topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გ.ჩიღვინაძე - ჯრუჭის მონასტრის ისტორიისათვის
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


1.ჯრუჭის მონასტერი 1941 წელს

გივი ჩიღვინაძე - ჯრუჭის მონასტრის ისტორიისათვის // "ისტორიანი": ისტორიულ - შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2012. თებერვალი. - N2 (14). - გვ.57-61.

ცოტა რამ ისტორიიდან. ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერს X-XI საუკუნეში დაარსებულად მიიჩნევენ. იგი მდებარეობს ზემო იმერეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯრუჭულას ხეობაში, რაჭის ქედის სამხრეთი ფერდობის დასასრულზე. ჯრუჭის მონასტრის აშენებას რაჭის ერისთავს მიაწერენ. შემდეგ იგი ფალავანდიშვილებს ეკუთვნოდა, ხოლო XVII საუკუნიდან წერეთლების ხელში ვხედავთ. XVIII საუკუნეში ჯრუჭის მონასტერს რაჭის ერითავი და თავადი წერეთლები ეცილებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის მიმდინარე ბრძოლის დროს ნასოფლარებად იქცნენ მონასტრის მიმდებარე სოფლები. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იმერეთის მეფე სოლომონ I - მა მონასტერი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ამის შემდეგ ამ წმინდა სავანემ აღორძინება დაიწყო და მისი ხელშეწყობით მონასტრის კუთვნილი მიმდებარე სოფლებიც მოხვა, უზუმთა, ცხომარეთი და ყვიჩორი თავიდან დასახლდა. XIX საუკუნეში ჯრუჭის მონასტერს მრავალი გლეხი ეკუთვნოდა ზემო იმერეთსა და რაჭაში, დიდ ფართობს მოიცავდა მისი კუთვნილი სავარგულები და ტყეები. 1991 წლის მიწისძვრამ მონასტერი ნანგრევებად აქცია. 2011 წელს გაიწმინდა მიწისძვრისაგან დანგრეული ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერი. სამუშაოებს აწარმოებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულის სააგენტოს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმა "არქიტექსი". სამწუხაროდ, გაწმენდითი სამუშაოები მეტად ნაჩქარევად, უყურადღებოდ და ისტორიული ძეგლისათვის შეუსაბამო ფორმით ჩატარდა. არ წარმოებდა არქეოლოგიური გამოკვლევა, ერთ-ერთი ძველი წარწერა, რომლებიც უცხოელ და ქართველ მკვლევარებს (მარი ბროსე, გიორგი ბოჭორიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ვალერი სილოგავა და სხვანი) აქვთ აღწერილი, აღარ აღმოჩნდა ტაძრის გაწმენდის შემდეგ, აღარ ჩანს ტაძრის კედლებში ჩატანებული რამდენიმე ქანდაკება. ნანგრევების აღების დროს უყურადღებობის გამო გაითხარა რამდენიმე ძველი სამარხი. დაზიანებულია არქეოლოგიური ფენები. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ჯრუჭის მონასტრის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციაზე. უცილებელია, ამჯერად მაინც მოხერხდეს არქეოლოგიური გამოკვლევა, სარეაბილიტაციო პროექტსაც სრულყოფილი სახე მიეცეს და ამ უმნიშვნელოვანესი ძველი კულტურული ძეგლისა და საეკლესიო ცენტრის სრულფასოვან აღდგენაზეც დროულად ვიზრუნოთ. ჯრუჭის მონატრის ეკლესია გუმბათიანი ბაზილიკა იყო. ნაგები თლილი ქვისა და კირისაგან, 1968 წლამდე გადახურული სპილენძის ფურცლით. იქვე იყო სამრეკლო და სხვა სამონასტრო ნაგებობანი. მონასტრის კედლებზე არსებობდა რამდენიმე ლაპიდარული წარწერა და ბარელიეფი. ჯრუჭის მონასტერში თავადი წერეთლები და თვით მონასტერში მოღვაწე სამღვდელო პირები არიან დასაფლავებული. თუმცა აქვე განისვენებენ წერეთლებთან დაკავშირებული სამეფო გვარის წარმომადგენლებიც, კერძოდ, იმერეთის მეფეები, მამა-შვილი გიორგი VII (მეფობდა 1741 წ.) და დავით II (მეფობდა 1784-1789 წ.წ.), დავით II-ის ასული მზეხათუნ ბატონიშვილი, რომელიც სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის ვაჟის სვიმონის მეუღლე იყო. აქვე არიან დაკრძალულნი იმერეთის სამეფოს ზემო მხრის სარდლები პაპუნა და ქაიხოსრო წერეთლები, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი და მისი მეუღლე თამარ დადიანის ასული, მათი ძე გრიგოლი, ასული ქეთევანი - ქართლ-კახეთის მეფის გიორგის XII-ის რძალი, ბატონიშვილ იოანეს მეუღლე. აგრეთვე წერეთელთა სათავადო სახლის სხვა წევრები, რომლებსაც იმერეთის მეფის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირათ. აქვე განისვენებენ მონასტრის არქიმანდრიტები, მათ შორის მიტროპოლიტი სვიმონ აბაშიძე, მიტროპოლიტი დავით წერეთელი, სხვა წინამძღვრები და მღვდელ-მონაზვნები. ჯრუჭის მონასტერმა შემოგვინახა უნიკალური ხელნაწერები ("ჯრუჭის I სახარება" და "ჯრუჭის II სახარება", სხვა ძვირფასი წიგნები, კრებულები და სიგელები). მონასტერი სავსე ყოფილა უმშვენიერესი ხატებით, ვერცხლითა და ოქროთი შემკული საეკლესიო ინვენტარით. აღსანიშნავია, რომ ამ მონასტრის სიძველებიდან ზოგიერთი ქართულ განძთან ერთად საფრანგეთშიც კი მოხვდა და შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილის წყალობით უკან დაბრუნდა. ჯრუჭის მონასტერმა, როგორც უმნიშვნელოვანესმა ქრისტიანულმა ცენტრმა, კულტურულმა კერამ და ისტორიულმა ძეგლმა XIX საუკუნეშივე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. მას იკვლევდნენ მარი ბროსე, დიუბუა დე მონპერე, დიმიტრი ბაქრაძე, თედო ჟორდანია, ალექსანდრე ხახანაშვილი, პავლე ინგოროყვა და სხვანი. ჯრუჭის მონასტრის, მისი ხელნაწერების შესწავლასა და დაცვაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს. მან 1919 წელს მოინახულა მონასტერი, აღწერა იგი, მისი ხელნაწერები, ხატეები და საეკლესიო ნივთები. თან წამოიღო იქიდან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში უნიკალური წიგნები და სიგელ-გუჯრები. XX საუკუნის 20-იან წლებში ჯრუჭის მონასტერი, მისი წარწერები და შემორჩენილი საეკლესიო ნივთები აღწერა გიორგი ბოჭორიძემ. საბჭოთა პერიოდში თავისი წერილებით დიდი ამაგი დასდო ჯრუჭის მონასტრის დაცვასა და სათანადო მოვლის საქმეს ნოდარ სივსივაძემ. მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევები აქვს ამ საეკლესიო სავანის შესახებ ქუთაისის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-მუშაკს ქალბატონ მაია ქებულაძეს. რამდენიმე წერილი მიუძღნა მას ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ბატონმა მერაბ კეზევაძემ. 2008 წელს ამ მონასტერზე გამოცემული მასალა შეკრიბა და ისტორიული ნარკვევი გამოსცა ტრისტან მაჭარაშვილმა. მიუხედავად ამისა, ჯრუჭის მონასტერი და მასზე არსებული საარქივო მასალა ჯერ კიდევ არაა სათანადოდ გამოკვლეული. ჩვენ ვცდილობთ ამ ნაკლის შევსებას და ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ტოპონიმ `ჯრუჭის~ ეტიმოლოგიასა და ბოლო ხანს აღმოჩენილ წარწერაზე.

2.ჯრუჭის მონასტრის ბარელიეფი

ტოპონიმ “ჯრუჭის” ეტიმოლოგია. ზემო იმერულ ტოპონიმებს შორის “ჯრუჭი” მეტად უცნაურად ეჩვენებათ და ჯერ თითქმის არავის უცდია მისი ახსნა. ჩვენი აზრით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ზემო იმერეთში და კერძოდ, ჯრუჭის მონასტრის ახლომდებარე ტერიტორიებზე საკმაოდ გავრცელებულ ტოპონიმებს: “ღრუჭი”, “ღრუჭები”, “ღრუჭუნი”, “ღრუჭუნოღელე” და მისთანანი. კერძოდ, ტოპონიმი “ღრუჭი” მინდვრის სახელად გვხვდება კაცხსა და ქვედა ჭალოვანში, სახნავის სახელად ნავარძეთსა და თვალუეთში, ტყის სახელად ღვითორში. გვხვდება აგრეთვე “ღრუჭის ყანა” მინდვრის სახელად ზედა ჭალოვანსა და ზოდში, “ღრუჭყანა” სახნავის სახელად ქვედა ჭალოვანში, აქვეა “ღრუჭყანის ტბა”. სოფელ წირქვალში არსებობს “ღრუჭების უბანი”, “ღრუჭების ვენახი”, “ღრუჭების ორშარა” (ყველა ჭიათურის მუნიციპალიტეტი); “ღრუჭუნო ღელე” არის სოფელ ქვემოხევში (ჯრუჭის მონასტრიდან სამი კილომეტრის დაცილებით), “ღრუჭუღელე” ბაჯითში, “ღრუჭუნი” ღელის სახელად და “ღრუჭუნები” სახნავის სახელად გვხვდება მოძვში (ყველა საჩხერის მუნიციპალიტეტი), “ღრუჭუნი” დაბლობის სახელად - ლეღვანში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) (1, გვ.215-216). როგორც ვხედავთ, აღნიშნულ რეგიონში მსგავსი სახელები საკმაოდ მრავალრიცხოვანია. იმასაც ადვილად შევნიშნავთ, რომ ყველა დასახელებული ტოპონიმის ამოსავალი ფორმაა “ღრუჭი”. ეს სახელი ძირითადად ზემო იმერეთში ფიქსირდება ანუ ზემოიმერული დიალექტური წარმონაქმნია, თუმცა მსგავსი სიტყვები რაჭულ დიალექტშიც გვხვდება. გვახსენდება კიდეც ამ სიტყვის მსგავსი სიტყვების (ღრუჭუმი, ღრუჭე) გამოყენების შემთხვევები ჩვენი სოფლის (საჩხერის რაიონის სოფელი მოხვა, ჯრუჭის მონასტრის ახლოს) წარმომადგენელთა მეტყველებაში. ასე უწოდებიათ ჩავარდნილი, ძნელად გასავალი ხევებისთვის, არა როგორც სახელი, არამედ როგორც ადგილის დამახასიათებელი სიტყვა. რას ნიშნავს “ღრუჭი”? ძნელი არაა ამ სიტყვის მნიშვნელობის წარმოდგენა. იგი ნიშნავს მკვეთრად ჩაღრმავებულ ადგილს, თუნდაც ხევს, უფრო მეტად წყლიანს. მისი ზუსტი ახსნა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულში არ გვხვდება, განმარტებულია მხოლოდ მსგავსი სიტყვა “ღრუჭუმი”: "ღრუჭუმ"-ი (ღრუჭუმისა) კუთხ. (რაჭა) “ბუნებრივი ორმოები სათიბში” (თ. ბერ.) (2, გვ.483.). ასეთი ბუნებრივი ორმოები მრავლად გვინახავს რაჭის ქედზე, უმეტესად ხიხამთაზე, ისინი ჩვეულებრივი ორმოები არ უნდა გვეგონოს, საკმაოდ ვრცელი ჩავარდნილი ადგილებია, რომლის ერთი ნაპირიდან მეორემდე შეიძლება 100-150 მეტრი იყოს. ხოლო ზემოიმერულ ლექსიკონში მოცემული “ღრუჭის” სახეცვლილი ფორმები ნიშნავს: “ღრუჭმული” - ბუნებრივად ჩავარდნილი დაბლობი ადგილი. “ღრუჭმული დაბლობი ადგილია, დაწეულია თავისთავა”. “ღრუჭული” იგივეა, რაც “ღრუჭმული”. “ამ სერის დაბლა არის ღრუჭული”. (3, გვ.418). რაჭული დიალექტის ლექსიკონში “ღრუჭუმი” || “ღრუჭუმო” - ბუნებრივი პატარა ჩაღრმავებული ადგილი, ორმოა (4, გვ.113). აღნიშნული ლექსიკონებითაც დასტურდება, რომ “ღრუჭი”, “ღრუჭო”, “ღრუჭმული”, “ღრუჭუნო” ჩაღრმავებულ, ჩავარდნილ ადგილს ნიშნავს. ჯრუჭის მონასტრის ახლოს მრავალი ხევი და ჩაღრმავებული ადგილი შეიძლება მოვიძიოთ, რომელსაც შეიძლება სახელი “ღრუჭი” მიესადაგოს. ასეთად შეიძლება წარმოვიდგინოთ მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჯრუჭულის ხეობის მართლაც ღრმად ჩაწეული თვალწარმტაცი მონაკვეთი ან წყალფენილას ხევის რომელიმე ღრმა ნაწილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადგილების სახელი შემდეგ დღევანდელი მონასტრის ტერიტორიაზეც გავრცელდა ან შედარებით პატარა ზომის ასეთი ჩავარდნილი ადგილი ადრე თვით მონასტრის ტერიტორიაზე იყო და “ღრუჭი” ეწოდებოდა. თუ როგორ მივიღეთ “ღრუჭი”-დან “ჯრუჭი” ეს ადვილი ასახსნელია. მოხდა ბგერათა ნაწილობრივი ასიმილაცია – ბგერა ღ ნაწილობრივ დაემსგავსა ჭ-ს და მივიღეთ ჯ, “ღრუჭი” > “ჯრუჭი”. უფრო მეტიც, ისევ ზემო იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, იქ სადაც მსგავსი სახელები მრავლად დასტურდება, სოფელ კვახაჯელეთში გვხვდება ჰიდრონიმი “ჯრუჭიღელეც” (1, გვ.257). კვახაჯელეთი ზედა და ქვედა ჭალოვანის დაბლა მდებარეობს. საფიქრებელია, რომ “ჯრუჭიღელე” იმ ადგილებიდან მოდის, რომლებსაც ქვედა ან ზედა ჭალოვანში “ღრუჭი”, “ღრუჭის ყანა” ან “ღრუჭყანის ტბა” ეწოდება. ეს კი დასტურია იმისა, რომ ტოპონიმიდან “ღრუჭი” არა მარტო ჯრუჭის მონასტრის ტერიტორაზე მივიღეთ “ჯრუჭი”, არამედ მისგან საკმაოდ შორს, ჭიათურის რაიონის სოფელ კვახაჯელეთში. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დღევანდელი ჯრუჭის მონასტრის ადგილას ან მის შორიახლოს არსებობდა ჩაღრმავებული ადგილი ან ხევი სახელწოდებით “ღრუჭი”, რომლისგანაც მიღებული “ჯრუჭი” მრავალსაუკუნოვანი მონასტრის სახელად მოგვევლინა.

3.ახლად აღმოჩენილი წარწერა

ჯრუჭის მონასტრის ახლად აღმოჩენილი წარწერა. მიწისძვრისაგან დანგრეული მონასტერი რამდენიმე წლის წინათ იქ მოღვაწე ბერებმა და მორჩილებმა ნაწილობრივ გაწმინდეს. შენობის გარეთ დაცვენილი ქანდაკებებიანი, ჩუქურთმიანი და სამშენებლო ქვები, რკინის ნივთები და სხვა მასალები ცალკე დააწყეს და მონასტრის ეზო მოაწესრიგეს. 2009 წლის 23 აგვისტოს ჩვენ აქ ვნახეთ ქვა ასომთავრული წარწერით, რომელიც, როგორც ჩანს, კედელში კირის ფენით იყო დაფარული და აქამდე ჯრუჭის მონასტრის არცერთ მკვლევარს არა აქვს აღწერილი. ჯრუჭის მონასტერის ყოფილმა წინამძღვარმა, ამჟამად ბარსელონას ქართული ეკლესიის არქიმანდრიტმა მამა ლუკა ფალავანდიშვილმა შემატყობინა, რომ ეს წარწერიანი ქვა დანგრეული ტაძრის ახლოს უნახავთ და სამრეკლოს კედელთან გადმოუტანიათ. აი, ამ ქვაზე არსებული წარწერა:

წ(მიდა)ო გ(იორგ)ი ა(დიდენ)

არსენ

მამად

მთავა

რი

“წმინდაო გიორგი ადიდენ არსენ მამადმთავარი”.

მამადმთავარი ეწოდებოდა ადრე და შუა საუკუნეებში კათოლიკოსს, იშვითად ამ სახელით ეპისკოპოსს, მთავარეპისკოპოსს ან მონასტრის წინამძღვარს (არქიმანდრიტს) მოიხსენიებდნენ. კათოლიკოსებს შორის 5 არსენი გვყავს: არსენ I დიდი (საფარელი) - დაახლ. 860-887 წ.წ., არსენ II - დაახ. 955-980წწ., არსენ III - XIII საუკუნის 20-30-იანი წწ., არსენ IV (ბულმაისიმისძე) - 1241/42-1249/50 წწ., დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი არსენი - 1390 წ. აქედან პირველი ორი ქართლის კათოლიკოსები არიან, არსენ III და არსენ IV - ერთიანი საქართველოს პატრიარქები, მეხუთე არსენი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსია, თანაც მცირე ხნით. ამ სახელის მატარებელი ეპისკოპოსებიდან და მთავარეპისკოპოსებიდან არავინ ჩანს ამ სავანესთან დაკავშირებული. თანაც ეპისკოპოსი და მონასტრის წინამძღვარი ასეთი პატივდებით არ უნდა იყოს მოხსენიებული. სავარაუდოა, რომ ჯრუჭის მონასტის ახლადაღმოჩენილ წარწერაში ზემოთ ნახსენები პატრიარქებიდან რომელიმე იხსენიება (მიუხედავად იმისა, რომ არსენ I და არსენ II ქართლის კათალიკოსები არიან, ჯრუჭის მონასტერთან მათი კავშირი მაინც დასაშვებია). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სიტყვა "მამადმთავარი" ამ ფორმით უფრო ადრეულ საუკუნეებში იხმარება. ჩვენი პალეოგრაფები ამ წარწერას ასოთა მოხაზულობის მიხედვით X საუკუნის II ნახევრით ათარიღებენ. აქედან გამომდინარე, იგი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანია ჯრუჭის მონასტრის წარწერათა შორის და მონასტრის დაარსების დროსაც აზუსტებს. კერძოდ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯრუჭის მონასტერი X საუკუნის II ნახევარში უკვე არსებობდა და ქართლის კათალიკოსს არსენ II-ს მის აშენებასა თუ განახლებაში გარკვეული წვლილი შეუტანია.

გამოყენებული ლიტერატურა

1.საქართველოს სსრ ტოპონიმია, ტ.I, ზემო იმერეთი, თბილისი, 1987 წ.

2.ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ.VII, თბილისი, 1962 წ.

3.ქეთევან ძოწენიძე, ზემოიმერული ლექსიკონი, თბილისი, 1974 წ.

4.რაჭული დიალექტის ლექსიკონი, თბილისი, 1987 წ.