topmenu

 

ანძავი (ანზავი)

<უკან დაბრუნება

(+)

ფოტოების წყარო: http://tao-klarjeti.com/

ანძავი - ციხე და ეკლესია თურქეთში, ისტორიულ ტაოში, იქ სადაც ერთმანეთს უერთდება მდინარე კინეპოსი და ანძავისწყალი. კომპლექსი აგებული მაღალ კლდეზე და მოიცავს ციხე-კოშკს და ეკლესიას. კოშკი ოთხკუთხა ფორმისაა. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია უხარისხოდ გათლილი ქვებით. ე.თაყაიშვილმი წერდა, რომ  ეკლესია მთლიანად მოხატული იყოო, თუმცა ის ეკლესიამდე ვერ ავიდა და მხატვრობის აღწერა და შესწავლა ვერ შესძლო. დღესდღეობით ფრესკებიდან  მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ი.გივიაშვილი, სპეციალურად საუნჯესთვის

(+)

ანზავის ეკლესია - თაყაიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში // პარიზი. - 1938. - გვ.76.

კინეპოსის წყალი ერთვის ანზავის წყალს მარჯვნივ. ჩვენ ჩავეშვით ანზავის წყლის პირად და შევუდექით ანზავის ხეობას სათავისაკენ. ხეობა ვიწროა კლდოვან მთებში მოქცეული, მაგრამ სოფელ ანზავთან ფართოვდება. ჩრდილო-დასავლეთის მხრით სოფელს ახლავს მაღალი კლდე, ზემოდ დავაკებული და მოცული ციხე-სიმაგრეებით. კლდეს უვლის მაღალი ზღუდეები სამი ოთხკუთხედი კოშკით, ჩრდილოეთის მხრით მიუვალი ნაპრალია და ამ მხრით კედლები არ ახლავს; კოშკები ეხლა ჩამონგრეულია. ციხეზე ასავალი გზა ყოფილა დაბლიდან მიშენებულის კოშკის საშუალებით, რომელიც ეხლა მოშლილია. ამიტომ ჩვენთვის ეს ციხე შეუვალი შეიქნა, თუმცა ჩემი თანამოგზაურნი დიდად ეცადნენ ასვლას. ეს მით უფრო სამწუხაროდ დარჩა, რომ დაბლიდან, შუა ადგილას სიმაგრისა, მოჩანს კარგად დაცული პატარა ეკლესია, ჩვეულებრივი რიგისა, ნათალის ქვით შეძერწილი, ერთი კარით სამხრეთიდან და თითო ფანჯრით აღმოსავლეთის და დასავლეთის მხრით. ადგილობრივი მცხოვრებლებიდან ზოგნი თხასავით დადიან კლდეებზე. ერთი მათგანი ავგზავნეთ ზევით და იმან გადმოგვცა, ეკლესიის თაღი მხოლოდ ერთ ადგილას არის ჩამონგრეულიო და ეკლესიის კედლები სულ მოხატული არისო. სიგრძე ანზავის ხეობისა შეადგენს ოთხს კილომეტრს და სულ ბაღნარით არის მოცული. ამის მახლობლად არის მწვერვალი ზივინი; გზა აქედან სოფელ ხუვახზე მიდის. ანზავიდან გავემგზავრეთ სოფელ ერუკანზავში, რომელიც ანზავის წყლის შემდინარე ერუკის წყალზე მდებარეობს, სოფელში მისვლამდის გზაზე საზღვრის მცველთა პოსტია. აქ ვნახეთ პოსტის უფროსი და მისი ცოლი. კარგად მიგვიღეს. საშუალება მოგვეცა ნალები გამოგვეცვალა ცხენებისათვის. შემდეგ გავემართეთ ციხე ქოროღლისაკენ. ძველი სახელი ამ ციხისა უცნობია. ციხე გაშენებულია მაღალი კლდის მწვერვალზე და შორიდან დიდი ერთიანი ქვის სვეტის შთაბეჭდილებას ახდენს. ნამდვილად შენობა მოგრძოა და საკმაოდ კარგად დაცული. გადავიღეთ ფოტოგრაფიულად. მთის კალთები აქ შემოსილია ნაძვნარით და სურათი ადგილისა ერთობ ლამაზია. მახლობლად სადარაჯო პოსტი იყო, კარგ შენობაში მოთავსებული. მათი უფროსი იმ დროს იქ არ იყო და ჯარისკაცებმა ზრდილობიანად ვერ მიგვიღეს. ამიტომ იქ აღარ გავჩერდით და გავემგზავრეთ სიხსურში. სიხსურში ორი ეკლესია ყოფილა ქვისა, ჩვეულებრივი რიგისა. ერთი მიწასთან გასწორებულია, მეორის მარტო საძირკველი და ნაწილი კედლებისა მოჩანს. სამაგიეროდ, აქ კარგად დაცული დიდი სასაფლაოა. სასაფლაოს დიდრონი ქვები წარმოადგენენ ლამაზ ნახელავს ცხენების და ცხვრების ქანდაკებას. 5 აგვისტოს დასვენება გვქონდა ოლთისში. აქ გავიგეთ, რომ ერთ სომეხს, ნათან ეგოიანცს, ქვის ჯვარი, ხაჩქარი, ჰქონდა მანასკერტის სიმაგრიდან წამოღებული, ანისის მახლობლად. ჯვარი ლამაზი ნახელავი აღმოჩნდა.