიყობად I-საც. მისი მეუღლე - მახ-პერი ხათუნი, ალანიის მმართველის ქალი, ქრისტიანი იყო, თუმცა მოგვიანებით, მუსლიმურ გარემოცვაში მყოფმა, თურქული წყაროების თანახმად, თავად თქვა უარი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე და ისლამი აღიარა. ქართული ქრისტიანული ტრადიციით, თამარისა და ყიას ად-დინ ქეიჰუსრევის ქორწინება დიდ დათმობად მოიაზრებოდა, რადგან ისინი ალალი ბიძაშვილები იყვნენ24, მაგრამ მეფე რუსუდანს სხვა გამოსავალი არ დარჩენოდა. ჟამთააღმწერელი (XIV ს.), თურქულ მატიანეებში დაცული ცნობებისაგან განსხვავებით, თამარის ქეიჰუსრევზე გათხოვებას სელჩუკების ულტიმატუმს არ უკავშირებს: "ხოლო ვითარ აღიზარდა ასული მათი თამარ, ესმა სულთანსა, ძესა ნუქარდინისსა, ყიასდინს, ქმნულ-კეთილობა მეფის ასულისა, ევედრა მრავალთა ნიჭთა და ძღუენთა მიერ, რათა მისცეს ცოლად ასული მისი თამარ, და აღუთქუა ფიცით არა დატევება სჯულსა ქრისტიანეთასა. რომელი ისმინა მეფემან რუსუდან, და მისცა ასული მისი სულთანსა ყიასდინს, რომელი-ესე უჯერო იყო ქრისტიანეთა მიერ. ხოლო დიდთა დიდებითა მისცა აწყუერი ზითვად"25. ჟამთააღმწერელის ზემოთ მოყვანილი ცნობის თანახმად, ქეიჰუსრევი უკვე სულთანი იყო, როცა თამარი ითხოვა. თურქული წყაროების თანახმადაც, თამარი ქეიჰუსრევს მხოლოდ მას შემდეგ მიათხოვეს, რაც ის მამის გარდაცვალების შემდეგ - 1237 წელს, ტახტზე ავიდა26. თამარის ქეიჰუსრევთან შეუღლების იგივე თარიღს მიუთითებს ე.თაყაიშვილიც27. ქეიჰუსრევ II-ს (1237-1246) თამარის მიმართ განსაკუთრებულად ფაქიზი გრძნობა ჰქონია და სხვა ცოლებს შორის გამორჩეულად ჰყვარებია. ჟამთააღმწერელის ცნობით, რუმის ახალგაზრდა სულთანი თამარს გურჯი ხათუნს28 ეძახდა. თამარს თავისი სილამაზით ყველა მოუხიბლავს. სპარსულ წყაროებში ის "ქვეყნიერების დედოფალ გურჯი ხათუნად" არის მოხსენიებული. თამარისთვის პატივის მისაგებად, ყიას ად-დინ ქეიჰუსრევ II-ს მისი სახის ფულზე გამოსახვა გადაუწყვეტია. მას თავისი განზრახვა განუხორციელებია, მაგრამ, ისლამის მოთხოვნიდან გამომდინარე, მონეტაზე ნატურალისტური გამოსახულების ნაცვლად სიმბოლური ნახატი ამოუტვიფრინებია29. კონიაში მოჭრილი ვერცხლის დრაჰმის ავერსის ცენტრში ქალის სახიანი გასხივოსნებული მზის დისკო, მის ქვემოთ კი - ლომია გამოსახული (სურ.2).
სურ.2. ქეუჰუსრევ II-ის (1237-1246 წწ.) ვერცხლის დრაჰმა, ავერსი
შირ-ი-ხურშიდის ("მზე და ლომის") სახელით ცნობილი ეს ემბლემა მუსლიმურ აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებულა. მას შემდეგ რუმში არაერთი მონეტა მოიჭრა და ყველა მათგანზე ამ ემბლემამ ზოგადი ფორმა უცვლელად შეინარჩუნა. მხოლოდ დეტალები, მაგალითად მზის სხივების გაფორმება და ლომის კუდის მდებარეობა, ვარირებდა. მზისა და ლომის გამოსახულება ქეიჰუსრევ II-ის დინასტიის სიმბოლოდ იქცა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1246 წელს, ქეი-ჰუსრევ II-ის გარდაცვალების შემდეგ, მონღოლების განკარგულებით რუმი სამ დამოუკიდებელ სასულთნოდ დაიყო, რომლებსაც ქეიჰუსრე-ვის სამი მცირეწლოვანი ვაჟი მართავდა: უფროსი - იზ ედ-დინ ქეიქავუს II (1246-1257 წწ.) მდ.კიზილის დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს განაგებდა და ადგილობრივ ბიზანტიელ დიდებულთა მხარდაჭერით სარგებლობდა, რუქნ ედ-დინ ყილიჩ-არსლან IV (1248-1265 წწ.) და ალა ედ-დინ ქეიყობად II (1249-1257 წწ.) კი მდინარის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს მართავდნენ. მცირეწლოვანი ძმები სულთნებად მხოლოდ პირობითად იწოდებოდნენ, რადგან რეალურ ძალაუფლებას მათი ქვეშევრდომი გამგებლები ფლობდნენ: ჯერ შემს ედ-დინ ისფაჰა-ნი (1246-1249 წწ.) და ჯელალ-ედ-დინ კარატაი (1249-1254 წწ.), ბოლოს კი - განსაკუთრებულად დაწინაურებული ვეზირი მუინ ედ-დინ სულეიმან ფარვანა / ფერვანე30 (1261-1277 წწ.). 1246 წელს დაქვრივებული თამარი ამ უკანასკნელის მეუღლე გახდა.31 ფარვანა ქვეყნის პირველი ვეზირი იყო. მისი მოღვაწეობა მძიმე პერიოდს დაემთხვა: 1243 წლიდან, ქოსე დაღთან წაგებული ბრძოლის შემდეგ, რუმის სასულთნო მონღოლების ვასალი გახდა. მიუხედავად ამისა, ფარვანას მიერ გატარებულმა გაწონასწორებულმა საგარეო პოლიტიკამ ქვეყანას თავისუფლების გარკვეული ხარისხი შეუნარჩუნა. აი რას წერს ჟამთააღმწერელი ფარვანას შესახებ (იგი მას ფარმანად იხსენიებს): ილხანთა ყაენმა აბაღამ (1234-1282 წწ., ირანის გამგებელი - 1265-1282 წწ.), რომელიც ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა, "მიუმცნო სულთანსა საბერძნეთისასა, სახელით ფარმანს, რამეთუ უწინარეს ამის ჟამისა აღსრულებულ იყო სულთანი დიდი სალჩუქიანი ყიასდინ, და მონასა მისსა ფარმანს მიეტაცა სულთნობა, და ცოლიცა მისი, ასული რუსუდანისი, გურჯი-ხათუნ, მიეყვანა ცოლად, და მას აქუნდა პონტო, ასია და კაბადუკია, ამას მიუმცნო ყაენმან, რათა თანა შეეწიოს სპათა მისთა"32. ჟამთააღმწერელი ფარვანას სულთნად, ალბათ, იმ მიზეზით იხსენიებს, რომ მას 1261 წლიდან რეალური ძალაუფლება ეპყრა ხელთ. კაპადოკიის წმ.გიორგის ეკლესიის ქტიტორის ვინაობის დადგენის საქმეში მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჟამთააღმწერელის ცნობა იმის შესახებ, რომ ფარვანას კაპადოკია "აქუნდა": "მას აქუნდა პონტო, ასია და კაბადუკია". იმის გათვალისწინებით, რომ ფარვანას მმართველობის არეალში კაპადოკიაც შედიოდა, აქ თამარის საქტიტორო მოღვაწეობა ბუნებრივად მიგვაჩნია. დარჩა თუ არა გურჯი ხათუნი ქრისტიანობის ერთგული? ქართული წყაროების თანახმად, რუმში მოღვაწეობის გარკვეული ხნის შემდეგ, თამარს ქრისტეს სჯული იძულებით დაატოვებინეს, თურქული წყაროების მიხედვით კი - საკუთარი სურვილით დატოვა. თანამედროვე მკვლევრები თამარის მიერ სჯულის შეცვლის საბუთად იმ ფაქტსაც იშველიებენ, რომ იგი მუსლიმი მისტიკოსის, თეოლოგისა და პოეტის - მევლანა ჯელალ-ედ-დინ რუმის (1207-1273 წწ.) თაყვანისმცემელი33 და მურიდიც34 კი იყო. თუმცა, წერილობითი წყაროების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მუსლიმი თეოლოგის გარემოცვა მონოკონფესიური არ ყოფილა. მევლანამ თავისი ცხოვრების გზაზე მრავალი არამუსლიმი თაყვანისმცემელი დაიმეგობრა და დაიმოწაფა. მათ შორის ქრისტიანებიც იყვნენ, მაგალითად მხატვარი აინ ალ-დავლა ალ-რუმი, რომელიც, მევლანას მოწაფედ ყოფნის მიუხედავად, ქრისტიანად რჩებოდა35. ჯელალ-ედ-დინ რუმის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში მუსლიმებთან ერთად სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ: რუმის ცხედარს ხუთი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, მათ შორის ქრისტიანი და ებრაელი სასულიერო პირები მიაცილებდნენ. როცა ამ ამბით შეურაცხყოფილმა მუსლიმებმა ფარვანას შესჩივლეს, მან მართლმადიდებელი მღვდელი მამა სტეფანე თავისთან იხმო და შეკითხვაზე, თუ რა ესაქმებოდათ ქრისტიანებს "მართლმადიდებელ" მუსლიმთა შორის, შემდეგი პასუხი მიიღო: "როგორც მზე ანათებს თავისი სხივებით მთელ ქვეყანას, ისე მევლანამ გაანათა ჭეშმარიტების ნათელით მთელი კაცობრიობა. მზე კი ყველასია".36 ებრაელმა რაბინმა ხაიაფამ კი იგივე შეკითხვაზე შემდეგნაირად უპასუხა: "მევლანა პურივითაა. პური კი ყველას სჭირდება. აბა, სად გინახავთ დამშეული ხალხი პურს თავისი ნებით გაქცეოდეს?"37 ქრისტიანი მღვდელი და ებრაელი რაბინი მუსლიმ ჯე-ლალ-ედ-დინ რუმის პატივს მისი სიბრძნისთვის მიაგებდნენ და ეს სრულიადაც არ უშლიდა მათ ხელს საკუთარი რელიგიების სამსახურში ყოფილიყვნენ. ვფიქრობთ, რომ ამგვარივე დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა გურჯი ხათუნსაც. იგი იმდენად აფასებდა ჯელალ-ედ-დინ რუმის ნიჭს, რომ სულთნის კარის ოფიციალური პორტრეტისტისთვის38, აინ ალ-დავლა ალ-რუმისთვის, მევლანას პორტრეტის დახატვა დაუვალებია. მხატვარს ჯელალ-ედ-დინისგან თანხმობა მიუღია და ხატვა დაუწყია. როცა აინ ალ-დავლას ესკიზი დაუსრულებია და ნატურისთვის შეუდარებია, აღმოუჩენია, რომ ხატვის პროცესში მევლანას სახე უცვლია39. მომდევნო ცდაზეც იგივე განმეორებულა. ერთი დღის განმავლობაში მხატვარს მევლანას ცამეტი თუ ოცი პორტრეტი დაუხატავს, მაგრამ ქაღალდზე მისი გარეგნობის უტყუვრად ასახვა მაინც ვერ მოუხერხებია. ამის შემხედვარე ჯელალ-ედ-დინს მხატვრისთვის უთქვამს: "მე ვგავარ უკიდეგანო, დროში მუდმივად ცვალებად ზღვას, რომლის შეჩერება არავის ძალუძს"40. აინ ალ-დავლა ალ-რუმის მის მიერ დახატული ყველა ნახატი გურჯი ხათუნისთვის გადაუცია. ამ ჩანახატებიდან XX საუკუნემდე ერთადერთ პორტრეტს მოუღწევია, რომელზეც მევლანა სრული ტანით ყოფილა გამოსახული. ეს უნიკალური პორტრეტი 1906 წელს სტამბულში, დერვიშთა სავანე ენიკაპში გაჩენილ ხანძარს შეუწირავს41. რაც შეეხება ცნობას თამარის მურიდობის შესახებ, მას შამს ალ-დინ აჰმად აფლაკის წიგნის იმ მონაკვეთში ვხვდებით, სადაც იგი მევლანას მეორე მეუღლის - ქერა ხათუნის მონათხრობს იმოწმებს: "როცა მან (მევლანამ – ლ.მ.) ლოცვა დაასრულა, მე ავდექი, მივუახლოვდი, დავიხარე, მისი კურთხეული ტერფები ხელებში მოვიქციე და შეპარვით დაზელვა დავუწყე. ამ დროს შევამჩნიე, რომ მისი კურთხეული ტერფები ქვიშით იყო დაფარული. ფერადი ქვიშა ფეხის თითებს შორისაც შერჩენოდა. წუღებიც ქვიშით იყო სავსე. შეშინებულმა ამის მიზეზი ვკითხე. მევლანამ მითხრა: "...ეს ჰეჯაზის ქვიშაა. შეინახე და ამის შესახებ ვინმესთან რაიმე არ წამოგცდეს..." მე ქვიშა ერთად მოვაგროვე. ირიჟრაჟა თუ არა, მისი ერთი ნაწილი ქაღალდში შევფუთე და დედოფალთა დედოფალს, გურჯი ხათუნს გავუგზავნე, რომელიც მევლანას მურიდი იყო... მან, მადლიერების ნიშნად, იმდენი საჩუქარი მიწყალობა, რომ თითებზე არ ჩამოითვლება"42. ჯელალ-ედ-დინ რუმის მურიდთა რიგებში ქალები მართლაც იყვნენ, რადგან სუფიზმი სულიერების გზაზე დამდგარ მამაკაცთა და ქალთა თანასწორობას ქადაგებდა. XIII საუკუნის მურიდ ქალთა შესახებ რამდენიმე გამოკვლევა არსებობს. ცნობას გურჯი ხათუნის მურიდობის შესახებ ვერცერთ მათგანში ვერ მივაკვლიეთ. მურიდობა სუფი მოძღვრის მოწაფეობას ნიშნავს. მას ვისაც ეს პატივი ხვდებოდა წილად, სუფიური დოგმებით უნდა ეცხოვრა. მურიდს სრულყოფილების მიღწევამდე სულიერი სავარჯიშოების (მუჯაჰიდის) შესრულება ევალებოდა. ერთ-ერთ პირობას კი მასწავლებელთან (შეიხთან ანუ მურშიდთან) მუდმივი და ხანგრძლივი ურთიერთობა წარმოადგენდა, რაც სასახლის კარზე მცხოვრები თამარისთვის ძნელად განსახორციელებელი იქნებოდა.
მართალია, გვიანი შუა საუკუნეებიდან დღემდე მოქმედი სუფიური კანონი მურიდისაგან ქონებაზე უარის თქმას არ მოითხოვს, მაგრამ უფრო ადრეულ ეტაპზე, ანუ კანონის ადრეული ვერსიით, გარკვეული ქონებრივი შეზღუდვები მოქმედებდა, რაც თამარს მურიდობისკენ მიმავალ გზაზე პრობლემას შეუქმნიდა. მურიდს, პერიოდულად, ორმოცდღიანი სრული განმარტოების წესიც (ხალვა) უნდა დაეცვა, რაც, სასახლეში ცხოვრების წესებიდან გამომდინარე, თამარს გაუჭირდებოდა. გურჯი ხათუნის მიერ მევლანას ნაქონ ნივთში ან უბრალო კენჭისგან შექმნილ იაგუნდში უზარმაზარი თანხების გადახდა მდიდარი თაყვანისმცემლის ბუნებრივ საქციელად მიგვაჩნია და არა მურიდობის გამოხატულებად. ჩვენი აზრით, მევლანასადმი თამარის განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ მისტიკოსის პოეზიის სიბრძნემ განაპირობა და ქრისტიანის გულწრფელი აღფრთოვანების ზღვარს იქით არ გადასულა. თამარის მიერ სჯულის შესაძლო შეცვლის საკითხს ე.ჯაველიძეც შეეხო და ერთი ნაშრომის ფარგლებში ერთმანეთის გამომრიცხავი ვარაუდები გამოთქვა. კერძოდ, ავტორი რაიმე ცნობის მიუთითებლად ტექსტის პირველ ნაწილში ამბობს: "ერთი კი უდავოა, რომ დედოფალმა დაუტევა სჯული ჭეშმარიტი"43, ხოლო მოგვიანებით საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს: "ადვილი დასაშვებია ის ფაქტი, რომ თამარ დედოფალი მევლევიელთა მიმდევარი გახდა. მას თავისუფლად შეეძლო მევლინას მურიდი ყოფილიყო და ოფიციალურად უარიც არ ეთქვა ქრისტიანობაზე. ყოველ შემთხვევაში, მევლევიობა ამ პირობას არ უყენებდა"44. ეს ბოლო შენიშვნა სწორად ასახავს მურიდობის წესებს. ჩვენი ვარაუდის საწინააღმდეგოდ თამარი მურიდიც რომ ყოფილიყო, მას ქრისტიანობაზე უარის თქმა მაინც არ მოეთხოვებოდა. რაც შეეხება თურქული წყაროების ცნობებს გურჯი ხათუნის მიერ ქრისტიანული სჯულის დატოვების შესახებ, ისინი ტენდენციური უნდა იყოს. საეჭვოა ის კონტექსტიც, რომელსაც ქართული წყარო თამარის გამუსულმანებას უკავშირებს, რასაც თავის დროზე ივანე ჯავახიშვილმა მიაქცია ყურადღება45 და ჩვენც ეჭვქვეშ ვაყენებთ, ოღონდ სხვა კუთხით. ეს ცალკე მსჯელობის საგანია, რისი ადგილიც აქ არ არის. ფარვანა, თამარის მეორე მეუღლე, 1277 წელს დაიღუპა. ჟამთააღმწერელის ცნობით, ყაენ აბაღას ეგვიპტის სულთანთან საბრძოლველად ილხანთა ვასალი სელჩუკები გაუწვევია და მათი მხედართმთავრობა ფარვანასთვის დაუვალებია. ამ ბრძოლაში მონღოლთა მხარეს ქართველთა ლაშქარსაც მიუღია მონაწილეობა. მონღოლები სასტიკად დამარცხებულან, რაშიც ფარვანა დაუდანაშაულებიათ: "ხოლო ვითარ ცნა აბაღა ამოწყუეტა ლაშქართა და უმეტეს ქართველთა, დაუმძიმდა დიდად, და შეასმინეს სულტანი საბერძნეთისა ფარმანა, ვითარმედ განზრახვითა მისითა იქმნა მოსლვა სულთნისა ფუნდუყადარისა46. ამისთაის შეიპყრეს ფარმანა, დაღათუ არა ენება ყაენსა აბაღას მოკლვა მისი, არამედ ნოინ-თა მოაკუდინეს ფარმანა, და აღიღეს ყოველი სიმდიდრე მისი, და აჩინეს საბერძნეთსა ნოინი დიდი და კეთილი, ნათესავი პირველთა ყაენთა, ონხანისა გუარისა, სახელით ერინჯი. ამასÃელთ უდვეს მთავრობა საბერძნეთისა, და წარუღეს აწყუერი, სამცხეს, რომელი ჰქონდა ფარმანას ცოლეულთაგან, და უბოძეს სარგის ჯაყელსა და ძესა მისსა ბერქას"47. თურქ ისტორიოგრაფთა ცნობით, 1277 წელს მონღოლებმა ფარვანას ღალატი დასწამეს და ომში დაღუპულ მონღოლ მეომართა ნათესავების ხელით სიკვდილით დასაჯეს. ფარვანას სიკვდილის შემდეგ რუმის სასულთნომ სწრაფი დამცრობა დაიწყო, რასაც ხელი დინასტიათაშორისმა ბრძოლამ შეუწყო. 1277 წლიდან რუმის სასულთნოზე მონღოლ მმართველთა გავლენა გაიზარდა, ხოლო 1308 წლიდან, მასუდ II-ის გარდაცვალების შემდეგ, სასულთნომ არსებობა შეწყვიტა და მისი ტერიტორია, საერთოდაც, ილხანთა სახელმწიფოს ნაწილი გახდა. ზემოთ მიმოხილული ისტორიული რეალიების გათვალისწინებით, სავსებით შესაძლებლად მიგვაჩნია კაპადოკიის წმ.გიორგის ეკლესიის ქტიტორად რუსუდანის ასული თამარი მივიჩნიოთ: ის იყო სულთნის კარის იმ მაღალი რანგის მოხელის მეუღლე, რომელიც კაპადოკიას განაგებდა; ეკლესიის მოხატვის დროისთვის თამარი რუმის სასულთნოში ცხოვრობდა; თამარს ჰქონდა საკმარისი სახსრები იმისთვის, რომ ეკლესია მოეხატვინებინა და მისთვის მამული შეეწირა. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, განსხვავებული მოსაზრება აქვთ გამოთქმული ტიერებს, რომლებისთვისაც მეფე რუსუდანის ასული თამარის რუმში გათხოვების ამბავი ცნობილია, მაგრამ მათი ვარაუდით, ფრესკაზე სხვა თამარია გამოსახული. ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსუდანის ასულის, მეფეთა მეფე თამარის შვილიშვილის სელჩუკ სულთანზე ქორწინების წყალობით სახელი თამარი პოპულარული გახდა და მცირე აზიაში ფართოდ გავრცელდა. ამიტომ ფრესკაზე გამოსახული თამარი, ტიერების აზრით, ერთ-ერთი ადგილობრივი, არაქართველი დიდებულია. განსახილველ პერიოდში კიდევ ერთი ქართველი დედოფალი მოღვაწეობდა, რომელსაც თამარი ერქვა. ეს იყო აღმოსავლეთ საქართველოს მეფის დიმიტრი II-ის და, რომელიც ილხანთა ყაენის არღუნის (1284-1291 წწ.) ვაჟს მიათხოვეს: "მაშინ ტფილისს ყოფასა არღუნ ოირიდისასა ეზ-რახა მეფესა და სთხოვა თამარ, რომელი-იგი მხოლო ესუა, და რქუა, ვითარმედ: "კეთილად მოÃსე-ნებულმან მეფემან მამამან შენმან (იგულისხმება მეფე დავით VII ულუ (1246-1270 წწ.) – ლ.მ.) მომცა ასული მისი, და¡ შენი სძლად ჩემდა, და ცოლად შვილისა ჩემისა, გარნა იგი ვერ ესწრა; აწ ვითხოვ, რათა არა უღირს იჩინო ვედრება ჩემი და მომცე და¡ შენი შვილისათÂს ჩემისა"48.
დიმიტრი მამის სიტყვას ვერ გადასულა "და მისცეს ცოლად შვილსა არღუნისსა, და აღასრულეს წესი ქორწილისა. და წარვიდა არღუნ ურდოსა, ხოლო შვილი მისი დაუტევა მეფისა თანა. მათ ჯამთა კუალად მიუდგა დედოფალი და შვა ყრმა, და უწოდეს სახელი ვახტანგ"49. ეს "იდილია" დიდხანს არ გაგრძელებულა: 1291 წელს, არღუნ ყაენის გარდაცვალების გამო მისი შვილი "წარმოვიდა სახლად დიდად მეფისა, და ცოლი მისი დაუტევა ტფილისს. ხოლო იÃმია დამან მეფისამან თამარ სივლტოლა მთიულეთს, რამეთუ სძაგდა ვითარ უსჯულო და წარმართი"50. ამ ცნობის თანახმად, მონღოლზე გათხოვილ დიმიტრის დას მეუღლესთან ერთად საქართველოს ფარგლები არასდროს დაუტოვებია, რაც უცხოეთში მისი საქტიტორო მოღვაწეობის ალბათობას მნიშვნელოვნად ამცირებს. მთიულეთს გაქცეული თამარი სადუნ მანკაბერ-დელს ყაენ აბაღასაგან გამოუსყიდია, შემდეგ კი მისი ხელი დიმიტრისთვის უთხოვია. მიუხედავად იმისა, რომ სადუნს უკვე ორი ცოლი ჰყავდა, მეფეს მისთვის უარი არ უთქვამს და თამარი გაუტანებია51. ამგვარად, დიმიტრი II-ის დის - თამარის შემდგომი მოღვაწეობაც საქართველოს ფარგლებს არ გასცდენია. იმის გათვალისწინებით თუ როგორ გაარიდა თავი მეფე დიმიტრის დამ "უსჯულო" მეუღლეს, არა გვგონია, რომ 1281 თუ 1282 წელს დაქვრივებული თამარი მესამეჯერ გათხოვილიყო, ისიც საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაჰმადიანური რუმის სასულთნოში, რის შესაძლებლობასაც ახალგაზრდა მკვლევარი ზ.ბატიაშვილი არ გამორიცხავს52. ორი დედოფლის ცხოვრების ისტორიების ანალიზის საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ კაპადოკიის წმ.გიორგის ეკლესიის ფრესკულ წარწერებში ნახსენები ქტიტორი - დედოფალი თამარი, მეფე რუსუდანის ასულია. მისი ქტიტორობის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ თამარის მეორე მეუღლე სხვა ტერიტორიებთან ერთად კაპადოკიასაც ფლობდა. რა ბედი ეწია თამარს ფარვანას მოკვლის შემდეგ ჩვენთვის უცნობია. დანამდვილებით ვიცით, რომ ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. უნდა ვივარაუდოთ, რომ თამარმა ფარვანას მამულების გარკვეული ნაწილი შეინარჩუნა და საქტიტორო მოღვაწეობა ამის ხარჯზე გააგრძელა. აქვე შევნიშნავთ, რომ უშუალოდ იჰლარის ხეობა თამარის კუთვნილებაში არ უნდა ყოფილიყო. ამ ვარაუდს გამოვთქვამთ იმის გათვალისწინებით, რომ წმ.გიორგის ეკლესიისთვის შეწირული ვენახი მას სხვისგან შეუძენია: "ხოლო ამ ყოვლად დიდებულ ტაძარს წმიდისა გიორგისას, რომელიც მოპოვებული მაქვს მე - უბადრუკ, კნინ დედოფალ თამარს, დამატებით ვუბოძებ ფერდობის ვენახსაც, რომელსაც ვფლობ შესყიდულს სიარაფატენისგან". თამარ რუსუდანის ასულის ქტიტორობის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ფარვანას ცოლი გულუხვობითა და ქველმოქმედებით იყო ცნობილი. ეს, განსაკუთრებით, დიდი სუფი მოაზროვნის მიმართ დამოკიდებულებაში მჟღავნდებოდა. თამარი უხვად გაიღებდა თანხას მევლანას ქოშებზე შერჩენილი ქვიშის, ან მისი ნაცვამი კვართის შესაძენად. მევლანას მიერ უბრალო ქვისგან შექმნილი იაგუნდის ნატეხი თამარს რვაასი ათას "სულტნის დრაჰმად" უყიდია. თუ რაოდენ დიდი თანხა იყო გადახდილი იაგუნდისთვის ჩანს იქიდანაც, რომ ჯელალ-ედ-დინ რუმისთვის აკლდამის ასაგებად ფარვანასა და თამარს ათჯერ ნაკლები - ოთხმოცი ათასი "სულტნის დრაჰმა" გაუღიათ53. დიმიტრი II-ის დისთვის კაპადოკიის ეკლესიის ქტიტორობაში უპირატესობის მინიჭება მისი ახალგაზრდული ასაკის გამო54 საკმარის და მტკიცე არგუმენტად არ გამოდგება. ამ დროისთვის რუსუდანის ასული თამარი, მართლაც, ასაკოვანი იყო. თუმცა, ვფიქრობთ, სწორედ ეს მომენტი აძლიერებს ჩვენს პოზიციას: ხანში შესული მანდილოსანი უფრო მეტად იზრუნებდა თავისი სულის ცხონებისთვის და მოახლოებული აღსასრულის მოლოდინში ამისთვის უფრო მეტად გაირჯებოდა. სამწუხაროდ, თამარის სახის კონტურის ფარგლებში ფრესკის საღებავი გადასულია და მანდილოსნის ასაკის ვიზუალურად დადგენა შეუძლებელია. ჩვენი აზრით, არც დავით დიმიტრის ძის მონაწილეობით 1292 წელს მონღოლთა მიერ რუმის აღებას შეეძლო შეესრულებინა არსებითი როლი ქართველთა მიერ ეკლესიის აგების ნებართვის გამოთხოვაში, როგორც ამას ზ.ბატიაშვილი ვარაუდობს: "დაახლოებით 1291 წელს რუმის მმართველი განუდგა მონღოლთა ყაენ ქეიღა-თუს. ამ უკანასკნელმა შეკრიბა ჯარი, ასევე თავისთან უხმო დავით დიმიტრის (თავდადებულის) ძეს და გაილაშქრა რუმზე... ქალაქი 1292 წელს აუღიათ. ჩვენი აზრით დიდია ალბათობა, რომ ქართველებს წმ.გიორგის ეკლესია კაპადოკიაში ამ დროს აეგოთ. უფლებას ყაენ ქეიღათუსაგან თავისუფლად აიღებდნენ, რადგან ეს უკანასკნელი ებრძოდა რა მუსლიმებს, ახალისებდა ებრაელებსა და ქრისტიანებს. სულთან მესუდისაგან უფლების აღება კი მხოლოდ ფორმალობა უნდა ყოფილიყო, რადგან თურქეთის ისტორიის ენციკლოპედიის მიხედვით, მესუდ II და იმ პერიოდის დანარჩენი სელჩუკი მმართველებიც მხოლოდ მონღოლთა მარიონეტები იყვნენ"55. ამ ამონარიდის თანახმად იგულისხმება, რომ ქართველთა მონაწილეობა მონღოლთა მიერ რუმის დალაშქვრაში გახდა ერთ-ერთი განმსაზღვრე-ლი წინაპირობა კაპადოკიაში ქართველთა მიერ ქრისტიანული ეკლესიის დაარსებისათვის. მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, XIII საუკუნის კაპადოკიაში წმ.გიორგის ეკლესიის გარდა, სულ ცოტა, კიდევ სამი ეკლესიის აგება დასტურდება, თანაც არაქართველთა მიერ. ამდენად, უფრო სწორი იქნება მიზეზი ვეძიოთ, ზოგადად, რუმის დასუსტებაში და შესაბამისად, ქრისტიანთათვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაში და არა სამხედრო მეთაურის მიერ წარმატებული ოპერაციის სანაცვლოდ ეკლესიის აგების თუ მისი მოხატვის ნებართვის გამოთხოვაში. გარდა ამისა, აქ მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ქართველები რუმის სასულთნოს წინააღმდეგ მონღოლთა მხარეს იბრძოდნენ; თამარი - დიმიტრი II-ის და, აგრეთვე, მონღოლთა რძალი იყო. ამიტომ, ყოვლად შეუძლებელია, რომ მონღოლთა რძალს, მონღოლთა მიერ დამორჩილებულ ქვეყანაში მდებარე ეკლესიისთვის ქტიტორობა თურქთა სამსახურში მყოფ სამხედრო პირთან ერთად გაეწია, მით უფრო, მასთან ერთად ფრესკაზე გამოსახვას დათანხმებოდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ კაპადოკიაში წმ.გიორგის ეკლესიის კედელზე გამოსახული ქტიტორი ქალი მეფე დიმიტრი II-ის და თამარი ვერ იქნება. ახლა რაც შეეხება ფრესკაზე გამოსახული, სელჩუკურსამოსიანი მამაკაცის ვინაობას. წარწერამ მისი სამოხელეო თანამდებობის სახელი - ამირარზესი შემოგვინახა. ტერმინი ამირარზესი ამირადან არის ნაწარმოები, რომელიც, თავის მხრივ, აღმოსავლეთის მუსლიმურ ქვეყნებში გავრცელებული, მთავრის შესატყვისი ტერმინია. არაბთა ბატონობის გავლენით ის საქართველოშიც დამკვიდრებულა: XI საუკუნის ბოლოს ლიპარიტ ბაღვაში პირველი ქართველი ამირა გამხდარა. 1122 წლიდან XII ს-ის ბოლომდე კი ამირად თბილისის გამგებელი და ქართლის გამგებელი ერისთავი იწოდებოდნენ56. აბასიანე-ბის ხანის (750-1258 წწ.) ადრეულ ეტაპზე ამირა სამოქალაქო და ფინანსური ადმინისტრირების ფუნქციებს ითავსებდა, თუმცა შემდგომში მან მხოლოდ პირველი ფუნქცია შეინარჩუნა. ამირას არმიის მოწყობა ევალებოდა. ის მონაწილეობდა ლაშქრობებში, აფორმებდა ხელშეკრულებებს, უძღვებოდა ლოცვას, აგებდა მეჩეთებს და დაპყრობილ ქვეყნებში ისლამს ამკვიდრებდა57. X-XI საუკუნეებში მუსლიმთა ადმინისტრაციული ბიუროკრატიზმი სამხედრო მმართველობამ შეცვალა. ამ დროიდან ამირას წოდება ყველა რანგის ოფიცერს ენიჭებოდა. იბნ ჯამაას ცნობით (გარდაიცვალა 1333 წელს), მისი მოღვაწეობის დროს ამირებად იწოდებოდნენ სამხედრო მეთაურები, რომლებსაც თავთავიანთი რაზმების შესანახად მამული ჰქონდათ ნაბოძები58. სწორედ ამ ბოლო პასაჟს იმოწმებენ ტიერები ამირარზესის მოვალეობაზე საუბრისას, თვლიან რა, რომ ამირარზესი იგივეა რაც ამირა, ოღონდ ბერძნული ტრანსკრიფციით59. თუმცა, ავტორები ამ ამონარიდისადმი დართულ შენიშვნაში მიუთითებენ, რომ თურქულენოვან ქვეყნებში ამირას ბერძნული ფორმა იყო άξμηρα და არა άξμηραβρζή. ამირარზესს ამირასთან აიგივებს თურქი ხელოვნებათმცოდნე ე.აქიურექიც: "ბასილეოსის მიერ ამირარზესის ტიტულის ფლობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ იგი სელჩუკი სულთნის სამსახურში მყოფი ქრისტიანი გენერალი იყო. ნაბოძები მამულის სანაცვლოდ მას საჭიროებისამებრ უნდა უზრუნელეყო გაწვრთნილი მეომრების სალაშქროდ გამოყვანა"60. განსხვავებული ვარაუდი აქვს გამოთქმული ზ.ბატიაშვილს. მას მიაჩნია, რომ ამირარზესი ქართული ამირსპასალარის გაბერძნულებული ვარიანტია: "წარწერაზე ამირსპასალარის ნაცვლად ამირარზედ ხსენება ალბათ იმიტომ მოხდა, რომ ქართული "ამირსპასალარი" იქაურებისთვის გაუგებარი იყო. წარწერების ბერძნულად შესრულებაც ალბათ იმავე მიზეზს უნდა მივაწეროთ"61. ზემოთ დამოწმებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით უნდა შევნიშნოთ, რომ ამირსპასალარი, ამირა და ამირარზესი ერთმანეთის სინონიმები სრულიადაც არ არის. ჩვენი ვარაუდით, წარწერაში დამოწმებული άξμηραβρζή"-ი ამირასა და არზ-ის (αβρζ), იგივე არეზ-ის (αυρηζ), კომბინაციაა (ქვემოთ ვნახავთ, რომ "ამირარე-ზის" სახელით ცნობილი სამხედრო თანამდებობა სელჩუკებს გარდა მონღოლ ილხანებსაც ჰქონდათ). ამირარზესი "ამირარზ"-ის ბერძნული ფორმაა. არზი / არეზი იყო ოფიციალური პირი, რომლის მოვალეობაში სამხედრო ძალების ადმინისტრირება, კერძოდ ხელფასის გადახდა, მეომართა დაქირავება, გაწვრთნა და ინსპექტირება შედიოდა62. X-XI საუკუნეების ჩრდილოეთ და დასავლეთ ირანსა და ერაყში, აზოდ ალ-დავლასა და მისი შვილის - ბაჰა ალ-დავლას მმართველობისას, არმიის მრავალეროვანი შემადგენლობიდან გამომდინარე, ერთდროულად ორი არეზი მოღვაწეობდა: ერთი დაილამებს63, მეორე კი თურქებს, არაბებსა და ქურთებს უწევდა ად-მინისტრირებას. ღაზნელთა იმპერიაში64 არეზის თანამდებობა თავისი მნიშვნელობით ვეზირის პოსტის შემდეგ მეორე იყო. არეზი თავის ხელისუფლებას სულთნის კარიდან ახორციელებდა, თუმცა, ოპერატიული მართვის მიზნით, არსებობდა პროვინციული არმიების არეზების ინსტიტუტიც. დიდ სელჩუკთა ადმინისტრაციაში არეზ ალ-ჯაიზის აპარატი ვეზირის დიდი დივანის შემადგენელი ნაწილი იყო. ხშირად, არეზის თანამდებობა ვეზირობამდე გასავლელი ეტაპი იყო. არეზის ინსტიტუტი მონღოლ ილხანებსაც ჰქონიათ. ამ სამხედრო ადმინისტრატორს ისინი არეზს ან ამირ არეზს უწოდებდნენ. იგივე სამხედრო თანამდებობა ჰქონიათ რუმის სელჩუკებსაც, რომელთაგან არეზის ინსტიტუტი ოსმალებს გადაუღიათ65. არეზი მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობის პირი იყო. მას ხელფასსა და ადმინისტრაციულ დანამატს უხდიდნენ, თუმცა ზოგ მათგანს დამატებითი შემოსავალიც ჰქონდა, მაგალითად, ვაჭრობიდან, და დიდ სიმდიდრესაც ფლობდა. ამგვარად, ენციკლოპედია "ირანიკას" თანახმად, ამირარეზი / ამირარზესი კონკრეტული სამხედრო თანამდებობაა, რომლის მიღება უცხოტომელსაც შეეძლო. შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ფრესკაზე გამოსახული ბასილი სელჩუკების სამსახურში მყოფი ქართველი ქრისტიანი ყოფილიყო. ამის საფუძველს XIII ს-ში სელჩუკთა ლაშქრობებში ქართველ მებრძოლთა მონაწილეობის მაგალითები გვაძლევს. მართალია, განსახილველ პერიოდში საქართველო ისლამურ სამყაროზე ვასალურ დამოკიდებულებაში არ იმყოფებოდა, მაგრამ ნ.შენგელიას ვარაუდით, სელჩუკთა მხარეზე ქართველი სამხედრო ძალის გამოყვანის ვალდებულება საზავო ხელშეკრულების პირობით უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული66. ქართველთა და სელჩუკთა სამხედრო თანამშრომლობის მაგალითად გამოდგება 1234 წელს ქართველების ქაი-ყუბადის ლაშქრის შემადგენლობაში აიუბიანთა წინააღმდეგ ბრძოლა. ქართველთა რაზმი შედიოდა რუმის სულთნის ლაშქარშიც, რომლითაც ის 1237 წელს აიუბიანთა წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდა. 1243 წელს სელჩუკების მიერ მონღოლებთან გამართულ ბრძოლაში ქართველთა ნარჩევი რაზმიც მონაწილეობდა დარდან შარვაშის-ძის წინამძღოლობით67. ზემონახსენები ფაქტები გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ფრესკაზე გამოსახული ბასილი არის სელჩუკების მხარეზე მებრძოლი ქართველების რაზმის ამირარზესი. ტიერების აზრით, გიაგუპესი, შესაძლოა, ბასილის მეორე სახელი იყოს68. მათი ცნობით, ეს თურქული სახელი XIII ს-ში სწორედ ამ ფორმით იყო გავრცელებული. XIV ს-დან კი მან ფორმა იცვალა და ჯერ იაგუპესის, შემდეგ კი - დიაგუპე-სის ჟღერადობა შეიძინა69. რაც შეეხება ბასილის ნათესაურ კავშირს თამართან, ეს საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს. თამარისა და ბასილის ცოლ-ქმრული ურთიერთობის დასკვნამდე უცხოელი მეცნიერები ირიბად მიდიან70. რეალურად, თამარის მესამედ გათხოვების შესახებ წერილობითი წყაროები სდუმან. ამგვარად, ზემორე ანალიზის საფუძველზე გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ კაპადოკიაში, იჰლარის ხეობაში არსებული წმ.გიორგის ეკლესია 1283/85-1295/1308 წლებში მეფე რუსუდანის ასულ თამარისა და სელჩუკების ლაშქარში შემავალი ქართველთა რაზმის ამირარზესის, ბასილის ქტიტორობით მოიხატა. ასაკში შესულმა თამარმა, როგორც ჩანს, ეს ეკლესია საძვალედ 'განიმზადა" და იქვე დაიკრძალა კიდეც. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის გარემოება, რომ წმ.გიორგის ეკლესია "სამარხო ეკლესიაა". თუ თამარი მართლაც აქ განისვენებს, მისი საფლავი ეკლესიის ნაოსში, ჩვენს მიერ განხილული ფრესკის ქვემოთ გამოკვეთილ არკოსოლიუმში უნდა მდებარეობდეს.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. წინამდებარე სტატია ეფუძნება იმ მოხსენებას, რომელიც ავტორმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, მარი ბროსეს დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის 2002 წლის 28 მაისის სხდომაზე წაიკითხა და ზემოაღნიშნული სესიის მოხსენებათა მოკლე შინაარსების კრებულში იმავე წელსვე გამოაქვეყნა (ლ.მირიანაშვილი, მეფე რუსუდანის ასული თამარის საქტიტორო მოღვაწეობის ერთი უცნობი მაგალითი კაპადოკიიდან. მარი ბროსეს დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მოხსენებების თეზისები. 2002 წლის 27-30 მაისი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბ., 2002, გვ.48-57). ავტორი უღრმეს მადლობას უხდის ისტორიკოს თ.ჯოჯუას წინამდებარე სტატიის ხელნაწერის კრიტიკულად წაკითხვისა და საგულისხმო შენიშვნებისა და რჩევების მოცემისათვის.
2. ნიკოლ და მიშელ ტიერების ცნობით, რომლებმაც წმ.გიორგის ეკლესიის მოხატულობა XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში შეისწავლეს, ადგილობრივი მუსლიმები ამ ეკლესიას ცხვრის სადგომად იყენებდნენ. ამჟამად, განსახილველი ეკლესია მოვლილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის თურქეთის ტურისტული სააგენტოების მიერ შემუშავებულ და ანონსირებულ საექსკურსიო მარშრუტებში შეტანილი არ არის.
3. N. et M.Thierry, Nouvelles églises rupestres de Cappadoce, région du Hasan Dagi, Paris, 1963, გვ.202. აქვე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ჩინებულ მცოდნეს, დოქტორ ა.ფაველს, რომელმაც ჩვენი თხოვნით დაამზადებინა ტიერების წიგნში შესული წმ.გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი პარაგრაფის ქსეროასლი და ამ ტექსტის რამდენიმე მონაკვეთის ინგლისურ თარგმანთან ერთად, საფრანგეთიდან გადმოგვიგზავნა.
4. იქვე, გვ.201. ტიერების ნაშრომის ჩვენს მიერ დამოწმებულ ტექსტში მითითებულ ბოლო ორ ზომას, ამავე ტექსტისადმი დართული გეგმის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ ვაყენებთ. მიგვაჩნია რა, რომ შეცდომის დაშვების ალბათობა ტექსტში უფრო მაღალია, ვიდრე ნახაზზე, ამ უკანასკნელს უფრო სანდოდ მივიჩნევთ. გეგმის მიხედვით, ეკლესიის ორი კედლის რეალური სიგრძე შემდეგი უნდა იყოს: დასავლეთი კედლისა - 1მ 80 სმ + 1 მ 80 სმ = 3 მ 60 სმ, ჩრდილოეთი კედლისა კი (ნაოსის ფარგლებში) - 4 მ და 80 სმ. ამ უკანასკნელის საერთო სიგრძე 7 მ და 80 სმ-ია.
5. N. et M. Thierry, Nouvelles églises rupestres de Cappadoce…, გვ.204.
6. იგულისხმებიან ბიზანტიის იმპერატორი ანდრონიკე II პალეოლოგი (ზეობდა 1282-1328 წწ-ში) და რუმის სულთანი მასუდ II დიდი (ზეობდა 1285-1298 და 1303-1308 წწ-ში. წყვეტა მასუდ II-ის ზეობაში მონღოლთა მიერ მისმა თავრიზში იძულებითმა გაწვევამ გამოიწვია).
7. თურქ-სელჩუკებმა კაპადოკია ხელში მას შემდეგ ჩაიგდეს, რაც 1071 წელს მალაზგირთთან გამართულ ბრძოლაში ბიზანტიის იმპერატორი რომანოზ IV დაამარცხეს.
8. N. et M. Thierry, Nouvelles églises rupestres de Cappadoce..., გვ.204.
9. ფრესკა აღწერილი გვაქვს ე.აქიურექის მიერ გამოქვეყნებული ფერადი ფოტოებისა (E. Akyürek, Fourth to Eleventh Centuries: Byzantine Cappadocia. In:Cappadocia, Istanbul, 1998, გვ.392-393) და ტიერების წიგნში მოტანილი გრაფიკული მონახაზის მიხედვით (N. et M.Thierry, Nouvelles églises rupestres de Cappadoce..., გვ.203, ნახ.49).
10. ბერძნული წარწერების ქართული თარგმანი ედიშერ ჭელიძეს ეკუთვნის, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.
11. ბერძნულ ორიგინალში "დედოფლის" კნინობითი ფორმაა გამოყენებული, ამიტომ ამ ტერმინის ქვეშ ერთიანი ქვეყნის კი არა, არამედ პროვინციის დედოფალი იგულისხმება.
12. ტიერების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თამარს ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, იგი ეკლესიის კი არა, არამედ მოხატულობის ქტიტორად უნდა მივიჩნიოთ. ტექსტის მიხედვით მართლაც ასეთი შთაბეჭდილება რჩება: თამარს წმ.გიორგის ეკლესია არ გამოუკვეთინებია. მან ის "მოიპოვა" (იხ.ქვემოთ ტექსტში), ანუ სხვისგან შეიძინა ან გამოითხოვა.
13. ტიერების გამოცემაში, ორთავ ტექსტში და გრაფიკულ მონახაზზე, "βασίλεβ υόντο"-ს ნაცვლად, შეცდომით, "βασίλεβ υβόντο" წერია.
14. ეს წარწერა პირველად არქიმანდრიტმა იოანე პანტელეიმონიდისმა 1891 წელს გამოაქვეყნა, ოღონდ ნაწილობრივ - მხოლოდ პირველი ორი სტრიქონი. დანარჩენი ტექსტი მან მიახლოებით აღადგინა. 1899 წელს ლევიდისმა ამ წარწერის შესახებ ისე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომ ტექსტი ადგილზე არ უნახავს. 1990 წელს თურქმა ხელოვნებათმცოდნემ ი.ოთიუქენმა, ტიერისეულ ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით, წარწერის თურქული თარგმანი დაბეჭდა (Y.Ötüken, Ihlara Vadasi, Ankara, 1990, გვ.54-57). ამ თარგმანის გაცნობა ანკარის უნივერსიტეტის ხელოვ ნებათმცოდნის, დოქტორ გ.ქარამუქის თავაზიანი დახმარებით შევძელით, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.
15. ლ.მირიანაშვილი, მეფე რუსუდანის ასული თამარის საქტიტორო მოღვაწეობის ერთი უცნობი მაგალითი კაპადოკიიდან. მარი ბროსეს დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესიის მოხსენებების თეზისები. 2002 წლის 27-30 მაისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბ., 2002, გვ.48-57.
16. E.Akyürek, Fourth to Eleventh Centuries: Byzantine Cappadocia. In:Cappadocia, Istanbul, 1998, გვ.392.
17. N. et M. Thierry, Nouvelles églises rupestres de Cappadoce..., გვ.206.
18. ზ.ბატიაშვილი, ვინ შეიძლება იყოს ეს თამარი? "კვირის პალიტრა", 30 ივნისი - 6 ივლისი, 2003, გვ.12.
19. ზ.ბატიაშვილი, კაპადოკია, თბ., 2004, გვ.30. ავტორი თავის წიგნში ტიერებისა და ჩვენს პუბლიკაციებს არ იმოწმებს.
20. A. Eastmond, Art and Frontiers between Byzantium and the Caucasus, In: Byzantium: Faith and Power (1261-1557). Perspectives on Late Byzantine Art and Culture, Yale University Press, New Haven and London, 2006, გვ.167.
21. ნ.შენგელია, მცირე აზიის სელჩუკები და საქართველო. XI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი – XIII საუკუნე, თბ., 2003, გვ.210.
22. იბნ-ბიბი (ნასირ ად-დინ იაჰია იბნ მუჰამედი) მცირე აზიელი სელჩუკი მემატიანე იყო (გარდაიცვალა 1284 წლის შემდეგ). მან დაწერა "სელჩუკთა ისტორია", რომელიც მოიცავს პერიოდს 1192 წლიდან 1282 წლის ჩათვლით. ზემოთ მოყვანილი ცნობისთვის იხ. ნ.შენგელია, მცირე აზიის..., გვ.210; ე.ჯაველიძე, შტუდიები, თბ., 1985, გვ.210-211; გ.ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში, თბ., 1995, გვ.197. არსებობს იბნ-ბიბის წიგნის გერმანული და ფრანგული თარგმანებიც: Die Seltschukengeschichte des Ibn Bibi Munksaard, Kopenhagen, 1959; Histoire des Seldjouci- dis d’Asie Mineure d’apres l’Abrege du Seldjoukname d’Ibn Bibi, Paris, 1902.
23. T. M. P. Dugann, Islamic Naturalistic Portraits from Life, from the 11th to the 16th Centuries. In: Turkish Daily News (Arts and Culture), 11 June 2003.
24. კ.კეკელიძის ცნობით, მეფე თამარის ზეობისას საქართველოში არსებობდა საეკლესიო პრაქტიკა, რომლის თანახმად ქალ-ვაჟის ერთმანეთთან შეუღლება ნათესაობის მეექვსე ხარისხის ჩათვლით დაუშვებელი იყო, იხ. კ.კეკელიძე, რუსთველოლოგიური შტრიხები, თსუ შრომები, III, პირველი სერია, საზოგადოებათმცოდნეობა. თბ., 1936, გვ.120.
25. ქართლის ცხოვრება, ტ.II. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959, გვ.172.
26. ქეიჰუსრევ II-ს სულთნობაში მოცილედ ნახევარძმა გილინჯ არსლანი ჰყავდა, რომელიც ქეიყობადს სიცოცხლეშივე ტახტის მემკვიდრედ ჰყავდა დასახელებული. ტახტის ხელში ჩაგდება ქეიჰუსრევმა შად ად-დინ კოპეკისა და კიდევ რამდენიმე სხვა სამხედრო მეთაურის დახმარებით მოახერხა. ტახტისათვის ბრძოლაში ქეიჰუსრევმა თავისი ორი ნახევარძმა, მათი დედა და მრავალი დიდებული მოაკვლევინა.
27. Е.Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, Вып.II, Тифлис, 1905, გვ.18.
28. მოგვიანებით, ეს სახელი არაქართველებშიც გავრცელებულა. გ.ბერაძის ცნობით, XIV ს-ის შუა ხანებში გურჯი ხათუნი დასავლეთ ანატოლიაში აიდინის ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენლის, უმარ-ბეის ქალიშვილსაც რქმევია, იხ. გ.ჯაფარიძე, ქართველებისა და საქართველოს არაბული სახელწოდებები. კრ-ში: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993, გვ.121-145. შენიშვნა 142 გვ-ზე. საგულისხმოა, რომ მ.ქოიმენის მიერ შედგენილი ანატოლიის სელ-ჩუკთა დინასტიის გენეალოგიური სქემის მიხედვით, რომელიც 1963 წელს გამოქვეყნდა, ქეიჰუსრევ II-სა და თამარის ქალს გურჯი ხათუნი ჰქვია (ეს სქემა დართული აქვს ნ.შენგელიას მონოგრაფიას "მცირე აზიის სელჩუკები და საქართველო. XI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი – XIII საუკუნე", თბ., 2003, გვ.478-479). ნ.შენგელია შენიშნავს, რომ სულთნის ერთ-ერთი ქალიშვილისთვის გურჯი ხათუნი უთუოდ თამარის გავლენით უნდა შეერქმიათ (იქვე, გვ.242). რ.ფიშის წიგნის მიხედვითაც, რომელიც თურქულ წერილობით წყაროებს ეყრდნობა, ქეიჰუსრევისა და თამარის ქალიშვილის სახელი გურჯი ხათუნი ყოფილა (Р.Фиш, Джалаледдин Руми, М., 1985, კომენტარი 257 გვ-ზე). ამ ავტორს ფარვანას ცოლად და ჯელალ-ედ-დინ რუმის (მუსლიმი მისტიკოსი, თეოლოგი და პოეტი - 1207-1273 წწ.) თაყვანისმცემლად, შეცდომით, თამარის ნაცვლად მისი ქალიშვილი გურჯი ხათუნი მიაჩნია. ნ.შენგელიას მოჰყავს ამონარიდი ო. თურანის წიგნიდან, რომლის მიხედვითაც გურჯი ხათუნი ფარვანას შვილია (ნ.შენგელია, მცირე აზიის..., გვ.365). ამგვარი აღრევები გურჯი ხათუნის პიროვნებასთან მიმართებით თურქული ისტორიოგრაფიისათვის უცხო არაა.
29. ე.ჯაველიძე, შტუდიები, თბ. 1985, გვ.7. განვითარებული შუა საუკუნეების ისლამურ სამყაროში ნატურალისტურ გამოსახულებათა შესრულების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული უსაფუძვლო მოსაზრების შესახებ იხ. შენიშვნა 38.
30. ამ წარმატებული მოხელის სახელს თურქ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ფორმით ვიმოწმებთ. საინტერესოა, რომ მუინ ედ-დინ სულეიმანს უფრო ხშირად მხოლოდ მისი სამოხელეო თანამდებობის სახელით - ფარვანა / ფერვანე - იხსენიებდნენ.
31. სელჩუკური ტრადიციით, გარდაცვლილი სულთნის მეუღლე ცოლად მის ვეზირს უნდა მოეყვანა. ნ.შენგელია შეცდომით აღნიშნავს, რომ "იგი (დედოფალი თამარი – ლ.მ.) გარკვეული ხნის შემდეგ გაცილდა სულთანს და ცოლად გაჰყვა მუინ ად-დინ ფერვანეს" (ნ.შენგელია, მცირე აზიის... გვ.225). თუმცა, ოდნავ მოგვიანებით ამ შეცდომას ასწორებს და შენიშნავს, რომ "ყიას ად-დინის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ვიცით თამარი, იგივე გურჯი ხათუნი, ცოლად ჰყავდა მუიდ ად-დინ ფერვანეს" (იქვე, გვ.367).
32. ქართლის ცხოვრება, ტ.II. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959, გვ.270.
33. ფარვანამ და თამარმა ჯელალ-ედ-დინ რუმისადმი დიდი მოწიწებისა და სიყვარულის ნიშნად 1274 წელს მის საფლავზე აკლდამაც კი ააგეს.
34. "მურიდი" მორჩილს ნიშნავს.
35. P.Soucek, Theory and Practice of Portraiture in the Persian Tradition, In: Musqarnas. An annual on the visual culture of the Islamic world, Vol.XVII, Brill Publishers, 2000, გვ.103.
36. Р. Фиш, Джалаледдин Руми, М., 1985, გვ.245.
37. იქვე, გვ.246.
38. კარის ოფიციალური პორტრეტისტის თანამდებობის არსებობა უკვე XIII საუკუნეში, გამორიცხავს დასავლეთ სამყაროში გავრცელებული შეხედულების სამართლიანობას, რომ ისლამურ ქვეყნებში მოღვაწე მხატვრებს ყურანის მოთხოვნით ნატურალისტურ გამოსახულებათა შექმნა ეკრძალებოდათ. აღმოსავლელი ხელოვნებათმცოდნეები უკვე დიდი ხანია რაც მიუთითებენ ამ შეხედულების ტენდენციურობაზე.
39. P.Soucek, Theory and Practice of Portraiture in the Persian Tradition, გვ.103.
40. იქვე, გვ.103.
41. Р.Фиш, Джалаледдин Руми., М., 1985, გვ.227.
42. Shams al-Din Ahmad-e Afaki, The Feats of the Knowers of God (Manaqeb al-‘arefn), Leiden, 2002, გვ.182-183. შამს ალ-დინ აჰმად აფლაკი XIV საუკუნის მოღვაწეა, რომელმაც გურჯი ხათუნთან დაკავშირებული ისტორიები ცხრა გამოჩენილი მუსლიმისადმი მიძღვნილ ხელნაწერ წიგნში შეიტანა (მეორე ისტორიისთვის იხ. შენიშვნა 70).
43. ე.ჯაველიძე, შტუდიები, თბ., 1985, გვ.8.
44. იქვე, გვ.16.
45. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ.III, თბ., 1966, გვ.107.
46. სირიისა და ეგვიპტის მამელუქებთან ფარვანამ ჯერ კიდევ 1270 წელს დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა.
47. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტ.IV, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ.271.
48. ქართლის ცხოვრება, ტ.II, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959, გვ.274.
49. იქვე, გვ.274.
50. იქვე, გვ.278.
51. იქვე, გვ.278.
52. ზ.ბატიაშვილი, კაპადოკია, თბ., 2004, გვ.29.
53. ე.ჯაველიძე, შტუდიები, თბ., 1985, გვ.21.
54. ზ.ბატიაშვილი, კაპადოკია, თბ., 2004, გვ.30.
55. იქვე, გვ.29.
56. ენციკლოპედია საქართველო, ტ.1, თბ., 1997, გვ.130.
57. The Encyclopaedia of Islam, Vol.I, Leiden-London, 1956, გვ.438-439.
58. იქვე, გვ.367.
59. N. et M.Thierry, Nouvelles églises rupestres de Cappadoce, région du Hasan Dagi, Paris, 1963, გვ.205.
60. E.Akyürek, Fourth to Eleventh Centuries: Byzantine Cappadocia. In: Cappadocia, Istanbul, 1998, გვ.394. აშკარაა, რომ ე.აქიურექი ტიერებთან მოყვანილ განმარტებას ეყრდნობა. წმ.გიორგის ეკლესიის ფრესკული წარწერების თურქული თარგმანიც მას ფრანგულიდან აქვს შესრულებული.
61. ზ.ბატიაშვილი, კაპადოკია, თბ., 2004, გვ.30.
62. Encyclopaedia Iranica, London-Boston-Henley 1985, Reissue edition by Mazda Publishers, 1993, გვ.393.
63. ეს ტერმინი პროვინციის სახელიდან - "დაილამი"-დან მომდინარეობს. "დაილამი" კასპიის ზღვის სამხრეთ ნაპირთან მდებარე ირანის პროვინციაა.
64. XI საუკუნის პირველ მეოთხედში ღაზნელთა იმპერიაში შედიოდა თანამედროვე ავღანეთის მიწები, ირანის რამდენიმე პროვინცია, აგრეთვე, შუა აზიისა და ინდოეთის ტერიტორიები.
65. Encyclopaedia Iranica, London-Boston-Henley, 1985, Re-issue edition by Mazda Publishers, 1993, გვ.394.
66. ნ.შენგელია, მცირე აზიის სელჩუკები და საქართველო. XI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი - XIII საუკუნე, თბ. 2003, გვ.215.
67. ქართლის ცხოვრება, ტ.II, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959, გვ.194; Р.Фиш, Джалаледдин Руми, М., 1985, გვ.160.
68. ამ სახელის წაკითხვა სათუოა, რადგან ფრესკაზე ბოლო ასოები გადასულია.
69. N. et M. Thierry, Nouvelles églises rupestres de Cappadoce, région du Hasan Dagi, Paris, 1963, გვ.206.
70. მაგალითად, ე.ისტმონდი თამარისა და ბასილის ცოლ-ქმრობის შესაძლებლობა აფლაკის ისტორიულ თხზულებაში დაცული ცნობიდან გამოჰყავს, რომლის თანახმად გურჯი ხათუნი ფარვანასაგან გაყრას ითხოვდა. აქედან, მკვლევარი ირიბად ასკვნის, რომ თამარი მესამედ უნდა გათხოვილიყო (A.Eastmond, Art and Frontiers between Byzantium and the Caucasus, გვ.169, სქოლიო 38). აღნიშნულ ცნობაში კი შემდეგია ნათქვამი: ერთხელ ფარვანას გურჯი ხათუნი ძლიერ გაუნაწყენებია. ყველა წარჩინებული დიდებული, დივანის წევრთა ჩათვლით, განაწყენებულ ქალბატონს ფარვანასათვის შეცდომის მიტევებას შევედრებია. გურჯი ხათუნი შერიგებას ერთადერთი პირობით დასთანხმებია: ფარვანას საჯაროდ უნდა დაეფიცა, რომ თავის მეუღლეს ყველა თხოვნას შეუსრულებდა. ფიცის გაჟღერებისთანავე გურჯი ხათუნს ფარვანასაგან გაყრა მოუთხოვია. სასოწარკვეთილ ქმარს რჩევისთვის ჯელალ-ედ-დინ რუმისთვის მიუმართავს. დიდ მისტიკოსს იგი შემდეგნაირად დაურიგებია: ყოველთვის, როცა კი მეუღლე გაყრის თაობაზე დადებული პირობის შესრულებას მოგთხოვს, უპასუხე, რომ აუცილებლად გაეყრები და დღიდან - დღემდე, უსასრულოდ, იგივე გაუმეორეო (Shams al-Din Ahmad-e Afaki, The Feats of the Knowers of God (Manaqeb al-‘arefn), Leiden, 2002, გვ.298).
|