topmenu

 

გ.ქავთარაძე - საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები

< უკან დაბრუნება

გიორგი ქავთარაძე

Giorgi Leon Kavtaradze

საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები

(ადრეული ხანიდან)

THE PROBLEMS OF STATE DEVELOPMENT OF GEORGIA

(from the earliest times)

თბილისი – Tbilisi

2006

იბერიულ-კავკასიური  საერთაშორისო  სამეცნიერო  ცენტრი

IBERO-CAUCASIAN INTERNATIONAL RESEARCH CENTRE

კავკასიოლოგიური სერია, II

Caucasiological Series, II

http://www.geocities.ws/komblege/state.htm

ნაშრომში განხილულია ქართული სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში არსებულ დაიაენი-დიაუხის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისა და იბერიის სამეფოს აღმოცენება-ჩამოყალიბების საკითხებს, აგრეთვე, გეოგრაფიული ფაქტორის მნიშვნელობას ცენტრალური ამიერკავკასიის ისტორიაში. საგანგებო კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციაში მიმართულებათა მონახაზის წარმოდგენა, საკუთრივ საქართველოს, საზოგადოდ ამიერკავკასიისა და უფრო ვრცელი (შავი და კასპიის ზღვების აუზების მომიჯნავე) არეალის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული ტენდენციების ფონზე და ამ ტენდენციათა ურთიერთმიმართების ხასიათის გარკვევა. ფართო წყაროთმცოდნეობითი ბაზისა და მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენების საფუძველზე შექმნილი ისტორიული ხასიათის ნაშრომი საინტერესო იქნება, როგორც სპეციალისტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისთვისაც.

რედაქტორი: პროფესორი  ტარიელ  ფუტკარაძე

რეცენზენტები: პროფესორი მერი ინაძე, პროფესორი თეიმურაზ გვანცელაძე, პროფესორი მანანა ტაბიძე

Гиорги Кавтарадзе. Вопросы развития государственности в Грузии (с ранных эпох).

Тбилиси, 2006. Иберийско-Кавказский  Международный  Научный  Центр, Кавказоведческая серия, II.

© გ.ქავთარაძე, 2006

გამომცემლობა “უნივერსალი”, 2006

სარჩევი

შესავალი.......... 3

ადრეულ სახელმწიფოთა წარმოქმნა-ჩამოყალიბების

თავისებურებანი....... 5

დაიაენი/დიაუხის ქვეყანა – ქართული სახელმწიფოებრიობის

საწყისები?....... 14

იბერიის სამეფო და მისი "არსებობის არსი"....... 45

კავკასიონი – სასაზღვრო ზონა...... 112

შუასაუკუნეების ქართული სახელმწიფოების პოლიტიკური

ფუნქცია......119

მრავალსაუკუნოვანი ქართული მონარქიული სახელმწიფოებრიობის აღსასრული...133

საქართველოს ახალი ისტორიის ზოგიერთი საკითხი................ 171

ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პერსპექტივები........... 196

Problems of the Development of State in Georgia (Summary)......219

გამოყენებული ლიტერატურა... 225

შესავალი

[გვ.3] დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს რუკაზე თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია ამიერკავკასიის ექტრაორდინალური, გარკვეული თვალთახედვით, შეიძლება ითქვას ცენტრალური, მდებარეობის დასანახად. მისგან ჩრდილოეთით განლაგებულია გამოკვეთილად ჩრდილოური ქვეყანა, რუსეთი, სამხრეთით – ტიპური ახლოაღმოსავლური თურქეთი და ირანი, დასავლეთიდან შავი ზღვა გამოყოფს მას აღმოსავლეთ ევროპისაგან, ხოლო აღმოსავლეთით კასპიის ზღვა – ცენტრალური აზიისაგან. ამიერკავკასიის ასეთი საშუალედო მდებარეობა მიზეზი უნდა ყოფილიყო მისი ეთნოკულტურული მრავალფეროვნების, რაც შემჩნეული ჰქონდათ ჯერ კიდევ კლასიკური ხანის მწერლებსა და მოღვაწეებს. როგორც ჩანს, სწორედ გეოპოლიტიკური ხასიათის ფაქტორებმა გამოიწვია არა მხოლოდ კლასიკური ხანის შუაგულ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის აღმოცენება, არამედ აგრეთვე განაპირობა მისი ისტორიული განვითარება საშუალო საუკუნეებში, ახალ და უახლეს ხანებში. ამიერკავკასიის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მდებარე საქართველო, ადრეული ხანების კოლხეთი და იბერია, კლასიკური ხანის ბერძნული მითოლოგიისათვის ოქროს საწმისის და პრომეთეოსის ქვეყანაა. იგი, მართლაც პრომეთეოს-ამირანისავით არის მიჯაàვული კავკასიონის დიდ მთაგრეხილზე. როგორც ჩანს, სწორედ გეოპოლიტიკური ხასიათის ფაქტორებმა გამოიწვია არა მხოლოდ კლასიკური ხანის შუაგულ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის აღმოცენება, არამედ აგრეთვე განაპირობა მისი ისტორიული განვითარება საშუალო საუკუნეებში, ახალ და უახლეს ხანებში. ფიზიკური გეოგრაფიის თვალთახედვით ამიერკავკასია ანუ უკანასკნელ ხანებში სულ უფრო ხშირად და ჩემი აზრით არცთუ მთლად მართებულად გამოყენებული ნომენკლატურით – "სამხრეთი კავკასია" (იხ., ქვემოთ), სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, მკვეთრად გამოკვეთილი ბუნებრივი ზღუდეებითაა შემოფარგლული – კავკასიონის მთაგრეხილით, შავი და კასპიის ზღვებით, ხოლო სამხრეთის საზღვარი არ არის ამავე დონის გლობალური მნიშვნელობის მქონე მიჯნით გამოყოფილი. სამხრეთითა და სამხრეთ­აღმოსავლეთიდან ზღვრად ძირითადად მდინარე არეზის დინება მიიჩნევა ხოლმე. რაც შეეხება სამხრეთ­დასავლეთს, ამ მხრიდან გამყოფად ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვარი ითვლებოდა. ამდენად ამ მონაკვეთის სივრცობრივი განზომილება საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციისა და შესაბამისად მისი სახელმწიფო საზღვრის (რომელიც ამავე დროს "რკინის ფარდის" ფუნქციასაც ასრულებდა) მოშლის შემდეგ [გვ. 4] გადასინჯვას მოითხოვს. ასეთ მიჯნად ამიერკავკასიის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრისათვის შეიძლება ჩაითვალოს მდინარე არეზის ზემო წელის დინება (რაც სავსებით ბუნებრივია თუ გავავრცელებთ ზემომოყვანილ ცნობას სამხრეთის მხრიდან მისი მსაზღვრავი ფუნქციის შესახებ) და მისგან დასავლეთით მიმდინარე ხაზი პალანდიონკენის მთაგრეხილიდან ჩრდილოეთისაკენ კოპის ქედის გადაკვეთით მდ. ჭოროხის შუა და ქვემო დინებების გაყოლებით შავ ზღვამდე გამავალი. ამიერკავკასიის საზღვრის ასეთი განსაზღვრება მეტ-ნაკლებად ემთხვევა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიულ საზღვარს (ერზურუმის მხარის გამოკლებით). ამიერკავკასიის ასეთი ტერიტორიული დეფინიცია, ზრდის მის არეალს მდინარეების არეზის, ევფრატის (კარა-სუ) და ჭოროხის ზემო წელის სანახებით, სადაც მდებარეობდა ასურულ-ურარტული წყაროების დაიაენი/დიაუხის ქვეყანა. საქართველო ისტორიულად სამი ძირითადი – აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი – ნაწილისაგან შედგება. სამივე ეს მხარე ჩამოყალიბებული იყო მათივე წიაღში არსებულ უმთავრეს მდინარეთა აუზების გარშემო: აღმოსავლეთი საქართველოსათვის განმსაზღვრელი იყო მტკვრის აუზი, დასავლეთი საქართველოსათვის – რიონისა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთისათვის – ჭოროხის. აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ეპოქებში აღმოცენდა წარმართული იბერია, ქრისტიანული ქართლი (ივერია) და ქართლ-კახეთის სამეფო, დასავლეთ საქართველოში – კოლხეთი, ეგრისი/ლაზიკა, აფხაზეთისა და იმერეთის სამეფოები, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე – დაიაენი/დიაუხი, ხორძენე-მოსხიკე, ტაო-კლარჯეთი და სამცხე-საათაბაგო. [გვ.5]

ადრეულ სახელმწიფოთა წარმოქმნა-ჩამოყალიბების თავისებურებანი

სახელმწიფოთა წარმოქმნისა და მათი შემდგომი განვითარების კვლევა, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. განსაკუთრებული აქტუალურობა მან დღეს შეიძინა - მთელი რიგი ძველი ქვეყნების დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ახალი სახელმწიფოების აღმოცენების ეპოქაში. საქართველოშიც სახელმწი­ფოებრიობის წარმოქმნა-ჩამოყალიბების საკითხები ისტორიკოსთა ფართო ინტერესის საგანია. საქართველო მიჩნეულია ერთადერთ ქვეყნად ქრისტიანულ სამყაროში, რომლის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული განვითარება უწყვეტად შეიძლება ჩაითვალოს კლასიკური ხანებიდან დაწყებული XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ მისი ანექსიის ხანამდე.[1] სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუციონალური სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესი დროის ვრცელ მონაკვეთს მოიცავს ადრეული ბრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. IV ათასწლეულის მესოპოტამია-ეგვიპტე) თანამედროვეობამდე. შესაბამისად ამისა, გარდაუვალი ხდება სახელმწიფო­ებრიობის წარმოქმნის პროცესისათვის დამახასიათებელი ცალკეული ქრონო­ლოგიური დონეებისათვის განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომის არსებობა. კომუნისტური სისტემის რღვევამ შესაძლებლობა მისცა აღნიშნული სისტემისადმი ადრე მიკუთვნებული ქვეყნების სპეციალისტებს გამოეყენებინათ კვლევისას ისეთი მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომლებიც საგრძნობლად არიან დაშორებული მარქსიზმ-ლენინიზმის დოგმებს და რომელთა გამოყენება მათთვის ადრე წარმოუდგენელი იქნებოდა. ადრეული კავკასიის პოლიტიკურ ისტორიის შესწავლასთან და ამასთანავე ადრეული სახელმწიფოების წარმოქმნა-ჩამოყალიბების საკითხებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ეფექტურად არნოლდ თოინბის ე.წ. "გამოწვევისა და პასუხის", ანუ "სტიმულისა და რეაქციის" (Challenge-and-Response) მოდელის გამოყენება მიგვაჩნია, ვინაიდან, ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის იდეის წარმოქმნა-განვითარება თავის "გამოწვევასა" თუ "სტიმულს" (challenge) სწორედ ადგილობრივი ბუნებრივი და საზოგადოებრივი გარემოს "პასუხში" ანუ "რეაქციაში" (response) პოულობდა.[2] შენიშნულია, რომ საზოგადოთ ყველა ადგილისათვის და ხანისათვის დამახასიათებელი ადრეული სახელმწიფოების სტრუქტურა, ფუნქციონირება და ევოლუცია ერთმანეთთან შესამჩნევ მსგავსებას ავლენს. ეს გარე[გვ.6]მოება თითქოს იმედს იძლევა, რათა მოხდეს ცნების “ადრეული სახელმწიფო” საყოველთაოდ მისაღები განსაზღვრა და მისი ზოგიერთი ძირეული მახასიათებლების შემუშავება.[3] სპეციალურ ლიტერატურაში ჩვეულებრივ გამოყოფენ რიგ ფაქტორებს, რომლებიც თავს იჩენენ სახელმწიფოებრიობის წარმოქმნისას: 1. მოსახლეობის ზრდა და ზეწოლა; 2. ომი, ომის ან დაპყრობის საფრთხე, ლაშქრობები; 3. დაპყრობა; 4. პროგრესი წარმოებაში და ნამატისათვის ხელშეწყობა, ხარკი, დოვლათი; 5. იდეოლოგია და ლეგიტიმაცია; 6. უკვე არსებული სახელმწიფოების ზეგავლენა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები თავს იჩენენ მოსახლეობის ზრდის დაწყებამდე. ომს ან ომის საფრთხესა და ლაშქრობებს, ანდა ლაშქრობების ჩატარებისა და ხარკის აღების საჭიროებას – მიუხედავად მათი დანიშნულებისა თუ მიზეზისა - ყველაფერს ამას ჰქონდა ერთი და იგივე შედეგი, სახელდობრ, უფრო ძლიერი წინამძღოლის გაჩენა და უკეთესი ან უფრო ძლიერი ორგანიზაცის აღმოცენება, იმისდა მიუხედავად თუ რისთვის იყო იგი განკუთვნილი თავდაცვისათვის თუ თავდასხმისათვის. ორგანიზაციის ასეთი ფორმების წარმოქმნა ქმნიდა სამხედრო ძალების რჩენისათვის საკვებითა და სხვა საგნებით რეგულარული მომარაგების მუდმივ საჭიროებას, მეომართათვის კომპენსაციას და კომუნიკაციების დამყარებას გზების, ნავების, ჯაშუშებისა და შიკრიკების საშუალებით და ა.შ. შესაბამისად, სახელმწიფოს წარმოქმნა გამოწვეული ჩანს, არა იმდენად საკუთრივ ომის ფენომენით, რამდენადაც მას მნიშვნელოვანწილად ხელი ეწყობოდა, როგორც ომის წარმოებით, ასევე არანაკლებ ომის საფრთხის არსებობით და ორივე ამ მოვლენის - ომისა და მოსალოდნელი ომის საფრთხის - შედეგად აღმოცენებული სოციალური სტრესით.[4] ეს მომენტი განსაკუთრებით საყურადღებო ჩანს, ჩვენი საკვლევი თემის თვალთახედვიდან, ვინაიდან თუნდაც მხოლოდ ცენტრალური ამიერკავკასიის ადგილმდებარეობის ფაქტორი თავად იყო განმაპირობებელი პერმანენტული საფრთხისა და შესაბამისად აქაურ საზოგადოებებში მუდმივად არსებული სტრესული მდგომარეობის აღმოცენებისათვის. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოდ მიგვაჩნია დ. ვებსთერის მიერ რ. კარნეიროს თეორიის მოდიფიკაცია, რომლის თანახმადაც, მოსა[გვ.7]ლოდნელი ომის მხოლოდ საფრთხის არსებობაც კი იძლევა ევოლუციური ცვლილებისათვის მეტად ხელსაყრელ გარემოს და არაეფექტურად აქცევდა სოციალურ-პოლიტიკური ევოლუციისათვის დამახასიათებელ მრავალ შინაგანი ზემოქმედების საშუალებას, სხვა შემთხვევებში უხვად წარმოდგენილს განსხვავებული რანგების მქონე საზოგადოებებში. მისი აზრით, ასეთი საფრთხე ქმნიდა უფრო სტაბილურ მმართველობას, ხოლო ბელადი (ლიდერი, chief) უფრო ძლიერი ხდებოდა.[5] ჯერ კიდევ 19 საუკუნის დამლევს, ჰ.სპენსერი ვარაუდობდა, რომ ომისათვის საჭირო ორგანიზაციული შესაძლებლობები, იერარქიული სისტემა და ცენტრალიზებული სარდლობა საზოგადოებაში სამხედროებისაგან ვრცელდებოდა – მეომრები მეფეები ხდებოდნენ და მმართველობაში სამხედრო დისციპლინა შეჰქონდათ.[6] რონალდ კოენიც ფიქრობს, რომ ომიანობა კავშირშია სახელმწიფოს წარმოქმნასთან; მისი სიტყვებით, "ომი ხელს უწყობს ცენტრალიზებული სახელმწიფოს აღმოცენებას". მიუხედავად სახელმწიფოს წარმოქმნასთან ომიანობის მიზეზობრივი კავშირის უშუალო დაკავშირების სირთულისა, მას მიაჩნია, რომ სწორედ იგია ძირითადი გამომწვევი ფაქტორი, ხოლო სირთულე იმაშია, რომ ომი ზოგჯერ იწვევს სახელმწიფოს აღმოცენებას, ზოგჯერ არა, ხოლო ზოგჯერაც იგი სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინაპირობად ანდა შედეგად გვევლინება.[7] ზოგიერთი ავტორის (მაგ. ფრანც ოპენჰაიმერი) დაკვირვებით, დაპყრობებია საძიებელი სახელმწიფოთა საფუძველში. სამხედრო ძალის, ომისა და დაპყრობების ზეგავლენა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სახელმწიფოებრიობის წარმოქნაში. სახელმწიფო წარმოადგენდა ჩაგვრის იარაღს, განსაზღვრულს სოციალური უთანასწორობის ლეგიტიმირებისათვის. ჰენრი კლაესენისა და პეტერ სკალნიკის სამუშაო დეფინიციით, ადრეული სახელმწიფო წარმოადგენს ორგანიზაციას იმ საზოგადოებაში სოციალური ურთიერთობების რეგულაციისათვის, რომელიც იყოფა ორ წარმოქმნილ სოციალურ კლასად: მმართველებისა და მათგან მართულებისაგან.[8] რობერტ კარნეიროს შეხედულებით, ჭარბი მოსახლეობის წნეხი, ომიანობასთან და დაპყრობასთან ერთად იყო სახელმწიფოებრიობისაკენ [გვ.8] მიმართულებით ევოლუციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ანუ მოსახლეობის ზრდას მოსდევდა ზეწოლა არსებულ რესურსებზე. მისი აზრით, ეს ფაქტორები წარმოადგენდნენ სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის მექანიზმებს, ოღონდ მხოლოდ განსაკუთრებულ განსაზღვ­რულ გარემო და საზოგადოებრივ პირობებში. პირველ შემთხვევაში მზარდი მოსახლეობის საცხოვრებელი არეალი იზოლირებული იყო მთებით, ჯუნგლებით, უდაბნოებითა და ზღვებით; მეორე შემთხვევაში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი შემოსაზღვრული იყო სხვა ასეთივე ჯგუფებით და ამდენად მზარდი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი ტერიტორიის გაფართოება შეუძლებელი ხდებოდა და იქმნებოდა ჭარბი მოსახლეობის წნეხი. გარკვეული ხანის გავლის შემდეგ გარდაუვლად დგებოდა დრო, როდესაც ტომის მიწა-წყლის ზრდა შესაძლებელი ხდებოდა მხოლოდ მეზობლად მდებარე ფართობების დაპყრობის საშუალებით, რაც ცხადია ნიშნავდა ომს მეზობელ ტომებთან. ეს პროცესი მთავრდებოდა მთელი ამ შემოსაზღვრული და სხვათაგან გამოცალკევებული ტერიტორიის მოქცევით რომელიმე ერთი დომინირებული ეთნიკური ჯგუფის ხელქვეით, ხოლო დამარცხებულები უნდა შეგუებოდნენ გამარჯვებულებისათვის ხარკის გადახდასა და მათ მორჩილებას.[9] ყოველ ცალკეულ რეგიონში ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის მიმართება მეორესთან წარმოადგენს ადრეული სახელმწიფოს წარმომქმნისათვის დამხმარე პოტენციურ ძალას. ომიანობა, დაპყრობები, ვაჭრობა, კონკურენცია ეთნიკური და ეკოლოგიური თვალთახედვით გაბატონებული მდგომარეობის მიღწევისათვის, უპირატესობა სამხედრო ტექნოლოგიაში, შემოსევების მიმართ თავდაცვითი რეაქცია, ხარკის გადამხდელთა მიერ მისი შეწყვეტისაკენ მისწრაფება, ყოველივე ამას მაღალი ხარისხის წვლილი შექონდა ცენტრალიზებული ხელისუფლების ჩამოყალიბებასა და იერარქიული, ადრეული სახელმწიფოების ზრდაში.[10] რიგი მეცნიერებისა თვლის, რომ პირველადი საზოგადოებრივი ევოლუცია და სახელმწიფოს აღმოცენება თავის მხრივ შემდეგ აყალიბებს საფუძველს ომიანობის მზარდი მასშტაბების, სიხშირისა და წარმატებებისათვის. ელმან სერვისის შეხედულებით ომი და დაპყრობები შედეგია სახელმწიფოს ფორმირებისა,[11] თუმცა ამის საპირისპირო აზრიც აგრეთვე [გვ. 9] მართებულია; ამდენად, მაინცდამაინც ცხადი არ არის ადრეული სახელმწიფოები დაპყრობის შედეგად ყალიბდებიან თუ პირიქით ადრეული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას თან სდევს დაპყრობები. თუმცა ზოგიერთი სახელმწიფოს წარმოქმნა უეჭველად ავლენს დაპყრობის გადამწყვეტ გავლენას. არის შემთხვევები, როდესაც მესაქონლეთა გაბატონებამ მიწათმოქმედებზე გამოიწვია სახელმწიფოს აღმოცენება.[12] მზარდი კონფლიქტი, ომიანობა და ლაშქრობები სათავეს უდებდა ცენტრალიზებული მმართველობის გამომწვევ ტენდენციებს.[13] ე. სერვისი შენიშნავს, რომ შემოსეულ ნომადთა წინააღმდეგ მიღებულმა თავდაცვითმა ზომებმა განაპირობეს ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთსა და მესოპოტამიაში გალავნიანი ქალაქების რიცხვისა და ინტენსიური მიწათმოქმედების ზრდა და ძლევამოსილი ცენტრალიზებული მმართველობითი სისტემის აღმოცენება.[14] ამრიგად მარბიელი მომთაბარეები არა მხოლოდ ძარცვავდნენ ბინადარ მიწათმოქმედებს, არამედ ახდენდნენ პოლიტიკური განვითარების პროცესების სტიმულაციას.[15] ჰ.კლაესენისა და პ. სკალნიკის მონაცემებით, ადრეულ სახელმწიფოებსა და მათ მეზობლებს შორის კონტაქტი უპირატესად ომების, ლაშქრობების და დაპყრობის მცდელობის საშუალებით ხორციელდებოდა. ომი და მისი თანხმლები მოვლენები ყველა შემთხვევაში დადებით ზეგავლენას ახდენდნენ მმართველობითი და სამთავრობო ინსტიტუტების განვითარებაზე.[16] ა.ხაზანოვის შენიშვნით, დაპყრობებს შეუძლიათ გამოიწვიონ ადრეული სახელმწიფოების აღმოცენება, ხელი შეუწყონ ამის სტიმულირებას და ბოლოს და ბოლოს სპეციფიური ადგილობრივი თავისებურებების ჩამოყალიბებას, მაგრამ ამისათვის საჭიროა არსებობდეს შესაბამისი შინაგანი პირობები, მაგალითად, როგორც დამპყრობლების, ასევე დაპყრობილების, განვითარების საკმარისი დონე.[17] თუ მეცნიერთა ერთ ნაწილს (ენგელსი, გოლდბერგი) მიაჩნდა, რომ სახელმწიფო იქმნებოდა უპირატე[გვ. 10]სად შინაგანი განვითარების შედეგად, მეორე ნაწილი (ოპენჰაიმერი, თურნვალდი, კარნეირო) სახელმწიფოს წარმოქნას უკავშირებს გარეგან ფაქტორებს. ისინი თვლიან რომ დაპყრობა და ომი იწვევს რა ერთი ხალხის მიერ მეორეს დამორჩილებასა და ექპლუატაციას, აუცილებელს ხდის სახელმწიფო ორგანიზაციის წარმოქმას საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის შესანარჩუნებლად.[18] იდეოლოგიის არსებობა და აგრეთვე ნამატი პროდუქტის გაჩენა, უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი წინაპირობა. ასეთი ფორმირებისათვის სოციალური უთანაბრობის წარმოქმნა-განვითარება, როგორც ჩანს, უფრო შედეგი იყო, ვიდრე მიზეზი. აღნიშნული გარემოება გვიტოვებს მხოლოდ იმ ფაქტორების წყებას, რომელთაც უნდა მოეხდინათ უმთავრესი ზემოქმედება სახელმწიფოს წარმოქმნაზე; ესენია: მოსახლეობის ზრდა ანდა ზეწოლა, ომი ან ომის საფრთხე, ლაშქრობები, ხარკი, დაპყრობები და იდეების სესხება. თუ როგორ მოქმედებდნენ ეს ფაქტორები, რა სახით ახდენდნენ ერთმანეთზე ზემოქმედებას ანდა როგორ იყვნენ ისინი დაკავშირებული იდეოლოგიის, ზედმეტი ნაწარმის, ვაჭრობისა და სოციალური უთანაბრობის არსებობასთან, ყოველ ცალკე აღებულ შემთხვევაში მარტივი განზოგადოების გარეშე შეუძლებელია ამის გამოხატვა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ამ ფაქტორების გამოვლენის თანმიმდევრობა, შედეგი ყოველთვის ერთი იყო: ადრეული სახელმწიფოს აღმოცენება.[19] ადრეული სახელმწიფო ცენტრალიზირებული სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაციაა, წარმოქმნილი სოციალური ურთიერთობების რეგულაციისათვის რთულ, სტრატიფიცირებულ საზოგადოებაში, რომელიც დაყოფილი იყო არანაკლებ ორ ძირითად ფენად, ან წარმონაქმნ სოციალურ კლასად – სახელდობრ, მმართველებისა და მათგან მართულების, რომელთა ურთიერთმიმართება ხასიათდება პირველთა პოლიტიკურად დომინირებული მდგომარეობითა და მეორეთა დაქვემდებარებული მოვალეობით, რაც ლეგიტიმიზირებული იყო საერთო იდეოლოგიით, რომლისთვისაც ერთმანეთის სამსახურის გაწევა, თანაზიარობა, იყო ძირითადი პრინციპი.[20] ე.სერვისის აზრით, არსებობს ომის არა ნაკლებ სამი მკაფიოდ განსხვავებული სახეობა, რომელთაც, როგორც ჩანს, ერთმანეთისაგან [გვ.11] მეტად განსხვავებული პოლიტიკური შედეგებამდე მივყავართ; ესენია: "სამოქალაქო" ომები, რომლებიც ჩვეულებრივ მემკვიდრეობის უფლების მიღების საკითხებსა და ძალაუფლების განაწილებას შეეხება; ომები დაახლობით თანაბარ საზოგადოებებს შორის, რომლებიც ერთმანეთს ერთსადაიმავე რეგიონში ეპაექრებიან და ომები ბინადარ მიწათმოქმედთა და მეომარ ნომადებს შორის. ე. სერვისის განმარტებით, არც არქაულ კულტურებში და არც პრიმიტიული ქვეყნების კვლევის მონაცემებში არ მოიპოვება არავითარი მინიშნება მუშებისა და გლეხების ანდა ღარიბთა და დაჩაგრულთა აჯანყებების თაობაზე.[21] ჰ.კლაესენისა და პ. სკალნიკის მიხედვით, შესაძლებელი ჩანს, გამოყოფილი იყოს რიგი ფაქტორებისა, რომელთაც გააჩნიათ შედარებით უშუალო სახელმწიფოებრიობის წარმომქმნელი ზემოქმედება: (ა) მოსახლეობის ზრდა და/ან მოსახლეობის ზეწოლა; (ბ) ომი, ომის ან დაპყრობის საფრთხე და ლაშქრობა; (გ) დაპყრობა; (დ) ადრე არსებული სახელმწიფოების ზეგავლენა. ამ ფაქტორების მოქმედების ისტორიული თანმიმდევრობა შედარებით უმნიშვნელოა. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, უმეტეს შემთხვევებში, ყველა ეს ზემოქმედება ერთობლივად იყო ხოლმე წარმოდგენილი. იმისდა მიუხედავად, თუ რომელმა ამ ფაქტორთაგან გამოიწვია ფაქტიური სოციალური განვითარება, საბოლოო შედეგი ყოველთვის ერთი და იგივე თუ არა, მეტად მსგავსი მაინც იყო _ "ადრეული სახელმწიფო". როგორც ირკვევა, სოციალური უთანაბრობა არ წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანიზაციის წარმოქმნისათვის აუცილებელ წინაპირობას. ადრეული სახელმწიფოები მაშინ აღმოცენდებოდნენ, როდესაც სხვა პირობებიც იყო ხოლმე წარმოდგენილი ანუ სახელმწიფო ორგანიზაცია მხოლოდ მაშინ აღმოცენდებოდა, როდესაც მოხდებოდა ამ პირობებიდან ზოგიერთის თანადამთხვევა.[22] ამასთანავე, როგორც ჩანს, ყოველი ცალკეული სახელმწიფო რიგი თავისებური პირობების არსებობისას აღმოცენდა, ამის გამო სხვადასხვა ადრეული სახელმწიფოები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ადრეული სახელმწიფო ცალკე გამოიყოს როგორც განსხვავებული ძირითადი კატეგორია კაცობრიობის სოციალურ ევოლუციაში.[23] ფრანც ოპენჰაიმერის ხატოვანი თქმით, ყველა სახელმწი[გვ. 12]ფოს აქვს ფორმა და შინაარსი: მისი ფორმაა ბატონობა და შინაარსია ადამიანთა სამუშაო ძალის სამეურნეო განაწილება.[24] ადრე არსებული სახელმწიფოს ზეგავლენის ხარისხი განსხვავებულია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, იგი მაინც იძლევა ხოლმე გარკვეულ ჩარჩოებს მეორადი ქვეყნების განვითარებისათვის, რომელთა უმეტეს ნაწილში ძირითადად მსგავსი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო. მაგალითად, საფრანგეთში, სადაც ირგვლივ არა მხოლოდ განსხვავებული სახელმწიფოებრივი სისტემები არსებობდნენ, არამედ ადგილზევე მოიპოვებოდა ფართო გამოცდილება სახელმწიფოს ჩამოყალიბების ადრეული სტადიების შესახებ. როგორც ფიქრობენ, იგივე შეიძლება ითქვას იბერიისა და ალბათ სკვითების შემთხვევაშიც.[25] ჰ. კლაესენისა და პ. სკალნიკის აზრით, იბერიული (ანუ ქართული) სახელმწიფოები განვითარდნენ გარე დამპყრობელთა წინააღმდეგ მათი დაცვის საჭიროების შედეგად, როდესაც ყალიბდებოდა კავშირები და წინამძღოლებიც სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იძენდნენ; უფრო მეტიც, მოსახლეობის ზრდა მოითხოვდა უფრო რთული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას.[26] კლაესენი და სკალნიკი ადრეულ სახელმწიფოს სამ სახეობად ჰყოფენ: inchoate (პრიმიტიული), typical (ტიპური) და transitional (განვითარებული). იბერიას ისინი ტიპურად მიიჩნევენ.[27] გ.ყორანაშვილის დაკვირვებით, ძველი იბერიისა და კოლხეთისათვის დამახასიათებელი იყო გარდამავალი ფაზის სახეობის ანუ "ადრეულ კლასობრივ" სტადიაზე მყოფი საზოგადოებები.[28] მისივე განმარტებით, ქართული ისტორიული ტრადიციის მიხედვით, იბერიაში სახელმწიფოს წარმოქმნა აქ სოციალური კლასების განვითარების წინაპირობას წარმოადგენდა. მას მერე რაც იბერიაში პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, ლეგალური და ქონებრივი განსხვავებები აღმოცენდა იბერიელთა შორის.[29] იბერიული სახელმწიფოს წარმოქმნა, რომელიც ქართული ისტორიული ტრადიციით, ძვ.წ. IV საუკუნის 30-იან [გვ.13] წლებში უნდა მომხდარიყო, გ.ყორანაშვილის აზრით, დაჩქარებული იყო გარეგანი აგრესიის შედეგად, რისი მაგალითებიც ბევრია ისტორიაში.[30] მართალია, ქართული სახელმწიფოებრიობა ელინისტურ ხანაში იბერიის (ქართლის) სამეფოს აღმოცენებიდან იღებს სათავეს, მაგრამ ქართველური წარმომავლობის ტომებს არ არის გამორიცხული რომ სხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბებაშიც მიეღოთ მონაწილეობა. მათ შორის უპირველეს ყოვლისა უნდა ვიგულისხმოთ ძველი ბერძნული წყაროების კოლხიდა (ურარტული ლურსმული წარწერების კოლხა) და ასურულ-ურარტული წყაროების დაიაენი/დიაუხი. ბუნებრივია, რომ განსხვავებული მეთოდოლოგიური საფუძვლებია გამოსაყენებელი, ერთის მხრივ, ადრეულკოლხური და დიაოხური, ხოლო, მეორეს მხრივ, იბერიული სახელმწიფოებრიობის კვლევისას; ვინაიდან ეს სახელმწიფოები არა მხოლოდ განსხვავებულ ეპოქალურ სტადიებს განეკუთვნებიან, არამედ განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური მოდელების წარმომადგენლები არიან. [გვ.14]

დაიაენი/დიაუხის ქვეყანა – ქართული სახელმწიფოებრიობის საწყისები?

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ანუ სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების აღმოცენების ადრეუ­ლობას სხვა მხარეებთან შედარებით უნდა მიგვანიშნებდეს ისტორიული საქართველოს ტერიტორიისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი განვითარების პროცესის თავისებურებანი და ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია. სამხრეთ­დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიული სიახლოვე ახლო აღმოსავლეთის მაღალგანვითარებულ სამყაროსთან და ამ უკანასკნელიდან მომდინარე ზეგავლენა არ უნდა ყოფილიყო ადგილობრივი საზოგადოების სოციალური განვითარების ძირითადი განმაპირობებელი გარემოება. უფრო ისე ჩანს, რომ ადრეული და შუა ბრინჯაოს ხანაში ახლო აღმოსავლეთის ჩრდი­ლოეთი პერიფერიის ცენტრალური ნაწილის დაბალი განვითარების მობილური, მესაქონლე ტომები, რომლებიც ფლობდნენ ბუნებრივი სიმდიდრეების მნიშვნელოვან მარაგს, პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც ხშირ შემთხვევაში იქვემდებარებდნენ სამხრეთის დაწინაურებულ საქალაქო ცივილიზაციებს. ანალოგიური ვითარებაა ახლო აღმოსავლეთის დასავლურ­ეგეოსურ და ჩრდილო­აღმოსავლურ ანუ ცენტრალურაზიურ ფლანგებზეც.[31] გვიანი ბრინჯაოს ხანიდან სამხედრო ლიდერის აქტიური ფუნქციის არსებობის მქონე საზოგადოების განვითარების არაურბანულ (პირობითადად – ჩრდილოურ) ტიპს, თანდათანობით ენაცვლება უპირატესად საორგანიზაციო მართველობითი ხასიათის ურბანისტული (პირობითად – სამხრეთული) ტიპი, გამორჩეული მიწათმოქმედების მზარდი მნიშვნელობით, რომელსაც სახელმწიფოებრიობის აღმოცენებისაკენ უნდა მიეყვანა ადგილობრივი საზოგადოება. რამდენადმე უფრო გვიან, ამიერკავკასიის ტერიტორიის ცალკეული რეგიონების მოქცევამ ურარტუს სახელმწიფოს შემადგენლობაში, დააჩქარა ამ პროცესის განვითარება.[32] მდგომარეობა მთლიანად იცვლება ირანის აქემენიანთა იმპერიის აღმოცენების ხანიდან, როდესაც ცივილიზებული სამხრეთის გაბატონებული მდგომარეობა ბარბაროსული ჩრდილოეთის მიმართ უკვე ეჭვს აღარ იწვევს.[33] წინაელინისტურ ხანაში სწორედ ირანის ზეგავლენა განაპირობებდა ადგილობრივი საზოგადოების განვითარების პროცესს ამიერკავკასიაში.[გვ.15] აღსანიშნავია, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, იმიერკავკასიიდან კიმერიული და სკვითური ტომებისა და სამხრეთიდან ახალი მოსახლეობის ნაკადების შემოჭრა-შემოდინებამ სახე უცვალა ამიერკავკასიაში ადგილობრივად მიმდინარე სოციალურ-კულტურული განვითარების მსვლელობას და აქ რთული, სინთეტური საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი წინაპირობები შექმნა. შემთხვევითი არ არის ლეონტი მროველის "მეფეთა ცხოვრების" ცნობა, რომ ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლეგენდარულ შემოსვლამდე: "...იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული. ესე ენანი იცოდეს ყუველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა" (I, 16, 21-23).[34] ცნობილია, რომ ე. წ. melting pot-ის ეფექტი სახელმწიფოებრიობის წარმოქმნისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ გარემოებას წარმოადგენს. უფრო ადრე, ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის შუა ხანებში, რამდენადმე მსგავს სიტუაციას ადგილი უნდა ჰქონოდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც, დღევ. ქალაქ ერზურუმის ჩრდილოეთით, დაახლ. მდ. ევფრატის სათავეების მხარიდან შავ ზღვამდე, მდებარეობდა დაიაენი,[35] სადღეისოდ არსებული მონაცემებით,[36] საქართველოსა[37] და, როგორც ჩანს, ამიერკავკასიაში მიკვლეული უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომლის არსებობას უკვე ძვ.წ. XII ს-ში ადასტურებს ასურული წერილობითი წყაროს ცნობა.[38] ამ რეგიონში ადგილი უნდა ჰქონოდა ქართველური, ხურიტული და შესაძლოა ხეთური წარმომავლობის მქონე ტომთა თანაცხოვრებას. მომდევნო ხანების წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, დაიაენი/დიაუხის ქვეყანა მდებარეობდა ვრცელი რეგიონის შიგნით, რომლის ფარგლებიც შემოისაზღვრებოდა [გვ.16] დასავლეთიდან ლაზისტანის ქედით, ჩრდილოეთიდან შავშეთის ქედითა და მისი განშტოებებით, აღმოსავლეთიდან ალაჰუექბერისა და ჩაქირბაბას ქედებით, ხოლო სამხრეთიდან დაახლოებით თანამედროვე თურქული ქალაქების პასინლერისა და ბაიბურთის შემაერთებელი ხაზით.[39] დაიაენი/დიაუხის ქვეყნის სამხრეთითა და აღმოსავლეთით განლაგებული ურარტუს სამეფო, ადრეულ ეტაპზე მაინც, "ურუათრის" ტომთა გაერთიანების მსგავსად, ძირითადად ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ, მის დასავლეთითა და სამხრეთით ანუ მდ. არეზის სამხრეთითა და დასავლეთით მდებარეობდა. ურარტუს სახელმწიფოს აღმოცენებისას მნიშვ­ნელოვანი როლი შეასრულა ასურეთის აგრესიამ. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ პ.ციმანსკის, რომ ურარტული სახელმწიფო ძალის გამოყენების შედეგად შეიქმნა – ომი იყო მისი აღმოცენების გამომწვევი მიზეზიცა და პასუხიც. მთელი მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურა ასახავს უდიდეს ზრუნვას თავდასხმითი და თავდაცვითი სამხედრო საქმიანობისადმი. როდესაც მზარდმა ახალასურულმა სახელმწიფომ ძვ.წ. IX საუკუნის მანძილზე გაფართოება დაიწყო, მისმა ლაშქრობებმა ჩრდილოეთის მიმართულებით სულ უფრო მზარდი ხასიათი მიიღო, ამას შედეგად მოყვა არა ასურელთა კონტროლის დამყარება რეგიონზე, არამედ მათ მიმართ მძაფრი წინააღმდეგობა; მანამდე დანაწევრებული "ნაირის ქვეყნები" გაერთიანდა ვანის ტბის მხარის დინასტიის ხელქვეით, რომელმაც დაცვა აღუთქვა დამორჩილებულებს და ძალით დაიქვემდებარა ურჩები.[40] ურარტული ხელისუფლების გავრცელებას აღმოსავლეთ ანატოლიის, ჩრდილო-დასავლეთ ირანისა და სამხრეთ ამიერკავკასიის დიდ ფართობებზე ხელი უნდა შეეწყო ასურელთა ლაშქრობების შედეგად ამ მხარეებისათვის ამ უკანასკნელთა მიერ მიყენებულ ზარალს.[41] დაიაენის ადგილმდებარეობა განსხვავებული იყო, ურარტელთა ზურგს უკან იგი შედარებით ნაკლებად ექვემდებარებოდა ასურულ აგრესიას. [გვ.17] ასურელთა სამხედრო დაწოლას უნდა განეპირობებინა ურარტუს ტერიტორიაზე ადრეარსებულ, ადგილობრივ სოციალურ და პოლიტიკურ ტრადიციებთან რადიკალური განხეთქილება. თუმცა, ამასთანავე, აუცილებული იყო საკუთრივ ადგილობრივი საზოგადოების მზადყოფნა ასეთი მნიშვნე­ლოვანი ცვლილებისათვის – პირველი, ნამდვი­ლი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის რკინის ხანაში. უკანასკნელ დროს გამოითქვა აზრი, ურარტუს სახელმწიფოებრივი ტრადიციის საწყისების არსებობის თაობაზე სამხრეთ ამიერკავკასიაში, სადაც უკვე ძვ.წ. II ათასწლეულში არსებობდა ციკლოპურკედლიანი ციხე-სიმაგ­რეები და მათთან დაკავშირებული საირიგაციო არხების ქსელები. იგულისხმება არა უშუალოდ ურარტუს სახელმწიფო აპარატის სამხრეთამიერკავკასიური წარმომავლობა, არამედ სამხრეთ ამიერკავკასიაში არსებული გვიანი ბრინჯაოს ხანის სახელმწიფოებრივი ტიპის წარმონაქმნებში აღმოცენებული პოლიტიკური ტრადიციის – ინსტიტუციონალური ფორმებისა და მმართველობითი სტრატეგიის ერთობლიობის – არეკვლა ურარტუს პოლიტიკურ ცხოვრებაში; სხვა სიტყვებით, ურარტუს სამეფო წარმოადგენდა ნახევარი ათასწლეულით უფრო ადრე, გვიანი ბრინჯაოს ხანის სამხრეთ კავკასიაში ჩასახული გარკვეული პოლიტიკური ტრადიციის აპოგეას.[42] ა.სმითისა და თ. თომპსონის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ურარტუს წარმატება, ე.წ. სომხეთის მთიანეთის ერთიან პოლიტიკურ ერთეულში გაერთიანებისა, წარმოადგენდა სამხ­რეთკავკასიური პოლიტიკური ტრადიციის უმაღლეს რეალიზაციას, იგი იყო, ამავე დროს, აღნიშნული ხანგრძლივი ტრადიციის ზედა ზღვარი. ურარტუს დაცემის შემდეგ აქ აქემენიდური და გვიანელინისტური ტრადიციების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული პოლიტიკური ძალაუფლების ახალი მოდელები სჭარბობენ.[43] ასურელებთან პირისპირ კონფრონტაციაში ურარტული ჯარი ნაკლებად ეფექტური იქნებოდა; მაგრამ ეფექტურ თავდაცვით სისტემას ციხე-სიმაგრეები ქმნიდნენ, რომლებიც აგებული იყო ცენტრალური ხელისუფლების მიერ მაშინაც კი, თუ მათი თავდაცვა დამოუკიდებლად, რეგიონალური ძალების საშუალებით ხდებოდა. ურარტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთანავე შექმნილი იყო ხელოვნური თავდაცვითი სისტემა, რათა ბუნების მიერ ბოძებული სადამცველო პოტენციალი კიდევ უფრო [გვ.18] გაზრდილიყო.[44] მკვლევართა დაკვირვებით, მასიური ურარტული ციხე-ციტადელების კომპლექსები წარმოადგენდნენ, ძველი ახლო აღმოსავლეთის ანალოგიურ ძეგლთა კონტექსტში, საერო არქიტექტურის უაღრესად განსხვავებულ სახეობას; ისინი ფუნქციონირებდნენ როგორც ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სამხედრო და საკულტო ინსტიტუტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი პოლიტიკური ძალაუფლების სივრცობრივად გადაბმული ცენტრები და ამდენად სინთეზირებას ახდენდნენ იმ ძირეული შემადგენელი ნაწილებისა, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა ურარტული სახელმწიფოს პოლიტიკური ორგანიზება ერთ, მკვეთრად გამოხატულ და ხელოვნურად ჩამოყალიბებულ სივრცედ.[45] პ.ციმანსკის ვარაუდით, ურარტუ შეიძლებოდა აღმოცენებულიყო მხოლოდ რკინის ხანაში, ვინაიდან გამძლე და ძლიერი რკინის წერაქვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კლდეთა ძირითადი ქანის დამუშავება ციხე-სიმაგრეებისათვის პლატფორმის მოსაწყობად.[46] იგივე შეიძლება ალბათ ითქვას ციხე-სიმა­გრეების სიმრავლით გამორჩეული დაიაენი/დიაუხის ქვეყნის აღმოცენების ხანის შესახებ; ქსენოფონტის ხანაშიც ხომ ტაოხები სიმაგრეებში სახლობდნენ მთელი თავისი ავლა-დიდებითურთ (Xen., Anab., VI, VII, 1). მთაგრეხილებით სეგმენტირებული ურარტუს ტერიტორია ძირითადად წარმოადგენდა თვითუზრუნველყოფილი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთეულების მოზაიკას, ხოლო მის განაპირას მდებარე დაიაენი/დიაუხის ქვეყანა ერთ-ერთი ასეთი ერთეული იყო, რომლის თავის ორბიტაში მოქცევა წარმოადგენდა ამ დიდი სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პოლიტიკურ ამოცანას. ურარტუმ შედარებით უმტკივნეულოდ მოახერხა სხვა მსგავსი პოლიტიკური ერთეულების დაუფლება. ეს მომენტი შესაძლოა ურარტუსა და დიაუხის მოსახლეობის მკვეთრ ეთნიკურ განსხვავებაზე მიგვანიშნებდეს. ასურული და ურარტული წერილობითი წყაროები და დანატოვარი კულტურული ნაშთები მოწმობენ დაიაენი/დიაუხის ქვეყნის სიდიდესა და განვითარების მაღალ დონეს, გამოვლენილს მრავალრიცხოვანი "ქალაქებით", ციხე-სიმაგრეებით, ციკლოპური ნაგებობებით, მეურნეობის დაწინაურებული სახეობებითა და მეტალურგიით. რეგიონის რესურსების თავდაცვის საჭიროებას ჯერ ასურელთა, ხოლო შემდეგ ურარტელთა ძალმომრეობისაგან და ეკონომიკურ უპირატესობათა საკუთარი მიზნებისათვის [გვ.19] გამოყენებისათვის მისწრაფებას უნდა განეპირობებინა რკინით განსაკუთრებით მდიდარი დაიაენი/დიაუხის ქვეყნის წარმოქმნა და ძვ.წ. XII-VIII საუკუნეების მანძილზე ხუთსაუკუნოვანი არსებობა. როგორც ჩანს, ეს ქვეყანა ხასიათდებოდა "საბელადო" (chiefdom) ტიპის საკმაოდ დაწინაურებული პოლიტიკური სტრუქტურით და წარმოადგენდა წინა-სახელმწიფოებრივი საფეხურიდან სახელმწიფოზე გარდამავალ წარმონაქმნს ანუ სახელმწიფოებრიობისაკენ მიმავალ ევოლუ­ციურ ტრაექტორიაში ეკავა ეგალიტარულ სეგმენ­ტურ საზოგადოებებსა და სინთეტურ სახელმწიფოებს შორის არსებული საშუალედო ეტაპისათვის განკუთვნილი ადგილი.[47] დაწინაურებულ, იერარქიული ტიპის სახელმწიფოებრივ სტრუქტურაზე უნდა მიუთითებდეს მისი სოციალური სისტემის თავისებურებანი: მეფე-სიუზერენი, ცალკეულ პროვინციათა მმართველი "მეფეები", ერთიანი მმართველის ხელქვეით სხვადასხვა ტომთა გაერთიანება.[48] როგორც ჩანს, ურარტუს სამეფოს მსგავსად დიაუხის ქვეყანაც პროვინციებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანს განაგებდა ადგილობრივი მმართველი. როგორც ასურული წყაროები მოწმობენ, ურარტუში ასეთ მმართველთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო და ინდივიდუალურად ისინი საფრთხეს ვერ შეუქმნიდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.[49] დაიაენის ქვეყანა ასურულ ეპიგრაფიკულ წყა­როებში წარმოდგენილია Daiaeni ან Daiani-ს ფორმით, რაც შეესატყვისება ურარტულში Diaui ან Diauei ფორმას.[50] ასურული დაიაენი/დაიანისა და ურარტული დიაუხი/დიაუეხის შესატყვისია ქსენოფონტის "ანაბასისში" მოხსენიებული ტაოხთა ქვეყანა. დაიაენისა და დიაუხის იდენტურობა პოსტულირებული იყო ჯერ კიდევ ა.სეისის, მ.შტრეკის, ა.ბილერბეკისა და ფ.დელიჩის მიერ, [გვ. 20] ხოლო ტაო/ტაიქთან პირველ მათგანს უკვე კ.ლემან-ჰაუპტი და ე.ფორერი აკავში­რებდნენ.[51] გ. მელიქიშვილის აზრით, ეს სატომო სახელი ხურიტული უნდა იყოს, ვინაიდან ხურიტულ ონომასტიკონში ფართოდ გავრცელებული ჩანს ტაი-ელემენტი.[52] ანლაუტში d- > t- პროცესი დამახასიათებელია ხურიტული და ქართველური ენებისათვის. თუმცა უკანასკნელ ხანებში გამოთქმული მოსაზრებით, ვინაიდან ქართველურ ენებში ხშულ თანხმოვანთა სამეულებრივი სისტემაა, სოლისებრი დამწერლობით ჩაწერილი მისი ლექსიკაც აბრუპტივებს ასახავდა არა ყრუებით, არამედ მჟღერებით და შესაბამისად ქართველური ტ-ა-ო ურარტულად დაიწერებოდა di-a-u-ḫi და წაიკითხებოდა: ṭaoḫi (ტაოხი), რასაც ადასტურებენ სომხური Տայք (ტაჲქ, Ṭayk და ერთგვარად ბერძნული ფორ­მები: Τάοχοι, Τάοι).[53] თუ კი მოვახდენთ ამ ვარაუდის ექსტრაპოლირებას ასურულ ლურსმულ წარწერებში დადასტურებულ და იმავე ქვეყნის აღმნიშვნელ ტერმინზე – "დაიაენი", ალბათ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ მისი საწყისი ფორმა უნდა ყოფილიყო "ტაიაენი", საკმაოდ ახლო მდგომი მრავლობითი რიცხვით ნაწარმოებ ძველ ქართულ ტერმინთან "ტაონი".[54] ვითვალისწინებთ, ქართულში ხმოვანთკომპლექსის მიდრეკილებას ერთმარცვლოვნობისაკენ[55] და იმ გარემოებას, რომ ამავე რეგიონის ტოპონიმიკის ამსახველ ურარტულ წყაროებში დადასტურებულია სავარაუდოდ "ნ"-არიანი მრავლობითით გაფორ­მებული დიაუხის შემადგენელი ქვეყნების აღმნიშვნელი ფორმები: "ბიანი" და "ხუშანი".[56] მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, დაიაენი/დი­აუხის ქვეყანა მდებარეობდა მდ. ევფრატის (კარა-სუ) სათავის ჩრდილოეთით[57] ანუ ისტორიული ქართული მხარის ტაოს (სომხური წყაროების – ტაჲქი) რაიონში.[58] დაიაენის შემდეგდროინდელი ტაოს ადგილას ლოკალიზაციის შესაძლებლობას იძლევა ასურ მეფეთა წარწერები: შუაასურული ხანის მეფის, ტიგლათფილესერ I-ის (ძვ. წ. 1114-1076 წწ.) მეფობის მესამე წლის, ძვ.წ. 1112 წ. წარწერიდან ირკვევა, რომ ნაირის ქვეყნების კოალიციის მონაწილე [გვ. 21] დაიაენი, ამ ქვეყანათაგან ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და "ზედა" ანუ შავი ზღვის მახლობლად უნდა ყოფილიყო განლაგებული.[59] დაიაენის ჩრდილოურ მდებარეობაზე მიგვანიშნებს სალმანასარ III-ის (ძვ. წ. 858-824 წწ.) ძვ. წ. 856 ლაშქრობის აღწერილობაც, როდესაც იგი მდ. არაცანის (მურათ-სუს, იგივე აღმოსავლეთ ევფრატის) დინების ჩრდილოეთით მდებარე სუხმის ქვეყნიდან გადავიდა დაიაენიში;[60] "სოხ­მე//სუხ­მი" დაიაენის ქვეყანას სამხრეთ-დასავ­ლეთიდან ესაზღვრებოდა.[61] კიდევ უფრო მეტად არის დაკონკრეტებული დაიაენის ადგილმდებარეობა ახალასურული ხანის მეფის, სალმანასარ III-ის მიერ ნიმრუდის სასახლის "ფრთოსან ხარებზე" დატოვებულ წარწერაში. სალმანასარი გვამცნობს: "ჩემი მმართველობის მეთხუთმეტე წელს წავედი ნაირის ქვეყანაზე, ტიგროსის სათავესთან კლდოვან მთებზე, იქ საიდანაც წყალი გამოდის, გამოვკვეთე ჩემი მეფურობის გამოსახულება, დავწერე მასზე ჩემი ძლევამოსილების გამარჯვება და შემართების გზები. თუნიბუნის ზეკარით გადავიარე არამე ურარტელის ქალაქებზე ევფრატის სათავემდე და დავანგრიე, აღვგავე და ცეცხლით გადავწვი. მივედი ევფრატის სათავესთან, მსხვერპლი შევწირე ჩემს ღვთაებებს და აშურის იარაღი განვბანე მასში. ასია, დაიაენის ქვეყნის მეფე, ფეხთჩამივარდა, ხარკი და ძღვენი, ცხენები, მივიღე მე მისგან, ჩემი სამეფო გამოსახულება გავაკეთებინე და დავდგი მისი ქალაქის შუაგულში".[62] ეს ამბავი ხდება ძვ. წ. 844 წელს, თანამედროვე ქ. ერზურუმის ჩრდილოეთით დაახლ. 40 კმ-ით მდებარე ევფრატის სათავესთან, სადაც მისულ სალმანასარს ეახლა ასია, დაიაენის მეფე, რომლის სატახტო ქალაქიც, სადაც ასურ მეფეს აღუმართავს თავისი გამოსახულება, იქვე, მდინარის სათავის მახლობლად უნდა ყოფილიყო.[63] მართებულად შენიშნავს მ. სალვინი, რომ სალმანასარ III-ის მიერ ევფრატის სათავესთან დაიაენის მეფის ყმად მიღების ადგილმდებარეობის განსაზღვრა, უნდა მიუთითებდეს ამ გეოგრაფიულ-პოლიტიკური სახელწოდების – დაიაენი – იდენტიფიცირებაზე ურარტული წყაროების დიაუ(ე)ხთან და ამ უკანასკნელის მეშვეობით ქსენოფონტის მიერ მოხსენიებულ ტაოხებთან.[64] ასურელები და ურარტელები ხშირად განსხვავებულ ტოპონიმებს იყენებდნენ ერთიდაიმავე ადგილის აღსანიშნავად.[65] [გვ.22] სალმანასარის ცნობის სიზუსტეს ცხადყოფს გასული საუკუნის დასაწყისში, მდ. ტიგროსის სათავესთან, ბირკლინში (ე.წ. ტიგროსის გვირაბთან), კლდეზე მიკვლეული მეფის გამოსახულება და ოთხი წარწერა, რომელთა სალმანასარისადმი კუთვნი­ლება ს.ფ.ლემან-ჰაუპტმა დაადგინა.[66] ძველი შუამდინარეთული წარმოდგენით, წყალი განწმენდისა და აღორძინების სიმბოლოა, ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს ზღვარი და დამაკავშირებელი – "ციური ოკეანის წურწელია", ხოლო მდინარეები ტიგროსი და ევფრატი მნიშვნელოვან მითოლოგიურ სიმბოლოს, საკრალური ტოპოგრაფიის ელემენტებს წარმოადგენდნენ, ისინი, ისევე როგორც ყოველივე, ციური სუბსტანციების მიწიერი გამოსახულებებია: ცის ერთ თანავარსკვლავედში ტიგროსია, ხოლო მეორეში ევფრატი. ესაიას ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში ასურეთის მეფის სიძლიერე შედარებულია ევფრატის ძალასთან: "...აჰა აღმოიყვანებს უფალი, თქჁნ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა, ასსურასტანელთა მეფისა, და დიდებასა მისსა და აღმოვიდეს ყოველსა ზედა ჴევნებსა თქჁნსა, და ვლოს ყოველსა ზედა ზღუდესა თქჁნსა..." (წინასწარმეტყველება ესაიასი, თავი Ⴡ).[67] ზემომოყვანილ სალმანასარის წარწერაში ყურა­დღებას იპყრობს ის გარემოება, რომ მდ. ევფრატის სათავესთან მისული ასური მეფე, მსხვერპლშეწირვისა და აშურის იარაღის მდინარის წყალში განბანის შემდეგ, არაფერს ამბობს აქვე თავისი გამოსახულების დატოვების თაობაზე და იუწყება მხოლოდ თავისი "მეფური გამოსახულების" დადგმაზე დაიაენის მეფის ასიას სატახტო ქალაქში. როგორც ჩანს, ეს იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ "ტიგროსის გვირაბის" ადგილმდებარეობისაგან განსხვავებით, სადაც მდინარე მძლავრად გამოედინება კლდოვანი მთის ძირიდან, მდ. ევფრატის სათავის მხარე არ წარმოადგენდა ეფექტურ ადგილს ასურეთის მეფის სახელის უკვდავსაყოფად აგებული ძეგლისათვის, განსხვავებით ასია დაიაენელის დედაქალაქისა. როგორც ირკვევა, მდინარე ევფრატი (უფრო ზუსტად, დასავლეთ ევფრატი ანუ კარა-სუ) მრავალრიცხოვან წყაროთა შეერთების შედეგად არის წარმოქმნილი, რომელთა რიცხვიც, ზოგი­ერთი ცნობით, ასზე მეტია. ევფრატის სათავის დასადგენად საგანგებო ძიება XIX საუკუნის შუა ხანებში ჩაატარა გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა მორიც ვაგნერმა. მისი ცნობით, ევფრატის სათავე წყაროს წარმოადგენს დუმლუ-სუ, რომელიც გიაურ დაღის განშტოების შემადგენელ დუმლუ დაღის ფერდობიდან გამოედინება.[68] დიმ. ბაქრაძის რუკაზეც კარა-სუს სათავე წყაროდ – დუმლუ [გვ.23] ბუკარია აღნიშნული.[69] ერზურუმის მხარეში ნამყოფი რობერტ ქერზონი 1843 წელს წერდა, რომ ერზურუმიდან თორთომისაკენ მიმავალ გზასთან მდებარე კლდოვანი მწვერვალიდან ჩანს სამი მდინარის სათავე, რომელთაგანაც ერთი შავ ზღვაში ჩაედინება, მეორე – სპარსეთის ყურეში, ხოლო მესამე – კასპიის ზღვაში;[70] უკანასკნელში მდ. არეზის (არაქსის) შენაკადი უნდა იგულისხმებოდეს. ეს ადგილი დუმლუ სუს სათავე წყაროების მახლობლობაშია, ზღვის დონიდან 2090 მ სიმაღლეზე მდებარე გიოქლიას უღელტეხილთან. შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეში ჩამდინარე მდინარეების წყალგამყოფია გიაურ დაღი, კლასიკური ხანის მწერლების ე.წ. მოსხური მთების სამხრეთული სექტორი – მისგან ჩრდილოეთით მდ. ჭოროხის შენაკადები თორთომის-წყალი (თორთუმ-ჩაი) და ოლთისის-წყალი (ოლთუ-ჩაი) მიედინებიან, ხოლო სამხრეთით მდ. ევფრატის შენაკადები[71] – კარა-სუს სათავე მდინარე დუმლუ-სუ და სერჩამ სუ. ძირითადად სწორედ კარა-სუსა და სერჩამ-სუს შეერთების შემდეგ იყო ცნობილი მდინარე როგორც "ფრატი" ანუ ევფრატი.[72] აღსანიშნავია, რომ სერჩამ-სუს წყლის ნაკადის მასა მეტი თუ არა ნაკლები არ არის კარა-სუს ნაკადზე და უფრო ჩქარი დინებაც აქვს; მაგრამ ამ ორი მდინარის შეერთების ადგილიდან მათ სათავეებამდე მანძილი სერჩამ-სუს შემთ­ხვევაში კარა-სუს მანძილის ნახევარსაც კი არ შეა­დგენს.[73]. პლინიუსის მიხედვით, მდ. ევფრატი გამოედინება დიდი სომხეთის პროვინცია კარანიტისიდან, მთა აბას ფერდობიდან და მას სათავის მახლობ­ლად Pyxurates-ი ეწოდება (n. h., V, 83). ამ მთას სტრაბონი აბოსის (Mt. Abus) სახელით იცნობს (XI, XIV, 2). პლინიუსს ეს ცნობა ნერონის დროს სირიის რეგენტად მყოფი დომიციუს კორბულოსაგან აუღია (კორბულო პართელებთან ბრძოლის მიზნით ახ.წ. 63 წ. ევფრატის ზემო წელისაკენ იყო გადაადგილებული); ექვსი წლის შემდეგ ლიცინიუს მუციანოსი (ვესპასიანის დროს სირიის რეგენტად დანიშნული), მდ.ევფრატის სათავედ, ძიმარადან 12 მილით აღმა მდებარე, მთა კაპოტესს მიიჩნევს (n. h., V, 83).[74] კაპოეტის ციხეს ვახუშტი ბაგრატიონიც იცნობს.[75] როგორც ჩანს, აბა, აბოსი, კაპოტე ერთიდაიგივე მთის სახელწოდებებია – თავკიდურა [გვ. 24] ველარული ფონემების მონაცვლეობას ნულთან არცთუ იშვიათად აქვს ადგილი აღმოსავლეთ ანატოლიურ-კავკასიურ ტოპონიმებში. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე სერჩამ-სუს სათავის მქონე სერჩამ-დაღის მახლობლად მდებარე კოპ-დაღის სახელწოდება, რომელიც მდინარეების ევფრატისა და ჭოროხის წყალგამყოფად ითვლება. ჩემი აზრით, შესაძლოა პლინიუსისა და სტრაბონის ცნობები ევფრატის სათავის შესახებ, არა კარა-სუს, არამედ სერჩამ-სუს სათავეს უნდა გულისხმობდეს.[76] თუმცა, მიუხედავად იმისა, სერჩამ-სუს სათავე თუ კარა-სუს შემადგენელი რომელი წყაროც არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული სალმანასარ III-ის მიერ ევფრატის სათავედ, აშკარაა, რომ დაიაენის მეფის ასიას სატახტო ქალაქი, სადღაც ამ მდინარეთა სათავეების მახლობლად (სავარაუდოდ, სერჩამ-სუს აღმოსავლეთითა ან დუმლუ-სუს დასავლეთით) უნდა მდებარებულიყო ანუ იმ მთათა სისტემაში, რომელიც ჭოროხის, სერჩამ-სუს, თორთომის-წყლის, კარა-სუსა და ოლთისის-წყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მკვლევართა მიერ სავსებით გამორიცხულია, რომ ევფრატში (Purattu) აღმოსავლეთ ევფრატი (იგივე მურათ-სუ, ძველი არაცანი) ყოფილიყო ნაგულისხმევი, ვინაიდან იგი ძველად არ მოიხსენებოდა ხოლმე ამ სახელით.[77] მესოპოტამია-აღმოსავლეთ ანატოლიასა და შავ ზღვას შორის დიაუხის სტრატეგიული მდებარეობა დიდად განაპირობებდა ამ ქვეყნის ბედ-იღბალს ურარტელთა ექსპანსიის ხანაში. მკვლევართა აზრით, ბერძნულ კოლონიებსა და ურარტელებს შორის ვერ ხერხდებოდა ფართო სავაჭრო ურთიერთობა ვინაიდან მათ შორის დიაუხი და კოლხეთი იყო განლაგებული. თვით პონტოს მთების ლითონებით სიმდიდრეც ბერძნებს ურარტელებისაგან ჩრდილოეთ სირიის საშუალებით უნდა გაეგოთ და ეს უნდა გამხდარიყო ამ მხარით მათი დაინტერესების მიზეზი.[78] [გვ.25] სავარაუდოა, რომ ევფრატის სათავესთან სალმანასარ III-სა და ასია დაიაენელს შორის გარკვეული გარიგება მომხდარიყო არამე ურარტელის საწინააღმდეგოდ. სალმანასართან იქ მისულ ასიას იმედი ექნებოდა ასურ მეფესთან საერთო ენის გამონახვისა. გ. მელიქიშვილის ვარაუდით, ასია ცდილობდა მოეპოვებინა ასურეთის მხარდაჭეტა ახლადწარმოქმნილი და საშიში მეზობლის – ურარტუს სამეფოს – წინააღმდეგ ბრძოლაში.[79] მისი ამ მისწრაფების ძირითადი მიზეზი დაიაენსა და ასურეთს შორის ურარტუს მზარდი სამეფოს აღმოცენება იქნებოდა, რომელიც ჩრდილოეთიდან მესოპოტამიისაკენ მიმავალ სატრანზიტო გზებს ფლობდა და ამასთანავე შეეცდებოდა ხელში ჩაეგდო კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე მდიდარი მხარეების რესურსები. სავაჭრო გზების დაუფლებისათვის ბრძოლა სალმანასარ III-ის მოღვაწეობის ძირითადი განმსაზღვრელი მომენტი იყო და შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის მთელი მისი ყურადღება ასურეთის დასავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქვეყნებისაკენ იყო მიმართული.[80] ბუნებრივია, არა მხოლოდ დაიაენელთა, არამედ ასურელთა ინტერესებშიც შედიოდა, რომ დამყარებულიყო მათ შორის პირდაპირი ურთიერთობა. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს ასიასა და სალმანასარის შეხვედრის შემდეგ, ასურეთის მეფის ახალი ყმადნაფიცის, დაიაენის მეფის სატახტო ქალაქში ასურეთის ძლევამოსილი მეფის ქანდაკების დადგმა; ეს გარემოება ამავე დროს გარანტია იქნებოდა გარე ძალთაგან ამ ქვეყნის პოლიტიკური ხელშეუხლებლობისა. სალმანასარის აღნიშნული ქანდაკება დღემდე არ არის ნაპოვნი, მაგრამ უ.ე.დ. ალენი, გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში იუწყებოდა, ჭოროხისა და თორთომის-წყლის ლოდებს შორის მიკვლეულ, თუმცა იმ დროისათვის ჯერ ისევ შეუსწავლელ, ქვაში ამოკვეთილი ლომების არსებობას, რომელთა აქ პოვნა თითქოს ეხმიანებოდა ამავე რეგიონში დადასტურებულ ურარტულ ტოპონიმებს.[81] არც ამ ლომების შესახებ არის ჩემთვის რაიმე ცნობილი, მხოლოდ მახსენდება ერზურუმის მუზეუმის ფონდებში დაცული ქვის, დაახლ. 1,5 x 0,7 მ ზომის, ვითომდა ლომის ქანდაკება, რომლის ლომის ფაფარიც ანისის მეფის გაგიკ I-ის ხალათის დრაპირებული [გვ.26] სახელო გამოდგა, ხოლო თვით "ლომის ქანდაკება" ამ მეფის ტორსის ძირითადი ნაწილი.[82] სპეციალურ ლიტერატურაში ნავარაუდევია, დაიაენის ქვეყნის სამხრეთი საზღვრის პალანდიოქენის ქედამდე გავრცელება და შესაბამისად, ერზურუმის მხარის მის ფარგლებში მოქცევა,[83] თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები სალმანასარ III-ის ზემოხსენებული წარწერის ტექსტი, საიდანაც ირკვევა, რომ ტერიტორია მდ.ევფრატის სათავემდე ურარტუს მეფეს – არამეს ეკუთვნოდა და არა დაიაენის მეფეს – ასიას. ამავე დროს ცხადია, რომ ასიას ქვეყანა ევფრატის სათავეებთან მდებარეობდა[84] და რომ ეს სათავეც და მის მახლობლად მდებარე მაღლობებიც მისივე კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო. არ არის გამო­რიცხული, რომ თანამედროვე ერზურუმ-ჰორასანს შორის მდებარე მხარე, ანუ შუა საუკუნეების საქართველოში შემავალი პროვინცია ბასიანი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილშიც მიკვლეულია დიაუხის ქვეყანაში ურარტელთა ლაშქრობების ამსახველი წარწერები, ასიასათვის სამფლობელოდ სალმანასარს გადაეცა. ურარტუს მეფის, მენუას (ძვ.წ. 810 – დაახლ. 785/80 წწ.) კლდეზე ამოკვეთილი წარწერები იაზილითაშიდან და ზივინიდან გვამცნობენ, ძვ.წ. IX საუკუნის დამლევისა და VIII საუკუნის დასაწყისის დიაუხის (უფრო ადრეული ხანების ასურული წყაროების დაიაენის) ქვეყნის მთავარი ქალაქის სახელწოდებას – შაშილუ (URUŠašilu(ni)). როგორც უკვე ვიცით, სალმანასარ III-ის წარწერაში არაფერია ნათქვამი დაიაენის დედაქალაქის სახელწოდების თაობაზე, გარდა იმისა, რომ ეს ქალაქი სადღაც მდ. ევფრატის სათავესთან ახლო მდებარეობდა და რომ იგი სალმანასარს დანგრევის ნაცვლად თავისი ძეგლით “დაუმშვენებია”. ვინაიდან მენუას ეს წარწერები მხოლოდ ნახევარი საუკუნით თუ არიან დაშორებული სალმანასარის ლაშქრობის ხანიდან, არ არის გამორიცხული სალმანასარის წარწერაში მოხსენიებული ასიას ქალაქი, სწორედ "შაშილუ" ყოფილიყო. მით უმეტეს რომ, სალმანასარის მემ­კვიდრეების – შამში-ადად V-ის (ძვ.წ. 823-811 წწ.) და ადადნირარ III-ის (ძვ.წ. 810-782 წწ.) დროინდელი, დასუსტებული ასურეთის მიერ დაიაენის დალაშქვრის შესახებ არაფერია ცნობილი. არც ურარტუს სამეფო იყო ძვ. წ. IX საუკუნის მეორე ნახევარში, მენუას გამეფემამდე, იმდენად ძლიერი, რომ დაიაენი, ანუ ურარტული წარწერების დიაუხი, დაელაშქრა. მხოლოდ ძვ. წ. IX საუკუნის დამლევიდან ხდება დიაუხი ურარტელთა აგრესიისა და ექსპანსიის ობიექტი. რაც შეეხება იაზილითა[გვ.27]შის წარწერაში მენუას ფრაზას: "ის ტყვეები (?), (რომლებიც) დაბრუნდნენ, (მან) დააბრუნა მთლიანად (?)",[85] ეს წარწერა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ "ტყვეებში", აუცილებლად დიაუხური წარმომავლობის იმ ურარტელთა მონების დაბრუნება ვივარაუდოთ, რომლებიც ურარტუდან იყვნენ თავის ქვეყანაში გაქცეულნი.[86] შესაძლოა საქმე ეხებოდეს, დიაუხელთა მიერ ადრე დატყვევებულ ურარტუს ქვეშევრდომებს, რომლებიც დიაუხის მეფემ უკან დაუბრუნა მენუას, მითუმეტეს, რომ იმავე წარწერის დასაწყისში მენუა დიაუხს მოიხსენიებს, როგორც "ძლევამოსილ" ქვეყანას. შენიშნულია, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნის ასეთი განმადიდებელი ეპიტეტით მოხსენიება, გამონაკლისი შემთხვევაა ურარტუს მეფეთა ტექსტებში.[87] მენუას იაზილითაშის (თანამედროვე ეშექ ილიასი, დელიბაბას სამხრეთით, ქ.ჰორასანიდან დაახლ. 40 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) წარწერა იუწყება: "დავიპყარი მე დიაუეხის ქვეყანა, იერიშით დავიპყარი ქალაქი შაშილუ, სამეფო ქალაქი, ქვეყანა გადავწვი, ციხე-სიმაგრეები (დავაქციე). მივედი (?) შეშეთის ქვეყნამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი... უტუპურშინი დიაუეხის მეფე მეახლა, ფეხებში ჩამივარდა, თავქვე დაემხო".[88] სოფელ ზივინში (ჰასან­კალე-პასინლერსა და სარიკამიშს შორის, ქ.ჰორასანიდან დაახლ. 20 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით) ნაპოვნ ქვის ფილაზე, რომლის მხოლოდ ორი ფრაგმენტია შემორჩენილი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, სწერია: "მენუა ამბობს: დავიპყარი მე ქალაქი შაშილუ: დაუდგი მე ეს წარწერა ღვთაება ხალდის, ჩემს მეუფეს".[89] ამ პერიოდში დიაუხთან გართულებულ ურთიერთობაზე უნდა მიგვანიშნებდეს უმუდუმ თეფეზე (კალორ თეფე), 18 კმ-ით ერზურუმის ჩრდილოეთით, ს.უმუდუმ ქოიდან (იგივე იმიდიმ ბაბა) 2 კმ-ით დასავლეთით, გალავანშემორტყმული 50 x 75 მ ფართის ე.წ. ციკლოპური წყობის ნაგებობის აღმოჩენა, რომელიც ძეგლის შემსწავლელის ა. ჩილინგიროღლუს აზრით, საიმედოდ უნდა დათარიღდეს ძვ.წ. გვიანი IX და ადრეული VIII საუკუნეებით ანუ ურარტუს მეფის იშპუინისა (ძვ.წ. დაახლ. 825 – დაახლ. 810 წწ.) და მისი ძის მენუას ზეობის წლებით, თუმცა ავტორი უფრო მენუას ხანით მისი დათარიღებისაკენ იხრება, ადრეულ VIII საუკუნის ურარტულ ციხე-სიმაგრეებში "ციკლოპური ტექნიკის" [გვ.28] გამოყენების შემთხვევების გამო.[90] მიჩნეულია, რომ უმუდუმ თეფე მისგან სამხრეთით მდებარე ერზურუმის ველს იცავდა ჩრდილოეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისაგან.[91] ვინაიდან ურარტუს მეფე მენუას წარწერები, დიაუხის "სამეფო ქალაქის" შაშილუს დაპყრობის შესახებ, ერთმანეთის მახლობლად მდებარე იაზილითაშსა და ზივინშია მიკვლეული, გ.მელიქიშვილი ვარაუდობდა, რომ იმხანად ეს მხარე დიაუხის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული და არც ამავე მხარეში, კერძოდ ზივინის რაიონში, გამორიცხავდა დიაუხის "სამეფო ქალაქ" შაშილუს ლოკალიზების შესაძლებლობას,[92] როგორც ჩანს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზივინში ნაპოვნ ზემომოყვანილ წარწერაში, მენუას მიერ ქალაქ შაშილუს დაპყრობაა ნაუწყები. ზივინთან შაშილუს ი. დიაკონოვიც აიგივებდა.[93] 1961 წელს გამოცემული სომხეთის ისტორიული ატლასის მიხედვით, ზუაინი (იხ. ქვემოთ), მდ.არაზის ჩრდილოეთით, ზივინის ადგილას, ხოლო შაშილუ, ამავე მდინარის სამხრეთით, იაზილითაშის ადგილას არიან განლაგებულნი. ორივე შემთხვევაში, დიაუხის ფარგლებს გარეთ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით.[94] ა.ჩილინგიროღლუ დიაუხის ტერიტორიას ძირითადად დღევანდ. ქ.აშკალესა და ქ.თერჯანს შორის მდებარე ერზურუმის ველით განსაზღვრავს, თუმცა აღმოსავლეთის მიჯნას ჰასან-კალესთან ატარებს და თვლის, რომ ეს ქვეყანა აფერხებდა ტუშპა-აღრი-ელეშქირთიდან მომდინარე და ზივინ-ჰორასან-სარიკამიშ-ყარსი-გიუმრიუსაკენ მიმართულ ურარტელთა სწრაფვას, რის გამოც საჭირო გამხდარა მენუას მიერ დიაუხის აღმოსავლეთი რეგიონების დაპყრობა (სადაც, მისი თქმით, უმუდუმ თეფე მდებარეობს).[95] ურარტული ხანის ზუაინა/ზუა(ნი)-ს (URUZuaina-Zua(ni)), თანამედროვე ზივინთან (დღევ. Süngütaşı, დაახლ. 35 კმ ქ.სარიკამიშიდან სამხრეთ-დასავლეთით) გაიგივებისა და იაზილითაშის წარწერაში შაშილუს მოხსენიების გამო, რომელიც ზუაინა/ზუა(ნ)თან ერთად არის არგიშთი I-ის (ძვ. წ. 785/80-დაახლ. 760 წწ.) ხორხორულ მატიანეში ნახსენები, ნ.არუთიუნიანის აზრით, შაშილუ სადღაც დიაუხის ვრცელი ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, ზუაინა/ზუა(ნი)ს ანუ ზივინის [გვ.29] მახლობლად უნდა ყოფილიყო განთავსებული და ამასთანავე არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მენუას ხანაში დიაუხის ტერიტორია სამხრეთ­-აღმოსავლეთის მიმართულებით, მდ. არეზის სამხრეთით იაზილითაშამდე ყოფილიყო გადაჭიმული ანუ ჰასანკალე­პასინლერსა და დელიბაბა-­ველიბაბას რაიონამდე. თუმცა იგი იქვე შენიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საფიქრებელი ხდება, ურარტელებს ეს წარწერა დიაუხის სამფლობელოთა ფარგლების გარეთ, ურარტუსაკენ მიმავალი გზის პირას დაეტოვებინათ.[96] იაზილითაშის მახლობლად ურარტუსაკენ მიმავალ გზაზე (ჰორასანსა და ელეშქირთ/ალაშქირთს შორის) მდებარე თაჰირის (საჩის) უღელტეხილს, ურარტული ციხე-სიმაგრე აკონტროლებდა.[97] როგორიც არ უნდა ყოფილიყო დიაუხის სამეფო ქალაქის, შაშილუს ადგილმდებარეობა, ერთი რამ უდავოა, დაახლ. ნახევარი საუკუნით უფრო ადრე, სალმანასარ III-ის ძვ.წ. 844 წლის წარწერაში მოხსენიებული დაიაენის მეფის, ასიას ქალაქი ვერ იქნებოდა იაზილითაშისა და ზივინის მახლობლად მდებარე, თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი ევფრატის სათავესა (ერზურუმიდან დაახლ. 40 კმ ჩრდილოეთის მიმართულებით) და ამ ადგილებს შორის დაახლ. 160-170 კმ-ს შეადგენს. იაზილითაში და ზივინი ერზურუმიდან 90 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე დღევ. ქ. ჰორასანიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით (შესაბამისად, დაახლ. 40-20 კმ) არიან განლაგებულნი. ამასთანავე, ნაკლებად მოსალოდნელია, დაიაენი/დიაუხის ქვეყნის დედაქალაქს სალმანასარისა და მენუას ლაშქრობებს შორის გასულ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ასე კარდინალურად შეეცვალა ადგილმდებარეობა და შორს აღმოსავლეთისაკენ გადაენაცვლა. გ.მელიქიშვილი საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ მენუას დროს დიაუხის "სამეფო ქალაქის" (რაც უნდა ნიშნავდეს სამეფო რეზიდენციასა თუ დედა­ქალაქს) ეპითეტით მოხსენიებული ქალაქი შაშილუ, არგიშთი I-ის დროს ურარტუს დაქვემდებარებაში გადადის, ხოლო დიაუხის "სამეფო ქალაქად" იხსენიება უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ზუაინა/ზუა(ნი).[98] არც ურარტული წყაროების ზუა/ზუანის თანამედროვე ზივინთან გაიგივების ვარაუდი[99] ჩანს დამაჯერებელი. მართალია არგიშთი I-ის სურბ საჰაკის (ვანის) წარწერა იუწყება, მის მიერ ზუაინა/ზუა(ნი)ში წარწერის [გვ.30] დატოვებას,[100] მაგრამ ზივინში შაშილუს დაპყრობის მაუწყებელი მხოლოდ მენუას, და არა მისი ძის არგიშთის, წარწერაა მიკვლეული, ეს გარემოება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს ზუაინა/ზუა(ნ)სა და ზივინის გაიგივების საშუალებას. რაც შეეხება ამ ორი, ძველი (ზუაინა/ზუა(ნი)) და ახალი (ზივინი) ტოპონიმის ფონეტიკურ მსგავსებას, ანალოგიური ჟღერადობის სახელწოდებები სხვაც არაერთი მოიძებნება იმ ტერიტორიაზე რომელიც დიაუხის ქვეყანას ჰქონდა ადრე დაკავებული.[101] დიაუხის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ზუაინა/ზუა(ნი)ს ლოკალიზების სასარგებლოდ მოწმობს მენუას იაზილითაშის წარწერაში ამ ქალაქის დიაუხში შემავალ შეშეთის ქვეყანასთან (თუ შეშეს მთასთან) ერთ კონტექსტში მოხსენიება;[102] "შეშეთი"-სა თუ "შეშე"-ს დამთხვევას შავშეთ-იმერხევთან ცხადყოფენ ასურულ-ურარტულ წყაროებში მოცემული მათი აღწერილობა (იხ. ქვემოთ). არგიშთი I-ის სურბ-საჰაკის წარწერების მიხედვით, შაშილუს ქვეყნის უშუალოდ ურარტუს შემადგენლობაში მოქცევის შემდეგ დიაუხის სამეფო ქალაქი უკვე ზუაინა/ზუა(ნი) ხდება და აღინიშნება მისი მდებარეობა ამჯერად უკვე "ულდინი"-ს (გ. მელიქიშვილის მიხედვით, "დიდი"-ს) ქვეყანაში.[103] აღნიშნული გარემოება შეშეთისა და "ულდინი"-ს (თუ "დიდი"-ს) ქვეყნების იდენტურობაზე თუ არა, მათ ნაწილობრივ ტერიტორიალურ დამთხვევაზე მაინც უნდა მიგვანიშნებდეს, მითუმეტეს რომ ორივე ეს ქვეყანა, როგორც მენუას, ასევე არგიშთი I-ის [გვ. 31] წარწერაში, დიაუხის ქვეყანაში შემადგენლობაში იგულისხმება და სპეციალისტები მათ დიაუხის ქვეყნის გადაღმა ანუ მის ჩრდილოეთ პერიფერიაზე მდებარედ მოიაზრებენ.[104] ურარტუს მიერ შაშილუს აღების შემდეგ დიაუხის სამეფო ქალაქად შაშილუს ნაცვლად ზუაინა/ზუა(ნი)ს გახდომა, თავისთავად უნდა მოწმობდეს შაშილუსთან მიმართებაში ზუაინა/ზუა(ნი)ს უფრო დიდი მანძილით დაშორებაზე ურარტუს საზღვრებიდან[105], რასაც ადგილი ვერ ექნებოდა ჰორასან-სარიკამიშის გზის დასავლეთ სექტორში მდებარე ზივინსა თუ იაზილითაშის შემთხვევაში, რომლებიც ევფრატის სათავის მხარესთან შედარებით ურარტუს საზღვრებთან უფრო ახლოს მდებარეობდნენ, ძველი ბასიანის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. არეზის ხეობაში. აქ ზუაინა/ზუა(ნი)ს ლოკალიზაცია თითქოს არ შეესაბამება იმ ხანად ამ რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. მენუას ზემომოყვანილ იაზილითაშის წარწერაში ერთიდაიმავე კონტექსტში "შეშეთის ქვეყნის, ქალაქ ზუასა და ქალაქი უტუხაის" მოხსენიებაც, თითქოს უფრო მდ. ჭოროხის შუა წელის მარჯვენა შენაკადების ზონაზე უნდა მიგვანიშნებდეს, ვიდრე მდ. არეზის ზემო წელსა და მის მახლობლად მდებარე მხარეებზე. ნ. არუთიუნიანის მიხედვით, ქალაქ [გვ.32] უტუხაის მხარის სახელწოდება (URUUṭuai asuni) მეტათეზის დაშვების შედეგად შესაძლოა უკავშირ­დე­ბოდეს თორთუმ-ჩაის მარჯვენა შენაკადთან მდებარე "უხტა/ოხდა"-ს, ხოლო ი. დიაკონოვი და ს. ქაშქაი ამ ტოპონიმს "Uhta"-ს სახით წარმოადგენენ.[106] აღსანიშნავია, რომ დიმ. ბაქრაძის რუკაზე "ოხტა"-ს სამხრეთ-დასავლეთით "აზორდ/ა­ზორთ"-ია აღნიშნული.[107] ეს სახელი იმავე სამოსახლოსა და ზოგადად თორთომის ხეობის აღმნიშვნელად – "აზორდაცფორი" – ცნობილია ჯერ კიდევ "VII საუკუნის სომხური გეოგრაფიიდან".[108] ამ დასახლებული პუნქტის თანამედროვე თურქული სახელია უზუნდერე და მას სამხრეთიდან უშუალოდ ესაზღვრება შუა თორთომის ხეობის უმძლავრესი ციხე-სიმაგრე – აღჯა-ყალა (იხ. ქვემოთ). ხომ არ წარმოადგენდა თორთომის-წყლის შუა დინებაზე განლაგებული აღჯა-ყალა ზუაინა/ზუა(ნი)ს? თუ ზუაინა/ზუა(ნი)ს ვერ გავაიგივებთ ზივინთან, მაშ რა უნდა ყოფილიყო იაზილითაშსა და ზივინში ურარტული წარწერების არსებობის გამომწვევი მიზეზი? მ.სალვინი ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ როგორც იაზილითაში, ასევე ზივინი, ერზურუმ-ყარსის შარაგზაზთან მდებარეობენ, რომელიც უკვე ურარტელთა ხელში იქნებოდა იქ ნაპოვნი წარწერების შედგენის ხანაში,[109] ხოლო კ. საგონა იაზილითაშსა და ზივინს ათავსებს ძველ ურარტულ გზაზე, რომელიც თაჰირის უღელტეხილის გავლითა და მდ. არეზის ზემო დინების გადაკვეთის შედეგად სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა; იგი თვლის, რომ, იაზილითაშისა და ზივინის წარწერების ადგილმდებარეობა უკვე თავითავად უნდა მიგვა­ნიშნებდეს აქ ურარტული გზის არსებობაზე.[110] როგორც ჩანს, არცთუ იშვიათად ურარტელები წარწერებს დალაშქრული მხარეებისაკენ მიმავალ გზებთან ათავსებდნენ ხოლმე.[111] [გვ.33] ის გარემოება, რომ მენუა შაშილუს აღების შემდეგ მიემართება შეშეთის ქვეყნისა და ქალაქ ზუაინა/ზუა(ნი)საკენ უნდა მიუთითებდეს ერთიდაიმავე ვექტორზე მათი განლაგების სასარგებლოდ, რომლის დასაწყისში ქალაქი შაშილუ, ხოლო მის გადაღმა, სავარაუდოა ჩრდილოეთით, შეშეთის ქვეყანა და ქალაქი ზუაინა/ზუა(ნი) მდებარეობდნენ. თუ შეშეთის ქვეყანა შავშეთია, მაშინ გამოდის, რომ შაშილუ ურარტუდან შავშეთისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა და მისგან უფრო სამხრეთით უნდა ყოფილიყო განლაგებული. ამდენად დასაშვები ხდება თორთომის­წყლის ხეობაში მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. ერზურუმის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილზე გაბატონებულ, ევფრატის სათავის მხარეში ქვეყნის მთავარი ქალაქის მდებარეობა, ამ უკანასკნელს დიდ სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებდა და შესაბამისად ასიას ქალაქის აქ არსებობა, სალმანასარის წარწერაში ევფრატის სათავის მხარეში მისი ლოკალიზების შესახებ ცნობის გა­რე­შეც, თავისთავად უფრო მოსალოდნელი იქნებოდა ვიდრე იაზილითაშ­ზივინის სექტორში. "შაშილუს" ლოკალიზაციისათვის გასათვალისწინებელია, რომ მდ. ევფრატის (კარა-სუს) სათავე მდინარის, დუმლუ-სუს სათავეებიდან (როგორც ითქვა, აქ რამდენიმე ათეული ნაკადული იყრის თავს) დაახლ. 20-30 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, იმიერ-ტაოში, თორთომის-წყლის (თურქ.Tortum-çay) ზედა წელთან მდებარე თორთომის ციხე (თურქ. Tortum-kale) და მისი შემოგარენი.