topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბუბა კუდავა - ტაო-კლარჯეთის მეგალითური ძეგლები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება... <<<მეგალითები>>>


მგლინავის ზემო ციხე - ბ.კუდავას ფოტო

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ტაო - კლარჯეთის მეგალითური ძეგლები

ბუბა კუდავა

ტაო - კლარჯეთის მეგალითური ძეგლების შესწავლისათვის

(ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2014)

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თურქეთში შემადგენლობაში მოქცეული ნაწილი (ე. წ. „ტაო-კლარჯეთი“) სხვადასხვა დარგის მკვლევართა ინტერესის არეალში მოექცა. დაიწყო თვისობრივად ახალი ეტაპი რეგიონის კვლევის საქმეში. სულ ახლახან მიუწვდომელ რეგიონს ბოლო პერიოდში უკვე არაერთი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ესტუმრა, გამოვლინდა ბევრი ახალი და დღემდე უცნობი მასალა. გაჩნდა ისტორიული პროვინციების, ძეგლების, მოსახლეობის უკეთ შესწავლის, კომპლექსური კვლევის საშუალება.

მიუხედავად ასეთი ინტერესისა და შესაძლებლობისა, რელიეფის სირთულის, ტერიტორიის სიდიდისა თუ ისტორიული ძეგლების სიმრავლის გამო ჯერჯერობით კვლავაც ბევრი ობიექტი რჩება გამოსავლენი და შესასწავლი. ერთ-ერთი კვლევითი მიმართულება, რომელსაც, ჩვენი აზრით, მომავალში საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს, არის რეგიონში უხვად არსებული მეგალითური კულტურის ძეგლები: ნაქალაქარები, ნასახლარები, ჯერაც მდგარი ციხესიმაგრეები, კოშკები, სტელები...

სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის ეგიდით მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციების ფარგლებში საშუალება მოგვეცა გამოგვევლინა რამდენიმე უცნობი მეგალითური ძეგლი თუ კომპლექსი, ან კიდევ, ცნობილი ძეგლების აქამდე უცნობი არქაული შრეები, რომლებიც აშკარად მეგალითური კულტურის ნიშნებს ატარებს, თუმცა დღემდე რეგიონის მკვლევრების ყურადღების მიღმა დარჩა.

არ არის შემთხვევითი, რომ ძეგლების უმეტესი ნაწილი მდებარეობს ისტორიული არტაანისა („არტაან-ერუშეთის“) და მისი მიმდგომი მხარეების ტერიტორიაზე (სამცხე, ფოცხოვის ხეობა; კლარჯეთი). მეგალითური კულტურით მდიდარი თრიალეთ-ჯავახეთი როგორც ბუნებრივ-გეოგრაფიულად, ისე საისტორიო-გეოგრაფიული თვალსაზრისით, ხომ პირდაპირი გაგრძელებაა არტაან-ერუშეთის ზოლისა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ ზოლში მდებარე მეგალითური ძეგლები ერთი და იგივე კულტურის კუთვნილება უნდა იყოს.

შემორჩენილთაგან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ეფექტური გახლავთ მკვლევართათვის დღემდე უცნობი კომპლექსი ისტორიული ერუშეთის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს სოფელ ორაგაზთან მდებარე ციხის (ძვ. მგლინავი) ზემოთ, მაღალი მთის თხემზე. კომპლექსში შედის კარგად გამაგრებული მეგალითური ციხე (დიდი ზომის კოშკი, ორი წყება გალავანი), რამდენიმე ნაკოშკარი და მოზრდილი ნასახლარი (საყურადღებოა, რომ ამ დიდი კომპლექსის ძირში მდებარე მგლინავის ციხეშიც შეიმჩნევა მეგალითური წყობის კვალი). არ არის გამორიცხული,რომ მომავალმა კვლევებმა და დაკვირვებებმა ამ დიდი კომპლექსის „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებულ ქაჯთა ქალაქთან (=ჰური) გაიგივებისა თუ მასთან მჭიდროდ დაკავშირების საშუალება მოგვცეს. აქამდე გამოთქმული გვქონდა მოსაზრება, რომ ქაჯთა ქალაქი მდებარეობდა თანამედროვე სოფ. ალთაშთან (ძვ. ური). აქ, მტკვრის პირას მდებარე ციხის ფერდობებზე არსებული ნაშთები ასევე არქაულია და აშკარად ჩვენთვის საინტერესო პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს (ნიშანდობლივია, რომ ური ძალიან ახლოსაა ჩვენ მიერ მიკვლეულ ახალ კომპლექსთან).

საინტერესო დაკვირვების საშუალებას იძლევა აგრეთვე არტაანის ერთ-ერთი ცნობილი სიმაგრე - ველისციხე. როგორც ჩანს, ციხის ტერიტორია შუა საუკუნეებამდე გაცილებით მეტ არეალს მოიცავდა. ამაზე მეტყველებს როგორც ციხის კედლებს მიღმა დარჩენილი მეგალითური კომპლექსის დიდი ნაწილი, ისე შუა საუკუნეების ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილი მეგალითური კედლების ფრაგმენტები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უძველესი გაგებით ესეც ერთგვარი „ქალაქი“ იყო (სხვათა შორის, ველისციხეც მტკვრის ხეობაში, სწორედ ზემოხსენებული ური / ჰური / ქაჯთა ქალაქის (?) გაყოლებაზე მდებარეობს. ამ უკანასკნელიდან შორს არ არის ჩრდილის ტბის კულძულზე მდებარე უძველესი ნაქალაქარიც - თეთრციხის მეგალითური კომპლექსი). ჩანს, არტაანსა და მის სიახლოვეს მდებარე „ქალაქები“ და ციხეები ერთი დიდი სისტემის (ტომის? სახელმწიფოებრივი გაერთიანების?) შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა.

საინტერესო სურათს იძლევა ჩვენთვის საინტერესო კულტურის ძეგლებზე დაკვირვება არტაან-კლარჯეთის მაგისტრალის გასწვრივაც. არტაანის მხარეს ასეთი პუნქტი სავარაუდოდ შუა საუკუნეების ციხის - ქინძოდამალის ადგილას იყო (ციხის გალავანს გარეთ აშკარად შეინიშნება მეგალითური ნასახლარის კვალი), უღელტეხილის გადაღმა კი, სოფელ ხევასთან, ასევე მეგალითური პერიოდის კარგად შემორჩენილი ციხეა. ამ უძველეს გზას პირდაპირ არტანუჯში ჩავყავართ. ის, რომ ამ უკანასკნელის დაწინაურება არა შუა საუკუნეებიდან, არამედ გაცილებით ძველი პერიოდიდან უნდა იწყებოდეს, ამის შესახებ არაერთხელ აღნიშნულა, თუმცა ვინაიდან ციხე-ქალაქი არტანუჯი არქეოლოგიურად დღემდე არაა შესწავლილი, ამის მატერიალური დადასტურება დღემდე ვერ ხერხდება. ჩვენი დაკვირვებით, როგორც დედაციხე, ისე ნაქალაქართან მდებარე გამოქვაბული, დღემდე ატარებს მეგალითური პერიოდის მშენებლობის კვალს. ვფიქრობთ, უკვე მატერიალურად დადასტურებული არტაან-კლარჯეთის უძველესი მაგისტრალის გამოძახილია თავად სახელწოდება არტანუჯიც (აკაკი შანიძისეული ეტიმოლოგიით - „არტაანიშ ჸუჯი“: არტაანის ყური / ყურე).

როგორც მოსალოდნელი იყო, მეგალითური ფენები დადასტურდა კლარჯეთის უძველესი ცენტრის - ციხე-ქალაქ თუხარისის ტერიტორიაზეც. აღნიშნული პუნქტი ბოლო პერიოდამდე არ იყო მიკვლეული. მისი ლოკალიზებისას სხვადასხვა არგუმენტთან ერთად ტერიტორიაზე უძველესი ნასახლარის / „ნაქალაქარის“ არსებობასაც მივანიჭეთ საგანგებო მნიშვნელობა.

ბოლო პერიოდამდე უცნობ ნიმუშებს განეკუთვნება აგრეთვე სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის მიერ მიკვლეული მეგალითური კულტურის ძეგლები: ნაციხარი სოფელ ხუნამისთან, ნასახლარი ყველისხევში (სამცხე, ფოცხოვის ხეობა), სტელა სოფელ წყაროსთავში, ყოფილი საეპისკოპოსო ტაძრის სიახლოვეს (ჯავახეთი), მახლობლად აღმოჩენილი და ოლთისში გადმოტანილისტელა (ტაო).

ვფიქრობთ, მომავალში ზემოთ დასახელებული მეგალითური ძეგლებისადმი გამოჩენილი საგანგებო ყურადღება, მათი და საქართველოს ტერიტორიაზე (განსაკუთრებით - სამცხეში, ჯავახეთსა და თრიალეთში) არსებული მსგავსი ნიმუშების კომპლექსური კვლევა მეცნიერებს ბევრი საინტერესო დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემს.