topmenu

 

ზ.კიკნაძე - მონადირის ორმაგი ცხოვრება
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<სამეცნიერო სტატიები მითოლოგიაზე>>>

ზურაბ კიკნაძე

მონადირის ორმაგი ცხოვრება

მადლობას ვუხდით ავტორს მოწოდებული მასალებისათვის

მონადირეს ორ სამყაროში უხდება ცხოვრება და საქმიანობა. ერთია სოფელი, სადაც მას ჰყავს ოჯახი და მისდევს შინაურ მეურნეობას (მიწათმოქმედეება, მესაქონლეობა), მეორეა სოფლის გარეთ მთა (კლდეები) ან ტყე, სადაც ის ნადირობს. შემჩნეულია გარკვეული ანალოგია მონადირესა და ჯვარის მკადრეს შორის [Кикнадзе З. Жертва, жрец, охотник. «Кавказско-ближневосточный сборник«, 1984, VII]. როგორც მკადრეა გარეული ჯვარ - ხატების საზოგადოებაში, ისევე მონადირეა ჩაბმული ნადირთ პატრონთან ურთიერთობაში. როგორც მკადრე (ხუცესი, დეკანოზი, ხევისბერი) იპოვებს განსაკუთრებულ სტატუსს იმისათვის, რომ მას ჰქონდეს უფლება დაკლას სამსხვერპლო პირუტყვი, ასევე მონადირეს აქვს მოპოვებული საიმისო სტატუსი, რომ შეეძლოს ნადირის მოკვლა (იგულისხმება არ ფიზიკური, არამედ მორალური შესაძლებლობა), რომ მისი ქმედება მკვლელობად არ ჩაითვალოს. პირველი ქმედება - რიტუალი შინ ხდება, სოფლის ტერიტორიაზე, მეორე - სოფლის გარეთ. შინ და გარე - ეს ის სფეროებია, რომელთა შორისაც მოძრაობს მონადირე, მაგრამ არა როგორც უბრალო მიმომსვლელი, არამედ ორივე სფეროში გაშინაურებული და ორივეს წინაშე პასუხისმგებელი. ეს ორმაგობა მისი ტრაგიკული ხვედრის მიზეზია. განვიხილოთ მონადირის სტატუსიდან გამომდინარე ფუნქციები, რომელთაც ის ახორციელებს რეალურ სინამდვილეში და მითოლოგიურ გადმოცემებში.

მონადირე - მპოვნელი

მონადირე ახალი რეალობის აღმომჩენელია. მართალია, ის ნადირს ეძებს და მისი ძიების ასპარეზი სანადირო ადგილებია, მაგრამ ის სხვა რამის მპოვნელიც ხდება. პოვნა არ არის შემთხვევითობა მის გზაზე, პოვნა მონადირის ბედის აუცილებელი ნაწილია. ფარნავაზი შეიძლება ჩავთვალოთ მონადირის, როგორც განძის მპოვნელის, კლასიკურ მაგალითად [ფარნავაზის სიზმარი, “მაცნე”, ენისა და ლიტ. სერია, 1984, N1]. აქ არსებითი ის არის, რომ მონადირე საგანგებოდ არ ეძებს განძს, განძი თავად აღმოაჩენინებს თავს. განძი მას უცდის. მონადირის საკრალური სტატუსი ადექვატურ გამოხატულებას პოულობს მაშინ, როდესაც ის საკრალური რეალობის აღმომჩენი ხდება და მკადრის ფუნქციით აღიჭურვება. ის აღმოაჩენს საკულტო ობიექტებს და ამ ადგილიდან განახლებული ცხოვრება იწყება. მონადირეს შეიძლება ხელი მოეცაროს პრაგმატულად, თავის უშუალო საქმიანობაში, მაგრამ წარმატებას სწორედ საკრალურ სფეროში აღწევს. აი, მონადირე თურმანი ხელმოცარული ბრუნდება და აჰყვა მას, ამბობს ანდრეზი, ქედანი და ისინი ერთად ბრუნდებიან თემ - სოფელში, სადაც მონადირე ჯვარის დამაარსებელი ხდება [თსუფა 25434]. მონადირის ფუნქცია მკადრისა და ხუცესის ფუნქციაში გადაიზრდება. საგულისხმოა, რომ ნადირი, რომელსაც მონადირე ედევნება, ხდება მისი გამძღოლი იმ ადგილისაკენ, სადაც ის ან სიკეთეს ეწევა, ან იღუპება. ფარნავაზი, რომელიც ირემმა განძით სავსე გამოქვაბულთან მიიყვანა, განძმა კი ის ახალ სტატუსში აიყვანა და ამან განსაზღვრა მისი და ქვეყნის მომავალი. ნართების ეპოსში ერთი ეპიზოდია, რომელიც კლასიკური სიცხადით გადმოგვცემს ამ მითოლოგემას: სანადიროდ გასული სოსლანი ირემს ედევნება. ირემი ისრებს ისხლეტს, არც შუბს იკარებს. მისი რქები მზეზე ელვარებს, ბეწვი ოქროსავით ბრწყინავს. ირემი მიადგება შავ მთას და ერთ გამოქვაბულში შეაფარებს თავს. ირემი მზის ასული აცირუხსი აღმოჩნდება. ძნელი დავალების შესრულების შემდეგ სოსლანს ცოლად გაატანენ "მზის ასულს" [Дюмезиль Ж. Скифы и Нарты, М., 1990, 106-9]. ნართების ეპოსის ეს ეპიზოდი ფარნავაზის მითოსის იზომორფულია, ნიშანთა სისტემის ერთმანეთთან შეფარდებით მათი იდენტურობა გამოჩნდება. ორივეგან ირემი მზიური ნიშნების მატარებელია, ირემს გმირი გამოქვაბულამდე მიჰყავს, გამოქვაბულში განძია, ერთგან ოქროს სახით, მეორეგან - მზე ასულის სახით. შეიძლება მითოლოგემის ჩამოყალიბება: "ოქრო" - "მზის ასული", რომელიც ბედს სწევს გმირს. მაგრამ არ ვიცით, რით მთავრდება მათი ურთიერთობა. ქართული მასალა კი ამგვარად "დაქორწინებული" მონადირის ტრაგიკულ ბედზე ლაპარაკობს. საბოლოოდ, თუ ამ მითოლოგემის ძირამდე ჩავალთ, ოქროც და მზის ასულიც - ორივე სამეფო ნიშნებია და მათ მპოვნელთა თანდაყოლილ სამეფო ღირსებაზე მეტყველებს. მაგრამ არა ყოველთვის. სვანური ლეგენდა მოგვითხრობს: მონადირეს ჯიხვი დალის გამოქვაბულში შეიყვანს, რომლის კედლები სულ ოქროსია. დალი მცირეოდენ ოქროს აძლევს მონადირეს, გაისტუმრებს და აფრთხილებს, არავის გაუმხილოს გამოქვაბულის ამბავი. მონადირე გათქვამს საიდუმლოს: მახვშს აჩვენებს ოქროს და წავლენ გამოქვაბულის საძებრად. მაგრამ ამაოდ: გამოქვაბულს ვერ პოულობენ [ახვლედიანი გ. ქართლის ცხოვრების ფოლკლორული წყაროები, 40]. მონადირე არღვევს აკრძალვას, მაგრამ ისჯება მხოლოდ იმით, რომ გამოქვაბულს ვეღარ მიაგნებს. ამ თქმულებიდან მხოლოდ ეს საზრისი შეიძლება გამოვიტანოთ: განძი მხოლოდ იმას ეკუთვნის, ვისაც საიდუმლოს შენახვა შეუძლია. მაგრამ მონადირეს დალთან სხვა საიდუმლოც აკავშირებს, რომლის გამხელა მისთვის საბედისწერო ხდება.

მონადირე და დალი

ნადირობაში წარმატებისათვის აუცილებელია ნადირთ პატრონის სამყაროში შეღწევა და მასში გაშინაურება, ეს კი სატრფიალო კავშირის სახეს იღებს. ქართულ ფოლკლორში ორი ტიპი გამოიკვეთა ამ ურთიერთობისა, ერთი სვანურ ზეპირსიტყვიერებაშია დადასტურებული, მეორე - მეგრულში. ერთგან დალია, მეორეგან - ტყაშმაფა (ტყის დედოფალი). რჩეული მონადირეები დალის საყვარლები არიან. ამ პირობით ისინი აღწევენ წარმატებას. თუმცა მონადირე, ჩვეულებრივ, გაურბის ნადირთ მწყემსის სიყვარულს. ნიშანდობლივია: თუ არჩევანი მონადირეზეა, ანუ თუ მონადირეს აქვს ალტერნატივა, იგი ორიდან - დალთან წოლა თუ ცხრა ჯიხვი - ამ უკანასკნელს ირჩევს. ასე იქცევა დალის ბავშვის გადამრჩენი მონადირე: წარმატებას ირჩევს, მაგრამ დალი პასუხს მკაცრად მოსთხოვს, თუ მან ცხრას გადააჭარბა ან ამ ცხრაში სწორედ იმას ესროლა, რომელიც აკრძალული აქვს. ეს ოქროსრქიანი ჯიხვია და მისთვის ნასროლი ტყვია თავად მსროლელს მიუბრუნდება [სვანური პოეზია I. 1939, N91]. უფრო ხშირად მონადირეს არა აქვს ალტერნატივა. იგი იძულებულია დაჰყვეს დალის ნებას: საყვარლად გაუხდეს მას, რაც უფრო მეტ ხიფათს შეიცავს. ნიშანდობლივია, რომ დალთან გზაარეული მონადირე მოხვდება. გზის დაბნება, გზა-კვალის არევა, რომლის სიმბოლიკა ბევრ განმარტებას არ საჭიროებს, დალთან შეხვედრის ობიექტური პირობაა. როცა სოფლისკენ მიმავალი გზები იკარგება, გზა დალის გამოქვაბულთან მიდის, სადაც მონადირემ უნდა გადაიღამოს. ირკვევა, რომ მონადირე აკრძალულ სივრცეშია შეჭრილი. ამ შეჭრის გამო ("რატომ შემოხვედი ჩემს გამოქვაბულში?") დანაშაულის გამოსასყიდად მონადირე იძულებულია დათანხმდეს დალის მიერ შემოთავაზებულ სიყვარულზე. სამაგიეროდ გამოქვაბულის დიასახლისი, რომელიც ამავე დროს ნადირთპატრონიც არის, ნანადირევს ჰპირდება. მონადირემ დალის სიყვარულის საიდუმლოდ უნდა შეინახოს. ამ სიყვარულს თითქოს კანონიერი სახე აქვს, ეს ერთგვარი ქორწინებაა, მისი ნიშანი მძივია ან ბეჭედი, რომელსაც მონადირე საიდუმლოდ უნდა ინახავდეს. ამ მძივში თუ ბეჭედშია განივთებული მონადირის ბედი. მასზე უნდა შემოწმდეს მისი ერთგულება დალისადმი. მაგრამ მონადირეს შინ კანონიერი ქალი ჰყავს, ვის მიმართაც მას ასევე ერთგულება მართებს. ამიერიდან მისი ცხოვრება გაორებულია - ცხოვრება შინ და გარეთ. იქმნება სამკუთხედი: მონადირე, დალი, ცოლი. ბეთქილის ლექსის ლაკონიურობა, მისი ექსპრესია გვაჩვენებს იმ ტრაგიზმის გარდაუვალობას, რომელიც ამ სამკუთხედში შეიქმნა. შეურიგებელი დაპირისპირება შინ და გარეს შორის, რომელიც ყოფითობის მიღმურ ონტოლოგიაში ძევს, სიმღერაში სიყვარულის ენაზეა გადმოცემული. ქებათა ქების "სიყვარული, როგორც ჯოჯოხეთი შური", ადექვატურად გამოხატავს ამ საბედისწერო დაპირისპირებას. ერთმანეთს უპირისპირდება შინა და გარე სამყარო, კულტურა და ბუნება. და თუ ადამიანს სურს დარჩეს მონადირედ, მან ანგარიში უნდა დაიცვას გარეს წესები. მაგრამ ის ხომ სოფლის მკვიდრიც არის და სოფელში აქვს გადგმული ფესვები. ეს ორმაგობა ღუპავს მას. იქნებ რაღაც არსებითი გვითხრას ბეთქილს სიმღერის შინაარსზე ერთმა ხურიტულ - ხეთურმა თქმულებამ მონადირე ქესიზე, რომლის დასაწყისი შემორჩენილია, მაგრამ ბოლო დაკარგულია. მონადირე ქესიმ ცოლი ითხოვა, რამაც მთლიანად შეცვალა მისი გუნება - განწყობა და აქედან გამომდინარე ცხოვრების ნირი. მან ღმერთებს შეუწყვიტა მსხვერპლის შეწირვა. აღარც მთაში დადის სანადიროდ. მთელი მისი არსება მშვენიერ სინთალიმენს დაუტყვევებია. დედა ამხილებს მას: "მხოლოდ ცოლის სიყვარული არსებობს შენთვის. სანადიროდ აღარ მიგიწევს გული. რახანია, ჩემთვის [ჩემთვის ... აქ პასუხისმგებლობაა დედის წინაშე, ცოლი კი აშორებს დედისგან. ჩემთვის... დედა ნანადირევს მოითხოვს შვილისგან] არაფერი მოგიტანია". და ქესიც ჰოროლით ხელში და მონადირე ძაღლის თანხლებით გაემართა ნათარას მთაზე ნაცნობ სანადირო ადგილებში. მაგრამ ღმერთებმა, რაკი ქესიმ მათ მსხვერპლი შეუწყვიტა, საფარველი დაადეს ნადირს და ქესი ხელმოცარული ბრუნდება სახლში. ["არმაღანი", აღმოსავლური მწერლობის ნიმუშები, 1982, 23]. როგორც ვხედავთ, მონადირის დედა ტრადიციული საქმიანობის - მონადირეობის ქომაგია, ცოლი კი - დამაბრკოლებელი. ცოლი გარედან არის მოსული, ის "სხვაა" და ცდილობს "გადაასხვაფეროს" ქესი, მოწყვიტოს მის მფარველ ღმერთებს, რაც დამღუპველი იქნება მისთვის, როგორც მონადირისთვის. ქესიმ უნდა აირჩიოს ორიდან ერთი: ცოლი (ქორწინება) თუ ღმერთები, რომლებიც სწყალობდნენ მას ნადირობაში [ხეთური ტექსტის ხარვეზიან ადგილას, შესაძლოა, დალის ანალოგიური "ნადირთ მწყემსი" ყოფილიყო ნასხენები, ვისთანაც ქესის სატრფიალო ურთიერთობა ექნებოდა]. ასევე ბეთქილი არჩევანის წინაშეა: თუ სურს წარმატება, უნდა მიიღოს დალის სიყვარული და უერთგულოს მას. თუ არა და, სამუდამოდ დარჩეს სახლში. გაორებული ბეთქილი შინისაკენ იხრება, გააშინაურებს (ხევსურული თქმით: გაარიოშებს) გარეთ მოპოვებულ საიდუმლოს და იღუპება. უნდა გვეფიქრა, რომ მონადირისა და დალის ურთიერთობა მხოლოდ ინტიმური საქმეა და იგი საზოგადოების ინტერესის საგანს არ შეადგენს. ეს ასეც არის, რადგან ის საიდუმლოა. მაგრამ როგორც კი საიდუმლო გაცხადდება, ის მთელი საზოგადოების პრობლემად იქცევა. ეს არის დალის გამოგზავნილი "თეთრი შუნი" გამოჩნდება ყველას თვალწინ, დღესასწაულის დროს, როცა მთელი საზოგადოება უკლებლივ არის თავმოყრილი [სვან. პოეზია, ბეთქილ N93 ა-ც]. როგორც ბეთქილის სიმღერიდან ჩანს, საზოგადოებამ იცის, რომ მოულოდნელად გამოჩენილი "თეთრი შუნი" სწორედ ბეთქილის ბედისწერის ნიშანია. "თეთრი შუნი" ლაჯებს შორის გაუხტება ბეთქილს და ბეთქილი უნდა გაეკიდოს ნადირს, მან უნდა იკისროს სასჯელი, რომ აარიდოს სოფელს ხიფათი, რომელიც "თეთრი შუნის" გამოჩენას მოყვება. სხვა გზა მას არ დარჩენია, რადგან ის რჩეული მონადირეა და ეს იცის საზოგადოებამ. ბეთქილი უნდა გაიწიროს სოფლის საკეთილდღეოდ. სიმღერის სხვა ვარიანტში "თეთრ შუნს" კონტრასტულად ცვლის "შავი ეშმაკი", რაც აძლიერებს ვითარების ტრაგიზმს... თავდაპირველად მონადირე თავისი წარმატებული კარიერის დასაწყისში მისდევდა ნადირს, რომელმაც იგი დალის გამოქვაბულამდე მიიყვანა, სადაც დალისგან სამონადირეოდ ხელდასხმა მიიღო და რჩეული მონადირე შეიქნა. ახლაც "თეთრი შუნი" მიუძღვება მას გამოქვაბულისკენ, სადაც დასრულდება მისი არა მხოლოდ სამონადირეო კარიერა, არამედ სიცოცხლეც. თუ დასაწყისი სასიკეთო იყო, დასასრული დამღუპველია. იქ, სადაც "თეთრი შუნი" გაუჩინარდება, ბეთქილი დალის წინაშე აღმოჩნდება, რათა მისგან გაიგონოს საბოლოო განაჩენი.

ტყაშმაფა

სვანურ, ხევსურულ, რაჭულ თქმულებათა ასპარეზი კლდეებია. დალი კლდეთა, კლდის გამოქვაბულთა ბინადარია. მონადირესაც კლდეებში უხდება სიარული, სადაც ის ჯიხვებს ედევნება და, შესაძლოა, "ვეფხვსაც" გადააწყდეს. კლდეს თავისი სპეციფიკა აქვს მონადირის მოღვაწეობაში და აღსასრულში. ბარის საქართველოში კლდეებს ტყეები ენაცვლება. რაც კლდეა სვანეთში, ფშავ-ხევსურეთში, რაჭაში მონადირისთვის, ის არის ტყე ბარის საქართველოს მონადირისთვის. თუ დალის ტოპოლოგიური ნიშანი კლდეა ("დალი კლდეში მშობიარობს") ბარის ნადირთპატრონის ნიშანი ტყეა - ეს არის მეგრული მითოსის ტყაშმაფა. რას ნიშნავს ტყე მითოლოგიური წარმოდგენით? ტყე უპირისპირდება სოფელს, დაბას, დასახლებულ ადგილს, ადამიანთა საცხოვრებელ, ადამიანურ სამყაროს. საბოლოოდ, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ადამიანურ ყოფასთან, ყოველდღიურობასთან, ჩვეულებრივთან - ყველაფერთან, რაც კი ადამიანის ხელს შეუქმნია. ყველაფერი, რაც სოფლის გარეშეა, ტყიურია. ტყე ადამიანურ კულტურას, ადამიანურ შინას უპირისპირდება. ამავდროულად, ტყე საიდუმლოებრივია. უცხო, ხშირად მტრული, შიშის მომგვრელი. ის ჩაკეტილი სამყაროა, მას თავისი სივრცე, თავისი საზღვრები აქვს. მას თავისი დროც აქვს, რომელიც არ თანხვდება სოფლის დროჟამს. არის სივრცე და დრო სოფლისა და არის სივრცე და დრო ტყისა. ტყეში შესული კაცი იკარგება არა მხოლოდ სივრცობრივად, არამედ დროული განზომილებითაც. ტყის სივრცე და დრო იჭერს, ატყვევებს ადამიანს. თავისი სიბნელისა და ღრმა ფესვგადგმულობით ტყე არაცნობიერის სფეროს ასიმბოლიურებს. ტყის წინაშე ძრწოლა, როგორც პანიკური თავზარი, არაცნობიერს გამოცხადების შიშით არის ინსპირირებული [J.Chevalier, A.Gheebrandt. Dictionnaire des symboles, 1996. 456]. ამ შიშის დასაძლევად უნდა იცოდეს ტყეში მოქცევისა და მის ბინადრებთან ურთიერთობის წესები. ადამიანი უნდა გაშინაურდეს ტყეში ან გაიშინაუროს თუ მოიშინაუროს ტყე; მან მეორე შინად უნდა აქციოს იგი, რომ გაანელოს ტყიურისა და ადამიანურის დაპირისპირება. იმ კულტურებშიც კი, სადაც ტყე არ არის ინიციაციის, ხელმეორედ შობის ადგილი, რომ უშუალოდ გაიგივდეს დედრულ საწყისთან, რის გამოც მას "დედის საშო" ეწოდება, იგი მაინც ავლენს დედრულ ნიშნებს უნივერსალური მითოლოგიური პრინციპის ძალით. ტყის კონფიგურაცია, მისი სიღრმულობა დედრულია. ტყეში შესული მამაკაცი - მონადირე მყისვე ექცევა დედრის ხელში, ეს დედრი ტყაშმაფაა, რომელიც ტყის საწყისს განასახიერებს. ტყეში არის სხვა არსებაც - ოჩოკოჩი, მაგრამ ის არ არის ტყის პატრონი. ის აგრესორია. ის თითქოს გარედან არის შემოჭრილი ტყაშმაფას საუფლოში. ის, თუმცა ტყიურია, მაგრამ მისი ტყიურობა მხოლოდ ნიღაბია, ის უკანონოდ არსებობს ტყეში და მოითხოვს უკანონო კავშირს ტყაშმაფასგან, რომელიც გაურბის მას. ეს დევნა - გაქცევა მარადიულია (შდრ. აპოლონი და დაფნე). ეს არის დედრულ - მამრულის დაპირისპირების გამოძახილი ტყის სივრცეში. ამ დევნა - გაქცევაში ადამიანს თავისი როლი აქვს. ტყაშმაფაზე, როგორც ნადირთ მწყემსზე, დამოკიდებულია მონადირის ბედი. როგორც დალთან, ასევე ტყაშმაფასთან მონადირეს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს და ეს არის გარანტი მონადირის წარმატებისა. მაგრამ, როგორც წესი, ურთიერთობა მოულოდნელად წყდება და უმწეოდ დარჩენილ მონადირეს ხელი ეცარება ან იღუპება. როგორ იწყება ტყაშმაფისა და მონადირის ურთიერთობა? თუ მის გამოქვაბულში უნებურად მოხვედრილ ან მისი შვილის გადამრჩენ მონადირეს მადლიერი დალი თავის სიყვარულს და ნადირობაში წარმატებას სთავაზობს, მადლიერი ტყაშმაფა, რომელიც მონადირემ ოჩოკოჩის ძალადობისგან იხსნა, ასევე სიყვარულს სთავაზობს მას. ერთ უღრან ტყეში მონადირე მახუტელას ქალის კივილი შემოესმება. ქალი სახელდებით თხოვს მას შველას: "მახუტელა! შე მკვდარო, მამეშველე!" მახუტელა ხედავს: თეთრად მორთულ, კოჭებამდე თმებით დაფარულ ქალს უკან მოსდევს ბანჯგვლიანი ოჩოკოჩი. მახუტელა თოფით დაჭრის მდევარს და უკუაქცევს. ოჩოკოჩი გადაიკარგება, ტყაშმაფა კი თავის თავს სთავაზობს მას. მახუტელას არჩევანი არა აქვს - ის უნდა დაჰყვეს ტყაშმაფის წინადადებას. მახუტელა ტყაშმაფასთან კავშირმა სახელგანთქმულ მონადირედ აქცია (ქართული მითოლოგია, "მერანი", 1992, N144, გვ.88-9]. როგორც ჩანს, მახუტელა მონადირის განზოგადებული სახეა მეგრულ ზეპირსიტყვიერებაში. არსებობს მისი სახელობის გამოქვაბული [ცანავა ა. ქართული ფოლკორის საკითხები, 1990, 68]. უნდა შეინიშნოს, რომ ტყაშმაფასთან ურთიერთობა გაცილებით დრამატულია, ვიდრე დალთან, თუმცა დალის მსხვერპლი ტრაგიკულად იღუპება. დრამატულია და სახიფათო თავად დაწყება ურთიერთობისა, რომელსაც ტყაშმაფა საბედისწერო დაჟინებით მოითხოვს ახალგაზრდა კაცისგან. ტყაშმაფა შემხვედრ ყმაწვილკაცს პირობითი ნიშნებით ელაპარაკება (მან არ იცის ადამიანური ენა?).

მისი ენა ხელების ენაა: ორი გაშლილი ხელის გულზე დადებით ის ანიშნებს ჭაბუკს, რომ მას სურს მისი სამუდამოდ ჩახუტება (შესაძლოა, აქედან მოდიოდეს მონადირის სახელი მახუტელა). ჭაბუკმა უსიტყვოდ, თავის გაქნევით უნდა უთხრას უარი, თუ ხმას გასცემს, ჭკუაზე შეიშლება. ახლა ტყაშმაფა ცდილობს დროებით კავშირზე მაინც დაიყოლიოს იგი: ორივე ხელის გაშლილი თითებით მიანიშნებს ათი წლის ურთიერთობაზე, და ასე ჩამოდის ერთ თითამდე და, თუ ჭაბუკი ბოლომდე უარზე დარჩა, ტყაშმაფა მას ჭკუაზე შეშლის ან დასწყევლის. ჭაბუკი დროის მინიმუმზე (ნახევარ წელზე) დაითანხმებს მას და იწყება მათი ინტიმური ცხოვრება, ჭაბუკმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს ტყაშმაფასთან კავშირი [ცანავა.  ქართ. ფოლკ. საკითხ., 69]. იქმნება სამკუთხედი: ტყაშმაფა, მონადირე და მისი ცოლი. ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს ტყაშმაფასთან დაქორწინებული მონადირის დაღუპვის მიზეზი. მხოლოდ შეიძლება, რადგან არსებობს სხვა დაბოლოებაც. ჯერ ტრაგიკულ აღსასრულზე, რომლითაც ტყაშმაფის თქმულება ენათესავება დალის თქმულებებს (დალის საყვარელი მონადირის დაღუპვა, როგორც ვიცით, გარდაუვალია). მაგრამ მათ შორის ერთი განსხვავებაა, შესაძლებელია, ფუნდამენტური. თუ დალი თავის რჩეულს კლდეების გამოქვაბულში ხვდება, ტყაშმაფა თავად ეწვევა ჭაბუკს. ის სტოვებს თავის ტყეს და სოფელში, სასიმინდეში, უნიშნავს პაემანს. ისინი სასიმინდეში ხვდებიან ერთმანეთს. ჭაბუკის ტერიტორიაზე. მაგრამ ამის გამო განსაცდელი და ხიფათი მეტია: აქ, ამ ტერიტორიაზე, არის ვაჟის ცოლი, აქ არის დედა, რომელთაც არ შეიძლება გამოეპაროთ ნალიის ღამეული სტუმარი. ტყაშმაფას, ისევე როგორც დალის, ერთი მთავარი ატრიბუტი ოქროსფერი თმაა. ეს ის მშვენებაა ტყაშმაფასი, რომლითაც ის უსაზომოდ უპირატესობს მისი რჩეულის ცოლზე. მონადირის ბედი ცოლზეა, როგორ მოექცევა თმას. მეტოქეს დაინახავს მასში თუ ოჯახის დოვლათის გარანტიას? თუ ცოლი ტყაშმაფაში მეტოქეს დაინახავს, როცა მას თავის ქმართან მწოლარეს მიუსწრებს, ნაცარს შეაყრის მის ჩამოშლილ თმას მკბენარის შესაყრელად, ან შეაჭრის თმას. ტყაშმაფა ჩამოეცლება მის ქმარს, მაგრამ დაუსჯელად არ სტოვებს ოჯახს [ცანავა, ქართ. ფოლკ. საკითხ., 64-65]. არის სხვა პერსპექტივაც, საკეთილდღეო. მონადირის ცოლი თუ დედა საკადრის პატივს მიაგებს ტყაშმაფას ოქროს თმებს: ახლად მოწველილ რძეში განბანს მათ. მადლიერი ტყაშმაფა დალოცავს მონადირეს (მახუტელას) და ნადირობის ბედს მისცემს [ქართ. მით. N144-146]. მაგრამ, რაკი საიდუმლო გამჟღავნებულია, ტყაშმაფა ვადაზე ადრე და უვნებლად სტოვებს თავის სატრფოს [ცანავა, ქართ. ფოლკ. საკითხ., 64-5; ქართ. მით. N146]. ტყაშმაფას მეგრული გადმოცემები სინკრეტულია, არ არის შემოზღუდული ნადირობის სფეროთი. მართალია, ტყაშმაფა ნადირთ პატრონია და ადამიანს ნადირობაში წარმატებას ჰპირდება და აძლევა კიდეც, მას დამატებით სხვა სფეროშიც შეუძლია დოვლათი შეჰმატოს თავისი რჩეულის ოჯახს. არ არის შემთხვევითი, რომ ვაჟისა და ტყაშმაფის შეხვედრის ადგილი სასიმინდე, ნალია ან ბეღლის თავია. ეს ის ადგილებია, სადაც დაუნჯებულია ოჯახის ჭირნახული. ამავე დროს ბეღელი და მისი რიგის სათავსოები საკრალური დანიშნულების ადგილებია, სადაც ძველ საზოგადოებებში ქვეყნის ნაყოფიერების საგარანტიოდ საკრალური ქორწინების რიტუალი სრულდებოდა [კიკნაძე ზ. შუამდინარული მითოლოგია, 1979, 247-250]. ამ უძველეს, თითქმის უნივერსალურ წეს-ჩვეულებას, რომელიც გავრცელებული იყო ყველა სამიწათმოქმედო კულტურაში, ჩვენი სოფლის ყოფაც ადასტურებს. ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში ცნობილია, რომ პირველ ღამეს ნეფე-პატარძალი ბეღელში ან ნალიაში ათევდა, რაც ოჯახის ნაყოფიერების საგარანტოიდ ხდებოდა [რუხაძე ჯ. ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, 1976. 181].

ოჩოპინტე

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში "ნადირთ მწყემსი", ძირითადად, მამრული არსებაა. ეს ოჩოპინტეა, მას საფარველი ადევს, უხილავია. ეს სახელი საბას "სიტყვის კონაშია" დადასტურებული: "ოჩოპინტე ცრუ მონადირენი ნადირთ წინამძღვრად იტყვიან". როგორც ჩანს, ამ სახელის მატარებელი "ნადირთ წინამძღვარი" საქართველოს ბარშიც ყოფილა ცნობილი. უანასკნელ ხანამდე კი მხოლოდ ხევსურეთშია შემორჩენილი. მონადირე წინასწარ ოჩოპინტეს უნდა შეევედროს: "ნადირთ მწყემსო ოჩოპინტევც, შენ გეხვეწები, მამეცი ჯიხვთ თავი, მამაკვლიე! სულნი ხო შენნია ნადირთანი," თუ არა და, ოჩოპინტე ჯიხვებს გააფრთხილებს: "აბა მაიქცენით, მენადირე გეპარებისთ!" [გაბური ბ. ხევსურული მასალები 153-154]. თუ დალი და ტყაშმაფა მონადირისგან სიყვარულს მოითხოვენ, ოჩოპინტე - სულს. "ვინც ბევრ ნადირს ხოცავდა, ოჩოპინტესათვის სული ჰქონდა მიცემული... მონადირე ეტყოდა: "ნადირთ პატრონო ოჩოპინტეო, ჩემ სულ შენდ გამიზიარებავ, შენ შენ საქონნი გამიზიარენიო" [ბალიაური მ., მაკალათია ნ. მასალები აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა სამეურნეო ყოფის ისტორიიდან, 1989, 112]. ოჩოპინტესათვის სულის მიცემა ისევე საიდუმლოდ უნდა შენახულიყო, როგორც დალის საყვარლობა ინახებოდა საიდუმლოდ. თუ საიდუმლოს გასცემდა მონადირე, ოჩოპინტე დასჯიდა მას - კლდიდან გადმოაგდებდა ნადირობის დროს, ანუ იგივე ბედი ეწეოდა, რაც დალის საიდუმლოს გამცემს. სულის მიცემა გარკვეული პირობებით მონადირესა და "ნადირთ მწყემსს" შორის ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს. სულის მიცემის სინონიმი უნდა იყოს "ძმად გაფიცვა" [მ.ბალიაური, ნ.მაკალათია, 144] და შეამხანაგება [იგივე,115]. მათ შორის ურთიერთობა მამაკაცურია, არსებითად განსხვავდება ქალვაჟურ ურთიერთობისაგან. ქალი (დალი) ვაჟისგან ხორციელ კავშირს მოითხოვს, მამაკაცი - სულიერს, რაც ძმადნაფიცობასა და ამხანაგობაში გამოიხატება. ერთგულების დაცვა უნივერსალური პირობაა, რომლის დარღვევის შემთხვევაში მონადირე იღუპება. პირობის დარღვევა მხოლოდ საიდუმლოს გაცემაში არ მდგომარეობს. პირობაში შედის სიფრთხილე, რომ მონადირემ "ხარჯიხვი" - "ნადირთ წინამძღოლი" (ოჩოპინტეს პირადი საკუთრება არ მოკლას ან არ შემოაკვდეს [მ.ბალიაური, ნ.მაკალათია,114].

ანდრეზებს შემოუნახავთ ამ მიზეზით დაღუპულ მონადირეთა სახელები - საჩინა, სინდაურისძე [იგივე,114-5]. თქმულება არ ამბობს, თუ კონკრეტულად როგორ ხდებოდა ოჩოპინტესათვის სულის მიცემა და რა მოსდიოდა სულს მონადირის სიკვდილის შემდეგ. ეპატრონებოდა სულს ოჩოპინტე, როგორც ეშმაკი? ნიშანდობლივი კია, რომ ოჩოპინტესათვის სულმიცემული მონადირე პირად ცხოვრებაში გაუხარელი იყო, მონადირეობაში უზომო წარმატების წილ უძეოდ გადასაგებად იყო განწირული [იგივე,113]. "ვისაც ოჩოპინტესათვის სული ჰქონდა მიცემული, უბედური იყო, შვილი არ ებადებოდა, უშვილო კვდებოდა", "მენადირეს არც ვის ხქონივ ბედი დ’ დავლათი, არც შვილ-ბოლოჩია დ’არც ქონა - ყონაჩი" [იგივე, 99-100]; "ნადირთ მხოცველ კი არ ას კაის დღისად გაჩენილ, სახლ-საქონი, ბედ-ბოლო, წყალ რო ეგრ გაივლისო" [იგივე,100]. ოჩოპინტეს ძმადნაფიც, სულგაყიდულ მონადირეს უშურველად ეძლეოდა ნადირი, შვილი კი - არა. ნადირობაში წარმატება ძეობაში წარუმატებლობით იყო "გამოსყიდული" (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სოფლის ყოფაში - შვილ-ბოლო - იმას კარგავს). წარმატებას ნადირობაში "ნადირთ მწყემსი" აძლევს, შვილს კი, შეიძლება ვიფიქროთ, სასჯელად ჯვარი (ღვთისშვილი) უკავებს. არხოტული წარმოდგენით "ჯვარს ნადირიც ეჯავრება, ნადირთ პატრონიც და მხეციცო", რადგან "ნადირი ეშმაკთ საქონია და მწყემს - პატრონი ეშმაკიო" [იგივე,114]. ცხადია, არც მონადირეობა იქნებოდა ჯვარის სათნო საქმიანობად შერაცხილი. მონადირეს აფრთხილებენ: "ნუ მიხოლ..." [იქვე]. ამიტომაც თავად მონადირის ბოლო პიროვნულად ტრაგიკულია: "არც დღით მოკვდება, კლდეზე გადმოვარდება ან ზავი მოიყოლებსო". რამდენად მტკიცდება არსებული მასალის საფუძველზე ასეთი კატეგორიული სახის წარმოდგენა გარეულ პირუტყვზე (ნადირზე), როგორც ეშმაკთა სამწყსოზე? აქ შეიძლება დავინახოთ შინასა და გარეს უკიდურესი დაპირისპირება: ჯვარი შინაური პირუტყვის პოტენციური პატრონია, ამიტომაც იწირავს მას მსხვერპლად; გარეული კი - მისი საპირისპირო. შინაურის მწყემსი ღვთისშვილია, გარეულისა - ეშმაკი, რასაც დაპირისპირებათა სხვა განზომილებაში გადავყავართ. მაგრამ არსებობს სხვა ნიშნით დაპირისპირებულთა წყვილი, ასევე შეურიგებელი: "ნადირთ მწყემსი" და ეშმაკები, მონადირის ანტაგონისტები, რომლებიც ეხში არიან ჩასაფრებულნი და მონადირეებს არ უშვებენ იქ. [იგივე,115]. ხევსურეთში, როგორც ვხედავთ, ნადირთ მწყემსი უპირატესად მამრია. მაგრამ გამოჩნდება ქალიც. "ზოგ მონადირეს ქალი მწყემსი უწყობდა ხელს, ზოგ მონადირეს კი ვაჟი" [იგივე,112]. მაგრამ "მწყემს ქალს" გამოკვეთილი არც სახე აქვს, არც სახელი, ის უპიროვნოა. ოჩოპინტესთან კი მონადირეს პიროვნული ურთიერთობა აქვს, როგორც თანასწორთან თანასწორს. თუმცა ოჩოპინტე უპირატესობს სანადიროებში, მაგრამ გადმოცემით, ვაჟი და ქალი - "ნადირთ მწყემსები"ერთმანეთს ენაცვლებიან: "ნადირთ მწყემსი ერთ წელიწადს ქალია, მეორე წელიწადს - ვაჟი. თუ რომელ წელიწადს რომელი მწყემსობს, მონადირე სიზმრით გაიგებდა" [იქვე]. მონადირეს სიზმრად ევლინება ან ვაჟი ან ქალი. თუ ვაჟი - ეს ოჩოპინტეა, რომელსაც მან სული უნდა მისცეს. ოჩოპინტე მას წარმატებული ნადირობის გარანტიად თოფს უწვდის სიტყვებით: "წამაე, სანადიროდ წავიდათ". ისინი ნადირობაში თითქოს ერთმანეთის პარტნიორები არიან. ქალი მწყემსი სხვაგვარად ეცხადება მონადირეს: ის საწოლში წვება მასთან და ესიყვარულება, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ მონადირეს წარმატებული დღე ექნება [იგივე, 107, 108, 112]. ამ ტყაშმაფა-დალისეულ მოტივს განვითარება არა აქვს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სამონადირო მითოლოგიაში. აქ მონადირისა და ქალ - მწყემსის ურთიერთობა ისე რელიეფურად არ იკვეთება, როგორც ბეთქილ-დალის და მახუტელა - ტყაშმაფას ურთიერთობა. მხოლოდ სიზმარში მონადირესთან სარეცლის გაზიარებით ხდება იმის მინიშნება, რომ ნადირთ მწყემსი ნადირით დაასაჩუქრებს თავის სიზმარეულ სატრფოს. ურთიერთობა არა მხოლოდ ეფემერულია, არამედ უპიროვნოც, მხოლოდ სიმბოლური.

Zurab Kiknadze

The Hunter’s Dual Life

Summary

The hunter is obliged to live and act in a dual world: at home and outside. These are the spheres between which the hunter moves and hence responsible before both spheres. This duality or the irreconcilable confrontation between at home and outside is the cause of the tragic fate of the hunter. To attain success in the world of the mistress of beasts (Greek potnia theron) one must penetrate into this world and familiariz oneself in it, which acquires the form of amorous liaison. In Georgian folklore two types of this relationship have taken shape: one is attested in Svan folklore, and the other in Megrelian, the former being represented by Dali and the latter by Tqashmapa (“queen of the forest”). Significantly enough, Dali is encountered by a hunter that has lost his way, the symbolism of which is simple, being a precondition for meeting Dali. Losing his way, the hunter finds himself in the prohibited space of Dali’s realm. To atone for his trespassing the hunter is obliged to respond to the love offered by Dali. In return, the mistress of the cave, who is at the same time mstress of beasts, promises him fortune in hunting, while the hunter must keep Dali’s love secret. This is a hidden marriage, it seems legitime: it demands loyalty - its token being a bead or ring which the hunter must keep secret. The hunter’s fate is reified in these things, serving as a test of the hunter’s fidelity to Dali. But the hunter has a legal wife at home, towards whom he must also be loyal. Parallelism is obvious: as the legal family is a warranty of success in economic life (at home), in the same way, the hidden marriage is a warranty of success in hunting activity (outside). Unfaithfulness to the mistress of beasts deprives the hunter of luck (It occurres also when the animals has been over-hunted by the hunter, but it is the theme of another duscussion). Like with Dali in the Svan myth, the hunter has amorous relations with Tqashmapa in Megrelian myth, being a warranty of the hunter’s success. However, as a rule, the liaison ceases unexpectedly, as soon as the hunter’s legal wife intervenes in their relations and the helpless hunter fails to kill game and he dies. With its tragic end, the legend of the Tqashmapa resembles that of Dali: whereas Dali meets her choice in a cave in the rocks, the Tqashmapa herself visits the young man. Leaving her forest, she appoints a tryst with the youth in the bar, in the village, on the territory of humans (at home). This enhances the risk and danger, for the youth’s wife is here, at home, as well as his mother, who cannot overlook the night visitor of the barn. One major attribute of the Tqashmapa, as well as Dali, is her golden hair, this giving her great advantage over her lover’s wife. But the hunter’s fate depends on his wife’s reaction: Will she see a simple rival in the possessor of this hair or a warranty of the well-being of her family? If the wife perceives a rival in the Tqashmapa, on coming upon her lying with her husband, she throws ashes at her dishevelled hair to infest it with lice or she clips it. The Tqashmapa abandons her husband but not without punishing the family. There is a different ending as well – a happy one. The hunter’s wife or mother does honour to the Tqashmapa’s golden hair fallen to the ground by rinsing it in fresh milk. The grateful Tqashmapa blesses the hunter’s family. But since the secret is divulged , she leaves her lover for ever without punishing him. Megrelian myth of the Tqashmapa of syncretic character, not being restricted to the sphere of hunting. To be sure, the Tqashmapa is the mistress of beasts and promises and effectively grants him success in hunting, she can add to the welfare of the family in some other sphere as well. That the site of liaison of the Tqashmapa and the youth is a barn is not accidental, for it is in this facility that the family’s grain crop is stored. At the same time, barn, as we know from the Mesopotamian text, is a sacred area, where the rites of sacred marriage were performed. The life of the Georgian village too confirm this ancient, almost universal custom, occurring in many farming cultures. We learn from ethnographic literature that the bride and bridegroom spent their first night in a barn, to ensure the family’s welfare.