There are no translations available.
<უკან დაბრუნება....<<<ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ექსპონატები
სურ.3 (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - +)
წარმართული ნაყოფიერების ქანდაკებები ქუთაისის მუზეუმიდან
დავით ბერძენიშვილი
მადლობას ვუხდით ავტორს მასალების გადმოგზავნისთვის
სურ.1 წარმართული ნაყოფიერების ქანდაკებები ქუთაისის მუზეუმიდან (+)
თანამედროვე მსოფლიოში, მცირე გამონაკლისის გარდა, ერთღმერთიანობაა გაბატონებული. ქრისტიანები აღიარებენ იესო ქრისტეს, ებრაელები - იაჰვეს, ინდოელები - ბუდას, არაბები - ალაჰს, მაგრამ ამ ღმერთების მიღებამდე მსოფლიო ხალხებში და მათ შორის ქართველებშიც, უძველესი ქვის ხანიდან ადრეულ შუასაუკუნეებამდე, არსებობდა წარმართული სარწმუნოება, რომელიც მრავალღმერთიანობაზე იყო დაფუძნებული. წარმართული ღმერთების პანთეონიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველწარმართულ მსოფლიოში დიდად გავრცელებული ნაყოფიერების ღვთაება, რომლის სიმბოლოს წარმოადგენდა მამაკაცისა და დედაკაცის სქესობრივი ასო (ფალოსი და კტეისი), როგორც ადამიანისა და დედამიწის გამანაყოფიერებელ ღვთაებას განსაკუთრებულ თაყვანს სცემდნენ და ის ხალხთა წარმოდგენაში, უფრო მეტად ორსქესოვან არსებად იყო წარმოდგენილი, ამიტომ ხშირად მას ქალის სხეულითა და მამაკაცის ასოთი აქანდაკებდნენ. ადამიანის კოსმიურ წარმოდგენათა განვითარებისა და ცვალებადობის ისტორია ადასტურებს, რომ ყველა ხალხს განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე ნაყოფიერების ღვთაებისადმი ორი მსოფლმხედველობა ჰქონდა, ერთის მხრივ ადამიანისა და ბუნების ცხოვრების წყაროდ მიღებული იყო მდედრობითი საწყისი, მეორეს თანახმად - მამრობითი. პირველი შეხედულება შეეფარდება მატრიარქალური საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმებს, მეორე - პატრიარქალურს. აღნიშნული მსოფლმხედველობათა თანმიმდევრულ ცვლას ადგილი ჰქონდა ყველა ხალხის ცხოვრებაში, რომლებმაც განვლეს კულტურული განვითარების საფეხურები. კაცობრიობის განვითარების ისტორია ადასტურებს, რომ ცვლის პროცესში ერთი იდეოლოგია სავსებით ვერ განდევნის მეორეს, უფრო ხშირად ჩვენ ვხვდებით ადამიანისა და ბუნების წარმოშობის საკითხს, ასე ვთქვათ, თავისებურ კომპრომისულ გადაწყვეტას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყოველი არსებულის შემოქმედ ძალად მიიჩნევა ორივე ელემენტის შერწყმა. ამას ადასტურებს ქუთაისის მუზეუმში დაცული ქანდაკება (სურ.1.), რომელიც შემთხვევით 1914 წ. მდინარის ნაპირას სოფ. ფერსათშია (ბაღდადის რ.) ნაპოვნი [დ.ბერძენიშვილი 1984: 64]. მონოლითური ფიგურა წარმოადგენს მამაკაცის ითიფალურ ქანდაკებას (სიმაღლე - 32 სმ.,), რომლის ოდნავ განზე გამდგარი ფეხები მყარად დგას კვარცხლბეკზე (5X7,5სმ.). ქანდაკებისათვის დამახასიათებელია ვიწრო, მოგრძო ტორსი (სიგანე - 2,5 სმ.), მეტად განიერი მხრები (სიგანე 9,5 სმ.) და სხეულის ზედა ნაწილთან შედარებით მოკლე ფეხები; ფიგურის სახე მოგრძო და ბრტყელია; ფართო თვალები და პირი ღრმა ფოსოებშია ჩამჯდარი; აქვს კეხიანი ცხვირი, ოდნავ წინ წამოწეული ნიკაპი და ხშირი თმა; სახის ნაკვთები საკმაოდ მკაცრია და მნახველზე ეფექტურ შთაბეჭდილებას ახდენს, ორივე ხელი იდაყვში მოხრილია და წინ გაწვდილი თითები მოკუმშული; ფალოსი აღგზნებულია და ნატურალურადაა გადმოცემული; ფიგურას უკანა მხარეს (სურ.2.) გრძელი თმა კისერზე აქვს დამაგრებული, ამავე დროს, მოცემულია დიდი მკერდი, განიერი თეძოები, საჯდომი და დავიწროებული წელი, რომელიც ზოგადად ქალის სხეულისათვის არის დამახასიათებელი, რის გამოც ფიგურა უდაოდ ორსქესოვან არსებას უნდა წარმოადგენდეს. კისერზე და ხელების ზემო ნაწილზე გამოყვანილია გრავირებული მორთულობა, რომელიც ჩვენი აზრით, არ უნდა ჰქმნიდეს მხოლოდ უბრალოდ დეკორატიულ მოტივს და მას ასტრალური, სიმბოლური დანიშნულება უნდა ჰქონდეს, კერძოდ ის დაკავშირებული უნდა იყოს გაჩენის, დაბადების, შექმნის იდეასთან [მ.ივაშჩენკო, 1941: 43]. ფიგურის დგომის მყარი პოზა, სხეულის ნაწილების პროპორციები და სახის გამოსახულების გარკვეული სიმკაცრე მონუმენტური ქანდაკების იერს იძლევა. ქანდაკების უკანა მხარეს მთელ სიგრძზე გაკეთებული ღარი, ჩვენი აზრით, უნდა ნიშნავდეს სიცოცხლის და ნაყოფიერების ხეს (ღვთაებრივი ხე, "ხე ცხოვრებისა”, "ხე ცნობადისა და კეთილისა”). ღარს წვერზე პარალელური ჭდეები გადადის. სიცოცხლისა და ნაყოფიერების ხეს ყველა ძველ ხალხში: ასურელებში, ბაბილონელებში, შუმერებში, ხეთებში და სხვ. უკვდავების, სიბრძნის, ცოდნის და განსაკუთრებით ნაყოფიერების სიმბოლოა. საქართველოში იგი ჩნდება ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულში, ხოლო თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის ვერცხლის სასმისის თასზე გამოხატულია რიტუალი, რომელსაც სათემო ღვთაებები ასრულებენ სატომო ღვთაების კარზე, სადაც აღმოცენებულია სიცოცხლისა და ნაყოფიერების ხე [შ.ამირანაშვილი 1971: 58]. "სიცოცხლის ხე” სხვადასხვა ხალხის კულტურაში ვლინდება, როგორც სამყაროს ხატება და აერთიანებს სამ კოსმიურ ზონას - ზეცას, მიწას, ქვესკნელს. ქართველთა ცნობიერებაში ხის სიმბოლიკას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ეთნოგრაფიული მონაცემები ადასტურებენ, რომ საქართველოში გავრცელებული იყო წეს-ჩვეულება, რომელის მიხედვითაც ახალშობილის სახელზე რგავდნენ ხეს, ხოლო გარდაცვალებისას - ჭრიდნენ. [მ.ბერიშვილი, ზ.სხირტლაძე, 1984: 140]. წმინდა ხეთა შორის საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო მუხის, ცაცხვის და ალვის ხის თაყვანისცემა, რომლებზეც უამრავ შესაწირავს ჰკიდებდნენ. ჩვენი წინაპრების წარმოდგენით ხე ცოცხალი არსება იყო. მას თავისი საკუთარი სული გააჩნდა. შემდგომში ხე წმინდა არსებების, ღვთაებების სამყოფელი გახდა [ვ.ბარდაველიძე, 1957: 55]. საქართველოს მხარეებში: ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში და მთელ რიგ სოფლებში, სადაც ეკლესია არ არის აშენებული წმინდა ხეების თაყვანისცემა დღემდეა შემორჩენილი [ს.მაკალათია, 1934: 28]. მართალია, ფიგურა სქემატური და მოუხეშავია, მაგრამ შესრულების თავისუფალი მანერა ერთგვარ მიმზიდველობასაც ანიჭებს. ფორმათა ექსპრესიულობისა და თავისუფლების მიუხედავად, ფიგურა აბსტრაქტულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, იგი ნაყოფიერების აქტში მნიშვნელოვანი გახდა, რადგან "დაგროვილი ემპირული ცოდნით გამანაყოფიერებლის გარეშე განაყოფიერება შეუძლებელია” [ტ.ჩუბინაშვილი, 1978: 14]. ქანდაკება ახლოს დგას ყაზბეგის განძში შემავალ პირველი ჯგუფის ქანდაკებებთან [ლ.წითლანიძე, 1976: 33]. ისინი პირისახის გადმოცემის მანერით, ითიფალობით, ხელების მდგომარეობით, მხრებითა და წელის მოყვანილობით ერთმანეთს წააგავს. გარდა ზემოაღნიშნული ქანდაკებებისა, ფერსათის სტატუეტკის ანალოგიური არიან გურჯაანის რაიონის სოფ. მელაანის მახლობლად აღმოჩენილი ანთროპომორფული ფიგურები [კ.ფიცხელაური, 1973: 157] და კაჭრეთთან ნაპოვნი ქანდაკება [გ.ჯავახიშვილი, 1974: 55].
სურ.2
სტილისტური მონაცემებითა და პარალელური ძეგლებით ფერსათის ქანდაკება, ჩვენი აზრით, უნდა დათარიღდეს ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით. საკითხი იმის შესახებ, თუ საიდან და როგორ წარმოიშვა ფალოსის კულტი, მეცნიერთაშორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. გერმანელი მეცნიერის ე.ჰანის აზრით ფალოსის გაღმერთება და თაყვანისცემა გამომდინარეობს ადამიანის იმ პრიმიტიული რწმენიდან, როდესაც მან უკვე იცოდა სქესობრივი ასოს, როგორც გამანაყოფიერებელი ძალის მნიშვნელობა, და დედამიწა წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც დედა - ღვთაების სქესობრივი ორგანო, სახნისი კი, როგორც მამაკაცის ასო (ფალოსი) [ე.ტაილორი, 1989: 79], მაგრამ მკვლევართა უმრავლესობა ფალოსის კულტს ანიმისტურ რწმენას უკავშირებს, როდესაც პირველყოფილ ადამიანს მთელი ბუნება გასულიერებულად ჰქონდა წარმოდგენილი და თავისი სხეულის ყოველ ნაწილში ის ცალკე სულის არსებობას გრძნობდა. მითუმეტეს, რომ მან იცოდა სასქესო ასოს გამანაყოფიერებელი ძალა, მისი იმპულსური მოქმედებანი [მ.კოსვენი, 1971: 69]. მეცნიერთა აზრით, სწორედ ამგვარი შეგრძნებიდან უნდა წარმოშობილიყო სასქესო ასოს გაღმერთება. ადამიანის სქესობრივი ასოს გაღმერთება შემდეგ გადატანილი იქნა ცხოველებზე და მცენარეებზეც, რომელთა განაყოფიერებისა და გამრავლების პროცესი ადამიანისაგან თითქოს არაფრით არ განსხვავდება, ამიტომ ფალოსის მისტერიები იმართებოდა ზაფხულზე, როდესაც ბუნება იღვიძებდა და ნაყოფიერდებოდა. აგრეთვე შემოდგომაზეც, როცა დამწიფებული ნაყოფი იკრიფებოდა და საზამთრო პურეული ითესებოდა. ფალოსის მისტერიებთან უნდა იყოს დაკავშირებული ქუთაისის მუზეუმის არქეოლოგიის ფონდში დაცული ითიფალური ქანდაკებები ანტრომორფული და ზოომორფული გამოსახულებებით, რომელთათვის დამახასიათებელია მოძრავი პოზა, მკაფიოდ გამოსახული ითიფალობა და რომელიმე ცხოველის ატრობუტი (სურ.3.). ძველ საბერძნეთში ფალიური კულტის კლასიკურ ქვეყანას საბერძნეთი წარმოადგენდა, ფალოსი თავდაპირველად ფეტიში იყო და შემდგომში თანდათან გადაიქცა იმ ღვთაებათა ატრიბუტად, რომელიც ბუნების წარმომშობ ძალებს განასახიერებდნენ. ძველ საბერძნეთში და რომში ფალოსს თილისმის ძალას აძლევდნენ და ავთვალის წინააღმდეგ იყენებდნენ. კლასიკური ხანის საბერძნეთში ფალოსი გამოსახვდა ღმერთების დიონისეს, ჰერმესის, პრიამოსისა და აფროდიტეს სიმბოლოს [დ.ტომპსონი, 1958: 225]. დიონისეს მისტერიებში, რომელიც შემოდგომაზე ყურძნის კრეფისას და ყოველ გაზაფხულზე იმართებოდა, უმთავრეს როლს ფალოსის ქანდაკება თამაშობდა, რომელსაც წითელი ტყავისაგან აკეთებდნენ და ჯოხზე წამოცმულს შუა პროცესში ატარებდნენ. მისტერიებში მონაწილეებს ყელზე და გვერდებზე ეკიდათ პატარა ფალოსები. ფალოსს სოფელ-სოფელ ატარებდნენ, რათა ნათესი ავი სულებისაგან დაეცვათ. ქორწილში პატარძალს ფალოსზე სვამდნენ, ვითომ ამით ის თავის უმანკოებას სწირავდა. გარდა ამისა, არსებობდა ფალოსის ღვთაების სადიდებელი სიმღერები და სათამაშოები [ჯ.რუხაძე, 1982: 37, 38]. თანამედროვე კულტურულ ერთა შორის ფალოსის კულტი დღემდე იაპონიაშია დაცული და მიუხედავად მთავრობის განკარგულებისა მისი აკრძალვის შესახებ, იაპონიის მდაბიო ხალხი მას დღესაც თაყვანს სცემს. ისინი აკეთებენ სხვადასხვა სახის ფალოსებს, უმეტესად წამოზიდული კლდეების და გრძელი ნახევარკუნძულების განსახიერებით. იაპონიაში ფალოსს სხვადასხვა ზომისას და სხვადასხვა ნივთიერებისგან ამზადებენ და თან ატარებენ, როგორც თილისმას. მათი რწმენით ფალოსი და კტეისი ადამიანს ჰკურნავს სასქესო ორგანოს ტკივილებისგან და ორსულს მშობიარობას უმსუბუქებს [ლ.შტერიბერგი, 1936: 30]. ფალოსის კულტი გავრცელებულია ინდოეთშიც. ბუდიზმი მისდამი რწმენითაა გაჟღენთილი, რაც აშკარად არის გამოხატული ინდოელების ღვთაებათა ეროტიულ მხატვრობა-ქანდაკებაში. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის ერთ-ერთი ტაძრის ("შავი პოგოდა”) ფასადზე მოცემულია მოძღვრება სიყვარულის ხელოვნების შესახებ, რომელიც შექმნილია II საუკუნეში ქრისტეს დაბადებამდე და სადიდებელ ჰიმნს უძღვნის ფალოსსა და კტეისს, როგორც ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მომნიჭებელ ღვთაებას, მაგრამ ფალოსი განსაკუთრებით დაკავშირებული იყო ინდურ ღვთაებათა "შივასთან”, როგორც ჩასახვის და აღორძინების ღვთაებასთან, რომლის სიმბოლოდაც ის იქცა [ნ.წულუკიძე, 2014: 97]. ფალოსის მისტერიებს დიდი ადგილი აქვს დათმობილი ქართული წარმართული მითოლოგიის წიაღიდან მომდინარე ბერიკაობა-ყეენობის დღესასწაულში, რომელიც ადრიან გაზაფხულზე იმართებოდა, ყველიერის კვირაში. ამ დღესასწაულის მთავარი მოქმედი პირის ბერიკას, თუ ყეენის, ერთ-ერთ რიტუალურ საგანს წარმოადგენდა წითლად შეღებილი ფალოსი - "კონკილა”, რომელიც მას წელზე ჰქონდა შემორტყმული.ყეენი ახალდაქორწინებულთა ოჯახის პატრონს დღესასწაულს მიულოცავდა, კარგ მოსავალს უსურვებდა, თავის საბრძანებელზე დაჯდებოდა და ფალოსით მიწას შეეხებოდა. ამავე დღესასწაულზე ყეენი ფალოსს მარილს მოაყრიდა, ღვინოს დაასხამდა, დალოცავდა, მოიხსნიდა, წყალში ჩააგდებდა და იტყოდა: "წადი, გამრავლდი ქვეყანაზე კარგი მოსავალი მოიყვანეო” [ჯ.რუხაძე, 1966: 12]. ასეთი მოქმედება ყეენისა, თუ ბერიკასი მიმანიშნებელია იმაზე, რომ ფალოსი ნაყოფიერების ღვთაების სიმბოლოს წარმოადგენდა, რომელიც ოჯახის დოვლათიანობას მფარველობდა. ფალოსის კულტს დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი სვანეთში არსებულ სახალხო წესებში და რიტუალებში, რომლებიც "პარიკელას”, "ადრეკილაის”, "საქმისაის” და "მელია ტელეფაის” სახელწოდებითაა ცნობილი. აღნიშნული დღესასწაულები ადრიან გაზაფხულზე იმართებოდა. სოფელ ჟაბეშში თოვლისაგან "მურყვამს” ანუ კოშკს ააგებდნენ, რომელსაც შუაში მაღალ ხეს ჩაატანდნენ.
სურ.4
(+)
ამ ხის წვერზე ძველ კალათს ან საცერს ჩამოაცვამდნენ, ორ ხის ხმალს და ამას გარდა ხისგან გამოთლილ ფალოსს ჩამოკიდებდნენ. კალათა ან საცერის ძირი სვანთა რწმენით ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენდა. ყმაწვილები თავიანთი წრიდან ორ მეთაურს ირჩევდნენ, რომელთაგან ერთს "ყაინი” ეწოდებოდა, მეორეს კიდევ "საქმისაი”. "ყაინსა” და "საქმისაის” შორის იმართებოდა ჭიდაობა. ჭიდაობის დამთავრების შემდეგ - ცეკვა და ფერხული სიმღერით. მზის ჩასვლისას კოშკს ანგრევდნენ და ხეზედ ჩამოცმულ საგნებს იტაცებდნენ. კოშკის დაშლისას საითაც ხე გადაიხრებოდა იმ მიმართულებით მდებარე სოფლისთვის კარგი მოსავალი იყო მოსალოდნელი [ივ.ჯავახიშვილი, 1979: 105]. ნაყოფიერების ღვთაების თაყვანისცემაზე მიუთითებს ფალოსის მარმარილოს სვეტი, რომელიც მუზეუმშია დაცული და შემთხვევით აღმოჩენილია ქუთაისის მახლობლად, სადგურ ბროწეულასთან, წინარეანტიკური ხანის ფენაში, მიწის ზედაპირიდან - 1,5 მ-ის სიღრმეზე (სურ.4) (მისი სიმაღლეა - 2,35 მ. უდიდესი დმ - 0,95 მ., უმცირესი დმ - 0,70 მ.). მას უშვილო ქალები და რძე დაკარგული დედები წყალობას შესთხოვდნენ. ეთნოგრაფიული მონაცემებით დამტკიცებულია, რომ ასევე ხდებოდა გასათხოვარი ქალების გამოლოცვა გარკვეული წესისა და შესაწირის საშუალებით [ნ.ურუშაძე, 1982: 18]. ასეთივე ფორმის საკულტო ქვები დაცულია სოფ. არახლოს წმ.გიორგის ეკლესიაში, მთიულეთში, სოფ. საირხეში [ჯ.ნადირაძე, 1990: 102] და ბევრ სხვა ადგილებში. ნაყოფიერების საკულტო ქვების ასეთი სიმრავლე ადასტურებს ფალოსის და კტეისის თაყვანისცემას, რომელიც ქართულ წარმართულ ხალხურ დღესასწაულებში არის შემონახული. ისე, როგორც ფალოსს, ასევე კტეისსაც თაყვანს სცემდნენ და მას დიდი ადგილი ეჭირა, როგორც ადრეული ხანის, ასევე ძველი აღმოსავლეთის ცივილიზებული სამყაროს აგრარულ მისტერიებში. კტეისის კულტი გავრცელებული იყო რასობრივად განსხვავებულ და ტერიტორიულად სრულიად მოწყვეტილ ხალხებს შორის. საქართველოს ტერიტორიაზე ენეოლითის ხანაში გარკვევით იკვეთება ნაყოფიერებისა და სიცოცხლის მფარველი ღვთაების "დიდი დედის” კულტი, რომლის იკონოგრაფია ქალის მცირე ზომის ქანდაკებებით არის წარმოდგენილი. ქალის ტერაკოტული ფიგურები დაკავშირებულია სიცოცხლისა და ნაყოფიერების კულტთან და "დიდი დედის” ბუნების მფარველ ძალას განასახიერებენ [ბ.კუფტინი, 1941: 131]. შეიძლება ითქვას, რომ უძველესი ხელოვნების ნიმუშები სწორედ ქალის ფიგურებია. ეს ფიგურები უკვე ზედა პალეოლითიდან გვხვდება და მკვეთრად გამოკვეთილი აქვთ ქალის ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ორგანოები. ქვისა და ძვლის დამუშავების ტექნიკის შემდგომი სრულყოფა, რომლესაც თან სდევდა ადამიანის გონებრივი განვითარება და ბუნების ძალების უფრო ღრმად შემეცნება, იწვევდა "დიდი დედის” კულტის შემდგომ განვითარებას. "დიდი დედა” ოჯახის კეთილდღეობის მფარველიდან ნელ-ნელა ნაყოფიერების ქალღვთაებად იქცა და ხდება ამ კულტის უფრო მეტად განზოგადება. "დიდი დედის” კულტი განვითარების კულმინაციურ წერტილს აღწევს წარმოებით მეურნეობაზე გადასვლის პერიოდში, როდესაც ნაყოფიერება უფრო მეტად არის დამოკიდებული ბუნებაზე, ვიდრე ადამიანის ცდაზე [ი.კიკვიძე, 1976: 53].
სურ.5 (+)
თავდაპირველად "დიდი დედა”, "ღმერთების დედა” სხვადასხვა სახელით გვხვდება, ხოლო უფრო გვიან მისი კულტი გაფორმდა, როგორც ქალღმერთ "კიბელას” თაყვანისცემა. კიბელას, რომელიც მარადმოქმედ, სიცოცხლის მომნიჭებელ ბუნების ძალას განასახიერებს, უძველესი დროიდან თაყვანს სცემდნენ მცირე აზიაში. ამ კულტის სამშობლოდ მიჩნეულია ფრიგია, საიდანაც ის გავრცელდა ლიდიაში, ლაკონიაში, ბითვინიაში, კაპადოკიაში და მცირე აზიის სხვა ქვეყნებში [ე.ანტონოვა, 1977: 67]. ნაყოფიერების მდედრობითი სქესისი ღვთაებას შუმერები უწოდებდნენ ნინას, ნანას, (ნინნი, ინინა). იბერიაში აინინასა და დანანას სახელით მოიხსენიებენ და მათი კერპები, ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით მცხეთაში ან მის შემოგარენში იყო აღმართული [ქართლის ცხოვრება, 1975: 55]. ასურეთსა და ბაბილონში მას თაყვანს სცემდნენ იშთარის სახელით და სხვ. ნაყოფიერების ქალღმერთი ითვლებოდა ყველა გარეული ცხოველის, ნადირობისა და მონადირეობის მფარველად. ხშირად, განსაკუთრებით ხეთების ხელოვნებაში იგი წარმოდგენილია ლომებზე ამხედრებული. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული მცირე აზიაში და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე [ნ.კეჭეღმაძე, 1961: 34,35]. "ღმერთების დედის”, ანუ "დიდი დედის” კულტი ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოშიც, როგორც ვ.ბარდაველიძე აღნიშნავს "დიდი დედის” თაყვანისცემა ქართველ ტომებში ჯერ კიდევ გვაროვნული წყობილების რღვევის ხანას განეკუთვნება [ვ.ბარდაველიძე, 1957: 61]. "ღმერთების დიდი დედა”, რომელიც ქართულ საწესჩვეულებო სიმღერებში ნანად იწოდებოდა, წარმოადგენდა ნაყოფიერების, ბუნების გამაცოცხლებელ და სიყვარულის ღვთაებას, მჭიდროდ იყო დაკავშირებული ცხოველურ სამყაროსთან, მცენარეებთან და სინოტივესთან. ქუთაისის მუზეუმში დაცულია ქანდაკება (სურ.5.), რომელიც წარმოადგენს მშვიდ პოზაში მჯდომარე ქალის მცირე ზომის სტატუეტკას, სიმაღლე 5 სმ., ორივე ფეხი მოტეხილი აქვს. მოუხეშავად არის გამოძერწილი და ყალიბში ჩასხმული. ფიგურა ტლანქადაა მოდელირებული, სახის ნაკვთები და ყელი მიღებულია საკმაოდ დაუდევრად. აქვს სქემატურად გადმოცემული დიდი ზომის ყურები, ცხვირი და თვალები. ამის გამო, პირისახის გამოსახულებაში დარღვეულია ჰარმონიულობა და ქანდაკება გროტესკულ იერს იძენს, რაც მის მაგიურ დანიშნულებაზე მიუთითებს [ვ.ბარდაველიძე, 1957: 61]. ფიგურის უკანა მხარეს (სურ.6), კეფაზე შეკრული ნაწნავი წელამდე ეშვება. ტორსი სწორია და თავისუფლად გადადის ქვედა ნაწილში, რაც ჯდომის პოზას უფრო მეტ ბუნებრივობას ანიჭებს. მკერდი ოდნავ შეიმჩნევა. მკლავები იდაყვში მოხრილია და გულ-მკერდისკენაა მიმართული. მარცხენა ხელის მტევანი მოტეხილი აქვს, ხოლო მარჯვენა - წვერწამახული და მთლიანობაშია წარმოდგენილი. ხელის მტევანი თითქმის ყელთანაა მიბჯენილი. ფიგურას ხედვის ძირითადი წერტილი ფრონტალურია. ქალის ხელების მკერდთან მიტანა ვედრების გამომხატველ შინაარსს უნდა წარმოადგენდეს და აღნიშნული ქანდაკება დაკავშირებული უნდა იყოს წინამორბედ აღმოსავლურ ღმერთებთან, რომლებიც ითვლებიან ნაყოფიერების წარმართულ ღვთაებებად [მ.ხიდაშელი, 1984: 140]. ფიგურა შესრულების მანერით პრიმიტიულია. ოსტატი სრულყოფილად ვერ ფლობს ქანდაკების გამოკვეთის ხელოვნებას და მისი ყურადღება ძირითადად შინაარსსა და იდეაზეა გადატანილი. როგორც ჩანს, ფიგურის შემქმნელისათვის, მთავარი იყო სხეულის ცალკეული ტრადიციული ელემენტი გამოესახა, რის გამოც ქანდაკება ნატურალურის ნაცვლად სქემატური ხდება.
სურ.6 (+)
ქანდაკება ბრინჯაოსგანაა ჩამოსხმული, მუზეუმში შემოსულია სოფელ გორისას (საჩხერის რ.) წმინდა გიორგის ეკლესიიდან 1926 წ. საქართველოში ძველი ჩვეულების მიხედვით მორწმუნე ადამიანი, რასაც კარგ, უჩვეულო ნივთს შემთხვევით იპოვიდა, ყველაფერს სოფლის ხატს, ეკლესიას სწირავდა და ნივთის გატანა დიდ მკრეხელობად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ, რომ გორისას ქანდაკება მიწის სამუშაოების დროსაა აღმოჩენილი, მით უმეტესს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საჩხერის რაიონში მრავლადაა აღმოჩენილი წინარე და ადრეანტიკური ხანის მატერიალური მასალა [ჯ.ნადირაძე, 1990: 8-22]. ასეთი ტიპის ქანდაკებანი საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება. გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანის სამხრეთით, შვიდიოდე კილომეტრის მანძილზე, "შავხის გორის” ძირში ძველ სამლოცველო "მელი-ღელე I”-ის ქვედა კულტურულ ფენაში სხვადასხვა მატერიალურ ნივთებთან ერთად მოპოვებული იქნა ბრინჯაოს შიშველი ქალის შვიდი ქანდაკება [კ.ფიცხელაური, 1973: 112, 113, ტ.IV1. XI]. ყველა ისინი ნაყოფიერების სიმბოლოებადაა მიჩნეული, რომელთა მონაწილეობით საწესო წეს-ჩვეულებები "მელი-ღელე”-ს სამლოცველოზე ღმერთების დიდი დედის საპატივცემულოდ სრულდებოდა. ყველა ეს ქანდაკება, აგრეთვე საირმესა და ბალანთაში ნაპოვნი ბრინჯაოს მდედრობითი ფიგურები, ძვ.წ. IX-VII საუკუნითაა დათარიღებული [გ.ჯავახიშვილი, 1984: 54,55, ტ.XI, XII. სურ.28,29]. ისინი პოზით, პროპორციულობით, ძერწვის მანერით ახლოს დგანან სოფ. გორისას ქანდაკებასთან. ამდენად, შესაძლებელია ამ უკანასკნელის იგივე ეპოქით დათარიღება. გორისას ფიგურის შესრულების მანერა გვაფიქრებინებს, რომ იგი განკუთვნილი არ უნდა ყოფილიყო რომელიმე დიდი თემისათვის თუ ტომისათვის. ქანდაკება რომელიმე კონკრეტული ოჯახის ნაყოფიერების მფარველ ღვთაებად უნდა მივიჩნიოთ. ეს არის ქალი, რომლეზედაც დამოკიდებულია ოჯახის მოდგმის გაგრძელება [დ.ბერძენიშვილი, 1985: 64]. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საქართველოში "ღმერთების დიდი დედის” კულტის გავრცელებაზე მიუთითებს ქუთაისის მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილი ქალის ბრინჯაოს ითიფალური ქანდაკება (სურ.7), რომელიც 1982 წ. მიკვლეული იქნა სოფ.გეგუთში (წყალტუბოს რ.) [დ.ბერძენიშვილი, 1985: 64]. ქანდაკების (სიმაღლე-11,5 სმ.) მსუბუქად გამოყვანილ წელზე შეიმჩნევა ოდნავ ამობურცული ჭიპი და მკერდი; ყელმოღერებული თავი კოხტად ადგას ტორს; სახე კარგად არის მოდელირებული. მიუხედავად იმისა, რომ თვალები ოდნავ შეიმჩნევა, ძალიან ნაზადაა გამოსახული და მზერა უსასრულობისკენაა მიმართული; აქვს სწორი ცხვირი, პატარა პირი და მრგვალი ყურები. სახის ნაკვთები დახვეწილადაა გადმოცემული. ახურავს თავსაბური და უკანა მხარეს თმა კეფასთან აქვს შეკრული.
სურ.7
ბიუსტის ნაწილთა მონაცვლეობა ქმნის რიტმს, რომელიც გაძლიერებულია გაშლილი მარჯვენა ხელის მოქმედებით (მარცხენა ხელი და მარჯვენა ხელის მტევანი ჩამოტეხილია), ასეთი მდგომარეობა დიდი ემოციური ძალით გამოირჩევა და შინაგანი დინამიკის შთაბეჭდილების გამომსახველია. პროპორციულობა და ფორმის პლასტიკურობის გარკვეული კომპაქტურობა დაცულია სხეულის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის. საჯდომი, ფეხი, ოდნავ მოხრილი მუხლი ფიგურის საერთო ანსაბლში არიან ჩამჯდარი და ურთიერთშეხამებულია. ერთადერთი, რაც სხეულის პროპორციულობას არღვევს, საკმაოდ დიდი მარჯვენა ფეხის ტერფია (მარცხენა ფეხის ტერფი მოტეხილია). სხეულის ფორმები თავისუფლად არის გაშლილი სივრცეში, ფიგურას ახასიათებს ფორმათა სიმრგვალე, გამოირჩევა დიდი ემოციური ძალით, დახვეწილობით და მაღალი პლასტიკური ღირსებით. ფიგურის შინაგანი ენერგიის გადმოცემის დროს გამოხატულია მისი არსი - ბუნების ნაყოფიერება და ცხოვრების მარადიულობა. მართალია, სტატუეტკის ზედაპირი ზედმეტად ფოროვანია და მდარე ხარისხოვანი ბრინჯაოსგანაა დამზადებული, მაგრამ მისი ოსტატი მაინც ჩანს ნამდვილი ხელოვანი, რომელსაც საკუთარი მხატვრული ხედვა, დახვეწილი გემოვნება და აზროვნება გააჩნია და ბრწყინვალედ ფლობს ქანდაკების დამზადების ხელოვნებას, აშკარად ჩანს შესრულების ოსტატობა და ცოცხალი ნატურის შეგრძნება. ქალის ფიგურა გეგუთიდან სტილისტურად ახლოს დგას გორის რაიონის ბრინჯაოს ანთროპომორფულ ქანდაკებასთან [გ.ჯავახიშვილი, 1980: 54]. ჩვენი აზრით, გეგუთში მოპოვებული ქანდაკება მიეკუთვნება გვიანიბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანის უკანასკნელ ეტაპს, იგი დამზადებული უნდა იყოს ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში. განხილულ ქანდაკებებს მეტნაკლებად ეტყობა ოსტატთა შესრულების სტილი ინდივიდუალური მანერა პლასტიკურ ფორმათა გამომსახველობა და შინაგანი ხაზობრივი რიტმი. ჩვენს მიერ განხილული ქანდაკებები გვიანიბრინჯაოს და ადრეულირკინის ხანის ძეგლებია. ეს არის ეპოქა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე იწყება პირველყოფილი თემური წყობილების რღვევა, ვითარდება ხელოსნობა, ვაჭრობა, უფრო ინტესიური ხდება მიწათმოქმედება. განვითარების მაღალ დონეს აღწევს კერამიკული წარმოება, რომელიც უკვე ფართოდ იყენებს სწრაფმბრუნავ მორგს. სამარხებში მრავლად გვხვდება ნაირსახოვანი ბრინჯაოს სამკაული. ძვ.წ. XIV ს-დან ჩნდება რკინისაგან დამზადებული იარაღი და განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს აღწევს ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში, რასაც თვალსაჩინოდ მოწმობს ნამოსახლარებსა და სამაროვნებზე მრავლად აღმოჩენილი მრავალფეროვანი რკინის სამეურნეო და საომარი იარაღები. არსებობდა ბრინჯაოს ორნამენტირებული სარტყლების დამზადების ადგილობრივი ცენტრები, რომელიც "კავკასიური ცხოველური სტილის” სახელითაა ცნობილი. ჩამოყალიბდა რელიგიური მსოფლმხედველობა. მზადდება პროცესი ადრეული კლასობრივი სახელმწიფოს შექმნისათვის ყოველივე ამის საფუძველზე ჩამოყალიბებას იწყებს ღვთაებათა სკულპტურული გამოსახულებანი. ქანდაკების განვითარება ორგანულადაა დაკავშირებული კოლხურ ცულებთან, მხატვრულ კერამიკასთან და განსაკუთრებით ბრინჯაოს გრავირებულ სარტყელებთან [მ.ხიდაშელი, 1982], სადაც აშკარაა ბრინჯაოს პლასტიკის მაღალი დონე და რომლებზედაც გვხვდება გრავირებული მითოლოგიური სიუჟეტები, რომელიც ქართულ ფოლკლორში და ზღაპრებშია შემონახული.
დამოწმებული ლიტერატურა
1. შ.ამირანაშვილი, 1971 - შ.ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971
2. ე.ანტონოვა, 1977 - Е.Антонова, Антропоморфная скульптура древних землделсев Передней и Средней Азии, Мос., 1977
3. ვ.ბარდაველიძე, 1957 - В.Бардавелидзе Древнейшие религиозные верования и обрядовое графические искусство, Тб., 1957
4. მ.ბერიშვილი, ზ.სხირტლაძე, 1984 - მ.ბერიშვილი, ზ.სხირტლაძე, თრიალეთის ვერცხლის თასის სიუჟეტურ გამოსახულებათა გაგებისათვის, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები, VI თბ., 1984
5. დ.ბერძენიშვილი, 1985 - დ.ბერძენიშვილი, სამი ანტროფომორფული ქანდაკება ქუთაისის მუზეუმიდან, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, V ქუთ., 1985
6. მ.ივაშჩენკო, 1941 - М.Иващенко, Материалы к изучению культуры Колхов, Грузинских племен, მასალები, საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. II, თბ., 1941
7. ი.კიკვიძე, 1976 - ი.კიკვიძე, მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1976
8. მ.კოსვენი, 1971 - მ.კოსვენი, პირველყოფილი კულტურის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1971
9. ნ.კეჭეღმაძე, 1961 - ნ.კეჭეღმაძე, ფლავიუს არიანე, "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო” თბ., 1961
10. ბ.კუფტინი, 1941 - Б.Куфтин, Археолигические раскопкы в Триалети Тб., 1941
11. ს.მაკალათია, 1926 - ს.მაკალათია, ფალოსის კულტი საქართველოში, მიმომხილველი, თბ., 1926
12. ს.მაკალათია, 1934 - ს.მაკალათია, ხევსურეთი თბ., 1934
13. ჯ.ნადირაძე, 1990 - ჯ.ნადირაძე, საირხე საქართველოს უძველესი ქალაქი, წიგ., I თბ., 1990
14. ჯ.რუხაძე, 1966 - ჯ.რუხაძე, ქართული ხალხური დღესასწაული, თბ., 1966
15. ჯ.რუხაძე, 1982 - ჯ.რუხაძე, ვანის დღირის ფურცლები, თბ., 1982
16. ე.ტაილორი, 1989 - Э.Тайлор, Первобытная культура, Мос., 1989
17. დ.ტომპსონი, 1958 - Д.Томлсон, Иследования по истории древнегреческого обшества, Мос., 1958
18. ნ.ურუშაძე, 1988 - Н.Урушадзе, Древнегрузинское пластическое искусство, Тб., 1988
19. კ.ფიცხელაური, 1973 - კ.ფიცხელაური, არმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ.წ. XV-VII სს.) თბ., 1973
20. ქართლის ცხოვრება, 1975 - ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერების მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ.I თბ., 1975
21. ლ.შტერიბერგი, 1936 - Л.Штериберг, Первобитная религия, Лен., 1936
22. ტ.ჩუბინაშვილი, 1978 - ტ.ჩუბინაშვილი, ერთი დათარიღების ცდა ნაყოფიერების კულტის ისტორიიდან, საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, I, თბ., 1978
23. ლ.წითლანიძე, 1976 - ლ.წითლანიძე, ხევის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1978
24. ნ.წულუკიძე, 2014 - ნ.წულუკიძე, ქართული მითოსის ინდური ფესვები, თბ., 2014
25. მ.ხიდაშელი, 1982 - მ.ხიდაშელი, ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეული რკინის ხანაში, თბ., 1982
26. მ.ხიდაშელი, 1984 - М.Хидашели, Антропоморфные божества ранеземледельческих рлемен южного кавказа, კავკასიურ - აღმოსავლური კრებული, თბ., 1984
27. გ.ჯავახიშვილი, 1980 - გ.ჯავახიშვილი, ოთხი ანთროპომორფული ფიგურა, კრებული ,,ძეგლის მეგობარი”, N54 თბ., 1980
28. გ.ჯავახიშვილი, 1984 - გ.ჯავახიშვილი, ანთროპომორფული პლასტიკა წარმართული ხანის საქართველოში, თბ., 1984
29. ივ.ჯავახიშვილი, 1979 - ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თბ., 1979
30. ელ ბმული: http://abuladze1973.blogspot.com/p/blog-page_26.html
|