topmenu

 

მ.ჩარკვიანი - სანათები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


ჭრაქი, ძვ.წ.III-II სს, ბრინჯაო, ვანი, ფოტოების წყარო: http://museum.ge

მაია ჩარკვიანი

სანათები

იბერია - კოლხეთი,

საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი,

2014 წ., N10, გვ.5-17

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/61853/1/Iberia_Kolxeti_2014_N10.pdf

სანათები საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებია, რომლებიც გამოიყენებოდა საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი (ტაძარი, აბანო, თეატრი, აკლდამა და ა.შ.) დანიშნულების ნაგებობების გასანათებლად. რელიგიური რიტუალებისა და დღესასწაულების დროს განსაკუთრებული განათება იყო საჭირო. ხშირია სანათების მიცვალებულისათვის სამარხში ჩატანების ფაქტი, საიქიოს გზის განათების მიზნით, რაც დაკავშირებულია იმდროინდელ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებთან და დასაკრძალავ რიტუალში გამოყენებასთან. არ არის გამორიცხული, სანათთა სიმრავლე საცხოვრებელ ნაგებობებში, მიუთითებდეს მოსახლეობაში მწიგნობრობის დონის ამაღლებაზე. გარკვეული პერიოდიდან სანათები მხატვრულ-ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ფუნქციასაც იძენენ. სანათთა ფუნქციიდან გამომდინარე, მათი ქრონოლოგიური და გეოგრაფიული არეალი ფართოა. მათ ვხვდებით კაცობრიობის განვითარების ისტორიის თითქმის ყველა პერიოდში (ზედა პალეოლითიდან დღემდე) და მსოფლიოს ყველა კუთხეში. უძველესი სანათები ნაპოვნია პალეოლითურ მღვიმეებში. პირველი წერილობითი წყარო, სადაც სანათზეა საუბარი, ჰომეროსის “ოდისეა”-ა (XIX სიმღერა): “წინ მიუძღოდათ მათ ათენა დიდი ქალღმერთი, ოქროს ნათელი სანათური ხელში ეჭირა” [ჰომეროსი, 1979:343]. ახ.წ.II საუკუნის ცნობილი ბერძენი მოგზაური და გეოგრაფოსი პავსანიასი თავის ნაწარმოებში “ელადის აღწერა” მოიხსენიებს ბერძენ მოქანდაკე კალიმაქოსს (ძვ.წ. V ს.), რომელმაც ქალღმერთ ათენასთვის ოქროს სანათი შექმნა, რომელიც ათენის აკროპოლისზე, ერექტეიონში ჩაუქრობლად ენთო, რადგან პატრუქი კარპასიური სელისაგან იყო დამზადებული [Павсаний, 2002:70]. სანათების სახეობებია: კვარი, ჩირაღდანი, ფარანი, ჭრაქი, ლამპადარია, კანდელაბრი, ჭაღი, ლამპარი და სხვ. მრავალფეროვანია მათი ფორმა, მასალა და შემკულობა. სანათების დასამზადებლად გამოიყენებოდა სხვადასხვა მასალა: ქვა, თიხა, ლითონი (ბრინჯაო, რკინა, ვერცხლი, ოქრო), მინა. დროთა განმავლობაში იცვლებოდა მათი ფორმა, დამზადების ტექნოლოგია და შემკულობა. სანათები სხვადასხვა გეომეტრიული თუ სტილიზებული ორნამენტით იყო შემკული, მათზე ხშირად გამოისახებოდა როგორც მითოლოგიური და რელიგიური სიუჟეტები, ისე საყოფაცხოვრებო სცენები და საგნები. პატრუქის დასამზადებლად ლერწმის გულს, სელსა და კანაფს იყენებდნენ, ხოლო საწვავად - თხილის, ყაყაჩოს, წიფლის, სელის, ზეითუნის ზეთს ან ქონს, შესაძლებელია ნავთობიც ეხმარათ. პატრუქის წვერის გასასწორებლად საგანგებო ხელსაწყო – ბრინჯაოს კაუჭი - არსებობდა [კიღურაძე, 1977:214; გამყრელიძე, 2001:26-30]. თიხა, ძირითადად, მსუბუქი და იოლად გადასაადგილებელი ჭრაქების დასამზადებლად გამოიყენებოდა. შესაბამისად, თიხის ჭრაქები, სხვა დანარჩენთან შედარებით, ბევრად მრავალრიცხოვანია და ალბათ, უფრო ყოველდღიური მოხმარების საგანს წარმოადგენდა. ნედლი თიხისგან ჭრაქების ფორმის გამოყვანა ძირითადად სამი ხერხით ხდებოდა – 1. მარტივი ხელითნაძერწობით, 2. კერამიკულ მორგვზე, 3. ყალიბში. ხელითნაძერწ ჭრაქებს, მარტივად, ყოველგვარი ხელსაწყოს გამოყენების გარეშე, ხელით ეძლეოდა ფორმა და როგორც წესი, უხეშ და სადა ნივთებს წარმოადგენენ. მათი ქრონოლოგიური დიაპაზონი ფართოა (ძვ.წ.III ათასწლეულიდან ახ.წ. XVI-XVII საუკუნეებამდე). კერამიკულ მორგვზე ჭრაქების დამზადება შემდეგნაირად ხდებოდა – მორგვზე გამოიყვანებოდა ტანი, შემდეგ ემატებოდა დანარჩენი დეტალები, ნაკერები საგანგებოდ იგმანებოდა, და ხდებოდა გამოწვა. მათი წარმოება იწყება ძვ.წ. VI საუკუნიდან. ჭრაქის ყალიბში დასამზადებლად - ყალიბის ორივე საგდული თიხის თხელი მასით ილესებოდა. მასის გამოშრობის შემდეგ ხდებოდა ყალიბიდან გამოღება, შეერთება, დარჩენილი ნაკერის მოდალური შტამპით დამუშავება და ჰაერზე გაშრობა, სხვადასხვა ორნამენტით დაფარვა და ღუმელში გამოწვა. ყალიბის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ჭრაქების მრავალნაირი ორნამენტით შემკობა. ითვლება, რომ პროტოტიპი, ყალიბში დამზადებული თიხის ჭრაქებისა, ლითონის ჩამოსხმული ჭრაქები იყო. მათი წარმოება დაიწყო ძვ.წ. II საუკუნიდან და კარგა ხანს ჩაანაცვლა მორგვზე დამზადების ტექნოლოგია. ახ.წ.III-IV სს-ში ისევ აღორძინდა მორგვზე დამზადების წესი და ყალიბში დამზადების წესთან ერთად განაგრძო არსებობა [Арсеньева, 1988:3-6]. ლითონისგან (ბრინჯაო, რკინა და სხვ.) და მარმარილოსაგან დამზადებული სანათები (ჭრაქები, ლამპადარიები, კანდელაბრები, ჭაღები), თუ გავითვალისწინებთ მასალის სიძვირესა და დამზადების რთულ ტექნოლოგიას, უფრო სადღესასწაულო და რელიგიურრიტუალური დანიშნულებისა იყო. ბრინჯაოს სანათები ჩამოსხმით, ხოლო რკინისა – ჭედვით მზადდებოდა. ისინი სასახლეებს, ტაძრებსა და ადმინისტრაციულ შენობებს ამშვენებდნენ. ცნობილია, რომ ბრინჯაოს თუ სხვა ლითონისაგან დამზადებული სანათები ძვირფას სასაჩუქრე საგანსაც წარმოადგენდნენ. მინის სანათები (ჭრაქი, ლამპარი) მინის თავისუფლად ან ყალიბში გამობერვისა და ყალიბში ჩამოსხმის ტექნიკით მზადდებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სანათები - ქრონოლოგიური დიაპაზონით - ძვ.წ. 700 წ. – ახ.წ. 700 წ. - შეიძლება დავაჯგუფოთ ადგილობრივად დამზადებულ და უცხოურ, შემოტანილ ნაწარმად. ასევე ცალცალკე განვიხილავთ თიხისგან, ლითონისაგან და მინისგან დამზადებულ ნიმუშებს.

თიხის ადგილობრივი ჭრაქები

თიხის ადგილობრივი ჭრაქები შეიძლება ოთხ ტიპად დაიყოს: ჯამისებური, ფეხიანი სასმისისებური, ოთხკუთხა თეფშისებური, ე.წ. “ჩაიდნისებური". თავიდანვე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თიხის ჭრაქების გარჩევა თუ ტუჩიანი ნატეხი არაა შემორჩენილი, რთულია და უმეტესად ჯამებადაა მიჩნეული, ასევე ძნელდება ფეხიანი ჭრაქების იდენტიფიკაცია, ისინი ხშირად სასმისებად განიხილება. ჭრაქის ტუჩი, როგორც წესი შემურულია. ამასთან დაკავშირებით, ჭრაქებისა და სასაკმევლეების გარჩევა ჭირს. თუმცა შესაძლებელია ჭრაქები, მათში ჩასხმული სურნელოვანი ეთერზეთებით, დამატებით, სასაკმევლის ფუნქციასაც ითავსებდა.

I ტიპი. ჯამისებური ჭურჭელის ფორმის, ფართო პირით, ტუჩ-სადინარით, ბრტყელი ძირით, სახელურით. სახელური ორი სახისაა – შვერილი და ყური. ასევე გვხდება უსახელურო ეგზემპლარებიც. ამ ტიპის ჭრაქები აღმოჩენილია: სიმაგრის ნამოსახლარის II ფენაში (ხობის მუნიც.), თარიღდება ძვ.წ. VI-V სს-ით [მიქელაძე, 1978:58, ტაბ. XXXVI, 299]; სოფ.ბეშთაშენის (წალკის მუნიც.) ციხესთან მდებარე სამაროვანის N59 სამარხში, თარიღდება ძვ.წ. V ს-ით [მენაბდე, ... 1968:141, ტაბ. XV, 550; Нариманишвили, 1991:22-23, 126, სურ.225] (ტაბ. I,1); ვარსიმაანთკარის სამაროვანის N13 სამარხში (კენოტაფი?), სოფ.ვარსიმაანთკართან (დუშეთის მუნიც.), თარიღი ძვ.წ. V-IV სს. [წითლანაძე, 1983:52-76 (60), ტაბ. XXI,5; Нариманишвили, 1991:22-23, 126, სურ.200]; კამარახევის სამაროვანზე, სოფ.წიწამურთან (მცხეთის მუნიც.), სამარხებში NN 3, 10, 11, 33, 103, 127, 130, 140, 141, 146, 148, 151 - 12 ცალი, თარიღი ძვ.წ. V-IV სს. [ჯღარკავა, 1982:139-190; Нариманишвили, 1991:22-23, 125, სურ. 193-199, 201-206]; “დაჭრილების” სამაროვანის N1 ქვევრსამარხში, სოფ.კავთისხევთან (კასპის მუნიც.), თარიღი ძვ.წ. IV-III სს. [ნაკაიძე, 1980:30, ტაბ. XXV,1; Нариманишвили, 1991:22-23, 126, სურ.221]; უფლისციხის ნაქალაქარის (გორის მუნიც.), ბამბების სამაროვანზე, სამარხი N2, თარიღდება ძვ.წ. IV-III სს-ით [ხახუტაიშვილი, 1964:77, ტაბ.XLV,4; Нариманишвили, 1991:22-23, 126, სურ.217]; სამაჩვეთის სამაროვანზე, სოფ.ასურეთთან (თეთრიწყაროს მუნიც.), თარიღდება ძვ.წ.IV-III სს-ით [Нариманишвили, 1991:22-23, 126, სურ.216] (ტაბ.I,4); მუხათგვერდის სამაროვანზე, სოფ. მუხათგვერდი (მცხეთის მუნიც.) - 9 ცალი, თარიღდება ძვ.წ.IV-III სს-ით [Нариманишвили, 1991:22-23, 126, სურ.207-215] (ტაბ.I,3); გომარეთის სამაროვანზე, სოფ.გომარეთთან (დმანისის მუნიც.), თარიღდება ძვ.წ. IV-III სს-ით [Нариманишвили, 1991:22-23, 126, სურ.226]; სამადლოს ნაქალაქარზე (მცხეთის მუნიც.), 6 ც., ძვ.წ.III-II სს. [Нариманишвили, 1991:22-23, 126, სურ. 218-220, 222-224; Гагошидзе, 1981:13, 14, 29, 33]; ქ.მცხეთაში, სვეტიცხოვლის უბანზე, სამარხ N6-ში, თარიღი ახ.წ. I-II სს. [აფაქიძე,... 1978:687]; კრამიტსამარხ N46-ში (დავით აღმაშენებლის ქუჩაზე), თარიღი ახ.წ. I-II სს. [აფაქიძე,... 1995:14, სურ.31] (ტაბ.I,5); ბაიათხევის სამაროვანზე, სამარხ N13-თან ახლოს, ახ.წ. I-II სს. [ნიკოლაიშვილი,... 1995:133, სურ.1119, 1312]; კარსნისხევის მეთუნე-ხელოსანთა ნასახლარზე, სოფ.კარსანთან (მცხეთის მუნიც.), მე-3 და მე-5 სახლებში, მე-4 და მე-8 ორმოებში, 5 ცალი, თარიღი ახ.წ. I-II სს. [ნიკოლაიშვილი, 1993:108, ტაბ.XXI,3, XXII,1-2; 106, ტაბ.XI,5; 110, ტაბ.XXXII,4] (ტაბ.I,6); ქ.მცხეთაში, სამთავროს სამაროვანზე, სამარხებში NN6, 36, 38, 154, 158 - 19 ცალი, თარიღი ახ.წ. II ს. [Иващенко, 1980:81, 91, 92]; ქ. მცხეთაში, სვეტიცხოვლის უბანზე, ნამოსახლარის ზედა, მესამე ფენაში, თარიღი ახ.წ. IV-V სს. [აფაქიძე, ... 1978:68].

დიდი მცხეთის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი, დონჟონში აღმოჩენილი ჭრაქი.

II ტიპი. სასმისისებური ჭურჭლის ფორმის, კონუსისებური ტანით, გამოყვანილი ფეხით, ტუჩ-სადინარით. ამ ტიპის ჭრაქები აღმოჩენილია: სიმაგრის ნამოსახლარის III ფენაში (ხობის მუნიც.), თარიღი ძვ.წ. VI-V სს. [მიქელაძე, 1978:58, ტაბ. XXXVI, 179] (ტაბ.I,2); ქ. მცხეთაში, სამთავროს სამაროვანზე, სამარხ N73-ში, თარიღდება ახ.წ. II ს-ით [Иващенко, 1980:81, 92]; გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში, კოშკი N2, თარიღდება ახ.წ. II ს-ით [ლორთქიფანიძე გ. ... 2002:170, ტაბ.XIII,2]; ადეიშვილების გორის ნამოსახლარი, N12 თხრილის ნაგებობაში, სოფ.მთისძირში (ვანის მუნიც.), თარიღი ახ.წ. IV-V სს. [გამყრელიძე, 2001:139-147, ტაბ.I] (ტაბ.I,9); ურბნისის ნაქალაქარის (ქარელის მუნ.), XVI-4 უბანზე, დათარიღებულია ახ.წ. V-VII სს-ით [ჭილაშვილი, 1964:114, ტაბ.XLIV,2]; სვენეთის ნასოფლარზე, N11 თხრილში (გორის მუნ.), თარიღი ახ.წ. V-VI სს. [მინდორაშვილი, …2012:76, ტაბ.II,18; IV,20] (ტაბ.I,10); ლოჭინის ნასოფლარზე (გარდაბნის მუნ.), თარიღი ახ.წ. V-VII სს. [აბრამიშვილი,... 1962:202]; ბარმაქსიზის სამაროვანის N3 სამარხში (წალკის მუნ.), თარიღი ახ.წ. V-VII სს. [Куфтин, …1941:22]; უფლისციხის ნაქალაქარის, ცენტრალური უბნის ხევი (გორის მუნ.), 2 ც., ახ.წ. VI-VII სს. [მინდორაშვილი, …2008:27, ტაბ.IX,1-2].

III ტიპი. ოთხკუთხა, ლამბაქისებური ჭურჭლის ფორმის, ბრტყელი, ოთხი საპატრუქე ტუჩით. ამ ტიპის ჭრაქი აღმოჩენილია: ბიჭვინტის ნაქალაქარის III თხრილში, 5 ც., ახ.წ. IV ს. [კიღურაძე, 1977:215, 221, სურ.439] (ტაბ.I,8).

IV ტიპი. ე.წ. “ჩაიდნისებური” ფორმის ჭურჭელი, პირგადაშლილი, დაბალყელიანი, გრძელი საპატრუქე ლულით. ამ ტიპის ჭრაქები აღმოჩენილია: ბიჭვინთის ნაქალაქარის, III თხრილში, 6 ც., ახ.წ. IV-V სს. [კიღურაძე, 1977:217, 220-221, სურ.441, 445, 446, 447, 476, 479]; ნოქალაქევის ნაქალაქარზე (სენაკის მუნიციპალიტეტი), 2 ც., ახ.წ. IV-V სს. [ზაქარაია, ... 1977:107, ტაბ.XX,2; Леквинадзе,... 1981:134, ტაბ.XLIX,4] (ტაბ.I,7). ცალკეა აღსანიშნავი კვაშტის ნამოსახლარზე (ქედის მუნიციპალიტეტი) დაფიქსირებული ჭრაქის ფრაგმენტი, რომელიც ფორმით ატიკურის მსგავსია, მაგრამ ადგილობრივი თიხისგან დამზადებული, ძვ.წ. V ს. [კახიძე, ... 1993:69, ტაბ. XX,1].

უცხოური თიხის ჭრაქები

რაც შეეხება უცხოურ სანათებს, ისინი დიდი რაოდენობით მზადდებოდა ძველი სამყაროს ტრადიციულ კერამიკულ სახელოსნოებში, ისეთებში როგორიც იყო ეფესო, სამოსი, ათენი, რომი, ალექსანდრია, პერგამონი, კართაგენი, ანტიოქია და სხვ. ჭრაქები იდამღებოდა ამ სახელოსნოთა სიგნატურით. ისინი ფრიად საინტერესოა სავაჭრო ურთიერთობების დადგენისათვისაც. უცხოური თიხის ჭრაქები ორი ტიპისაა - ღია რეზერვუარით და დახურული რეზერვუარით. ღია რეზერვუარიანი ჭრაქი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: კორპუსი-რეზერვუარი (ცილინდრული ან მრგვალი), ფართო პირი, საპატრუქე ცხვირი ან მილი (საყვირისებური, ბუკისებური, ჩიბუხისებური), სახელური - შვერილი ან ყური (ორლულიანი ან დაღარული მარყუჟისებრი), ბრტყელი ან ქუსლიანი ძირი. დახურულ რეზერვუარიანი ჭრაქი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: კორპუსირეზერვუარი (ცილინდრული ან მრგვალი), ფარაკი (ამოზნექილი ან ჩაზნექილი, ხშირად ძაბრისებური), რომელზეც დატანილია ზეთის ჩასასხმელი ნახვრეტი, საპატრუქე ცხვირი ან მილი (საყვირისებური, ბუკისებური, ჩიბუხისებური), სახელური - შვერილი ან ყური (ორლულიანი ან დაღარული მარყუჟისებრი), ბრტყელი ან ქუსლიანი ძირი. განათების ეფექტის გასაძლიერებლად ჭრაქები რამდენიმე საპატრუქეთიც (ორი, სამი და ა.შ.) გვხვდება.

ჭრაქი, IV-V სს., ბრინჯაო, ნეკრესის ნაქალაქარი

უცხოური თიხის ჭრაქები ელინისტურ ხანაში ლაკითაა დაფარული, გვიანანტიკურში – წითელი საღებავით. საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული უცხოური ნაწარმი მიეკუთვნება შემდეგ საწარმოო ცენტრებს – კორინთოს, იონიას, ატიკას, პერგამონს, სამოსს, ალექსანდრიას და სხვ. სიგნატურიანი ჭრაქი სადღეისოდ აღმოჩენილი არ არის.

I ტიპი ღია რეზერვუარით. ამ ტიპის ჭრაქები აღმოჩენილია: სიმაგრის ნამოსახლარის, II ფენაში (ხობის მუნიც.), ძვ.წ. VI-V სს., კორინთული ღია ტიპის [მიქელაძე, 1978:67, ტაბ. XLIV, 371] (ტაბ. I,11); იონიური ღია ტიპის [მიქელაძე, 1978:67, ტაბ. XLIV,73] (ტაბ.I,12); გიენოსის ნაქალაქარზე (ქ.ოჩამჩირე), ატიკური, ძვ.წ. II ს. [კაჭარავა, 1972] (ტაბ.I,13); საყანჩიას ნამოსახლარზე (ვანის მუნიციპალიტეტი), IIა სათავსოს ქვეშ გათხრილ ქვაყრილში, 2 ც., ატიკური, ძვ.წ. II ს-ის პირველი ნახევარი [ლიჩელი, 1991:644]; გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში, აბანოების უბნის ახ.წ. II-III სს-ის კულტურულ ფენებში, სამოსური, თეფშისებრი ჭრაქი-სასანთლე, ახ.წ. II-III სს. [ებრალიძე, 2004:37, ტაბ.II, 6].

II ტიპი დახურული რეზერვუარით. ამ ტიპის ჭრაქები აღმოჩენილია: გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში, ზღუდის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში შჭ XII სექტორის 25-ე კვადრატი, დასავლეთ ევროპული, ახ.წ. I ს-ის მეორე-მესამე მეოთხედი [ებრალიძე,... 2004:33, ტაბ.I, 1]; ციხის გარე ტერიტორიაზე, კულტურულ ფენაში, სამოსური, ახ.წ. I ს-ის მეორე-მესამე მეოთხედი [ებრალიძე, …2004:36, ტაბ.II, 4]; აქვილეადან, ახ.წ. I-II სს. [ებრალიძე, ... 2004:37, ტაბ. II,8] (ტაბ. I,16); N2 კოშკში, პერგამონული, ახ.წ. I ს-ის მესამე მეოთხედი [ებრალიძე, ... 2004:33, ტაბ.I,2]; პერგამონული, ახ.წ. I ს-ის მესამე მეოთხედი, [ებრალიძე, ... 2004:34, ტაბ.I,3]; პერგამონული, ახ.წ. I ს-ის მესამე მეოთხედი [ებრალიძე,... 2004:34, ტაბ.I,4]; პერგამონული, ახ.წ. II ს-ის დასაწყისი [ებრალიძე,... 2004:34, ტაბ.I,5] (ტაბ.I,14); პერგამონული, ახ.წ. II ს-ის დასაწყისი [ებრალიძე,... 2004:35, ტაბ. I,6]; პერგამონული, ახ.წ. II ს-ის დასაწყისი [ებრალიძე,... 2004:35, ტაბ.I,7]; პერგამონული, ახ.წ. II ს-ის დასაწყისი [ებრალიძე, ... 2004:35, ტაბ.9 I,8]; პერგამონული, ახ.წ. II ს; [ებრალიძე,... 2004:35, ტაბ.I, 9]); პერგამონული, ახ.წ. II ს. [ებრალიძე,... 2004:36, ტაბ.II, 1]; ქ.მცხეთა, ბაიათხევის ნასახლარის მეორე ფენაში, I ნაკვეთის მე-106 კვადრატში, იმპორტული, ახ.წ. I-II სს. [ნიკოლაიშვილი,... 1995:133, სურ.1120, 1313]; გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში, სამოსური, ახ.წ.II ს. [ებრალიძე,... 2004:37, ტაბ.II, 5]; იტალიკური, ახ.წ. II-III სს. [ებრალიძე,... 2004:38, ტაბ.II,9] (ტაბ.I,17); სამხრეთაღმოსავლეთ უბანზე, სამოსური, 3 ც., ახ.წ. II ს. [მამულაძე,..., 2013:195, ტაბ.IX,1]; აბანოს ერთ-ერთი კედლის ნაშთის დონეზე, პერგამონული, ახ.წ. II-III სს., [ებრალიძე,... 2004:36, ტაბ.II,2]; შიდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში (83-ე კვ.), ალექსანდრიული, ახ.წ. II-III ს. [ებრალიძე, ... 2004:37, ტაბ.II,7] (ტაბ.I, 15); პერგამონული, ახ.წ.III ს. [ებრალიძე,... 2004:36, ტაბ.II,3]; ბიჭვინტის ნაქალაქარზე, III თხრილში, პერგამონული, ახ.წ. III სს. [კიღურაძე, 1977:216, 219, სურ.440, 443, 444, 469]; ატიკური, ახ.წ. III-IV სს. [კიღურაძე, 1977:215-216, 218, სურ.460, 461, 475] (ტაბ.I,18); მცირე აზიური, ახ.წ. III-IV სს. [კიღურაძე, 1977:217, 219, სურ.442, 462]; პერგამონული, ახ.წ. IV-V სს. [კიღურაძე, 1977:215, სურ.450, 463]; ალექსანდრიული, ახ.წ. IV-V სს. [კიღურაძე, 1977:215, 217-218, სურ.470, 472]; სამოსური, ახ.წ. IV-V სს. [კიღურაძე, 1977:217, 220, სურ.477, 478] (ტაბ.I, 19); კლდის ნამოსახლარზე (ახალციხის მუნიც.), რომაული, ფრაგმენტი, გამოსახულია პეგასი, ახ.წ. II-IV სს. [კულტურული მემკვიდრეობის….., 2011:94,160].

ლითონის სანათები

ლითონის სანათების სახეობებია - ჭრაქი, კანდელაბრი (სადგარი, მასზე დადგმული ან დაკიდებული ჭრაქით), ლამპადარია (კედელზე ან კანდელაბრზე დასაკიდი ჭრაქი), ჭაღი (ჭერზე დასაკიდი ჭრაქი). საქართველოს ტერიტორიაზე ლითონის სანათები აღმოჩენილია:

ჭრაქი, ძვ.წ. III-II სს, ბრინჯაო, ვანი.ფოტოს წყარო: http://museum.ge

1. ჭრაქები - ვანის ნაქალაქარის, ქვედა ტერასაზე (ნაკვ.186), ხანძრის შედეგად წარმოშობილ ფენაში (ქ. ვანი), ბრინჯაოს, იტალიკური ან მცირე აზიის რომელიმე სახელოსნო, ძვ.წ. II ს. [ლორთქიფანიძე ოთ,... 1972:102, სურ.23] (ტაბ.II,1); ქვედა ტერასაზე (ნაკვ.203, კვ.ა9), განძის შემადგენლობაში, ბრინჯაოს, ექვსი საპატრუქეთი, რომელთაგან სამი შემკულია ადამიანის ბიუსტით, სამი კი - სპილოს თავის გამოსახულებით, ძვ.წ. II-I სს. [ახვლედიანი, 2008:129, ტაბ. I-II; ლორთქიფანიძე ნ., 2011:47-53] (ტაბ.II,3); ბრინჯაოს, ერთი საპატრუქეთი, შემკული ვაზის ფოთლებისა და ყურძნის მტევნების გამოსახულებებით, ძვ.წ. II-I სს. [ახვლედიანი, 2008:129, ტაბ.I-II] (ტაბ.II,2); დედოფლის გორაზე, N1 ოთახში (ქარელის მუნიციპ.), რკინის, შემკული ბრინჯაოს, ჰიპოკამფის სკულპტურული გამოსახულებით, ახ.წ. I ს-ის დასაწყისი [Löჰრ, 2008:158-159, კატ.N42, ტაბ.63] (ტაბ.II,6); რკინის, ბრტყელძირა, მრგვალყურიანი, ახ.წ. I ს-ის დასაწყისი [Löhr, 2008:158-159, კატ.N44, ტაბ. 63] (ტაბ.II,10); რკინის, მომრგვალებული ძირით და ტუჩით, უსახელურო, ახ.წ. I ს-ის დასაწყისი [L Löhr, 2008:158-159, კატ.N45, ტაბ.63] (ტაბ.II,8); რკინის, 3 ც., ძირი ბრტყელი, გვერდები მკვეთრად დაქანებული ან ოდნავ მომრგვალებული, ახ.წ. I ს-ის დასაწყისი [L Löhr, 2008:158-159, კატ.N46-48, ტაბ.63] (ტაბ.II,7, 9, 11); გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრის, ცენტრალური ნაწილის კულტურულ ფენაში, ბრინჯაოს, 2 ც., ახ.წ. I-II სს. [მამულაძე,... 2007:44] (ტაბ.II,4-5); ბიჭვინტის ნაქალაქარზე, III თხრილში, ბრინჯაოს, რელიეფური ბურცობებით შემკული კორპუსით, ახ.წ. III-IV სს. [რამიშვილი, 1965:116, სურ.12; კიღურაძე, 1977:212, სურ.473,474] (ტაბ.II,12); ჭაბუკაურის ნაეკლესიარზე, ნეკრესის ნაქალაქარზე (ყვარლის მუნიც.) ბრინჯაოს, ახ.წ. IV ს. [ბახტაძე, 2010:213, ტაბ.II,1] (ტაბ.II,13)

2. კანდელაბრები - ალგეთის მდიდრული სამარხში, სოფ.წინწყარო (თეთრიწყაროს მუნიცპ.), ბრინჯაოს, სამფეხა სადგარი წარმოდგენილია ადამიანის, კარგად გამოკვეთილი, მუხლში მოხრილი, რადიალურად გაშლილი ფეხებით, რომელთა შეერთების ადგილას მოთავსებულია დაკბილული დისკო, ძვ.წ. IV-III სს. [Куфтин, …1941:41, ტაბ.X; დავლიანიძე, 1976:130-131, ტაბ.XIII,8] (ტაბ.III,2); ტახტიძირის სამაროვანზე (ქარელის მუნიციპ.), სამარხში N8, რკინის, სამფეხა სადგარი წარმოდგენილია ადამიანის ფეხებით, ოვალური ბურცობებით შემკული ღეროთი და ჯამით, ძვ.წ. IV-III სს. [გაგოშიძე,... 2011:27,2] (ტაბ.III,1); ვანის ნაქალაქარის, ქვედა ტერასაზე (ნაკვ.203, კვ.ა9), განძის შემადგენლობაში, რკინის, 2 ცალი, სამფეხა სადგარი წარმოდგენილია ცხოველის ფეხებით, მრგვალგანივკვეთიანი ღეროთი, თავზე მირჩილული თეფშით, ძვ.წ.II-I სს. [ახვლედიანი, 2008:129, ტაბ.I-II]; დედოფლის გორაზე, ნაქალაქარი, (ქარელის მუნიციპ.), N11 ოთახში, რკინის, 2 ცალი, ერთი - ლენტისებურ მარყუჟიან სამფეხაზე დაყრდნობილი გრეხილი ღეროსა და მასზე დამაგრებული დისკოსებური ჯამისგან შედგება, მეორე - სადა სამფეხასაგან, ღეროსა და ჯამისაგან, ახ.წ. I ს-ის დასაწყისი [LLöhr, 2008:158-159, კატ.N39, 40, ტაბ.63] (ტაბ.III,3-4); N1 ოთახში, რკინის, ლენტისებურ მარყუჟიან სამფეხაზე დაყრდნობილი, სადა ღეროთი [LLöhr, 2008:158-159, კატ.N41, ტაბ.63] (ტაბ.III,5); გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრის, ცენტრალური ნაწილის კულტურულ ფენაში, ბრინჯაოს, სამფეხა, ცილინდრულტანიანი, მაღალკონუსურ-საპატრუქემილიანი. მისი კორპუსი ორ ფრიზადაა დაყოფილი. ქვედაზე მოცემულია წარწერა: c. coh. avr. c.r, რაც შემდეგნაირად იკითხება: c. coh(ors) avr(elius) c(ivium) r(omanorum), ახ.წ. II ს. [მამულაძე,... 2007:47]; “რიყიანების ველის” სამაროვნის, სამარხში N2, სოფ.აღაიანი (კასპის მუნიციპ.), რკინის, ფიგურულ სამფეხაზე დამაგრებული, სამწილადი ღეროსა და მასზე დარჩილული დაბალნაპირებიანი ფიალისგან შედგება. ფიალის ძირზე სამი გველის გამოსახულებაა, ახ.წ. I ს-ის პირველი ნახევრი [მირიანაშვილი 1983:24, ნახ.4] (ტაბ.III,6); არმაზისხევის სამაროვანზე, სამარხში N6 (ქ.მცხეთა), რკინის, საკმაოდ რთული აღნაგობისა - მაღალი, მართი კუთხით მოხრილი სამფეხა და ღერო, წამოცმული ხის დახარატებული დეტალით, რომელზეც შემოკრული იყო ვერცხლის ფირფიტა, როგორც ეს სარეცლის ფეხების შემკულობისთვისაა დამახასიათებელი. ორნამენტი შედგება ერთმანეთისაგან სალტეებით გამოყოფილი კანელირებული სფერული ნაწილებისაგან. ზედა ნაწილზე დამაგრებული ყოფილა ლინზური ფორმის ორნამენტირებული ჯამი შუაში საპატრუქე ნახვრეტით, ახ.წ. II ს. [აფაქიძე,... 1955:77, ტაბ.LXXV]; ზღუდერის სამაროვანზე,

ჭრაქი, ნაქალაქარი ნეკრესი, IV-V სს

სამარხში N2, სოფ.ზღუდერი (ქარელის მუნიც.), რკინის, სამფეხა სადგარზე დამაგრებული ქოთნისებური სანათი (ნივთი ძალიან დაზიანებულია), ახ.წ. III ს. [ბრაუნდი,...… 2008:60]; ხოვლეს სამარხი N1, სოფ.ხოვლე (კასპის მუნიც.), რკინის, სამ სწორ ფეხზე მიდუღებულიჯამი, ახ.წ. III ს. [შატბერაშვილი, 2007:91, ტაბ.II,9] (ტაბ.III,7).

3. ლამპადარიები - “რიყიანების ველის” სამაროვანის, სამარხში N7, სოფ.აღაიანი (კასპის მუნიც.), რკინის, ახ.წ. I ს-ის შუა ხანები, [მირიანაშვილი, 1983:26, სურ.100] (ავტორის აზრით ცალუღელა სასწორია); არმაზისხევის სამაროვანის N6 სამარხის გარეთ, სამხრეთ - დასავლეთ კუთხესთან, ქ.მცხეთა, რკინის, ჯამი საკიდის დეტალებით, ახ.წ. II ს. [აფაქიძე,... 1955:81-82, ტაბ.LXXVI,3]; სამთავროს სამაროვანზე, სამარხი N212 (ქ.მცხეთა), რკინის, ჯამი საკიდი ჯაჭვის დეტალებით, ახ.წ. II ს-ის პირველი ნახევარი [Иващенко, 1980:60, 118, 225, სურ.322]; სამთავროს სამაროვანზე, აკლდამა-სამარხი 905, რკინის, ჯამი, რკინისავე ჯაჭვით ჩამოკიდებული სამარხის კედელზე, ახ.წ. III ს. [აფაქიძე,... 1987:17-18; აფაქიძე,... 1996:31, ტაბ.XXXVI,2; LIV,1] (ტაბ.IV,2).

4. ჭაღები - ვანის ნაქალაქარის, ქვედა ტერასაზე (ნაკვ.203, კვ.ა9), განძის შემადგენლობაში, ბრინჯაოს, 2 ცალი, ერთი - სამი საპატრუქეთი, დასაკიდებელი რგოლებით (ზემოდან), შემკული არწივისა და განიმედესის გამო-11 სახულებით, მეორე - სამი საპატრუქეთი და რეზერვუარის სახურავით, საპატრუქეებზე დასაკიდებელი რგოლებით (ზემოდან და ქვემოდან), შემკული ეროსის ოთხი ფიგურით, ძვ.წ.II-I სს. [ახვლედიანი, 2008:129, ტაბ.I-II] (ტაბ. IV,1); დედოფლის გორაზე, N1 ოთახში, ნაქალაქარი (ქარელის მუნიციპ.) რკინის, თეფშითა და საკიდი რგოლებით, ახ.წ. I ს-ის დასაწყისი [Löhr, 2008:158-159, კატ.N43, ტაბ.63] (ტაბ.IV,3); ნოქალაქევის ნაქალაქარი (სენაკის მუნიციპალიტეტი), ბრინჯაოს, ქოროსის მრგვალი, აჟურული დისკები (2 ც.) დამაკავშირებელი ჯაჭვებით, ჯვრისებური მონოგრამით, ახ.წ. IV-VI სს. [ზაქარაია,…... 1977:107, ტაბ.XX,1; Леквинадзе, 1982:146, ტაბ.LI,1-2] (ტაბ.IV,4); ჭაბუკაურის ნაეკლესიარზე, ნეკრესის ნაქალაქარზე (ყვარლის მუნიც.) ბრინჯაოს, 4 ც., 2 ც. – მთლიანი (ოთხი და ექვსი საპატრუქეთი), ახ.წ. IV-V სს. მიჯნა [ბახტაძე, 2010:213, ტაბ.II,2] (ტაბ.IV,5).

ჭრაქი, გონიო, I-II სს, აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მინის ლამპრები

ადრე შუა საუკუნეებიდან ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით, ხმარებაში ფართოდ შემოდის მინის სანათების ერთერთი სახეობა – ლამპარი, რომლებიც ლითონის ბუდეში იდგმებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ლამპრების ფრაგმენტები ფორმით ორი ტიპისაა - სწორკედლებიანი ღრმა თასი, რომელიც ქვემოთკენ ვიწროვდება და ფეხით (წვეთისებური - ბურთულადაბოლოებული ან დამუხლული) ბოლოვდება და სწორკედლებიანი ღრმა თასი, პირთან მილღობილი პატარა ყურით, რომელიც ძირისკენ მცირედ ვიწროვდება და შედრეკილი ძირი აქვთ. ისინი მინის თავისუფლად გამობერვის ტექნიკითაა დამზადებული, სადღეისოდ მხოლოდ ფრაგმენტების სახით არიან წარმოდგენილნი [ჩხატარაშვილი, 1978:29-32]. საქართველოში მინის ლამპრები აღმოჩენილია: I ტიპი - ციხისძირის ნაქალაქარზე (ქობულეთის მუნიც.), ახ.წ.V-VI სს., [ინაიშვილი, 1993:74, ტაბ.29, 6]; ციხისძირის სანერგე მეურნეობასთან გამოვლენილი ბაზილიკის გათხრებისას, ახ.წ.V-VI სს. [ინაიშვილი, 1993:75]; გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრეში, ჩრდილო-დასავლეთ სექტორის თხრილში, 2 ფრაგმენტი, ახ.წ.V-VI სს., [ხალვაში, 2002:138, ტაბ.XII,9; შალიკაძე, 2004:135, სურ.25]; ბიჭვინტის ნაქალაქარზე, 5 ფრაგმენტი, V-VI სს. [ლორთქიფანიძე გ., 1991:73, ტაბ.XI,7-9]; ნოქალაქევში, V-VI სს. [Леквинадзе, 1981:125, სურ.13ა]; ფოთის მიდამოებში, V-VI სს. [გამყრელიძე, 1987:114, სურ. 20]; წებელდაში, ციხე-სიმაგრესა და სამარხებში, VI-VII სს. [Воронов, 1973:75, სურ.2-12, 3-9]; დმანისის ნაქალაქარზე, 3 ფრაგმენტი, VI-VII სს.; რუსთავის ნაქალაქარი, 3 ფრაგმენტი, VI-VII სს.; უჯარმის ნაქალაქარზე (საგარეჯოს მუნიც.), 1 ფრაგმენტი, VIVII სს.; იყალთოს სამონასტრო კომპლექსში (თელავის მუნიც.), 2 ფრაგმენტი, VI-VII სს.; ურბნისის ნაქალაქარზე (ქარელის მუნიც.), 1 ფრაგმენტი, VI-VII სს.; ლამაზი გორის სამონასტრო კომპლექსში (ბოლნისის მუნიც.), 1 ფრაგმენტი, VI-VII სს.; თბილისში, ერეკლეს მოედანზე, 2 ფრაგმენტი, VI-VII სს.; მცხეთაში – კარიბჭესთან 1 ფრაგმენტი, სვეტიცხოველთან 3 ფრაგმენტი, VI-VII სს. [ჩხატარაშვილი, 1978:29-30, ტაბ.V, 6-11] (ტაბ.III,8-9); ჭაბუკაურის ნაეკლესიარზე, ნეკრესის ნაქალაქარზე (ყვარლის მუნიც.), 8 ფრაგმენტი, ახ.წ. V-VI სს. [ბახტაძე, 2010:213]. II ტიპი - დმანისის ნაქალაქარზე, 1 ფრაგმენტი, VI-VII სს.; რუსთავის ნაქალაქარი, 1 ფრაგმენტი; VI-VII სს. [ჩხატარაშვილი, 1978:31-32, ტაბ.V, 2-5] (ტაბ.III,10). მოტანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სანათების წარმოება და მათი ფართოდ გამოყენება ძვ.წ. V ს-დან იწყება. ხმარებაში იყო როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტული ნაწარმი. თიხის ადგილობრივი ჭრაქები დადასტურებულია: 13 ნამოსახლარზე (დაახლ. 36 ცალი) და 12 სამაროვანზე (დაახლ. 50 ცალი), თიხის იმპორტული ჭრაქები კი გვხვდება 7 ნამოსახლარზე (ძირითადად ნაქალაქარებზე) (დაახლ. 43 ცალი), ლითონის ჭრაქებიც – 5 ნამოსახლარ-12 ზე (13 ცალი), კანდელაბრები აღმოჩენილია 3 ნამოსახლარზე (6 ცალი) და 6 სამაროვანზე (6 ცალი), ლამპადარიები – 3 სამაროვანზე (4 ცალი), ჭაღები – 4 ნამოსახლარზე (8 ცალი). სანათები გამოიყენებოდა როგორც უტილიტარული, ისე სარიტუალო-დეკორატიული დანიშნულებით, რაზეც მათი ფორმებისა და გამოყენებული მასალის მრავალფეროვნება მიუთითებს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ძვ.წ.II - ახ.წ.IV სს-ის მასალა, როდესაც მასობრივი თიხის ჭრაქების გვერდზე გამოიყენებოდა ბრინჯაოს მაღალმხატვრული სანათებიც.