topmenu

 

ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე - არქეოლოგიური კვლევები გელათსა და მოწამეთაში

<უკან დაბრუნება....<<<ქუთაისი>>>


არქეოლოგიური კვლევები გელათსა და მოწამეთაში

ომარ ლანჩავა, როლანდ ისაკაძე

http://www.heritagesites.ge/files/PDF/Maketi.pdf

XII საუკუნეში დაარსებული გელათის მონასტრის (სურ.1) რეაბილიტაციის პროექტის დამუშავების პროცესში 2007 წელს კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარდა სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები,1 2008 წელს კი არქეოლოგიური მეთვალყურეობა განხორციელდა 33 გეოლოგიურ შურფზე.2 დასახული მიზნებიდან გამომდინარე, სადაზ ვერვო-არქეოლოგიური და გეოლოგიური შურფები დაიდო მთავარი ტაძრის გარშემო, წმ.გიორგის ეკლესიასთან, აკადემიის ინტერიერში, მთავარი ტაძრის დასავლეთ ეზოში, დავით აღმაშენებლის საფლავთან დაკავშირებული ნაგებობებისა და გალავნის კედლების გარშემო (სურ.2).

N1 შურფში (სურ.3) გამოვლინდა XII საუკუნეზე ადრეული ფენები. მასიურ კედლებიანი სწორკუთხა ნაგებობის დასავლეთ ნაწილის ინტერიერში ერთ მეტრზე დაღრმავებისას გამოიკვეთა XII საუკუნემდელი ნაგებობა, რომელიც სულ ცოტა ორჯერ მაინცაა გადაკეთებული და ფუნქცია შეცვლილი. თავდაპირველი ნაგებობა დამხრობილია დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე (სიგანე 10 მ., შემორჩენილი სიგრძე 11 მ.). დასავლეთის კედლის ცენტრში 1,4 მ-ის სიგანის კარია. 1,35 მ-ის სიგანის კარი ფიქსირდება სამხრეთის კედელშიც (სურ.3).

კედლების სიგანე 1,3-1,4 მეტრია. ფასადები შემოსილია მთავარ ტაძართან შედარებით უხეშად დამუშავებული მასიური კვადრებით, მათ შორის დარჩენილი მცირე სივრცე კი ამოვსებულია ნატეხი ქვებითა და მტკიცე დუღაბით. ექსტერიერში ცოკოლის დონე 1,8 მეტრით დაბლაა XII ს-ის ეზოს დონესთან შედარებით და ეს სხვაობა შევსებულია თავისივე ნგრევის ორი ფენით. პირველი ნგრევის ფენიდან ამოსული თხელკედლიანი, ნატიფი, წნეხვით ნაპრიალები კერამიკა ქუთაისის ნაქალაქარზე X-XI სს-ით თარიღდება.3 თავდაპირველი იატაკის დონე ინტერიერის გადაკეთების დროსაა მოშლილი და გათხრილ მონაკვეთში არ ფიქსირდება, ზღურბლის დონე კი ორივე კარებშია შემორჩენილი.

ნაგებობის სწორკუთხა, დასავლეთიდან აღმოსავლეთით წაგრძელებული ფორმა, ეზოსკენ გახსნილი კარის ღიობები და სავლეთის კედლის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთის კედელში გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა საქმე საკულტო ნაგებობასთან გვაქვს, რისი შემოწმების საშუალებას კვლევის ამ ეტაზე არ იძლევა გაუთხრელ ფართობში გასული ნაგებობის ძირითადი ნაწილი. X-XI სს-ით დათარიღებულ პირველი ნგრევის ფენას, ფასადების მთავარ ტაძართან განსხვავებულ დამუშავებას და ადრეული ძეგლებისათვის დამახასიათებელ მშენებლო ბის ტექნიკას (მაგ.პერანგის ქვებს შორის დატოვებული მცირე სივრცე) ნაგებობის აგება-ფუნქციონირების პირველი ეტაპის თარიღი, ვფიქრობთ, ადრეულ შუასაუკუნეებში გადააქვს. ამ კონტექსტში საყურადღებოა რამდენიმე გარემოება:

1) მთავარი ტაძრის ამბიონის წინა სვეტზე XVIII საუკუნეში მიდგმული კათალიკოსის ტახტის კედლებში ჩაშენებულია ადრეული შუასაუკუნეებით დათარიღებული მონაცრისფრო მარმარილოს კანკელის ქვები.,

2) იმერეთის მეფე ბაგრატ III მიერ სეფეჯვარის მტვირთველ ფანჩულიძის სახელზე 1527 წელს გაცემული წყალობის წიგნით, მეფეს გელათისთვის განუახლებია არაბთა სარდალ მურვან ყრუს სადამსჯელო ექსპედიციის შედეგად"...დაქცეული და აოხრებული მთავარ ანგელოზისა ეკლესია...,"4

3) მონასტრის გალავნის სამხრეთით, კლდოვან ქედზე არსებულ საბას საყდარს რ.მეფისაშვილი X ს-ით ათარიღებს.5 აქედან გამომდინარე, XII საუკუნემდელი ეკლესიის (ეკლესიების) არსებობა გელათში დადასტურებულ ფაქტად უნდა ჩაითვალოს.,

4) თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ XIX ს-ის II ნახევარში გ.წერეთელს მონასტერში გაუთხრია ანტიკური მონეტებით დათარიღებული სამარხები,6 არქეოლოგიურ კვლევას გელათში დიდი პერსპექტივა აქვს. პირველი გადაკეთება-განახლების შემდეგ ნაგებობის ფუნქცია შეუცვლიათ. ამ ეტაპზე მთლიანად ამოქოლილია სამხრეთის, ხოლო 0,5 მ-ის სიმაღლეზე დასავლეთის კარები, რომლის ჩრდილო ნაწილში კედლის ინტერიერის გაყოლებით 3,5 მ. სიგრძის, 0,4 მ. სიმაღლისა და 0,5 მ. სიგანის ქვიტკირის მერხია ამოყვანილი. ნაგებობის ინტერიერს მთელ სიგანეზე კვეთს სამხრეთიდან ჩრდილოეთით მიმართული, სავარაუდოდ ნახმარი წყლის არხი (სურ.3). არხის ფსკერი შედგენილია მიწაში პირაღმა ჩასმული 38 სმ-ის სიგრძის, თეთრ ანგობზე მწვანედ მოჭიქული ღარიანი კრამიტებით (სურ.4) და გადახურულია ბრტყელი, ფლეთილი ქვის ფილებით. არხის აღმოსავლეთით გაიწმინდა ჰიდრავლიკური ხსნარით მოლესილი ავზების ფრაგმენტები. მათი ძირითადი ნაწილი გაუთხრელ ფართობში გადის. არხი, რომელიც საგრძნობლადაა დახრილი ჩრდილოეთისაკენ, რათა წყალს თავისუფლად ედინა, გატარებულია თავდაპირველი ნაგებობის ჩრდილოეთის კედელში ფლატეს მიმართულებით და ასევე გაუთხრელ ფართობში გადის. არხის შევსების ფენაში ვერცხლის ორი ტრაპიზონული მონეტა აღმოჩნდა. ისინი მოჭრილია მანუილ I და იოვანეს სახელზე და XIII ს-ის ბოლო და XIV ს-ის პირველი ნახევრით თარიღდებიან.7 ეს თარიღი უნდა მივიჩნიოთ ნაგებობის ფუნქციონირების მეორე ეტაპის ზედა ზღვრად. ფუნქციონირების მესამე ეტაპზე (გვიანი შუასაუკუნეები) ინტერიერში შეიმჩნევა ალიზის იატაკის დონეები, ხოლო და სავლეთ ექსტერიერში ფიქსირდება სავარაუდოდ მე-2 და მე-3 ეტაპის დროინდელი მინაშენები, სადაც გაირჩევა ჰიდრავლიკური ხსნარით შელესილი დონეები. N1 შურფში გამოვლენილი ნაგებობის სამშენებლო ეტაპების, ფუნქციისა და ქრონოლოგიის დაზუსტებისათვის აუცილებელია თხრილის გაფართოება ექსტერიერსა და ინტერიერში.

N2 შურფში დაიზვერა XIX ს-ის ბოლოს აგებული "საწინამძღვრო სახლის" ძირა სართულში არსებული თაღოვანი ნაგებობის ინტერიერი, რომლის რეაბილიტაციის დაწყებამდე აუცილებელია ძეგლის სრული არქეოლოგიური გამოკვლევა. NN11, 15, 16 შურფებში დაფიქსირდა მთავარი ტაძრის გადასახურავად გამოყენებული სხვადასხვა ფერად მოჭიქული კრამიტების, გაჭედილი ლურსმნებისა და სარკმლის მინის ფრაგმენტები.

NN4, 13 შურფებში სტრატიგრაფიული თანმიმდევრობით დადასტურდა თურქთა (1510 წ.) და ლეკთა (1759 წ.) ლაშქრობების ამსახველი ნახანძრალი ფენები.

NN5, 12, 14 შურფებში გამოვლინდა ნატეხი ქვებით ნაგები ეზოს სადრენაჟე არხის მონაკვეთები. NN12, 14 შურფებში არხი შედგენილია თიხნარ გრუნტში ჩასმული ნატეხი ქვის ფილებით (სურ.5), N5 შურფში ქვის ფილებით გადახურულ კლდოვან ნაპრალს მიუყვება (სურ.6) და გალავნის დასავლეთის კედელში ფიქსირებული, ქვაში გამოკვეთილი ღარით (სურ.7) ფერდობზე გაედინება. ჩატარებული სადაზვერვო სამუშაოების შედეგად:

1. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოიყო არქეოლოგიურად აქტიური ზონები და, რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, შეირჩა გასათხრელი მონაკვეთები.,

2. გამოიკვეთა კომპლექსის დაარსებამ დელი სამშენებლი ფენები.,

3. დაზუსტდა სამშენებლო ფენების სტრატიგრაფია - ქრონოლოგია. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპლექსის ტერიტორიაზე პირველ რიგში დაიგეგმა აკადემიის შენობის რეაბილიტაცია, რომლის წინმსწრები არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა 2008 წელს, 2009 წელს კი სამუშაოები გაგრძელდა აკადემიის შენობის ჩრდილოეთის ექსტერიერში, სადაც შესწავლილ იქნა 400 კვ.მ-მდე ფართობი.8 როგორც სადაზვერვოსამუშაოებმა უჩვენა:

1. აკადემიის შენობაზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ეტაპი.,

2. აკადემიის ინტერიერის ჩრდილოეთის მონაკვეთში დასტურდება ნანგრევებით ამოვსებული ძირა სართულის სარკმლიანი სათავსი.,

3. ინტერიერში არსებული ფართო (1,7 მ-დან 2 მეტრამდე), გვიანდელი მერხებით გადაფარულია ავთენტური მერხები.

გათხრების ძირითადი ამოცანა იყო ძირა სართულის სათავსის, მასში შესასვლელი კარის, ავთენტური მერხების გამოვლენა მათი მეშვეობით ძეგლის სამშენებლო ფენების ქრონოლოგიური გამიჯვნა და მეტად მწირ წერილობით წყაროებთან სინქრონიზაცია. 2008 წელს სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ინტერიერსა და ექსტერიერის ჩრდილოეთის მცირე მონაკვეთში, სადაც სავარაუდოდ ძირა სართულში შესასვლელი კარი უნდა ყოფილიყო. ინტერიერში თანამედროვე მერხების ალაგების შემდეგ კედლების გაყოლებაზე დაფიქსირდა თავდაპირველი მერხები (სურ.8, 10), რომლებიც ორჯერ მაინც ჩანს გადაკე თებული. მერხების სიმაღლე 0,4 მ-ია, სიგანე 0,5 მ. ნაგებია კარგად დამუშავებლი ქვებით და შელესილია კირხსნარის თხელი ფენით. მერხების გასწვრივ მთელ პერიმეტრზე ფიქსირდება კირხსნარიანი იატაკის დონე. ნაგებობის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში იატაკი თიხნარ გრუნტსა და კარგად ნიველირებულ კლდოვან მასაზეა მოწყობილი. ჩრდილოეთ ნაწილში კი, სადაც რელიეფი თავიდანვე მკვეთრად ჩაღრმავებული იყო, ძირა სართულის სათავსი მოუწყვიათ. მისი დასავლეთის კედლის წყობაში დაფიქსირდა სართულების გამყოფი ხის იატაკის სწორკუთხა კოჭების ბუდეები. ძირა სართულის სათავსის (11,6X6,3 მ.) დასავლეთის კედლის ცენტრში შიგნით გაფართოებული ორი სარკმელია გაჭრილი. სათავსში შესვლა ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი კარით (1.95X1.5 მ.) შეიძლებოდა (სურ.9-10-11), რომელზედაც გარედან ფერდობზე ამოყვანილი თაღოვანი ტალანი ყოფილა მიშენებული. იგი ერთმანეთთან აკავშირებდა ორსავე მხარეს გამოვლენილ სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების სათავსებს და აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი კიბითა და ქვაფენილით წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სამრეკლოსა და აკადემიის შენობას შორის მოქცეულ ეზოს მონაკვეთში იხსნებოდა (სურ.10-11-12-13). სათავსში ორი სხვადასხვა დროის მარნის ნაშთი დაფიქსირდა. თავდაპირველ მარანში დაუკირავი, შედარებით თხელკედლიანი ქვევრები ყოფილა. 1510 წლის შემდეგ, როცა ტრაპიზონის მხრიდან შემოჭრილმა თურქთა მარბიელმა ლაშქარმა დაარბია იმერეთი და "...დასწვეს. დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ"9 იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565 წწ.) დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა გელათში. გათხრებმა ცხადყო, რომ ამ ეტაპზე აკადემიის კედლები გამაგრებულია სწორკუთხა კონტრფორსებით, დაკირული ქვევრებით განახლებულია ძირა სართულის მარანი, მთლიანად განახლებულია თაღოვანი ტალანი, გადაკეთებულია ტალანთან დაკავშირებული სათავსები და მათთვის ატმოსფერული ნალექების ასარიდებელი პირვანდელი ღვარსადენები (სურ.11). მომდევნო ეტაპზე (დაახლ. XVII-XVIII სს.) ძირა სართულის მარანი გაუქმებულია და მის აღმოსავლეთ ნაწილში ჩადგმულია თაღოვანი სათავსი -"მაცივარი.," ამოქოლილია მარანში შესასვლელი ძირა სართულის კარი და "მაცივარში" ჩასვლა აკადემიის ინტერიერიდან ასახდელი ლუკის მეშვეობით ხდებოდა (სურ.9-10, 14)., თაღოვან ტალანთან დაკავშირებული ზოგიერთი სათავსი სახეცვლილია, ან საერთოდ გაუქმებულია და მათ ადგილზე დიდი ზომის დაკირული ქვევრებით წარმოდგენილი ღია მარანი ჩნდება (სურ.11, 13). ამ ეტაპზე აკადემიის შენობა დიდი ხანია მონასტრის სატრაპეზოდაა გადაკეთებილი, რასაც 1650-1652 წლებში იმერეთში მყოფი რუსი ელჩები და სხვა ავტორებიც ადასტურებენ.10 სატრაპეზოს სახურავი XIX ს-ის 40-იან წლებში ჩამოინგრა და მისი ფუნქციონირებაც შეწყდა. 2009 წელს გათხრილ მონაკვეთში და ფიქსირდა ნატეხი ქვებითა და ალიზის ხსნარით ნაგები XIX ს-ის შუახანების სამი შენობის ნაშთები და მათი თანადროული მარანი, 1903 წელს გერმანიიდან ჩამოტანილი მოჭიქული მილებით განახლებული მონასტრის წყალსადენის შიდა ქსელის ერთი მონაკვეთი და აიზომა 1915 წელს აგებული წყლის წისქვილის არხი (სურ.11, 13). სამი საველე ექსპედიციის შედეგად გამოვლენილია განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი სამშენებლო (კრამიტები), სუფრისა და სამზარეულო დანიშნულების თიხის ჭურჭლების, სარკმლის მინის, სამშენებლო მასალების (რკინის ლურსმნები), ვერცხლის ტრაპიზონული (XII ს-ის ბოლო, XIV ს-ის I ნახევრის) და სპილენძის ქართული (რუსუდან მეფის, XIII ს.) მონეტების საინტერესო კოლექცია. 2009 წელს მოწამეთის მონასტრის რეაბილიტაციის პროექტის დამუშავების პროცესში ჩატარდა მცირე მასშტაბის სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოები. მონასტერი მდ.წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ, სამი მხრიდან ციცაბო კლდოვანი ფერდობებით დაცულ ნახევარკუნძულზეა გაშენებული (სურ.16-17). ქართული საისტორიო ტრადიციით, ამ ადგილს ქვია "ციხე-ქალაქი წყალწითელი," რომელიც VIII ს-ის 30-იან წლებში არაბებს დაუნგრევიათ. აქვე დანგრეული ეკლესიის ქვეშ არსებულ აკლდამაში დაუკრძალავთ არაბთა მიერ ნაწამები ძმები, დავით და კონსტანტინე მხეიძეები.11

მონასტრის კარიბჭეში შემორჩენილი ტოლმკლავა ჯვრის (სურ.19), გალავნის კედლებზე ფიქსირებული იზოდომური და დიდკვადროვანი წყობის საფუძველზე "ციხე-ქალაქი წყალწითელი"-გვიანდელი "მოწამეთა," დათარიღებულია ახ.წ. VI-ს-ით და გაიგივებულია პროკოფი კესარიელთან მოხსენიებულ "უქიმერიონის" ციხესთან.12 სადაზვერვო სამუშაოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აღნიშნული დათარიღების სისწორე. მიუხედავად იმისა, რომ, კლდოვანი რელიეფის გამო, კულტურული ფენები გადარეცხილია, მოხერხდა V-VI სს-ით დათარიღებული სამშენებლო მასალის (კრამიტები) ინსიტუფიქსირება., დიდ მონაკვეთებზე გამოვლინდა იზოდომური და დიდ კვადროვანი წყობით ნაგები გალავნის, კოშკების, კარიბჭის, აკლდამის კედლები და საჭაპანო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი, კლდოვან ქარაფზე გაყვანილი თავდაპირველი გზა (სურ.18, 20,21,23).

რაც მთავარია, გაირკვა, რომ ადრე შუასაუკუნეების ციხე-ქალაქი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა, რომლებიც ერთმანეთისგან იზოლირებული იყვნენ რთული, ძნელად დასაძლევი რელიეფით და კლდეში ჩაკაფული ღრმა და ფართო ხევებით (სურ.17). მტრისათვის სრულიად მიუვალი შუა სიმაგრე-ციტადელი და ნარჩენებს აღნიშნულ ხევებზე გადებული ხის ხიდებით უკავშირდებოდა. გარკვეულწილად მოდერნიზებული ეს სისტემა XIX საუკუნეშიც მოქმედებდა, რასაც მოგზაურებიც აღწერენ და საარქივო ფოტო და გრაფიკული მასალაც ადასტურებს. სადაზვერვო გათხრებით გამოვლენილი XIX ს-ის კელიების ერთი ნაწილი თანამედროვე საჭიროების მიხედვით იქნა რეაბილიტირებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისსა და მის შემოგარენში გრძელდება და ყოველი მომდევნო სეზონი ახალი აღმოჩენებით ამდიდრებს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას

ბიბლიოგრაფია:

1. ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე, გელათის სამონასტრო ანსამბლის ტერიტორიაზე 2007 წლის 1 დეკემბრიდან 2008 წლის 30 იანვრამდე ჩატარებული სადაზვერვო-არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში, ხელნაბეჭდი, ქუთ. 2008;

2. რ.ისაკაძე, გელათის კომპლექსის ტერიტორიაზე გაჭრილ გეოლოგიურ შურფებზე ჩატარებული არქეოლოგიური მეთვალყურეობის ანგარიში, ხელნაბეჭდი, ქუთ. 2008.

3. ა.გაბრიაძე, ქუთაისი X-XV სს–ში. საკანდიდატო დისერტაცია, ქუთ. 1999. ხელნაბეჭდი;

4. ს.კაკაბაძე, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ.I. ტფ. 1921. გვ.8-9;

5. Р.меписашвили, Архитектурный ансамвлъ Гелати, Тб., 1966, стр.162;

6. Г.Церетели, О некоторых древностиах в Гелатском монастыре, Пятый археологический съезд в Тифлисе, М. 1882 г. стр.430. тавл.43 (предварителъное сообщение о резулътатах поездки в Гелати.

7. მონეტები განსაზღვრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლებმა, ისტორიულ. მეცნიერებათა დოქტორებმა ი.ჯალაღანიამ და ნ.უგრეხელიძემ;

8. რ.ისაკაძე, ო.ლანჩავა, გელათის აკადემიის 2008 წლის არქეოლოგიური გათხრების ანგარიში, ხელნაბეჭდი, ქუთ. 2008., რ.ისაკაძე, ო.ლანჩავა, გელათის აკადემიის ჩრდილოეთის ექსტერიერში 2009 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში, ხელნაბეჭდი, ქუთ. 2010.

9. თ.ჟორდანია, ქრონიკები, წიგნი II, ტფ. 1897, გვ.326;

10. ნ.ტოლოჩანოვის იმერეთის სამეფოში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, 1650-1652 წწ. იასე ცინცაძის გამოცემა, თბ. 1970, გვ.116; ალექსი იევლევის 1651-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა, იასე ცინცაძის გამოცემა, თბ. 1969, გვ.135; გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ.გელაშვილის გამოცემა, ტ.I, თბ. 1962, გვ.145; მ.მგალობლიშვილი, ლ.მიქიაშვილი, ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ცნობები გელათის შესახებ, "ანალები," თბ. 2000, გვ.83; ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, თბ., 2005, გვ.153;

11. მ.საბინინი, საქართველოს სამოთხე, პეტერბურგი, 1882, გვ.323-330., გ.გეგეჭკორი, მოწამეთა, ქუთ. 1991;

12. ო.ლანჩავა, ქუთაისის არქეოლოგია, ქუთ. 2007, გვ.141-143; ო.ლანჩავა, ნ.ქარციძე, უქიმერიონი "ციხე-ქალაქი წყალწითელია," ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XIX, ქუთ. 2009, გვ.9-16.

Within the scope of preparation of Gelati Monastery rehabilitation

Project archaeological and geological exploratory trenches were cut on the territory of the 12-th century monastery during 2007 and 2008 field seasons. They particularly were applied around the main temple, next to St.George church, in the interior of the Academy building, in the western yard of the main temple, around the structures located next to king David the Builder’s tomb and along the stone wall. As a result, several construction layers earlier then the monastery itself were revealed, their stratigraphy and chronology cleared out, all archaeologically sensitive areas defined and the sections of possible future excavations selected. Following completion of the monastery rehabilitation design the interior of the academy building and a plot adjoining to its exterior from the north were excavated in 2008 and 2009. Most part of the academy interior was designed as a classroom with wide authentic desks arranged in rows. Its floor was made of lame mortar applied over the smoothed rocky surface and clay ground. A room was excavated in the northern part of the basement level of the building, apparently used as a storage or a vine cellar. The wooden floor separated this space from the upper floor- the academy classroom. A door cut through the northern wall of the wine cellar lead to the arched corridor excavated in the exterior of the academy building. It connected the wine cellar with several other auxiliary facilities. In the 16-th century the academy complex underwent considerable changes. Its initial destination was altered by that time and it was transformed into the refectory. In the following century the wine cellar and the arched corridor were abolished. A new vine storing area was arranged outdoors and a vaulted space had appeared instead of the earlier store room. This new one was apparently used as a cool-box with the only access through the round in shape manhole covered with lid. remains of the 19-th century mud- brick and timber constructions were revealed at the upper layers of the excavated area, coupled with some leftovers a mill and of an ancient potable water supply system one section of which was renewed in the first decade of the 20-th century. An early medieval fortified settlement containing there major sections was discovered during the small scale archeological excavations carried out in 2009 on the territory of Motsamenta Monastery. Bolnisi- type cross with even arms and huge cube masonry revealed on the excavated territory made possible to preliminary date the remains back to the 5-6-th centuries AD. This should be the very place referred to in original Georgian annals as “the fortified settlement of Tskaltsiteli” (Motsameta of later times) that apparently can be equated with the “Ukimerioni Fortress” mentioned in the narration of Procopius of Caesarea