topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

დადაშენი (ტაო - კლარჯეთი)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ფოტოების წყარო: http://tao-klarjeti.com/

დადაშენის ეკლესია მდებარეობს ისტორიული კოლაში, თურქეთის ტერიტორიაზე. კოლაში ადრე იყო საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც სავარაუდოდ დაარსდა მეათე საუკუნეში. დადაშნელი ეპისკოპოსი მოხსენიებულია XIII საუკუნის დოკუმენტში „განგება დარბაზობისა“ - 35 მღვდელმთავარს შორის დადაშნელ მღვდელმთავარს უჭირავს 34-ე ადგილი. გეოგრაფიულად დადაშნელის საეპისკოპოსოში შედიოდა არტაანი, კოლა და ხორტევანი. თურქების მიერ ტაო - კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ, დადაშენის საეპისკოპოსო გაუქმდა. დადაშენის ეკლესია ნაგებია პატარა გორაკზე, მოწითალო ფერის ქვიტკირით. ეკლესია იყო გუმბათიანი, ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. ცნობილია, რომ 1843 წელს ეკლესია უკვე დანგრეული იყო და მისი ქვებით სოფელში მეჩეთი აუშენებიათ. 1907 წელს დადაშენი მოინახულა და აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა. მისი აზრით, ეკლესია აგებული უნდა იყოს IX-X საუკუნეებში, იმ დროს, როდესაც ბაგრატიონების რეზიდენცია ჯერ კიდევ არტანუჯში იყო.

დადაშენი (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:

1. დადაშენი //თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. - პარიზი. - 1938. - გვ.10-12. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.305-307. - დადაშენის გუმბათიანი ეკლესიის ისტორია, მდებარეობა, ხუროთმოძღვრული დახასიათება. ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა. ხალხური გადმოცემები ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: დ.ბაქრაძე, ვახუშტი ბაგრატიონი.

2. ერუშეთი, კოლა-ოლთისი და შავშეთი: დადაშენი //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი. - თბ., 2004. - გვ.105. - მოკლე ცნობა, სავარაუდოდ, IX-X საუკუნეებში აგებული დადაშენის გუმბათიანი ეკლესიის შესახებ. შემორჩენილია ნანგრევების სახით. მოხსენიებულია ექვ.თაყაიშვილი.

3. კლარჯეთის გუმბათიანი ეკლესიების ტიპილოგიისათვის //ხოშტარია დ. კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები. - თბ., 2009. - გვ.169. - მოკლე ცნობა თითქმის მთლიანად განაგურებული ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულია ექვ.თაყაიშვილი.

დადაშენი - თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. - პარიზი. - 1938. - გვ.10-12. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.305-307.

დადაშენი ცნობილია როგორც კათედრა ეპისკოპოზ დადაშნელისა, რომლის სამწყსო სამცხე-საათაბაგოს მწყემსთა სიაში ასეა განმარტებული: «სრულიად კოლა და ხორცევანი (ვარიანტით ხორტევანი) ყარსალზედ მიდგმამდის» (დ. ბაქრაძეს არხ.მოგზ. გურია-აჭარაში, გვ.81–86 და ჩემი არხ. მოგზ. I, გვ.77). ქართლის მეფის კურთხევის დროს შემდეგ საქართველოს დაყოფისა და დადაშნელს 35-ე ადგილი ეჭირა (იქვე, გვ.80, 85). ბატონიშვილი ვახუშტი თავის გეოგრაფიაში (გვ.106) ამ ეკლესიის შესახებ ასე წერს: «ამ (მცირე ქალაქის) კოლას ზეით, მტკვრის კიდეზედ, დადეშს არს ეკლესია, დიდმშვენიერ-გუმბათიან-შენი, და აწ უჴმობენ დორთქილისია. იჯდა ეპისკოპოზი, სულიად კოლისა, და აწ უქმი არს». სახელოვანი გეოგრაფი აქ შემცდარია. დორთ-კილისა სხვა არის და დადაშენი სხვა. დადაშენის გუმბათიანი ლამაზი ეკლესია გაშენებული ყოფილა მოგრძო მაღალ გორაკზე, რომელიც ამობურცულია ვაკეზე და წარგრძელებული ცხენის ზურგსავით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. გორაკი ვიწროა და მოზღუდული ქვითკირის კედლებით ერთი საჟენის სისქისა; ხოლო სამხრეთის მხრით ახლა ზღუდე აღარ მოჩანს. ზღუდეში შესავალი ორი მხრიდან არის, ერთი დასავლეთით და მეორე ჩრდილო-დასავლეთის მხრით. აქეთ-იქით ორივე შესავლისა აღმართული ყოფილა მაღალი ოთხკუთხედი კოშკები; დასავლეთის კოშკები გვარიანად არის შენახული. თვით ეკლესია აშენებული ყოფილა უფრო მომაღლო ნაწილში აღმოსავლეთით გორაკისა, მაგრამ ეს ეკლესია, მოწითალო თლილის ქვით შეძერწილი შიგნით და გარეთ, დაუნგრევიათ და მისი ქვები მოუხმარიათ ჯამეს ასაშენებლად სოფელში, რომელიც გორაკს ქვემოთ, ცოტა მოშორებით არის ახლა გაშენებული. კედლების ნაშთები აღმოსავლეთით, სამხრეთით და სამხრეთ - დასავლეთით უკეთ არის შენახული და ამის მიხედვით არის შედგენილი ის გეგმა, რომელიც ჩვენს ალბომში მოქცეულია 27-ე с. ტაბულაზე. გარედან ეს გეგმა წარმოადგენს სწორკუთხოვან ოთხკუთხედს, რომლის საკურთხეველი მომრგვალებით გამოდის გარეთ აღმოსავლეთით. შიგნით კი გეგმა ჯვარის სახით არის გამოხატული და ეს ჯვარი ჩასახულია ოთხკუთხედში. სამკვეთლოს და სალაროს ანუ სადიაკვნეს აფსიდები არა აქვთ, სწორკუთხოვან ოთახებს წარმოადგენენ, ისე როგორც მათი ფარდი ოთახები დასავლეთის კუთხეებში. ამ ოთხი ოთახის კედლებზე ყოფილა დამყარებული თაღები გუმბათით. როგორ იყო განაწილებული კარები და ფანჯრები, დარჩენილი კედლების ნაშთებთან არა ჩანს და ამიტომ არც გეგმაზეა აღნიშნული. ირგვლივ, როგორც ზღუდეში, ისე ზღუდის გარეთ, მრავალი შენობის ნაშთები მოჩანს, თლილის ქვებისაგან ნაშენნი. საკმაოდ მოიპოვება აგრეთვე სასაფლაოს ქვები, რომელნიც უფრო ხშირად წარმოადგენენ ქანდაკებას შეკაზმული ცხენისა, თუ ცხვარისა და ზოგჯერ ქვაზე ამოჭრილი კაცის სახეებს. გერმანელი მოგზაური ბოტანიკოსი კოხი თავის მოგზაურობაში 1843 წლისა სხვათა შორის იხსენიებს ამ დადაშნის ეკლესიასაც24. მის დროსაც ეკლესია დანგრეული ყოფილა და მას მოჰყავს ხალხის თქმულება, თუ რისთვის იქნა დატოვებული და გაოხრებული ეს ეკლესია. ამ თქმულებით, საქართველოს მეფე არტანუჯში ცხოვრობდა. მან უბრძანა ერისთავს მისთვის დადაშენში აეშენებინა საზაფხულო სასახლე და ეკლესია. ერისთავმა თავდაპირველად ეკლესია აღაშენა. მობრძანდა მეფე და უსაყვედურა ერისთავს, რომ მას უმალ სასახლე არ აუშენებია. ერისთავმა უპასუხა: ზეციერი მეფე უფრო მაღლა დგას, ვიდრე მიწიერიო. განრისხებულმა მეფემ ბრძანა ამ კადნიერებისათვის. ერისთავის ეკლესიის სვეტზე ჩამოკიდება. ბრძანება აასრულეს და მით ეს ეკლესია წაბილწეს. მორწმუნე ხალხმა მიატოვა მას შემდეგ ეკლესია, მაგრამ კედლები კიდევ დგანან, რომ ხსოვნა უცნაურის სისხლის ღვრისა არ ამოიფხვრას ხალხის მეხსიერებიდან. ამ თქმულებიდან ერთი დასკვნა შეიძლება გამოვიყვანოთ, რომ დადაშნის საკათედრო ეკლესია იმ დროს არის აშენებული, როდესაც ბაგრატიონების რეზიდენცია ჯერ კიდევ არტანუჯი იყო, ესე იგი მე-9-10 საუკუნეში ამ დასკვნას თვით ეკლესიის გეგმაც არ ეწინააღმდეგება.

---------------------------------------------------------------

24. Reise im pontischien Gebirge und türkishen Armenien, II. Weimar, 1846.