topmenu

 

ეკის მონასტერი

<უკან დაბრუნება

ქ.დიღმელაშვილის ფოტოები - გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

ეკი - სოფელი საქართველოში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის სენაკის რაიონში, ოდიშ - გურიის დაბლობზე, მდინარე ცივის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა სანაპირო, ჩხოროწყუ - სენაკის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 45 მ. სენაკიდან 12 კმ. სოფელი წყაროებში პირველად XVII საუკუნის 20–იანი წლებიდან მოიხსენიება.


(+)

ეკის სამხრეთ - აღმოსავლეთით მთაზე მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო ანსამბლი - სენაკიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ-ზე, უნაგირას ქედზე, მდ.ცივის ხეობაში. კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, სამრეკლოს, პალატს, გალავანს, საპყრობილეს და სხვ. ნაგებობებს. მონასტერს შემოვლებული ჰქონდა ქვითკირის მაღალი გალავანი, რომლისგანაც დღეს ფრაგმენტებია შემორჩენილი (შემორჩენილია დასავლეთ მხარე). კომპლექსის შუაში აღმართულია ეკლესია (IX-X სს) შიგნით ფრესკების ფრაგმენტებია, ჩრდილოეთით ორსართულიანი სამრეკლო (XIII-XIV სს) და პალატი. ეკლესია დარბაზულია. აქვს ნახევარწრიული აბსიდა და კამაროვანი გადახურვა. ტაძარი ორგანყოფილებიანია: დასავლეთი ნაწილი უფრო დაბალია, ვიდრე აღმოსავლეთი, აბსიდიანი. პირველი მეორისგან ორსვეტზე დაყრდნობილი კედლითაა გამოყოფილი. ტაძრის დასავლეთის ნაწილს გრძივ ღერძზე ორ-ორი ფართო, ხოლო დასავლეთის კედლის ღერძზე გაჭრიილი ერთი სარკმელი აქვს. სარკმელთა პირები ორნამენტირებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, რომლის პირი ასევე ორნამენტირებულია. ტაძრის ეს ნაწილი ადრეული ნაგებობაა (X-XI სს.). უფრო გვიანაა მასზე მიშენებული მისი აღმოსავლეთი ნაწილი აბსიდითურთ. მას გრძივ კედლებსა და აბსიდის ღერძზე გაჭრილი თითო ვიწრო სარკმელი აქვს. საკურთხეველში დგას კირქვის ტრაპეზი, რომელზეც ჯვარია გამოსახული. ტაძარი მოხატული ყოფილა, რომლისგანაც მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტებია შემორჩენილი. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით დგას ორსართულიანია. პირველი სართული კვადრატს მიახლოებული ოთხკუთხედია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში თითო სარკმელია დატანებული. სამრეკლოს მეორე სართული წრიულია. წარმოადგნეს რვა სვეტზე დაყრდნობილ ნახევარწრიული თაღებით შექმნილ ფანჩატურს, რომელიც პირამიდისებური გუმბათით გვირგვინდებოდა. დღეს შემორჩენილია მხოლოდ სამი. სამრეკლოს კედლებსა და სვეტებზე ორნამენტული რელიეფებია ჩადგმული. სამრეკლო XIII-XIV სს. აგებული. სამრეკლოს ჩრდილოეთიდან მიდგმულია ქვით ნაშენი დილეგი. იგი ყრუ კედლების ნაგებობაა, რომელშიც მის თავში დატანებული ხვრელით ხვდებოდნენ. სამრეკლოს აღმოსავლეთიდან დგას ორსართულიანი ნაგებობა - "პალატი“. პალატი წაგრძელებული სწორკუთხედია. ჩრდილოეთის კედლად გამოყენებულია კომპლექსის გალავანი. მასზე ამოყვანილია ორი პილასტრი, რომლებსაც ნახევარწრიული თაღები ეყრდნობა. ნაწილობრივ გახსნილია პალატის წინა - სამხრეთის მხარე. აქ ასევე ორი სვეტი და შესაბამისად, სამი ნახევარწრიული თაღია გაკეთებული. როგორი იყო მეორე სართული ახლა მსჯელობა ძნელია, რადგან მისგან აღარაფერი შემორჩა. პალატი, ტაძრის პირველი ნაგებობის სიახლოვეს უნდა იყოს ნაგები. გაცილებით ადრე, ვიდრე სამრეკლო.

(+)

მდინარე ცივის მიდამოებში, მთაზე, შუა საუკუნეების ციხის ნანგრევებია. ციხე შედგებოდა გალავნისა და ერთი კოშკისაგან, რომელთაგანაც ნაწილობრივ სამი სართულიღაა დარჩენილი. გალავანს გარს უვლიდა ღრმა და განიერი თხრილი. 1971 წელს აღმოჩენილია ვერცხლის მონეტები*.

ეკის განძი*

სოფ. ეკში (სენაკის რ-ონი) 1971 წელს აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი (907 ცალი). მასში შედიოდა პართიის მეფე ორიოდე I-ის დრაქმა და რომის იმპერატორების - ნერვას, ტრაიანეს, ადრიანეს, ანტონინუს პიუსის, ლუციუს ვერუსის, კომოდუსის, პერტინაქსის, ნიგერიუსის, სეპტიმიუს სევერუსის და სხვა სახელით მოჭრილი დიდრაქმები და დენარები. ეკის განძის 774 მონეტა მოჭრილია კესარიის ზარაფხანაში, 131 კი - რომისა და რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციების ზარაფხანებში, დანარჩენი - სხვა პროვინციებში. ეკის განძის გვიანდელი მონეტა თარიღდება 222 წლით.

გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ეკი

 

ეკის მონასტერი (სენაკის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ადამია ი. ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრება // ძეგლის მეგობარი. - 1980. - N55. - გვ.52-62. - 1981. - N57. - გვ.7-19. 1981. - N5.- გვ.7-19. - ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის (გალავანი, ინტერიერი, სამრეკლო, ორსართულიანი შენობა, დილეგი) ხუროთმოძღვრული დახასიათება.

2. ეკი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV. - თბ., 1979. - გვ.67. - მოკლე ცნობები სოფ.ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო ანსამბლზე.

3. ტუღუში ა. ეკის ნათლისმცემლის მონასტრის წარწერები //ძეგლის მეგობარი. - 1988. - N81. - გვ.57-60. - მონასტრის სამრეკლოს ქვაზე ამოკვეთილი წარწერის დათარიღება პალეოგრაფიული ნიშნების მოხედვით და წარწერის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.

4. ხარაძე კ. ეკი //საქართველოს ბუნება. - 1992. - N3. - გვ.25. - სოფ.ეკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის კომპლექსის აღწერილობა.

5. ეკი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია - მონასტრები. - თბ., 2012. - გვ.182. - ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

6. დუნდუა გ., წირღვავა ვ., ეკის განძი, «ძეგლის მეგობარი», 1971, № 27-28;

7. ეკის განძი - დუნდუა გ., ქსე, ტ.4, გვ.67, თბ., 1979

*************************************************************************************

ადამია ი. ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრება // ძეგლის მეგობარი. - 1980. - N55. - გვ.52-62.

წინამდებარე ნარკვევში განხილულია ეკის ნათლისმცემლის სამონასტრო ხუროთმოძღვრული კომპლექსი. იგი მდებარეობს სოფელ ეკში (ცხაკაიას რ-ნი), ქ.ცხაკაიას ჩრდილო-დასავლეთით 15 კმ. მანძილზე. სოფელ ეკის მოსახლეობა შეფენილია უნაგირას (ეკის) მთის კალთის ბორცვებსა და გორაკების წელმისაწვდომ ფერდობებზე (ეკი მეგრულად ნიშნავს აღმართს, უფრო შესატყვისია - "აღმა"). ეკის ნათლისმცემლის კომპლექსი (ეკლესია, სამრეკლო, პალატი და სხვ. ნაგებობები) გაშენებულია სოფლის ჩრდილოეთით, (საადამიოს) მაღალი მთის თხემის დავაკებულ ადგილზე და შემოზღუდულია ქვითკირის მაღალი გალავნით. გალავნამდე კარგა მოზრდილი აღმართია ფეხით ასასვლელი, კარგ ამინდში მსუბუქი მანქანაც თავისუფლად ადის გალავნის კარიბჭემდე....<<<ტექსტი სრულად აქ...<<<