topmenu

 

საყდრისი - ოქროს უძველესი წარმოების კერა

<უკან დაბრუნება...<<<უძველესი საქართველო // არქეოლოგიური აღმოჩენები>>>


საყდრისი - ოქროს უძველესი წარმოების კერა

ავტორები: ირ.ღამბაშიძე, თ.შტოლნერი, ა.ჰაუპტმანი, გ.მინდიაშვილი, გ.გოგოჭური, ი.ჯაფარიძე

გამომცემლობა "მწიგნობარი",

თბილისი, 2010

სტატიის წყარო: http://www.scribd.com/doc/215365132/sakdrisi

file:///C:/Users/user/Downloads/215365132-sakdrisi.pdf

უძველესი სამთო საქმისა და ლითონის წარმოების კვლევები მადნებით მდიდარ კავკასიის ქვეყნებში ინტენსიურად XX საუკუნის შუა ხანებიდან იწყება. ამ პერიოდში აქტუალური ხდება უძველესი ლითონის არტეფაქტების ქიმიურ-ტექნოლოგიური შესწავლა, რაშიც ფასადაუდებელი შრომა აქვთ გაწეული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად.ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ქიმიური ლაბორატორიის თანამშრომლებს ც.აბესაძეს, რ.ბახტაძეს, ნ.დვალს, ასევე მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორს აკად.ფ.თავაძესა და განყოფილების გამგეს თ.საყვარელიძეს, აგრეთვე არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ინტერდისცი პლინარული განყოფილების გამგეს გ.ინანიშვილს. მათი თაოსნობით იწყება საქართველოში არქეომეტალურგიულ კვლევებში ახალი მეთოდების დანერგვა, რის შედეგადაც უძველეს სპილენძის არტეფაქტებს მაღალკვალიფიციური ანალიზები გაუკეთდათ. მიღებული შედეგები უძველესი ლითონის წარმოებისადმი მიძღვნილ მრავალ მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომს დაედო საფუძველად. საქართველოში და საერთოდ კავკასიაში, უძველესი სამთო წარმოების ძეგლების კვლევა - ძიებას რეგიონის მასშტაბით სისტემატური ხასიათი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ მოხერხდა გვიანი ნეოლითისა და ადრე ბრინჯაოს ხანის სამთო ძეგლების მოძიება, არქეოლოგიური მონაპოვრების საფუძველზე ცხადი გახდა, რომ საბადოებიდან მადნების მიღებას სწორედ ამ პერიოდში უნდა ჩაჰყროდა საფუძველი და სავარაუდოდ თვით მადანი, მადნეული საბადოებით მდიდარი კავკასიონის მთაგრეხილებიდან უნდა მოეპოვებინათ. ადრეულ გამოკვლევებში აღნიშნულია, რომ ლითონის არტეფაქტებში დარიშხანისა და ანთიმონის შემცველობა, მიუთითებს ადგილობრივი ნედლეული ბაზის გამოყენებაზე. ე.ჩერნიხის აზრით, ჩრდილოეთ პონტოს მეტალურგიული ზონის (CMP) დარიშხანის წარმოება ძვ.წ. III ათასწლეულში უმთავრესად კავკასიურ მადნებზე იყო დაფუძნებული. ანტიმონის მოპოვება-წარმოებისა და გამოყენების კვლევა-ძიებისას, დღესდღეობით, უპირველეს ყოვლისა ვეყრდნობით ამიერკავკასიის გეოლოგიურ მონაცემებს. როგორც ცნობილია, პრეისტორიული ანტიმონის მოპოვების ერთდაერთ მხარეს საქართველოში რაჭა წარმოადგენს. მომავალმა გამოკვლევებმა უნდა გვიჩვენოს, არის თუ არა ანტიმონი, კავკასიის ლითონების ის განსაკუთრებული მახასიათებელი, რომელიც ლითონების წარმოების ადრეულ პერიოდში ვრცელდება ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და ლევანტის კორიდორამდე. საყურადღებოა ნაჰალ მიშმას ლითონის ნივთები, რომლებიც ხასიათდებიან შენადნობის ამ უჩვეულო შემადგენლობით (Tadmor M. და სხვ. 1995) და მაინც, ბევრი საკითხი რჩება გადაუჭრელი. ერთის მხრივ იმის გამო, რომ ალპური მთიანეთის საბადოები ანატოლიაში, მცირე კავკასიონზე, ჩრდილოეთ და დასავლეთ ირანში, უძველესი სამთო საქმის კუთხით არასაკმარისად არის შესწავლილი. გამონაკლისს წარმოადგენს 1980-90-იან წლებში შესწავლილი ანატოლიის მადნეული საბადოები (Wagner, Öztunali 2000; Wagner et al. 2000). მეორეს მხრივ, არა გვაქვს თანამედროვე ანალიზების მრავალჯერადი მონაცემები, რომლებიც ახსნიდნენ ბრინჯაოს ხანაში ლითონების შემადგენლობის თავისებურებებს. წარმატებული გამოდგა უახლესი მეთოდების გამოყენებით ლითონის ნივთების შესწავლა საქართველოსა და სომხეთში (Gambashidze და სხვ. 2001; Meliksetian, Pernicka et.al 2003). ასევე, მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩატარდა თურქულ-იტალიური ექსპედიციის მიერ არსლანთეფეზე, სადაც თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რაოდენ მრავალფეროვანია იქ აღმოჩენილი ლითონის არტეფაქტები და მათი შენადნობები (Frangipane და სხვ. 2002, A.Hauptmann და სხვ. 2003). ლითონების შენადნობების კვლევის სფეროში არსებობს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რაც მომავალში საფუძვლიანი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს. უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ, თუ რა ცოდნა გაგვაჩნია კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში, პრეისტორიული სამთო საქმის წარმოების შესწავლაში (სურ.1, იხ. გვ.89).

აფხაზეთსა და სვანეთში სისტემატურად ხდებოდა ძველი გამონამუშევრების გამოვლენა და ფიქსაცია (ინანიშვილი და სხვ. 1998; Tschartolani 2001; B.Maisuradze, G.Gobedschischwili 2001) (სურ.2). საქართველოს ტერიტორიაზე სამთო-სადაზვერვო სამუშაოებს ატარებდა სამთოინჟინერი თეიმურაზ მუჯირიც, რომლის წლიურ ანგარიშში (Т.Муджири 1987. გვ.57, ტაბ.3-1), მიკვლეული საბადოების 37 გამონამუშევრიდან 22 ამ რეგიონში (აფხაზეთი, სვანეთი, რაჭა) მდებარეობს. ასევე მნიშვნელოვანია მის მიერ შედგენილი საქართველოს სამთო ძეგლების სიაც. როგორც ცნობილია, აფხაზეთში, ბაშკაცარას გამონამუშევრის მიხედვით, სპილენძის დამუშავება III ათასწლეულიდან იწყება. ძეგლი ტრადიციული C14-ის მიხედვით საკმაოდ, ხანგრძლივი პერიოდით, ძვ.წ. III და II ათასწლეულებით თარიღდება (ცხრ.N1, გვ.55). რაჭისა და სვანეთის სპილენძის მაღაროებში (თსცჰარტოლანი 2001) კი პირიქით, ძეგლები მხოლოდ მონაპოვარი მასალის მიხედვით არის დათარიღებული.

არტეფაქტები განათხარში, ან ნაყარ ფუჭ ქანებშია ნაპოვნი (მაგ.გვიანბრინჯაოს ხანის სატევარი ქვაციხურადან, ანდა შუა ბრინჯაოს ხანის ყუამილიანი ცული ზაარგაშის N2 გამონამუშევრიდან). ეს ნივთები სამთო იარაღებს არ განეკუთვნება და სამთო საქმეში პრაქტიკულად არ გამოიყენება. საინტერესოა ისიც, რომ ამ მონაპოვრებთან ერთად, ადგილზე, სამთო იარაღები საეროდ არ ფიქსირდება. ზაარგაშის მაღაროსა და ქვაციხურას ტერიტორიაზე დადასტურებული ლითონის არტეფაქტები შესაძლოა, მოგვიანებით ამ ადგილზე შემთხვევით მოხვედრილიყვნენ. გამონაკლისს წარმოადგენს რაჭის მაღალმთიანი ზონის მონაკვეთი-ღების (გონა) ჩრდილოეთით მდ. რიონის მარცხენა შენაკად ჩვეშურას ხეობა, სადაც არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა უძველესი სამთო გამონამუშევრები (სურ.1, იხ.გვ.89). აქ ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა დადასტურებული სპილენძის, დარიშხანისა და ანტიმონის მაღაროები. საგების, ზოფხითოსა (რიონის ხეობა, Cu/SB) და ჭყორნალის მაღაროები დათარიღდა C14-ის მეშვეობით და მათი ასაკი განისაზღვრა II ათასწლეულის დასაწყისით (B.Maisuradze, G.Gobedschischwili 2001. აქვე, სურ.2, გვ.54). ჭყორნალი, ამასთანავე წარმოადგენს განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევას - გამონამუშევრები მდებარეობს ზემოთ მთაში და დღესაც მოქმედი გზით უკავშირდება ბარში მუშათა, თუ მთამადნელთა ერთგვარ დასახლებას. ჭყორნალის ამ გამონამუშევარში აღმოჩნდა საზიდარი გობი, რომელიც თავისი ფორმის მიხედვით შუა ევროპის შესაბამის ძველ ნიმუშებს სრულიად შეესაბამება (G.Kyrle 1918. 30, Fig.36; Th.Stöllner et al. იბეჭდება; სურ.3).

დიდ კავკასიონზე ჩატარებულ სამთო-კვლევით სამუშაოებთან შედარებით, მცირე კავკასიონის საქართველოს მონაკვეთზე რეგულარული კვლევა-ძიება პრაქტიკულად არ ჩატარებულა. მეზობელი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ცნობილია ცალკეული სამთო ძეგლები, როგორიცაა ფიოლეტოვო, ნახიჭევანის ქიულ-თეფესთან - ორდუბადი, ზოდი (A.Schachner 2002. F.Kroll 2002). ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთთან უპირველეს ყოვლისა დავასახელებთ ძვ.წ. IV ათასწლეულში გამოყენებულ საბადოს მურღულთან (G.Wagner და სხვ. 1989, bes.653)

ოქროს მოპოვება საქართველოში

და საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროები

საყდრისის ოქროს უძველესი გამონამუშევარი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთ პროვინცია ქვემო ქართლში, ბოლნისისა და დმანისის რაიონების გასაყარზე, მდ.მაშავერას მარცხენა მხარეს, სადაც მდ.მაშავერა კაზრეთის ხევიდან მომდინარე მდ.კაზრეთის წყალს უერთდება (სურ.4, იხ. გვ.89). შუა საუკუნეების წერილობით წყაროებში ეს ადგილი მოიხსენიება სოფ. აბულმუგის სახელით. აბულმუგში ორი ნასოფლარია: ერთი მადნის გორის სამხრეთი ფერდის ძირას, შარაგზის მახლობლად, მეორე კი - იმავე გორის ჩრდილო კალთის ძირას, წყაროსთან. სოფელში XI – საუკუნეში აგებული დარბაზული ტი პის ეკლესია დგას, რომელიც XVIII საუკუნეში განუახლებიათ (სსე 1972). სოფ.აბულმუგს, პირველად ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს, რომელიც მიუთითებს, რომ ამ სოფლის მაცხოვრებლები „მადნის მთიდან მოი პოვებენ სპილენძს, რკინასა და ლაჟვარდს” (ვახუშტი ბაგრატიონი 1941. გვ.39). XVIII საუკუნის დასაწყისში აბულმუგისა და სარკინეთის (კაზრეთის ხეობა სახელი ეფუძნება რკინის მოპოვებას) სახელწოდებებში იგულისხმებოდა არა ამ დაბების ვიწრო მიდამოები, არამედ უფრო დიდი, კრებითი, რაიონები. ამდენად, აბულმუგის სახლწოდებით გაერთიანებული უნდა ყოფილიყო რკინის საბადო „რკინის მთაზე” (დემურ-დაღი), სპილენძის სულფიდური საბადო დამბლუდში (უკანგორი) და მეორადი სპილენძის საბადო თვითაბულმუგში (ი.გძელიშვილი 1967. გვ.248)1. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია, რამდენიმე უბნის გამაერთიანებელი სახელი „აბულმუგი”, დღევანდელი მონაცემების საფუძველზე საყდრისზეც ვრცელდება. ამდენად, ამ მთათა სისტემას, რომელიც ადრეულ გეოლოგიურ გამოკვლევებში აბულმუგის საბადოს სახელით არის ცნობილი, ამჟამად საყდრისის ოქროს საბადოს უწოდებენ და მასში გამოყოფილია 5 ცალკეული, ოქროს მატარებელი ზონა (კ.ბუაძე და სხვ. 2001.)

1. საყდრისი 1 - ყაჩაღიანი;

2. საყდრისი 2 - მამულისი;

3. საყდრისი 3 - აღმოსავლეთ ფოსტისქედი;

4. საყდრისი 4 - დასავლეთ ფოსტისქედი;

5. საყდრისი 5 - კვირაცხოველი.

XIX ს-ში ცნობილი იყო, რომ მაშავერას ხეობის სპილენძის საბადოებში - დამბლუდში, ჯანბაგჩაში (კუცენბახის მინის ქარხანასთან), აბულმუგში - სპილეძის გარდა ოქრონარევი ვერცხლის მადანიც მოი პოვებოდა. ტყვიანარევი ვერცხლი იყო დამბლუდში. უკანასკნელთან მიმართებაში პირველადაა ნახსენები, რომ აქ სპილენძისა და ვერცხლის მადანთან ერთად ოქროს მადანიც არსებობს. ასევე აღწერილია, რომ მაშავერაში, აბულმულგის მოპირდაპირე მხარეს, კაზრეთსა და ბალიჭს შორის, ირეცხებოდა ალუვიური ოქრო. დამბლუდთან ნახსენებია ვერცხლით მდიდარი და პოლიმეტალური ტყვიის მადანი. შემდეგ ნათქვამია, რომ “კაზრეთის ხევში (კაზრეთის ხეობა, დღეს მდ.კაზრეთულა), რომელიც რკინის მთიდან (დღეს ლოქის მასივი) ჩამოედინება, და ბაშკიჩეთთან (დღეს დაბა დმანისი)... ოქროს ქვიშას მოიპოვებდნენ” (დ.ბერძენიშვილი 1979, ციტატა მოტანილია – „Материалы по изучение экономического быта гос.крестян закавказкого края”- 1887. ტ.VII გვ.337). ძეგლის ახლომახლო მდებარე უამრავი საბადოებიდან დღემდე მხოლოდ მადნეული მუშაობს. იგი პოლიმეტალურ მადნებს, უპირველეს ყოვლისა სპილენძს, ოქროს, ტყვიასა და თუთიას მოიპოვებს. თანამედროვე ღია კარიერი მდებარეობს კაზრეთის ხეობის ზემოთ, რომელიც გაიხსნა XX საუკუნის 20-იან წლებში. მაშავერას დასავლეთით მდებარე საბადოების სარტყლის დაზვერვა მუდმივად ხდებოდა მადნეულის ღია კარიერზე მომუშავე გეოლოგების მიერ. ბოლო დროინდელ საბადოთმცოდნეობით ანგარიშებში აბულმულგთან კავშირში დასახელებულია მთლიანად ხუთი ოქროს გამადნება, ბევრი მათგანი 1970-იან და 1980-იან წლებში დაზვერვითი სამუშაოების დროს მოინიშნა, რათა შემდგომში დაემუშავებინათ. 1950-იან წლებში ბოლნისის რაიონში სამთო-არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა არქეოლოგმა იოსებ გძელიშვილმა, რომელიც წერს, რომ ბოლნისის რაიონში სპილენძის მეორადი გამადნება ზედაპირზე მხოლოდ სამ ადგილასაა ცნობილი – წითელსოფელში, ქვემო ბოლნისთან და აბულმუგში. ამასთან სპილენძის (?) ძველი გამონამუშევრები აღმოჩენილია, აგრთვე წითელისოფლის (ძვ.ხატისსოფლის) მიდამოებში, „მადნეულის გორის” სამხრეთ კალთაზე და აბულმუგში. აქ 2 მეტრის სიღრმეზე გადანაყარი ფუჭი ქანების სქელ ფენასთან ერთად დაფიქსირდა ნახშირის ნატეხები, ნაცარი და ათეულობით ქვის ურო. უროები დამზადებულია მაგარი ჯიშის მოგრძო რიყის ქვებისაგან. ბევრ მათგანზე კარგად ჩანს ინტენსიური ხმარების კვალი და წელზე ხელოვნურად ამოკვეთილი სახელურის დასამაგრებელი სარტყელი (ი.გძელიშვილი 1967. გვ.248). ეს არის პირველი მეცნიერული მოხსენიება სამთო საქმისა საყდრისი I-ში (ადგილმდებარეობის აღსანიშნავად შემდგომში გამოყენებული იქნება ტოპონიმი საყდრისი). XX საუკუნის 80-იან წლებში გეოლოგების მიერ, საყდრისში გაყვანილი იქნა N34 შტოლნა. მან, ზედაპირიდან 25 მ. ქვეშ, დააზიანა უძველესი გამონამუშევრები, რომელიც სამთო ინჟინერ თ.მუჯირის მიერ იქნა აღწერილი და აზომილი. სადაზვერვო სამუშაოების ანგარიშში (Т.Муджири 1987. გვ.57) ძირითადად მოცემულია ბოლნისის შემოგარენსა და აბულმულგში ჩატარებული სადაზვერვო სამუშაოების შედეგები. მას დეტალურად აქვს წარმოდგენილი მაღაროს აღწერილობა და გეგმების ესკიზები, ასევე ზოგიერთი ფოტოსურათი (Т.Муджири. 1987. გვ.95). აღწერილობებიდან არ ჩანს, ნახა თუ არა მან 2004 წელს ჩვენს მიერ მიკვლეული საყდრისის 1/1, 1/2 და 1/3 გამონამუშევრები. მისი აღწერილობები იმდენად დეტალურია, რომ შეუძლებელია ნახვის შემთხვევაში ეს ყველაფერი გამორჩენოდა. სავარაუდოდ, ეს შტრეკი თ.მუჯირის საყდრისში ყოფნის შემდგომ უნდა იყოს გაყვანილი. ანგარიშში იგი სხვა ადგილს აღწერს და ამას თან ურთავს ფოტოს, რომელიც ჩვენი ვარაუდით საყდრისის მიწისქვეშა N2 გამონამუშევარი უნდა იყოს. იგი აღნიშნავს, რომ მაღაროების იატაკზე მრავლად იყო მოძიებული ქვის უროები. იძლევა ძველი მაღაროების გეგმებსა და ფუჭი ქანების აღწერილობებს. დათარიღება გაურკვეველია. გამონამუშევარი, როგორც ეს გეოლოგების წრეშია მიღებული, შუა საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება. ეს მოსაზრება გაამყარა რუსუდან მეფის (დაახ. 1230 წ.) 12 c. ვერცხლის მონეტის პოვნამ. იგი ქვედა გეოლოგიურ შტოლნაში (შტოლნა N34) რკინის ცულთან ერთად იყო აღმოჩენილი (ინფორმაცია მოგვაწოდა გეოლოგმა მიხეილ ჭოხონელიძემ და სოფ. ბალიჭის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა. ამ უკანაკნელმა ცული გეოლოგ მორის აზარაშვილის ხელით გადმოგვცა). თ.მუჯირი პირველია, რომელიც აბულმულგის (საყდრისის) გამონამუშევრის არსებითად უფრო ადრეულ თარიღზე ლაპარაკობს და ოქროს სამთო საქმიანობას პრეისტორიულ ხანაში შესაძლებლად მიიჩნევს. საქართველოსა (რაჭა, აფხაზეთი) და სომხეთის (ზოდი) სხვა მაღაროებიდან მოპოვებული ქვის უროების საფუძველზე იგი ამ მაღაროს ძვ.წ. აღ. II ათასწლეულით ათარიღებს. შემდგომში თ. მუჯირი ახდენს გამონამუშევრების სიღრმეების შედარებას და ამით, ასევე ამყარებს თავის შეფასებებს. იგი საჭიროდ თვლიდა საყდრისში არქეოლოგიური კვლევა-ძიებას ჩატარებას, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ პრეისტორიულ ხანაში და ანტიკურ საქართველოში უდიდესი როლი უნდა ეთამაშა არა მარტო ალუვიურ (ქვიშრობულ) ოქროს, არამედ ასევე ოქროს სამთო წესით მოპოვებასაც (Т.Муджири. 1987, გვ.111). ოქროს პირველი სისტემატური საძიებო სამუშაოები საქართველოსა და საერთოდ ამიერკავკასიაში, დაიწყო XVIII საუკუნის ბოლოს, სამთო ექსპედიციის მთავარი ხელმძღვანელის მუსინა-პუშკინის მიერ. მუსინა-პუშკინის, ეიხვალდის (1802-1806 წ.), ლოგინოვის (1806-1807 წწ.), ალექსეევის (1814 წ.), კასპინსკის (1820 წ.), სიმონოვიჩის (1875, 1885 წწ.) სადაზვერვო სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა რამოდენიმე ქვიშრობული ოქროს საბადო - ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ - ყაზახში მდ.განჯინკზე, ასტაფინსკოე, კაშკარი, ძალიბან-ჩაი, ტერტერი და ასევე მდ.მტკვრის ხეობაში. ოქროს ძირითადი საბადო კი აღმოჩენილი იქნა ყაზახთან ფორებიან კვარცში (Годабрелидзе 1933). საქართველოს ტერიტორიაზე 1875-1885 წწ. სამთო ინჟინრის გ.წულუკიძის მიერ სადაზვერვო სამუშაოები ჩატარდა ბორჩალოს რაიონში, მდ.მაშავერის აუზსა და მის შენაკადებში - მდ.ფინეზაურს, მდ.დამბლუდსა (უკანგორულა) და კაზრეთულაში. მდ.დამბლუდის შუა და ქვედა დინება დაახ. 10 კმ. სიგრძეზე გამოირჩევა ოქროს დიდი შემცველობით (4-დან 40-მდე ხვედრითი წილი [Доля] - 100 ფუთ ქვიშაზე) მდინარის კალაპოტის ღრმად გაბურღვა არ მოხერხდა, ოღონდ აღსანიშნავია, რომ სიღრმესთან ერთად იზრდებოდა ქვიშაში ოქროს შემცველობა. ოქრო იყო წვრილი, მაგრამ ამასთან გვხვდებოდა პატარა ნაწილაკებიც, რომელთა წონა 7-დან 83,5 წილს (доля) აღემატებოდა.

1 წილი (ხვედრითი წილი, доля) = 44, 4349 მლგ.

1 ფუტი = 16,38 კგ.

1 მისხალი (ზოლოტნიკი, Золотник) = 4,26 გრ (Годабрелидзе 1933).

ბოლნისის რაიონში არსებულ და განსაკუთრებით კი კაზრეთის ძველი საბადოების კვლევისადმი მიძღვნილ ყველა სტატიაში აშკარად ჩანს, რომ საყდრისის ოქროს მაღარო XX საუკუნემდე პრაქტიკულად მივიწყებული იყო. ძირითადად იცოდნენ, რომ არსებობს ალუვიური ოქროს საბადო და მას მცირე რაოდენობით ამუშავებდნენ. პირველად, 1970-იანი წლებიდან ხელახლა გაჩნდა ეკონომიკური ინტერესი ოქროს შემცველი მადნის ძარღვებისადმი და გეოლოგები შეეცადნენ დაეწყოთ მისი მოპოვება. საერთოდ ოქრო ბუნებაში, ძირითადად, თვითნაბადი სახით მოი პოვება, მაგრამ ამასთან ერთად არის როგორც ოქროს ძირითადი-პირველადი მადნის საბადოები, აგრეთვე მეორადი საბადოებიც, ანუ მდინარეული, რომელიც ირეცხება. მადნისეული ოქროს საბადო გამოირჩევა ვერცხლის მაღალი შემცველობით, რომელშიც ვერცხლის მინარევი მერყეობს 2-დან 20%-მდე. ოქროს, რომლის შემცველობაშიც ვერცხლი 20%-ზე მეტია, ეწოდება ელექტრუმი. ოქრო ხშირად პირველადი საბადოდან მეორად საბადომდე, ძალინ გრძელ გზას გადის და ხანგძლივი ბუნებრივი გადაადგილების დროს სუფთავდება, ანუ ნიადაგისა და ატმოსფერული ზემოქმედების შედეგად ხდება მადანში ვერცხლის ოქსიდირება, რის შედეგადაც იგი იკარგება. ამიტომ ქვიშრობული ოქრო გაცილებით უფრო სუფთაა, ე.ი. ვერცხლით ღარიბია, ვიდრე თვით მადანი. სწორედ, მადნისეული ოქროს მოპოვების უძველეს კერას წარმოადგენს საყდრისის გამონამუშევრები, სადაც ეს პროცესი კვლევების მიხედვით ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამეცნიერო კვლევებმა საყდრისში, მრავალი საინტერესო თეორია და კითხვა წარმოშვა, რაც ასე აქტუალურს ხდის ოქროს მოპოვებისა და გადამუშავების ისტორიაში უძველესი სამთო მოპოვების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გარკვევა-დაკონკრეტებას.

სამთო - არქეოლოგიური კვლევები საყდრისში

2004-2006 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, 2007 წლიდან კი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის, ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმისა და რურის უნივერსიტეტეტის ერთობლივი პროექტების ”ინტერდისციპლინარული კვლევების ახალი მეთოდების დანერგვა სამთო არქეოლოგიასა და არქეომეტალურგიაში” და “ოქრო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ფოლკსვაგენის ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული, განხორციელდა სამთო-არქეოლოგიური და გეოლოგიური ექსპედიციები ქვემო ქართლში, სვანეთსა და არაგვის ხეობებში. 2004 წელს, პროექტის ფარგლებში არჩევანი შეჩერდა ადგილ საყდრისზე, რომელიც მდ.მაშავერას ხეობაში დაბა კაზრეთთან ახლოს მდებარეობს (სურ.5, გვ.59) და სადაც ოქროს უძველესი გამონამუშევრებია დადასტურებული.

მცირე კავკასიონის ამ მონაკვეთზე, მადნების უძველესი მოპოვების შესწავლის საქმეში, მნიშვნელოვანი აღმოჩენები იყო მოსალოდნელი. გათხრების ჩასატარებლად შერჩეული იქნა ბოლნისის დიდი საბადო, სადაც რამდენიმე დიდი ვულკანური, მასიური, სულფიდური გამონამუშევარია დადასტურებული და დღეს უმეტესწილად პოლიმეტალური მადნები (სპილენძი, ოქრო და სხვ.) მოიპოვება. უძველესი დროიდან მცირე კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე მდინარეების – მაშავერას, ხრამისა და მტკვრის ნაყოფიერი ველები სოფლის მეურნეობისათვის ხელსაყრელი პირობებით გამოირჩეოდა. ეს ადგილები ჯერ კიდევ ძვ.წ. VI-V ათასწლეულებიდან, დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ლითონის მოპოვებასთანაც. რისი დასტურიცაა აქვე აღმოჩენილი ადრეული მეტალურგიის აშკარა ნიშნები მთელს კავკასიაში, კერძოდ კი შულავერ-შომუთეფეს კულტურის ძეგლებზე (ხრამის დიდი გორა, არუხლო, იმირის გორა) გამოვლენილი სამუშაო იარაღები და ლითონის ნივთები. ამ ტერიტორიაზე იდეალურია არა მარტო ლანდშაფტი, არამედ კლიმატიც. აქ მადანგამოვლინებები ადვილი მისადგომია და მათი დამუშავება აფხაზეთის, რაჭისა და სვანეთისაგან განსხვავებით წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ხოლო დაბალი უღელტეხილები და ზეგნები აადვილებს მიმოსვლას, როგორც სომხეთთან, ისე ანატოლიასა და სამხრეთით მდებარე სხვა რეგიონებთან. ქვემო ქართლის ვაკის ჰავა სხვადასხვა სახის, სუბტროპიკული ან კონტინენტურია. მთისწინეთსა და მთათა კალთებზე ზომიერად ნოტიო, ზამთარი ზომიერად ცივი და ხანგრძლივი, ხოლო ზაფხული თბილი ჰავით გამოირჩევა. ვაკე ნაწილში ასევე ზომიერად თბილი სტეპების ჰავაა, მაგრამ იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა +12-13° C. ყველაზე ცივი თვე იანვარია, როდესაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა 0,0° - 0,3 C-მდე ეცემა. ყველაზე ცხელი კი - ივლისია, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +40° აღწევს. ნალექების თვალსაზრისით წელიწადში საშუალოდ 400-500 მმ–მდე მოდის (სსე, გვ.453). სადაზვერვო სამუშაოების დროს ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ საყდრისის საბადო გამოირჩეოდა ოქროს შემცველი კვარცის ძარღვების სიმრავლით, სადაც რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით სილიფიცირებული რიოლითური ტუფისა და იგნიმბრიტებისაგან აგებული ბორცვია (სურ.6, გვ.90). ამ ვულკანოგენური ქანების წყობაში დალექილია სხვადასხვა მიმართულებების ჰიდროთერმული კვარცის ძარღვები; ეს არის ტიპიური, გეომეტრიულად კომპლექსური, სართულებიანი გამადნება. ჰიდროთერმულმა პროცესებმა გამოიწვია ასევე ქანების წყობის სილიფიცირება კვარცის ძარღვების მიდამოებში. წარმოდგე-ნილი ქანი ხასიათდება თავისი სიმკვრივით (ირ.ღამბაშიძე, ტ.შტოლნერი და სხვ. 2008). ძველი გამონამუშევარი ლანდშაფტში ადვილად შესამჩნევია. ჩანგრეული, ერთმანეთთან ძალზედ მჭიდროდ მდებარე, გამონამუშევრის ჩასასვლელები აშკარად მიუთითებდა, რომ საბადო უძველეს დროში იყო ათვისებული. ამავდროულად საყდრისში კარგად იკვეთება გასული საუკუნის 30-იან წლებში, ოქროს მომპოვებლების მიერ ჩატარებული მუშაობის კვალი (სურ.6, გვ.90). ძეგლის პრეისტორიულ ასაკს ასევე ადასტურებს ადგილზე მიმობნეული ქვის უროების სიმრავლე და მრავალფეროვნება. 2004 წელს გაიწმინდა ღია შესასვლელი (გამონამუშევარი B1). პარალელურად სამუშაოები ჩატარდა მიწის ქვეშ 25 მ. სიღრმეზე N34 შტოლნაში იქ, სადაც ჩრდილოეთის შტრეკის გაყვანის დროს გადაკვეთილი იყო სამი უძველესი მაღარო, ანუ შემდგომში მაღარო N1; შტრეკის სამხრეთის კედელზე კარგად იყო გამოკვეთილი კლდეში გაყვანილი სამი გვირაბის ჭრილი, რომლებიც ჩვენს მიერ 1/1, 1/2 და 1/3-ით დაინომრა. მაღაროები 1/2 და 1/3-ში კარგად ჩანდა კულტურული ფენები, სადაც სამთო იარაღებს შორის კერამიკული მასალა და ხის ნახშირის ფრაგმენტები აღმოჩნდა. გაკეთდა პირველი ჭრილი და აღებული იქნა ხის ნახშირის სინჯი დათარიღებისათვის (14C-ის დათარიღება: 2σ –მერყეობის ინტერვალით. ძვ.წ. 3085-2917 წწ.). შედეგი სრულიად შეესაბამებოდა 2004 წელს მაღარო 1/2 ის პროფილის გაწმენდის დროს დადასტურებული თიხის რამოდენიმე ნატეხის არქეოლოგიურ თარიღებს. ამით მაღარო სენსაციურად ადრეული პერიოდით დათარიღდა და მიეკუთვნა ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურას. საყდრისში რეგულარული სამთო-არქეოლოგიური გათხრების დაწყების მიზანი იყო სამთო სამუშაოების მასშტაბისა და გამონამუშევრებიდან გამოტანილი მადნის რაოდენობის დადგენა. ასევე, უფრო მეტი მყარი არგუმენტის მოძიება გამონამუშევრების წარმოების თარიღების მისაღებად. შესასწავლი ტერიტორია, მიწის ზედაპირზე არსებული გამონამუშევრების ჩასასვლელების მიხედვით, დაყოფილია ოთხ ნაწილად ანუ  A, B, C, D – უბნებად (სურ.7, გვ.91). თითოეულ ამ უბანს გააჩნია თავისი კუთვნილი ფუჭი ქანების ნაყარი, სადაც დიდი რაოდენობით ქვის იარაღი და ასევე ქვის იარაღის ფარმენტია დადასტურებული. ფუჭი ქანების ნაყარი სავარაუდოდ ცალკეულ სამთო-გამონამუშევრის ჩასასვლელების პირებს ერთმანეთისაგან ყოფს. შესასვლელები და ფუჭი ქანების ფენები ქრონოლოგიურად თანადროული უნდა იყოს. ფუჭი ქანების ნაყარიდან აკრეფილია დაახლ. 2500 ქვის იარაღი. ამასთანავე გამოჩნდა ჩრდილო-დასავლეთით ორი დიდი ფუჭი ქანის ნაყარი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია უინვენტარო სივრცით. ბორცვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე არსებული ღარი, ყველაზე დიდი ზომის გამონამუშევარს უნდა ეკუთვნოდეს. იგი 64 მ. სიგრძეზე ჩრდილოეთიდან, სამხრეთის მიმართულებით მომრგვალებულ ბორცვზე გადადის (სურ.9, გვ.90). ამ ღარის სიგანე 3-დან 5 მეტრამდე აღწევს. როგორც გათხრების შემდგომ გახდა ცნობილი, ადგილი უნდა ჰქონოდა დიდმასშტაბიანი ნგრევის პროცესს. ჩამონგრევის შედეგად მან გადაკეტა სხვა ირიბადმკვეთი გასასვლელები, რომლებიც როგორც ჩანს, ჩრდილოეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო მიმართული. ეს ადგილი გამონამუშევარ A-ს უნდა ეკუთვნოდეს. A გამონამუშევრის შესასვლელის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს გამონამუშევრების B კომპლექსი, რომელშიც მარაოსებურად გაშლილი ხუთი შესასვლელია გაერთიანებული (სურ.11, გვ.62) და (გამონამუშევარი B 1-5) ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობენ. გამონამუშევრები სამხრეთით, ცენტრალურ მონაკვეთზე, პრაქტიკულად ერთმანეთშია ჩანგრეული. აქ არ ჩატარებულა საჭირო გამაგრებები და სავარაუდოა, რომ მთა მოგვიანებით ჩამოინგრა. ჩამოშლა მოხდა მთიანი მონაკვეთის შესუსტებით, რაც შესაძლოა მიწისძვრის ან ფიზიკური გამოფიტვის შედეგი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ამ ძარღვის დამუშავება თითქმის 8 მ. სიღრმემდე ხდებოდა. იგივე სურათი გამოიკვეთა გამონამუშევარი B1-ში, სადაც მოზრდილი ზომის გამონამუშევრებში საკმაოდ კარგად იყო შემონახული ძველი გვირაბების ნაშთები, ძირითადი კედლები და მათი გამაგრებები. გამონამუშევარი B1 2007 წელს ხელახლა გაიწმინდა და მასთან ერთად სადაზვერვო თხრილები იქნა გაყვანილი ბუნებრივ კლდეში (სურ.9, გვ.90). გამონამუშევარი B აღმოსავლეთით უერთდება გამონამუშევარ C-ს (სურ.7, გვ.91). იგი შედგება მხოლოდ ერთი აღმოსავლეთ-დასავლეთისაკენ ორიენტირებული ძარღვისაგან, რომელიც თავის მხრივ ჰკვეთს გამონამუშევარ B4 და B5-ს. ეს ნათლად მიგვითითებს, რომ სწორედ აქ ხდებოდა ერთმანეთში ჩამჯდარი სართულებიანი გამადნებების ყველა მიმართულებით მოპოვება. აქედან გამომდინარე, გამონამუშევრების ერთმანეთით გადაჭრა სულაც არ არის მოულოდნელი. გამონამუშევარი C ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჩაჭრილია მეორე, ჩრდილო-დასავლეთიდან წამოსული გამონამუშევრით. სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ბოლო, მეოთხე, D გამონამუშევარი, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთ ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ - სამხრეთ - აღმოსავლეთის ხაზზე და მხოლოდ ერთი ძარღვისაგან შედგება. შესასვლელების კომპლექსიდან სამხრეთით მდებარეობს ორი, ზედაპირთან ახლოს არსებული, გამონამუშევარი (E და F). ორივე გამონამუშევარის შემთხვევაში, საქმე გვაქვს პატარა ჯიბეებთან, რომლებიც იქ წარმოქმნილ მადნის ძარღვზეა ღრმად ჩაჭრილი. ისინი ხასიათდებიან ძალიან ვიწრო გამადნებით და სავარაუდოდ მათი მოპოვება არ იყო. ასევე საინტერეოა, რომ გამონამუშევრების ნაპირებზე, დაახლოებით ექვს ადგილზე, აღმოჩნდა ე.წ. „გასამდიდრებელი ფოსოები”, რომლებიც ბუნებრივ კლდეში ოქროს შემცველი მადნის ხელით დამუშავების შედეგად არის გაჩენილი (სურ.12, ზემოთ მარცხნივ, გვ.63). A გამონამუშევარის წინ თავმოყრილი ფოსოებიანი ქვები (ე.წ. ამბოსები) ნათლად ადასტურებს, რომ მადნის გასამდიდრებელი სამუშაო მოედნები ბევრ სხვადასხვა ადგილზე იყო გამართული (სურ.9, იხ.გვ.90; სურ.10, გვ.61), მაგრამ მიუხედავად ამისა სამუშაო იარაღების მთელ კომპლექსს, რომელიც საყდრისშია აღმოჩენილი აკლია გამამდიდრებელი სამუშაოებისათვის აუცილებელი იარაღები. ხელსაფქვავებისა და სხვა წვრილი ქვის იარაღის არარსებობა გვაფიქრებინებს, რომ საბოლოო გამდიდრება სხვა ადგილაზე ხორციელდებოდა. ეს სამუშაოები უფრო მეტად ივარაუდება წყალთან ახლოს, ან უშუალოდ სამთო საქმით დაკავებული საზოგადოების საცხოვრებელ ადგილებთან. 2007 წელს ბალიჭი - ძეძვების ნასახლარზე აღმოჩენილი საფქვავები და სანაყი ქვები გასამდიდრებელი სამუშაოების ასეთი დანაწევრების მაგალითი უნდა იყოს. ჩვენი ვარაუდით, რომ საბოლოო გამდიდრებისათვის ოქროს შემცველი ქვიშა ნამოსახლარზე მიჰქონდათ და იქ ხდებოდა მისი შემდგომი გადამუშავება. ეს მოსაზრება 2008 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნათლად დადასტურდა ბალიჭი - ძეძვების ნამოსახალარის N2 ნაგებობის სახლოსნოში.

მიწისზედა არქეოლოგიური სამუშაოები

საყდრისში მიწისზედა არქეოლოგიური გათხრებისათვის არჩევანი შეჩერდა A გამონამუშევრის ჩრდილოეთ ნაწილზე (შესასვლელი A/ ფუჭი ქანის ნაყარი A), რადგანაც აქ ფუჭი ქანების ნაყარი და შესასვლელის პირი დაუზიანებელი ჩანდა (სურ.7, გვ.91). სავარაუდო იყო, რომ მიწისქვეშა მაღარო N1 (იხ.ქვემოთ), რომელიც დაზიანდა თანამედროვე შტოლნის გაყვანის შედეგად, ოდესღაც ამ ადგილთან იყო დაკავშირებული.

სურ.11. - საყდრისი. გამონამუშევარი B. 2008 წლის გათხრების დროს გამოვლენილი შესასვლელები (ფოტო ტ.რაბზილბერი).

სურ.12. - მადნის გასამდიდრებელი ქვის ამბოსები და კლდეზე გაკეთებული ფოსოები (ფოტო ტ.რაბზილბერი).


A და B გამონამუშევრების შესასვლელები და მათ წინმდებარე მოედნები

საყდრისში, ცენტრალური ბორცვის ჩრდილო-დასავლეთ ფერდზე, განლაგებულია გამონამუშევარ A-ს კომპლექსი. იგი შედგება შვიდი სხვადასხვა შესასვლელისაგან. შესასვლელების წინა მდებარე მოედანი მადნების პირველადი დამუშავებისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ტერიტორია ამოვსებული ი