topmenu

 

დორთ კილისა (დორთ ქილისა)

<უკან დაბრუნება

ფოტოების წყარო: http://tao-klarjeti.com/

დორთ ქილისა - თურქულ ენაზე ნიშნავს ოთხ ეკლესიას (დორთ - ოთხი, კილისა - ეკლესია). ამ სახელწოდების ქვეშ ტაო კლარჯეთში, კერძოდ კი კოლაში ცნობილია სამონასტრო კომპლექსი ამავე სახელწოდების სოფელში, რომელიც ოდესღაც მართლა შედგებოდა ოთხი ეკლესიისგან, ახლა მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

დორთ ქილისას ორაფსიდიანი ეკლესია დგას მინდორზე, ტრიკონქულთან ახლოს. მართალია ძლიერაა დაზიანებული, მაგრამ სხვებზე უკეთაა შემორჩენილი. შედგება 2 ნავისაგან. როგორც ჩანს ჯერ დარბაზული ეკლესია აუშენებიათ, ხოლო შემდეგ მასზე მიუდგამთ ორაფსიდიანი ტაძარი. აფსიდები დასავლეთით და აღმოსავლეთითაა. ცენტრალური „კვადრატი“ კამარით გადაიხურებოდა თუ სფეროთ, დღეს ამის დადგენა შეუძლებელია. ნაშენია კარგად ნათალი და სწორად დაწყობილი ქვის ბლოკებით. წარწერის ან რაიმე დეკორატიული შემკულობის კვალი არა ჩანს.

ი.გივიაშვილი // წყარო: http://maps.nekeri.net/

დორთ ქილისა (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:

1. დორთ-კილისა //არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. - პარიზი, 1938. - გვ.12-13. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.307-309. - მტკვრის სათავესთან მდებარე სოფ. დორთ-კ[ქ]ილისას (ოთხი ეკლესია) ეტიმოლოგია, ნანგრევების სახით შემორჩენილი სამი ეკლესიის მოკლე აღწერილობა.

2. ერუშეთი, კოლა-ოლთისი და შავშეთი: დორთ ქილისა //გივიასვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო - კლარჯეთი. - თბ., 2004. - გვ.101-104. - ოთხი ეკლესიისაგან შემდგარი დორთ ქილისას კომპლექსის (მარტივი გეგმარების ჯვარგუმბათიანი, ტრიკონქის ტიპის მთავარი ტაძარი, შეწყვილებული - დარბაზული და ორაფსიდიანი დარბაზული ტიპის ოთხი ეკლესია, მეოთხე ეკლესია აფეთქების შედეგად მთლიანად დანგრეულია) აღწერილობა. მოხსენიებულია დ.ბაქრაძე. მოცემულია კომპლექსის ნანგრევების ფოტოები, ასევე ნ.ბაგრატიონის მიერ შესრულებული ახალი ანაზომები და ნახაზი.

დორთ კილისა - ე.თაყაიშვილი // არქეოლოგიური ექსპრდიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938. - გვ.12-13.

დორთ-კილისა თათრული სიტყვაა და ნიშნავს ოთხ ეკლესიას. დორთ-კილისად არის აგრეთვე ცნობილი ერთი სოფელი ისპირში. ძველად აქ იყო «ლავრა ოთხთა ეკლესიათა». ამ შემთხვევაში თათრული მისი სახელი ქართულიდან არის ნათარგმნი. ასეთივე იყო ძველად კოლას დორთ - კილისის სახელი თუ არა, არ ვიცით. ისპირის ოთხთა ეკლესიაში დღემდე კარგად შენახულა სამნაოსნიანი დიდი ბაზილიკა25. კოლას დორთ-კილისა ბორცვზეა გაშენებული. ეკლესია მართლა ოთხი ყოფილა ერთ დროს. პირველი მათგანის ნანგრევები შუა სოფელში მოჩანს, მაგრამ გარდა საძირკვლის ნაშთებისა და შეკირწყლული მაგარი კედლების ნამტვრევებისა აღარაფერი არ შენახულა. ეკლესია პატარა ყოფილა. სხვა ეკლესიები არის გაშენებული ბორცვებზე დასავლეთის მხრით სოფლისა. ერთ ბორცვზე, რომელიც უფრო ახლოა სოფელზე, დაცულია ნანგრევები კოხტა გუმბათიანი ეკლესიისა. ეკლესია ქვისგან ნაშენი შეძერწილი ყოფილა შიგნით და გარეთ პატარა კვადრატული ნათალი ქვებით. გეგმა მისი სამაფსიდიანია, ლამაზი ჯვარის სახისა (იხ.ტაბ.23, c). აფსიდები გარეთ სამწახნაგოვნად გამოდიან და მათში თითო ფანჯარაა დატანებული. დასავლეთის ფრთა წაგრძელებული ოთხკუთხედია, რომელსაც ახლავს დასავლეთითვე სტოა ოთხკუთხედი, წაგრძელებული სამხრეთით, სამხრეთის ჯვარის მკლავის გასწვრივ. შესავალი აქვს სტოას დასავლეთით და ეკლესიაც დასავლეთის კარებით უერთდება მას. გუმბათი და გუმბათის ყელი ჩანგრეულია და უმეტესი მათი ნაწილები ძევს შუა ეკლესიაში. გუმბათი ყელითურთ დაბალი ყოფილა; აფრები ჰქონია კონუსისებური; კონუსის სახე აქვს გუმბათსაც. შიგნით ეკლესია შელესილი ყოფილა და შემკობილი ფრესკებით, რომელნიც ახლა სულ მოშლილია. ეს ეკლესია რამდენიმედ მოგვაგონებს ზეგანის სამაფსიდიან ეკლესიას არდაგანის ოკრუგში (იხ.ჩემი მე-12 ტომი, მოსკოვის საზ. „Мат. по арх. Кавказа“, გვ.65, სურ.38, 39). განხილული ეკლესია უნდა ეკუთვნოდეს მე-9 საუკუნეს. მეორე ბორცვზე ამ ეკლესიის მახლობლად მოიპოვება ნანგრევები ორი ეკლესიისა, რომელნიც ერთი მეორეზეა მიდგმული. ორივე ნაშენია ქვით და შეძერწილი ზერელე ნათალი ქვებით (იხ.ტაბ.27, с). ერთი მათგანი ჩვეულებრივი რიგისაა: ერთნეფიანი ბაზილიკა, მოგრძო. კარი ჰქონებია დასავლეთით (გეგმაზე აღნიშნული არ არის). ფანჯარა – აღმოსავლეთით და დასავლეთით. სამხრეთით ეს ბაზილიკა უერთდება კარით მეორე ეკლესიას, რომელიც ოვალური, კვერცხის მსგავსი გეგმისაა. ორის ფანჯრებიანის აფსიდით, აღმოსავლეთით და დასავლეთით, და კარით სამხრეთის კედრით (გეგმაზე აღნიშნული არ არის). ამ კედრით ყოფილა კიდევ ერთი ფანჯარა. ეკლესიას გუმბათიც ჰქონია შინაგანი კვადრატის კუთხეებზე დაყრდნობილ კამარებზე აგებული, მაგრამ ეს ახლა სრულიად მოშლილია. დასავლეთის მხრით ეკლესიის კედელი ამოყვანილია ერთ მთლიან ქვაზე და ამ ქვის ქვემოთ მოჩანს შესასვლელი აკლდამაში, მაგრამ ეხლა შესასვლელი დახშულია. ერთი დიდი მასიური გათლილი ქვა, ერთი საჟენი და 4 ვერშოკი სიმაღლით და 2 არშინი და 14 ვერშოკი განით აყუდებულია სამხრეთის კართან ეკლესიისა და ამ ქვაზე ამოჭრილია ჯვარი. დანიშნულება მისი ჩვენთვის გამოურკვეველია. შესაძლოა ვიფიქროთ, ეს სასაფლაოს ძეგლი იყო. ორივე ეკლესია დახურული ყოფილა ლორფინით. ეკლესია IX–X საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს.

25 ივ.ჯავახიშვილი შეცდომით ამ ლავრას კოლას აკუთვნებს (იხ.«ქართველი ერის ისტორია», ტ.II, გვ.325).