topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

დ.ხოშტარია - კვირიკეწმიდის მდებარეობის საკითხისათვის
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ბორჯომის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

დავით ხოშტარია - კვირიკეწმიდის მდებარეობის  საკითხისათვის / საქართვ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, 1985 წ., N1, გვ.70-82.

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ქართული ლიტერატურის იმ ძეგლთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობაც მარტო მხატვრული ღირსებებით არ შემოიფარგლება. ეს შესანიშნავი ნაწარმოები უზარმაზარ ინფორმაციას შეიცავს VIII-X საუკუნეების საქართველოს კულტურული, პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების შესახებ და ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს როგორც ზოგადი ისტორიის, ისე კულტურისა და ყოფის სხვადასხვა სფეროების ისტორიის მკვლევართათვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თხზულებაში მრავლად დაცული ცნობები გრიგოლ ხანძთელის ინიციატივით გაშლილი სამონასტრო მშენებლობის თაობაზე. ისინი საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ წარმოვიდგინოთ ამ მშენებლობის მასშტაბები, ხასიათი და მატერიალური პირობები, არამედ საკმაოდ ზუსტად განვსაზღვროთ ცალკეული მონასტრის დაარსების დროც. იმისათვის, რომ გიორგი მერჩულეს თხზულებაში დაცული ცნობები სწორად იქნეს გამოყენებული, აუცილებელია მათი შეჯერება-დაკავშირება რეალურ არქიტექტურულ ძეგლებთან, იმ სამონასტრო ნაგებობებთან, რომლებიც ახლა არსებობს ნაწარმოებში დასახელებულ პუნქტებში.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ქართული ხუროთმოძღვრების მკვლევარს არც თუ ისე ხშირად ეძლევა შემთხვევა არქიტექტურული ანალიზის შედეგები დააზუსტოს და განამტკიცოს წერილობითი წყაროს მონაცემების მეშვეობით და, ბუნებრივია, ყოველი ასეთი იღბლიანი შესაძლებლობა მაქსიმალურ გამოყენებას საჭიროებს. სამწუხაროდ, გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის ძირითადი ასპარეზი - კლარჯეთი და, შესაბამისად, უდიდესი ნაწილიც მის მიერ დაარსებული მონასტრებისა დდეს ქართველ მკვლევართათვის მიუწვდომელია. აქ არსებული ნაგებობები, საუკეთესო შემთხვევებში, ჩვენთეის ცნობილია XIX-XX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის სწავლულთა და მოგზაურთა აღწერებით ან თანამედროვე დასავლელ მეცნიერთა თითო-ოროლა ნაშრომით1. დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მონასტრების რიცხვი გაცილებით მცირეა. მერჩულეს თხზულებაში მოხსენივბულ სავანეთაგან მხოლოდ სამი არის ახლაც საქართვვლოს ფარგლებში მოქცეული. ამათგან უძველესია უბეს (ახლანდელი უბისი მონასტერი იმერეთში. ის დააარსა თვით "გრიგოლ ხანძთელმა IX საუკუნის 20-იანი წლების დასასრულს, აშოტ კურაპალატის სიკვდილის შემდეგ ახლო ხანებში, აფხაზთა მეფის დემეტრეს თხოვნითა და აქტიური მატერიალური ხელშეწყობით2. უბისის მონასტრის ეკლესია (უფრო ცნობილი მე-14 ს-ის კარგად შემონახული მოხატულობით) სტილისტური ანალიზით IX ს-ით თარიღდება, რაც უფლებას გვაძლევს მისი ძირითადი ბირთვი თავდაპირველად მივიჩნიოთ3, თუმცა მოგვიანო ხანის გადაკეთებების კვალიც აშკარაა. სხვა ორი სავანე - ნეძვი და კვირიკეწმიდა გაშენდა ცოტა მოგვიანებით, IX ს-ის 40-იანი წლებისათვის, ქართლში, სამცხის მოსაზღვრე მხარეში. მათი დამაარსებლები იყვნენ გრიგოლ ხაძთელის მოწაფენი თეოდორე და ქრისტეფორე4. ნეძვის მონასტერი კარგადაა ცნობილი. ის მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, ახალდაბიდან 12 კილომეტრზე. ნეძვში იდგა გრანდიოზული სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც ახლა თითქმის მთლიანად დანგრეულია. ეს ნაგებობაც IX ს-ით თარიღდება5. და, ამგვარად, ისიც, უბისის მსგავსად, თავდაპირველი, ე.ი. თეოდორეს აშენებული უნდა იყოს. რაც შეეხება კვირიკეწმიდას, მისი ლოკალიზაციის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ამ საკითხის გადაჭრა უკავშირდება მთელ რიგ პრობლემებს, ერთი მხრივ, ისტორიული გეოგრაფიის, ხოლო, მეორე მხრივ, არქიტექტურის ისტორიის სფეროებიდან. ერთადერთი წყაროს მონასტრის მდებარეობის დასადგენად წარმოადგენს მერჩულეს თხზულება. მისი ცნობებიც ჩვენთვის საინტერესო საკითხზე. სამწუხაროდ, მწირია. სავანეთა დაარსების ამბავი მერჩულეს საკმაოდ დეტალურად აქვს მოთხრობილი, მაგრამ მათ მდებარეობას ძალიან მოკლედ და ზოგადად განსაზდვრავს. თეოდორე და ქრისტეფორე გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფეები იყვნენ და მხარში ედგნენ თავიანთ მოძღვარს მისი საქმიანობის პირველივე დღეებიდან. VIII ს-ის 70-იანი წლების მიწურულს ისინი საბასთან (შემდგომში იშხნის ეპისკოპოსთან) ერთად თან ახლდნენ გრიგოლს კლარჯეთს მოგზაურობაში6, ხოლო ხანძთის მონასტრის დაარსების (782 წელი)7 შემდეგ მასთან ერთად მოღვაწეობდნენ იქ დიდი ხნის მანძილზე. საბას იშხანში დამკვიდრება და იქ სამონასტრო ცხოვრების აღორძინება თეოდორესა და ქრისტეფორესაც უღვიძებს ახალი მონასტრების დაარსების სურვილს. თავიანთი მიზნის განსახორციელებლად ისინი პირველად აფხაზეთს გაემგზავრნენ (826 წლის ახლო ხანებში), მაგრამ ეს ცდა წარუმატებლად დამთავრდა - გრიგოლმა არ ისურვა "კრავთა მათ რჩეულთაგან" განშორება და ისინი ხანძთაში დააბრუნა (სწორედ მათ დასაბრუნებლად გრიგოლის აფხაზეთში წასვლის შედეგად დაარსდა ზემოთნახსენები უბისის მონასტერი).

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ამის შემდეგ თეოდორე და ქრისტეფორე კარგა ხანს ისევ ხანძთაში მოღვაწეობდნენ, ვინაიდან სიტყვა მისცეს გრიგოლს, რომ არ მიატოვებდნენ აფხაზეთიდან ჩამოყვანილ ყმაწვილებს - ეფრემსა და არსენს სრულასაკოვნებამდე. პირვანდელ განზრახვას ისინი მხოლოდ მაშინ დაუბრუნდებოდნენ, როცა მიბარებული ყმაწვილები დაჭაბუკდებოდნენ, ე.ი. პირველი მცდელობიდან დაახლოებით 10-12 წლის შემდეგ (არსენი ხანძთაში მიყვანის დროისათვის ექვსი წლის იყო8, ეფრემი ალბათ ცოტა მეტისა), IX ს-ის 30-40-იანი წლების მიჯნაზე. ამჯერად გრიგოლს აღარ დაუშლია მათთვის, პირიქით, ყოველნაირად დაეხმარა დასახული მიზნების შესრულებაში. ისინი ერთად "წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა არეთა მათ უდაბნოთა" და იქ "პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ"9. შემდეგ სამივენი დაბრუნდნენ ხანძთაში, საიდანაც თეოდორესა და ქრისტეფორეს უნდა წამოეყვანათ ბერების ნაწილი თავიანთი ახლადდაარსებული მონასტრებისათვის. შორეულ მხარეში ახალი სავანეების დაარსებას კლარჯელი ბერ-მონაზვნობა სიხარულით შეხვდა. თვით გრიგოლი ბოლომდე გაჰყვა მოახალშენეებს და მონაწილეობა მიიდო ეკლესიათა ადგილების კურთხევაში და საფუძვლების ჩაყრაში. უფრო ადრე გიორგი მერჩულეს მოჰყავს გრიგოლის მიერ ხანძთის ძმობის წინაშე წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც ნეძვი და კვირიკეწმიდა ქართლში მოიხსენიება10. ამრიგად, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან" ვიგებთ, რომ ნეძვი და კვირიკეწმიდა დაარსდა ქართლში, სამცხის მოსაზდვრე მხარეში. სამვცნიერო ლიტერატურაში კვირიკეწმიდის მდებარეობის შესახებ რამდენიმე განსხვავებული აზრია გამოთქმული. ტრადიციულად მას აიგივებენ პუნქტ საკვირიკესთან11". ამ სახელწოდების სოფელი დღეს აღარ არსებობს, მაგრამ აღნიშნულია ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისის ხუთვერსიან რუკებზე ის მდებარეობდა სოფელ დვირს ზემოთ ორიოდე კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ნასოფლარის მახლობლად შემონახულია დიდი სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები ეკლესიით. შემდგომ ჯერ პ.ინგოროყვამ12, მერე კი ს.ჯიქიამ13 ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ XVI ს-ის თურქულ წერილობით ძეგლში "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" ახალციხის ლივის აწყურის ნაჰიეს სოფლების სიაში დასახელებულია კვირიკეწმიდაც (რიგით მეშვიდედ) და საკვირიკეც (მეთვრამეტედ)14. ამით გამოირიცხა მათი ინდენტიფიკაციის შესაძლებლობა. პ.ინგოროყვამ უეჭველად მიიჩნია, რომ სწორედ დავთარში აღნიშნული კვირიკეწმიდა უნდა იყოს ქრისტეფორეს დაარსებული სავანე. "დავთრისა" და სხვა რამდენიმე საბუთის მეშვეობით მან საკმაო მიახლოებით განსაზდვრა ამ პუნქტის მდებარეობა - საყუნეთის სექტორში, სოფელ კოპეთთან (ახლანდელი კოპაძე)15. მალე ამ ვერსიასაც საფუმვლიანი კონტრარგუმენტები გამოუჩნდა. საყუნეთისა და კოპეთის მიდამოებში ნამონასტრალის არავითარი კვალი არ აღმოჩნდა16.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ეჭვს იწვევდა ნეძვისა და დავთრისეული კვირიკეწმიდის დიდი დაშორებაც (ნეძვსა და საყუნეთის. თემს შორის მანძილი 70 კილომეტრს აჭარბებს. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა გავიხსენოთ, რომ კლარჯეთის თორმეტ სავანეთაგან ყველაზე განაპირანიც კი ურთიერთისაგან არა უმეტეს 20-25 კილომეტრითაა დაცილებული). ამ გარემოებათა გათვალისწინებით რ.მეფისაშვილმა წამოაყენა ახალი ვარაუდი, რომლის მიხედვით ქრისტეფორეს დაარსებული სავანე არის არა ახლანდელი საკვირიკე და არა დავთრისეული კვირიკეწმიდა, არამედ მონასტერი ჩითახევში, ბორჯომს ზემოთ 15-ოდე კილომეტრზე. აქ შემოინახა მოზრდილი სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც სტილისტური ანალიზით აგრეთვე მე-9 საუკუნით თარიდდება17. იდენტიფიკაციის ეს ვერსია ემყარება იმ აზრს, რომ თეოდორესა და ქრისტეფორეს მშენებლობის საკითხებისადმი ერთნაირი მიდგომა უნდა ჰქონოდათ, ხოლო რაკი ნეძვს - თეოდორეს გაშენებულ სავანეს ადგილის შერჩევით, ცალკვული ნიშნებითა და ხუროთმოძდვრების საერთო ხასიათით სხვებზე მეტად ჩითახევი უახლოვდება, სწორედ ის უნდა იყოს ქრისტეფორეს მონასტერი, ყოფილი კვირიკეწმიდა18. დავუბრუნდეთ ისევ "გრიგოლ ხანძთელის" ცხოვრებას. მის მიხედვით, როგორც ვნახეთ, ნეძვი და კვირიკეწმიდა აღმოცენებულა "ზოგად სამცხისა და ქართლისა არეთა მათ უდაბნოთა... ქართლსა შინა". მდებარეობის ამგვარი განსაზდვრა შესაძლოა ძალიან დეტალური არ იყოს, მაგრამ ერთ რამეზე კი აშკარად მიუთითებს - აღნიშნული მონასტრები გაშენდა ერთიმეორის უშუალო სიახლოვეს19. ვფიქრობთ, უეჭველია, რომ სასაზდვრო ზონა ("ზოგადი არე") არ შეიძლება ათეულობით კილომეტრებზე იყოს გადაჭიმული, მით უმეტეს ისეთ ხეობაში, რომელსაც შუაზე მთავარი სატრანზიტო არტერია - მტკვარი ჩამოუდის. ქართლ-სამცხის მოსაზღვრე პუნქტი მტკვარზე VIII-X საუკუნეებში არის ტაშისკარი20, ხოლო მერჩულეს მიერ "ზოგად არედ" განსაზღვრული ქართლის ნაწილი უნდა იყოს მიმდებარე მთიანი მხარე, კერძოდ, ვიწრო ხეობები, რომლებიც სერავს მესხეთისა და თრიალეთის ქედებს ტაშისკარის მიდამოებში და მტკვრისაკენ ეშვება. ამგვარ განსაზღვრულობას სავსებით ეთანხმება ნეძვის მონასტრის მდებარეობაც. ის განლაგებულია სწორედ ერთ-ერთ ასეთ ხეობაში, რომელიც, როგორც ითქვა, დღევანდელ ახალდაბასთან ერთვის მტკვარს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ნაკლებად მოსალოდნელია ქრისტეფორესეული სავანის საკვირიკესა და ჩითახევის მონასტრებთან იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, ვინაიდან ეს ორივე პუნქტი ტაშისკარზე ბევრად მაღლა, ე.ი. უკვე სამცხეშია განლაგებული. და რა თქმა უნდა, სრულიად არარეალურია საყუნეთის სექტორის კვირიკეწმიდასთან ქრისტეფორეს მონასტრის გაიგივების ვერსია. საყუნეთი მდებარეობს აწყურს ზემოთ, ლამის შიგ შუა სამცხეში და გიორგი მერჩულე ამ მხარეს ქართლს ვერ უწოდებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ქართლ-სამცხის საზდვარი VIII-X საუკუნეებში მუდამ ტაშისკარზე არ გადიოდა, ერთხანს მან თითქოს ბევრად ზემოთ, დვირისკენ გადაინაცვლა, რის შედეგადაც მთელი ხეობა ქართლში მოექცა21. თუ ამ ვარაუდს გავიზიარებთ, იმავე საკვირიკეს ან ჩითახვვს შეიძლება, მართლაც, მივუყენოთ ის გეოგრაფიული განსაზდვრება, რომელსაც გიორგი მერჩულე აძლევს კვირიკეწმიდას, მაგრამ მაშინ იგივე განსაზდვრება აღარ მიუდგება ნეძვს - ის აღმოჩნდება არა სასაზღვრო ზონაში, არამედ საზღვრიდან დაახლოებით 45-50 კილომეტრით დაშორებული ქართლის სიღრმისაკენ. ნეძვი კი, როგორც ზუსტად ლოკალიზებული პუნქტი, წარმოადგენს ყველაზე მტკიცე დასაყრდენს ჩვენთვის საინტერესო საკითხის რკვევისას და მისი იგნორირება არაფრით არ შეიძლება. ამიტომ უფრო საფუძვლიანია ვიფიქროთ, რომ გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში ქართლ-სამცხის საზღვარი სწორედ ტაშისკარი იყო22.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ამრიგად, გიორგი მერჩულეს თხზულებაში დაცული ცნობების მიხედვით კვირიკეწმიდა უნდა მდებარვობდეს ახალდაბის სექტორში, ნეძვის მეზობლად. ახალდაბის მიდამოებში რამდენიმე ნამონასტრალია. მათგან ჩვენს საკითხთან დაკავშირებით ყველაზე საყურადღებოდ გვეჩვენება ფოთოლეთის მონასტერი, რომელიც მდებარეობს ახალდაბის სამხრეთ-დასავლეთით ხუთიოდე კილომეტრის მოშორებით. აქ შემოინახა დიდი ნახევრადდანგრეული ეკლესია და რამდენიმე სხვა სამონასტრო ნაგებობის უმნიშვნელო ნაშთები. სამეცნიერო ლიტერატურაში ფოთოლეთი ძირითადად ცნობილია მე-10 საუკუნით დათარიღებული შესანიშნავი კანკელის წყალობით, რომლის ფრაგმენტებიც ახლა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული23. მონასტერი განლაგებულია ოდნავ დამრეც ფერდობზე ხეებს შორის. მისი ძირითადი ნაგებობა -ეკლესია ნაშენია სასიამოვნო მოვარდისფრო - მოყავისფრო ტონის უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვებით, რომლებიც მხოლოდ პირითი მხრიდანაა მოსწორებული. შედარებით წესიერად გათლილი დიდრონი ქვები ნახმარია პილასტრებისა და ღიობთა წირთხლებისათვის. რიგების ჰორიზონტალობა მხოლოდ ალაგ - ალაგ არის დაცული. შენობა სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისაა24. შუა ძირითადად სივრცეს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ერტყმის ერთიანი სამმხრივი გარშემოსავლელი, რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთის ფრთის აღმოსავლეთ ბოლოში გამოეყოფა მოგრძო აფსიდიანი ცალკე სათავსი - სამკვეთლო25. ეკლესიის შუა ნაწილს გარშემოსავლელთან ორი კარი აკავშირებს - სამხრეთისა და დასავლეთისა. მათ პირდაპირ არის გაჭრილი თვით ეკლესიის შესასვლელებიც, რომელთაგან მთავარია დასავლეთისა (ახლა სამხრეთის კარი ამოქოლილია). სამკვეთლო თითო კარითაა დაკავშირებული ცენტრალურ ნაწილთან და გარშემოსავლელთან. გარშემოსავლელის დასავლეთ ნაწილი შუა "ნავის" გაგრძელებაზე ორი თაღითაა გამოყოფილი. ეს თაღები წარმოადგენდა გარშემოსავლელის განივი და გრძივი მონაკვეთების კამარათა საზდვრებს. მათი საშუალებით დასავლეთ ნაწილი, რომელშიც ხვდება თავდაპირველად ეკლესიაში შემსვლელი, ერთგვარად გამოცალკვვებულია, როგორც თავისებური "ნარტექსი". აქედან შეიძლება უკვე გასვლა როგორც ცენტრალურ ნაწილში, ისე გარშემოსასვლელის გვერდითა ფრთებში. ძირითადი სივრცე, რომელიც აღმოსავლეთიდან ღრმა საკურთხევლის აფსიდით ბოლოვდება, პილასტრების წყვილით ორ თანაბარ მონაკვეთად იყოფა. პილასტრები სადა მოყვანილობისაა, ცალსაფეხურიანია და საკმაოდ ძლიერად არის შვერილი26. მათ ეყრდნობა საბჯენი თაღები (ის ახლა მთლიანად ჩანგრეულია, ისევე, როგორც დასავლეთის კედელთან შერწყმული კიდევ ერთი საბჯენი და სატრიუმფო თასები და, საერთოდ, მთელი კამარა) და გრძივი კედლების თაღები - ორ-ორი თითო კედელზე. ამჟამად კედლის თაღების კვალი არ ჩანს (კედლების ზედა ნაწილებიც მორღვეულია), მაგრამ ისინი უეჭველად უნდა ყოფილიყო. ამას ამტკიცებს პილასტრების ძლიერი შვერილობაც და მათი ამოყვანის თავისებური ტექნიკაც. შუა "ნავში" კარგად შემოინახა მხოლოდ ერთი სარკმელი - აფსიდისა. მეორის კვალი ჩანს დასავლეთის კედელში, კარსზემოთ. ამათ გარდა, ერთი სარკმელი უნდა ყოფილიყო სამხრეთის კედელშიც, პილასტრის მარჯვნივ (აქ გამოირჩევა მხოლოდ ქვედა წირთხლის კონტური). სამკვეთლოსა და გარშემოსავლელში შემორჩა თითო მცირე სარკმელი აფსიდებში. ეკლესია თითქმის სრულიად შეუმკობელია, ყველა არქიტექტურული ფორმა უაღრესი ლაკონურობითა და სისადავით ხასიათდება. ფასადებზე ერთადერთი დეკორაციული ელემენტი უნდა ყოფილიყო საკურთხევლის აფსიდის სარკმლის მარტივი ორქანობიანი თავსართი აღმოსავლეთ ფასადზე, რომელსაც უთითებს რ.შმერლინგი ზემონახსენებ სტატიაში უბისის ეკლესიის შესახებ - ის მოჰყავს უბისის სარკმლის ანალოგიური სამკაულის პარალელად (დღესდღეობით ამ თავსართის კვალიც არ ჩანს, ხოლო ქვა, რომელზედაც ის იქნებოდა ნაკეეთი, თითქოს ატკეჩილია. ეტყობა დაზიანება ბოლო ხანებში მოხდა)27.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

დეკორაციულ ელემენტთა შორის უნდა მოვიხსენიოთ აგრეთვე რელიეფიანი კრამიტები, რომელთა ნიმუშებიც მოპოვებული იქნა 1939 წლის გათხრების შედეგად28. მთლიანად ნაგებობის მხატვრული სახის შექმნაში ძირითად როლს ასრულებს უხეშად დამუშავებული ქვის წყობა, რომელსაც თავისებურ გამომსახვვლობას ანიჭვბს საშენი მასალის ცოტა უჩვეულო მოვარდისფრო ტონი. ამ მხრივ განსაკუთრებით შთამბეჭდავია შუა "ნავის." დასავლეთი კარი. ეს დიდი სწორკუთხა ღიობი გამოყვანილია სუფთა წირთხლებითა და ზღუდარის უზარმაზარი ქვით, ხოლო შიგნიდან დაგვირგვინებული არის თანაბარი ზომის მომცრო ქვებით ნაგები რიგიანი თადით. ყველა ქვა მუქი მოყავისფრო-ვარდისფერია და თითქოსდა "დაღარულია" - ქვის ეს ჯიში შედგება თხელი შრეებისაგან, რომლებიც გაშლილ ზედაპირზე ზუსტი პარალელური ხაზების ლამაზ ნახატს ჰქმნიან. ფოთოლეთის ეკლესიის აგების ხანის დასადგენად გასათვალისწინებელია მისი ხუროთმოძღვრების რამდენიმე თავისებურება. გარშემოსავლელის დასავლეთ ნაწილის გამოყოფა თადების მეშვეობით (მთლიანად ან მხოლოდ შუა "ნავის" გაგრძელებაზე) გვხვდება ბორჯომის ხეობის ეკლესიებში, რომლებიც IX ს-ის შუახანებითა და II ნახევრით თარიღდება - ნეძვში, ჩითახევში (აქ ორმალიანი თაღედია)29, ასევე უნდა ყოფილიყო ლიკანშიც გადაკეთებამდე. გარდამავალი ხანის (VIII-IX საუკუნეები და X საუკუნის I ნახევარი) მრავალი სამეკლესიიანი ბაზილიკისთვის არის დამახასიათებელი სადიაკვნეს არარსებობა (სამკვეთლო თითქმის ყოველთვის ეწყობა) - ამის მაგალითები საკმაოდ მოიძებნება ბორჯომის ხეობაში, კახეთში30. IX ს-ისა და X ს-ის 1 ნახევრისთვისაა ნიშანდობლივი უგუმბათო სივრცის გაფორმება მძლავრი პილასტრებისა და კედლის თაღების მეშვეობით. მსგავსი გადაწყვეტის ნიმუშებად შეიძლება დავასახელოთ იგივე ნეძვი, ჩითახვვი, ლიკანი, სხვა რეგიონებიდან - ერედვის წმ.გიორგი (906 წელი)31, ბერის საყდარი (X ს-ის შუახანები)32, ქვემო ყარაბულახი (IX საუკუნე)33. გარდამავალ ხანაზევე მიუთითებს შერეული მასალის ხმარება (თლილი ქვისა - პილასტრებისა და წირთხლებისათვის, უხეშად ნატეხისა - შენობის ყველა დანარჩენი ნაწილისათვის), ნაგებობის შეუმკობლობა, საერთო ლაკონურობა და სისადავე. ეს თვისებები ახასიათებს ბორჯომის ხეობის IX-X საუკუნეთა ყველა სამონასტრო ეკლესიას. რაც შეეხება სარკმლის დაკარგულ ორქანობა თავსართს, მის პარალელებს თავად რ.შმერლინგი ასახელებს34. ესენია უბისი (IX საუკუნის 20-იანი წლები) - რომელსაც ეძღვნება წერილი, ქსნის არმაზი (864 წელი)35, ჟალეთი (IX-X საუკუნეთა მიჯნა)36. ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით ფოთოლეთი თარიღდება გარდამავალი ხანით, უფრო კი მისი მოგვიანო ეტაპით - IX საუკუნე - X საუკუნის I ნახევარი37.

ამ თარიდს კიდევ უფრო ამტკიცებს და აზუსტებს ფოთოლეთის ეკლესიის განსაკუთრებული მსგავსება ნეძვთან. ეს მსგავსება საგულისხმოა იმ მხრივაც, რომ როგორც სამართლიანად შენიშნავს რ.მეფისაშვილი, თეოდორესა და ქრისტეფორეს მშენებლობის საკითხებისადმი ერთნაირი მიდგომა უნდა ჰქონოდათ და მათი მონასტრების ეკლესიებს შორის ბევრი რამ იქნებოდა საერთო38. სიახლოვე ნეძვსა და ფოთოლეთს შორის მჟღავნდება არა მხოლოდ ერთი და იმავე კომპოზიციის გამოყენებაში (ოღონდ ნეძვისა, ბუნებრივია, უფრო გართულებულია - ზომების შესაბამისად)39, არამედ პროპორციებშიც, ძირითადი შესასვლელების ერთნაირ განლაგებაში და მთელ რიგ ცალკეულ დეტალებშიც. ამრიგად, ფოთოლეთის ეკლესია, რომელსაც, როგორც ვნახეთ, ზუსტად უდგება კვირიკეწმიდის მდებარვობის მერჩულესეული განსაზღვრა, არქიტექტურითაც შეეფერება ქრისტეფორეს სავანის დაარსების ხანას და თანაც ძლიერ წააგავს ნეძვის ტაძარს. ამ მომენტების დამთხვევა, ვფიქრობთ, საფუძველს გვაძლევს გავაიგივოთ კვირიკეწმიდის მონასტერი დღევანდელ ფოთოლეთთან. რა თქმა უნდა, იდენტიფიკაციის ეს ვერსია უეჭველი არ არის და ზოგიერთ პირობითობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ცოდნის დონეზე, ყველა არსებული მონაცემის გათვალისწინებით ის ყველაზე სარწმუნო უნდა იყოს.^ზემოთ შევეცადეთ მოკლედ გადმოგვეცა ნეძვისა და კვირიკეწმიდის დაარსების ისტორია და გაგვერკვია ამასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. სამწუხაროდ, არც "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" და არც სხვა ქართული. წერილობითი წყაროები თითქმის არ იძლევა საშუალებას, რომ ზოგადად მაინც გავადევნოთ თვალი ამ მონასტრების შემდგომ ისტორიას. სავანეთა დაარსების ამბის მოთხრობის შემდეგ გიორგი მერჩულე შენიშნავს. "ესე მცირედი ვახსენე სამთა მათ წმიდათა" თეოდორესი, და ქრისტეფორესი, და საბა იშხნელისა ცხოვრებაი ამით, რამეთუ ფრიად განაგრძობა იქმნებოდა საქმეთა მათთა სრულიად აღწერითა ჭეშმარიტადო" (საბა იშხნელის ამბავი უშუალოდ წინ უძღვრის თეოდორეს და ქრისტეფორესას)40.

ცალკეული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას ისევ თვით არქიტექტურა გვაძლევს. ასე მაგალითად, აშკარაა, რომ ხანძთიდან წამოსული ბერების უდიდესი ნაწილი თეოდორეს გაჰყოლია ნეძვში (ეს ფაქტი უეჭველია, მიუხედავად იმისა, მივიღებთ თუ არა ფოთოლეთ-კვირიკეწმინდის იგივეობის ვერსიას, ვინაიდან ნეძვი, როგორც ითქვა, გაცილებით აღემატება ზომით ბორჯომის ხეობის ყველა სამონასტრო ეკლესიას). ნეძვის მონასტრისათვის თავიდანვე გარკვეული უპირატესობის მინიჭებაზე უნდა მეტყველვბდეს ისიც, რომ აქ წამოვიდა თეოდორესა და ქრისტეფორეს საერთო საყვარვლი მოწაფე ეფრემი41. მომდევნო ხანებშიც, როგორც ჩანს, ნეძვი უფრო მსხვილი და დაწინაურებული მონასტერია. "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში" ის იხსენიება, როგორც "დიდებული ლავრა" (შატბერდის გვერდით!)42. კვირიკეწმინდის შესახებ არცერთი ამგვარი ცნობა არ გაგვაჩნია, მაგრამ თუ ზემოთგადმოცემულ ვერსიას სარწმუნოდ მივიჩნევთ, ფოთოლეთის ეკლესიის რამდენიმე გვიანი დანამატი საშუალებას მოგვცემს მონასტრის შემდგომი ისტორიის ზოგიერთი მომენტი წარმოვიდგინოთ. X ს-ის II ნახევარში ეკლესიაში მოუწყვიათ კანკელი, რომელიც მდიდრული ორნამენტაციით, "რაფინირებული დახვეწილობითა"43 და საერთო დეკორაციული ხასიათით მკვეთრად განსხვავდება ეკლესიის შენობის მკაცრი ფორმებისაგან. ფოთოლეთის კანკელი თავისი ეპოქის ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშია და მის აღმართვა, ვფიქრობთ, იმის დადასტურება უნდა იყოს, რომ X საუკუნეში მონასტერი აღმავალ გზაზეა და მატერიალურად ძლიერია. უფრო გვიანი ხანის ცვლილებათაგან აღსანიშნავია შენობის სამხრეთ შესასვლელის ამოქოლვა და გარშემოსავლელის სამხრეთ ფრთის გადატიხვრა, რის შედეგადაც ამ მხარის აღმოსავლეთ ბოლოში გამოიყო მხოლოდ ეკლესიის შუა ნაწილთან დაკავშირებული ცალკე სათავსი. ეს რემონტი, რომელიც XV-XVI საუკუნეებისდროინდელი ჩანს, ალბათ გამოწვეული იყო ახალი ფუნქციური მოთხოვნებით, კერძოდ, სადიაკვნეს საჭიროებით უშუალოდ ეკლესიის შენობაში. სამუშაოთა შესრულების ხარისხი ნათლად მეტყველებს სამშენებლო ხელოვნების დონის დაქვეითებაზე, რაც საერთო მოვლენაა ამ ეპოქის მთელი ბორჯომის ხეობის ხუროთმოძდვრებისათვის44. ის აშკარაა ნეძვის ტაძრის ამავე ხანებში ჩატარებულ რეკონსტრუქციაშიც, რომელიც საგულისხმოა იმ მხრივ, რომ გვიჩვენებს არა მხოლოდ არქიტექტურული შემოქმედების დაცემას, არამედ საერთო კრიზისსაც - ეკლესიას შემცირებულად აღადგენენ, ვინაიდან მისი მთლიანად აღდგენისათვის არც საჭირო სახსრები არსებობს და აღარც მოთხოვნილება45. XVI ს-ის დასარულისათვის, მეტად მძიმე ისტორიულ ვითარებაში ბორჯომის ხეობის სავანეები და მათ შორის ფოთოლეთიც თანდათან დაიცალა და გაუკაცრივლდა46. ალბათ ამ დროს დაიკარგა მონასტრის ძველი სახელწოდებაც (ფოთოლეთს მონასტერს ეძახდნენ იმ ტყის სახელის მიხედვით, რომელიც გარს არტყია). ასე გვესახება ზოგად ხაზებში ისტორია ფოთოლეთის მონასტრისა, რომელიც, როგორც ზემოთ ვნახეთ, თავისი მდებარეობითა და არქიტექტურული იერით საფუძველს გვაძლვვს მივიჩნიოთ გრიგოლ ხაძთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკვწმიდის სავანედ.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. რევოლუციამდელ ნაშრომთა შორის უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ ნ.მარის შავშეთ-კლარჯეთში მოგზაურობის დღიური, რომელიც ერთვის მერჩულეს თხზულების პირველ გამოცემას (Г.Мерчул, Житие св.Григория Ханзийского, грузинский текст, введение, изд, пер Н.Марра, с дневником поездки в Шавишю и Кларджи, СПб, 1911). ის შეიცავს უმდიდრეს მასალას კლარჯეთის სამონასტრო ხუროთმოძღვრების შესახებ. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ა.პავლინოვის 1888 წლის მოგზაურობის ანგარიშს, რომელსაც ერთვის ვრცელი გრაფიკული და ფოტომასალა (А.М.Павлинов, Экспкдиция на Кавказ 1888 года, Материалы по археологии Кавказа, собранные экспедициями Императорского Московского Археологического общества, Вып.III м., 1893, გვ.1-91, ტაბ.XXIII-XLVII), ცალკეულ ძეგლთა შესახებ ცნობები მოეპოვებათ უფრო ადრინდელ ავტორებსაც (გ.ყაზბეგი. დ.ბაქრაძე). თანამედროვე ავტორთაგან აღსანიშნავია ნ. და ჟ-მ. ტიერების, ვ.ჯობაძის, დ.უინფილდის გამოკვლევები (დაწვრილებით ამ საკითხზე იხ. В.Беридзе, Архитектура Тао-Кларджети, Тб., 1981, გვ.9-17).

2. Г.Мерчул... დასახ. ნაშრომი, გვ.კგ აშოტ კურაპალატი 826 წელს გარდაიცვალა (იხ. ა.ბროგვერაძე, ერთი ქრონოლოგიური საყრდენი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა (აშოტ I კურაპალატის სიკვდილის თარიღის შესახებ). საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები. 1970, გვ.131-138).

3. Р.Шмерлинг, К вопросу датировки храма в Убиси, Сообщения АН ГССР, т.6, №2, Тб, 1955, გვ.169-174.

4. Г.Мерчул... გვ.ლვ. თარიღთან დაკავშირებით იხ.ქვემოთ.

5. რ.მეფისაშვილი, გრიგოლ  ხანძთელის  მოწაფეთა  სააღმშენებლო მოღვაწეობა ქართლში საქ. სსრ. მეცნ. აკად. საზ. განყ-ის მოამბე, თბ., 1963, N4, გვ.232-240.

6. Г.Мерчул... დასახ. ნაშრომი, გვ.3.

7. Г.Мерчул... დასახ. ნაშრომი, გვ. ზი. თარიდთან  დაკავშირებით იხ. პ. ინგოროყვა, გიორგი  მერჩულე,  თბ., 1955, გვ.303.

8. Г.Мерчул...დასახ. ნაშრომი, გვ.კბ.

9. Г.Мерчул.... დასახ.  ნაშრომი, გვ.ლვ.

10. Г.Мерчул..... დასახ. ნაშრომი. გვ.ლვ.

11. ნ.ბერძენიშვილი, ბორჯომის ხეობა (დღიური. 1947 წელი), საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.I (ისტორიული გეოგრაფია) თბ. 1964, გვ.250 ვ.აბულაძე, ბორჯომის ხეობის წარსული და აწმყო, თბ., 1983, გვ.23-27. იგივე აზრი უნდა ჰქონოდა გატარებული გ.ჩუბინაშვილსაც, იხ. მისი შრომა: ძველი ბაზილიკა ქვაბისხევში, თსუ შრომები, ტ.XXXIV, თბ., 1968, გვ.396.

12. პ.ინგოროყვა, დასახ. ნაშრომი გვ.394.

13. ს.ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III (გამოკვლევა.., 1968, გვ.124.

14. ს.ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი II (ხელნაწერის ქართული თარგმანი), თბ.1941, გვ.9, 93, სოფელი კვირიკეწმიდა დავთრის სარჩევში კვირიკედ არის მოხსენიებული.

15. პ.ინგოროყვა. დასახ. ნაშრომი გვ.395; ს.ჯიქია, დავთარი, წიგნი III, გვ.125. ამ კვირიკეწმიდას ერთგან ახსენებს ჟამთააღმწერელიც (იხ.ქართლის ცხოვრება. ტ.II, ს.ყაუხჩიშვილის რედაქციით. თბ.1959, გვ.266). მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც აქ უნდა ყოფილიყო ქრისტეფორეს მონასტერი.

16. რ.მეფისაშვილი, გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა.., გვ.233 (სქოლიო 8).

17. Р.Меписашвили, Основные особенности развития трёхцерковных базилик Грузии (Доклад на II международном симпозиуме по грузинскому искусству), Тб., 1977, გვ.6-7. ჩითახევის არქიტექტურის შესახებ იხ.აგრეთვე: დ.ხოშტარია, ჩითახეეის მონასტრის ეკლესია (IX ს-ის ქართული ხუროთმომდვრების ძეგლი), "მაცნე", ისტორიის სერია, თბ., 1983, N4, გვ.141-157.

18. Р.Меписашвили, Основные особенности..., გვ.6.

19. ალბათ ამავე აზრს უნდა ამტკიცებდეს ერთი საყურადდებო ფაქტიც, რომელიც არაერთგზის არის ხაზგასმული "გრიგოლ ხანმთელის ცხოვრებაში". თეოდორესა და ქრისტეფორეს თავიდანვე განსაკუთრებით მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდათ. თხზულებაში ეს ორი პერსონაჟი განუყოფელია. ისინი ორჯერვე ერთად იპარებიან, ყოველთვის შეთანხმებულად მოქმედებენ. მერჩულე ერთგან იმასაც აღნიშნავს, რომ ხანძთაში მათ სენაკებიც გვერდიგვერდ ჰქონდათ, სხვა ძმებისაგან მოშორებით (Г.Мерчул... გვ.კზ). ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ისინი ეცდებოდნენ საკუთარი მონასტრებიც ახლო-ახლო აეგოთ, რათა მუდმივი კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონოდათ

20. დ.მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, 11, თბ. 1980, გვ.71-72. უმთავრესი წყარო საზღვრის დასადგენად არის: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება, ტ.I, ს.ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955, გვ.9, 24.

21. ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ.VIII, თბ. 1975. გვ.276-277

22. სამეცნიერო ლიტერატურაში ძირითადად ეს მოსაზრებაა მიღებული (იხ.ზემოთ. სქოლიო 20). VIII-X საუკუნეთა საქართველოს ისტორიულ რუკებზეც ბორჯომის ხეობა ტაშისკარიდან მოყოლებული მთლიანად სამცხის შემადგენლობაში შედის. იხ.მაგალითად: საქართველოს სსრ ატლასი, თბილისი-მოსკოვი, 1964, გვ.249-250. რუკა "საქართველო IX-X საუკუნეებში" (შემდგენელები მ.ბერძნიშვილი, ნ.შოშიაშვილი, ნ.ბერძენიშვილის რედაქციით). საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.II, თბ. 1970, გვ.384. რუკა "საქართველო X საუკუნეში".

23. Р.Шмерлинг, Малые формы в архитектуре средневековой Грузии., Тб., 1962, გვ.53-54, 90-91. ეს ფრაგმენტები მოპოვებული იქნა 1939 წელს სიძველეთა დაცვის კომიტეტის მიერ ეკლესიის შენობაში ჩატარებული გათხრების შედეგად. გათხრებს ხელმძღვანელობდნენ რ.მეფისაშვილი და ზ.მაისურამე. იმავე წელს აიზომა ნაგებობა. მოტანილი ნახაზები შესრულებულია რ.მეფისაშვილის მიერ.

24. ტერმინ "სამეკლესიიან ბაზილიკას" აქ გარკვეულად პირობითად ვხმარობთ. არა იმდენად ფუნქციური, რამდენადაც სივრცობრივ მოცულობითი სპეციფიკის აღსანიშნავად. ბოლო ხანებში მსგავს ნაგებობებს ზოგჯერ "გარშემოსავლელიან დარბაზულ ეკლესიებსაც" უწოდებენ. (იხ.მაგალითად: Р.Меписашвили, В.Цинцадзе, Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида Картли, Тб., 1975, გვ.30,44. М.Асратян. Раннесредневековые зальные церкви с обходом Грузии и Армении, Доклад на IV-м международном симпозиуме по грузинскому исскуству, Тб., 1983, გვ.4-7. ამავე ტერმინთან დაკავშირებით იხ.აგრეთვე Н.Чубинашвили, Шашианис Самеба, Доклад на IV-м международном симпозиуме по грузинскому искусству, Тб., 1983, გვ.1-9). თუმცა ნაწილობრივ იზოლირებული "ნართექსის" არსებობა ფოთოლეთში გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა გარშემოსასვლელის სამხრეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ ნაწილის დასავლეთ მონაკვეთს ერთგვარად დამოუკიდებელი ღვთისმსახურებრივი დანიშნულება ჰქონოდა, ე.ი. აქ, მართლაც, სამი "ეკლესია" ყოფილიყო.

25. ახლა  სამხრეთის ფრთაც ორადაა გატიხრული, მაგრამ ეს აშკარად მოგვიანო გადაკეთების შედეგი ჩანს.

26. ახლა საპირე წყობის ჩამოშლის გამო ისინი საკმაოდ შებრტყელებულია და შვერილობა ნაკლებად თვალშისაცემია.

27. Р.Шмерлинг, К вопросу.. გვ.127. აქ ფოთოლეთის ეკლესია მოხსენიებულია. როგორც IX-X საუკუნეთადროინდელი ნაგებობა.

28. მოგვყავს ამონაწერი რ.მეფისაშვილის საანგარიშო მოხსენებიდან, რომელიც წაკითხული იყო ფოთოლეთის ეკლესიის გათხრის შემდეგ "მეტეხის" მუზეუმში: "ეკლესიის გათხრის დროს მიწაში აღმოჩნდა სამნაირი კრამიტი: ბრტყელი, ოთხკუთხედის ფორმის ამოწეული გვერდებით, შემდეგ მრგვალი და ბოლოს მრგვალი კრამიტი წვეტიანი ბოლოთი, უფრო მცირე ზომისა, ვიდრე წინა. თუ როგორ იყო პირველი ორი ტიპის კრამიტები დალაგებული, აშკარა ხდება ჩრდილოეთის ეკლესიის თავზე შერჩენილი სახურავის ნაწილიდან (ახლა მთლიანად ჩანრეულია. დ.ხ.): ბრტყელი კრამიტი მწკრივად არის დალაგებული, ამოწეული გვერდები ერთი-მეორეს ედება, ხოლო მრგვალი გადაფარებულია მათი შეერთების ადგილას და ვერტიკალურ რიგებში ერთმანეთზე გადადის. წვეტიანი კრამიტი კარნიზის მიყოლებით უნდა ყოფილიყო დალაგებული. ამ ტიპის კრამიტი მოინახა რამდენიმე, ყველა ერთნაირია, ბოლოები სამკუთხედის ფორმისა აქვს, სამკუთხედის შუაგული ოდნავ ჩაღრმავებულია და ზედ რელიეფურად ერთმანეთთან პირით მდგომი ირმებია გამოსახული. კრამიტი ყალიბით არის გაკეთებული თუკი ასეთი კრამიტი კარნიზს მიჰყვებოდა, უეჭველია, ის გარკეეულ დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენდა და ძეგლის საერთო ხუროთმოძღვრებასთან ერთად იყო მოფიქრებული" (საანგარიშო მოხსენების ხელნაწერი, გვ.7-8).

29. დ.ხოშტარია, დასახ. ნაშრომი, გვ.146.

30. Г.Чубинашвили, Архитектура Кахетии, Тб., გვ.188-190, 193-195.

31. რ.მეფისაშვილი, ერედვის 906 წლის ხუროთმოძღვრული ძეგლი, Ars Georgica 4; თბ., 1955, გვ.101-138.

32. რ.მეფისაშვილი. ბერის საყდარი, Ars Georgica 7 თბ. 1971, გვ.91-111.

33. რ.რჩეულიშვილი. მოხსენება წაკითხული საქ. მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა XIII სამეცნიერო სესიაზე (მითითებული აქვს რ.მეფისაშვილს. იხ. Ars Georgica 4, თბ., გვ.123)

34. Р.Шмерлинг, К вопросу... გვ.172.

35Г.Чубинашвили, Архитектурные памятники VIII - IX вв. в Ксанском ущелье, Ars Georgica, I, Тб., გვ.3-11.

36. ნ.ქადეიშვილი, ჟალეთის ხუროთმოძღვრული ძეგლი, თბ., 1964, სარკმლის თავსართის შესახებ, იხ.გვ.48, ტაბ.20.

37. ასევე აქვთ დათარიდებული გაკვრით ფოთოლეთი რ.შმერლინგს (იხ.ზემოთ სქოლიო 27) და რ.მეფისაშვილის (იხ.მისი. Основные особенности, გვ.7).

38. Р.Меписашвили, Основные особенности... გვ.6-7. თვით ავტორი, როგორც ითქვა, ამ დებულებიდან გამომდინარე ყველაზე რეალურად მიიჩნევს კვირიკეწმიდის ჩითახევთან გაიგივების შესაძლებლობას.

39. საერთოდ, ლაპარაკი ნეძვის და ფოთოლეთის მსგავსებაზე, ანალოგიურ მხატვრულ გადაწყვეტაზე გარკვეულად პირობითია, ვინაიდან ფოთოლეთი (და საერთოდ ბორჯომის ხეობის IX-X საუკუნეთა ყველა ეკლესია) გაცილებით პატარაა ნეძვზე. თავისი ზომებით ნეძვი ბევრად სჭარბობს არა მხოლოდ ამ "მეზობელ" ნაგებობებს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან ძეგლებსაც, როგორიცაა ოპიზა, არტანუჯი, ხეითი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, კუმურდო და დაახლოებით უტოლდება VIII-X საუკუნეთა უდიდეს ქართულ ტაძრებს - სამშვილდის სიონს. ბიჭვინთას, ოთხთა ეკლესიას.

40. Г.Мерчул... დასახ. ნაშრომი, გვ.ლზ.

41. Г.Мерчул... დასახ. ნაშრომი.. გვ.ლვ. ეფრემი ნეძვში ცოტა ხანს დარჩენილა 845 - წლის ახლო ხანებში ის აწყურის ეპისკოპოსი გახდა.

42. ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II, თბ., 1967, გვ.93.

43. Р.Шмерлинг, К вопросу...  გვ.53.

44. დაბალი მხატვრული და ტექნიკური დონე ჩანს თვით იმ ნაგებობებშიც, რომლებსაც ხეობის მაშინდელი მფლობელები ავალიშვილები აშენებენ, კერძოდ, ლიკანის სამრეკლოში (იხ.ვ.ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრება, თბ., 1955, გვ.216-218).

45. რ.მეფისაშვილი, გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა..., გვ.235.

46. საერთოდ, ბორჯომის ხეობისათვის, სპეციფიკური გეოგრაფიული მდებარეობის გამო, განსაკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდა XV-XVI საუკუნეთა მძიმე პერიპეტიები (დაწვრილებით ამის მიზეზის შესახებ იხ. Д.Бакрадзе. Кавказ в древних памятниках христианства, Тифлис, 1895 წლის ახლო ხანებში, როცა დგება "გურჯანისტანის ეილაიეთის დიდი დავთარი", აქ მხოლოდ 8 დაუცლელი სოფელია დარჩენილი სულ 37 კომლით, ე.ი. მთელი ხეობის მოსახლეობა 100-150 კაცს არ აჭარბებს (დავთარი, წიგნი 111 გვ.469-470. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია. ხეობის მონასტერთაგან არც ერთს არ ატყვია XVII-XVIII საუკუნეთადროინდელი აღდგენის ან შეკეთების კვალი, ზოგიერთი მათგანი (მაგალითად, ჭობისხევი და დვირი) განაახლეს მხოლოდ XIX საუკუნის II ნახევარში.