topmenu

 

ვ.ცინცაძე - ბაგრატის ტაძრის დიდებულ ნანგრევებთან

<უკან დაბრუნება...<<< ბაგრატის ტაძარი>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)

ვახტანგ ცინცაძე  - ბაგრატის ტაძრის დიდებულ ნანგრევებთან //ძეგლის მეგობარი, თბ., 1964 წ., N1.

1946 წელს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელი - აკად. გ.ჩუბინაშვილი, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორ მასწავლებელთა ჯგუფმა მიიწვია გელათის დიდებული ანსამბლის ზოგი საკითხის განხილვის მიზნით. გელათიდან დაბრუნებისას ქუთაისში შევჩერდით და ბაგრატის ტაძარზე ავედით, გალავანში შევაღწიეთ და ვიწრო ბილიკით სამხრეთის კარიბჭეს მივადექით. ნაგებობიდან დარჩენილი კედლების ქვედა ნაწილი საუკუნეებით დალექილ მიწაში იჯდა; ზედა ნაწილს კი სურო გადახვეოდა, მაღლა შემართული კედლები გულში ჩაეკრა და მომსვლელის თვალისაგან მოქრიდებია. ძეგლის შიგნით სიმყუდროვეს სუროდან აფრენილი ფრინველი და ამის შედეგად კედლიდან ჩამოვარდნილი ქვით გამოწვეული შრიალი თუ დაარღვევდა, გარეთ კი, სიმინდის ყანა კედლებს შესდგომოდა და სიოდაკრულ სისინით "ბაგრატის ნანგრევებს“ თითქოს უტევდა. ყანა-ყანა მივაღწიეთ ჩრდილოეთის ფასადს. აქ ტაძრის მშენებლობის დასრულების (1003 წელი) მაჩვენებელი წარწერაა. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ, ბაგრატ III ააშენა ეს გრანდიოზული კათედრალი. იგი მაშინ, ქალაქის ანსამბლში, ქვეყნის გაერთიანების დაგვირგვინების სიმბოლოდ გამოსჩანდა. ახლა კი მხოლოდ დიდებული, ცაში აწვდილი ნანგრევებიღა იყო. აკადემიკოსმა გიორგი ჩუბინაშვილმა, ჯერ აქვე ნანგრევებში, ხოლო საღამოს ხალხმრავალ აუდიტორიაში, ბაგრატის ტაძრის შესახებ საჯარო მოხსენება წაგვიკითხა. მაშინვე აღნიშნა, რომ ბაგრატის ტაძრის ნანგრევები სანახევროდ მიწაშია, მეორე ნახევარი კი სუროთი არის დაფარული. ჩვენი ვალია უკვე დღის წესრიგში დავსვათ ნანგრევების გაწმენდა-გათხრა და მეცნიერული შესწავლა-დაცვა. ძეგლის თანამედროვეები, თავიდანვე კარგად გრძნობდნენ, რომ ტაძარი შესანიშნავი იყო თავისი "მიუწვდომლობით“ (მატიანე ქართლისაი). მაგრამ ის, რაც პირველ ხანს სასწაული იყო, ხალხის გულში ღრმად ჩაჯდა... მერე კი ყოველდღიურ ცხოვრებად გადაიქცა. ქალაქის მკვიდრთა და ტაძრის ბედი ურთიერთს დაუკავშირდა. ტაძრის ნათელი და შავბნელი დღეების ამბავი ქალაქისა და მოქალაქეთა მრავალი თაობის თავგადასავალი გახდა. XVII ს. დასასრულამდე ტაძარი უვნებლად იდგა. 1892 წელს კი, თურქებთან ომის დროს, აფეთქების შემდეგ ჩამოინგრა გუმბათი და გადახურვები. ამ დღიდან, ბუნების მოვლენები თუ ადამიანის ხელი ძეგლს ულმობლად ანადგურებდა. მხოლოდ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, კულტურის ისტორიულ და მხატვრულ ძეგლად გამოცხადდა. 1950 წელი კი ძეგლის ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია, ამ დღიდან ფართო მასშტაბით გაიშალა ძეგლზე მეცნიერული დაცვითი სამუშაოები. პირველ ღონისძიებას წარმოადგენდა დასაცავ ზონის დადგენა, გალავნის კედლების გამაგრება და გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. გამაგრებისათვის მიღებული იქნა აღდგენა-კონსერვაციის მეთოდი, რაც მოითხოვდა ძეგლის საფუძვლიანად შესწავლას. გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო.

(+)

პარალელურად მიმდინარეობდა სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები. ძეგლის სრული ფიქსაცია, ფოტო და არქეოლოგიური აზომვები შურფების გაჭრით. რეკონსტრუქციისა და - აღდგენა-კონსერვაციის პროექტების შედგენა და სხვა. დაგროვილი მასალა, ყველა დღემდე შედგენილი, რეკონსტრუქციის პროექტიდან განსხვავებულ, პირვანდელ ხუროთმოძღვრულ ფორმებს გვიხატავს. აღდგენა-კონსერვაციის პროექტი განხილული და დამტკიცებული იყო მეცნიერებათა აკადემიის სამეთოდო საბჭოს სხდომაზე. პროექტის განსახორციელებლად სამუშაოს თანმიმდევრობა მონაკვეთების დაზიანების მიხედვით შევარჩიეთ;

I. სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხე;

II. სამხრეთის მკლავი და სამხრეთის კარიბჭე;

III. სამხრეთ - დასავლეთის კუთხე;

IV. ჩრდილო - აღმოსავლეთის კუთხე და აღმოსავლეთის ფასადის დარჩენილი ნაწილი

V. ჩრდილოეთის მკლავი

VI. ჩრდილო - დასავლეთის კუთხე

VII. ხუროთმოძღვრული ფრაგმენტების თავის ადგილზე დაყენება და დასავლეთის კარიბჭის ფრაგმენტების აწყობა.

ყველაზე უფრო საშიშ მდგომარეობაში მყოფი სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხის გამაგრება-კონსერვაცია პრაქტიკული სამუშაოს პირველი საფეხური იყო და მრავალ დაბრკოლებათა დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვდა; კედლის წყობის აღსადგენად ვხელმძღვანელობდით დაკარგული საპირე ქვებიდან დარჩენილი ბუდეებით.

რაც შეეხება კვადრების ზედაპირულ დამუშავებას, აქ ვცდილობდით ქვის ოსტატს გამოემუშავებინა მანერა, რომელიც მოგვცემდა მშენებლობის მიერ შექმნილ ქვის კვადრის ზედაპირის რაც შეიძლება მეტად მიმსგავსებულ სურათს. აღდგენა-კონსერვაციის მეთოდის მთავარ თვისებრივ თავისებურებას წარმოადგენს სხვაობა-კონფლიქტი ძველისა და კონსერვაციის მიზნით აღდგენილ ახალ ხუროთმოძღვრულ ფორმებს შორის. მუშაობის მანძილზე ჩვენ მიზანს წარმოადგენდა მეტი და მეტი ახალი ცოდნათა დაგროვებით და ახალი მეთოდების მომარჯვებით ამ სხვაობის კონფლიქტის სისტემატური შემცირება. მეორე და მესამე მონაკვეთის ე.ი. კარიბჭისა და სამხრეთ-დასავლეთის კუთხის დასამაგრებლად რთული კონსტრუქტიული ამოცანების გადაჭრა  მოგვიხდა. ორივეგან დაზიანება გამოწვეული იყო აფეთქების შედეგად. კარიბჭეზე გამსკდარი იყო სამთაღედის შუათაღი, დაძრული იყო ზედა  თაღის შუამესამედი, რაც საფრთხეს უქადდა მთელ კარიბჭეს. კონსტრუქტორების მოსაზრება კარიბჭის დაშლისა და შემდეგ აგების შესახებ ჩვენ სიფრთხილისათვის უარვჰყავით. კარიბჭის ზედა თაღის ნაწილოვრივ გახსნითა და წყობაში რკინის დამჭერების მოწყობით მისი სიმტკიცე აღდგა. სამხრეთ - დასავლეთის კუთხეში აფეთქების ძალამ მეორე სართულის იატაკის დონემდე დაანგრია დასავლეთის ფასადის მარჯვენა ფრთა. ამით ფასადის შუა ნაწილს გამოეცალა დამჭერი და მთელი ეს 22 მეტრზე აღმართული უზარმაზარი მასა მზად იყო გადმოსანგრევად. სამხრეთის ფასადის ზედა ნაწილში მოთავსებულ თაღნარიდან პირველი თაღი დანგრეული კედლის ნაწილთან ერთად გაქრა. პირველი თაღიდან მარჯვენა ქუსლის ფრაგმენტი იყო შემორჩენილი, რომელიც ძნელად შეიმჩნეოდა დანარჩენ თაღების უკვე დაწყებულ დაშლის არეში. განადგურების პირზე იყო მიმდგარი მთელი კედელი, რომელსაც შიგნიდან საპირე სრულებით ჩამოცვენილი ჰქონდა და გადმოხრილი იყო 16 სანტიმეტრით. ამ კუთხის კონსერვაცია - გამაგრებისათვის აუცილებელი იყო კუთხის აღდგენა. დასავლეთის ფასადის დაკარგული ნაწილის აღდგენით ფასადის ხენტრალური ნაწილის სიმტკიცე აღვადგინეთ. სამხრეთის ფასადის ნაწილის აღდგენით გამაგრდა კედელი. მეორე მხრივ კი, საბოლოოდ დადგინდა, რომ ტაღნარი ფასადზე ხუთი თაღისგან შედგებოდა და არა ოთხისაგან, როგორც ეს აქამომდე იყო მიღებული. უკვე დამთავრებულია ჩრდილო - აღმოსავლეთის კუთხისა და აღმოსავლეთის ფასადის აღდგენა - გამაგრება. თუ დღემდე არსებული რეკონსტრუქციის პროექტებით აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალურ ნაწილში ძირითადად ერთ სარკმელს ვარაუდობდნენ, ძეგლზე ჩატარებულმა კვლევამ სამი სარკმელით შედგენილი კომპოზიცია გამოავლინა. მაღლა, შუაში წრიული, გვერდებზე დაგრძელებული სარკმელები თავდაპირველ ადგილზე საკმარისი სიზუსტით მოიხაზა. ერთადერთი, რის დასადგენადაც ადგილზე არავითარი საბუთი არ გვქონდა, ეს გვერდითი სარკმელების ქვედა დონე იყო. ამისათვის შედარებით მეთოდს მივმართეთ. ალავერდისა და მცხეთის სვეტიცხოვლის აღმოსავლეთის სარკმელების მსგავსი სიმაღლე შევარჩიეთ. სარკმელების ეს ქვედა დონე საბოლოოდ მივიღეთ, ვინაიდან ამ შემთხვევაში სარკმელის პროპორცია ისეთი გამოვიდა, რაც ძეგლის ჩრდილოეთის ფასადის დამთარიღებელ წარწერასთან ახლო მოთავსებულ პარადულად გაფორმებულ სარკმელს აქვს. მიმდინარე წელს სამუშაოები ითვალისწინებს ჩრდილოეთის მკლავის გამაგრება - კონსერვაციას, ამავე დროს დაიწყება ხუროთმოძღვრული ფრაგმენტების თავის ადგილზე დაწყობა, რომელიც მრავლადაა შემორჩენილი ინტერიერში გუმბათქვეშა ბოძებიდან და გარშემოსავლელის თაღნარიდან. უკვე დროულია დაისვას საკითხი ძეგლთან მუზეუმის ტიპის საექსპოზიციო დარბაზის მოწყობის შესახებ. ბაგრატის ტაძარზე დასათვალიერებლად დიდი რაოდენობით ჯგუფური ექსკურსიები და ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის ტურისტები მოდიან. ეს დარბაზი, სადაც გამოფენილი იქნება უკვე დაგროვილი მრავალი საილუსტრაციო მასალა, დაეხმარება დამთვალიერებლებს კულტურის ისტორიისა და ხელოვნების ძეგლის სრულფასოვან გაგებაში.