topmenu

 

ზ.კიკნაძე - ქართული ხალხური ეპოსი - ნაწილი II

<უკან დაბრუნება (ნაწილი I)...<<დაბრუნება პირველ გვერდზე...<<<მთავარი გვერდი...<<<ქართული მითოლოგია>>>


<<გაგრძელება (ნაწილი III)

ვინ არის პრომეთე და ვინ არის ამირანი?

პრომეთე უზენაესი ღვთაების, ზევსის თაობისაა; მათ საერთო პაპა (ურანოსი) და დიდი დედა (გეა) ჰყავთ; ოლიმპოსის მბრძანებლისგან იგი არაფრით არის დავალებული, არც დამოკიდებულია მასზე. თუმცა ის არ ეკუთვნის ოლიმპოსზე დაბრძანებულ ღვთაებრივ ელიტას, რომელიც განაგებს სამყაროს. ამირანი თუმცა სასწაულებრივ არის შობილი, მაინც ადამიანია, ადამიანთა სამყაროს ეკუთვნის. იგი რომ ქრისტე ღმერთის ნათლულია და მისგან ძალამონიჭებული, სწორედ იმას მოწმობს, რომ ის იერარქიულად დაბლა მდგომია. პრომეთე შემქმნელია ადამიანთა მოდგმისა, რომელსაც ამირანიც ეკუთვნის ელადის სხვა გმირებთან ერთად (ჰერაკლე, თესევსი, პერსევსი და სხვანი მრავალნი). პრომეთეს საზრუნავი ადამიანებია (ადამიანები მას აბარია), ამირანისა - საკუთარი თავი, მასზე ზრუნავს უფალი ქრისტე. პრომეთეს ძალის, ღვთაებრივი უნარების წყარო თავადვეა, ამირანის ძლიერების წყარო უფალია. პრომეთე და ამირანი კაცობრიობის განვითარების განსხვავებულ საფეხურებს ეკუთვნიან. პრომეთეს იარაღი არის ჭკუა, გამჭრიახობა, მოხერხება; ამირანი კი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკური ძალით, რაც მიგვანიშნებს, რომ იგი სხვა, უფრო ძველი ფორმაციის კაცობრიობას ეკუთვნის. პრომეთეს ფორმაცია მეორეულია, იგი ახალი კაცობრიობის წარმომადგენელია. პრომეთე ისევე უპირისპირდება ამირანს, როგორც მრავალნაცადი ოდისევსი ფეხმარდ აქილევსს ან ომში მყივარ მენელაოსს, რომელთა ეპითეტები ფიზიკურ ძალაზე მიუთითებს. პირველთა რიგშია მარკო კრალევიჩი, რომელიც განსაცდელის (უფალთან განცდილი მარცხის) შემდეგ გადადის პრომეთე - ოდისევსის ფორმაციაში. განსხვავებულია მათი დასჯის მოტივებიც. პრომეთე ისჯება: 1)კაცთათვის ცეცხლის მოტანისათვის ანუ ცეცხლის საიდუმლოს გათქმისათვის, კაცთა მოდგმის მიმართ გადამეტებული ზრუნვის გამო, 2)ზევსის საბედისწერო საიდუმლოს არგამხელისათვის (რომ ზევსს მისი და თეტისის ნაშიერი ჩამოაგდებს ტახტიდან), 3 ათენას მოტაცების მცდელობისათვის. ამირანი ისჯება: 1) უფალთან გატოლების მცდელობისათვის, 2) ფიცის სამგზისი გატეხისათვის (სვანური ვერსიით), და არამც და არამც ცეცხლის (ან ყამარის) მოტაცებისათვის. არც ერთი ვარიანტი არ ლაპარაკობს ცეცხლის მოტაცებაზე და მის მიწაზე ჩამოტანაზე ამირანის ან მის ძმათა ხელით. თუ ცეცხლზეა სადმე ლაპარაკი, ეს ეხება ცეცხლის მოძებნას, არა – მოტაცებას. არ არის დამაჯერებელი ყამარისა და ცეცხლის იგივეობის არგუმენტები: “პრომეთეს ორეული ამირანი ღრუბელთ უფალს _ პირიმზეს ქალიშვილს, მზეთუნახავს მოსტაცებს და ცოლად შეირთავს. ამ შემთხვევაში ცეცხლი მზეთუნახავითაა შეცვლილი. ასეა გაფორმებული ამირანიანში ეს მოტივი მისი განვითარების უმაღლეს საფეხურზე” [15, 235]. აღვნიშნავ, რომ მოტაცებულ მზეთუნახავს ამირანი ცოლად არ ირთავს. რომც ირთავდეს და იგი ცეცხლის გამოხატულება იყოს, ეს აქტი მაინც არ ჩაითვლებოდა პრომეთესეულ კულტურულ ქმედებად. ყამარი, როგორც ცეცხლი, მოტაცების შემდეგ აღარსად ჩანს. თუკი მოიტაცეს, ხალხისთვის უნდა ყოფილიყო მოტაცებული. მიჯაჭვა მხოლოდ საშუალებაა დასჯისა, რომლითაც სხვადასხვა დანაშაულისათვის ისჯებიან. მთავარი კი არის არა “რითი ისჯება”, არამედ “რისთვის ისჯება”. თუ მეორე კრიტერიუმით დავუწყებთ ძებნას ამირანის ორეულებს, პირველ რიგში, თვალწინ წარმოგვიდგება ისეთი პერსონაჟები განსხვავებული საგმირო-მითოლოგიური ტრადიციებიდან, როგორებიც არიან ოსური ნართების ბათრაძი, სომხური ეპოსის მჰერი და სამხრეთელი სლავების მარკო კრალევიჩი, აფხაზური ტრადიციის აბრსკილი და მეგრულის არამხუტუ. დევებთან მებრძოლი ბათრაძი, რომელიც ციური მჭედლის ქურდალაგონის მიერ არის გამოწრთობილი, თავის ძალას ძუარების (ჯვართა) და ვაცილების (წმ.ელიების) წინააღმდეგ მიმართავს. მისი გაბუდაყების კულმინაცია ღმერთთან შერკინებაა, სადაც უძლეველი ბათრაძი მარცხდება: დედამიწის სიმძიმის გუდას კი ასწევს, მაგრამ ოქროს ძაფის გორგალის აწევას ვეღარ შეძლებს, რის შემდეგაც იგი აღიარებს, რომ არსებობს მისი მჯობი. ასპარეზობა მხოლოდ მარცხით არ მთავრდება – ღმერთი მზის მხურვალებით აცამტვერებს მას. ბათრაძის თქმულება არ იცნობს მიჯაჭვას [8, 270-272]. ასევე მიჯაჭვის გარეშე მთავრდება მარკოს მარცხი. მარკო, დაინახავს რა, რომ მისი მომრევი ამქვეყნად არავინაა, უფალს გამოიწვევს ორთაბრძოლაში. უფალი ჩამოდის დედამიწაზე, მოხუცის სახით გამოეცხადება და დედამიწის წონა გუდას დაუგდებს გზაჯვარედინზე. მარკო ვერ ასწევს, თუმცა მთელ თავის ძალას მას დაახარჯავს. ბოლოს უფალი გაუმჟღავნებს თავს, მარკო ინანებს, რომ უფალი ორთაბრძოლაში გამოიწვია. უფლის ნებით, მარკო კვლავ უძლეველ ჭაბუკად დარჩება, ოღონდ ამიერიდან ორთაბრძოლაში ძალის ნაცვლად ხერხსა და ეშმაკობას გამოიყენებს [29, 207-8]. არამხუტუს თქმულება, განსხვავებით “ამირანიანისგან”, მჭიდროდ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეთნიურ გარემოსთან (სოფ. ჯვარი, ციმინტიები, ქარდავები, შერვაშიძე, ვისთანაც მას ურთიერთობა აქვს). იგი თავიდანვე მოძალადეა და ღმერთსაც ეურჩება. წმ.გიორგი მას, როგორც არაქრისტიანს(!), ვერაფერს აკლებს, ღმერთი კი სჯის: ძაფს შემოაქსელავს ტანზე, ჯაჭვად უქცევს და პალოზე დააბამს. არამხუტუსაც ჩიტი უშლის პალოს ამოძრობას [14, 385]. არსებობს გაყოფითებული ვარიანტები, სადაც არამხუტუს ტყვიით(!) კლავს ციმინტია, თავს მოაჭრის და ჯგეგეს მიართმევს სოფელ ჯვარში [14, 386]. ასევე ეთნიზებულია, და უფრო ძლიერადაც, აბრსკილის აფხაზური თქმულება: ის ებრძვის სამშობლოს (აფხაზეთის) მტრებს (ეჭვი არ არის, რომ ეს მოტივი გვიანდელი წარმოშობისაა). მის ბიოგრაფიაში ძირითადი გმირობა დევის მოკვლაა. გაამპარტავნებულ-გაბუდაყებული აბრსკილი ღმერთს ეტოლება – არაფრის დიდებით არ უხრის მას ქედს. თავს არასოდეს ხრის, ღმერთს არ ეგონოს, თაყვანს მცემსო. თქმულება ორთაბრძოლას არ იცნობს. ღმერთი სჯის მას: ჯაჭვით შებორკილს ჭლოუს გამოქვაბულში (ოჩამჩირის მახლობლად) რკინის ბოძზე მიაბმევინებს. აქაც ვხვდებით გათავისუფლების ამაო მცდელობას ორ ვარიანტად: 1) ჩიტის მიზეზით მისი პალო კიდევ უფრო ღრმად იჭედება კლდეში; 2) აფხაზები – აჩბები თუ ცაცბები – მიაგნებენ აბრსკილის გამოქვაბულს, მაგრამ იმედგაცრუებულნი უკანვე დაბრუნდებიან [3, 344-9; 9, 387-9]. ადიღეელთა ნართების მეთაურმა (თხამადამ) ნასირენ-ჟაჩემ განიზრახა ღმერთის (თხას) მეუფების დამხობა. ადის ოშხამახოზე (იალბუზზე), ღმერთების მთაზე და ებრძვის ღვთაება პაკოს, რომ დაიბრუნოს წართმეული ცეცხლი. პაკო მიაჯაჭვავს ნასირენს ოშხამახოს წვერზე. შევნიშნავთ, რომ ადიღეური სიმღერა-მოთქმა მიჯაჭვულ ნასირენზე “წვრილმანებშიც” კი იმეორებს ამირანის დრამას. მოგვყავს ეს სიმღერა: “ო უყ-უიყ, ნართო ნასირენ! უიყ, უიყ ნასირენ-ჟაჩე! მუხანათურია შენი ქცევანი, ღვთის სიტყვას და საქმეს შენ პატივს არ სცემ. ო, ღვთისაგან შეჩვენებულო, ო, ვინც მთაზე აიყვანეს, ო, ვინც მთაზე მიაჯაჭვეს! შენს ზემოთ არწივია, გვერდით შენი ძაღლი გიწევს! არყევს გრიალით სვეტს, ჩიტი მოფრინდება ხოლმე, სვეტზე ჯდება. შენ ბრაზდები, ეჰეი, ყვირი, ქვას ესვრი, სვეტს ხვდება, სვეტი უფრო ღრმად ერჭობა. შენს გვერდით ძაღლი წევს, ჯაჭვს ღრღნის, ძაფის სისქეს ხდის. როცა გალოკავს, მჭედლები სამჭედლოში სისხამ დილით გრდემლზე უროს სცემენ, ჯაჭვი კვლავ მთლიანდება, როგორც იყო... ვიდრე ჩვენ არ აგხსნით, ღმერთი გაკავებდეს მანდ დასაღუპავად” [27, 273-4]. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამირანის ბედთან ტიპოლოგიური ან, შესაძლოა, გენეტური მსგავსება-სიახლოვით სომეხთა მჰერი უმრწემესი, სასუნელთა მოდგმის უკანასკნელი გმირი. მისი ბავშვობა ისეთივე ბობოქარია, როგორც ამირანისა, ხოლო გაბუდაყების ზღურბლზე დედამიწას აღარ სურს მისი ატანა (სიარულისას ფეხები მიწაში ეფლობა), ანუ ის დაწყევლილია მიწისაგან. მისი ბოლო კლდის გამოქვაბულია, რასაც მჰერს მისი დედ-მამა უწინასწარმეტყველებს, როცა იგი მათ საფლავებს ჩასძახებს შემწეობისთვის და მჰერიც მიადგება კლდეს, მაგრამ მანამდე ის ორთაბრძოლაში იწვევს ღმერთს (“ან შემერკინე, ან წაიღე ჩემი სული”), რომელიც მას შვიდ ანგელოზს შეაბრძოლებს. მაგრამ ამაოა მჰერის ცდა: მისი ელვა-ხმალი ვერაფერს აკლებს უხორცოთ. დამარცხებულმა მჰერმა საკუთარი მახვილით გააპო კლდე, რომლის წიაღში “სამუდამოდ” უნდა დატყვევებულიყო. კლდე წელიწადში ორჯერ იხსნება - ვარდავარისა და ამაღლების დღესასწაულებზე. მჰერი გამოდის გარეთ, მაგრამ კვლავინდებურად მიწას არ სურს მისი ზიდვა, ის ცხენიანად ეფლობა მიწაში. კლდის ერთ-ერთი გახსნისას შემოდის მწყემსი და მის კითხვაზე, როდის გამოხვალ აქედანო, მჰერი აძლევს საგულისხმო პასუხს: “თუ ახლა ავდექი და გამოვედი, ვერ ამიტანს მე მიწა. სანამ ეს წუთისოფელი ბოროტებით არის სავსე, სანამ ასეთი ცრუა მიწა, მე არ მეცხოვრება ქვეყანაზე. როცა დაემხობა ეს სოფელი და კვლავ აშენდება, როცა ხორბლის მარცვალი კაკლისოდენა გახდება, როცა ასკილის ნაყოფივით გახდება ხორბლის მარცვალი, აი, მაშინ დადგება ჩემი დღე და იმ დღეს გამოვალ აქედან” [22, 340-341]. როგორც ვხედავთ, მჰერის გათავისუფლება ისევე, როგორც ამირანისა, ესქატოლოგიურ პერსპექტივასთან, ქვეყნის ფერისცვალებასთან არის დაკავშირებული. მჰერის ღმერთმებრძოლი ნება მოტეხილია, იგი, შეიძლება ითქვას, კათარზისის პროცესში იმყოფება და ელის საბოლოო, ესქატოლოგიურ ჟამს. განწმედილ-განახლებული მჰერი და “ახალი ცა და ახალი მიწა” შეეგებება ერთმანეთს. ყველა ამ თქმულებაში გამოხატულია ტრაგედია ადამიანისა, რომელიც ვერ ეგუება ადამიანურ დასაზღვრულობას და ცდილობს გასცდეს კაცობრივ საზღვარს, გაუტოლდეს ღმერთს, რისთვისაც ისჯება. ერთადერთი მარკო არ ისჯება. მას მიემადლება სხვარიგი ძალა – იგი, შეიძლება ითქვას, ამ მარცხიანი ორთაბრძოლიდან ახალ ადამიანად იბადება. მარკო რწმუნდება ფიზიკური ძალის უმწეობაში, როცა აბსოლუტურ ძალას შეეჯახება. ორთაბრძოლა მისი გაკვეთილი იყო. ამირანისთვისაც გაკვეთილია ეს საბედისწერო შერკინება თავის ნათლიასთან, ისიც უნდა დარწმუნდეს, რომ ადამიანში მოქცეული ძალა უფლის წინაშე არარაობაა. ის, რაც მარკოს პიროვნებაში მოხდა, არის გარდაქმნა – მეტანოია, თვალთახედვის შეცვლა, იგივე სინანული, რასაც ღმერთი ელის მიჯაჭვული ამირანისაგან. პრომეთე კი არც ადამიანია და, ამის გამო, არც სინანულის განცდა აქვს, არც ზევსი მოელის მისგან სინანულს. ამირანის ტრაგედია გაცილებით ღრმაა, ვიდრე პრომეთესი, რომლის ბედი ზევსის კაპრიზზე თუ თვითნებობაზეა დამოკიდებული. ამავე დროს პრომეთე უკვე გამოხსნილია, მაგრამ ის იხსნა გარეშე ძალამ და არა შინაგანმა მზადყოფნამ ხსნისათვის. თუმცა შინაგანის პრობლემა არც დგას მის წინაშე. ეს ადამიანის პრობლემაა, პრომეთე კი ადამიანი არ არის. დასასრულ, მომყავს ჰ.-გ.გადამერის ლაკონიური დასკვნები, რომლებითაც მან დაასრულა თავისი ნარკვევი პრომეთეზე: “ასე იქცევა პრომეთე სიმბოლოდ კაცობრიობის თვითტანჯვისა საკუთარი სინდისით, ცნობიერების ტრაგედიის სიმბოლოდ”. და კიდევ: “მასში კაცობრიობა, ვისთვისაც ის იტანჯება, ჭვრეტს საკუთარ თავს”. და ბოლოს: “მე მეჩვენება, რომ პრომეთეს ისტორია ისევე დაუმთავრებელია, როგორც თავად ადამიანის ისტორია” [21,255]. მე მეჩვენება, რომ ეს სიტყვები უფრო ამირანის ეგზისტენციალურ მდგომარეობას გამოხატავს, ვიდრე პრომეთესას. ისტორიაში პრომეთეს დრამა დასრულებულია, ის ჰერაკლეს გამომსყიდველმა აქტმა გააუქმა, ამირანისა კი დღემდე გრძელდება “მიჯაჭვულ” თუ გამოქვაბულში გამომწყვდეულ (გავიხსენოთ პლატონის მითოსი გამოქვაბულზე) კაცთა მოდგმასთან ერთად.

ამირანის სახის არატრადიციული ინტერპრეტაციები

როცა მიჯაჭვის მიზეზს (გაბუდაყებას, ჰუბრისს) მეორეულად თვლიან და ქრისტესმიერ ნათლობას ჩანამატად მიიჩნევენ, ეს ნიშნავს უკვე სხვა ეპოსზე ლაპარაკს და არა იმ “ამირანიანზე”, რომელიც ხალხურ ტრადიციაში არსებობს. სხვა სახის ეპოსი, გარეშე იმისა, რაც ფოლკლორულ ჩანაწერებშია შემონახული, როგორიც გამოვიდა ხალხის პირიდან, არ არსებობს. როდის შეიქმნა მიჯაჭვული ან, საერთოდ, დასჯილი გმირის მითოსი, ეს ისტორიული პრობლემაა, რაც ამჟამად ჩვენი ინტერესის საგანს არ შეადგენს. ჩვენთვის მთავარია იმის აღნიშვნა, რომ თქმულებამ ამირანზე, რომელიც ადრეულ ეპოქაში აშკარად სხვა სახელს ატარებდა, ქრისტიანული ეპოქის გამოვლით იდეოლოგიური გარდაქმნა განიცადა. აღმოსავლეთი იცნობს მიჯაჭვის მითოლოგემას. მის ყველაზე ადრეულ დადასტურებას ირანულ მითოსში ვხვდებით, რომლის გამოძახილია “ქართლის ცხოვრებაში” რომელიღაც ტექსტიდან მოხვედრილი, როგორც ჩანს, შაირით გაწყობილი ორსტრიქონედი (პავლე ინგოროყვას აღდგენით):

“რომელმან შეკრა ჯაჭვითა ბევრასფ, გუელთა უფალი,

და დააბა მთასა [მას] ზედა, რომელ არს კაცთ შეუვალი” [11, 13].

რომელმაც დააბა, ეს ფერიდუნია ანუ ავესტის თრაეტაონა, ხოლო ბევრასფი, ვინც მან დააბა, იგივე აჟი-დაჰაკაა (“შაჰ-ნამეს” ზაჰაქ, მისი ქართული ვერსიების ზააქი), გველადქცეული მეფე, რომელმაც უფლისწულობისას არიმანის შეგონებით მოკლა მამა, რათა მის ნაცვლად გამეფებულიყო. ცხადია, ბევრასფი მამის წინააღმდეგ ჯანყისთვის ისჯება. სომხური ტრადიციით, ბევრასფი ისჯება არა მიჯაჭვით, არამედ მთის მახლობლად სიკვდილით და გოგირდის ორმოში ჩაგდებით [17, 99]. ამრიგად, მთავარია: რისთვის ისჯება გმირი. ამირანის თაობაზე ხალხის პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ნათლიასთან შეჭიდებისთვის, რასაც სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ, თუ არა ჯანყს უზენაესის წინააღმდეგ, გაბუდაყებას, რომელიც გარდაუვლად იმსახურებს სასჯელს. არც ერთი ჩანაწერი (ვარიანტი) ამ ეპიზოდისა არ ამართლებს ამირანის საქციელს, არ ლაპარაკობს აღშფოთებით, რომ სასჯელი დაუმსახურებელია, რომ დასჯილი გმირი უბრალოა. ადგილი არ რჩება აღშფოთებას, მაგრამ არის გულისტკივილი, თანაგრძნობა, სურვილი იმისა, რომ მიჯაჭვული გათავისუფლდეს. არის აშკარა, შეიძლება ითქვას, ზეპიროვნული, თუნდაც კოლექტიური (ნუ გავექცევით ამ სიტყვას) თანაგრძნობა ამირანის ბედისადმი, რაც გამორიცხულია ბევრასფისა და მისი რიგის არსებათა მიმართ, რომლებიც ხორცშესხმულ ბოროტებას წარმოადგენენ, და, მიუხედავად ამ გულშემატკივრობისა, არ ჩანს ოდნავი მინიშნებაც კი, რომ ამირანის სასჯელი დაუმსახურებელია. ამირანის პიროვნებაზე საპირისპირო წარმოდგენის (ანუ ადამიანთა თვალსაზრისით, სრული უდანაშაულობის) მიზეზი ამირანისა და პრომეთეს, ერთი შეხედვით, კანონზომიერ გაიგივებაში მდგომარეობს, რასაც საფუძველი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩაეყარა. პრომეთეზე შექმნილია მითოსი, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლზე ან პირველ მოწამეზე კაცობრიობის ისტორიაში, როგორც მარქსმა წარმოიდგინა. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას ჰიპოთეზის სახით: უსამართლოდ დასჯილ, კაცობრიობის კეთილისმყოფელ გმირად ესქილემ აქცია. ძველმა მითოსმა უკეთ იცოდა ისევე, როგორც ზევსმა, რა “სიკეთის” მომტანი უნდა ყოფილიყო კაცთა მოდგმისთვის მოტაცებული ცეცხლი (ან რა იყო ძველი მითოსის ცეცხლი?). ჩვენში ამირანის ტოტალურ გამართლებას საფუძველი დაედო 1883 წელს, როცა აკაკი წერეთელმა გენიალურ “თორნიკე ერისთავში” ჩართულ, შეიძლება ითქვას, ესქატოლოგიურ სიმღერაში პრომეთეს სიუჟეტი ამირანზე გადაიტანა და, საბოლოოდ, მიჯაჭვული გმირი ტანჯულ ქვეყანასთან გააიგივა. აი, ეს სიმღერაც:

კავკასიის ქედზე იყო

ამირანი მიჯაჭვული,

ყვავ - ყორნები ეხვეოდა,

დაფლეთილი ჰქონდა გული.

ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის

გულს ცეცხლი არ ნელდებოდა

და რაღაცა მანქანებით

გული ისევ მრთელდებოდა.

ჰქონდა ჭირში მოთმინება,

არც კვნესოდა, არც ოხვრიდა;

უსამართლო ძლიერებას

მონურად ქედს არ უხრიდა.

ბოლოს მაინც გამარჯვება

დარჩა!.. ყველა გააოცა!..

და ის ღვაწლი მაგალითად

მიწის შვილთა მან გადმოსცა...

კავკასიის მაღალ ქედზე

მიჯაჭვული ამირანი

არის მთელი საქართველო

და მტრები კი – ყვავ-ყორანი.

მოვა დრო და თავს აიშვებს,

იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთაგმირი!..

სიხარულად შეეცვლება

იმდენი ხნის გასაჭირი!” ამ სიმღერის ამირანს არაფერი აქვს საერთო ხალხურ თქმულებათა ამირანთან. ისინი არ იცნობენ ამგვარ ამირანს. მაგრამ ამგვარმა ამირანმა შესანიშნავად აღასრულა ის მისია, რომელიც მას პოეტმა დააკისრა. ამირანი ტანჯული საქართველოს მეტაფორა შეიქნა. ამისათვის მისი სასჯელის ნამდვილი მიზეზი უნდა მიჩქმალულიყო და მას პრომეთეს მიჯაჭვის მოტივი - “ქვეყნად ცეცხლის მოტანა” ჩანაცვლებოდა. წარმოუდგენელია, რომ პოეტს ღვთის მოჯანყე ამირანი ჩაგრული საქართველოს სიმბოლოდ გამოეცხადებინა.

ამიერიდან ქართული მწერლობა და ეროვნული იდეოლოგია მხოლოდ ასეთ – სიმართლისათვის მებრძოლ და ქედუხრელ, უსამართლოდ დასჯილ – ამირანს იცნობს. თუ ჩავუკვირდებით გამარჯვებულ ქართველ მხედართა ამ სიმღერას, ძნელი არ იქნება მასში მესიანური სულისკვეთების ამოცნობა: თუ ამირანი კაცობრიობისთვის ცეცხლის მოტანის გამო ისჯება, საქართველოსაც უნდა ჰქონოდა რაღაც საკაცობრიო ღვაწლი აღსრულებული, რისთვისაც დაისაჯა (ასე სწამს პოეტს?). და როგორც პრომეთემ თავისი გამარჯვებით “ყველა გააოცა”, ასეთივე იქნება საქართველოს მომავალი. ამგვარ მესიანურ მნიშვნელობას იძენენ გვიანდელი კომენტატორების თვალში სასუნელი, მჰერი და განსაკუთრებით ართავაზდი, რომელიც ქაჯებმა თუ დევებმა კლდეში გამოამწყვდიეს. XIX საუკუნის “მეცნიერულ - პატრიოტულმა” პუბლიცისტიკამ კლდის სიღრმიდან მათი გათავისუფლების მითოსური პერსპექტივა სომეხი ხალხის ხსნის იმედს დაუკავშირა [22, 251; 26, 106]. მაგრამ არის ფუნდამენტური განსხვავება ქართული და სომხური მითოსის გმირებსა და ელინური პანთეონის ტიტანს შორის. მჰერი, ართავაზდი, ამირანი თავიანთ მითოსებში, ე.წ. სიუჟეტურ დროში, კვლავ მიჯაჭვულ-დატყვევებულნი რჩებიან, არ გათავისუფლებულან. მათი ტყვეობა კაცობრიობის მთელს ისტორიას გასდევს. [უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ სამოქალაქო-პატრიოტული პოეზიის გმირი, თავის წყაროს სრულიად მოწყვეტილი ჰიპოთეტური ამირანი სამეცნიერო კვლევის ობიექტიც კი შეიქნა]. ამირანულ პოეზიაში გვერდი აქვს ავლილი ამირანის მიჯაჭვის ნამდვილ მიზეზს. თითქოს “რაც უფრო გასაიდუმლოებულია მიზეზი, მით უფრო მძაფრად აღიქმება გმირის ყოფის ტრაგიზმიც და ასევე მძაფრი ხდება მისი გათავისუფლების მოლოდინიც” [16, 22-3]. აკაკის შემდეგ ვაჟა პირველი იყო, რომელმაც, აკაკის გავლენით, სიმღერების მთელი ციკლი მიუძღვნა მიჯაჭვულ გმირს, მაგრამ იგიც გაურბის მიჯაჭვის ნამდვილი ან, საერთოდ, რაიმე კონკრეტული მიზეზის ხსენებას. ვაჟას პირველივე თარიღიანი (1984 წ., ამავე წელს გამოქვეყნდა “თორნიკე ერისთავი”) ლექსის სათაურია “ამირანი”. აქ ამირანი დასახულია დევ-ეშმაკების გამჟლეტად. ის უსამართლოდ არის დასჯილი, მაგრამ რა მიზეზით? ამაზე არაფერს ამბობს პოეტი. ფინია ლოკავს ჯაჭვს, მისი შესუსტება უნდათ, მაგრამ მჭედლები გრდემლზე კვერს არაკუნებენ და ჯაჭვი ისევ მრთელდება. მჭედლები დასახულნი არიან, როგორც “ბილწი”, “გულქვა”. მაგრამ რატომ ან რისთვის მიაჯაჭვეს მათ დევების გამჟლეტი გმირი? სიმღერა ტენდენციურად დუმს ამის თაობაზე. ყურადღება გადატანილია მის განთავისუფლებაზე:

როდის აღდგება ამირან,

ჯაჭვ-აბჯრით შემოსილიო,

ჩამოსდნობოდეს ყინული

და უცინოდეს პირიო.

შემოდის ახალი მოტივი, თავისთავად მნიშვნელოვანი, მაგრამ ის უცხოა ხალხური თქმულებისათვის. აქ იბადება ამირანის წარმოდგენა გაზაფხულის ღვთაებად თუ სულად, რომელიც ზამთრის ყინულით არის შებოჭილი. მისი ტრაგედია ბუნების დრამად არის გარდაქმნილი, რკინის ჯაჭვები – ყინულის ბორკილებად.

ტანზე აჰსხმია ყინული

და ხავსი შავი ფერისო.

სხვა სიმღერაში “გაზაფხული” (1988 წ.) ამირანის ბრძოლა დევებთან ასიმბოლიურებს ამირანის ბრძოლას ზამთართან, ზამთრის ძალებთან. მიწის დუშმანი ყინვაა, არაგვი ამირანის განსახიერება, რომელიც მისი ლახტით იბრძვის.

არაგვმა ლახტი აიღო

ამირანისა რა ხანი...

დევები დაფრთხნენ, გაიქცნენ,

გადმოუყარეს აბჯარი.

კიდევ ერთ სიმღერაში, რომელიც ასევე “გაზაფხულით” არის დასათაურებული (1898 წ.), გაზაფხულის გამარჯვებისა და ზეიმის (ქორწილის) მთავარი გმირი ამირანია. ის ბუნებასთან ერთად თავისუფლდება და, ამავე დროს, მისი გამომხსნელიც არის ყინულის ბორკილებიდან. ის თითქოს ქვესკნელიდან არის აღმდგარი, როგორც გაზაფხულის სული.

ამდგარა ამირანიცა,

კლდეში დაბმული ჯაჭვითა.

დაუბღუჯია ხმლის ვადა

მოუღალავის მაჯითა,

კვლავ სთელავს დედამიწასა

თვალ-გაუწვდენის ლაჯითა;

სისხლს იძევს, ვინაც ტყვეობის

გმირი აწამა ბაჟითა.

ვინ მიაჯაჭვა, ვინ აწამა გმირი? დევებმა და ზამთრის ბოროტმა ძალებმა. ამ ლექსის თანახმად, ნამდვილად მათ და არამც და არამც ღმერთმა, რომელიც ვაჟას შეგნებაში არ შეიძლება უსამართლო იყოს, ისე რომ ადამიანს მოუვიდეს აზრად შურისძიება მის მიმართ. ვაჟას წარმოსახვაში ამირანი ყოველ გაზაფხულზე თავისუფლდება და “კვლავ სთელავს დედამიწასა”, ანუ აგრძელებს თავის აგრესიულობას, რამაც ის უკიდურეს გაბუდაყებამდე მიიყვანა. ხალხი კი ფიქრობს, რომ თუ ამირანი ისეთი გათავისუფლდა, როგორიც მიაჯაჭვეს, ანუ თუ შეინარჩუნა ის ჰუბრისი, რისთვისაც იქნა მიჯაჭვული, სიკეთეს არ მოუტანს კაცთა მოდგმას. მოგვიანო პროზაულ თხზულებაში “ამირანის ხმალი” (1902 წ.) ამირანი უკვე ნამდვილად დატყვევებული, ტანჯული სამშობლოს მეტაფორაა, დევები კი - მისი მტრებისა. აქედან - ნახტომი ისტორიულ სინამდვილეში. “მტრებმა ამირანი რომ შეიპყრეს, შებოჭეს და დიდს მღვიმეში დიდის ჯაჭვით დააბეს: “ნუ ხარ კერპი, ურჩი, გაუტეხელიო”. ამირანი იმედით არის სავსე, ის სასიკეთო ნიშნებს ხედავს თავის ხმალზე: კარგი ნიშნები ჩნდება, თინათინ, ღმერთი მოწყალეა... გვეშველება, უსათუოდ გვეშველება... აგერ ჩემმა ხმალმა ფერი მოიწმინდა...” ამ და კიდევ სხვა ტექსტების მეშვეობით ამირანი სამუდამოდ დამკვიდრდა ქართველობის შეგნებაში, როგორც გმირი, რომელიც ისჯება ურჩობისთვის, გაუტეხლობისთვის. ვინ სჯის მას – ამირანს და მისი ნიღბის უკან ქვეყანას, სამშობლოს, ამ თვისებათა გამოვლინებისთვის? ერთხელ კიდევ ვსვამთ ამ კითხვას. მაგრამ ძნელია, გაიცეს რაიმე დამაჯერებელი პასუხი ამ კითხვაზე. თავად ეს თვისებები ზნეობრივ პლანში განსხვავებული მნიშვნელობების შემცველია. თუ გარეშე მტრის მიმართ ურჩობა და გაუტეხლობა დადებითი ღირებულებებია, როგორც თავისუფლებისკენ სწრაფვის გამომხატველნი, ღვთის მიმართ – დამღუპველი ჰუბრისია, რომელიც გარდაუვალ სასჯელს იმსახურებს. და კვლავ ვსვამთ კითხვას: როდის შეიძლება ვუწოდოთ მტერს დამსჯელი? და ვპასუხობთ: მაშინ, როცა ის იარაღია ღვთის ხელში. ეს ვიცით ჩვენ “ჟამთააღმწერელის” დროიდან მოყოლებული. თუ ეს ასეა, დასასრულს, გაკვრით შეიძლება აღინიშნოს, რომ ამირანის სახის ამგვარი გადააზრება უნდა განვიხილოთ, როგორც ღვთის ურჩი და მეამბოხე პერსონაჟების რეაბილიტაციის კერძო შემთხვევა. ეს პროცესი დაიწყო გაცილებით ადრე, გნოსტიკოსთა, კერძოდ, კაენიტთა და ოფიტთა წრეში, სადაც ადამის შემაცდენელი გველი და ძმის მკვლელი და ღვთის მოჯანყე კაენი ჭეშმარიტი ღმერთის მოციქულებად შეირაცხა; ხოლო მოგვიანებით ის წამოიწყო ჯონ მილტონმა “დაკარგულ სამოთხეში”, სადაც მეამბოხე და შემდეგ დაცემული ანგელოზი სიმპათიური სახით წარმოადგინა, და განაგრძო ჯორჯ ბაირონმა, რომელმაც იმავე მეამბოხეს და დაცემულს - ლუციფერს მოხსნა ყოველგვარი ბრალდება, ხოლო კაენი კაცობრიობის ისტორიაში თავისუფლებისთვის პირველ მებრძოლად მიიჩნია. მათ კვალს გაჰყვა ლერმონტოვი თავისი ტრაგიკული დემონით.

P.S. დაბოლოს, ამირანის სახის და მისი ინტერპრეტაციის ისტორიიდან ბუნებაში და ბუნებიდან ისტორიაში მოძრაობის, მისი პერიოდული ტრანსფორმაციის, მისი საზრისის სახეცვლილების (მის საბოლოოდ დაკარგვამდე) იგავურად ნათელსაყოფად მოვიყვან ფრანც კაფკას იგავს პრომეთეზე მისი “პარაბოლებიდან”: “პრომეთეზე ოთხი თქმულება არსებობს: ერთის მიხედვით, მან ადამიანების გულისათვის ღმერთებს უღალატა, ღმერთებმა კი სასჯელად კავკასიონს მიაჯაჭვეს და არწივები მიუსიეს გულ-ღვიძლის საკორტნად, მაგრამ გულ-ღვიძლი ისევ და ისევ უმრთელდებოდა. მეორე თქმულებაში ნისკარტებით დაძიძგნილი, გაწამებული პრომეთე ისე ეკვროდა კლდეს, რომ ბოლოს კიდევაც შეეზარდა. მესამის მიხედვით, ათასწლეულთა მანძილზე ეს ამბავი დავიწყებას მიეცა. მისი ღალატი დაივიწყეს ღმერთებმა და არწივებმა, თავად მასაც დაავიწყდა ყველაფერი. მეოთხის მიხედვით, ყოველივე უაზრობად იქცა და ამ უაზრობამ ყველა მოქანცა. დაიქანცნენ ღმერთები, დაიქანცნენ არწივები, ჭრილობაც კი გაბეზრდა და შეხორცდა. დარჩა გაუგებარი კლდე. თქმულება ცდილობს, გაუგებარი ახსნას. ვინაიდან ამ თქმულებას საფუძვლად ჭეშმარიტება უდევს, იგი გაუგებრადვე უნდა დარჩეს”.

ტექსტები*

შთანთქმა-ამონთხევა

I

გაუძღვა შიკრიკი ძმებს და გაიყვანა ერთს ტრიალს მინდორზედ. გაიხედა ამირანმა და დაინახა, რომ ის სამნი ჭიანი, ბაყბაყ-დევის თავებიდან რომ ამოცოცდნენ, ვეშაპებად ქცეულიყვნენ.ერთი თეთრი იყო, ერთი – წითელი და ერთიც – შავი. მინდორში მიდიან და მიიმღერიან:

მინდორში სამნი ჭიანი მიდიან მიიმღერიან,

თვალს უცემს დარეჯანისძეს, მაგათთან ომი მწადიან.

ამირანმა უთხრა ძმებს: აბა, ძმებო, მეტი ღონე აღარ არის, უნდა მაგ ვეშაპებს შევებნეთო. თეთრი ბადრს, წითელი უსიპს, შავი ჩემდ გინებებიათ. თეთრიც შენა და წითელიც, შავიც შენ ნაგონარია, უპასუხა უსიპმა, აკი გითხარ, ინანებო, შენი გაფუჭებული საქმე შენვე გააკეთე. შენი გამრუდებული გზა შენ გაასწორეო. - ჰაი, უსიპო, უსიპო! უთხრა ამირანმა:

უსიპო, ჩემი სიმუხთლე სულმუდამ გულში გდებია,

ტვინი, სადები თავშია, ჩაბალახშია გდებია.

მაშ შენ მაინც მომეშველე, ბადროვო, უთხრა ბადრს ამირანმა, მაგრამ ბადრმაც უარი უთხრა. მაშინ ამირანმა უთხრა ბადრს:

არა ჰყოფილხარ, ძმავ ბადრო, ფერი არქატი გქონია.

დაჯე და ჰკერე ტყავები, სხვა ხელი არა გქონია!

კიდევ უთხრა უსიპს, მომეშველენითო, მაგრამ უსიპმა უარი სთქვა: შენისა ცოლის გულისთვის სულ ძმები დავილიენით! მაშინ ამირანი თავის აბჯარს მიუბრუნდა და უთხრა: ჩემო ხმალო და აბჯარო, საძალედ მომეშველენით! და დაუწყო სასტიკი ომი გველეშაპებს. მოჰკლა თეთრიც, მოჰკლა წითელიც.

თეთრი მოჰკლა და წითელი, შავსა შეება მაშვრალი.

გაიხედა ამირანმა და დაინახა, რომ ბადრი და უსიპი წასულან და გადადიან მთაზე, დაუძახა:

რომელი მიხვალ მა მთასა, რომელი მოჰკეც მა გზასა?

გადადი და დაუძახე ბადრსა, უსიპსა ჩემს ძმასა:

თეთრიც მოვკალ და წითელიც, ნუღარ გადივლით მა მთასა.

დაბრუნდითო. შეება შავს გველეშაპს დაღალული და დამაშვრალი. შავმა აიღო, ჩაყლაპა, შავი ზღვისაკენ გასწია. ჩაყლაპა შავმა და გასწია თავის დედისაკენ. რაკი დაინახეს ძმებმა, ამირანს უჭირსო, მაშინვე გაიქცნენ ამირანის საშველად. დაეწივნენ ქარცეცხლს, ესროლა უსიპმა ისარი და ცხრა ადლი კუდი მოსწყვიტა გველეშაპს. ქარცეცხლს ისე მოწყვეტილი კუდი არ სტკიოდა, როგორც ჩაყლაპური ამირანი ატკიებდა მუცელს. დარეჯანისძე ჰგლეჯდა გულ-მუცელს და იკლაკნებოდა ქარცეცხლიც საშინლად. ქარცეცხლს ერთი რკინის ბოძი ჰქონდა, რომ ვინმე ჩაეყლაპა, მოვიდოდა, შემოეხვევოდა იმ ბოძს გარს, დაამტვრევდა და მოინელებდა. ეხლაც ამირანის დამტვრევა უნდოდა, შემოეხვია ბოძს, მაგრამ კუდი პირს აღარ მოსწვდა, რადგან უსიპმა მოაწყვიტა. მივიდა დედასთან ქარცეცხლი და შესჩივლა: მუცელი მგვრემს, ცეცხლი მეკიდებაო. ვაიმე, შვილო, თუ დარჯანიანთი ვინმე ჩაჰყლაპე, იმათ კაცს შენ ვერ მაინელებო. რა კაცი იყო, რა ფერი ჰქონდაო? საცერივით თვალები ჰქონდა და ერთი ოქროს კბილი ედგაო. ამირანი ყოფილა, შვილო, დარეჯანისძე. ამირანს ჯიბეში ალმასის დანა ედვა, მაგრამ არ მოაგონდა. ბოლოდ უსიპმა უთხრა ბადრს: ძმაო, ჩასძახე, შენი ხმა მშვენიერია, დანა მოაგონეო.

ჩადი, ბადრო და ჩასძახე, ხმა შენი მშვენიერია.

მაუდის დარეჯანისძეთ ჯიბეს ჩადება დანისა,

ამოღება და გამოჭრა მაგ შავის გველეშაპისა.

მართლაც, მოაგონდა ამირანს დანა, ამოიღო, გამოსჭრა ქარცეცხლის მუცელი და გამოვიდა, მაგრამ წვერი და თმა კი გასცვივნიყო. უსიპმა შეჰხედა გაქოსავებულს ამირანს, გაეცინა და დასცინა:

ამირანი დაიბადა, გოჭსა ჰგვანდა ხუხალასა,

წვერ-ულვაში გასცვევნოდა, ჩაეყარა ტომარასა. [14, 316-317, ფშავი, კახეთი]

II

...ეგ დევი რომ მოკლა, ისევ წავიდნენ სანადიროთ. კიდევ მივიდნენ ერთ უდაბურ ადგილას და სამი ვეშაპი ნახეს: შავი, წითელი და თეთრი. ამირანმა უთხრა ბიძებს, რომ სამივემ გავიყოთო და ვიბრძოლოთო. მათ უარი უთხრეს და ამირანი ორ ვეშაპს შეება. თეთრიც მოკლა, წითელიც, შავ გველეშაპს კი მოღალულმა ვერაფერი ვერ უქნა. ვეშაპმა გადაყლაპა ამირანი თავის იარაღითვე. მაშინ უსუფმა დაუძახა: დარეჯანიანთ იციან ჯიბეში დანის დებაო, ამოიღე და და გამოსჭერ, გამოდი გარედგანაო. ამირანმა მართლაც გამოყო თავი გვერდიდან, გამოსჭრა და გამოვიდა გარეთ. გველეშაპი მოკლა. ამირანს სულ-წვერულვაში გასცვენოდა. უსუფმა კიდევ უთხრა მაშინა: ამირანი დაიბადა, გავდა ქოსა ქუხალასა, წვერულვაში მოპარსვოდა, ჩალაგოდა ტომარასა. [9, 334, რაჭა]

სასოწარკვეთა და გაბუდაყება, ორთაბრძოლა და მიჯაჭვა

I

ერთი მკვდარი დევი მოჰყავდათ. დევის დედა თურმე ურემზე უჯდა და დევს კლავი ძირს ქონდა ჩამოვარდნილი. დევის დედამ დაუძახა ამირანს: შვილო, დედაშვილობასაო, ეს კლავი აუწიე და ურემზე შემიდე ისევო. ამირანი მივიდა, ბევრი ეცადა, რომ დევის კლავი აეწია, მაგრამ ვერ შესძლო. დევის დედამ უთხრა: შვილო, რომ არ მეთქვა შენთვინაო, მოგკლამდიო. მაგრამ რახან შვილი გიწოდე, არაფერს გიზამო. იმ ქალმა მათრახის ტარით აუწია კლავი. მაშინ ამირანს ძალიან შერცხვა და თავის ნათლია ქრისტეს შეეხვეწა: ასე უღონო რად გამაჩინეო. თავის ნათლია გამოეცხადა მას და უთხრა: ღონეს მოგცემ, მაგრამ ვერ შეიმშვნიებო. ამირანმა უთხრა: შენ ღონე მომეცი და ეგ მე ვიციო. მან მისცა ღონე ათი უღელი ხარ-კამეჩისა. ამირანმა შემოიარა მთელი ხმელეთი, ვეღარ ჰპოვა თავისი ბადალი. ამირანმა რაღაი თავისი ტოლი ვერ ჰპოვა, თვით ქრისტესთან მოინდომა შებმა. მერე უთხრა თავის ნათლიას: მოდი, მე და შენ დავიჭიდოთო. ნათლიამაც უთხრა: მე ჩემს ყავარჯენს დავასომ მიწაზე, თუ იმას დასძრამ, მაშინ ვიჭიდაოთო. უთხრა: დაასეო. დაასო... ამირანი ბევრს ეცადა, მაგრამ მიწიდან ვეღარ მოგლიჯა. მერე ზედვე მიაბა ამირანი ქრისტემ თავისი ჯაჭვით. მერე თავზე პატარა გორახი დაადვა და უთხრა: ეს დიდ მთად გექცესო. ქვეშ დაჰყვა ამირანი. წელიწადში ერთხელ მას კარი გაეღება და ყორანი წყალს მოუტანს. [14, 335 მესხეთი]

II

...გზაში ერთი მკვდარი მიჰქონდათ მარხილით, ცხრა უღელი კამეჩი ებათ და მაინც ძლივსა ძრავდნენ. მკვდარს მარხილიდგან მკლავი გადმოვარდნოდა და მიწას გუთანივითა სთხრიდა. მწუხარე დედა მკვდარს ცხენით მისდევდა და ხელში მათრახი ეჭირა. დაინახა ამირანი და უთხრა: დედაშვილობას, ეგ მკლავი გულზე დაადეო. ამირანი მივიდა, უნდოდა, მკლავი გულზე დაედო, მაგრამ საძრაობაც ვერ უყო. დედა მკვდრისა გაჯავრდა, გადმოსწვდა ცხენიდამ მკვდარს, მათრახის ტარით მკლავი გულზე შეუდო და ამირანს უთხრა: დედაშვილობა რომ არ მეთქვა, ამ მათრახით გაგაჭრელებდიო. ამირანი დაღონდა და დაუწყო ვედრება თავის ნათლიას-უფალსა. ამირანს გამოეცხადა უფალი. ამირანმა სთხოვა, რო მომეცი ღონეო, და აგრეთვე შესჩივლა, რომ ერთის მკვდრის მკლავი ვერ ავწიეო. უფალმა მისცა ამირანს კიდევ იმდენი ღონე, რამდენიც იმ ცხრა უღელ კამეჩს ჰქონდა. გახარებულმა ამირანმა გამოსწია და, რაც გზაში ხე ხვდებოდა, სულ აქეთ-იქით ისროდა. მაშინ უფალმა სთქვა: ეს ამოდენა ღონე რომ მივეცი, ხალხს სულ გამიწყვეტსო და გამოეცხადა ამირანს სხვა კაცად. ამირანმა უთხრა უფალს: მოდი, დამეჭიდეო. უფალი და ამირანი დაეჭიდნენ და, როგორც უნდა წაექცია ამირანს, უფალი გაეშვებინა და უთხრა: აი ამ ყავარჯენს ამოჰგლეჯავო? უფალმა ყავარჯენი დაარჭო მიწაში. ამირანი მივიდა და რამდენიც ამოსწია, იმდენი უფრო მიწაში ჩავიდა. მაშინ უფალმა დასწერა პირჯვარი და ამირანი ჯაჭვით დააბა და ზედაც დიდი უზარმაზარი მთა გადააფარა. [14, 277, ქართლი]

გათავისუფლების მცდელობა

I (მწყემსი)

ყოფილა ერთი მეცხვარე, რომელიც ამირანის მთასთან მისულა და უნახავს, რომ მთის კარი გაღებულია. დაუძახია ამირანს მეცხვარესათვის, მოდი ჩემთანაო. ამას შეშინებია, ვერ მოვალო. დიდრუანი თვალები აქვს ამირანს. ნუ გეშინია, მოდიო, უთქვამს კიდევ ამირანს. მეცხვარეს გაუბედია და მისულა. ამირანს უთქვამს: თქვენი პური ვნახოთ, როგორი გაქვთო. ამირანს მოუჭერია ხელი და სისხლი დაქცეულა იმ პურიდან. მერე უთქვამს: თქვენ სისხლის პურს სჭამთო. კიდევ უთქვამს: მომიტა, აი, იქ ჩემი პურიაო. თავის პურისათვის ხელი რომ მოუჭერია, რძე გასვლია; რძიანი პურით ვცხოვრობ მეო. ახლა ის ხმალი მომიწიეო. ჩემი ხმალი იქაა და მე კი აქ ჯაჭვით ვარ დაბმულიო. ვერაფერი ვერ უპოვნია მეცხვარეს, რომ მეება და მით მიეწია ამირანს თავისკენ ხმალი. შენ მოებიო. მეცხვარე მობმია და ამირანს თავისკენ მიუწევია. კლავები რო სტკენია მეცხვარეს, უთქვამს: აბა, წადი სახლში და სახარე ტყავი მომიტანეო. ქალმა თუ ხმა გაქცეს, არაფერი უთხრა, თუ არა - ჩემი კარი დაიხურებაო. წასულა მეცხვარე სახრეს მოსატანად, ჩამოუღია სახლში. ხმა არავის არ უნდა გასცეს, მოაქვს სახრე, მაგრამ ცოლი გამოსდგომია: რად მიხვალ, რატომ მიგაქვს, კაცო, რატომ არაფერს გვეტყვიო? რა გამიჭირე საქმე, დედაკაცო, მიუბარებია ბოლოს მეცხვარეს და მაშინ მთაც დახურულა. როცა მისულა მეცხვარე, დახურული დახვედრია მთა. ამირანი დარჩა ისევ დაბმული. ამბობენ, თუ აიშვა, მოვა ქვეყანაზე და ქალებს დახოცავს, მათზე გაჯავრებული არისო. მაგრამ ვინ იცის, ვისი ჯავრი აქვს! დაბმული კი არის მთის ქვეშ. [14, 335-336, მესხეთი]

II (მონადირე)

ერთხელ, ახალწლის წინა დღით, ერთი მონადირე მყინვარისაკენ სანადიროთ წასულა. მას აქ ჯიხვი მოუკლავს, შემოღამებია და ბინას თურმე ეძებდა. ის შესულა ერთ ღია ქოხში, სადაც დაუნახავს დაბმული უზარმაზარი ადამიანი. მონადირეს შეშინებია და გამოქცეულა, მაგრამ ამირანს მისთვის დაუძახია და უთხოვნია, იქვე მდებარე ხმალი მიეწოდებინა. მონადირეს ხმალი უწევია, მაგრამ ადგილიდან ვერ დაუძრავს. მაშინ ამირანს უთქვამს: შენ ხმალს ხელი მოკიდე, მე კი ხელს ფეხზე მოგკიდებ და ხმალი ისე გამოვათრიოთო. მონადირეც ასე მოქცეულა. ამირანს მისთვის ფეხი უტკენია და ხმალიც ვერ გამოუჩოჩებია. ახლა ამირანს მონადირისათვის უთქვამს: წადი ახლავე, სანამ ახალწელიწადი გათენდებოდეს და სახლიდან საკიდელი უმძრახად წამოიღეო, მიაბი ამ ხმალს და მას მე დავითრევო, რომ ძაღლის ლოკვით გათხელებულ ჩემს ჯაჭვს ეს ხმალი დავჰკრა და გავწყვიტოვო. მონადირე შინ გაქცეულა, საკიდელი ჩუმად ჩამოუხსნია და უკანვე გამოქცეულა. მაგრამ ცოლს ეს დაუნახავს, უკან დასდევნებია და დაუძახია, საკიდელი სად მიგაქვსო. მონადირე ძლიერ ცდილა, უკან არ მოეხედა და ცოლისთვის პასუხი არ გაეცა. მაგრამ დედაკაცი მას არ მოშვებია, სანამ პასუხი არ გასცა თურმე. მონადირე ამირანის ქოხს მიუახლოვდა თუ არა, მჭედლებმა საახალწლოდ კვერები თურმე დაჰკრეს. ამირანის ქოხს კარი დაეკეტა და მისი შეთხელებული ბორკილიც ისევ გასქელებულა. [14, 346, ხევი]

დამოწმებული ლიტერატურა

1. არჯევანიძე ე., ანოტირებული ბიბლიოგრაფია CMOMПK-ში გამოქვეყნებული ქართული ხალხური სიტყვიერების მასალისა, “მეცნიერება”, თბ., 1971.

2. გილგამეშიანი, ძველი შუამდინარული ეპოსი, “განათლება”, თბ., 1984.

3. ზუხბა ს., აფხაზური ზეპირსიტყვიერება, თსუ, თბ., 1988.

4. კაიშაური ლ., მთიულური ტექსტები, “მეცნიერება”, თბ., 1978.

5. კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია I, ჯვარი და საყმო, ქუთაისი, 1996.

5-ა. კიკნაძე ზ., შუამდინარული მითოლოგია, “საბჭოთა საქართველო”, თბ., 1979.

6. მაკალათია ს., ხევი, ტფ., 1934.

7. მეგრული ზღაპრები და მითები, “მერანი”, თბ., 1994.

8. ნართები, ოსურიდან თარგმნა მერი ცხოვრებოვმა, “ირისთონი”, ცხინვალი, 1988.

9. პროპი ვლ., ზღაპრის მორფოლოგია, “მეცნიერება”, თბ., 1984.

10. რეხვიაშვილი ნ., ქართული ხალხური მეტალურგია, “მეცნიერება”, თბ., 1964.

11. სვანური პოეზია I, თბ., 1935.

12. ქართლის ცხოვრება I, თბ., 1955.

13. ჩიქოვანი მ., ამირანის თქმულების პოეტური ჩანაწერები, ეპიკური ჟანრები, ქართული ფოლკლორი X, “მეცნიერება”, თბ., 1981.

14. ჩიქოვანი მ., მიჯაჭვული ამირანი, “თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, თბ., 1947.

15. ჩიქოვანი მ., ქართული ეპოსი I, მიჯაჭვული ამირანი, “საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა”, თბ., 1959.

16. ჩხეიძე რ., ამირანის თქმულება, თბ., “ნაკადული”, 1991.

17. ხორენაცი მოვსეს, სომხეთის ისტორია, “მეცნიერება”, თბ., 1984.

18. ჯვარ-ხატთა სადიდებლები, თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის შრომები 2, თბ., 1998.

19. Бердяев Н., Эрос и личность, Изд.“Прометей”, М., 1989.

20. Гадамер Г.-Г., О круге понимания, Актуальность прекрасного, “Искусство”, М., 1991.

21. Гадамер Г.-Г., Прометей и трагедия культуры, Актуальность прекрасного, “Искусство”, М., 1991.

22. “Давид Сасунский”. Армянский народный Эпос, “Советский писатель”, Ленинград, 1982.

23. Дестунис Г., Разыскания о греческих богатырских былинах средневекового периода, СПб, 1883.

24. Лосев А.Ф., Проблема символа и реалистическое искусство, “Искусство”, М., 1976.

25. Мейендорф Иоанн, прот., Православие в современном мире, New York, 1981.

26. Мифы народов мира, т.I, “Советская Энциклопедия”, М., 1980.

27. Нарты, Адыгейский народный эпос, “Наука”, 1974.

28. Неклюдов С.Ю. Героическое детство, Историко-филологические исследования, М., 1984.

29. Песни южных славян, “Художественная литература”, М., 1976.

29-ა. Пропп Вл., Исторические корни волшебной сказки, “Лабиринт”, М., 2000.

30. Campbell J., The Hero with a Thousand Faces, Bollingen Series XVII, Princeton University Press, 1973.

31. Charachidzé G., Prométhée ou le Caucase, Essai de mythologie contrastive, Flamarion, 1986.

31-a. Eliade M., Patterns in Comparative Religion, New American Library, New York, 1974.

32. Eliade M., Rites and Symbols of Initiation, The Mystery of Birth and Rebirth, Harper Torchbooks, New York, 1965.

33. Gennep Arnold, van, Les rites de passage, Paris, 1909.

34. Raglan L., The Hero of Tradition, The Study of Folklore, ed. Dundes A., University of California and Berkley, 1965.

35. Tuite K., Achilles and Caucasus, The Journal of Indo-European Studies, vol.26, N3-4, 1998.