topmenu

 

ზ.კიკნაძე - ფშავისხევის საზოგადოებრივ - რელიგიური სტრუქტურა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა>>>

ზურაბ კიკნაძე

ფშავისხევის საზოგადოებრივ - რელიგიური სტრუქტურა

(პოლისი და საყმო)

თავის ნარკვევში "ფშავლები" ვაჟა-ფშაველა სხვათა შორის წერს: "დარბაზი წარმოადგენს იერუსალიმის წმიდა-წმიდათას, სადაც ხევისბერი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედის, როგორც მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში" [2,27]. ამ შედარებით პოეტი ცდილობს განსაზღვროს ხატის დარბაზის სიწმიდე. მართლაც, დარბაზი დღემდე არა მხოლოდ ფშავის საყმოებში, არამედ, შესაძლოა, უფრო მეტადაც ხევსურეთში, ყველაზე წმიდა ადგილია ჯვარ-ხატთა არცთუ მრავალრიცხოვან ნაგებობათა შორის. მაგრამ რამდენად დამაჯერებელია პოეტის განცხადება, რომ დარბაზში ხევისბერი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედის? რაც დღემდე დარბაზის შესახებ ვიცით, არ ადასტურებს ამ ცნობას - დარბაზში ხევისბერთან ერთად ვხედავთ ხატის სხვა მსახურებსაც, ვისაც კი მოპოვებული აქვს მასში შესვლის უფლება მოწმიდარობით, და ეს ასეა არათუ წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველ დღესასწაულზე. საყმოს ყოველი წევრი შობითგანვე (ან "ჯვარში გაყვანის" დღიდან) პოტენციურად ატარებს ამ უფლებას. მაგრამ ვაჟას ნარკვევში იერუსალიმის ხსენება არ უნდა იყოს შემთხვევითი, თუმცა მის მიერ მოყვანილი შედარება სიზუსტეს მოკლებულია. ის უნდა განვიხილოთ იმ საკვირველი დამთხვევის ფონზე, რომელიც ისრაელიანთა ტომებისა და ფშავისხევის საყმოთა რაოდენობაში მდგომარეობს. ვაჟა ამავე ნარკვევში ჩამოთვლის ფშაველთა თორმეტ თემს [2, 28], თუმცა ამ ჩამოთვლაშიც არ იჩენს ის სიზუსტეს. საქმე ის არის, რომ თავად ფშავისხევში, ასე ვთქვათ, "ბუდე-ფშავში", რეალურად და ისტორიულად თერთმეტი თემი ანუ საყმო ირიცხება, მეთორმეტე კი მის ფარგლებს გარეთ, ხევსურეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. თემთა ჩამონათვალში ვაჟა არ ახსენებს ხახაბოელებს, რომლებიც მეთორმეტე საყმოდ არიან შეხიზნულნი ლაშარის ჯვარს. არც ერთ ავტორს, ვინც კი ცდილა ფშავ-ხევსურეთის საყმოთა ზოგიერთი წეს-ჩვეულება ძველი აღთქმის რელიგიასთან დაეკავშირებინა, ყურადღება არ მიუქცევია ამ საერთო ნიშნისთვის. ფშავისხევი, ისევე როგორც ისრაელი, თორმეტშტოიანი ერთიანობაა: როგორც ისრაელის თორმეტი შტო ერთიანდება იერუსალიმის ტაძრის (უფრო სწორად, რჯულის კიდობნის) გარშემო, ასევე ფშავის ხევის თორმეტი საყმო ერთიანდება ლაშარის ჯვარში, რომლის დარბაზის სიწმიდეზე ლაპარაკობს ვაჟა თავის ნარკვევში. ლაშარის ჯვარს დაქვემდებარებულ საყმოთა რაოდენობა მიისწრაფის "თორმეტისაკენ", მათი რიცხვი უსათუოდ "თორმეტი" უნდა იყოს და, რამდენადაც საკუთრივ ფშავისხევის ფარგლებში ანუ ფშავის არაგვის ხეობაში (ფშავ-ხევსურეთის ორწყლიდან ბოთანისწყლის შესართავამდე) მხოლოდ თერთმეტი საყმოა განსახლებული, თერთმეტი კი,ათსა და თორმეტს შორის მოქცეული რიცხვი (არც ათი, არც თორმეტი), ნაკლულია, უფრო მეტიც, ის ცდომილების, ცოდვის, ხიფათის გამოხატულებაა [5,226], საკრალური აუცილებლობა მოითხოვდა თემთა რიცხვის შევსებას თორმეტამდე. მაგრამ რომელი თემია მეთორმეტე? მეთორმეტე თემი ჯერ კიდევ არ ჩანს (ან რაღაც მიზეზით გამოტოვებულია) 1789 წლის დოკუმენტში, სადაც შემდეგი რიგით (არაგვის დინების მიმართულებით) არის ჩამოთვლილი თემები: უკანა ფშავი, ახადი, წითელაურთა, ხოშარა, წიჩო, მუქუ, მათურა, გოგოლაურთა, ცაბაურთა, უძილაურთა, შუაფხო [3,69]. ს.მაკალათია მეთორმეტე თემად ფშავისხევიდან გასულ ჩარგლელებს მიიჩნევს [3,68]. მაგრამ ცნობილია, რომ ჩარგალელნი ცაბაურთის ანუ გოგოჭურთ თემს ეკუთვნიან. თავად ვაჟაც ამ თემის ყმა იყო და მის ჩამონათვალში მეთორმეტე თემად მიჩნეულია არა ჩარგალი, არამედ "ტურანი". ა.ზისერმანის ყველაზე ძველი (XIX ს-ის 40-იანი წლ.), თუმცა საეჭვო ცნობით, მეთორმეტე კაწალხევია [9,229], ალ.ოჩიაურისა [4,190] და ვ.ბარდაველიძის უფრო სანდო ინფორმაციით - ხახაბო [1,11-12]. როგორც ვხედავთ, სამი თემი აცხადებს პრეტენზიას მეთორმეტის ადგილზე. თავისთავად ეს ფაქტი მხოლოდ იმას მოწმობს, თუ რაოდენ აუცილებელია ეს "მეთორმეტე", ის გვიმხელს "თერთმეტის" უკმარობას, არასრულყოფილებას, როცა საქმე საყმოთა რიცხვს ეხება, რადგან საყმო არა მხოლოდ სოციალური, არამედ რელიგიური ერთობაა, რომელიც თავისზე უფრო დიდ ერთობაში ერთიანდება. ისრაელის თორმეტი შტო ერთი წინაპრიდან - იაკობიდან არის წარმოშობილი. აქ არის სისხლხორცელი ერთობა, თითოეული ტომი ერთმანეთისთვის "ძვალი და ხორცია", მაგრამ ეს არ არის არსებითი. უფრო მნიშვნელოვანია ის სულიერი ერთიანობა, რომელიც შეიქმნა სინაის მთის ძირას ანუ კავშირი (ებრ ბერით "აღთქმა") ღმერთთან. 12 ტომს აერთიანებს სინაი და იერუსალიმის წმიდათა წმიდა, როგორც აღთქმის კიდობნის სამყოფელი (უცხო წარმოშობის ხიზანს შეეძლო ინტეგრაცია რომელიმე ტომთან, თუკი წინადაიცვეთდა და მოსეს რჯულს აღიარებდა). ფშავისხევის თორმეტი თემი, განსხვავებით ისრაელის თორმეტი ტომისა, არ წარმოადგენს თავის გენეზისში ერთ "ძვალსა და ხორცს" (ამას არ ადასტურებენ საყმოთა წარმოშობის ანდრეზები). ის იმთავითვე რელიგიურ-საზოგადოებრივი ერთობაა. თითოეული საყმო, ანდრეზის თანახმად, შეიქმნა რელიგიურ ნიადაგზე, როგორც რელიგიური თემი, და თორმეტივე საყმო, უფრო მაღალ საფეხურზე, როგორც ლაშარის ჯვარის საყმო, შეადგენს რელიგიურ ერთობას. გადამწყვეტი ყველა საფეხურზე ჯვარია - იქნება ეს საყმოს შიდა ურთიერთობანი, თუ საყმოთა ურთიერთდამოკიდებულებანი ან თითოეულის მიმართება ლაშარის ჯვართან, რომელიც მათი რელიგიური (საკრალური) შუაგულია. რიცხვ 12-ის საკრალურობა უნივერსალურია, რასაც ადასტურებს განსხვავებულ კულტურათა წერილობითი წყაროები. ზოგადად რომ ვთქვათ, 12 არის სამყაროს წესრიგის გამოხატულება, ზეციერ (3) და მიწიერ (4) საწყისთა, სხვანაირად, ეზოთერულისა და ეგზოთერულის, ერთიანობის სიმბოლო (3+4=12) [5,226]. ეს არის მნიშვნელოვანი მიზნისა თუ ამოცანის მატარებელი ერთობის (გრაალის მაძიებელი თორმეტი რაინდი თუ მითრას თორმეტი მოწაფე) ზღვრული რიცხვი, რამაც თავისი დაგვირგვინება ქრისტეს თორმეტ მოციქულში ჰპოვა, რომლის სათავე ძველი აღთქმის ტრადიციაშია. ისრაელის ტომთა რიცხვი 12 იაკობის თორმეტმა ნაშიერმა განსაზღვრა. თორმეტი ძის ფიზიკური არსებობა საკრალურობას ხელს არ უშლის, რადგან საქმე ეხება რჩეული ერის პროვიდენციულ წარმოშობას, რომლის წინაპართა ერთ-ერთი, უკანასკნელი თაობის წარმომადგენელი იაკობი თავად იყო საკრალურ პიროვნება. აქ სიმბოლური და რეალური ერთმანეთს დაემთხვა. რა შეიძლება ითქვას ფშავისხევის შესახებ? ვისმა ნებამ გადაწყვიტა, რომ მის ტერიტორიაზე არსებულ თერთმეტ საყმოს მეთორმეტე წევრად მის ფარგლებს გარეთ არსებული თემი დამატებოდა? თუნდაც არ ყოფილიყო გაცნობიერებული ამ დროს, რაც საეჭვოა, "თორმეტის" სისრულე და საკრალურობა, ამ აქტს ვერ ჩავთვლით შემთხვევითობად, როგორც არ არის შემთხვევითი გარეჯის უდაბნოში ტრადიციულად თორმეტი მონასტრის არსებობა. "თორმეტის", როგორც დასახლების ოპტიმალური, ამდენად საკრალური რიცხვის მნიშვნელობა პირველად პლატონის ნაწერებში გვხვდება. ის წერს, რომ იდეალური სახელმწიფო და მისი მთავარი ქალაქიც თორმეტ ნაწილად უნდა იყოს დაყოფილი ("კანონები", 745b-c). პლატონი, როგორც ჩანს, ეყრდნობოდა იმ უძველეს ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ბერძნული სამყარო 12 ტომად იყო დანაწილებული და ისინი დელფოს ტაძრის გარშემო ჰპოვებდნენ თავის ერთიანობას. "მთავარი მოვალეობა ამ კავშირისა იყო, არ დაეშვა აგრესია რომელიმე ტომის მხრიდან და შეენარჩუნებინა დელფოს ტაძრის უფლებები და ღირსება" [7,50]. უფრო მეტიც. რიცხვი 12 დანაწილების შემდგომ დონეზეც უჩენს თავს: ზოგიერთი ტომი (იონიელები, აქაველები, ეოლიელები) თორმეტ-თორმეტ პოლისად იყვნენ გაერთიანებულნი. ჰეროდოტე "ისტორიის" პირველ წიგნში წერს: "მე ვფიქრობ, იონიელებმა, თორმეტი ქალაქის (პოლისის) კავშირი შექმნეს და არც უნდოდათ ამ კავშირში მეტის მიღება იმის გამო, რომ როდესაც პელოპონესში ცხოვრობდნენ, 12 ნაწილად იყოფოდნენ, ისევე როგორც ახლა 12 ნაწილად იყოფიან აქაველები, რომელთაც გააძევეს იონიელები... ესაა ახლანდელ აქაველთა 12 ნაწილი (ჩამოთვლილია თორმეტი პოლისი, ზ.კ.)... რაც ოდესღაც იონიელებისა იყო. ამიტომაა, რომ იონიელებმაც 12 პოლისი შექმნეს" (I,145-146). გასაგებია, რატომ არ ისურვეს იონიელებმა, მათ მიერ დაარსებულ თორმეტპოლისიან გაერთიანებაში შეეყვანათ მეცამეტე პოლისი. მათ არ დაარღვიეს ტრადიციას, შეინახეს ის და, სადაც არ უნდა დასახლებულიყვნენ, ყველგან თორმეტ პოლისად იცხოვრებდენ, და ასეც მოხდა. ასეთი ტრადიცია ყოფილა პელოპონესში, ამ ტრადიციას დაემორჩილნენ მათი განმდევნელი აქაველებიც. ეს თითქოს პელოპონესის მიწის ტრადიცია, მისი თვისება იყო. მათ არ შეეძლოთ გაეზარდათ ან შეემცირებინათ პოლისების რიცხვი. როგორც იყო თორმეტი პელოპონესში, ასევე უნდა დარჩენილიყო ახალ საცხოვრისში. პირველი დიდი კოლონიზაციის (ძვ.წ. XI-X სს) შედეგად მცირე აზიაში იონიელებმა შექმნეს პანიონიონის ("სრულიად იონიის") ანუ დოდეკაპოლისის (თორმეტქალაქის) სამხედრო და რელიგიური კავშირი, ანუ ამფიკტიონია. მეორე, ასევე დიდი კოლონიზაციისას ბერძნებმა VII-VI სს-ში ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში შექმნეს ასევე თორმეტი პოლისი, შეადგინეს რა მსგავსად პანიონიისა ბოსფორული სიმაქია და ამფიკტიონია [11,5]. თორმეტპოლისიანი სისტემის რელიგიური წარმოშობა ცხადი ხდება დელფოს, საბერძნეთის რელიგიური ცენტრის მაგალითზე, რომელიც აერთიანებდა თორმეტ პოლისს. ამ უძველესი ტრადიციის ძალით ბერძნული ტომები 12-12 პოლისად ერთიანდებოდნენ რელიგიური ცენტრის გარშემო. თითოეულ პოლისს ჰყავდა თავისი პოლისური ღვთაება,   ტაძარი, დღესასწაულები, თავისი გმირები; ასევე ამფიკტიონიას ჰყავდა საერთო ღვთაება, ტაძარი, დღესასწაულები, რომლებიც აღინიშნებოდა საღვთო ლხინით და საკრალური თამაშობებით. მაგალითად, სრულიად იონიელთა ამფიკტიონიის ღვთაება იყო პოსეიდონი, რომელსაც   იონიელები პელოპონესშივე სცემდნენ თაყვანს. პანიონიაში ყოველ წელიწადს იკრიბებოდნენ მცირეაზიელი იონიელები, სწირავდნენ მსხვერპლს პოსეიდონს და მსხვერპლის წილობებს ინაწილებდნენ [7,249). ვუბრუნდებით რა ფშავისხევის თემობრივ სტრუქტურას, ძნელი არ არის დავინახოთ მისი კავშირი ელინურ ამფიკტიონიურ სისტემასთან, რაც შეიძლება მხოლოდ ტიპოლოგიური იყოს, მაგრამ ამ ტიპოლოგიას თითქმის უნივერსალური ხასიათი აქვს და, ალბათ, არ შემოიფარგლება ელინური კულტურით. ცნობილია, რომ სპარსეთის იმპერია თორმეტ სატრაპიად (საგანმგებლოდ) იყო დაყოფილი. თორმეტი გვევლინება როგორც ოპტიმალური რიცხვი ტომთა, პოლისთა თუ საგანმგებლოთა კავშირისათვის. ამის შემდეგ გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ შეივსო ლაშარის "ამფიკტიონიის" 11 საყმო სხვა ტერიტორიაზე მოსახლე მეთორმეტე წევრით. ამასთან კავშირში უნდა მოვიხმოთ კვლავ ჰეროდოტეს "ისტორიის" პირველი წიგნი, სადაც იგი ჩამოთვლის თერთმეტ ეოლიურ კავშირს და დასძენს, რომ მეთორმეტე პოლისი, სახელდობრ, სმირნა, ეოლიურ ამფიკტიონს იონიელებმა წაართვეს. აზიაში თავდაპირველად ეოლიელებსაც, იონიელთა მსგავსად, თორმეტი პოლისი ჰქონდათო (I,149). ეოლიური ამფიკტიონია კარგავს სისრულეს, ერღვევა ტრადიცია. ლაშარის ჯვარი სრულყოფს ნაკლულს, რადგან რიცხვი 11 ნაკლულია, მთლიანის დარღვევაა და უნდა შეივსოს. და ლაშარის ჯვარიც აღიდგენს წესრიგს, რომლის გამოხატულებაა სრული რიცხვი, ეოლიელები კი მისი დაკარგვით საფრთხის წინაშე დგებიან. თორმეტის რღვევის საფრთხე შეექმნა ისრაელსაც, როცა არნახული დანაშაულისთვის თერთმეტმა ტომმა განიზრახა მეთორმეტე უმრწემესი ტომის -ბენიამინის განადგურება, მაგრამ სწორედ მთლიანობის, თორმეტტომოვანი წყობის შესანარჩუნებლად დაინდეს იგი და აპატიეს დანაშაული (იხ.მსაჯულთა წ.). არისტოტელეს ნათქვამი, რომ პოლისის სიდიდეს აქვს თავისი განსაზღვრული ზომა (ზღვრული ზომა), რომლის დაკარგვით (შემცირება-გაზრდით) ის კარგავს თავის ბუნებრივ სასიკეთო თვისებებს ("პოლიტიკა", 1326ა), შეიძლება მივუყენოთ ამფიკტიონიებად გაერთიანებული პოლისების კლასიკურ რიცხვს (თუმცა არისტოტელეს პოლისთა კავშირი არა აქვს მხედველობაში - იგი რიცხვ "თორმეტსაც" არ ახსენებს). არისტოტელე განიხილავს პოლისს, როგორც მთლიანობას, როგორც თვითკმარ ერთეულს. როგორია იდეალური (რაკი ბერძნული აზრი ყოველთვის იდეალურს ეძებს: პლატონის შეხედულებით ყოველი არსებული პოლისი პოლისის ტრანსცენდენტური იდეის ანარეკლია) პოლისი? იმისათვის, რომ პოლისი იდეალური სამართავი იყოს, მისი მკვიდრნი პირადად უნდა იცნობდნენ ერთმანეთს, რათა ყველამ იცოდეს, ვინ რა უნარით და სიქველით არის დაჯილდოებული, აქედან გამომდინარე, მისი სივრცის თვალსაწიერი "ადვილად მოსახილველი" უნდა იყოს, მოსახლეობასაც იმ რაოდენობით უნდა შეიცავდეს, რამდენიც აუცილებელია მისი თვითკმარი არსებობისათვის ("პოლიტეია", 1326ბ). კიდევ ერთი ფუნდამენტური პირობა პოლისის არსებობისთვის: პოლისის წევრი - polith - თავისუფალი უნდა იყოს. არისტოტელე პირდაპირ წერს: "პოლისი თავისუფალთა საზოგადოებაა" ("პოლიტიკა", 1279ა). მთავარი განსხვავება ბერძენისა ბარბაროსისგან სწორედ ეს არის: ბერძენს არ შეუძლია არ იყოს თავისუფალი. ქრესტომათიული განმარტება ბერძნული პოლისისა, რომ ის არის ტერიტორიულად და დემოგრაფიულად შემოსაზღვრული დასახლება, თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება, რომელიც წარმოიშვა მოქალაქეთა მატერიალური და სულიერი ცხოვრებისათვის საუკეთესო პირობების შექმნის მიზნით, სავსებით მიესადაგება ფშავ-ხევსურეთის საყმოებს, რომლებიც თავიანთ ფარგლებში ცალკეულ სოფლებს აერთიანებენ. არისტოტელე წერს, რომ პოლისი რამდენიმე დაბისა თუ სოფლის გაერთიანები შედეგად არის წარმოქმნილი ("პოლიტეია" 1252ბ). მაგრამ პოლისიც და საყმოც ამაზე მეტია. ისინი არა მხოლოდ საზოგადოებრივ-პოლიტიკური, არამედ რელიგიური ერთობებია, რომელთაც წარსულში მათი დამაარსებლის და აწმყოში მფარველი ღვთაების გარშემო არიან შემოკრებილნი. ტერიტორია (რელიეფი, ლანდშაფტი), სადაც პოლისი და საყმოა განსახლებული, ზეციერი პატრონი, რომელმაც საფუძველი დაუდო მათ ერთიანობას, გმირები, რომელთა ღვაწლი მათ ხსოვნაშია აღბეჭდილი, და კიდევ ბევრი სხვა ნიშანი თუ ფაქტორი ქმნის მათ განუმეორებელ ინდივიდუალობას, შეიძლება ითქვას, პიროვნულ სახეს, რისი არქეტიპიც პოლისებში რომელიმე ბერძნული ღვთაებაა, საყმოებში - ქრისტიანული წმიდანი თუ მთავარანგელოზი. როგორც პოლისის სული არის პოლიტეია - პოლისური წყობა, პოლისური ცხოვრების წესი და რიგი, მოქალაქობა [10,203], ასევე საყმოს სული არის მისი რჯული, რომელიც ანდრეზებშია დაუნჯებული. საყმოში გაერთიანებული ყმა, რომელიც მისდევს რჯულს და მორჩილებს მხოლოდ თავის უზენაეს პატრონს, თავისუფალია, თუმცა მას ყმა ეწოდება, მაგრამ ეს ყმა საყმოში სარგებლობს გაცილებით მეტი თავისუფლებით, ვიდრე ამის წარმოდგენა შეუძლია სხვა ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოების წარმომადგენელს. პატრონისადმი ყმობა, ჯვარ-ხატის სამსახური, საყმოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში  თუ მართვა-გამგეობაში მონაწილეობა მისი თავისუფლების გამოხატულებაა. და ეს ყმობა სიამაყით ავსებს მას, როგორც polith-ს ("პოლისელს") თავისი პოლისის წევრობა. უპოლისო კაცი, არისტოტელეს თქმით, ან ადამიანზე აღმატებულია, ან ზნეობრივად განუვითარებელი ("პოლიტიკა", 1253ა). საკუთარი პოლისის დამკარგველი ადამიანის ბედი სავალალოა: ის განწირულია სახეტიალოდ თავის მშობლებთან თუ ცოლშვილთან ერთად უცხო, ხშირად მტრულ ხალხში, განიცდის შეურაცხყოფას და დამცირებას [8,161]. ხოლო რაც შეეხება საყმოდან მოკვეთილ ადამიანს, ვიცით, თუ რაოდენ სავალალოა და ტრაგიკული მისი ბედი. მას დაკარგული აქვს თავისუფლება, რომლის ხელახლა მოსაპოვებლად თითქმის თავიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება. მხოლოდ თავისუფალ ადამიანთა ერთობას - პოლისს, საყმოს შესწევს ძალა გაერთიანდეს თავისუფალ კავშირში სხვა პოლის-საყმოებთან: ელინური ტომები დელფოს გარშემო, პოლისები - ამფიკტიონებად საერთო საწმიდარის გარშემო, ფშავისხევის საყმოები - ლაშარის ჯვრის ირგვლივ, რომელიც მათი რელიგიურ-სივრცული შუაგულია. და სიმყარის, მდგრადობის, იდეალური წონასწორობის გარანტიად ორივეგან რიცხვი "თორმეტია" - კოსმიური წესრიგის უნივერსალური რიცხვი.

დამოწმებული ლიტერატურა:

1. ბარდაველიძე ვ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები ტომი I, ფშავი, "მეცნიერება", 1974.

2. ვაჟა-ფშაველა. თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, IX, 1964.

3. მაკალათია ს. ფშავი, ტფილისი 1934.

4. ოჩიაური ალ. ქართული ხალხური დღესასწაულები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., "მეცნიერება", 1991.

5 Wooper J.W. Lexiqon alter Symbole,  VEB  E.A. Seemann  Verlag, Leipzig, 1986.

6. Fustel de Coulanges. La cite antique, Paris, 1908.

7. Smith W. A History of Greece, London, 1854.

8. AnTihnay Rreciy, Tom 1, STanovlenie i razviTie polisa, @Nauqa@, M., 1983.

9. Jiserman A.L. DvadcaT; leT na kavqaze, HasT; pervay, 1842-1851, S.-PeTerburg, 1879.

10. koCelenqo R.A. RrehesqiZ polis na \llinisTihesqom VosToqe, @Nauqa@, 1979.

11. Pihiqyn I.R. Malay Aziy - Severnoe Prihernomor;e, @Nauqa@, 1984.