topmenu

 

ზ.კიკნაძე - სწორფრობა

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>


ზურაბ კიკნაძე

სწორფრობა

მადლობას ვუხდით ავტორს მოწოდებული მასალებისათვის

"სწორფრობა მთის გაჩენილ ას"

(ხალხური ანდრეზი)

"სწორფრობა ღერძი ას ხევსურთ(ს) ცხოვრებისაი"

(ნათელა ბალიაური)

კაცობრიობა, ერი, საზოგადოება, პიროვნული ყოფა - აი ეს საფეხურები, სადაც ადამიანს უხდება თავის უნართა, თავის შესაძლებლობათა, თავის შინაგანის რეალიზაცია. ადამიანი, სადაც კი უხდება მას ცხოვრება, თუნდაც მიუვალ მთებსა და უდაბნოს ხრიოკებს იყოს შეხიზნული, ყველგან ქმნის თავის გარშემო ადამინურ - კაცობრიულ სამყაროს, ის ყველგან აღვივებს თავის თავში კაცობრიულ მარცვლებს, რომლებიც ნაყოფს იღებს საზოგადოებრივ ყოფაში, ადამინურ ურთიერთობებში, ადამიანური კულტურის ყოველ გამოვლენაში - ქცევაში, ფიქრთა წყობაში, ადამიანის საარსებო ფიზიკურ გარემოშიც კი. ადამიანის საარსებო ფიზიკურ გარემოშიც კი. ამ მხრივ ჩვენთვის ფასეულია არა მხოლოდ მსოფლიო ცივილიზაციები, ეს მონუმენტური შენობები, რომლებიც აღიმართა ადამიანთა ერთობლივი ცხოვრებითა და ძალისხმევით, არამედ ცივილიზებული მსოფლიოსთვის უჩინო საზოგადოებანიც, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, პერიფერიებში გაფანტულნი, რომელთა ხშირ შემთხვევაში კვალიც არ დაუტოვებიათ თავიანთი არსებობისა. მაგრამ ეს უკვალობაც შეიძლება მათი ღირსებაც იყოს, რადგან კვალი მატერიალურია, ეს ხალხი კი სულიერ ღირებულებებს ქმნის. ყოველი კულტურის ფესვი ადამიანშია და, რაკი ადამიანი, როგორც ასეთი, ერთია, ერთი ადამისგან არის წარმომავალი, განსხვავებულ კულტურულ ტრადიციათა ხშირად თვალშისაცემი სიუცხოვე და უჩვეულობა არ უნდა ქმნიდეს პრინციპულ დაბრკოლებას მათი გაგებისა და განცდისათვის. ადამიანს შეუძლია ყველგან ამოიცნოს საკუთარი თავი, განიცადოს ის უცხოც, თავის კულტურაში, თავის ყოველდღიურობაში თუ წეს-ჩვეულებებში გამოუვლენელიც, რომელიც ადამიანურ ურთიერთობათა ახალ გზებს გაუხსნის და ახალ სიღრმეებში ჩაახედებს. ეს ურთიერთობანი, პიროვნებათა შორის ეს დამოკიდებულებანი, სტუმარმასპინძლური იქნება მამაკაცთა შორის თუ სასიყვარულო ქალ-ვაჟს შორის, ადამიანის სულის უშუალო გამოვლენაა, როგორც სიმღერა. ეს სულიერი კულტურაა თავისი წმინდა სახით. მის დასადასტურებლად არ უნდა ვეძიოთ მაინც და მაინც რაფინირებული ცივილიზაციის წიაღი. მას შეიძლება მივაკვლიოთ ნებისმიერ კუთხეში დედამიწისა, ერთ თემში, ერთ ჩაკეტილ საზოგადოებაში, რომლის ისტორია შეიძლება ათასწლეულებს არ ითვლიდეს, იქნებ არც ასწლეულებს, არამედ რაღაც მონაკვეთს დროისას, რომელსაც ისტორიაც არ ეთქმის. ბოლოს და ბოლოს, რა უფროძვირფასია ჩვენთვის - რომელიმე დიდი ცივილიზაციის, მაგალითისათვის, ფარაონელი ეგვიპტის მწვერვალები თუ უბრალო დიალოგი ადამიანთან, რომლიც გვიყვარს, რომელსაც გულს ვუხსნით, როდესაც განვდიცდით ასეთ სასწაულს? განა სწორფერთან საუბარი დაუსრულებელ ღამეში არ გადაწონის მთელს ეგვიპტეს ბაბილონთან ერთად? განა ამ დროს არ გრძნობს კაცი იმ გამოუთქმელ სიღრმეებს, ადამიანის გულის საიდუმლოს, რომლის განცდა, მარტოდენ განცდა, მხოლოდ ასეთ ურთიერთობაში თი არის შესაძლებელი.

* * * * *

წინამდებარე წერილი დაიწერა არხოტიონი ხევსური მანდილოსნის ნათელა ბალიაურის (1986-1988) წიგნის "სწორფრობა ხევსურეთში" (თსუ, 1991) კითხვისას და პირად საუბარში მიღებულ შთაბეჭდილებათა საფუძველზე. ამ უნიკალური წიგნის ხელნაწერი დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორისს, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების არქივში სათაურით "სწორფრობა არხოტსა და პირაქეთ ხევსურეთში". ნ.ბალიაურის ნარკვევები განსაკუთრებულად იმით არის ღირებული, რომ მათში სწორფრობა დანახულია შიგნიდან ამ წეს-ჩვეულების მონაწილისა და თვითგანმცდელის მიერ სწორედ იმ ხანაში, როდესაც იგი მთელი თავისი ცხოველმყოფელობით მოქმედებდა. ნარკვევები იმითაც არის ფასეული, რომ მათი ავტორი აღწერს სწორფრობას არა როგორც თვითკმარ მოვლენას, არამედ როგორც ხევსურთა (კერძოდ, არხოტიანთა და პირაქეთელთა) საყმოების საზოგადოებრივი ურთიერთობების ორგანულ ნაწილს ცოცხალ ყოფაში, ხშირად, კონკრეტული დოკუმენტური ეპიზოდების სახით. სწორფრობის ცხოველმყოფელობის დროინდელი ეს ამბავი, სწორფერ ქალ-ვაჟთა ზოგჯერ ტრაგიზმში გადაზრდილ ურთიერთობას რომ მოგვითხრობენ, უფრო მეტს გვმცნობენ მისი შინაარსისა და ფუნქციის შესახებ, ვიდრე ეს შეიძლება სამეცნიერო გამოკვლვამ მოგვცეს. სწორფრობის მაგალითზე, რაც უნდა მოულოდნელი იყოს, დასტურება ქალის პიროვნების თავისუფლება საზოგადოებაში, რომ ქალთა სქესი თავის პიროვნულ დამოუკიდებლობას ამ წეს-ჩვეულებაში პოულობს. თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ სწორფრული ურთიერთობა არ იფარგლება პიროვნებათა ურთიერთობით; საბოლოო ჯამში, იგი პიროვნებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობაში გადაიზრდება. სწორფერნი პასუხისმგებელნი არიან საზოგადოების წინაშე. ბოლოს, სწორფრობის წესებისა, აკრძალვათა და მოთხოვნათა მთელი ამ ზნეჩვეულებით სისტემის ზერელედ გაცნობაც კი გვარწმუნებს იმ, თითქოსდა უბრალო, სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომლებიც ნათელა ბალიაურმა ანდაზასავით გამოჭედა: "ხევსურეთში ქალობა არც ადვილ საქმე ას". "სწორფრობა ხთის გაჩენილ ას" - რას გვამცნობს ეს სიტყვები ამ იდუმალებით მოცულ წეს-ჩვეულებაზე, რომლის ჭეშმარიტი არსი თითქმის სრულებით უცნობია ქართველი საზოგადოებისათვის? არც ვიწრო სამეცნიერო წრეებში აფენია მას ნათელი. არავის უცდია შესწავლა, თუმცა ის ქართველი ხალხის თუნდაც ერთ ცალკეულ ტომში განსახიერებული სულიერი კულტურის განუშორებელი ნაწილია. "სწორფრობა ხთისგან გაჩენილ ას" - ეს სიტყვები გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ სწორფრობას საკრალურობის რაღაც ნიშანი ადევს, რაკი ის ღვთისგან არის, არამედ იმასაც, რომ მისი წარმოშობა საიდუმლოებრივია, რაკი რაც ღვთისგან არის, მისი დასაბამი კაცთათვის მიუწვდომელია. ან იქნებ არც უნდა ვეძებოთ დასაბამი, იქნებ არც გვაქვს მისი ჩხრეკის უფლება. არსებული ეთნოგრაფიული მასალის სიმწირემ, მოგზაურთა ზერელე აღერილობებმა, მცდარმა თუ ნაძალადევმა ინტერპრეტაციებმა უკუღმართი წარმოდგენა შეუქმნეს ამ წეს-ჩვეულებებს ქართველი საზოგადოების ცნობიერებაში. არაადექვატური ნაწარმოების მიზანდასახულობას აშკარად თვითნებურად მისადაგებული სახით მოხვდა იგი მწერლობაში, რამაც თავის დროზე სამართლიანი გულისწყრომა დაიმსახურა ამ წეს-ჩვეულების შინაგანად მცოდნის მხრიდან (მხედველობაშია ალექსი ოჩიაურის გამოხმაურება მიხეილ ჯავახიშვილის "თეთრი საყელოს" იმ პასაჟზე, სადაც მწერალი სწორფრობის სახელწოდებით აღწერს არაარსებულ, წარმოსახვით ჩვეულებას). გავრცელებულ, ტრადიციად ქცეულ წარმოდგენაში სწორფრობის შესახებ სწორედ ისეთი მომენტებია ჩართული, რომლებიც მის ბუნებასთან სრულიად შეუთავსებელია. შეცდომით და ამაოდ ეძებდნენ მასში საკრალური ქორწინების (?????) კვალს - სინამდვილეში კი სწორფრობა სავსებით გამორიცხავს ქალ-ვაჟს შორის ხორციელ კავშირს, აკრძალული ზღურბლის გადალახვას. სწორფრულ ურთიერთობაში ჩაბმული ქალ-ვაჟისათვის ეს ზღურბლი ისეთივე ხელშესახებია და მკვეთრი, როგორც ორ სხეულს შორის ჩადებული ორლესული. სწორფრობის სულიერი, პლატონური და, იქნებ ერთგვარი ასკეტური შინაარსი მისებური გამჭრიახობით ამოიცნო გრ. რობაქიძემ (იხ. მისი ენგადი "თავისუფლების ტრიბუნა", 1981, 35; "მნათობი", 1987, 8). ამ შთანგონებული და ამავე დროს დოკუმენტურ აღწერას ისეთი კონკრეტული ცოდნა უდევს საფუძვლად, რომ მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მწერალი ამ მოთხრობაში, რომელიც პირველი პირით არის გადმოცემული თავის განსაცდელს პიროვნულ გამოცდილებას აღწერდეს. ენგადი არის ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი მწერლობაში, როცა მწერალი მისთვის უცხო ეგზოტიკურ ფენომენს არ ანაცვლებს თავის მხატვრულ ფანტაზიას. რა შეიტანა მწერალმა საკუთარიდან სწორფრობის აღწერაში? მხოლოდ სხვა თვალი, რომელიც არის, ამავე დროს, "სხვაი ჩემი" (მისსავე თქმას რომ მივმართოთ) და მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ღრმა და მძაფრად განგვაცდევინოს რიტუალის ხარისხამდე ასული ხალხური წეს-ჩვეულების ეგზისტენციალური სიღრმე და იდუმალება. მეცნიერება მოვალეა იკვლიოს ამა თუ იმ მოვლენის გენეზისი, მაგრამ სწორფრობის შემთხვევაში, საეჭვოა, რაიმე წარმატბა იქნას მიღწეული. მისი დასაბამი ბუნდოვანი რჩება და, თუმცა იგი ათასეულ წლებს არ უნდა ითვლიდეს, მისი ძიების ყოველი ცდა, შეიძლება, განწირულიც კი იყოს. ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ხალხური ტრადიცია აბესალომ და ეთერის უნიკალურ ამბავს უდებს ანდრეზად მის გენეზისს, მრავლისმთქმელია: "სწორფრობა ხთის გაჩენილა(ა). რაიც კაცნ გაჩენილანავ, იმის მემრივ ქალ-ვაჟს სრუ სდობნივავ ერთუცივ. წინავ უფრო სდობნივას ერთმანეთი, სუსულით (სურვილით) ხოცილანავ წინავ კაცნივ, იციან (ამბობენ). ერთად წოლა ქვე არ ყოფილ. ეეგრ თუ(რმე) უაზრებდიან ერთუცს. მემრ ღმერთს ათერი დ, აბურსელ (აბესალომი) უნახიან სურვილით დახოცილნი. ამდგარა დ, სურული ქალ-ვაჟისად მაუშორებავ, ირმის რქაზე, თამაქოზედა, ქალის ფარაგზე გადაუტანავ..." ეს, ერთი შეხედვით, გულუბრყვილო ანდრეზი, რომელიშიც, შესაძლოა, პლატონური "ნადიმის" დვრიტა" მოჩანდეს, საგულისხმოა ამ წეს-ჩვეულების არა წარმოშობის, არამედ არსის გასაგებად (პირუკუ: აბესალომ-ეთერის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი სწორფრობის შუქზე ახლებურად წარმოგვიდგება). არათუ წარმოშობა სწორფრობისა, მისი დანიშნულება, მისი ფუნქციაც კი საზოგადოებაში ბოლომდე არ არის ნათელი. ყოველი მისი ახსნა საზოგადოების წევრის მიერ, ეჭვი არ არის, არასწორი იქნება, როგორც ყოველი ხალხური ეტიმოლოგია.

თუმცა ადვილი მისახვედრი უნდა იყოს, რომ სწორფრობა რაღაც სხვა, ყოველდღიურობისათვის უჩვეულო ფსიქიურ და განცდით შრეებს წარმოაჩენს ქალ-ვაჟის ურთიერთობაში. ცხადი უნდა იყოს, რომ სწორფრობა მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებაშია შესაძლებელი, სადაც ფასდება პიროვნების გამორჩეულობა და განუმეორებლობა. ასეთი საზოგადოების წევრი უნდა იყოს თავისთავადი, რაღაც განსაკუთრებულის მატარებელი მკვეთრად გამოხატული უნდივიდუალური თვისებებით აღბეჭდილი, "საინტერესო" (ჩვენი "დაცემული გამოთქმით") ბუნების, აღსავსე პირადი და ანდრეზული ("ანდრეზიან კაც ას") ღირსებებით, რომ შეძლოს სწორფრული დიალოგის ღირსეულად ატანა მოპირისპირე სქესთან ფიზიკურ სიახლოვეში. რაოდენ ზერელეა ამ ჩვეულების შედარება ძველ საზოგადოებათა ე.წ. ჰეტერიზმთან, ან მით უფრო, საკრალური ქორწინების რიტუალთან. თუ იქ წაშლილია პიროვნების საზღვრები ან თუ ბუნების კანონს არის დამორჩილებული, მის ბორბალზეა დაბმული, როგორც რომელიმე "ღმერთი" პანთეური რელიგიისა, აქ ის ისეთი ნიჭია ადამიანში (ქალში თუ ვაჟში), რომელიც მხოლოდ სწორფრობის დროს შეიძლება გამოვლინდეს. სწორფრობა არის სასინჯი ქვა მოყმის დღიანობის გამოსაცდელად. დღიანობა არის მთლიანპიროვნული მზაობა სწორფრული დიალოგისათვის, რომელიც სხვა რა არის, თუ არა განსაცდელი, ცდა, სადაც ადამიანი უნდა გამოიცადოს მოპირდაპირე სქესის წინაშე - შეძლებს თუ არა დიალოგის ატანას სწორფრობისათვის დადგენილ სიმაღლეზე? ხომ არ დაეცემა სიტყვიერად (საუბრის სიწრფელეში) და ხორციელად (ვნების დაოკებაში)? ორ შემთხვევაშო გამოიცდება ყმა, მოყმე, -ერთგან საბრძოლო ცდაში სიკვდილის წინაშე, მეორეგან "წოლა-დგომაში" აკრძალულ ზღურბლზე. იქნებ სწორედ სწორფრულ ცდაში, ასეთი ღამის განსაცდელში უფრო უნდა გამოჩნდეს მოყმის სიმტკიცე, ვიდრე "ველობისას" ანუ ბრძოლის ველზე, დღის სინათლეზე. სწორფრულ სიყვარულში მონაწილეობს სქესის შინაგანი, სულიერი მხარე და მხოლოდ აქ, ამ ადამიანურ ყოფა-განსაცდელში, არა სხვაგან სადმე, ხვდებიან ერთმანეთს და ურთიერთობენ ანიმა და ანიმუს, დედრული და მამრული საწყისები, დედაკაცი მამაკაცი თავიანთი დაწმენდილი ბუნებით. ამ დროს ისინი, ყოველდღიურობას განყენებულნი, იმ დაუსრულებელ ღამეში, მათი შეხვედრის ჟამს, უთუოდ გაგვახსენებენ რუსთაველის მიჯნურებს, რომლებიც იქმენ "სოფლისა თმობასა" და სიძვა არ არის მათ შორის. რუსთველურ მიჯნურობას ხომ თავისი წესი და კანონი აქვს, მისი არსებობის პირობას ხომ მიჯნურის თვისებათა მთელი ერთობილობა ქმნის. ის, რაც ხევსურულ სწორფრობაში დღიანობად იწოდება, შეიძლება ამოვიკითხოთ გაშლილი სხით "ვეფხისტყაოსნის" პროლგოში. სადაც პოეტი "მიჯნურთ ზნეობაზე" ლაპარაკობს და ჩამოთვლის იმ ადამიანურ თვისებებს, რომლებიც აუცილებელია ჭეშმარიტი მიჯნურისათვის. როცა ვეცნობით სწორფრობის ამსახველ ჩანაწერებს, ვრწმუნდებით რომ მიჯნურობა და სწორფრობა ერთ ზნეობაზეა დაფუძნებული. სწორფრობაში, ისევე როგორც მიჯნუროაბში, თავის რეალიზაციას პოულობს ისეთი სულიერ - ფსიქოლოგიური თუ განცდითი მხარეები ადამიანისა, რომელთა სრული გამოვლენის ნიადაგი ყველაზე ნაკლებად ცოლქმრული ურთიერთობაა. "ვეფხისტყაოსნის" ავტორსაც ხომ უნებურად არ გამორჩენია "მიჯნურთა ზნეობაზე" მსჯელობისას ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენა ორი სქესის ურთიერთობაში, როგორიცაა ქორწინება - ბეჭედი ცოლქმრული კავშირისა. მართალია, პოემის გმირები ქორწინდებიან, მაგრამ ეს აქტები, რომლებიც ქორწილებად იწოდება, ესქატოლოგიური მნიშვნელობისაა და გაწმენდილია ყოფით, დროჟამული შინაარსისაგან. პოემაში გამართული ეს ქორწილები ყოფისეულ ინსტიტუტად ე.წ. აღორძინების ხანამ გაიაზრა და რამდენიმე თაობის შთამომავლობაც კი შესძინა მის გმირებს. ასეთი გაუგებრობა "ვეფხისტყაოსნისა", რა თქმა უნდა, საზოგადოების სულიერი კულტურის დაქვეითებით უნდა აიხსნას, რაც ქრისტიანობამ განიცადა იმ ეპოქაში. როდესაც პოემის ავტორი წერდა მიჯნურობაზე, "იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი", სიძვასთან დაპირესპირებულ ამ იგი-ში ის არ გულისხმობდა ხორციელ კავშირს, თუნდაც კანონიერი ქორწინებით კურთხეულს. სწორფრობა არა მხოლოდ სიძვას გამორიცხავს, არამედ მკაცრად კრძალავს საქორწინო კავშირსაც კი სწორფერთა შორის. სხვა ტერმინი, სწორფრობის ბადალი, "დობილ-ძმობილობა", სწორედ მის ამ არსებით მხარეს წარმოაჩენს და ადასტურებს. ამ აზრით, შეიძლება ითქვას, რომ მრავალ არიან სწორფერნი, ძმობილ-დობილნი კი მცირედნი. სწორფერთა შOრის, საზოგადოდ, თუ კიდევ შეიძლება მოხდეს ქორწინება, ამკრძალველი კანონის მთელი სისასტიკე ძმობილ-დობილთ ატყდება თავს. ჩანს, ძმობილ-დობილობა სწორფრული ურთიერთობის მწვერვალია; ამ მაღალ საფეხურზეა დაკრისტალებული ამ წეს-ჩვეულების მთელი არსი. სწორფრობა, რომლის იდეამ ძმობილ-დობილობაში ჰპობა განსრულება, სიტყვიერი გამოხატულებითაც იმიჯნავს თავს:  ამ ურთიერთობაში გაურბიან თქმას "მიყვარხარ", "მიყვარს", რომლის საგანი შეიძლება იყოს ყველა და ყველაფერი, გარდა სწორფრისა, რომლისადმი გრძნობის გამოსახატავად ითქმის: "მამწონს", "მინდ", თუ ეკითხებიან: "გინდაევ? ქვე გინდაევ?" (აქედან "ნანდაური" - ის, ვინც ვინმესთვის სანდომია, ვინც უნდათ). სიტყვა "სიყვარულს" ტაბუ აქვს დადებული, "ყვარება" ცუდი სიტყვაა და მის წარმოთქმას ერიდებიან, მით უფრო, თუსწორფრულ ურთიერთობაზეა საუბარი. თუმცა კი სწორფრობა სიყვარულის წრფელ გრძნობაზეა დაფუძნებული, რაც ცოლქმრული ურთიერთობისათვის არ არის აუცილებეილ. სწორფრობაში შენახულია სიყვარული თავისი წმინდა სახით, როგორც ქალ-ვაჟის ურთიერთობა, რომელიც პიროვნულ საფუძველზეა აღმოცენებული და მისით საზრდოობს. ხოლო ქორწინება, ცოლქმრული ურთიერთობა საზოგადოებრივი საქმეა, ის გვარის გაგრძელებას ემსახურება და პიროვნების ინტერესებს უგულებელყოფს. სწორფრობა უპირისპირდება გვარს პიროვნების გადასარჩენად და შესანარჩუნებლად. სწორფრობა არის გარღვევა გვაროვნობაში პიროვნების სასარგებლოდ, ის არის ოაზისი, რომელიც თავად საზოგადოებამ დაუშვა მდუმარე დასტურით, რომ პიროვნებას, როგორც უნიკალურს, განუმეორებელს, სასუნთქი არე შექმნოდა, არ ჩათრეულიყო ყოვლის გამათანაბრებელ დინებაში. სწორფრობას საზოგადოება მფარველობს, წესებს უწესებს, "არჯულებს" (კანონიერს ხდის) მას და ზრუნავს კიდეც, რომ ეს წესი და რჯული ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე იქნას დაცული. ნდომა-მოწონების, სიყვარულის სწორფრული საფუძველი არათუ უსარგებლოა, სრულიად გამოუსადეგარიც არის ოჯახის მოწყობისათვის. უფრო მეტიც: იქნებ საზიანოც იყოს, რადგან ეს ურთიერთობა განსხვავებულ საწყისზეა აღმოცენებული, სხვა წყაროთი იკვებება, ვიდრე საქორწინო ურთიერთობა; აქ "მზრდელი სიყვარულისა" პიროვნების სხვა სიღრმეში პოულობს ფესვებს. როდესაც რუსთველი ჭეშმარიტ მიჯნურთა ზნეობის ერთ-ერთ ნიშნად მოვალეობას ასახელებს, რას უნდა გულისხმობდეს იგი ამ ცნებაში, თუ არა თავისუფლებას წუთისოფლის ჭაპან-წყვეტისაგან; ნამდვილი მიჯნური და სწორფერი ის არის, ვისაც მოცალეობა აქვს, ვინც იცლის ნდომა-მოწონებისათვის, ვისაც გადანახული აქვს ერთი საათი მაინც სწორფრული დიალოგის წარსამართავად. სწორფრობისა თუ ძმობილ-დობილობის მიზეზიც და მიზანიც სიყვარულია, თავისი არსით ეს არის ინდივიდუალურ-პიროვნული განცდა, ცოლქმრული ურთიერთობა კი სოციალური მოვალეობაა საყმოს წევრისა, მისი მიზანი საოჯახო მეურნეობისა და ახალი თაობის შექმნაა. ეს აუცილებელი, გარდაუვალი, თითქმის ფატალური ვალია მოყმისა თუ ქალისა, სიყვარული კი პიროვნების თავისუფლების გამოხატულებაა, რომელიც შეიძლება არც კი ახლავდეს ცოლქმრულ კავშირს, არც იყოს მისი მიზეზი და საფუძველი. ასე იყო ყველგან, ტრადიციულ საზოგადოებებში )მთელი ძველი აღთქმის ფონზე უნიკალურია იაკობ-რახილის ცოლ-ქმრობა, რომელიც მხოლოდ სიყვარულზე იყო დაფუძნებული). ეს გამიჯნულობა სიყვარულსა (სწორფრულ "ნდომა-მოწონებისა") და საგვარეულო ტრადიციით დაკისრებულ მოვალეობას შორის სავსებით გაცნობიერებულია ხევსურულ საზოგადოებაში როგორც თავისთავად ცხადი რეაობა. "მერე რა, რომ არ მოგწონს, - ეუბნებიან ქალს, რომელსაც არ მოსწონს მისთვის შერჩეული საქმრო, - სწორფერი ხომ არ არის, რომ მოგწონდესო? სიყვარული გინდა, აგერ შენი სწორფერი, იმას მისთხოვდიო... "რას მიუგებს ქალი ამ ირონიულ წინადადებაზე? ქალმა იცის, რომ ეს შეუძლებელია, რომ ისინი თითქოს ერთი სისხილსანი არიან, ერთმანეთის უხვედრელნი, როგორც და-ძმანი. "ცოლად ძმას გახყვ, ისიც წოლა-დგომით, სწორფერს. წეს დაარღვივ... არ დაიჭირ არც დედ-მამის ხათრი, არც ჯვარ-ჯვარის კარისაი. თავის სწორფერს ქმრად დაუწყ შახედვნაი". ხცადია, ეს სხვა რიგის უხვედრელობაა. უხვედრელობა ხომ, ჩვეულებრივ, სისხლ-ხორცით ნათესავთა შორის არის დაწესებული. მაგრამ სწორფერნი? ისინი იქნებ რომელიმე კერძო შემთხვევაში ნათესავებიც იყვნენ ერთმანეთისა, მაგრამ მათ შორის ქორწინება მხოლოდ ამ ნათესაობის გამო არ იკრძალება. მაშ, რა მიზეზით? იქნებ უფრო სწორი იქნება, თუ ვიკითხავთ არა მიზეზს, არამედ მიზანს ამ აკრძალვისა? იქნებ მიზანი მარხავდეს და ამდენადვე ამხელდეს სწორფერობის საიდუმლოს, რაც საბოლოოდ სიყვარულისა და, კიდევ მიღმა, მის სუბსტრატში - პიროვნების საიდუმლოში გვახედებდეს. გრიგოლ რობაქიძე წერს ენგადში: "ეხლა გავიგე საბოლოოდ, რომ ხევსურისათვის სქესი და სიყვარული სხვადასხვა რამაა. ჩემი თანამგვზავრი სიტყვაძვირი იყო. ვსდუმდი და ვუცდიდი: მსურდა კიდევ რამ გამეგო მისგან. ბოლოს, როგორც იყო ჩამოაწვეთა მან ორიოდე სიტყვა: "ღვთიურ არს სიყორულ. ხორციელ იგემებ - მოჰკლავ მას. იწვოდ მხოლოდ!" ჩანს მიზანი ამ აკრძალვისა სიყვარულის შენახვა ყოფილა. სწორფრობა თავისი შემზღუდველი წესებით ინახავს სიყვარულს, იფარავს მას სქესის ძალმომრეობისაგან. "იდი სხვაა, სიძვა სხვა..." ადვილი შესაძლებელია, აქ იყოს აბესალომისა და ეთერის ტრაგიკული ურთიერთობის სათავე.

როცა ხალხური თქმულება ამბობს, "აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერიო", იქნებ ეს ერთფერობა, თუ მას ხევსურული სწორფრობის ბადლად ჩავთვლით (ერთი სწორი), მათ უხვედრელობას გულისხმობდა და მათ შორის წუთისოფლის წესით ქორწინებას კრძალავდა. ეთერის სნეულება იქნებ ამ აკრძალვის გამოხატულება იყო. უნდა ვიფიქროთ, რომ სწორფრობისა და ხორციელი ქორწინების დროჟამი სხვადასხვა მდინარებას ეკუთვნიან, ისინი არ კვეთენ ერთმანეთს, მაგრა როცა კი გადაკვეთენ და ეს ხდება ხოლმე, ეს გადაკვეთა - სწორფერთა შეუღლება ტრაგიკულად მთავრდება. სწორფრობა, ქალ-ვაჟობა არ უნდა გადაიზარდოს ცოლქმრობაში, კაც-დიაცობაში, ეს ცოდვაა. მათი საზღვრები მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული. სწორფერმა იცის, ვაჟმა თუ ქალმა, რომ, ერთხელაც იქნება, და დასრულდება სწორფრობის ხანა, რომ ეს გარდაუვალია, და "ქალ-ვაჟობას" "კაც-დიაცობის" წუთისოფელი შეცვლის; რომ სოფლის წესით შეეგებებიან თავის "ბედს", თავადაც და მისი ძმობილიც. ქალის უანგარო ძმობილ-დობილური ნდომა-მოწონება იქამდე მიდის, რომ იგი საცოლესაც კი ურჩევს სწორფერს, მთელი გულით მოწადინებულია კარგი ქალი შეხვდეს, მასავით დღიანი. ქალი თავის ძმობილს სხვა ქალებთანაც, ვისაც ღირსეულად მიიჩნევს, დააწვენს სწორფრული "წოლა-დგომის" წესით. მაგრამ თუ შეიტყო, რომ ამ "წოლა-დგომისას" ერთურთის ნდომა-მოწონებამ გაიღვიძა მათ შორის, ქალი გაშორდება ძმობილს და ახლა სხვაში ცდილობს თავისი დღიანობის განსხივებას, რათა "სწორფერთაში წილუდები" არ დარჩეს. ხდება ისიც, რომ ცოლ-ქმრობაშიც ("კაც-დიაცობაში") გაჰყვება ქალ-ვაჟს ერთმანეთის სწორფრული ნდომა. მაგრამ დაქორწინების შემდეგ თუ ვაჟს საზოგადოებისაგან ჩუმი დასტური აქვს სწორფრობის გაგრძელებაზე, _ ისე, რომ ხშირად მას ცოლთან დაწოლის დროც აღარ რჩება, - ქალს, რომელსაც სწორფრობას ვერავინ დაუშლის ოჯახში, მთელს საგვარეულოში, ვერავითარი ავტორიტეტი ვერ ათქმევინებს უარს თავის სწორფერზე, გათხოვების შემდეგ ეკრძალება სწორფრული ცხოვრება, "არ შეიძლების" - ან "ქალვაჟობას" უნდა დაანებოს თავი ან ქმარი დაანებებს თავს. ბუნებრივია, ხშირია შემთხვევები, როცა ქალს არ ეთმობა სწორფერნი, თავისუფალი სწორფრული რომანტიული ცხოვრება. უნდა ვიფიქროთ, რომ საზოგადოებაში არსებობენ შობითგანვე სწორფრობის ნიშანდებულნი, რომლებიც ადვილად ვერ დათმობენ ნდომა-მოწონებაზე აგებულ ურთიერთობას. ისინი, თითქოს სწორფრობის კულტს შეწირულნი ("სწორფრობა ხთის გაჩენილ ას"), უქორწინებლად განლევენ წუთისოფელს. ამგვარ "შეწირულთა" წრიდან მოდის კიცხვა-ირონია იმათ მიმართ, ვინც წყვეტს სწორფრულ ურთიერთობებს დაქორწინების შემდეგ. "ცოლისკე დაყმედილ (დამშეული) ყოფილაო", იტყვიან მასზე. ისინი უკვე "შინით გამაუვალთა წრეში არიან ჩარიცხულნი. სწორფრობა სქესის, თუმცა არა მისი ხორციელი მხარის, საიდუმლოს გახსნაა, შესვლა ამ ურთიერთობაში, ეს ბუნებრივია, მაინც მხოლოდ სქესობრივი მომწოფების ასაკში იწყება. როგორც მაღალი წრის ახლადმოწიფული ქალიშვილი გამოჰყავთ საზოგადოებაში მეჯლისზე და ეს მისი "პირველი მეჯლისია", ასევე შეჰყავთ სწორფრობაში მოწიფული ხევსური ქალი. ეს თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ასაკში ხდება. ვინ არის ის პირი, რომელიც აწყობს ამ პირველ შეხვედრას? ეს ელჩია. "უელჩოდ კაცსთან დაწოლას ქალ როგორ გაიბედავსა?" - ამბობს ლექსი. მით უფრო, როცა პირველ დაწოლაზე, "ინიციაცურ" წოლა-დგომაზეა ლაპარაკი. ელჩი აუცილებელი პირია, რადგან ქალ-ვაჟი ერთმანეთისადმი სწორფრულ ნდომას არასოდეს გაამჟღავნებს - არც სიტყვით, არც აშკარა ცქერა-თვალთვალით, არც რაიმე საქციელით. თანშეზრდილი სწორფერნიც კი, ნანდაური ძმობილ-დობილნი, უბრად და უკმეხად არიან საზოგადოებაში, ან თუ ხმის გაცემა იქნა, მხოლოდ კილვა და ირონია, თუ შეხედვა - მხოლოდ წარბის შეკვრა და კუშტი მზერა (მაგრამ იქნებ სწორედ ეს ამხელდეს მათ ნდომა-მოწონებას). ელჩი ადამიანის ბუნების მცნობი უნდა იყოს, უნდა იცნობდეს სასწორფროდ შერჩეული ქალ-ვაჟის ხასიათს, მათ ზნეს და თვისებას, თუ რამდენად შესაფერნი იქნებიან ერთმანეთისათვის, შეიქმნებიან თუ არა ნამდვილი სწორ ფერნი ერთმანეთისა. ელჩი ფსიქოლოგია: ქალ-ვაჟის საუბარში, მკვახე მოპყრობაში საზოგადოების თვალწინ მათი გულისნადები უნდა ამოიკითხოს, რათა შეუცდომლად წარმართოს თავისი საქმიანობა მათ დასასწორფერებლად. ელჩი, ჩვეულებრივ, ყმაწვილი ქალი, თავად უდღეო და უსწორფრო, სხვისი დღიანობის გასაბრწყინებლად იღწვის. ელჩი ნამდვილი "ბებია-ქალია", დღიანობის გამღვიძებელი "ნეოფიტში", ახალ-უხალში; ელჩი მიდის ქალთან როგორც სოკრატეს დიოტიმა, საუბარს გაუმართავს სწორფრობაზე, განუმარტავს, რომ ეს წესია წუთისოფლისა, რომ "ხთისგან ას გაჩენილ" და სხვა. ქალი უარზეა, ამგრამ "ელჩი ქალს გველის ღობეში გააძვრენსო", ამბობენ. ელჩი გამოსტეხავს ყმაწვილ ქალს, თუ ვინ "მასწონს", თუ ვინ "უნდ", რომ მოუხერხოს მასთან დაწოლა. ელჩი მერე ვაჟთან წავა ქალის თანხმობის შესატყობინებლად. ამის შემდეგ ელჩს ქალი მიჰყავს იქ, სადაც ვაჟს ჩვეულებრივ სძინავს, ან ღამეს ათევს, ან სადაც თავად ვაჟი დაუთქვამს, ნიშანსაც ("ლიშან") დათქვამენ, რომ ვაჟი გაფრთხილდეს და მზად იყოს დასახვედრად. პირველ დაწოლისას, როცა ერთმანეთისთვის, როგორც სწორფერნი უცხონი არიან, წოლა-დგომის წესებს მკცრად იცავენ; მას შემდეგ კი, რაც ერთმანეთს შეეთვისებიან და ნდომას ნდომა გააცისკროვნებს, შემზღუდავი წესები ზედმეტი ხდება, არც ერთი მოძრაობა სახიფათო აღარ არის - ისინი ვეღარ გადავლენ ზღვარს: ისინი უკვე ძმობილ-დობილები არიან. წესისამებრ, ვაჟი ქალის სხეულს ყველგან ვერ შეეხება. მოსარიდებელი ადგილებია: საყელო, ფარაგი (სამკერდული), ფარაგის ღილი, როგორც სწორფრობის ერთ ლექსშია, "ძაღლივით უნამუსოსა, ქალისად ღილის მხსნელსაო", იღლიები, მკერდი, რომლის ხელის ხლება დიდ სირცხვილად და სათაკილოდ ითვლება. დაცულია ფერხთა სიშორე და მუხლთა შეუხებლობა. მკლავზე გადაწვენას, კოცნას თავისი დადგენილი წესები აქვს. საკმარისია ქალმა იგრძნოს ვაჟის გადამეტებული სილაღე და "უცხო ცეცხლი", ის დგება საწოლიდან და მიდის. ეს კი ვაჟისთვის სამარცხვინოა, თუმცა ქაილსთვის წასვლა ბუნებრივია: ქალი თავისი ნებით მიდის ვაჟთან და თავისივე ნებით სტოვებს ვაჟს. ეს წესი - ქალის სტუმრობა სწორფერთან ფარავს ვაჟის სირცხვილს, რადგან ვაჟის შერცხვენა აუტანელია: "ვაჟი არ უნდა შერცხეს ქალთან სწორფრობაში. ამიტომაც ქალი მიდის ვაჟთან და არა ვაჟი - ქალთან, როგორც ფშაურ წაწლობაში, რომელიც სრულიად განსხვავებულ საფუძველს ემყარბა (ან შეიძლება ეს წაწლობა ხევსურული სწორფრობის დამახინჯებული ფორმა იყოს). ასეთი წესი ქალს საშუალებას უტოვებს ვაჟის მხრიდან არასწორი მოპყრობა წასვლით აიცილოს, რასაც ვერ მოახერხებს ვაჟის სტუმრობის შემთხვევაში. ისიც შეიძლება მოხდეს, რომ ვაჟმა ქალი თავდაჭერილობის მიზეზით ააგდოს საწოლიდან და საბოლოოდ შეწყვიტოს მასთან წოლა-დგომა. სწორფრობაში უწესობის ჩამდენს (ეს არასოდეს არ იმალება), თუ ვაჟია, ჯვარში არისხებენ, ხოლო ქალს სწყევლიან. თუ ვაჟი უფროსია, სწორფრობაში გამოცდილი, ქალი კი - უმცროსი, ელჩის ხელით ახალმოგვრილი, ჯერ კიდევ ხამი, ვაჟი ცდის მას, აკვირდება, აბა, როგორ იქცევა მამაკაცთან, თავდაჭერილია თუ არა. ელჩიც ეკითხება მეორე დღეს თავის მოყვანილზე, როგორ იქცეოდაო, როგორი სწორფერი დადგებაო და სხვა. რა არის საგანი სწორფერთა საუბრისა? მათთვის განკუთვნილი დროჟამი ხომ საუბარში გადის? სწორფრობის დროს თუ დუმილი ჩამოვარდა, ეს ცუდი ნიშანია: მათ არ მოსწონებიათ ერთმანეთი. მათი გულები დახურული ყოფილა ერთურთისთვის და ეს შეხვედრა არასოდეს განმეორდება. საუბრის საგანი ისევ და ისევ ერთმანეთის პიროვნებებია, ანუ ის, რაც თითოეული მათგანის ერთადერთი საკუთრებაა. ეძიებენ ერთმანეთის ამ ერთადერთს, მსგავსებას ერთმანეთში და ამ მსგავსებაში დაფარულ "თავის სხვას"; ეს არის ცნობა ერთურთისა, არა ზედაპირული ნაცნობობა, არამედ ცნობა (სწორფრული ტერმინოლოგიით) ადამიანის თვისების, მისი დაფარულის და, საბოლოოდ, მისი "დღიანობის" უშუალო ცოდნა, რომლის მოპოვება მხოლოდ სწორფრობაში თუ არის შსაძლებელი. მაგრამ ურთიერთობის უმაღლეს საფეხურზე, როცა სწორფრობა და-ძმობილობის ხარისხში არის აყვანილი, მათ შორის ჩამოვარდება დუმილი, რომელსაც ვერ ცვლის ვერავითარი სიტყვა. "სხვა ადამიანის პიროვნება ყოველთვის რჩება ჩვენთვის შეუღწეველ (განუჭვრეტელ) საიდუმლოდ. სიყვარული არის ამ საიდუმლოში შეღწევის გამოცდილება (ცდა), მაგრამ საიდუმლო კიდევ უფრო იდუმალი ხდენა (ღრმად მიდის)". (Бердяев Н. Самопознание, 267).

მალინოვსკი ტრობრიანდელების "სწორფრობის" შესახებ:

"სასიყვარულო ურთიერთობა ასრულებს სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილების ფუნქციას, ხოლო ქორწინება უზრუნველყოფს წყვილთა სოციალურ აღიარებას... ტრობრიანდელები მკვეთრად განასხვავებენ სასიყვარულო ურთიერთობებს საქორწინო ურთიერთობისგან. სასიყვარულო ურთიერთობა დამყარებულია დროის თავისუფლად გატარებასა და ორმხრივ სპონტანურ ურთიერთობაზე, ქორწინება კი - ორმხრივ სავალდებულო ურთიერთკავშირზე... ანუ "მოცალეობას" მოითხოვს სასიყვარულო ურთიერთობა. საქორწინო ურთიერთობა შრომასთნ და შრომით-სოციალურ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული.

გამოყენებულია მ.ქავთარაძის ფოტოები