topmenu

 

კიაგმის (კიაგლის) ალტი, კიაღმის ალთი (ქამხისი), ქამჰისი

<უკან დაბრუნება

(+)

კიაგმის ალტი (კიაგლის ალტი) - ექვსკონქიანი ეკლესიის ნანგრევები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და ისტორიულ კოლა-ოლთისის მხარეში, ბანას მიდამოებში - სოლომონ ყალასკენ (დღევანდელი სოფელი ევბაქანი) მიმავალ საავტომობილო გზაზე. ეკლესია ნაგები იყო წითელი ფერის თლილი ქვით. ეკლესია დანგრეულია, მთლიანი მასივები სხვადასხვა კედლებისა მიწაზე ჰყრია, მხოლოდ ერთი ფრაგმენტია ისევ აღმართული. ეს არის ორი აფსიდის შეერთების ადგილი, დარჩენილია ნახევარი აფსიდების კედლებისა (ერთი მკლავი შერჩენილია სარკმლების ღიობამდე) ნაწილობრივ შერჩენილია კონქიწინა ნახევარწრიული თაღები და მათი დამჭერი პილასტრი, სრულად არის შერჩენილი ამ კლავებს შუა ამოყვანილი აფრა, რომლის ზემოთ გუმბათქვეშა წრიული რკალიც კარგად ჩანს. ამ ფრაგმეტებს ზედა დონეზე საპირე წყობა კარგად აქვს შერჩენილი. მხოლოდ ქვედა ნაწილებია გაძარცვული, სადაც კარგად ჩანს მყარი დუღაბი. გარედან შემორჩენილია ასევე საპირე წყობით კარგად ნათალი ქვით მოპირკეთებული საფასადო წახნაგი, რომელიც მოიცავს სამკუთხა ნიშას და გვირგვინდება თხელი სადად პროფირილებული ნახევარწრიული თაღით. სამკუთხა ნიში ფასადზე აფსიდების შეერთების კუთხეს შეესაბამება. ჯერაც კარგად ჩანს ორი წახნაგის შეერთების კუთხე და თაღებს შუა ჩამჯდარი ასევე სადა კაპიტელის ქვა. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია სუფთად ნათალი ქვებითაა აგებული და მისი მოხატვა თავდაპირველი გეგმა არ უნდა ყოფილიყო. ნალესობის კვალი ბევრ ადგილას შერჩენილი აქვს, რაც იმას მიუთითებს, რომ ეკლესია მოხატულიც ყოფილა. ეკლესია სავარაუდოდ მეათე საუკუნის უნდა იყოს. გზის მოპირდაპირე მხარეს კლდეში მღვიმეებია.

ირინე გივიაშვილი, სპეციალურად საუნჯესთვის

(+)

კიაგმის ალტი (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:

1. კიაგმის ალტი //თაყაიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. - პარიზი, 1938. - გვ.28-29. // იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.326. - ნანგრევების სახით შემორჩენილი ექვსკონქიანი ეკლესიის მოკლე აღწერილობა.

2. Беридзе В. Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры. - 1981. - С.190-191 с илл.

3. Беридзе В. Архитектура Грузии. - М., 1948. - С.39.

4. Кагмис-Аты //Закарая П. Зодчество Тао-Кларджети. - Тб., 1990. - С.112-113.

5. ჟამი წყალობისა... მოგზაურობა ისტორიულ საქართველოში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე. - თბ., 2012. - გვ.260 (ეკლესიის შემორჩენილი კონქი), გვ.261 (გამოქვაბულის სენაკები).

(+)

კიაგმის ალტი - ექვთიმე თაყაიშვილი - არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938. - გვ.28-29.

ბანას არემარე, როგორც საუკეთესო ადგილი ოლთისის ოკრუგისა, სავსეა ძველი ეკლესიის ნაშთებით. ჩვენ აქ აღვნიშნავთ, რომელნიც უკეთ არიან დაცულნი და გამოცემულია ჩვენს მიერ მეთორმეტე ტომში «მატერიალებისა» და ვუჩვენებთ ამ გამოცემის სურათებს. ჩრდილო-აღმოსავლეთით ბანას ტაძრისა ადგილზე, რომელსაც ჰქვია კიაგმის-ალტი, დაცულია ნანგრევები ფრიად ლამაზი ექვსკონქიანი ეკლესიისა. კედლები შიგნით და გარეთ შეძერწილია მოწითალო ნათალის ქვით. აღმოსავლეთის კონქი წაგრძელებულია და შეიცავს საკურთხეველს, სხვები თანასწორია. გარედან ეკლესია მრავალწახნაგოვნად გამოდის, შემკობილია არკატურით და სამკუთხოვანი ნიშებით. გუმბათის ყელი მრგვალია. გუმბათი, რომელიც ახლა ჩამონგრეულია, კონუსის მსგავსი უნდა ყოფილიყო. ტაძარი მეათე საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს.

(+)

(+)

(+)

(+)

(+)

(+)

(+)

(+)

(+)