topmenu

 

ჯრუჭის მონასტერი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ჯრუჭის მონასტერი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ.577, თბ., 1987 წელი.

ჯრუჭის მონასტერი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს საჩხერის რაიონში, მდ.ყვირილის მარჯვენა შენაკადის - ჯრუჭულის სათავეში. სამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (გადაკეთებულია XIX საუკუნეში), რომლის კედლებზე ლაპიდარული წარწერებია. მომდევნო ხანებში მონასტერი მოიშალა. განახლდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნის დასასრულს ჯრუჭულის ხეობა რაჭის ერისთავებისა და წერეთელთა სათავადო სახლის საცილობელ ტერიტორიად იქცა, რის გამოც იგი უკვე ციხესიმაგრის დანიშნულებას ასრულებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში სოლომონ I-მა ჯრუჭის მონასტერი აღადგინა, ხოლო შემდეგ წერეთლების საგვარეულოს მისცა აქ დასაფლავების ნება. 1810 წელს მონასტერი უკვე დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა ზემო იმერეთსა და რაჭაში. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ ჯრუჭის მონასტერი წერეთლების საგვარეულო საკუთრებად იქცა. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების სხვა ნაგებობების ნაშთებიც.

თ.ბერაძე

ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერი X საუკუნეშია დაარსებული. იგი მდებარეობს ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯრუჭულას ხეობაში, რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობის დასასრულზე. ჯრუჭის მონასტრის აშენებას რაჭის ერისთავს მიაწერენ. შემდეგ იგი ფალავანდიშვილებს ეკუთვნოდა, ხოლო XVII საუკუნიდან წერეთლების ხელში ვხედავთ. XVIII საუკუნეში ჯრუჭის მონასტერს რაჭის ერითავი და თავადი წერეთლები ეცილებოდნენ ერთმანეთს.  XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იმერეთის მეფე სოლომონ I - მა მონასტერი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ამის შემდეგ ამ წმინდა სავანემ აღორძინება დაიწყო. XIX საუკუნეში ჯრუჭის მონასტერს მრავალი გლეხი ეკუთვნოდა ზემო იმერეთსა და რაჭაში, დიდ ფართობს მოიცავდა მისი კუთვნილი სავარგულები და ტყეები. მის აღორძინებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დავით მიტროპოლიტმა (წერეთელმა). ჯრუჭის მონატრის ეკლესია გუმბათიანი ბაზილიკა იყო. ნაგები თლილი ქვისა და კირისაგან, 1968 წლამდე გადახურული სპილენძის ფურცლით. იქვე იყო სამრეკლო და სხვა სამონასტრო ნაგებობანი. მონასტრის კედლებზე არსებობდა რამდენიმე ლაპიდარული წარწერა და ბარელიეფი. ჯრუჭის მონასტერში თავადი წერეთლები და თვით მონასტერში მოღვაწე სამღვდელო პირები არიან დასაფლავებული. თუმცა აქვე განისვენებენ წერეთლებთან დაკავშირებული სამეფო გვარის წარმომადგენლებიც, კერძოდ, იმერეთის მეფეები, მამა-შვილი გიორგი VII (მეფობდა 1741 წ.) და დავით II (მეფობდა 1784-1789 წ.წ.), დავით II-ის ასული მზეხათუნ ბატონიშვილი. აქვე განისვენებენ მონასტრის არქიმანდრიტები, მათ შორის მიტროპოლიტი სვიმონ აბაშიძე, მიტროპოლიტი დავით წერეთელი, სხვა წინამძღვრები და მღვდელ-მონაზვნები. ჯრუჭის მონასტერმა შემოგვინახა უნიკალური ხელნაწერები ("ჯრუჭის I სახარება" და "ჯრუჭის II სახარება", სხვა ძვირფასი წიგნები, კრებულები და სიგელები). მონასტერი სავსე ყოფილა უმშვენიერესი ხატებით, ვერცხლითა და ოქროთი შემკული საეკლესიო ინვენტარით. ჯრუჭის მონასტერმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა ქრისტიანულმა ცენტრმა, კულტურულმა კერამ და ისტორიულმა ძეგლმა XIX საუკუნეშივე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. მას იკვლევდნენ მარი ბროსე, დიუბუა დე მონპერე, დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ალექსანდრე ხახანაშვილი, პავლე ინგოროყვა და სხვანი. ჯრუჭის მონასტრის, მისი ხელნაწერების შესწავლასა და დაცვაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს. მან 1919 წელს მოინახულა მონასტერი, აღწერა იგი, მისი ხელნაწერები, ხატეები და საეკლესიო ნივთები. თან წამოიღო იქიდან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში უნიკალური წიგნები და სიგელ-გუჯრები. XX საუკუნის 20-იან წლებში ჯრუჭის მონასტერი, მისი წარწერები და შემორჩენილი საეკლესიო ნივთები აღწერა გიორგი ბოჭორიძემ. 1991 წლის მიწისძვრამ ჯრუჭის მონასტერი ნანგრევებად აქცია. 2011 წელს იგი ნანგრევებისგან ნაწილობრივ გაიწმინდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა მონასტრის რეაბილიტაციის პროექტი, რომელის მიხედვითაც ჯრუჭის მონასტერი უახლოეს წლებში უნდა აღადგინონ.

გ.ჩიღვინაძე

 

 

 

 

********************************************************************************

გივი ჩიღვინაძე - დავით მიტროპოლიტი // "ART ხომლი": საზოგადოებრივ - კულტურული ჟურნალი. თბილისი, 2013. მარტი. - N3. - გვ.28-32

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ერთი უავტორო ხელნაწერია (ფონდი, N1516). მასში ჯრუჭის მონასტრის ამაღორძინებლისა და არქიმანდრიტის, სამეგრელოს ჭყონდიდლისა და იმერეთის ეპისკოპოსის დავით მიტროპოლიტის (წერეთლის) ცხოვრების ეპიზოდები და ჯრუჭის მონასტრის საისტორიო ცნობებია გადმოცემული. აქვე ისე სახალისოდ და ლამაზადაა აღწერილი მეუფე დავითის თბილისში მგზავრობა, რომ შეიძლება ცალკე მოთხრობად წარმოვადგინოთ...<<ტექსტი სრულად აქ...<<

*********************************************************************************

გივი ჩიღვინაძე - ჯრუჭის მონასტრის ისტორიისათვის // "ისტორიანი": ისტორიულ - შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2012. თებერვალი. - N2 (14). - გვ.57-61.

ცოტა რამ ისტორიიდან. ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერს X-XI საუკუნეში დაარსებულად მიიჩნევენ. იგი მდებარეობს ზემო იმერეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯრუჭულას ხეობაში, რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობის დასასრულზე. ჯრუჭის მონასტრის აშენებას რაჭის ერისთავს მიაწერენ. შემდეგ იგი ფალავანდიშვილებს ეკუთვნოდა, ხოლო XVII საუკუნიდან წერეთლების ხელში ვხედავთ...<<ტექსტი სრულად აქ...<<

*********************************************************************************

მაია ქებულაძე - ჯრუჭის მონასტრის არქიტექტურულ ნაგებობათა ისტორიისათვის//ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XXI, ქუთაისის, 2011, გვ.113-119

1991 წელს საქართველოში მომხდარმა მიწისძვრამ შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, დააზიანა ბევრი შენობა, ზოგი კი ერთიანად დაანგრია. სამწუხაროდ, სწორედ ეს ბედი ეწია ზემო იმერეთისა და რაჭის საზღვარზე მდებარე ჯრუჭის მონასტერს. უდიდესი წარსულის მქონე ძეგლის მძიმე ხვედრმა კიდევ უფრო აუცილებელი გახადა მისი ისტორიის გამოკვლევა. ჯრუჭის მონასტერი ეპიგრაფიკული წყაროების მონაცემებით XI საუკუნეშია აგებული [7, გვ.:139,156-157]...<<ტექსტი სრულად აქ...<<