topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

შ.ამირანაშვილი - დავით გარეჯის უდაბნოს ფრესკები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<დავით გარეჯი>>>


შალვა ამირანაშვილი - დავით გარეჯის უდაბნოს ფრესკები //ძეგლის მეგობარი 1964 N1, გვ.11-14

ქართულ კედლის მხატვრობაში კლდეში ნაკვეთ სამონასტრო დანიშნულების შენობათა მოხატულობას სიუჟეტური შინაარსით, შესრულების მანერითა და მხატვრული სახით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ტრადიციულ რელიგიურ  თემებს ამ ჯგუფის ძეგლებში მხოლოდ ზუსტად განსაზღვრული ადგილი გააჩნია. სამაგიეროდ სრული სახით წარმოდგენილია ნაციონალური თემატიკა, ქართველ წმინდანების ცხოვრება, რომელიც შეიცავს მდიდარ მასალას მშობლიური ქვეყნის ცხოვრების ამსახველს, ქართული ხალხური შემოქმედების ზეგავლენის გასაოცარ დოკუმენტურ მასალას.

უპირველეს ყოვლისა, ქართველ მოღვაწეთა ცხოვრება, ასახული კედლის მხატვრობასა და წერილობით ძეგლებში, გამოყენებული იყო, როგორც დოკუმენტური წყარო, პოლიტიკური მიზნით საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად. მეათე საუკუნის ცნობილ ქართველ მწერალს იოანე ზოსიმეს ეკუთვნის სპეციალური ტრაქტატი "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, სადაც ქართული ენა არამც თუ გათანასწორებულია ბერძნულთან, იქამდის, რომ "ისინი ორნი დანი არიან, ვითარცა მარიამ და მართაი და მეგობარნი“, არამედ მას უპირატესობაც კი აქვს "ყოველი საიდუმლო ამასა შინა დამარხულ არს“; იგი საერთაშორისო საქრისტიანო ენადაც კია აღიარებული. ერთი სიტყვით, სხვა ქვეყნებთან დაახლოებამ კი არ დაჩრდილა ქართული კულტურის ეროვნული სახე, არამედ ხელი შეუწყო საკუთარი ეროვნული ღირსების შეგნებას, გაღრმავებასა და გაძლიერებას. ქართველ წმინდანთა "ცხორებანი“ მიუხედავად სამონაზნო-სამოძღვრებო ტენდენციისა, ძველი ქართული ლიტერატურის ჭეშმარიტ მხატვრულ ნაწარმოებებს წარმოადგენენ. დასავლეთისა და ბიზანტიური წმინდანების "ცხორებასთან შედარებით, ქართველ წბინდანთა "ცხორებაში“ უფრო ნაკლებია ასკეტიზმი და რელიგიური მისტიციზმი. ბიზანტია თაყვანს სცემდა თავის წმინდანებს მოწამეობისათვის, მკაცრი ასკეტობისათვის. დავით გარეჯელი არც მოწამე იყო, არც საღვთისმეტყველო სკოლის დამაარსებელი, არც მკაცრი ასკეტი. ბუნება, რომელიც ეგვიპტელ განდეგილებისათვის ეშმაკის მიერ იყო მოგონებული ადამიანის ცდუნებისათვის, მის თვალში ღვთის დიდებისა და სიკეთის განსახიერებას წარმოადგენდა. დავით გარეჯელს უყვარდა ირმებთან ბაასი, იგი იფარავდა ფრინველებს  მონადირეებისაგან. ფრანცისკ ასიზელზე თითქმის სამი საუკუნით ადრე დავით გარეჯელმა განახორციელა მოკრძალების, უსაზღვრო სიყვარულისა და სიკეთის იდეალი, რომელიც საფუძვლად დაედო ქართულ ჰუმანიზმს, ქართული ხელოვნების აღორძინებას. უდაბნოს გამოქვაბულის კომპლექსში დაცულია დავით გარეჯელის "ცხოვრების“ ციკლი, შექმნილი ქართველ ოსტატების მიერ საკუთარი ეროვნული ტრადიციის მიხედვით, სადაც მკვეთრად ჩანს, ქართული მხატვრული კულტურის დამოუკიდებელი სახე და პროგრესიული მნიშვნელობა. ერთ კომპოზიციაში დავით გარეჯელის მოწაფე ლუკიანე ირმებს წველის, რომლებიც ლამაზ ჯგუფად არიან შეკრებილნი; მეორეზე - შეშფოთებული ირმები აცნობებენ ლუკიანეს რომ გველეშაპმა მათი ნუკრი შთანთქა... უკანასკნელ კომპოზიციაში მოცემულია ცეცხლში გახვეული გველეშაპის დაღუპვა. "ცხორების“ ტექსტის მიხედვით, გველეშაპის ქცევით განრისხებულმა დავითმა, განაძევა იგი გარეჯის უდაბნოს საზღვრებიდან. შეშინებული გველეშაპი ევედრება წმინდანს, სთხოვს შენდობას. წმინდანმა იგი შეიბრალა, სიცოცხლის შენარჩუნება აღუთქვა, მაგრამ ანგელოზმა ცეცხლი დააფრქვია გველეშაპს. დავითი საყვედურით მიმართავს ანგელოზს. იგი ნანობს, რომ მისი დაპირება დაარღვია ანგელოზმა... დავით გარეჯელისა და აგრეთვე სხვა ქართველ წმინდანთა ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს ქართული ხალხური შემოქმედების უტყუარ გავლენას. დავით გარეჯის უდაბნოს კომპლექსებს დღემდე შენარჩუნებული აქვს უძველესი ფრესკები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ კედლის მხატვრობის ზოგადი ისტორიისათვის. წმ.დოდოს კლდეში ნაკვეთი ტაძრის ფრესკები თარიღდება VIII-IX სს.

ლაშა გიორგის ფრესკა ბერთუბანში (+)  - ფოტოს წყარო: http://burusi.wordpress.com

საკურთხევლის კონქში გამოსახულია მონუმენტური კომპოზიცია "დიდება უფლისაი“, რომელიც ენათესავება ლატმოსის ფრესკებს (VI-VII სს.) და აგრეთვე დასავლეთ ევროპის რომანული ხანის კედლის მხატვრობას და არსებითად განსხვავდება ბიზანტიური მხატვრობის ძეგლებისაგან. დავით გარეჯის გამოქვაბულ ტაძრების მოხატულობაში გარკვეული ადგილი უჭირავს იმ თემებს, რომლებიც გავრცელებული იყო რელიგიურ ხელოვნებაში, როგორც ბიზანტიურის, აგრეთვე აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანულ მხატვრულ კულტურას ჰქონდა გარკვეული მხატვრული ტრადიცია. შედარებითი შესწავლა ამ ჯგუფის ძეგლებისა, აშკარად ხდის მეტად საყურადღებო ფაქტს. სახელდობრ, ყველა საერთო თემა ქართულ კედლის მხატვრობაში გადამუშავებულია არსებითად, შეტანილია ახალი, უფრო ემოციური, ცხოვრებასთან დაკავშირებული ელემენტები. ტრადიციული სიუჟეტების კომპოზიციური სქემა მრავალ შემთხვევაში შეცვლილია არსებითად. ბერთუბნის მთავარი ტაძრის მოხატულობაში დიდი ადგილი უჭირავს ღვთისმშობლის აპოკრიფულ ცხოვრებას, რომელიც მეტად გავრცელებული იყო ქართულ ხელოვნებაში უკვე მეათე საუკუნიდან. ყურადღებას იპყრობს ღვთისმშობლის მონუმენტური გამოსახულება. ბროწეულის ხეების არეზე, რომელსაც უჭირავს საკურთხევლის კონქი. სტილი და წერის მანერა ამ კედლის მხატვრობისა, მეტად განსხვავდება კაბადოკიის გამოქვაბულ ტაძრების მოხატულობისაგან. ქართულ მხატვრობაში თვითეული თემა მოცემულია განსაზღვრულ კადრში, იკითხება ცალკე, ხოლო კაბადოკიის მხატვრობაში თემები გადაბმულია ერთიანი თხრობით, თითოეული თემა წარმოდგენილია კადრის გარეშე. უფრო ფაქიზი ხელით შესრულებულია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, თუმცა ტაძარი და სატრაპეზო მოხატულია გიორგი ლაშას მეფობის დროს (1213 - 1222 წწ.). არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, რომ დავით გარეჯის კედლის მხატვრობაში განსაზღვრული ადგილი უჭირავს სატრაპეზოთა მოხატულობას. ირკვევა, რომ ქართულმა ხელოვნებამ შექმნა მეტად ორიგინალური სისტემა სატრაპეზოთა მოხატულობის დარგში, რომელსაც ახლო ანალოგია სხვა ქვეყნების მხატვრობაში არ მოეპოვება. დავით გარეჯის უდაბნოში დღემდე დაცულია საქართველოს ისტორიის ისეთი თვალსაჩინო პირების გამოსახულებანი, როგორიც არის დავით აღმაშენებლისა და დიმიტრი I-ის, რომელთა სახელის წარწერები და ტანის ზედა ნაწილი დღემდე კარგად ჩანს ნათლიმცემლის უდაბნოს მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე. ბერთუბნის ტაძარში გამოსახულია გიორგი ლაშა და თამარ მეფე, ხოლო უდაბნოს მცირე ტაძრის კედელზე დაცულია დიმიტრი თავდადებულის (1271-1289 წწ.) გამოსახულება. სამწუხაროდ, დიმიტრი თავდადებულის სხვა პორტრეტულ გამოსახულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ დავით აღმაშენებლისა და დიმიტრი I-ის პორტრეტები შესრულებულია დიმიტრი I-ის მეფობის დროს. გელათში დაცული დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება კი შესრულებულია ძველი ნიმუშის მიხედვით XVI საუკუნეში. დავით გარეჯის ფრესკებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კედლის მხატვრობაში. ამჟამად ბევრი რამ მოუვლელობის გამო ზიანდება. ჩვენ გვევალება დაუყოვნებლივ მივიღოთ სათანადო ზომები, დავიცვათ ქართული კულტურის უძვირფასესი ძეგლი. ის, რაც ოცდაათი წლის წინათ გადაღებულია ზუსტი პირების საშუალებით და ფიქსირებული ფოტოსურათებით, დღეს ნაწილობრივ დაზიანებულია, ზოგი რამ კი სამუდამოდ დაკარგულია... ჩვენ მოვალე ვართ დაუყოვნებლივ მივიღოთ სათანადო ზომები; უპირველეს ყოვლისა, დავამაგროთ ადგილზე ფრესკები, ხოლო ის ნაწილი ფრესკული მხატვრობისა, რომლის ადგილობრივ დამაგრება და დაცვა უკვე არ შეიძლება, უნდა ჩამოვხსნათ და გადმოვიტანოთ მუზეუმში დასაცავად. ჩვენ მოვალენი ვართ გადავარჩინოთ ჩვენი მხატვრული კულტურის შესანიშნავი ძეგლები, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიო კულტურის საგანძურს.