There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<რაჭის ისტორიული ძეგლები>>>
ველტყევის მონასტერი, ხედი აღმოსავლეთიდან
ველტყევის მონასტერი - ამჟამად ნამონასტრალია რაჭაში, სოფელ სხვავიდან 10 კმ-ის დაშორებით. სავანის მიდამო ვრცელი ველია და ველტყევიც აქედან მომდინარეობს. უფრო ადრე კი სავანე იხსენიებოდა, როგორც „ნათლისმცემლის უდაბნო“. ასევე ცნობილი იყო, როგორც „სხვავის მონასტერი“. ნათლისმცემლის მონასტერი XX საუკუნეში დაინგრა. გიორგი ბოჭორიძე ასე აღწერდა ეკლესიას: „იგი ერთნავიანი შენობაა 7X4,6 მ., დასავლეთით აქვს საქალებო. ნაგებია კლდის ქვისა და კირისაგან. ეკლესიას თაღი აქვს, სახურავი კი არა ხურავს...“ ეკლესია აშენებულია როსტომ ერისთავის მიერ. ის აშენებულია XVIII საუკუნეში. თუმცა, არსებობდა ძველი ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებშია აშენებული. 1871 წელს ველტყევის მონასტერი გაუქმდა და საეკლესიო ნივთები ჭელიშის მონასტერში გადაიტანეს. ცნობილია ველტყევის მონასტრის რამდენიმე წინამძღვარი:
იღუმენი ანტონი (აბაშიძე) – 1770–1806
არქ. პანტელეიმონი – 1806–1841
მღვდელმონაზონი იოტასი – 1841–1848
არქ. ნიკოლოზი (ნიჟარაძე) – 1855–1861
მღვდელმონაზონი მაკარი (ჯაფარიძე) – 1861–1871
ლიტერატურა:
ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 34–37
გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ველტყევის_მონასტერი
ველტყევის მონასტერი, ხედი აღმოსავლეთიდან
გივი ჩიღვინაძე
ველტყევის მონასტერი
ველტყევის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი მდებარეობდა რაჭის ქედზე, რაჭასა და იმერეთს შორის, უმშვენიერეს ადგილას, ველტყევის ანუ კვეშლევის მთაზე, ზღვის დონიდან 1927 მეტრზე. დღევანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ სხვავიდან 10 კმ-ის, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვიდან დაახლოებით 8 კმ-ის დაშორებით. იგი იწოდებოდა აგრეთვე, როგორც "სხვავის მონასტერი", "ნათლისმცემლის უდაბნო", "რაჭის უდაბნო", ზოგჯერ "უდაბნოს ეკლესიადაც" მოიხსენიებდნენ. ეს ადგილი ტყით შემოზღუდული ველია და ამიტომაც ჰქვია ველტყევი. აღნიშნული ტოპონიმი კომპოზიტია, შედგება ორი ნაწილისაგან - ველი და ტყეები. ველტყეები > ველტყევი. უფრო საინტერესოა კვეშლევის ეტიმოლოგია. შეფარვით ამ ტოპონიმშიც ველი ფიგურირებს. რაჭის ქედის ამ მონაკვეთზე ტყით შემოზღუდული მინდორი ძალზედ დაწეულია, ჩაღრმავებულია, მეტად დაბლაა ირგვლივ მდებარე ტყეებთან შედარებით, თითქოს მათ ქვეშაა. ამის გამო, როგორც ჩანს, მისთვის უწოდებიათ ქვეშველი. ეს სიტყვაც ორი ნაწილისაგან შედგება ქვეშ და ველი. სიტყვის მეორე ნაწილში მოხდა ბგერათა გადასმა, ბგერა ლ გადავიდა წინ, ხოლო ვ - უკან. ამ ფონეტიკურ მოვლენას სიტყვის პირველ ნაწილში ვ ბგერის არსებობამ შეუწყო ხელი. შემდეგ წინა ნაწილში ქ-ს მაგიერ გაჩნდა კ. ესე იგი, მივიღეთ: ქვეშველი > ქვეშლევი > კვეშლევი. გიორგი ბოჭორიძის აღწერით, რომელმაც ველტყევის მონასტერი 1929 წელს მოინახულა, იგი ერთნავიანი ბაზილიკა იყო, დასავლეთით მიდგმული ჰქონდა საქალებო. XVIII საუკუნეში რაჭის ერისთავის როსტომის შეწევნით ახალი ტაძარი აუგიათ, ამის შესახებ გვამცნობს დასავლეთის შესასვლელის თავზე ყოფილი და დღეს ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაცული ქვა წარწერით: "ქ. მე თვითმპყრობელმან ლიხთ რაჭისამან ერისთავმან როსტომ აღვაშენე უდაბნო ველტყევისა, ეკლესია ნათლისმცემლისა, განსაძლიერებლად და წელმრავლობისა"... გიორგი ბოჭორიძე მიიჩნევდა, რომ მონასტერი როსტომ ერისთავის ზეობამდეც (1750-1769) არსებობდა (გიორგი ბოჭორიძე, 1994: 191). მის აზრს იზიარებს პროფ.თამაზ ბერაძე, მან მიაკვლია 1740 წლის ორ საბუთს, რომლის მიხედვით ყიფიანთა და იაშვილთა საგვარეულოები თვითო ყმას სწირავენ ველტყევის მონასტერს. იგი იმოწმებს სხვა დოკუმენტსაც, სადაც ველტყევის მონასტერთან დაკავშირებით როსტომ ერისთავამდე მიმდინარე ამბებია აღწერილი და გრიგოლ რაჭის ერისთავია (1731-1743) მოხსენიებული. თამაზ ბერაძეს ველტყევის მონასტერი IX-XI საუკუნეებში დაარსებულად მიაჩნია (თამაზ ბერაძე, 1983: 115-117). ველტყევის მონასტრის ეკლესია იქვე არსებული კლდის ქვისაგან ყოფილა აგებული. შეინიშნება კიდეც გზის პირას სწორად ნაკვეთი კლდე. ამ სავანესთან რაჭისა და ზემო იმერეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზები გადიოდა. ამის გამო მონასტრის ბერებსა და მორჩილებს ზამთარში განსაკუთრებული მოვალეობა ეკისრებოდათ - თოვლიან გზებს წმენდნენ, ნამქრითა და დიდი თოვლით შეწუხებულ მგზავრებს შველიდნენ, მონასტერში ღამეს ათევინებდნენ და მერე სამშვიდობოს ისტუმრებდნენ. აქვე გაუთევია ზაფხულის ერთი წვიმიანი ღამე ცნობილ გერმანელ მეცნიერს, ექიმსა და ბუნებისმცოდნეს იოჰან ანტონ გიულდენშტედტს, რომელიც 1768-1774 წლებში პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიის მიერ იყო მოვლინებული ჩრდილო კავკასიისა და საქართველოს შესასწავლად. 1771-1772 წლებში გიულდენშტედტმა მთელი საქართველო მოიარა. რაჭაში, სოფელ სხარტალში მას იმერეთის მეფე სოლომონ I შეხვდა, რომელიც გულწრფელად იყო დაინტერესებული უცხოელი მეცნიერის გამოკვლევებით და ყოველმხრივ უწყობდა ხელს. სხარტალიდან სოლომონ მეფემ გიულდენშტედტს და მისი ექსპედიციის წევრებს სამი თავადი გააყოლა. ველტყევის მონასტერში მეცნიერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა 1772 წლის 19-20 ივლისის ღამე გაათიეს. იგი წერს: "სხარტალიდან ერთი საათი მივდიოდით ჩრდილო-აღმოსავლეთით უდაბნომდე (განდეგილთა საყუდელი), სადაც ჩვენ გავათიეთ წვიმიან ღამეში. ეს არის ნამდვილი უდაბნო, სადაც 6 მოხუცი ბერი, რათა ღმერთს ემსახურონ, ნამდვილად მკაცრ ცხოვრებას ეწევა... დგას ქვიტკირის პატარა ეკლესია, რამდენიმე საჟენი სიმაღლის ხის პატარა სახლებით. გარშემო სულ ხშირი წიფლის ტყეებია, ადგილი მაღალია". მეორე დღეს, ნასადილევს გიულდენშტედტი და მისი თანხმლები პირები ველტყევის სავანიდან მრავალძლისაკენ გამგზავრებულან (გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ.I, 1962: 117). ველტყევის მონასტერი აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზეც. ველტყევის მონასტერს რაჭის მონასტრებს შორის ყველაზე მეტი გლეხი ჰყავდა. საქართველოს ეროვნული არქივის ერთი საბუთის მოხედვით, რომელსაც ეწოდება "მოკლე აღწერა რიცხვსა ეკკლესიის ყმათა და ეკლესიის შემოსავალსთასა რაჭის მაზრასა შინა", მას ყმა-გლეხები ჰყავდა შემდეგ სოფლებში: სხვავაში, ველევში, სამთისში, შქმერში, ფარახეთში, ჯინჭვისში, ლიხეთში, ძირაგეულში, ჩორჯოში, ბარეულში, იწაში, ხიმშსა და ქედისში. სულ ეკუთვნოდა 41 კომლი, 178 მამაკაცი. შესდიოდა 231 ვერცხლის მანეთი წელიწადში. საკუთარი ვენახებიდან და ყანებიდან იღებდა 106 ჩაფ ღვინოს, 150 ბათმან პურს, სიმინდს ან ქერს (საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.1448, ს.67230; თამაზ ბერაძე, რაჭა, 1983: 117). ველტყევის მონასტერს გლეხებს, მამულებს და საეკლესიო ნივთებს სწირავდნენ მეფე, თავად-აზნაურები, სამღვდელო პირნი. მაგალითად, 1792 წელს იმერეთის მეფე სოლომონ II სწირავს სხვავის უდაბნოს ლიხეთში მცხოვრებ ერთ კომლს - გოგსაძე გოგიტელას და ნასყიდელას, `სამაგიეროდ წელიწადში ერთხელ ოცდაცხრა აგვისტოს უდაბნოს მამა თავისი კრებულით მეფისათვის ჟამის წირვას ჩაატარებდა და მის მოხსენებას არასდროს დააგდებდა" (საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.1448, ს.4437). ხოლო 1794 წელს მასვე სათევზაო ადგილები შეუწირავს ამავე მონასტრისათვის. 1784 წელს იმერეთის სამეფოს სარდალი პაპუნა წერეთელი და მისი ძმები სახლთუხუცესი ზურაბი და ბერი სწირავენ ველტყევის მონასტერს როსტომ ერისთავის შვილის ლომინის ყოფილ სასახლეს სოფელ სხვავაში, მის მოჯალაბეს და ხოდაბუნს, რომელებიც წერეთლებმა რაჭის ერისთავის დამარცხების შემდეგ მიიღეს მეფე სოლომონ I-საგან: "წინამძღვარმან სხოვას უდაბნოს მონასტრისა ანტონმან და სხვათა კრებულთა ქრთამითა და წარმოსაგებლითა გამომთხოვეს სხოვას სასახლე ლომინის სოული, მოჯალაბე და მიწა ადგილი, რისიც მქონებელი არის და ჩვენ მხიარულითა გულითა და სასოებითა სრულითა მოგიძღვენით შენ, დიდო ნათლისმცემელო სხოვის უდაბნოსაო, რადგან ქრთამიც დახარჯეს და ჩვენ სამარადისოდ მეოხებითა შენდა მინდობილ ვართ, ამისათვის შემოგწირეთ მეფე სოლომონის წყალობა სხოვას სასახლე, მოჯალაბე და ხვადაბუნიანად, რისიც მქონებელი არის ის ადგილი ყველაფრით უფლისად და სრულად მოგვირთმევია... არის ამისი მოწამე და გამრიგე წინამძღვარი ჩვენი პახუმ, წინამძღვარი ჯრუჭის სვიმონ და ფალავანდიშვილი შოშია და ძმა მისი ბერი და ქრისტესა" (საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.1448, ს.2207). წინამძღვარი ანტონი სხვავის მონასტერს სწირავს სამღვდელო და სადიაკვნე შესამოსელს, ვერცხლის სანაწილეს, სახარებას, ბარძიმს, სამ ფეშხუმს, ვერცხლის საცეცხლურს, ჯვარს, გარდამოხსნასა და სხვა საეკლესიო ნივთებს (საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 1448, ს. 3213). 1760 წელს დავით მერაბის ძე წულუკიძე სწირავს სხვავის ნათლისმცემლის უდაბნოს რამაზიკ კერესელიძის ბეგარას, რვა კასრ ღვინოს, ერთ მარჩილს, ორ გასუქებულ ყვერულს და სხვას, სამაგიეროდ სთხოვს შეწევნას (საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.1448, ს.2208). როგორც ვხედავთ, ველტყევის მონასტერს დიდი შემოსავალი ჰქონდა. ამასთანავე მისი გარემომცველი ბუნება მრავალ სიკეთეს იძლეოდა: ტაძართან ახლოს ჩაღრმავებული ადგილიდან ანკარა წყალს იღებდნენ, იმავე მინდორზე წყარო და მომცრო ტბაა. ცოტა მოშორებით, აღმოსავლეთით, კლდის ძირიდან გამოედინება პატარა მდინარე ფასკნარა. მასზე წმინდა მამებს წისქვილი ჰქონიათ გამართული (იმ ადგილს სოფელ მოხვის მცხოვრებნი დღესაც "ბერების ნაწისქვილარს" ეძახიან). ფასკნარასა და დევის ტბაში მრავლად იყო კალმახი. მიმდებარე მინდორსა და ტყეებში მრავალგვარი სოკო და მთისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის მხალეული მოდის. იქვე ვრცელი მოცვნარია, მოცხარი, ჟოლო და სხვა კენკრაც იშოვება. ცნობილია ველტყევის მონასტრის რამდენიმე წინამძღვარი: იღუმენი ანტონი (აბაშიძე) - 1770-1806 წ.წ., არქიმანდრიტი პანტელეიმონი - 1806-1841 წ.წ., მღვდელმონაზონი იოტასი - 1841-1848 წ.წ., არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ნიჟარაძე) - 1855-1861 წ.წ., მღვდელმონაზონი მაკარი (ჯაფარიძე) - 1861-1871 წ.წ. (ვაჟა გობეჯიშვილი, 2006: 37). 1871 წელს გარდაიცვალა ველტყევის მონასტრის ბოლო წინამძღვარი არქიმანდრიტი მაკარი (ჯაფარიძე), რომელიც იქვეა დაკრძალული. მისი საფლავის ქვაზე არსებული წარწერა დღეს ცუდად იკითხება. გიორგი ბოჭორიძეს იგი ასე წაუკითხავს: "საფლავსა ამას შინა მდებარე სხვავას მონასტრის წინამძღვარი მღვდელ მონაზონი მაკარი ვიმყოფებოდი სხვავის მონასტერსა შინა სამოცდა ერთი წელი და აწ კი საუკუნოდ დავემკვიდრები სანატრელსა შინა დაძინებასა. საუკუნო განსვენება მიეც მღვდელ მონაზონ მაკარს და მიეც მას საუკუნო ხსენება. ყოველთა აღმომკითხველთა ამისა შენდობას მიბრძანებდეთ კაც(თ)-(მოყ)ვარებისათვის ღუთისათა უ[ფა]ლმან (ღ)მერთმან მოგიტევნენ თქუენცა შეცოდეებანი თქუენნი ჩყოა ო-ს ლ-ს" (გიორგი ბოჭორიძე, 1994: 191). 1871 წელსვე ველტყევის მონასტერი გაუქმდა და საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები ჭელიშის მონასტერში გადაიტანეს. ველტყევის უდაბნოში ბევრი ხელნაწერი წიგნი ყოფილა. ჭელიშის მონასტრის ყოფილი არქიმანდრიტი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი 1921-1927 წლებში უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია - წმინდა ამბროსი აღმსარებელი წერდა: "უმრავლესობა ჭელიშის მონასტერში დაცული ხელნაწერებისა გადმოუტანიათ სხვავიდან, სხვავის ან ველტყევის უდაბნოს გაუქმების შემდეგ, მაგრამ ახლა ძნელია, დანამდვილებით ითქვას, რომელი ან რამდენი მათგანი ეკუთვნოდა სხვავის უდაბნოს. ამის მიზეზი იყო დაუდევრობა, ან უკეთ ვთქვათ, შეუგნებლობა მონასტრის მმართველობისა, რომელნიც ამ ხელნაწერებს არ აძლევდნენ არავითარ მნიშვნელობას და ამის გამო ეკლესიის ქონებათა აღწერილობაში არ შეუტანიათ... ბევრი ძვირფასი ხელნაწერი სამუდამოდ დაკარგულა მეცნიერებისათვის" (ინტერნეტ-საიტი "ქართველი მღვდელმთავრები"). 1919-1920 წლებში რაჭაში მოგზაურობისას ექვთიმე თაყაიშვილს - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს ზემო სხვავაში უნახავს ახალი, გუმბათიანი ეკლესია. "იმაშია გადმოტანილი ხის კანკელი სხვავის ყოფილი მონასტრიდან (საჩხერის გზაზე, მთაში)", აღნიშნავს მეცნიერი (ექვთიმე თაყაიშვილი, 1963: 45.). ჭელიშის მონასტრის ხატებს შორის კი ასახელებს სხვავიდან (სხვავის, ველტყევის მონასტრიდან) ჩამოტანილ ხატებს. მაგ., "იოანე ნათლისმცემლის ხატი, სხვავიდან ჩამოტანილი, ზომით 32X28 სმ., ნახატი, ვერცხლით შეჭედილი, შარავანდედი მოოქროვილი ვერცხლისაა, შემკულია თვლებით, მათ შორის ხუთი ზურმუხტით" (ექვთიმე თაყაიშვილი, 1963: 73.). იმავე ხატს უნდა აღწერდეს გიორგი ბოჭორიძეც, როგორც ველტყევის მონასტრის სიძველეს (გიორგი ბოჭორიძე, 1994: 191). 1885 წელს გაზეთ "დროების" რამდენიმე ნომერში მწვავე კამათი გაიმართა ველტყევის გაუქმებული მონასტრის მდგომარეობასთან დაკავშირებით. N26 - ში დაიბეჭდა "ნ. მ-შვილის" წერილი. ავტორი სოფელ სხვავაში ყოფილა და იქ მისთვის უამბნიათ ველტყევის მონასტრის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდნენ ადრე მისი ბერები და მორჩილები ზამთარში გაჭირვებილ მგზავრებს და რა მდგომარეობაში ყოფილა მიტოვებული სავანე იქ დაყენებული მცველის გამო, რომელსაც მონასტერი დუქნად უქცევია, იქვე ბოსელი გაუმართავს, თვით ტაძარში მგზავრებს აყენებს, აქეიფებს და ვაჭრობსო. მონასტრისათვის მეტად შეუფერებელი სურათია წარმოდგენილი (დროება, 1885, 5 თებერვალი). იმავე გაზეთის N39-ში, 20 თებერვალს დაიბეჭდა იმერეთის ეპისკოპოსის კანცელარიიდან მისული პასუხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტებს უარყოფს და ამართლებს მონასტრის მეთვალყურეს (დროება, 1885, 20 თებერვალი). ამას მოჰყვა 1 მარტს სვიმონ ბაქრაძის წერილი, რომლის ბაბუა და ბებია თვით ამ მონასტერში ყოფილან დაკრძალული. იგი აღშფოთებულია მონასტრის მცველის გამართლებით. მას იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისთვისაც მიუწოდებია ცნობა მონასტრის მდგომარეობაზე, უკმაყოფილოა ჩატარებული შემოწმებით და ითხოვს, გამოძიება კომპეტენტურ პირებს მიენდოს (დროება, 1885, 1 მარტი). იმავე წლის 6 მარტს კი იბეჭდება კანცელარიის საქმის მწარმოებლის ესტატე მჭედლიძის წერილი, რომელშიც ავტორი თავს იმართლებს, რომ წინა პასუხი არც იმერეთის ეპისკოპოსის კანცელარიას და არც მას არ ეკუთვნის. "ნ. მ-შვილის" და სვიმონ ბაქრაძის წარმოდგენილ ფაქტებს კი ვერ უარყოფს (დროება, 1885, 6 მარტი). ველტყევის მონასტერსა და მის მიდამოებს აღწერს რევაზ ჯაფარიძე ისტორიულ რომანში "მძიმე ჯვარი". XX საუკუნეში სულ მიივიწყეს ველტყევის მონასტერი. ამ დროს ტაძარი ნაწილ-ნაწილ ინგრეოდა. ხის სენაკები კი უფრო ადრე განადგურებულა. აგერ საუკუნეზე მეტია, რაც იმერეთსა და რაჭას შორის ტყეში გამავალ, უკვე ბილიკად ქცეულ გზაზე იშვიათი მგზავრი, სოკოსა და მოცვის შემგროვებელი ან მონადირე თუ გამოჩნდებოდა ყოფილი მონასტრის ახლოს. ახლა იგი თითქმის მთლიანად მიწასთანაა გასწორებული. ესეც არ აკმარეს და 2011 წელს უცნობმა განძისმაძიებლებმა რამდენიმე ადგილი გადათხარეს. ამის შესახებ შევატყობინე როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ისე ამბროლაურის კულტურის განყოფილებას, მაგრამ დღემდე ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა მისი მონახულება და მდგომარეობის შესწავლა. საეკლესიო და ისტორიულ ძეგლებს მეტი ყურადღებითა და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. ან განძისმაძიებლებმა რა უნდა იპოვნონ იქ? თუ წინაპართა მიერ ლოცვით გაჯერებულ ლოდებს განძად არ მივიჩნევთ და მოწიწებით არ შევეხებით, იქ სხვა ნივთიერი განძი არაა. სულიერი განძი კი თვით იმ წმინდა სავანის არსებობის ისტორია და საუკუნეთა მანძილზე იქაური უმშვენიერესი ბუნების ფონზე ზეცად აღვლენილი ლოცვაა. >ველტყევში უმნიშვნელოვანესი მონასტერი იყო და უკვე დროა, მის აღდგენაზეც ვიზრუნოთ.
კტიტორი როსტომ ერისთავი - წარწერა - (+)
გამოყენებული ლიტერატურა და საარქივო მასალა:
თამაზ ბერაძე, რაჭა, თბილისი, 1983 წ.
გიორგი ბოჭორიძე, რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბილისი, 1994 წ.
გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ.I, თბილისი, 1962 წ.
ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბილისი, 2006 წ.
დროება, 5 თებერვალი, 1885 წ.
დროება, 20 თებერვალი, 1885 წ.
დროება, 1 მარტი, 1885 წ.
დროება, 6 მარტი, 1885 წ.
ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში 1919 და 1920 წლებში, თბილისი, 1963 წ.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.1448, ს.67230.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.1448, ს.4437.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.1448, ს.2207.
საქართველოს ეროვნული არქივი, ფ.1448, ს.2208.
ინტერნეტ-საიტი "ქართველი მღვდელმთავრები":
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=338
ველტყევის მონასტერი, წინამძღვარ მაკარის საფლავის ქვა - (+)
The Veltkvevi Monastery
Summery
The article tells us the short story of the John baptist Veltkvevi Monastery located on the Range of Racha mountains. Professor Tamaz Beradze considers that the Monastery was established during 9-11 centuries. New temple was built in 1760-1769 years, by the help and support of the governor of Racha. The Georgian state archive proves that the Veltkvevi Monastery owned 41 peasants from Racha region villages. Slaves and lands were given to the Monastery by the Imereti kings and Nobels. German scientist Giuldenshtad shortly describes the Monastery and the former Catholic-patriarch of Georgia Ambrosi Khelaia and famous Georgian scientist Eqvtime Takaishvili give us the information about the manuscripts and the church equipment. The Veltkvevi Monastry was abolished in 1871 and its inventory and books were taken to Chelishi Monastery. George Bochoridze described the abandoned Monastery in 1929. Besides the liturgy the monks had particular work to do - they cleaned the roads in mountains in winter and also helped the passengers in trouble.
გივი ჩიღვინაძე
tel.: 5 55 51 04 47
2 65 34 14
Eel. fosta:
Этот e-mail адрес защищен от спам-ботов, для его просмотра у Вас должен быть включен Javascript
მდინარე ფასკნარა, სადაც წმინდა მამებს წისქვილი ჰქონდათ
ველტყევის მონასტერი, ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან
|