topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

წეროვანი - ძეგლთა აღწერილობა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

(+)

წეროვანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. თბ., 1990. - გვ.338.

231. კეხიჯვრის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის განაპირას, მაღალი ქედის ფერდზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (9,048 X 8,11 მ), ნაგებია გულმოდგინედ შერჩეულია ნატეხი და რიყის ქვით, კონსტრუქციულ ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული, ხოლო დეკორატიული მიზნით - ღია - მომწვანო ფერის ტუფი. ეკლესია ძალზე დაზიანებულია (სახურავი ჩაქცეულია და სხვ).


ეკლესიის აფსიდი ნალისებრია, სატრიუმფო თაღი სადა, მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდში მაღალი და განიერი სარკმელია. ასეთივე სარკმელებია ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში. ეკლესიაზე ჩრდილოეთითა და სამხრეთით მიშენებულია სწორკუთხა სათავსები. ჩრდილოეთის მინაშენი (სამსხვერპლო; კამარა ჩანგრეულია), რომელშიც შესვლაც ეკლესიის დარბაზიდან შეიძლება, მოკლეა. სამხრეთისა (შემორჩენილია საძირკველი) კი ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს. აღმოსავლეთის ფასადის სარკმელი მორთულია ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი თაღოვანი სათაურით.

ანდღულაძე ნ.

232. ნამოსახლარი, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს წეროვნის საბჭოთა მეურნეობის დასავლეთით, გორაზე. ზედაპირულად აკრეფილი მასალის მიხედვით (თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, კაჟის ნამგლის დაკბილული ჩანართი და სხვ.), რომელიც ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ნამოსახლარი გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანით თარიღდება.

ირემაშვილი შ.

233. ნარეკვავის გორანამოსახლარი, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს თბილის - გორის გზატკეცილის მარცხენა მხარეს, სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთების გასწვრივ, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე. ნარეკვავის გორანამოსახლარი თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. გორანამოსახლარზე გათხრები დაიწყო 1975 წელს მმაე-მ (ხელმძღვანელი ა.აფაქიძე). ნარეკვავის გორანამოსახლარზე ხის ძელებითა და ალიზით ნაგები სახლები განლაგებულია ტერასულად. სახლის უკანა მარცხენა კუთხეში გამართულია ალიზის ორგანყოფილებიანი პურის საცხობი ღუმელი, რომელზეც საკურთხეველია მიშენებული. ნარეკვავის გორანამოსახლარზე მრავლად აღმოჩნდა შავპრიალა და რუხი ფერის სამეურნეო (ქვევრები, დერგები), სუფრისა და სამზარეულოს თიხის ჭურჭლის ნატეხები, საყოფაცხოვრებო და საკულტო ნივთები (კოლხური ცული, რკინის მოხრილი დანა, ბრინჯაოს ანკესი, ქალის თიხის ქანდაკება და სხვ.). მოპოვებული მასალა ინახება მცხეთის მუზეუმში.

ნიკოლაიშვილი ვ., სადრაძე ვ.

234. სამაროვანი, არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლიდ ჩრდილო - აღმოსავლეთით, სხალტბის ზედის ჩრდილოეთ კალთაზე. სამაროვანზე 1977 წლიდან სტაციონარული არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებს მმაე (ხელმძღვანელი ა.აფაქიძე). გაითხარა მჭიდროდ განლაგებული შვეულკედლებიანი მოგრძო ღრმა ორმოსამარხებილ რომლებშიც ასვენია 1, 2 და ზოგჯერ 4 ხელფეხმოკეცილი მოცვალებული, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთისაკენ, სამარხებში მრავლად აღმოჩნდა შავპრიალა და ნაცრისფერად გამომწვარი, ამოღარული და რელიეფური ორნამენტებით შემკული კერამიკული ჭურჭელი (კოჭობები, დერგები, ლანგრები), ბრინჯაოს სატევრები და სამკაული (სხვადასხვა მასალისა და ფორმი საკიდები, ბალთები, კილიტები, მძივები და სხვ.). ერთ - ერთ სამარხში აღმოჩნდა ინსიგნია - ძვლის კვერთხისთავი. აღმოჩენილი ინვენტარის მიხედვით სამარხი გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპით თარიღდება. სამარხის ჩრდილო - დასავლეთით 800-900 მეტრზე მეორე ასეთივე (ა) სამაროვანია.

ნიკოლაიშვილი ვ., სადრაძე ვ.

(+)

235. სამების ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის განაპირას, დასავლეთით შემაღლებულ ადგილას, სტილისტური ნიშნებით თარიღდება XI საუკუნით. 1946 წელს ძეგლი შეაკეთეს: გაამაგრეს დაბზარული კედლები და კამარა. ეკლესია დარბაზულია (9.55X5,79 მ), ნაგებია ყორე ქვით. გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო თლილი ქვის კვადრებით. ინტერიერში თლილი ქვისაა პილასტრები, კამარის საბჯენი თაღები, კონქი და კარ - სარკმლის საპირეები. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (ჩრდილოეთისა ამოქოლილია). აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდის ვიწრო სარკმლის ორივე მხარეს თითოთაღოვანი ნიშია. საკურთევლის შუა ნაწილში სატრაპეზო ქვა დგას. დასავლეთის კედელში ერთი, ხოლო სამხრეთისაში ორი ვიწრო სარკმელია გაჭრილი. დარბაზის კამარა პილასტრებზე დამყარებულ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ფასადები მორთულია დეკორატიული თაღებით. თაღების იმპოსტები მოჩუქურთმებულია, ბაზისებს შეწყვილებული ბურთულების ფორმა აქვს. აღმოსავლეთის აფსიდზე ოთხკუთხა სარკმელს დიდი ფოთლებით მორთული ტალღოვანი საპირე აქვს. სარკმლის ორივე მხარეს მაღალი თაღოვანი ნიშებია. სარკმლებს და ნიშებს დიდი თაღი აქვს შემოვლებული. დასავლეთის ფასადზე კუთხის ნახევარსვეტები გარკვეულ სიმაღლეზე ჰორიზონტალურ მიმართულებას იღებს და სარკმლის ზემოთ ქმნის თაღს, რომლის თავზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები ოთხ - ოთხი დეკორატიული თაღითაა შემკული. სამხრეთის ფასადზე თაღები სხვადასხვა ზომისაა. კარზე გადავლებული თაღი ყველაზე ფართო და მაღალია, ხოლო დასავლეთის განაპირა თაღი ყველაზე პატარა. ამ ფასადზე ერთ - ერთ სარკმელს ოთხყურა ფოთლოვანი მოტივით მორთული საპირე აქვს. ჩრდილოეთის ფასადის დეკორატიული თაღები ყველა ერთი ზომისაა, მაგრამ კარის მომიჯნავე ლილვები ცოკოლამდე არ ჩამოდის და თაღის ქუსლთან წყდება. ეკლესიას თაროსა და დახრილ სიბრტყისაგან შედგენილი ლავგარდანი აქვს.

კედია ს.