topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ბანა - ე.თაყაიშვილი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ბანას დიდი მრგვალი ტაძარი; ბანას პატარა ეკლესია; ბანას მღვიმეში დაცული ეკლესია //თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. - პარიზი, 1938. - გვ.19-28. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.315-326.

ბანას დიდი მრგვალი ტაძარი

შესანიშნავი ბანას ტაძრის ნანგრევები დაცულია ვერსნახევარი სიშორით სოფელ პენიაკიდან, ჩრდილოეთის მხრით, მარჯვენა ნაპირზე ბანას წყლისა, რომელიც შემდინარეა ოლთისის წყლისა. ბატონიშვილი ვახუშტი წერს ბანას შესახებ: «ამ წყალზედ (ბანა-ფანასკერტელის წყალზედ), მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქ არს ეკლესია გუნბათიანი, დიდი, შვენიერად ნაგები, კეთილ-შვენიერ ადგილს, აღაშენა მეფემან ადარნასემ, და დაფლულ არიან მეფენი, იჯდა ეპისკოპოზი მწეყმსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა (ნარიმანისა) და აწ არს ცალიერი» (იხ. ვახუშტის გეოგრაფია, ბროსეს გამოცემა, გვ.118). ბანელის სამწყსო სამცხე-საათაბაგოს მღვდელ-მთავართა სიაში ასეა მოხსენებული: სულ ბანი, ტაოს-კარი, ფანასკერტი, ჰარიზის ხეობა, სრულად ოლთისი, ნამურკანი ანუ ნამურაკანი (ეხლანდელი ნარიმანი (იხ. ჩვენი არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, I, გვ.77). ბანას ეკლესიის აშენების დრო გარკვეულად აქვს აღნიშნული ბაგრატიონთა ისტორიკოსს სუმბატ დავითის ძეს. იგი წერს: «ადარნასე, ძე დავით კურატპალატისა, დასუეს ქართველთა მეფედ... და ამან ადარნასე (881–923), ძემან დავით მოკლულისამან, აღაშენა ბანა ჴელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ» (იხ. ჩვენი სამი ისტორიული ხრონიკა, გვ.59 და მარიამ დედოფლის ვარიანტი, გვ.347–348). აქედან ცხადდება, რომ ბანას აღშენება ეკუთვნის მეცხრე საუკუნის დასასრულს, ან მეათეს დასაწყისს. კვირიკეს გარდა ბანელ ეპისკოპოზთა შორის ცნობილია იოანნე, რომელმაც უღალატა ბაგრატ IV და ტაოელ აზნაურებთან ერთად წავიდა საბერძნეთს 1027 წელს, და ზაქარია, რომლის ბრძანებით მეთერთმეტე საუკუნეში გადაწერილია დიდი ტყავის კრებული, №1 სეკლესიო მუზეუმისა, რომელიც შეიცავს უმთავრესად შრომებს გრიგოლ ღვთისმეტყველისა. ბანაში დაიწერა ჯვარი ბაგრატ IV ბიზანტიის იმპერატორის ძმის რომან არგირის ასულზე ელენეზე. ბანას ეკლესიაში იმარხებოდნენ ზოგიერთი ტაოს ბაგრატიონები. ბოლო დროს იქ დაიმარხა ვახტანგ IV (1442–1445) და მისი მეუღლე სითი-ხათუნ, ფანასკერტელის ასული, რომელიც გარდაიცვალა ერთი წლით ადრე თავისი ქმრისა. ბანას საეპისკოპოზო შესანიშნავი ტაძრის აღწერილობა, როგორც მოვიხსენიეთ, გამოცემულია უკვე (იხ. «მატერიალი პო არხეოლოგიი კავკაზა», XII, გვ.88–117); იქვეა აღწერილი ბანას არემარის საყურადღებო ეკლესიების ნაშთები სოლომონისის ანუ სოლომონ-კალის, ჩამხუსის და კიაგმის-ალტის (გვ.80–84). ამიტომ აქ მოკლე ცნობებს მოვიყვანთ მათ შესახებ და ვუჩვენებთ ხსენებულს გამოცემაში მოთავსებულ სურათებს. კერძოდ, ბანას ზოგიერთი სურათი მოთავსებულია ჩვენი გეგმებისა და ფოტოგრაფიების მიხედვით გ. ჩუბინაშვილის გამოცემაში: «ქართული ხელოვნების ისტორია», ტ.I, სახელგამი, ტფილისი, გვ.168–174. აქ არის სხვათა შორის ხუთი ფოტოგრაფია (იხ. სურათები 122, 123, 124, 125 და 126), რომელნიც მოსკოვის გამოცემაში არ შესულა, თუმცა ჩვენ მიერ წარმოდგენილი იყო. მიზეზად ისედაც სიუხვე სურათებისა დაასახელეს (მართლაც, ბანას აღწერილობას დართული აქვს სულ 26 სურათი). ზოგიერთი სურათი გამეორებულია აგრეთვე რუსულ და ქართულ გამოცემაში გ.ჩუბინაშვილისა და ნ.სევეროვისა: «ქართული არქიტექტურის გზები», წაკითხული სრულიად საქართველოს საბჭოთა არქიტექტორების პირველ კრებაზე, 1936 წლის 21 თებერვალს. ტექგამომცემლობა: «ტექნიკა და შრომა», ტფილისი, 1936, გვ.59–66; რუსულად: „პუტი გრუზინსკოი არხიტეკტური“, გვ. 58–70, იგივე წელი. ბანას ტაძარი აშენებულია განგებ ზემოთ დავაკებულს მრგვალ ბორცვზე და ძველად შემოზღუდული იყო ქვითკირის გალავნით, რომელიც ახლა განადგურებულია (საზოგადო სახე მისი შორიდან დასავლეთით იხ. ქართ. ხელ. ისტორ. სურ. ნაშთები ფრესკებისა შევამჩნიეთ საკურთხევლის კონქში და ზემო სართულის პატრონიკეს ნაწილებშიც, მაგრამ თავდაპირველად ბანას კედლები ფრესკებისათვის არ ყოფილა განკუთვნილი. ამას მოწმობს სხვადასხვა ფერის ქვებით საუცხოოდ შეხამებული სამი მეოთხედი სვეტი სამხრეთ-აღმოსავლეთის საკურთხევლის ნაწილისა და აგრეთვე ის გარემოება, რომ ნაგლესის (შტუკატურის) ჩამოვარდნის შემდეგ გამოჩნდა ნაშთი ასომთავრული წარწერისა ნათალ შეძერწილ ქვაზე ამოჭრილი და შემდეგ წითლად შეღებილი:

....წყლე თე

დიდი

ზოგიერთის სიტყვების აზრით, დამატებით, შეიძლება ეს ნიშნავდეს:

«[ქრისტე შეი]წყალე თეოდორე დიდი».

ასეთივე წარწერა უნდა ყოფილიყო კიდევ სხვა ქვებზეც, ვინაიდან ერთ ჩამოვარდნილს ქვაზე ეტყობა ორსტრიქონიანი წარწერა. პირველი სტრიქონი მოშლილია, მეორეში იკითხება: «დიდი». ეს წარწერები თანამედროვე უნდა იყოს ტაძრის აღშენებისა, ხოლო ეს არ ითქმის მესამე წარწერაზე ზემო სართულის კუთხის ოთახის კედელზე აგრეთვე ასომთავრულით, რომელსაც დ.ბაქრაძეც აღნიშნავს:

ქ-

ე შ-

ე გ-

ი, ესე იგი: «ქრისტე, შეიწყალე გიორგი».

ეს მერმინდელი წარწერაა და უნდა ეკუთვნოდეს მოსრულ მლოცველს. განცალკევებულ ქვებზე ზოგჯერ არის ნიშნები ხუცურის ასომთავრულით, უფრო ხშირად ასომთავრული ხ¯ხ. სხვა წარწერები ახლა არ ჩანს. კოხი ამბობს, წარწერები იყო, მაგრამ მაჰმადიანებს ისე გაუფუჭებიათ, რომ აღარაფერის გარჩევა არ შეიძლებოდა დაწვრილებითო. ე. ვეინდებაუმი იყო ბანაში 1879 წელს და ის შენიშნავს, მამად-ბეგმა გადმომცა, წარწერა იყო შესასვლელის ზემოთ შიგნიდან, მაგრამ მცხოვრებლებმა წაიღეს შენობისათვისო. მე კიდევ ადგილობრივ გადმომცეს, რუს-თათართა ომის დროს 1877–1878 წელს რუსის «ოტრიადი» იდგა ეკლესიის გარშემო და ერთმა ღენერალმა წაიღო წარწერიანი ქვა ეკლესიიდანო. ყველაფერი ეს მოწმობს, რომ წარწერები ყოფილა, მაგრამ არ შენახულა. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ახლა ეჭვი შეაქვთ, ვითომც როცა ოსმალებს ამ ადგილას თავიანთი ბანაკი ჰქონდათ მოწყობილი. 1843 წელს, როდესაც ბოტანიკოს კარლ კოხმა ინახულა ეს ტაძარი, მას არავითარი ზედშენი არა ჰქონია და მთელი შენობა გარედან მას წარმოუდგა როგორც ერთი უზარმაზარი გუმბათი, რომლის განის დიამეტრი უდრიდა გუმბათის სიმაღლეს. ესო, ამბობს კოხი, ეჭვს გარეშე, ყველაზე უფრო ლამაზი და ყველაზე უფრო მშვენიერია მათ შორის, რაც მე ამგვარი რამე მინახავს მთელს აღმოსავლეთში, კონსტანტინეპოლის გამოკლებითო.26 ჩვენს გამოცემაშიც აღდგენილი ფასადი დაახლოებით ასეთ შთაბეჭდილებას ახდენს (იხ. ტაბ. XXა). 1881 წელს, როდესაც დ. ბაქრაძემ ნახა ბანას ტაძარი, მას მხოლოდ გუმბათი ჰქონდა ჩაქცეული. ჩვენი პირველი ნახვის დროს 1902 წელს ტაძარი უკვე ძალზე დანგრეული იყო. გადარჩენილი იყო მხოლოდ შინაგანი აღმოსავლეთის სახე, მისი პატრონიკენით, გალერეით და გარედან მიშენებული აღმოსავლეთისა და სამხრეთის კოშკებით. დაცული იყო აგრეთვე გალერეის კედლები, გარდა ჩრდილოეთის ნაწილისა. ამ გალერეის შიგნით ჩაქცეული სამი მეოთხედი ტაძრის შინაგანი კორპუსისა მოგეჩვენებოდათ ქვებით ამოვსებულ უზარმაზარ მორევად ანუ ტბად. 1907 წელს, როდესაც მეორეხელ ვინახულე ბინა, სურათი კიდევ უფრო სამწუხარო იყო. გალერეის ჩრდილო ნაწილის ნანგრევი ბევრად უფრო გაფართოებული იყო (იხ.საქ. ხელ. ისტ., სურ.126). ის შესანიშნავი ორნამენტები აღმოსავლეთის გალერეის კამარებისა, რომელიც ჩვენ ფოტოგრაფიულად გადმოვიღეთ 1902 წელს (ტაბ. XIX,35), სულ ჩამონგრეულიყო, უფრო დაზარალებულიყო აგრეთვე აღმოსავლეთის შინაგანი სახეც (იხ. საქ. ხელ. ისტ., სურ.121), ძალზე ჩამონგრეული იყო კიდევ კოშკებიც და სხვა. ეხლა ალბათ არც ის იქნება დაცული, რაც ჩვენ ბოლო დროს ვნახეთ. ასეთია სამწუხარო ბედი ჩვენი დიდებული კულტურის ნაშთებისა. შიგნით ბანას ტაძარი ყოფილა შემკობილი ფრესკებით 123); საუცხოოა აგრეთვე ერთი სვეტის თავი, კაპიტელი, კორინთის რიგისა, გალერეაში (იხ. ტაბ. XX,38). აფსიდებში სამ-სამი ფანჯარაა. გარეგანი სახე რგოლივით მრგვალი შემოსასვლელისა ანუ გალერეისა შეიცავს 28 წახნაგს შემკობილს თითო ყალბი კამარით და მომრგვალებულის ფანჯრით. ფანჯრები არ არის მხოლოდ კარებიან წახნაგებში, რომელნიც ამ შემთხვევაში უფრო განიერია სხვებზე (იხ. ტაბ. XVII, 31, 32 და XX ა). კამარები ეყრდნობა ორმაგ პატარა ნახევარ სვეტებს, ბაზებით და სვეტის თავებით შემკობილთ (იხ. იგივე ტაბულები). კამარების ზემო სამკუთხედი არების მორთულობა წარმოადგენს ფოთლოვან შემკულობას, ვაზებს მტევნებით და ნამეტნავად ბროწეულის შტოებს მსხვილი ბარელიეფური ნაყოფით, ბროწეულებით (ტაბ.XIX, 35); დასავლეთის კარის კამარის შემკობილობა შეიცავს ლამაზ პალმეტებს (ტაბ.XX ბ). დიამეტრი გალერეისა და მაშასადამე მთელის შენობისა უდრის 18 საჟენს. გარეთ გალერეა შეძერწილია მოყვითალო ნათალის ქვით, შიგნით კი ტაძარი და ეკლესია შეძერწილია ნაცრისფერი ნათალი ქვებით. სამივე შესასვლელს, ეტყობა, ჰქონია პატარა კარიბჭე, პორტიკი, მაგრამ დღემდის არც ერთი არ არის დაცული. ოთხკუთხედი მინაშენი ყოფილა აღმოსავლეთის მხრითაც, მაგრამ მას ახლა ფარავს გარედან შემდეგ მიშენებული კოშკი და შიგნიდან აგრეთვე შემდეგ ამოყვანილი კედელი; გალერეას შიგნით მიშენებული აქვს პილასტრები, რომელნიც წაგრძელებულნი არიან 0,90 საჟენის მანძილით, და ესენი ქმნიან ოთხკუთხედ ნიშებს, შეძერწილს ნათალის ქვებით. პილასტრები ზემოთ შეერთებულნი არიან კამარებით; ამათ შელიგების ზემოთ იწყება ცილინდრული თაღები, და ესენი აერთებენ გაკერეას კედლებს შინა ტაძრის კედლებთან (იხ. ტაბ. XXა და ქართ. ხელ. ისტ. სურ.124). გალერეის ნიშნები ეხლა ამოვსებულია ქვითკირის კედლებით, მაგრამ ეს მერმინდელი სქემა (იხ. ტაბ. XIX, 36) უფრო მერმინდელია კიდევ ამ ვეებერთელა შენობის ციხედ გადაქცევა გალერეაზე ზედშენით და ორი მაღალი კოშკის მიშენებით აღმოსავლეთით და სამხრეთით (იხ. ტაბ.XVII, 31, 32). ეს მომხდარა, უნდა ვიფიქროთ, ყირიმის ომის დროს. გეგმით ეს არის კოლოსალური ზომის სამსართულიანი მრგვალი ეკლესია, ფრიად რთული კომპოზიციისა, მაგრამ ერთობ მხატვრულად შესრულებული (გეგმები თითოეული სართულისა იხ. ჩვენი მე-12 ტომი "მატერიალებისა", სურ.68, 69, 70, 70ა, 71; განაკვეთი და აღდგენილი ფასადი, ტაბ. XXა და სურ.67). ტაძრის კორპუსი შედგება ორი ჰარმონიულად შეერთებული ნაწილისაგან, თვით ეკლესიისა და რგოლივით მრგვალი შემოსასვლელისა, გალერიისა. შინაგანი ეკლესია წარმოადგენს სწორმკლავიან ბერძნულ ჯვარს, ანუ ეგრეთ წოდებულ ტეტრაკონქს, შეხაზულს სიმრგვალეში. კუთხეებში ჯვარისა ამოყვანილია სამსართულიანი ოთახები, პატრონიკენი, რომელნიც თავიანთი სქელი კედლებით შეადგენენ ამავე დროს თავბურჯებს ამ უზარმაზარი შენობისა. ამათ გადაყავთ გუმბათის დაწოლა გარეგანი კედლების შემოხაზულობაზე. ქვემო სართულის აბსიდები თავსდებიან კოლონადებით, რომელთა ზემოთ კამარები ნალისებურია (იხ. სურ.68 და ტაბ.XVIII და XXა). სვეტები მრგვალია, დამყარებულნი ბაზებზე და შემკობილნი ლამაზი სვეტის თავებით კლასიკური რიგისა, მაგრამ გადამუშავებულნი. აღმოსავლეთის აბსიდაში, რომელიც საკურთხეველს წარმოადგენს, სულ ექვსი სვეტია, სიმაღლით ერთი საჟენი თითო და ეს სვეტები დაყენებულია ორ არშინნახევარის სიმაღლის სპეციალურ კედელზე. ამით საკურთხეველი თვალსაჩინოდ გამოყოფილია სხვა აბსიდებისაგან და შეუვალი გალერეიდან. მათი შეუვალობა კიდევ უფრო ხაზგასმულია გადახერვით საკურთხევლის ნაწილის გალერეისა, რაც შესრულებულია მერმინდელი ამოყვანილი ქვის კედლებით (იხ. სურ.62 და 64). სხვა თანასწორ აფსიდებში ოთხ-ოთხი სვეტია და ეს სვეტები უფრო მასიურია და ორჯერ უფრო მაღალი, ვიდრე საკურთხევლის აფსიდის სვეტები. ესენი პირდაპირ იატაკიდან იწყებიან და იმავე დროს მათი კამარები ტაძარში შემოსასვლელებს შეიცავენ გალერეის მხრიდან. მეორე სართულის პატრონიკები როგორც საყდარში, ისე საკურთხეველში გამოდიან ორმაგი კამარებით და ლამაზი ჩუქურთმიანი სვეტებით შუაში (იხ. ტაბ.XVIII, 33 და XX, 37). სხვა სვეტებიც პატრონიკეთა შემკობილია ლამაზი სვეტის თავებით (ერთი მათგანის სურ. იხ. ქარ. ხელ. ისტ. სურ.125). ტაძარი ადარნასე ქართველთა მეფეს კი არ აეშენებინოს მეცხრე–მეათე საუკუნის მიჯნაზე, არამედ მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული ტაძარი განეახლებინოს და კვირიკე ბანელი დაესვას მის ეპისკოპოზად. ამ მოსაზრებას გამოთქვამს პროფესორი გ.ჩუბინაშვილი (იხ. ქართ. ხელ. ისტ. გვ.177–178). ჩვენი აზრით, ამაო ცდა არის ბანას ეკლესიის აშენების დროს მეცხრე–მეათე საუკუნის მიჯნიდან მეშვიდე საუკუნის ნახევარში გადატანა. ჯერ ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება ასეთი სწორი ისტორიკოსის მოწმობას, როგორიც არის სუმბატ დავითის ძე. რამდენად მეტს ვპოულობთ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დროის წარწერებს, მით უფრო და უფრო ვრწმუნდებით სუმბატის მიერ გადმოცემულ ფაქტების უაღრესად სისწორეში, და ასეთი წარწერები ჩვენ ვიპოვნეთ იშხანის და ოშკის ტაძრებში, რომელნიც 1917 წლის ექსპედიციის მასალების აღწერილობაში იქნება მოხსენებული. სუმბატ არ ამბობს, ადარნასემ მეორედ აღაშენა ბანაო, არამედ ის კატეგორიულად აცხადებს: აღაშენა ბანა ჴელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს აშენებული, იქ ხომ წინათ სხვა ეპისკოპოსებიც უნდა მჯდარიყვნენ და კვირიკე როგორ იქნებოდა მოხსენებული პირველ ბანელ ეპისკოპოსად. ამ პირველხარისხოვან ტაძარს არა თუ ტაოს, არამედ, მთელი კავკასიის უბრალო სამრევლო ეკლესიად ხომ ვერ წარმოვიდგენთ. ჩვენს გამოკვლევაში აღვნიშნეთ, რომ ბანას ტიპის ეკლესია პირველად აშენებული იყო იშხანში მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევარში სომხის ეპისკოპოსის ნერსესის მიერ და ის აფსიდის კოლონადა, რომელიც დაცულია დღემდის იშხანში, უნდა ეკუთვნოდეს ნერსესის ძველ შენობას. ეს კიდევ უფრო დამტკიცდა ჩვენის 1917 წლის ექსპედიციით ტაო-ისპირში. ნერსესი წარმოშობით თვით იშხნიდან იყო. ეს იშხნის ეპისკოპოსი 641 წელს აკურთხეს სომხეთის კათალიკოსად ნერსეს მესამის სახელით; მან აღაშენა ეჩმიაძინის მახლობლად კარგად ცნობილი სომხურ ლიტერატურაში მშვენიერი ზავარტნოცის ტაძარი და მიიღო სახელი აღმაშენებელისა. ამ ტაძრის ნანგრევები გათხარა არქიმანდრიტმა ხაჩიკმა და მისი აღწერილობა პირველად გამოსცა არქიმანდრიტმა (ეხლა ეპისკოპოსმა) მესროპმა ტერ მოვსესიანმა (იხ. მეშვიდე წიგნი არხეოლოგიის კომისიის "იზვესტიისა"; პეტერბურგი, წელი). ზავარტნოცის ტიპის ეკლესია აღაშენა ანისში 1001 წელს მეფე გაგიკმა. ამის ნანგრევები ნ. მარრმა გათხარა და ის აღმოჩნდა სრული განმეორება, ასლი ზავარტნოცის ტაძრისა (იხ. მარრის "ტექსტი ი როზისკანია", წიგნი მეათე)27. ჩვენ ყველა ამ ტაძრის ნაშთები დაწვრილებით შევადარეთ ბანას ტაძრის ნაშთებს და იმ დასკვნაზე მივედით, რომ ეს ტაძრები ერთი ტიპის არიან, გეგმებით, მასებით და ნაწილობრივ ორნამენტებით, მაგრამ ბანა იჩენს ისეთ თავისებურებას, ისეთ გადამუშავებას შინაგანი კონსტრუქციისა სამსართულიანი პატრონიკეთა მოწყობით, რომ ის უნდა ჩაითვალოს უაღრეს განვითარებად და გაუმჯობესებად ძირითადი გეგმისა, ძირითადი ტიპისა. ამან მისცა ბანას ტაძარს სიმტკიცე და გამძლეობა; მან გაძლო მეათე საუკუნის დამდეგიდან მეცხრამეტე საუკუნის ნერსესის იშხანს და ზავარტნოცს ორი საუკუნეც არ დასცალებიათ, ხოლო გაგიკის ტაძარმა ნახევარი საუკუნეც ვერ გასძლო. მასთან ეს პატრონიკენი არა თუ არ აუშნოებენ შინაგან სახეს ტაძრისა, არამედ ისე არიან შეხამებული საერთო კონცეფციასთან, რომ პირიქით ამშვენებენ და ალამაზებენ საერთო სურათს. ბანას ხუროთმოძღვარი დიდ ხერხს და გენიალურ ნიჭს იჩენს ამ შემთხვევაში. ვისაც ტაოს ტაძრების ნაშთები დაუთვალიერებია, ის ადვილად დარწმუნდება, რომ ძველი დროიდან X საუკუნის დასასრულამდის ამ მხარეს ნაირნაირის გეგმების ძებნა ახასიათებს; არც ერთ სხვა კუთხეში ამდენ სხვადასხვა გეგმების ტაძრებს ვერ იპოვნით, როგორც აქ, მაგრამ ამავე დროს ხშირია ერთი და იგივე გეგმის გამეორება, მაგალითად ოლთისის ციხის ექვსაფსიდიანი ეკლესია იგივეა, რაც კიაგმის ალტის ეკლესია; ორთული და ბახჩალი კიშლა ერთგვარი ტრიქონქია, ოშკის ტაძარი საერთოდ გრანდიოზული გამეორებაა იშხანის ეკლესიისა, პარხალი ტიპიური გამეორებაა ოთხთაეკლესიისა და სხვა; ამიტომ, რა საკვირველია, რომ ადარნასე მეფეს აერჩიოს საზოგადო ტიპი ძველი იშხნისა ან ზავარტნოცისა და მის ხუროთმოძღვარს თავისებურად გადაემუშავებინოს ეს ტიპი და მიეცეს მისთვის ხასიათი დიდი გამძლეობისა და მხატვრულად დაგვირგვინებისა. თუ ქართული ხელოვნების ავტორს მართლა სწამს, რომ ბანა მეშვიდე საუკუნის ნახევარშია აშენებული, მაშინ მას ეს ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში აღარ უნდა შეეტანა, ვინაიდან მაშინ ეს სომხური ხელოვნების ნაშთი იქნებოდა, ე.ი. ნერსეს კათალიკოსის აშენებული. მართალია, ავტორი მოგვითხრობს, რომ "ტაოში ცხოვრობდა ქართველთა და სომეხთა შერეული მოსახლეობა, იშხნელ ეპისკოპოსთა კათედრა, როგორც სიები გვიჩვენებს, შედიოდა იმ დროს საქართველოს საკათალიკოსოს შემადგენლობაში ისე, როგორც მეცხრე საუკუნეში და უფრო გვიანაც, ამიტომ დაეჭვება, იშხნელთა კათედრა საქართველოს კათალიკოსს ეკუთვნოდა თუ სომხეთისას, უადგილოა" (იხ. გვ.175–176). აქედან თითქოს ის დასკვნა გამოდის, რომ რაკი ტაოში მართლმადიდებელი ქართველობა ცხოვრობდა, ნერსე ეპისკოპოსიც მართლმადიდებელი იყო, მის მიერ პირველად იშხანში აშენებული ბანას ტიპის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. ამის გარდა, ავტორის აზრით, ბანას ტაძრის აღმშენებელმა მეშვიდე საუკუნის ნახევარში ზეშთაგონება იშხანისაგან მიიღო, ესე იგი ქართული რიგის ტაძრისაგან. მაგრამ ამის დასამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. ჯერ ერთი, ავტორი არ გვაუწყებს, რა სიებია ეს სიები, რომელნიც გვიჩვენებს, რომ იშხანის კათედრა მეშვიდე საუკუნის ნახევარში საქართველოს საკათალიკოსოს შემადგენლობაში შედიოდა? ჩვენ ვიცით მარტო ერთი სია "სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა სია", რომელშიაც განმარტებულია იშხნელის სამწყსო და რომელიც ჩვენ ზემოთ ვუჩვენეთ. მაგრამ საიდან ჩანს, რომ სია მეშვიდე საუკუნეს ეკუთვნის, ან უფრო უწინდელ დროს? ჯერ მარტო სათაური უჩვენებს, რომ სია შედარებით გვიან დროს ეკუთვნის, არაუადრეს მეცამეტე საუკუნისა, როდესაც ათაბაგების უფლება განმტკიცდა მესხეთში და ამ მხარეს ეწოდა სამცხე-საათაბაგო. ტაოში, დიახ, შერეული მოსახლეობა იყო ქართველთა და სომეხთა, შერეული იყო აგრეთვე სარწმუნოებაც, ქართველები და დიდძალი სომხობა მართლმადიდებელნი იყვნენ. ამ ორმა გარემოებამ შეუწყო ხელი ტაოს მოკლე ხანში ძირიანად გაქართველებას, როდესაც მერვე საუკუნის მეორე ნახევრიდან აქ დამყარდა ქართველი ბაგრატიონების ხელისუფლება; მანამდის ტაო სომხეთის პროვინციას შეადგენდა. ეგევე არ ითქმის კლარჯეთზე, რომელიც ზოგჯერ გადადიოდა სომხების ხელში, მაგრამ არა ხანგრძლივად. უკვე სომხური გეოგრაფია, რომელსაც ზოგნი მეხუთე საუკუნის ძეგლად თვლიან, ზოგნი მეშვიდის, მოგვითხრობს, რომ კლარჯეთი საქართველოს ნაწილს შეადგენდა. ნერსესი წარმოშობით იშხანიდან იყო, ტომობით სომეხი, ხოლო რწმენით ხალკედონიტი, მაგრამ ამას იგი პირველად არ ამხელდა, მანამ სომეხთა კათალიკოსი არ გახდა. მისი ცდა სომეხთა და ბერძენთა სარწმუნოების გაერთიანებისა უშედეგოდ დარჩა. ნერსესის ხალკედონიტობა ნებას არ გვაძლევს მის მიერ პირველად იშხანში აშენებული ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლად ჩავთვალოთ. მაშინ ხომ მის მიერ იშხნის გეგმისად აშენებული ზავარტნოციც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი იქნებოდა! თუ ბანა მეშვიდე საუკუნეს ეკუთვნის, ის უსათუოდ სომხური ხუროთმოძღვრების ძეგლად უნდა ჩავთვალოთ, უფრო გარკვეულად, იმავე ნერსესის აშენებულად. სხვას იმ დროს ტაოში ასეთი ძეგლის აშენება არ შეეძლო. ამავე დროს ეს ფაქტი აღნიშნული იქნებოდა ან სომხურს, ან ქართულს წყაროებში. ჩვენ კი მეათე საუკუნემდის ბანას შესახებ არავითარი ცნობა არ გვაქვს. მერმე კიდევ, თუ პირველყოფილი იშხანის გეგმის ისეთი გენიალური გადამუშავება, როგორიც ბანაში გვაქვს, მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა, მაშინ როგორ წარმოვიდგინოთ, რომ ნერსესმა მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევარში არ ისარგებლა ამ გეგმით და ზავარტნოცი ბანას გეგმით არ აღაშენა? ეგ შეუძლებელია. არც ის გამოდგება გადამჭრელ საბუთად, რომ ბანას ერთი ორნამენტი, რელიეფური გამოხატულება ბროწეულისა, გამეორებულია ბანაში, ისე როგორც ზავარტნოცში. ამას ხაზგასმით აღნიშნავს გ. ჩუბინაშვილი. მაგრამ რაკი ბანას ხუროთმოძღვარმა ზავარტნოცის მსგავსი ტაძრის გეგმა მიიღო საფუძვლად თავისი ნაწარმოებისა, რა გასაკვირველია, რომ მან ზოგი მისი შემკობილობაც იქიდან ისესხა და აღადგინა. ხოლო ორნამენტებში განსხვავებაც ბევრია. მაგალითად, ზავარტნოცში არ მოიპოვება ისეთი ლამაზი სვეტის თავი კორინთული რიგისა, როგორიც არის ბანაში. არ გვხვდბა აგრეთვე ზავარტნოცში ისეთი პალმეტები, რომელნიც არის დასავლეთის კარის ზემოთ და სხვა. სამაგიეროდ, ბანაში არ ყოფილა სვეტის თავები ფრთაგაშლილი ბიზანტიური არწივების სახით და კაცის თავის ფიგურებით, რომელნიც მოიპოვება ზავარტნოცში. ყველა ამის მიხედვით ჩვენის აზრით, ბანა უნდა დარჩეს ქართული ხუროთმოძღვრების ქმნილებად მეცხრე–მეათე საუკუნის მიჯნისა. მისმა ხუროთმოძღვარმა მიიღო ძირითადი გეგმა ზავარტნოცის ტიპის ტაძრისა, მაგრამ გენიალურად გადაამუშავა მისი შინაგანი სახე და გალერეის ფორმა, რომლითაც მისცა თავის ქმნილებას უაღრესი სიმტკიცე და გამძლეობა და მასთან დამთავრებული მხატვრული საუცხოო სახე.

ბანას პატარა ეკლესია

ამ ეკლესიის ნანგრევები მოიპოვება დიდი ტაძრის გვერდით, ჩრდილოეთის მხრით, ზღუდის გადაღმა, გეგმა მისი ერთობ ლამაზია და საინტერესო. ეკლესია ტეტრაკონქია, ჯვარის სახისა, რომელიც შეხაზულია ექვს წახნაგოვანში; გუმბათი ჩაქცეულია; კედლები სანახევროდ დაცულია; ნაშენია თლილის ქვით; შესავალი უნდა ჰქონებოდა დასავლით და აფსიდებში თითო ფანჯარა.

ბანას მღვიმეში დაცული ეკლესია

აღმოსავლეთ-სამხრეთის მხრით ბანას ახლავს მაღალი კლდოვანი მთა, რომლის ნაპრალებში მღვიმეები მოჩანან. წინა პირი მათი ქვითკირის კედლებით არის მოცული; კედლებში დატანებულია სარკმლები. მღვიმის ზალები კამარებით არის შეერთებული და ერთს მათგანში, აღმოსავლეთისაკენ, პატარა ბაზილიკური რიგის ეკლესია არის ერთის ფანჯრით აღმოსავლეთის აფსიდაში.

 

------------------------------------------------------------------------------------

26. Reise im pontischen Gebirge und türkischen Armenien, II. Weimar, 1846. pp.243–247.

27. იხ.აგრეთვე მისივე წიგნი: "ანი. კნიჟნიაია ისტორია გოროდა ი რასკოპკი ნა მესტე გორდიშჩა. ლენინგრად-მოსკვა, 1934", გვ.55–66, ტაბ XXIII–XXVIII. გამოკვლევა ზავარტნოცის და გაგიკის ტაძრების შესახებ იხ.Strzygowski, Die Baukunst der Armenier und Europa, Wien. pp.108–121. იქვე ბანას შესახებ, გვ.121–125.