topmenu

 

გ.ჩიღვინაძე - დავით მიტროპოლიტი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

გივი ჩიღვინაძე

დავით მიტროპოლიტი

"ART ხომლი": საზოგადოებრივ - კულტურული ჟურნალი. თბილისი, 2013. მარტი. - N3. - გვ.28-32

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ერთი უავტორო ხელნაწერია (ფონდი, N1516). მასში ჯრუჭის მონასტრის ამაღორძინებლისა და არქიმანდრიტის, სამეგრელოს ჭყონდიდლისა და იმერეთის ეპისკოპოსის დავით მიტროპოლიტის (წერეთლის) ცხოვრების ეპიზოდები და ჯრუჭის მონასტრის საისტორიო ცნობებია გადმოცემული. აქვე ისე სახალისოდ და ლამაზადაა აღწერილი მეუფე დავითის თბილისში მგზავრობა, რომ შეიძლება ცალკე მოთხრობად წარმოვადგინოთ.

1. ჯრუჭის მონასტერი

დავით მიტროპოლიტი იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ წერეთლის შვილი იყო. მან იმერეთის მეფის სოლომონ მეორის დროს მიიღო მიტროპოლიტის ხარისხი. ყველაზე დიდხანს ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტად მოღვაწეობდა. მის დროს მეტად გაძლიერდა და გამდიდრთა X საუკუნეში დაარსებული და სოლომონ I - ის დროს აღორძინებული წმინდა სავანე. შემდეგ მეუფე დავითი სამეგრელოს ეპისკოპოსი ანუ ჭყონდიდელი გახდა, ბოლოს კი იმერეთის ეპისკოპოსი. ამაყი მიტროპოლიტი საქართველოს ეგზარქოსს ისიდორეს (ნიკოლსკის) თითქმის არ ემორჩილებოდა, მაგრამ ერთხელ კი წასულა მასთან შესახვედრად თბილისში. თან ახლდნენ თურმე ერთი ბერი, სამღვდელოები და ჩვიდმეტამდე მოსამსახურე. გაუვლიათ მგზავრებს ქართლი და მცხეთის ხიდთან ჩამომხტარან წყლის დასალევად. მსახურებს მალე გაუგრძელებიათ გზა, დავით მიტროპოლიტი და სამღვდელონი კი კარგა ხანს შეჩერებულან. მოსამსახურეთა წასვლის შემდეგ მღვდელმთავარს კიდევ ერთი კაცი დაუწინაურებია, რათა თბილისში ბინა მოემზადებინა. ეს კაცი დასწევია წინ წასულ მოსამსახურეებს და უნახავს, რომ ისინი მცხეთასთან გაუძარცვავთ. იგი მაშინვე უკან დაბრუნებულა და მიტროპოლიტისთვის შეუტყობინებია ეს ამბავი. მეუფე დავითს დაუძახნია, ჩქარა გარჯილა მომგვარეთო. ასე რქმევია მის ერთ დიდ ცხენს. შეჯდა თურმე ამ მაღალ ცხენზე თავადაც მეტად მაღალი მიტროპოლიტი და გაქანდა წინ. იმ დროს მისულა მსახურებთან, როცა ყველაფერი წაერთმიათ და სცემდნენ. მეუფე დარევია მძარცველებს, ცხენს აჯახებდა და ძირს სცემდა თურმე ყველას. მცხეთის მცხოვრებლები მტკვარს მოდგომოდნენ და ხედავდნენ, თუ როგორ დაფინა ერთმა ცხენზე ამხედრებულმა მხედარმა მომხვდურები. ხალხი კიდევ გროვდებოდა ჩხუბის ადგილას, მაგრამ ვინც დავითს მიუახლოვდებოდა, ცხენის დატაკებით იცილებდა. ხელთ ერთი მომსხმო ჯოხი ეჭირა და ვისაც დაკრავდა, ფეხზე ვერ ჩერდებოდა. ყველას აფრთხობდა აქლემის სიმაღლე ცხენზე ალვის ხის სიმაღლე დავით მიტროპოლიტი. ამ დავიდარაბის შემყურე მთელი მცხეთის თავად-აზნაურობა და გლეხობა გადასულა ხიდზე ბარის ტარებით შეიარაღებულები, ძახილით, ჰკარით მაგ ხუცესსო, მიახლოებიან მოჩხუბრებს. იცნო თურმე მოხუცმა თავადმა გედევანიშვილმა დავით მიტროპოლიტი და დაიყვირა: გაგვიწყრა ღმერთი, ეს ხომ დავით მიტროპოლიტია, წერეთელიო. ამის გაგონებაზე ყველა გაჩერებულა. მცხეთელებოო, უკითხავს მათვის მეუფე დავითს, რას გვერჩოდით, რა დავიშავეთ, ჩემი მსახურების გალახვას ძვირად დაგიჯენთო. მცხეთელები შეშინებულან, პასუხი ვერავის გაუცია, წელში მოკაკვულან და ხელზე ამბორის ყოფა მოუნდომებიათ მეუფისათვის, მაგრამ ვერ გაუბედავთ. ცოტა ხნის შემდეგ, გაშორებია მათ დავით მიტროპოლიტი და წასულა თბილისისკენ თავის მსახურებთან ერთად. ჩხუბის მიზეზი კი აი, რა ყოფილა: წინა დღეებში ადიდებულ მტკვარში ირემი ჩავარდნილა. მთელი მცხეთის მცხოვრებნი ორივე ნაპირზე დასდევნებიან წყალწაღებულ ცხოველს. ზოგს ქვები უსვრია, ზოგს კეტები, მაგრამ “ვერ დაურჩენიათ”. ამ დროს გზად თბილისიდან ერთი იმერელი მოდიოდა თურმე. მცხეთის ხიდიდან უსვრია თოფი ირმისთვის და მოუკლავს. მდინარეს ცხოველი ნაპირთან მიუგდია და მცხეთელებსაც შველებიათ - ირემი წყლიდან გამოუტანიათ. იმერელს იმდროინდელი წესისამებრ, როგორც ირმის მომნადირებელს, ცხოველის თავი მოუთხოვია, მაგრამ არ მიუციათ. მერე უთქვამს, ერთი ყური და ერთი ფეხი მაინც მომიჭერითო. მცხეთელებს ესეც არ მიუციათ და პანღურიც კი უკადრებიათ შორს მიმავალი მგზავრისათვის. იქიდან წამოსულ გაბრაზებულ იმერელს ერთი ძეგველი გლეხი უნახავს, რომელსაც ნაბადი მიეკიდა ხეზე. იმერელს ხესთან ცხენი მიუგდია და ნაბადი ჩამოუღია. რას შობი, კაცოო? დაეძახნა ძეგველს. რა ვშობი და ქე მიმაქვს შინაო, უპასუხნია იმერელს. რათაო? _ ეძახის თურმე გლეხი. მცხეთაში ირემი მოვკალი, “მოსამკვლელო” არ მომცეს და ეს მიმაქვს მაგიერადო. ძეგველი ლანძღვით დასდევნებია, ცეტო იმერელო, მე რას მერჩი, ისევ იმათ სთხოვეო! მაგრამ იმერელს ცხენსთვის ქუსლი უკრავს და ნაბადი წაუღია. რაღას იზამდა ძეგველი, იმერელს სადღა იპოვიდა? უჩივლია მცხეთელებისთვის მდივანბეგთან და ნაბდის ფასი, რვა მანეთი გადაუხდევინებია. დაზარალებულ მცხეთელებს სამაგიეროს გადახდა მოუნდომებიათ და დადარაჯებულან, რომ ვინმე იმერელი გაეძარცვათ. სწორედ ამ დროს გამოუვლიათ მიტროპოლიტის მსახურებს ბარგით... მდივანბეგს იმავე საათში შეუტყობინებია თბილისის გუბერნატორსთვის მიტროპოლიტსა და მცხეთელებს შორის მომხდარი ჩხუბის ამბავი. გუბერნატორსაც არ გაუჩერებია ეს საქმე და მაშინვე მოუხსენებია მეფისნაცვალ ვორონცოვისთვის, რადგან კარგად იცოდა, ვინ იყო დავით მიტროპოლიტი და რა გავლენა ჰქონდა ვორონცოვის კარზე. მეფისნაცვლის ბრძანებით იმავე ღამეს მცხეთელები ნარიყალას ციხეში ჩაუსვამთ. ეგზარქოს ისიდორეს ბინა გაუმზადებია დავით მიტროპოლიტსთვის და ეტლი მიუგებებია. მიტროპოლიტი ორ კვირას დარჩენილა თბილისში, სადილად ყოველდღე ვორონცოვთან ყოფილა მიწვეული, რომელიც მას დიდი პატივისცემით ეპყრობოდა. დაპატიმრებული მცხეთელების გასათავისუფლებლად ბევრი საპატიო პირი სთხოვდა თურმე ეგზარქოსს შუამდგომლობას დავით მიტროპოლიტთან. როდესაც იმერეთში წასვლა დაუპირებია მეუფე დავითს, გამოთხოვებია ვორონცოვს. მეფისნაცვალს ჭიშკრამდე მიუცილებია. განშორებისას მიბრუნებია მეუფე დავითი და უთქვამს, თქვენო უგანათლებულესობავ, მე როგორც გავიგე, ჩემი გულისთვის მცხეთელები დაგისჯიათო. დიახ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, კომისია დავნიშნე და ყოველივე მოგეხსენებათ, როგორ სასჯელს მიაგებს კანონი მათო. დიდ მადლობას შემოგწირავთო, უთქვამს მეუფე დავითს, მაგრამ მე ვინაიდან ბერი ვარ, ყოველივე უნდა დავთმოო. სჯობს, კანონმა თავისი წესით იმოქმედებსო, უპასუხნია ვორონცოვს. ახლა კი მიძალებია დავით მიტროპოლიტი, - გთხოვთ, განათავისუფლოთ ისინი, მე ბერი ვარ, იოანე ნათლისმცემლის ქუდი მახურავს და მოვალე ვარ, სიკვდილიც დავუთმო შემცოდესო. ეგზარქოსი და გუბერნატორიც იქვე მდგარან. მიბრუნებია ვორონცოვი გუბერნატორს და უთქვამს, დასთმო ყოვლადუსამღვდელოესობამ, გაათავისუფლე ტუსაღებიო. გუბერნატორს სასწრაფოდ გაუთავისუფლებია მცხეთელები. სანამ მიტროპოლიტი თავის ბინაზე მივიდოდა, მცხეთელები იქ დახვედრიან, მადლობა შეუწირავთ და მისევიან ამბორის საყოფად ხელზე, მუხლზე, ვისაც როგორ მოუხერხებია და გაშორებიან დიდი მადლობით. მიტროპოლიტს მათთთვის სამასი მანეთი უბოძებია.

2.ჯრუჭის მონასტერი ხეობიდან

დავით მიტროპოლიტი (წერეთელი) დაიბადა 1781 წელს. სწავლა-განათლება პატარა ასაკიდანვე დაიწყო და თოთხმეტი წლისა უკვე ყველას აკვირვებდა თავისი ნიჭიერებით. შემდეგ იგი გააგზავნეს გელათის მონასტერში მიტროპოლიტ ეფთვიმე შერვაშიძესთან (შემდგომში წმინდა ეფთვიმე გელათელი) და 18 წლის ხელდასხმული იქნა დიაკვნად. ერთი წლის შემდეგ დავითი მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1804 წელს დაინიშნა ჯრუჭის მონასტრის წინამძღვრად და მიიღო არქიმანდრიტის ხარისხი. 29 წლის შესრულების შემდეგ მეფე სოლომონ II-ის წარდგენით მას მიტროპოლიტის წოდება მიანიჭეს. დავითის სანიმუშო მღვდელმთავრად ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მისმავე ნათესავმა დოსითეოს ქუთათელმა (წერეთელმა)(შემდგომში წმინდა დოსითეოსმა). ჯრუჭის მონასტერი დავით მიტროპოლიტს მეტად მოუწყობელი დახვედრია. ყავრით დახურული ტაძარი მისი მეცადინეობით შეკეთდა და სპილენძის ფურცლით გადაიხურა, იატაკი თლილი ქვით დაიგო, ბერებისათვის ქოხების ნაცვლად ახალი სენაკები აიგო. აშენდა ბეღლები, მარანი, საყინულე სარდაფი, სამზარეულო, დაბლა მდინარეზე ქვიტკირის წისქვილი, ხოლო ხეობის მეორე მხარეს აგურის ქარხნები. მონასტრის ეზოში თიხის მილებით შემოიყვანეს ანკარა წყარო. გარშემო ადგილებში გააშენეს ხეხილი, ვენახები, აითვისეს სახნავ-სათესი მიწები და სათიბები. მოშორებულ ქედებზე მონასტრის ნახირი ძოვდა. დავით მიტროპოლიტმა თავისი წვლილი შეიტანა აგრეთვე ჯრუჭის მონასტრის ახლომდებარე სოფლების თავიდან დასახლებასა და აღორძინებაში. დავითის ცხოვრება მისაბაძი იყო. იგი ძალიან ადრე დგებოდა და ლოცულობდა. თავისუფალ დროს მუშაობდა, თვალს ადევნებდა გლეხებს, მამაშვილურად ეპყრობოდა და მუდამ ესაუბრებოდა ღვთის სიტყვის შესახებ. ეხმარებოდა მათ პურის მკისა და ლეწვის დროს, მათთან ერთად კრეფდა ყურძენს და მუშაობდა ყანებში, ვერც წვიმა და თოვლი აშინებდა. წვიმის დროს ხშირად გლეხებთან ერთად სადილობდა სადმე კლდის ან ხის ქვეშ. ღარიბებს ეხმარებოდა ფულით და ავადმყოფებს თავისი ხარჯით არჩენდა. ზოგჯერ სნეულებს თავის ოთახში აწვენდა და თვითონ უვლიდა. ამასთანავე მუდამ ცდილობდა, რომ გზადაკარგულნი და ცოდვილნი სწორ გზაზე დაეყენებინა. იმერეთში 1811-1812 წლების შიმშილობისა და ჟამის დროს დავით მიტროპოლიტს და სხვა გავლენიან პირებს მინდობილი ჰქონდათ მთავრობის დახმარების განაწილება. მიტროპოლიტი თავისი ქონებითაც ეწეოდა ხალხს, განსაკუთრებით ჯრუჭის მონასტრის გლეხებს უხვად ურიგებდა საკუთარ პურსა და ფულს. 1829 წელს ცაიშისა და ჭყონდიდის ეპარქიები გაერთიანდა და საამეგრელოს ეპარქია ეწოდა. ამავე წლიდან დავით მოტრპოლიტმა ჭყონდიდელის წოდება მიიღო და სამეგრელოს ეპარქიას განაგებდა, იწოდებოდა როგორც “მენღრელთა, აფხაზთა, სვანთა, თაკვერთა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი”. რეზიდენციად მარტვილის ტაძარი ჰქონდა. მისი მოღვაწეობა სამეგრელოში 1834 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ ისევ მშობლიურ ჯრუჭის მონასტერში დაბრუნდა. 1843 წელს არქიეპისკოპოს სოფრონის სიკვდილის შემდეგ მას იმერეთის ეპარქია ჩააბარეს. მისი მმართველობის დროს სამეგრელოსა და იმერეთის ეკლესია-მონასტრები შეკეთდა, გამდიდრდა ძვირფასი ხატებითა და სხვა საეკლესიო ინვენტარით. იგი ხშირად მოგზაურობდა თავის ეპარქიაში და ყოველ ღონეს ხმარობდა მღვდელმსახურების ნაკლოვანი მხარეების გამოსასწორებლად. მან გადაარჩინა გელათის მონასტრის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და ღვთისმშობლის ტაძრის მინაშენი დანგრევისაგან, რომელიც იმერეთის სინოდალური კანტორის მოწვეულ რუს არქიტექტორს გადაეწყვიტა. მიტროპოლიტი დავითი იყო მაღალი, კარგი აღნაგობის ხმელი კაცი, ჰქონდა მკვირცხლი და მკაცრი გამოხედვა, მაგრამ ამშვენებდა ალერსიანი ღიმილი. მასში შერწყმული იყო დიდი სიმკაცრე და ლმობიერება. საუბრისას უყვარდა ხუმრობა. იყო ძალიან გონიერი, ამბობდა, წიგნი ცოდნას აძლევს კაცს მხოლოდ, ჭკუა კი თან შობილი საუნჯეა და თუ ადამიანს ეს სიკეთე არ ახლავს, ცოდნა ამაოდ ჩაუვლისო. არ მოსწონდა, როცა დაუმსახურებლად ვინმეს დაჯილდოებას და სამსახურში დაწინაურებას სთხოვდნენ. მტკიცედ ასრულებდა ეკლესიის წესდებას და დიდ ყურადღებას აქცევდა საეკლესიო ქონების დაცვას. ვერ იტანდა უსაქმურობას და წინააღმდეგობას უწევდა ბევრ ამაო ჩვეულებას. მისი უმთავრესი თვისება იყო სიმართლის სამსახური და მოვალეობის მტკიცედ აღსრულება. თუ მღვდლობის მოსურნე პირს ზარმაცობას შეატყობდა, არ აკურთხებდა. დავით მიტროპოლიტი ვერ იტანდა უსაქმურობას და წინააღმდეგობას უწევდა ბევრ ამაო ჩვეულებას. მისი უმთავრესი თვისება იყო სიმართლის სამსახური და მოვალეობის მტკიცედ აღსრულება. თუ მისი მეუფება შეიტყობდა, რომ პირი, რომელიც მღვდლად ეკურთხებოდა, ზარმაცი იყო, არ აკურთხებდა. “ზარმაცობა და მცონარეობა საზარელია, როგორც ერის კაცისათვის, ისე სამღვდელო პირისათვის, ჩვენში მღვდელს არ შეუძლია, მარტო მრევლისაგან მიღებული შემოსავლით იცხოვროს, თუ თვითონაც არ იშრომა. მშრომელი კაცი კეთილის ზნისა არის, ხოლო ზარმაცი ყოფაქცევითაც არ ვარგა, კარგი მღვდელი არ იქნება”, - ამბობდა იგი. ერთი საკვირველი თვისება ჰქონია დავით მიტროპოლიტს: მისთვის საკმაო ყოფილა ერთხელ შეეხედა კაცისათვის, რომ სრულად და შეუმცდარად შეეფასებინა იგი. ერთხელ მიტროპოლიტთან მეტად გრძელწვერა სასულიერო პირი მისულა და მღვდლად კურთხევა უთხოვია. მეუფე დავითს თავის მოსამსახურესთან დაუბინავებია იგი. მომავალი მღვდელი ხშირად ეკითხებოდა თურმე მოსამსახურეს, რას ამბობს ბატონი, ჩემს კურთხევას როდის აპირებსო. თავმობეზრებულ მსახურს უკითხავს მეუფისათვის, რა აზრის ბრძანდებით ჩვენს გრძელწვერა სტუმარზეო. დავით მიტროპოლიტს უთქვამს, დაკვირვებული ვარ, მომეტებული გრძელწვეროსნები მოსულელონი არიანო. მოსამსახურეს სტუმართან დასცდენია მისი ნათქვამი. მღვდლობის მაძიებელს წვერის დამოკლება გადაუწყვეტია, მაგრამ მაკრატლით შეკრეჭა ვერ გაუბედავს, შემეტყობაო და სანთლით მოწვა განუზრახავს. წვერი თითებს შორის მოუქცევია და რაც მეტად მოსჩვენებია გარეთ დაუტოვებია. მისცა სანთლით ცეცხლი თურმე თითებს გარეთ დატოვებულ წვერს, მაგრამ ალმა ხელი დასწვა და დასატოვებლად გამიზნულ წვერსაც გაუშვა. უცებ ცეცხლი მთელ წვერსა და თმაზე მოსდებია. მოსამსახურე მივარდნილა სტუმარს და გადაურჩენია. მას კი ისე დასწვია თმა და წვერი, რომ ხალხში გამოსაჩენი პირი აღარ ჰქონია და გათენებამდე გაპარულა შინ. ყველაზე მეტი შეწირულება ჯრუჭის მონასტრისადმი დავით მიტროპოლიტს გააჩნია: იგი დიდი ბიბლიოფილი ყოფილა, მისი ლოცვა-კურთხევითა და მეცადინეობით XIX საუკუნის პირველ ნახევარში მრავალი საეკლესიო და ისტორიული წიგნი გადაიწერა და განახლდა, ხოლო ჯრუჭის მონასტრის ბიბლიოთეკა მრავალი უნიკალური წიგნით შეივსო. მასვე შეუწირავს მონასტრისათვის ვერცხლით შეჭედილი და ოქროთი დაფერილი ძვირფასი სახარებები, სხვა უმნიშვნელოვანესი წიგნები და ხელნაწერები. ოქროთი შეჭედილი ძვირფასი ხატები, ჯვრები, საზედაშე, სასეფისკვრე ჯამები, საცეცხლურები, შანდლები, ატლასის გარდამოხსნები, დაფარნები, სტიქარები, სამკლავეები, საბუხრეები, სარტყლები და სხვა. დავით მიტროპოლიტს სიკვდილის წინ ანდერძში ასე შეუფასებია თავისი მოღვაწეობა ჯრუჭის მონასტერში: “შიშველი მოვედი მე ამ მონასტერში და ყველაფერი, რასაც დღეს ჰხედავთ, შევიძინე ცალკე ჩემის საკუთარის შრომითა და ღვაწლით და ცალკე შემოწირულულობებით, როგორც  ჩემის ბიძის, მიტროპოლიტის დოსითეოსისაგან და ჩემის მშობლებისაგან, აგრეთვე კეთილმორწმუნე ხალხთაგან და დღეს ყოველსავე ჩემს სიმდიდრეს, რომელიც რამდენიმე ათასი მანეთი ღირს და 158 კომლ გლეხს ვტოვებ ამ მონასტრის სასარგებლოდა და საკუთრებად და სადიდებლად სულისა ჩემთასაო”, იქვე ერთ კედელზე კი მიუწერია “მონასტერი ქალაქ ვყავო”. დავითის მოღვაწეობა სამშობლოს დიდი სიყვარულით ყოფილა ნასაზრდოები. იგი საეკლესიოთან ერთად საერო საქმიანობითაც ინტერესდებოდა. ხშირად ხვდებოდა ქუთაისის გუბერნატორს და ინტერესდებოდა მხარის მოწყობის საკითხებით. მეუფე დავითს მიუწოდებია წინადადებები მშენებლებისათვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის მარშრუტის შესახებ, რომელიც ზესტაფინიდან კორბეულისა და ჭალისუბნის გადავლით ქართლში გადადიოდა. ხალხი მას “მიტროპოლიტის გზას” ეძახდა. სიკვდილის წინ მეუფე დავითს ქუთაისის გუბერნატორის ნახვა მოუსურვებია და მასთვის თხოვნით მიუმართავს, კეთილად და სამართლიანად მოეპყარით ერთმორწმუნე ქართველ ხალხს, რომელსაც თავისი ხანგრძლივი ცხოვრება შრომასა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში აქვს გატარებულიო. დავით მიტროპოლიტი 1853 წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა. ქუთაისიდან ჯრუჭის მონასტერში წაასვენეს. მას როგორც მღვდელმთავარსა და სახელგანთქმული საგვარეულოს წარმომადგენელს ტაძარში დაკრძალვა ეკუთვნოდა, მაგრამ მისივე ანდერძის თანახმად დაკრძალეს გარეთ, ტაძრის დასავლეთით. მის საფლავზე დევს დიდი ქვის ლოდი წარწერის გარეშე.

3.ჯრუჭის მონასტრის სიგელი

ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ დავით მიტროპოლიტი თავისი დროის დიდი მოღვაწე იყო, მისი პიროვნება უფრო მეტად წარმოჩნდებოდა, რომ იმავე საუკუნის დიდების კვარცხლბეკზე მასზე უფრო დიდი მოღვაწე გაბრიელ ეპისკოპოსი არ აბრძანებულიყოო. რას იფიქრებდა დავით მიტროპოლიტი, რომ მის ნაამაგარ და ყოველმხრივ აღორძინებულ ჯრუჭის მონასტერს დიდი გასაჭირი დაადგებოდა მომავალში. კიდევ კარგი, რომ 1919 წელს ქართულ სიძველეთა დიდი ქომაგი ექვთიმე თაყაიშვილი - წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი ეწვია ჯრუჭს. მაშინდელმა არქიმანდრიტმა პავლე აბაშიძემ დაათვალიერებინა ძვირფას სტუმარს ქრისტიანული სავანე. მერე მიმდებარე ეკლესიებისა და სოფლების მდგომარეობაზე ესაუბრა. დავით მიტროპოლიტის საფლავიც უნახავს მომავალ წმინდანს, “ტაძრის დასავლეთით არის დავით მიტროპოლიტის საფლავი, ლოდი ადევს დიდი და ზედ ჩარდახი დგასო”, - წერს იგი. ექვთიმემ ჯერ იქაური ლაპიდარული და საფლავთა წარწერები გადმოიღო, მერე ხატები და ჯვრები აღწერა, ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანის - ხელნაწერი წიგნებისა და სიგელ-გიჯრების შესწავლას შეუდგა. წამოსვლისას კი თან წამოიღო იქიდან და საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების არქივში დააბინავა უნიკალური და უძველესი ხელნაწერები. რომ არა ექვთიმეს ძალისხმევა, ვინ იცის რას უზამდნენ ამ ძვირფას საუნჯეს დაქვრივებულ (გაუქმებულ) მონასტერში ორიოდ წელში მისული საბჭოთა ხელისუფლების ღვთისმგმობელი წარმომადგენლები. დიახ, რას იფიქრებდა დავით მიტროპოლიტი, თუ რა გასაჭირში ჩავარდებოდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისა მთავარი პირმშო - აღორძინებული ჯრუჭის მონასტერი! - ჯერ ბოლშევიკებმა გაიტანეს იქიდან ყველაფერი: ნაგებობანი, ზარები, ავეჯი...…მხოლოდ მთავარი ტაძარი და სამრეკლო დატოვეს, მერე XX საუკუნის 70-ან წლებში სპილენძის უნიკალური სახურავი მოხსნეს ტაძარს და უბრალო თუნუქით დახურეს, ბოლოს მიწისძვრამ გაასწორა იგი მიწასთან. 2011 წელს კი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მოვლინებულმა ფირმის მუშაკებმა, ისე ნაჩქარევად და უყურადღებოდ გაწმინდეს იქაურობა, რომ არც არქეოლოგიური გამოკლვლევის ჩატარება გახსენებიათ, არც ისტორიულ პირთა საფლავებს გაფრთხილებიან, არც ლაპიდარული წარწერები და ბარელიეფები მოუძიებიათ და არც ძველი სამშენებლო მასალის, წინაპართა ლოცვებით გაჯერებული კედლების ნამსხვრევების ხევში გადააყრას მორიდებიან. დავით მიტროპოლიტის საფლავის ქვასაც ქვიტკირის ნაშთები დააყარეს და მიატოვეს. >ამის გამო სააგენტოს მივაკითხე, იქ კი თითქმის ყველა გულგრილად შეხვდა ჩემს გულისტკივილს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ძლივს მოაცილა კომპიუტერის მონიტორს თვალი, პასუხი რომ გაეცა. ერთმა თანამშრომელმა ისიც კი მითხრა, რა საჭიროა ჯრუჭში არქეოლოგიური გამოკვლევის ჩატარებაო. იქ, სადაც დასაფლავებულნი არიან იმერეთის მეფეები, სამეფოს სახლთუხუცესი, სარდლები, სამეფო გვარის ქალბატონები, ქართლ-კახეთის მეფის რძალი, დამსახურებული მიტროპოლიტები, თავად წერეთელთა ცნობილი წარმომადგენლები და მათი საფლავების ნაწილი დაკარგულია, სადაც უმნიშვნელოვანესი ლაპიდარული წარწერები და ბარელიეფები აღარა ჩანს, არქეოლოგიური გამოკვლევა არ უნდა ჩატარდეს?! თითქოს გაწმინდეს ტაძარი ნანგრევებისგან და პროექტიც გააკეთეს, მაგრამ მისკენ მიხედვას აღარავინ ფიქრობს. ამასობაში დაუზიანებლად გადარჩენილი ტაძრის საფუძველიც ნადგურდება. ღია ცის ქვეშ დარჩენილი კედლების მხატვრობის ფრაგმენტებს წვიმა და თოვლი შლის. პროექტიც მეტად ნაკლოვანია. გათვალისწინებულია მხოლოდ მთავარი ტაძრის აგება, მაგრამ სამრეკლოსა და მიმდებარე ნაგებობათა გარეშე მონასტერი სრულყოფილ სახეს ვერ მიიღებს. არადა როგორ ვიწონებთ თავს ჯრუჭის მონასტერში საუკუნეთა განმავლობაში დაცული, ერის კულტურის ბრწყინვალე ნიმუშებად მიჩნეული უძვირფასესი ხელნაწერი წიგნებით. ერთი მათგანი, ჯრუჭის I სახარება, მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა, წინა ხელისუფლების დროს ამერიკაშიც კი წაიღეს გამოფენაზე... აქ რომ ისევ მნიშვნელოვანი საეკლესიო და კულტურული ცენტრი აღდგეს, უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური გამოკვლევა, მოეწყოს ისტორიულ პირთა საფლავები, მთავარ ტაძართან ერთად აშენდეს სამრეკლო და რამდენიმე დამხმარე შენობა. სათანადო ნაგებობაში უნდა წარმოვადგინოთ ჯრუჭის მონასტრის უმდიდრესი ისტორიის, კულტურული საქმიანობის, მწიგნობრობის ამსახველი მასალები მთელი ხეობის, მიმდებარე სოფლებისა და მხარის წარსულის ქრონიკებთან ერთად. ამით იქ მისულ მომლოცველებსა და სტუმრებსაც მეტად დავაინტერესებთ, ახალგაზრდობასაც მეტ ინტერესს გავუჩენთ და ხეობის სოფლების აღორძინებასაც შევუწყობთ ხელს. ძველი შეცდომები არ უნდა განმეორდეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ დროზე უნდა იზრუნოს ამ უმნიშვნელოვანესი ძველი ქრისტიანული და კულტურული ცენტრის აღორძინებისათვის.

4.ჯრუჭის მონასტრის ნაშთები