topmenu

 

რ.ხვისტანი - ბრინჯაოს ხანის უახლესი აღმოჩენა კოდორის ხეობის ზემო წელზე

<უკან დაბრუნება...<<<სიახლეები და აღმოჩენები // არქეოლოგიური აღმოჩენები>>>


ბრინჯაოს ხანის უახლესი აღმოჩენა კოდორის ხეობის ზემო წელზე

რეზო ხვისტანი

სტატიის წყარო:

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობით (№11, 28 ივნისი, 2007 წ.) სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი - რ.ხვისტანი) 2007 წლის ივლისი საძიებო სამუშაოები აწარმოა მდინარე კოდორის ზემო წელზე. აღნიშნული რეგიონი, რომლის დასახლებული პუნქტები და ციხე-სიმაგრეები ანტიკური და შუასაუკუნეების მრავალ უცხოურ და ქართულ წყაროშია მოხსენიებული (ჰეკატე მილეტელი, ანასტასი აპოკრიასისი, აგათია სქოლასტიკოსი, მენანდრე პროტიქტორი, სვინაქსარი გიორგი მთაწმინდელისა და სხვ.), გაჯერებულია სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიური ძეგლებით, რომელთა კვლევა დღემდე ამგვარ სამუშაოებს (ი.ვორონოვი, შ.ჩართოლანი და სხვ.) არ გასცილებია. მხოლოდ მცირე დაზვერვითი სამუშაოების წარმოების საშუალებას (მიწისზედა ძეგლების გამოვლენა, მოსახლეობაში გაბნეული, მიწის სამუშაოებისას სხვადასხვა დროს შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის აღრიცხვა-ფიქსაცია და სხვ.) იძლეოდა სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მწირი ბიუჯეტიც. სოფელ ომარიშარში, მთა შიყერის ძირში, მდ.გვანდრის მარცხენა მხარეზე, ჰამლეტ ქოჩქიანის ეზოში, ექსპედიციამ გამოავლინა სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე უცნობი ციკლოპური (მეგალითური) ნაგებობის ნაშთი (31X11მ.), რომლის კედლები მშრალად, უდუღაბოდაა ნაგები უხეშად დამუშავებული ლოდებით. სამწუხაროდ, ექსპედიციამ ვერ მოასწრო მდ.გვანდრის სათავეების შემოწმება, სადაც, ადგილობრივების გადმოცემით, ანალოგიური ნაგებობების ნაშთებია შემორჩენილი. აღსანიშნავია, რომ ამავე რეგიონში, კერძოდ, სოფელ საკენში, გრანდიოზული ციკლოპური ნაგებობის ნაშთებია შემორჩენილი. ციკლოპური სიმაგრეები და ნამოსახლარები, როგორც ცნობილია, გავრცელებული იყო ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილო კავკასიაში და სხვაგან. ციკლოპური მშენებლობა არც საქართველოსთვის იყო უცხო. ამ ტიპის ნაგებობებით განსაკუთრებით თრიალეთია მდიდარი, სადაც ამგვარი სიმაგრეებისა და საცხოვრებელი კომპლექსების ნაშთებია შემორჩენილი. ციკლოპური ნაგებობები, მკვლევართა აზრით, ძვ.წ. III ათასწლეულიდან ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის ჩათვლით იგებოდა. ომარიშარის ციკლოპური ნაგებობის ნაშთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მომავალი კვლევის საგანია. ამჯერად ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ამ ძეგლის ტერიტორიაზე, მიწის სამუშაოებისას, შემთხვევით აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაზე. ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე ნივთიერი მასალიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვის ყუახვრელიანი საბრძოლო ცული, რომელსაც ფართოდ მომრგვალებული ყუა და ტანის ზედა ნაწილში დატანილი მრგვალი სატარე ხვრელი აქვს. სწორი ტანი პირისკენ თანდათან ფართოვდება და სამკუთხა ფორმას იძენს (სიგრძე - 9 სმ., სიფართე ყუის მხარეზე - 3,5 სმ., სიფართე პირის მხარეზე - 5 სმ., სატარე ნახვრეტის დიამეტრი - 2X2 სმ, მანძილი სატარე ნახვრეტის კიდიდან გვერდამდე - 1 სმ.). ტექნოლოგიურად როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი ხეხვით ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული (1) ხის სახელურის ხანგრძლივი დაგების შედეგად გაპრიალებული, მრგვალ სატარე ხვრელში ხრახნისებური ნაწიბურები შეინიშნება. ზედაპირნაპრიალები ცული მკვრივი ქანის ქვისაგანაა (გრანიტი) დამზადებული.

ცულის ყუა, პირი და სატარე ხვრელის უკანა მხარის გარეპირი დაზიანებულია (სურ 1.).

აფხაზეთის ტერიტორიაზე ქვის ყუახვრელიანი საბრძოლო ცულები აღმოჩენილია გუმისთის ნამოსახლარზე, ლ. სოლოვიოვის მიერ გათხრილ N4 ყორღანში (2), ფიჩორის ცენტრალურ ბორცვზე და ფიჩორის N6 გუძუბაზე (3). ქვის ყუახვრელიანი საბრძოლო ცულები გვხვდება დასავლეთ საქართველოს ძვ.წ. III-II ათასწლეულების ნამოსახლარებზე (ერგეტა, ანაკლია I, განმუხური) (4), ისპანში, საელიაოს კურზიას ადრებრინჯაოს ხანების ფენებში, საკირე გორაზე, ჭოლიპაში (5), ნოსირის ნამოსახლარის პირველ კულტურულ ფენაში და ოდიშის ნეოლითურ სადგომზე (6). ქვის ყუახვრელიანი საბრძოლო ცულები გამოვლენილია საჩხერეში (სოფ.ქორეთი, კარახტინის მინდორი, ცარცის გორა), შიდა ქართლში (სოფ.თერეგვანი, ოჟორა), სოფელ რუსთავში, ბორჯომის რაიონში (7) და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეში შემავალ ძეგლებზე (8). ქვის ყუახვრელიანი საბრძოლო ცულები გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ევროპაში (9), სომხეთში (კეტი, აისტეგენე, გნიშეკა, ეჩმიაძინი, პეზმაშენი, გინდლიჟა, შენგავითი) (10), დასავლეთ ევროპაში (ფინეთი, შვედეთი, დანია, გერმანია, შვეიცარია, უნგრეთი, საქსო-ტიურინგია და სხვ.) (11), ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიასა (ტროა II, თერმი I, ალისარი, თეფე-გავრა) (12) და ჩრდილო კავკასიაში (13). საბრძოლო ქვის კულტურებში ყუახვრელიანი ქვის ცულების დამზადების ტრადიციას სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე ადრე, ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში, დასავლეთ ევროპაში ეყრება საფუძველი. შემდეგ არსებობას განაგრძობს ძვ.წ. III ათასწლეულსა და ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში (14), აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე საბრძოლო ქვის კულტურებში ამ რიგის იარაღები ძვ.წ. III-II ათასწლეულების მიჯნაზე ჩნდება. ჩრდილო - დასავლეთ ანატოლიის ქვის ყუახვრელიანი ცულები ბრინჯაოს ხანის ევროპული ქვის კულტურის ხასიათს ატარებს. ანატოლიაში ამ ტიპის იარაღები ბალკანეთიდან, კერძოდ, დუნაის კულტურებიდან უნდა შესულიყო (12). დასავლეთ ანატოლიის პლატო ევროპულ და მესოპოტამიურ ცივილიზაციებს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია (10), თუმცა ტროა II, თერმი I და სხვა ძეგლების ქვის ყუახვრელიანი ცულების ფორმები მათ ადგილობრივ წარმომავლობაზე მიუთითებს (13). ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ქვის ყუახვრელიანი ცულები ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულს ჩნდება და ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში ვრცელდება, თუმცა მათი ზოგიერთი სახეობა თავს გვიანბრინჯაოს ხანაშიც (ძვ.წ. XV-XII სს.) იჩენს (13). დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ყუახვრელიანი ცულები ფიჩორის ცენტრალური ბორცვიდან (V ფენა) მომდინარე აბსოლუტური თარიღებითა და ქვის ყუახვრელიანი ცულების თანმხლები პროტოკოლხური მასალებით (ძირზე ჭილოფისანაბეჭდიანი კერამიკა, ჰორიზონტალური და წყვილადყურიანი ქოთნები, ჭურჭლის სარტყელზე ნათითურფოსოებით გამოყვანილი რელიეფი, თხელკეციანი შავპრიალა კერამიკა და სხვ.) ადრე და შუაბრინჯაოს ხანაში, ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულსა და ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ მეოთხედში (დაახლოებით ძვ.წ. XXI-XVII სს) ჩნდება (13). აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ადრე და შუაბრინჯაოს ხანაში გავრცელებულ ცილინდრულნახვრეტიან ქვის ცულებში ცხრა ტიპია გამოყოფილი: სამკუთხა, სოლისებური, ბარისებური, ჩაქუჩისებური, კვერთხისებური, ყუიანი, ჯვრისებური, ფილაქვისმაგვარი და რომბისებური. საქართველოს ტერიტორიაზე ადრე და შუაბრინჯაოს ხანაში ოთხი ტიპის ქვის ყუახვრელიანი (ცილინდრულნახვრეტიანი) ცულია გავრცელებული: ვიწროყუიანი და სოლისებურტანიანი, ტანისაგან გამოყოფილი ყუით, ფართოდ მომრგვალებულყუიანი და რომბული (13). ქვის ცულების კულტურებში დასავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი სოლისებური და სამკუთხატანიანი ქვის ყუახვრელიანი ცულები ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ და გავრცელებულ ფორმადაა მიჩნეული (10). სოლისებური და სამკუთხა ფორმის ქვის ყუახვრელიანი ცულები საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში თითქმის სინქრონულ პერიოდში, ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულსა და ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში ვრცელდება (4). დასავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი ყუახვრელიანი ქვის ცულები ვ.მარკოვინს ჩრდილოეთ კავკასიის ბრინჯაოს ხანის კულტურის განვითარების ქრონოლოგიური ცხრილის პირველ ეტაპზე (ძვ.წ. 2000-1700 წლები) აქვს მოთავსებული (20). მტკვარ - არაქსის (აღმოსავლეთ საქართველოსა და სომხეთის) ადრეული ყორღანების კულტურებში ქვის ყუახვრელიანმა ცულებმა, არსებული მოსაზრებით, ჩრდილოეთ კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთის სტეპებიდან შემოაღწია (14). რეგიონალური სიახლოვის, ქვის ცულების ფორმათა იდენტურობის, ზედაპირნაპრიალობის, მასალის, ქრონოლოგიური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით კოლხეთის დაბლობში ჩრდილოეთ კავკასიიდან შესაძლო იმპორტირებას, ხოლო შედარებით რბილი ჯიშის ქვისაგან დამზადებული ნიმუშების ადგილზევე მიბაძვით დამზადებას ვარაუდობენ (13). ომარიშარის ქვის ყუახვრელიანის საბრძოლო ცული ფორმის მიხედვით (ფართოდმომრგვალებული ყუა, რკინისებური სამკუთხა ფორმა, მრგვალი სატარე ხვრელი) ძალიან უახლოვდება დასავლეთ საქართველოს დაბლობისა და მთისწინა ნამოსახლარებზე (ისპანი, საკირე გორა, გუმისთა, ჭოლიპა, ანაკლია II) გამოვლენილ ქვის ყუახვრელიან საბრძოლო ცულებს, რომლებიც ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულითა და ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი მეოთხედით (დაახლოებით ძვ.წ. XIX-XVII საუკუნეები) თარიღდება (28). აღნიშნული ანალოგიების მიხედვით ომარიშარის ქვის ყუახვრელიანი საბრძოლო ცული ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულისა და ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი მეოთხედით შეიძლება განისაზღვროს. მიუხედავად იმისა, რომ ომარიშარის ქვის ყუახვრელიანი საბრძოლო ცული შემთხვევითაა აღმოჩენილი და უშუალოდ არქეოლოგიური გათხრების პროცესში არაა გამოვლენილი, ჩვენი აზრით, ის არ უნდა მოვწყვიტოთ მოცემულ გარემოს, რადგან იგი კონკრეტული კულტურული პუნქტის, გარკვეული დროის, ქვის ინდუსტრიის (საბრძოლო კულტურის) მეტყველი არტეფაქტია.

 

A New Archeological Find in the Upper Part of the Codori Gorge

Rezo Khvistani

Summary

A stone perforating battle-axe was found lately in Omarishali village, Azhara region, (the Upper Abkhazia). Scientists dated this item to the end of the III -first half of the II centuries B.C. (approximately XXI-XVII centuries B.C). Closely related parallels can be found in the settlements, dated back to the end of III- first half of the II centuries B.C. These settlements are located on the territory of Western Georgia (Gumista, Cholipa, Anaklia).


Новая археологическая находка в верхней части Кодорского ущелья

Резо Хвистани

Резюме

В последнее время в селе Омаришали, Аджарского (Верхняя Абхазия) муниципалитета был случайно найден каменный сверлённый боевой топор. Представленный предмет относится к концу III тыс. до н.э. и первой половине II тыс. до. н.э. (приблизительно XXI-XVII вв. до н.э.). Ближайшие его параллели известны на поселениях конца III тыс. до н.э. и первой половины II тыс. до н.э., расположенных на территории Западной Грузии (Гумиста, Чолипа и Анаклия II).

 

ლიტერატურა:

1. Семенов С. Первобытная техника, МИА, М-Л., 1957.

2. Бжания В., Результаты обследования Гумистинского населения в 1964 г.

3. КСИА, №116, М. 1969.

4. Воронов Ю. Археологическая карта Абхазии, Сухуми, 1969. Соловьев Л. Новый памятник культурных связей Кавказского причерноморья в эпоху Бронзы, стоянка Воронцовской пещеры. Труды Абхазского института языка, литературы и истории, т. XXIX, Сухуми,1959.

5. ჯიბლაძე ლ., კოლხეთის დაბლობის ნამოსახლართა სტრატოგრაფია, ქრონოლოგია და პერიოდიზაცია., საკანდიდატო დისერტაცია, ხელნაწერი, თბ., 1990. მისივე, კოლხეთის დაბლობის ყუახვრელიანი ქვის ცულების წარმომავლობის საკითხისათვის, პრეპრინტი, თბ., 1992; მისივე, კოლხეთის დაბლობის ძვ. წ. III-II ათასწლეულების ნამოსახლარები, თბ., 2007.

6. Куфтин Б. Материалы к археологии Колхиды, т.II, Тб., 1950.

7. კახიძე ი., აჭარის ნეოლით-ბრინჯაოს ხანის მასალები, გაზ. „აჭარა”, 21. V.1992; გრიგოლია გ., ფხაკაძე, გ., ბარამიძე მ., ლორთქიფანიძე გ., დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიური ექსპედიციის 1966 წლის მუშაობის შედეგები, მსკა, ტ. V, თბ., 1973. მურვანიძე ბ., რამდენიმე ექსპონატი ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან, კრ. „გურია”, III, თბ., 2001.

8. ნებიერიძე ლ., დასავლეთ საქართველოს ნეოლითი, თბ., 1975.

9. კიკვიძე ი. ხიზანანნთ გორას ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, თბ., 1977. ორჯონიკიძე ა. სამცხე-ჯავახეთი ადრებრინჯაოს ხანაში, თბ., 1983. ჯაფარიძე ო., ლითონის წარმოების ადრეული საფეხური საქართველოში, თბ., 1955. მისივე, ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961. ჯაფარიძე ო., ავალიშვილი გ., წერეთელი ა., კახეთის (მარტყოფის) არქეოლოგიური ექსპედიციის 1980-1981 წლის მუშაობის ანგარიში, სსმაე, VIII, თბ., 1986.

10. ჯაფარიძე ო., ქართველი ტომების ეთნოკულტურული ისტორიისათვის ძვ. წ. მესამე ათასწლეულში, თბ., 1998.

11. Брюсов А. Об экспансии культур с боевыми топорами в конце III тысячелетия до н.э. СА, № 3, М.Л., 1961; Брюсов А., Зимина М. Каменные сверлённые боевые топоры на територии СССР, САИ, и-ч, М., 1966; Городцов В. Культуры Бронзовой эпохи в средней России. Очерки исторического музея за 1914 г. М., 1916. Gumbultas M. Bronze age Culture in Central and Eastern Europe, The Heygue, 1965.

12. Петросян Л. Раскопки памятников Кети и Воскосаска (III-I тыс. до н. э.), Ереван, 1986. Хазандян Э., Культура Армянского нагорья III тыс. до н. э., Ереван, 1967. Баибуртян Е. Новые находки каменного века в Армении, СА №3, М., 1937.

13. Монгаит А. Археология Западной Европы. Каменный век, М., 1973.

14. Чаилд Г. У истоков Европейской цивилизации, М., 1952. Марковин B. Культура племен Северного Кавказа в эпоху Бронзы (II тыс. до н. э.), МИА, №93, М. 1960.

15. Крупнов Е. Материалы по археологии Северной Осетии докобанского периода, МИА, № 23,М-Л, 1951. Древнейшая культура Северо-восточного Кавказа, МИА, № 100, 1961.