<უკან დაბრუნება
ზურაბ კიკნაძე
არწივი და სამი სკნელი
(მადლობას ვუხდით ავტორს მოწოდებული მასალებისათვის)
"Полёт орла, как ход рассказа…"
ბორის პასტერნაკი
ერთ ძველშუმერულ ცილინდრულ საბეჭდავზე, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის XXIII ს.-ით არის დათარიღებული1, ამგარი სცენაა გამოსახული: ეს-ესაა წვეროსანმა მწყემსმა ფარეხიდან გამორეკა ორი ვერძი და მათი წინამძღოლი ბოტი (ე.ი. მთელი ფარა საბეჭდავების პირობითი ენით), რომ მის ფართოდ გახელილ თვალებს საკვირველი სანახაობა მოევლინა - არწივის ფრთებზე ამხედრებული კაცი ვინმე მიფრინავს ცაში მზესა და მთვარეს შორის; არწივს კისერი მაღლა აუწვდია და ცას შეჰყივის; ასე ყივის მზის ამოსვლისას მისი მონათესავე მითიური ფრთოსანი ანზუდი (ამ ყივილს, როგორც ქვემოთ დავინახავთ, სხვა მნიშვნელობაც აქვს).
როგორც ჩანს, კაცი და ფრთოსანი მზის ამოსვლისას გაფრინდნენ ცაში, სწორედ ამ დროს გამოჰყავს მწყემსს ფარეხიდან ჯოგი. ჯოგი ცადაფრენილი კაცისაა, რადგან, ეჭვს გარეშეა, რომ იგი ეტანაა, რომლის შესახებაც შუმერულ მეფეთა სიაში ნათქვამია: "ეტანა - მწყემსი, რომელიც ცად ავიდა, რომელმაც ქვეყანანი მოიარა2, მეფე იყო, 1560 წელს იქმოდა (მეფობას)" და შემდეგ: "ბალახი - ეტანის ძე, 400 წელს იქმოდა (მეფობას)"3. საგულისხმოა, რომ ეს ცადამავალი მეფე იგულისხმება აგრეთვე ხთონურ ღვთაებათა წრეში. ერთგან გარეული ჯოგების მფარველ სუმუკანთან ერთად4, რადგან თავადაც ჯოგების მეუფეა (šar bûli), როგორც იწოდება იგი "ეტანას მითში"5. მეორეგან მას გილგამეშთან და ქვესკნელის მეკარესთან ერთად ვხედავთ, ვითარცა ქვესკნელად ჩამავალთა მეოხეს6. როგორც ვხედავთ, ეს კაცი, ეტანას სახელით წოდებული, ორმაგ ბუნებას ავლენს: ერთი მხრივ, მას, არწივზე ამხედრებულს, ცის სფეროები მოუვლია; მეორე მხრივ, იგი ქვესკნელური არსებაა. ციდან ქვესკნელამდე ძევს მისი კაცობრივი ცხოვრება, ტანჯვითა და სურვილებით სავსე, თუმცა მეფეა და ურიცხვი ჯოგის პატრონი. თუმცა ეტანა - ქალაქ ქიშის პირველი დინასტიის შუმერული მეფე - ასეთი მნიშვნელოვანი თავგადასავლის მქოენა, მის შესახებ შუმერულ ენაზე არაფერია შემონახული, გარდა მეფეთა სიაში ნახსენები მწირი ცნობისა. - პატრიალქალური მწყემსი არგანით ხელში, ჯიშიანი და პოხილი ცხოვარი, თავები რომ ზეაღუპრიათ და მიშტერებიან თავიანთი მეუფის ცადაფრენას, მყივარი არწივი და მის ზურგზე დანდობილად შემომჯდარი კაცი, მათ ქვემოთ მიწაზე ხელაპყრობილი, დაჩოქილი ქალი ვინმე და ორი უზარმაზარი ძაღლი მათი შემყურე, მწყემსური ყოფისათვის აუცილებელი საგნები (სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქოცოები და ლაგვინები), სამ რიგად განლაგებული ცხრა რკალი (ნაყოფის სიმბოლო შუმერულ საბეჭდავებზე), რომელთაგან ერთი უკვე მოუწყვეტია ეტანას და ძირს ეშვება (საბეჭდავზე ერთდროულად გამოხატულია ორი თანამიმდევარი მომენტი) - იმ ძზველ საბეჭდავზე გამოსახული ერთადერთი ეს სცენაა შემორჩენილი შუმერული ეპოქიდან; იგი გარკვეული წარმოდგენებით არის შთაგონებული და, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას შუმერულ ენაზე სიტყვიერი ტექსტიც შეესაბამებოდა. მაგრამ ეტანასა და არწივის ამბავს და მათ ცადაფრენას მოგვითხრობს ასურულ ენაზე მოგვიანებით ჩაწერილი თხზულება, რომელმაც ჩვენამდე რამდენიმე ვარიანტით მოაღწია7. მიეწერება იგი ვინმე ლუ-ნანნას და "ეშგარ ეტანას" სახელწოდებით იხსენიება აშურბანიპალის ბიბილოთეკის კატალოგში8. ეს თხზულება სამი, ერთმანეთისაგან ჟანრობრივად განსხვავებული ნაკვეთისაგან შედგება. პირობითად მათ შეიძლება ეწოდოს: მითი, არაკი და ლეგენდა. სწორედ ამ უკანასკნელ ნაწილში არის მოთხრობილი ის ამბავი, რომლის ილუსტრაციას ზემოხსენებული ცილინდრული საბეჭდავი წარმოადგენს და რომლის შედეგიც ნახსენებია ქიშის პირველი დინასტიის მეფეთა სიაში მწყემს ეტანასთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ აქადურ ენაზე შემორჩენილი ლეგენდა შუმერულიდან უნდა მომდინარეობდეს; ეს უნდა ყოფილიყო დინასტიური ამბავი, რომლის მთავარ მოტივს უმემკვიდრეო მეფის მიერ შობის ბალახის ძებნა წარმოადგენდა. მეფისადმი მოწყალედ განწყობილმა შამაშმა9ორმოში ჩაგდებულ არწივთან გაგზავნა იგი, რათა არწივს ანუს ცამდე აეყვანა და შობის ბალახი ეპოვნინებინა.
ხოლო არწივის ორმოში ჩაგდების ამბავი არაკის თემაა, რომელსაც დამოუკიდებელი წარმოშობა აქვს და მრავალი ხალხის ფოლკლორში მოეძებნება პარალელი. ამგვარად, სამი დამოუკიდებელი ნაკვეთი ექსოვება ერთმანეთს "ეშგარ ეტანაში"; თითოეული მათგანი გარკვეულ მითოსურ რემინისცენციებს შეიცავს, რომელნიც მეტ-ნაკლებ როლს ასრულებს მთლიანი ნაკვეთის ("ეშგარ") იდეურ ჩანაფიქრში. "ეშგარ ეტანა" ძალიან შორიდან იწყება, შეიძლება ითქვას, აბ ოვო, ქვეყნიერების გაჩენიდან; ეს არის ე.წ. პროლოგი ცაში: აქ მოთხრობილია ამბავი მიწისა და მის ბინადართა ბედისწერის დასაზღვრისა, ვიდრე "დანისლულ" ხალხს ციდან მეფობა მოევლინებოდა. მაშინ არ იყო არც მეფე, არც გვირგვინი - ყველა ეს რეგალია ცაში ეწყო ანუს წინაშე; ამის გამო კაცნი მოკლებულნი იყვნენ ღვთაებრივ რჩევას, მეფის პირიდან ამომავალს; შემდეგ, როგორც იქნა, დაეშვა ზეციდან დიდხანს ნანატრი ხელმწიფება - nam-lugal, ერთ-ერთი იმ ფუნდამენტურ არსთაგანი (me-ს სახელწოდებით რომ არის ცნობილი "სოციოლოგიაში"), რომელნიც საფუძვლად უდევს მთელს კაცობრივ ცივილიზაციას და ღვთაებრივი წარმოშობისაა. რა კავშირი აქვს ამ ხასიათის პროლოგს "ეშგარ ეტანასთან"? ამგვარივე პროლოგი უძღვის წინ გაბაასების ჟანრის ნაწარმოებს სათაურით "თამარისკი და დანაკის კუდი": "დიდი ხნის წინათ... ქვეყნიერების ღმერთებმა ანუმ, ენლილმა და ეამ ბჭობა მოიწვიეს; მათ შორის იჯდა შამაში, მათ შორის იჯდა ღმერთთა ქალბატონიც. ადრე ხელმწიფება არ იყო ქვეყნად და მეუფება კაცთა ზედა ღმერთებს ეპყრათ... "მეფობა ციდან ჩამოვიდა და მოკვდავ კაცს დაეკისრა მისი აღსრულება"10. რა აქვს საერთო ამ პროლოგს თამარისკისა და დანაკის კუდის გაბაასებასთან? იმ ლოგიკით, რასაც დღეს ჩვენ ვუყენებთ მხატვრულ ნაწარმოებს, ასეთი დასაწყისი სრულიად ზედმეტია. ერთადერთი გამართლება თითქოს ისაა, რომ ამ პირველმეფემ თავის ბაღში დარგო ეს ორი ხე (უნდა ვიგულისხმოთ: პირველი ხეები), რომელნიც შემდგომში ერთმანეთს პირველობაში შეეცილებიან. ასევე ab ovo იწყება ერთი შუმერული სიმღერა, რომელიც ცნობილია სათაურით "გილგამეში და ტირიფი"11: "...ოდეს ზესკნელი ხმელეთს განეშორა, ხმელეთი ზესკნელს განეწვალა, ოდეს კაცთა მოდგმის თესლი დაკმვიდრდა, ოდეს ანმა ზესკნელი მიიკუთვნა, ენლილმა ხმელეთი მიიკუთვნა, ერეშქიგალმა "ქური" ძღვნად მიიღო...". ბუნდოვანი პასაჟის შემდეგ ნათქვამია: "მას ჟამსა ხე ერთი, ტირიფი ერთი, ხე ერთი, / წმინდა ბურანუნას12 პირას დარგულიყო, /ბურანუნას წყალი არწყულებდა..." ამგვარად, როგორც ვხედავთ, ამ პროლოგებს ერთი რამ აქვთ საერთო: სამივე გვამცნობს, რომ ქაოსის განწვალებისა და კაცობრივი ცხოვრების (მიკროკოსმოსის) მოწყობის შემდეგ გამოჩნდება ხე; ერთგან ეს ხე ორი სახითაა გამოვლენილი (თამარსკი და დანაკის კუდი) და, როგორც ჩანს, მოწყვეტილის მითოსურ ფესვებს, ან ძალზე შორეული კავშირი აქვს მათთან. შემდეგი პასაჟი გვამცნობს ამ ხის არაჩვეულებრივ ბუნებას. შუმერულ თქმულებაში ნათქვამია: "მის ფესვებში მოუნუსხველმა გველმა ბუდე მოიწყო, მის ტროებში ფრთოსანმა ანზუდმა ბარტყები დაისხა". ხოლო "ეშგარ ეტანას" არაკში ვკითხულობთ: "ხის მწვერვალზე იბარტყა არწივმა, /ცარბათის-ხის ძირას გველმა წიწილები გამოჩეკა". აქ ვხედავთ ერთიანი სამყაროს უძველეს და უმარტივეს დანაწილებას ორ პარალელურ მხარედ, როგორც ეს ნაგულისხმევია შესაქმის აქადურ მითში: "ოდეს ზემოთ ზეცა არ იყო ხმობილი, /ქვემოთ ხმელეთს სახელი არ ერქვა", ამავე მითში ნახსენებია წყვილი ღვთაება "ქი-შარ" (ქვემო ყოვლადობა) და "ან-შარ" (ზემო ყოვლადობა). ხსენებულ ხეში ასახულია ეს დიხოტომია სამყაროსი: გველი ხთონური არსებაა და მისი ადგილი ფესვებშია (რომელთაც სხეულებრივადაც შეჰგავს), არწივი ცის ბინადარია, ბუდე ხის კენწეროზე აქვს. ამრიგად, ხე ცოცხალი სიმბოლოა ორი სამყაროს შემაერთებელი წარმოსახვითი ღერძისა. ხოლო ეს ღერძი ცნობილია შუმერულ კოსმოგონიაში და მისი სახელია დიმ-გალ "დიდი ღერძი". ერთ შუმერულ შელოცვაში ვკითხულობთ: "კვერთხი, ცის ღერძი; კვერთხი - ღერძი ციური სახლისა; ფესვი მისი - წყვდიადი, მწვერვალი მისი - ზეციური ტაბლა"13. ამ ღერძის მეორე განსახებაა კოსმოსური მთა, რომლის სიმაღლე იზომება არა მთის ძირიდან, არამედ ქვესკნელიდან, სადაც გადგმული აქვს ფესვები. "ზემოთ მთის მწვერვალი ზეცას ებჯინება, ხოლო ქვემოთ მისი საფუძველი ქვესკნელამდე აღწევს"14. ეს მითოსური შინაარსით სავსე სიტყვები ახსენდება სარგონ მეორეს ურარტუს ქვეყნის მაღალი მთების ხილვისას. ეს სიტყვები მითოლოგემაა და ყოველ შესაფერ კონტექსტში იხსენება (ასეა დახასიათებული გილგამეშის ეპოსის მაშუს მთები, რომელთა შორის მზის ღმერთი გაივლის ხოლმე დილა-საღამოს). ამგვარი მთის გამოსახულებას გარკვეულად ვხედავთ ნარამსინის ცნობილ სტელაზე: გაღვთაებრივებული მეფე, რქიანი გვირგვინით თავდარქმული (მთვარის ღმერთის, სინის ნიშანი) ძლევამოსილად მიემართება მთის ფერდობზე.
მთა კონუსისებური სვეტის სახით არის წარმოდგენილი, რომლის წვეროკინს ვარსკვლავის გამოსახულება ადგას. ამით ნათქვამია, რომ "ზემოთ მთის მწვერვალი ზეცას ებჯინება". მესამე განსახება ხსენებული ძერძისა არის ტაძარი ქებაში: "მწვერვალი მისი - ღრუბელთა მიმწვდომი, / ფუძე მისი _ ქვესკნელს ჩაზიდული"15. ხოლო ტაძრის ამშენებელი იტყვის: "მაღლა თხემი მისი ცათამდე ავამაღლე, ქვემოთ ქვესკნელში დავამყარე მისი საძირკველი"16 ძველი შუამდინარეთის საკრალური ყოფისათვის სპეციფიკური ნაგებობა - საფეხუროვანი ზიქურათი ამ მითოლოგემის რეალური გამოხატულებაა; ეს გარკვევით ჩანს მის ეპითეტში: ხურსან-ქალამა "მთა ქვეყნისა", რომლის წარმოსახვითი წვერი ცას ებჯინება. "მწვერვალს მისას ცა გვირგვინად ადგას" ნათქვამია ზიქურათის გამო ლაგაშის ერთ-ერთ წარწერაში17. ამგვარადვეა დახასიათებული გოდოლი, რომელიც სენაარში (იგივე შუმერი) დამკვიდრებულ ხალხს უნდა აეშენებინა და რომელიც "ბაბილონის გოდოლის" სახელწოდებით არის ცნობილი ("ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, ცამდე აღმართული თხემით" წ.შესაქმ. 11,4). ამ მითოლოგემას უნდა დავუკავშიროთ არქაულ შუმერულ საბეჭდავებზე გამოსახული ტაძარი და მის თავზე მოჭიდებული ან დაფრენილი არწივი (ან ანზუდი), იმის დასტურად, რომ ტაძრის თხემი პოტენციურად ცისკენ მიისწრაფვის. ტაძარი ცისა და მიწის კავშირია და სწორედ ეს იდეაა გამოხატული ზიქურათების მეორე სახელში dur-an-ki, აქადურად rikis šame u erçetim ("კავშირი ცისა და მიწისა"). დავუბრუნდეთ ისევ ხეს. ლოკალურად გამოვლენილი კოსმიური ხის ხატი სხვადასხვა სახელით არის ცნობილი შუმერულ-აქადურ მითოლოგიაში. ზემოხსენებულ შუმერულ მიტში მას ეწოდება ხალუბ, რომელსაც მხოლოდ პირობითად ვარქმევთ "ტირიფს" ან "ალვისხეს". მასზე ნათქვამია, რომ იგი "წმინდა ბურანუნას პირას დარგულიყო, / ბურანუნას წყალი არწყულებდა", ისევე როგორც პირველ ფსალმუნში: "იყოს იგი ვითარცა ხე, დანერგილი თანაწარსადინელსა წყალთასა" (1,3)18. ამავე დროს ბურანუნა (ევფრატი) ბიბლიური სამოთხის ერთ-ერთი მდინარეა ოთხთაგან. ასეთივე ხე mes(um), რომლის შესახებ ერთადერთი კონტექსტი იძლევა ცნობას "რომლის ფესვი (სიტყვასიტყვით "საფუძველი") ვრცელ ოკეანეში ასი ბერუს მანძილზეა გადგმული, რომლის მწვერვალი ზენადში ანუს ცას ებჯინება"19. ერთ შუმერულ ეპოსში ფიგურირებს ჩვენთვის საგულისხმო სახელის მქონე ხე - "არწივის ხე ენქისეული" (შუმ.giš-hurin-enki-ke), რომელიც ინანას მთის მწვერვალზე იზრდება20. ეს იმას ნიშნავს, რომ კოსმიური ღერძის სიმბოლო აქ ორი განსახებით არის წარმოდგენილი - მთითა და ხით: მთიდან ამოზრდილი ხე მთის გაგრძელებაა ცის მიმართულებით. მისი ჩრდილი მთელს ლოკალს ეფინება, ხოლო ფესვები გველივით არის ჩაკლაკნილი მიწაში21. ამ ხეზე დაუდევს ბუდე და მართვენი გამოუჩეკია ანზუდს. ხის ძირში გველი არ ჩანს, მაგრამ მისი არსებობა შედარებაშია ("გველივით ფესვები") ნაგულისხმევი. გველი და ფესვი ერთმანეთის ეკვივალენტებია და ერთნაირ ფუნქციას ასრულებენ მითო - რელიგიურ წარმოდგენებში. იმ შორეული შუმერული ხანიდან შედარებით ახალ დროს (რომელიც შორეულს ინახავს) რომ დავუბრუნდეთ, ანალოგიურ მოვლენას შევხვდებით: გუდანის ჯვარის (ანუ ხატის) გარკვეულ ადგილზე დამკვიდრებასთან დაკავშირებით ასეთი თქმულებაა შემონახული ხევსურეთში: (მომაქვს ჩვენთვის ამჟამად საინტერესო კონტექსტი): "დილით ყუდროში იმის შინ იფნ ამასულ კერაში. მაუჭრავ იმის ზედამრჩო ვინაც იყვ. მეორე დღეს კიდე მაუხელავ, კიდე მაუჭრავ. მესამე დილას ვეღარ მისდგომიან, _ გველ იყვავ ზე ამახვეულვ"22. ამ იფნის წვეროკინი უსათუოდ ცას უნდა სწვდებოდეს, რაკი ფესვები ქვესკნელში აქვს გადგმული. ამ ხის გამოჩენა მოასწავებს ტაძარს, სადაც ღვთისმშობელი უნდა დამკვიდრდეს, რაკი ამგვარი ხე და ტაძარი ერთი სიმბოლოს განსახებანია. საგულისხმოა მითოსური შინაარსის მქონე ერთი ლექსი: "ბერი გიორგი მეც ვიყავ, / ცას ვები ოქროს შიბითა, / გორაზე მედგა ბერმუხა, / ზედ ავდიოდი კიბითა"23. ლაშარის ჯვრის ამ სიტყვებში მსოფლიო ღერძის ოთხი განსახებაა წარმოდგენილი - მთა, მასზე ამოსული მუხა, შიბი (ჯაჭვი) და კიბე. აქ უნდა გავიხსენოთ იაკობის მიერ სიზმრად ნანახი კიბე, ცაზე მიდგმული, რითაც ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ ღვთის ანგელოსნი ანუ ღვთისშვილნი, ხევსურთა საკრალური ენით რომ ვთქვათ. ამ სიზმრით აღძრულმა იაკობმა მეორე დილით, უკვე ღვიძილში, უხილავი კიბის ადგილზე ხილული სვეტი (maçebah) აღმართა, - კოსმიური ღერძის მიწიერი სიმბოლო, პირველტაძარი (დაბ. 28, 12-18). ამ მითოლოგემის ვარიანტები უმნიშვნელო ეპიზოდად არის გაფნტული ქართულ ზღაპრებში, სადაც ისინი მითოსის დამსხვრევის შემდეგ მოხვდნენ. ჩვენი მოთხრობის ინტერესისთვის რამდენიმე მათგანს ამოვარჩევთ: გლეხმა გველის ტყავი იპოვნა, ეზოში დააგდო, ხოლო დილით დაინახა, რომ მასზე უზამრმაზარი ალვის ხე ამოსულიყო ("ცაში აქვს წვერი")24. სხვა ზღაპარში ხის ფესვად გველის კუდია მიჩნეული (ხე ოქროებს ისხამს და ოჯახში საიდუმლოდ უნდა ინახებოდეს მისი ამბავი)25. ამავე ზღაპარში ფიგურირებს მეორე სასწაულებრივი ხე: "წვიდა, იარა, იარა და შეხვდა ერთი დიდი ხე, იმხელა იყო, რომ თვალს ვერ აწვდენდა. ირემზე იყო ის დიდი ალვის ხე ამოსული, იმ ალვის ხეზე კიბე იყო, იმ კიბით მზის დედასთან უნდა მისულიყო"26. სხვაგან: "თევზის ფხაზე ისეთი ალვის ხე ამოვიდა, რომ წვერი ცაში ჰქონდა მიბჯენილი"27. ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ ხე მეს(უმ) "ერას ეპოსიდან" (იხ.ზემოთ), ხე, რომლის ფესვები ოკეანეშია გადგმული; უმნიშვნელო ფხა თევზისა ამასვე გულისხმობს. სკანდინავური მითოლოგიის იგდრასილი (იფნი)28, ხევსურული ანდრეზების იფანი, ქართული ზღაპრების ალვის ხე, შუმერული ხალუბ, აქადური çarbatum - ერთი და იმავე სემანტიკის მქონე სიმბოლოებია. ამგავრი ხე ქვეყნიერების ღერძია, რომელიც ერთმანეთისადმი ჰორიზონტალურად განლაგებულ სკნელებს გადაკვეთს: ქვესკნელს, შუასკნელს (კაცთა სამყოფელს) და ზესკნელს. მივუბრუნდეთ "ეშგარ ეტანას" თხრობის დინებას. ჩვენ უკვე განვიხილეთ მისი პირველი ნაკვეთი - პროლოგი ცაში, რომლიც აუცილებელი წინამღძვარია იმ ლანდშაფტისა, რასაც არაკის დასწყისში ვხედავთ. პროლოგში კოსმოსური ხე დაიბადა და ამრიგად ეს ლანდშაფტი მითოსური ბუნებისაა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ამ გზით ხორცილდება კავშირი "ეშგარ ეტანას" ერთიანი თხრობის ორ ნაკვეთს შორის, რომელნიც სხვადასხვა ჟანრს განეკუთვნებიან და განსხვავებული წყაროებიდან მომდინარეობენ. აქ ჩანს ინდივიდუალური შემოქმედის ხელი. ქვემოთ დავინახავთ, რომ კოსმიური ღერძის იდეა კიდევ რამდენიმე არანაკლებ მნიშვნელობვანი სიმბოლოს სახით ვლინდება "ეშგარ ეტანას" თხრობაში. არაკი გვამცნობს, რომ ხის ფესვებში გველმა დაიბუდა, ხოლო რტოებში - არწივმა. რაკი ჩვენთვის ცნობილია ამ ხის (ცარბათ29) ბუნება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მითოსურ პლანში ამ ორ არსებას შორის კავშირი მიღწეულია (მას "დიდი ღერძის", ორი პოლარული წერტილი აქვთ დაკავებული). მაგრამ არაკისთვის საჭირო გახდა მათ შორის მეორადი კავშირის შეკვრა, რადგან ხსენებული მითოლოგებმა ამ ამბავში მხოლოდ ექოდ გაისმის, თუმცა აუცლებლობით იწვევს მეორად კავშირს - ფიცს. ფიციც ერთგვარი შემაერთი ღერძია (ანუ შიბი, ხევსურუილ მითოლოგიით), რომლის მნიშვნელობა განსაკუთრებით მაშინ ცხადდება, როცა იგი ცისა, ხმელისა და ქვესკნელის სახელით იდება: "გილგამეშმა ზეცა დაიფიცა,ხმელი დაიფიცა, ქვესკნელი დაიფიცა"30. ამგარი ფიცი კოსმოსურ ხესავით გამსჭვალავს სამივე სკნელს, ამაშია მისი ძალა31. თუმცა გველი და არწივი სხვაგვარად შეჰფიცავენ ერთმანეთს: მაღალ მთაზე ადიან ისინი. როგორც მთა, ბერმუხა, კიბე, შიბი - ეს ერთმანეთის ტავტოლოგიური საგნები აძლიერებენ ეფექტს მიწისა და ცის კავშირისას, ასევე მაღალი მთა, საფიცარი ადგილი აადვილებს ფიცის მიღწევას შამაშის გულისყურამდე. ამ მაღალი მთიდან ახლოს არისვარკსვლავიანი ზეცა და ზეცაშივეა ზნეობრივი იმპერატივის წყარო. იგი შამაშშია განსახიერებული. შამაშის ფიცი იურიდიულ ხასიათს ატარებს ("დაე, მეგობრის მოღალატე შამაშმა მკვლელად ჩათვალოს"), თუმცა მეგობრობა ზნეობრივი ფაქტია. შამაშის ფიცი საზეიმოდ წარმოითქმოდა პოლიტიკური შეთანხმების დროსაც, როცა საქმე ეხებოდა ორი ქალაქის დამეგობრებას თუ ზავს, როგორც ლაგაშ-ქალაქის ერთ უძველეს დოკუმენტში სწერია: "მე,_ ეანათუმმა უთუს (ე.ი. შამაშის) დიდი ბადე, ბრწყინვალე მეუფისა, უმაელებს ვესროლე და შევფიცე; უმაელებმაც უთუს სახელით, ბრწყინვალე მეუფისა, მე - ენანათუმს შემომფიცეს"32. ჩვენს არაკშიც ფიგურირებს ამ დოკუმენტში ნახსენები "დიდი ბადის" (შუმ.šuš-gal) აქადური შესატყვისი gišpar. იგია შამაშის ყოვლისმომცველობის გაომხატველი, მისი სხივებისგან მოქსოვილი სათხეველი და ეწოდება მას "შამაშის ფიცი" (mamit šamaš). შეფიცულნი ფიცის ძალით მათივე ნებით ექცევიან ბადეში, საიდანაც ვერასოდეს დააღწევენ თავს: "შამაშის ბადეს თავს ვინ დააღწევს? / თვით ავი ანზუ მას ვერ გაექცა". აქ ნახსენები ანზუ აქადური სახელი ანზუდისა, ლომისთავიანი ფრთოსნისა, რომელიც შუმერულ მითში ხალუბის ხის რტოებში ბუდობს, სწორედ იმ ხისა, რომლის ფესვებში მოუნუსხველი გველია დაბუდებული. არაკში გახსენებული არაკის მითოსური წინაპრის რაღაც ავი ნამოქმედრი (დღესდღეობით დაკარგული მითიდან), შესაძლოა, იმის ანალოგიური, რასაც შემდგომ არწივი ჩაიდენს (გველის წიწილების შეჭმა). როგორც ვხედავთ, ლომისსახიან ანზუდს ენაცვლება მისი "შთამომავალი" ბუნებრივი არწივი33, ხოლო მოუნუსხველ გველს - უბრალო გველი, არამითოსური, რომელიც არაკის მიხედვით სრულიადაც არ არის მოუნუსხველი. მაგრამ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, არწივი მაინც გამოავლენს მისი წინაპრის ბუნებას, რითაც იგი დაემსგავსება მსოფლიო ხალხთა მთებისა და ზღაპრების სასწაულმოქმედ ფრთოსანს. გავყვეთ არაკის თხრობის დინებას: იგი მარტივია. არწივმა დაარღვია შამაშის ფიცი _ უმუხთლა გველს და შეჭამა მისი წიწილები. აშკარაა არაკის მორალი: ამგვარი საქმის ჩამდენი უნდა დაისაჯოს. არწივის დაღუპვით უნდა მთავრდებოდეს არაკი. ასე მთავრდება ანალოგიური არაკი ეზოპეს კრებულიდან: "არწივი და მელა". ამბავი აქაც ერთ ხესთან ხდება, მაგრამ ეს აღარ არის იმ კოსმოსური ხის განსახება; ძველი მითის დეგრადაცია აქ კიდევ უფრო ძირს ეცემა და საბოლოოდაც. ეზოპეს არაკი ნამდვილი არაკია. მასში აღარ გაისმის მითოსის ექო. "ერთხელ არწივი და მელა დაძმობილდნენ; გადაწყვიტეს მეზობლურად და მეგობრულად ვიცხოვროთი. არწივმა ერთ მაღალ ხეზე აიშენა ბუდე, მელამ კი იქვე ბუჩქნარში დაყარა ლეკვები. ერთხელ, როცა მელა სარჩოს საძებნელად წავიდა, მშიერი არწივი ბუჩქებს დააცხრა, ლეკვები მოიტაცა და თავის მართვეებს მიჰგვარა შესაჭმელად... გამოხდა ხანი. არწივმა ზვარაკად შეწირული თხის ხორცი მოიპარა. ხორცს ნაკვერცხალი აჰკვროდა. ქარმა დაუბერა, ნაკვერცხლიდან ალი ავარდა, ბუდეს ცეცხლი წაეკიდა და ალმოდებული მართვეები ძირს გამოვცივდნენ. მელამ დრო იხელთა, ეცა და არწივის თვალწინ შესანსლა უსუსური მართვენი. არაკი გვასწავლის: ფიცის გამტეხი მოძმის განაჩენს რომ გაექცეს, ღვთის განაჩენს ვერსად დაემალებაო"34. ასე ამთავრებს ეზოპე არაკს, ერთ-ერთ უძველეს არაკთაგანს, რომელიც ჯერ კიდევ არქილოქეს (VII ს. ძვ.წ.) ჰქონია დამუშავებული. მის ფრაგმენტებში ჩვენთვის საინტერესო დეტალებია შემონახული, რაც არქილოქესეული ვერსიის არქაულობას ადასტურებს: დეტალები ეხმაურება "ეშგარ ეტანას" არაკის ზოგიერთ დეტალს. მაგ.: "საშინელი სადილი მოუტანა ბარტყებს" - არქილოქეს საშინელი იგივეა, რაც აქადური "შამაშის საძულველი". მას შემდეგ, რაც არწივმა მელიის ლეკვები მოიტაცა: "აჰა, კლდე მაღალი, ციცაბო და მიუვალი! აქ ვზივარ და შენთან ბრძოლისა არ მეშინია". ასევე ამბობს აქადური არაკის არწივი: "ავფრინდები და ზეცად ავალ, / იქ დავიკვიდრებ სამყოფელს ჩემსას, /ვინღა იქნება მპოვნელი ჩემი?"35. არქილოქეს მაღალი და მიუვალი კლდე, სადაც არწივი შემომჯდარა, ცასთან ახლოსაა, ბუნებრივია, მისკენ ისწრაფოდეს არწივი. კლდე იგივე ვერტიკალია ანუ სვეტი მიწისა და ცის დამაკავშირებელი. როდესაც "ეშგარ ეტანას" დემითოლოგიზირებული არწივი ამბობს "ავფრინდები და ზეცად ავალ, იქ დავიმკვიდრებ სამყოფელს ჩემსას", ამით იგი თავისი მითოსური წინაპრის ყოფაზე ოცნებობს, ღვთაებრივი ფრთოსნისა, რომელიც ორი სამეფოს შემაერთებელი ღერძის ზემო წერტილშია დავანებული. არწივისთვის, რეალური არწივისთვის, ბუნებრივია შვეულ ხაზზე მზის მიმართულებით ფრენა, რასაც დაუბრკოლებლივ ახორციელებს იგი, მაგრამ ჩვენს არაკში ცოდვით დამძიმებული ფრთოსანი მაღლა ვერ აფრინდება, პირიქით, ქვესკნელში ჩამავალი ორმო გაითხრება მისთვის. იგავ-არაკული თხრობის ლოგიკით არწივი განწირულია. იგი დაისჯება და ამით დასრულდება არაკი. შამაში შეისმენს გველის ვედრებას და საგულისხმო რჩევას აძლევს მას - თუ როგორ გაუსწორდეს ავისმოქმედს. აღსანიშნავია, რომ მზის ღმერთი უშუალოდ არ უსწორდება მისეული ფიცის დამრღვევს, არ გადისვრის სინათლის უხილავი სხივებისგან მოქსოვილ სათხოველს და არ გაახვევს მასში ფრთოსანს. ხოლო გველისადმი მიცემულ რჩევაში მნიშვნელოვანი მითოლოგემა იმალება. გაჰყევ გზას, - ეტყვის გველს შამაში, - გზაზე ხარის ლეშს დაგახვედრებ. მუცელი გაფატრე ხარს და ბუდე მოიწყვე მის შიგანში. სხვა ფრთოსნებთა ერთად არწივიც დააცხრება ხარის ლეშს და შეუძვრება შიგანში. შენ ფრთებზე შემოეჭდე არწივს, ფრთები დაულეწე და ორმოში ჩააგდე. დაე, იქ მოკვდეს მშიერ-მწყურვალი! ამ დარიგებაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შიგანს და ორმოს. პირველი სიტყვისთვის აქადურ ტექსტში ზის karâšu, რაც აგრეთვე ნიშნავს "დაღუპვას", "განადგურებას", და ამრიგად აქ შესულ არწივს სიკეთე არ მოელის, რადგან მისთვის სანუკვარი შიგანი ამ სიტუაციაში დამღუპავი შეიქმნება. ფიზიკურ პლანში გამოვლინდება მეტაფორული ფარული პლანი, რასაც თავიდანვე ვერ მიხვდება ან არ ინდომებს არწივი (მიუხედავად მისი "ვრცელაზროვანი" მართვის გაფთხილებისა), როგორც მუდამ ხდება, როცა განწირულია კაცი. ასეთივე ორაზროვანი სიტყვებია გამოყენებული იმ ფრაზაში, რომელსაც ეას შთაგონებით ეუბნება წარღვნის გმირი უთანაფიშთი თანამოქალაქეთ. ეს უკანასკნელი თავიანთ სასარგებლოდ გაიგებენ ფრაზას, სინამდვილეში კი წარღვნის მოვლენა იგულისხმება მასში: სიტყვა kukku ორ მნიშვნელობას ატარებს - შურუფაქელთათვის "ცერცვია" (ციდან რომ მოელიან), სინამდვილეში "წყვდიადი"; kibâti ქალაქის მკვიდრთათვის "ხორბალია" (აგრეთვე ციდან მოსალოდნელი), სინამდვილეში კი - "ნიაღვარი"36. თუკი ყოფით პლანში ორმო (ხარო, დილეგი) ძველთაგანვე სასჯელის ან ტყვეობის ადგილად ითვლებოდა, მითოსურ პლანში იგი ქვესკნელის სინონიმი იყო37. ორმოს სახით რომ ქვესკნელი ელის არწივს, ეს ჩანს მისი "ვრცელაზროვანი" მართვეს გაფრთხილებიდან: "ნუ შეხვალ, მამაჩემო, ხარის შიგანში, გველი არ იყოს შიგ მოკალათებული; ქვესკნელი შეგიპყრობს ("ქვესკნელისგან შეპყრობა" მეტად გავრცელებული ევფემიზმია "სიკვდილის" ნაცვლად). ამრიგად, ხარის შიგანში თავისი ნებით შესული არწივი იმთავითვე განწირულია, იგი ქვესკნელად ჩადის, საიდანაც უკანმოსაქცევი გზა აღარ ექნება. ასეც ეწოდება სხვანაირად ქვესკნელს - "უკანმოუქცეველი ქვეყანა" (შუმ. kur-nu-gi-a, აქად. erçet la târi) ანუ როგორც ერთ ქართულ ზღაპარში - "არმობრუნდის ქვეყანა"38. შურისმაძიებელი გველი, ხთონური არსება, ჩაითრევს არწივს თავის სკნელში, ზესკნელის მკვიდრისთვის დასაღუპავში (karašu - შიგანი"). იგი თავისი ტანით შემოეჭდობა მას, შებორკავს, შეკრავს, ქვესკნელივით შეიპყრობს ("შებორკილი" მკვდარის ევფემიზმია: ქვესკნელის პატიმარი). ხარის შიგანი მითოსური მნიშვნელობით არის დატვირთული, მაგრამ ყოფით პლანში იგი საქნიერია არწივისთვის. ხარი მისთვის ყველაზე სანატრელი საკვებია39. ჩვენს არაკში ეს ფრინველი ავლენს თავისი ჯიშისათვის დამახასიათებელ ქცევას: შემჩნეულია, რომ იგი საშინელი სისწრაფით აცხრება შორიდანვე დაზვერილ ლეშს, მუცელს გაუფარტავს, თავს შეჰყოფს მის შიგანში და შეექცევა შიგნეულს. ამრიგად, ჩვენს ეპიზოდში ერთმანეთს ერწყმის ყოფითი და მითოსური სიმართლე: ხარის შიგანის მეტაფორულობა განცხდდა ორმოს სახით, ხოლო ორმოს წიაღ ქვესკნელით.
არწივი ვერასოდეს ამოვიდოდა "უკანმოუქცეველი ქვეყნიდან", მხოლოდ არაკის პერსონაჟი და უბრალო ფრთოსანი რომ ყოფილიყო. მისი წინაპარი მითოსური არსებაა, რომელიც მსგავსად ქართული ზღაპრების ფასკუნჯისა, ქვესკნელიდან ზენა სამყაროში ადის, მაგრამ არა ეულად, არამედ მის ზურგზე ამხედრებული გმირით. ეს ამბავი, რომელიც სხვადასხვა ვარიანტით ბევრი ხალხის ფოლკლორში მოიძებნება, მოთხრობილია "ეშგარ ეტანას" მესამე ნაწილში. აქ ახალი პერსონაჟი - ეტანა შემოდის თხრობაში, ამიტომ პირობითად მას ეტანას ლეგენდა ვუწოდეთ. ქალაქ ქიშის პირველი დინასტიის მეფეს, ეტანას ღვთაების თვისებები აქვს მონიჭებული, კერძოდ, ნადირთ ბატონისა. ეტანა აღჭურვილია ნადირთა ბატონის სუმუკანის (იგივე შაქქან) რეგალიებით და იმის გამო მის ხვედრსაც იზიარებს: გარკვეულ ხანს მასთან ერთად იმყოფება ქვესკნელის ბინადართა შორის. ქვესკნეილ მისი მარადიული სამყოფელი არ არის; როგორც ნაყოფიერების ღვთაება, იგი მიეკუთვნება მომკვდარ და მკვდრეთით აღმდგარ ღვთაებათა წრეს. მესაქონლეობის სეზონის მიწურულში ძალაგამოცლილი, იგი ქვესკნელად ჩადის, რათა იქ ძალა მოიკრიბოს და კვლავ დაუბრუნდეს თავის ჯოგებს სუმუკანთან ერთად. არაკის მიხედვით იგი შობის ბალახს (šammu ša alâdi) ეძებს. ფიქრობენ, თითქოს ეს მაგიური მცენარე ეტანას თავისი ბერწი ცოლისათვის სჭირდებოდეს. ამგვარი გაგება პარადოქსს ქმნის: ჯოგების მეუფე, რომლის ხელშია ნაყოფიერების ძალა (სუმუკანის მადლი) მთელი ჯოგისა, საკუთარი მემკვიდრის შობისათვის საშუალებას მესამე ცაზე ეძებს. უნდა ვიფიქროთ, რომ ლეგენდა, ისევე როგორც ძველშუმერული საბეჭდავი (აქ გამოსახული ეტანა მართლაც მოიწევს რაღაც ბალახს), დემითოლოგიზებულ დონეზე ასახავს ნადირთ მეუფის ამბავს. ხთონურმა არსებამ ქვესკნელში უნდა იპოვოს ნაყოფიერების ძალა და ნიშნები, შობის ბალახიც ქვესკნელში იშოვება40, რადგან ყოველი ბალახი იქიდან ამოდის და შობის ფესვიც იქ არის, როგორც ყოველი განახლების საწყისი. შესაძლებელია, ეტანა ხთონური და ასტრალური წარმოდგენების სინკრეტიზმის "მსხვერპლი" შეიქმნა41 და ამიტომაც ნაყოფიერების ღვთაება ქვესკნელის პოლარულ მხარეში, ანუს მესამე ცაზე ეძებს შობის საშუალებას. როგორც არ უნდა ვიფიქროთ, ამ სინკრეტიზმმა არაცნობიერად ასახა უძველი მითოლოგიური წარმოდგენა კოსმიურ ღერძზე, როცა ნადირთ მეუფე ეტანა ცაში აიყვანა: ამით მას სამივე სკნელში დაადგმევინა ფეხი. ეს არწივის წყალობით შეიქმნა შესაძლებლი, არწივისა, რომელიც თავად არის დიდი ღერძის (dim-gal) ან ცისა და მიწის კავშირის (დურ-ან-ქის) ცოცხალი სიმბოლო. მაგრამ ყოველივე ეს "ეშგარ ეტანას" ავტორის გარეშე არსებობდა. არც არაკი და არც ლეგენდა ლუ-ნანას შეთხზული არ არის, მითუმეტს მათში ჩაქსოვილი მითოლოგიური რემინისცენციები. ლუნანას დამსახურებაა, რომ მან ერთ "ეშგარში" მოაქცია ორი, ერთმანეთისაგან ჟანრობრივად განსხვავებული ნაწარმოები. როდესაც მოაზროვნე პოეტის გონებაში ერთდროულად გაიელვა ორმა დამოუკიდებელმა ამბავმა - ერთმა, ცოდვის გამო ორმოში ჩავარდნილი არწივისამ და მეორემ, სადაც იგივე ფრინველი მესამე ცისკენ მიფრინავს და თან კაცი მიჰყავს, - მისმა ინტუიციამ აღმოაჩინა, რომ ამ ორი ამბისგან აიგებოდა გამოსყიდვის დრამა: ის არწივი, რომელიც არაკში ცოდვას სჩადის და იღუპება, "ეშგარ ეტანაში" ცოდვას გამოისყიდის და მობრუნდება "უკანმოუქცეველი ქვეყნიდან"42 ავტორის ნებით გველის მტერი არწივი გარდაისახება იმ არწივად, რომელმაც ჯოგების მეუფე ცად უნდა აიყვანოს, როგორც ეს გამოსახულია ძველშუმერულ საბეჭდავზე. ამრიგად, ლუ-ნანნას ნებით არწივისთვის ქვესკნელში შეჩერებული დრო მკვდარი წერტილიდან დაიძვრის. ორმოში ჩაგდებული, დაღუპვის პირამდე (ina pi karâši, როგორც სხვაგან არის ნათქვამი) მისული არწივი "მარადღე ევედრება შამაშს: ნუთუ ორმოში უნდა დავიღუპო? / ვინ უწყის სასჯელის ჩემის სიმძიმე? / იხსენ სიცოცხლე ჩემი, არწივისა / და სახელს შენსას მარად მოვიხსენებ! აღაღო შამაშმა ბაგე, არწივს ეტყვის: ბოროტ ხარ, მძიმედ მაწყენინე, / ღმერთებისგან ნაკრძალი გიჭამია. / თუნდაც შემომფიცო, არ მოგივალ! / ჰა, კაცი ერთი, მას მოგივლენ, / იგი გვექმნება ხელისამპყრობელად". შამაშის პასუხში ორი რამ არის ნიშანდობლივი: ერთი, შამაში აღარ ენდობა არწივის ფიცს, რომელმაც ერთხელ უკვე გატეხა იგი. არწივის ფიცი საიმედო იქნება მხოლოდ ეტანას მიმართ, რომელიც ორმოდან ამოყვანას დაპირდება მას.მეორე, შამაშის საქციელი სავსებით ეხმაურება ცოდვა-ბრალის შუამდინარულ კონცეფციას: შუამდინარულ ეთიკაში განირჩევა ცოდვა ცნობიერი (ანუ ნებსითი) და ცოდვა არაცნობიერი (ანუ უნებური). შეწყალების უშუალო აქტით ცოდვილს მიეტევება მხოლოდ არაცნობიერი ცოდვა, როგორც ამას ვხედავთ უბრალო ტანჯულის დრამაში43. არწივმა შეგნებულად დაარღვია შამაშის ფიცი, ამიტომ მან შეგნებულადვე, საკუთარი ნებით უნდა გამოისყიდოს დანაშაული: ეტანა აიყვანოს თავისი ზურგით მესამე ცაზე. შამაში ვერ იქნება მისი უშუალო ხელისამპყრობელი. სწორედ იმ ხანად, როცა ორმოში ჩავარდნილი არწივი "მარადღე ევედრება შამაშს", თავის ქვეყანაში, სულ სხვა ადგილას, ჯოგებს შორის, მათი მწყემსი ეტანა ასევე "მარადღე ევედრება შამაშს: შენ შეგეწირა ჩემი პოხილი ცხვარი, / ჩემთა კრავთა სისხლი მიწაში ჟონავს. / ხომ ვცემდი თაყვანს მე დიად ღმერთებს, / დემონებს ხომ პატივს ვცემდი! / ...აღმოხდეს კურთხევა შენთა ბაგეთ / მომანიჭე მე ბალახი შობისა! / მიჩვენე მე ბალახი შობისა!" ორი, სხვადასხვა ადგილას წარმოთქმული ვედრება მიიმართება იმ უმაღლესი არსებისადმი, რომლის სახელითაც თხრობის დასაწყისში დაიდო მეგობრობის ფიცი. ეს ვედრება კომპოზიციურად აკავშირებს ერთმანეთთან "ეშგარ ეტანას" ორ ნაკვეთს. ამავე დროს ვედრება, როგორც სულიერი ფენომენი, სხვა რამ კავშირის განსახებაა. კოსმოსური ღერძი (dim-gal) ამ შემთხვევაში სიტყვიერ-სულიერ მასალისგან არის შენივთული. თავიანთი მხურვალე ლოცვა-ვედრებით ეტანა და არწივი ახორციელებენ მიწისა და ცის კავშირს, უფრო სწორად, ამ აქტის წყალობით მიიღწევა კავშირი მიწიერსა და ზზეციერ არსებას შორის. მიწაზე სხვადასხვა ადგილას დადგმული კიბე ცაში უკვე ერთ ადგილას არის მიდგმული, ხოლო ამ კიბის ბოლოს დგას მზის ღმერთი შამაში. ლოცვა-ვედრება, რომელიც ისეთივე აუცილებელი ეპიზოდია შუამდინარული ეპოსისათვის, როგორც სიზმარი და მისი ახსნა, თავისთავად გულისხმობს შეწყნარებას. ვედრება-შეწყნარების აქტი თავისებური ბუნებისაა შუამდინარულ (შუმერულ) რელიგიაში, რასაც სავსებით გამოხატავს შუმერული ზმნური ფორმა šu ba-ši-ti, რომელიც ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც "მიიღო", შეიწყნარა", მაგრამ ამგავრი თარგმანი არ იქნებოდა ზუსტი, იგი გააუფერულებდა იმ ნუანსს, რასაც მორფოლოგიურად ატარებს იგი. გამოთქმა იდიომატურია და ნიშნავს "ხელი გაიწვადა" (იგულისხმება) მახვეწარისკენ (ინფიქსი -ši- შეესაბამება ქართულ თანდებულს -კენ). ამრიგად, ვედრების შეწყნარება არ არის პასიური აქტი - იგი ღვთაებრივი ნების გატარებაა ზეციდან მიწისაკენ იმავე სადინარით, რითაც ვედრება მიემართებოდა მიწიდან ზეცისაკენ. სხვა რა უნდა ამ ორ მახვეწარს, თუ არ ციდან მათ საშველად ჩამოწვდილი ხელი? აწ დიდი ხნის გარდასული შუმერული ენის ზმნაში შემონახულია უძველესი, საყოველთაო და დღემდე გაუცვეთელი ადამიანური ჟესტი. ამ სულიერი ხელშეშველებით გაიხსნება ორი სკნელის შემართებელი გზა, რასაც თხრობის ბოლოს დაადგებიან არწივი და ეტანა. რა დანიშნულებაც არ უნდა ჰქონდეს "შობის ბალახს", მისი მიწაზე ჩამოტანა კიდევ ერთი საშუალებაა ცისა და მიწის კავშირის (dur-an-ki) განხორციელებისა. ციური ნივთის არსებობა მიწაზე თავად ცის მუნყოფის დასტურია. ეტანას შემთხვევა ერთი კონკრეტული გამოვლენაა იმ ფაქტისა, რაც, შუმერული წარმოდგენის მიხედვით, უხსოვარ დროში მოხდა, კაცობრივი ცხოვრების გარიჟრაჟზე, როდესაც ციდან კულტურილი ყოფისათვის აუცილებელი საწყისები (შუმ. me) იქნა მოვლენილი. კიდევ დარჩა ერთი ცოცხალი სიმბოლო მსოფლიო ღერძისა და იგი ჩვენი მოთხრობის დინებასთან არის დაკავშირებული. ეს არის "ეშგარ ეტანას" პერსონაჟი არწივი, რომელიც ჩვენი ზღაპრების ფასკუნჯის მსგავსად სამ სკნელს გაივლის: ბნელი სკნელიდან ამომავალი ყივილით ამცნობს ქვეყნიერებას თავის აღმა-ფრენას. ძველმა ხელოვანმა ცილინდრულ საბეჭდავზე აღბეჭდა ეს მომენტი: მზისა და მთვარის გამოსახულებებს შორის შვეულად მფრნი არწივი ცას შეჰყივის და ამით თითქოს ახმიერებს მიწისა და ცის შემაერთებელ დიმგალს44. ბოლოს უნდა აღვნიშნოთ, რომ თუმცა ლიუ-ნანას ნაწარმოებს "ეშგარ ეტანა" ეწოდება, მისი მთავარი პერსონაჟი მაინც არწივია, თუნდაც იმიტომ, რომ თხზულების ორივე ნაწილში მონაწილეობს. მას თითქოს თავისი ფრთებით გადააქვს ამბავი კომპოზიციის ერთი ნაწილიდან მეორეში. აღსანიშნავია აგრეთვე მისი განსაკუთრებული სიახლოვე მზის ღმერთთან, შამაშთან45; არის მასში მზიური წილი, რაც შემჩნეული იყო ძველთაგანვე: ეს ფრთოსანი ერთადერთ არსებად ითვლებოდა, რომელსაც შეეძლო მზის ელვისათვის თვალი გაესწორებინა46. შთამბეჭდავია არწივის სპირალური ფრენა მზისკენ, რაც თითქოს რეალური ილუსტრაციაა ამ ფრინველის მითოსური სახისა. "ეშგარ ეტანაში" იგი შუამდინარული შამაშის მსგავსად ეშვება ქვესკნელში, რათა კვლავ, ახალი ნაკრტენით შემოსული და აღორძინებული, აღდგეს. საღვთო შიშის მომგვრელი უნდა ყოფილიყო კაცისათვის ფრთამოტეხილი და ორმოში ჩავარდნილი არწივის ხილვა. კიდევ უფრო მეტი შიშისა და თან აღტაცების მომგვრელი იქნებოდა ის სურათი, როცა დაღუპვის კარამდე მისული ფრთოსანი ძალუმად შეარხევდა ფრთებს და დაძრავდა სხეულს. ერთი წამიც და მის ზეაფრენას ვერრა ძალა ვერ დააბრკოლებდა ამ დროს იგი ფენიქსი იქნებოდა, საკუთარი ფერფლიდან აღმდგარი, ან ზღაპრული ფასკუნჯი, ქვესკნელის ტყვეობიდან თავდახსნილი ანუ განჭაბუკებული ორბი, განახლების სიმბოლო, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი ესაია: "...იგინი განახლდენ ძლიერებითა მათითა და აღიმკვნენ ახლითა ნაბრდღვენითა ვითარცა ორბნი; რბოდიან და არა დაშვრენ" (40,1).
-----------------
1. იხ. G.R.Meyer, Altorientalische Denkmäler im Vorderasiatischen Museum zu Berlin, Leiopzig, 1965, Abb. 37.
6. მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1973, N4
2. ამგვარად ვთარგმნი ზმნურ ფორმას მუ-უნ-გი-ნა, ვვარაუდობ რა მასში სილაბურ დაწერილობას ძირისას გინ ("სვლა"); Th.Jacobsen თარგმნის: "განამტკიცა " (ძირიდან გი-ინ).
3. Th. Jacobsen, The Sumerian Kirg List, 1939, გვ.16-22.
4. გილგამეშის ეპოსი, დაფა VII, სვ. IV, სტრ.49
5. თამუზის სიზმარი, თბ., 1969, გვ.111.
6. С. Н. Крамер, Две шумерские элегии, М., 1960, გვ.18, სტრ.97.
7. გამოცემულია: P.Jensen, Keilinschriftliche Bibliothek, VI, 1900; S. Langdon, Babyloniaca, XII, 1931; E. Ebeling, Archiv für Orientforschung, XIV, 1944; ქართული თარგმანი იხ.დუმუზის სიზმარი, გვ.107-112.
8. W.G. Lambert, A Catalogue of Texts and Authors, JCS vol. XV no.3, 1962: ėš-gàr e-ta-na ša pi-i lú-Nanna ეტანას ნაკვეთი - ლუ-ნანნას მიხედვით (სიტყვ. "პირით")", გვ. 66, სტრ. 11 (კატალოგში მის წინ "ეშგარ გილგამეშ" ანუ "გილგამეშის ნაკვეთია" შეტანილი).
9. შამაშ - მზის ღმერთი მეფობის პრინციპია, როგორც ეს ცხადად ჩანს ერთ ასურულ გამოთქმაში "მეფეს ღმერთების სხეული უდგას, მზეა თავისი ხალხისა".
10. W.G. Lambert, Babylonian Wisdom Literature, 1960, Oxford, გვ.155 და შ.
11. იხ.თამუზის სიზმარი, გვ.148 (ინანა, გილგამეში და ტირიფი); შუმერული დედანი: S.N. Kramer, Gilgamesh and the huluppu-tree, 1938, Chicago; В.К. Афанасьева, Одна шумерская песня о Гильгамеше и её иллюстрации в глиптике (ВДИ, N1, 1962).
12. Buranuna მდ.ევფრატის შუმერული სახელი
13. J.Van Dijk, Les contacts ethiques la Mésopotamie et las synscrétismes de la religion sumérienne, wignSi Syncretism, ed. Sven S. Hartman, Stokholm, /1969/. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მითოლოგემა ე.წ. შამანურ რელიგიაში და რიგვედას მითოლოგიაში, იხ. Б.Л. Огибенин, Структура мифологических текстов "Ригведы", М., 1968, გვ.79.
14. F.Thureau-Dangin, Une relation de la hutième campagne de Sargon, Paris, 1912, str.19.
15. F. Köcher, Ein spätbabylonischer Hymnus auf dem Tempel Ezida in Borsippa (ZA, 53, 1959).
16. Die Inschriften Asarhaddons, Königs Assyrien, vom Borger R., Graz, 1956, გვ.5.
17. A. Parrot. Ziggurats et Tour de Babel, Paris, 1949, გვ.18.
18. შდრ. "წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი" (694,2), "ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა" (696,3).
19. P.F. Gössmann, Das Era-Epos, Würzburg, 1956, str.150-153.
20. Glaus Wilcke, Das Lagalbandaepos, Wiesbaden, 1969, გვ.92-94, str.28-34.
21. ასევეა ნათქვამი ტაძარზე: "მისი ფესვი გველივით ელვარებს (?) წმიდა საძირკველში" (C.Wilcke, Das Lugalbandaepos, გვ.144).
22. თ.ოჩიაური, მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1975, გვ.105.
23. ქართული ხალხური პოეზია, ტ.I, 1972, გვ.118, N60, აგრეთვე NN62, 63.
24. ხალხური სიბრძნე, ტ. II, გვ.24 ("გველის ტყავზე ამოსული ალვის ხე").
25. ხალხური სიბრძნე, ტ. I, გვ.369 ("მზის დედა").
26. ამ ირმის ბადალი ერთ ალთაურ ეპიურ ზღაპარში უზარმაზარი შავი ვაცია, რომელიც შორიდან შავ მთად ეჩვენება მაყურებელს. ვაცის რქები ცარგვალს აპობს, ხოლო წვერი მიწას წვდება. ვაცის ტანზე, როგორც კიბეზე, ადამიანი ციურ სამეფოში ადის (Алтайский эпос Когутэй, М.-Л., 1935, გვ.102).
27. ხალხური სიბრძნე, ტ. I, გვ.123 ("ცხრა ძმა"). ერთი საგულისხმო დამთხვევაა (რაც შემთხვევვით არ უნდა იყოს) ამ ზღაპარსა და შუმერულ მითოსს ("ინანა, გილგამეში და ტირიფი") შორის: ზღაპრის დედოფალი ამ ალვის ხისგან გაკეთებულ ტახტს მოისურვებს. ინანას სურვილიც ის არის, რომ ხალუბის ხისგან გაუთალონ ტახტი (იხ.თამუზის სიზმარი, გვ.17).
28. უფროსი ედა, თარგმ. გ.კალანდაძისა, თბ., 1971, გვ.48: "ზღვარმდები ხე, დიდი იგდრასილი"; გვ.70: "ხე - შორს, იდუმალ, ღრმად ფესვებგადგმული".
29. ტექსტებში ამ სიტყვა ღვთაების დეტერმინატივი უძღვის წინ, იხ.The Assyrian Dictionary, Chicago, vol. XVI, 109.
30. თამუზის სიზმარი, გვ.50.
31. "რაკი იჭვნეულობ, შემოგფიცავ, ნეტარ ღმერთებსაც კი აძრწუნებს ამგვარი ფიცი: დე, მოწმე იყოს ცა, დედამიწა და ქვესკნელი..." (ოდისეა, V, 184-186).
32. F.Thureau-Dangin, Des Inscription de Sumer d'Akkad, Paris, 1905, p.32, Rs.Col.I 1-12.
33. ანალოგიური დემითოლოგიზაცია განუცდია ქართულ ფასკუნჯს (ლომისთავიან არწივს), როგორც ძველი ქართული ხელოვნების ძეგლები მოწმობენ (იხ. მ. ჩაჩავა, ფასკუნჯი ქართულ ზღაპრულ ეპოსში, კრებ. ქართული ფოლკლორი, III, 1969, გვ.265).
34. ეზოპე, იგავ-არაკები, თბ., 1968 (ბერძნულიდან თარგმნა გ.სარიშვილმა).
35. არქილოქეს ფრაგმენტი იხ. Басни Эзопа, М., 1968, გვ.277.
36. გილგამეშის ეპოსი, თბ., 1963, გვ.165-166.
37. K.Tallqvist, Sumerisch-Akkadische Namen der Totenwelt, Helsinki, 1934, გვ.2-3.
38. ალ.ღლონტი, ქართული ხალხური ნოველა, თბ., 1966, გვ.308.
39. არქაულ შუამდინარულ საბეჭდავებზე ხშირია სცენა: ხარების თავს ზემოთ მობოინე არწივი (იხ.P.Amiet, La glyptique mésopotamienne archaїque, Paris, 1961, pl. 58, NN782, 784, 785, 789).); შდრ. მითოლოგემური ფორმულა hurin am-še igi-ila-ila-dam "არწივი, ხარისკენ თვალმიპყრობილი" (იხ. F.Thureau-Dangin, Les Cylindres de Goudéa. Paris, 1905, Cyl. A, XXV, 6; Cyl. A., XXV, 6; Cyl. B, V, 3 ).
40. შდრ. განჭაბუკების ბალახი, რომელიც გილგამეშმა აპსუს (მიწისქვეშა ოკეანის) ფსკერზე მოძებნა (გილგამეშის ეპოსი, დაფა X, 267-274).
41. ამგვარი სინკრეტიზმის თაობაზე იხ. J.Van Dijk, Les contacts ethniques dans la Méspopotamie et les syncrétismes de la religion sumérienne (Synscretism, ed. Sven S.Hartamann, Stokholm /1969/).
42. ქვესკნელ "უკანმოუქცეველია" მხოლოდ ეგზოტერული მითოლოგიის თვალსაზრისით. სინამდვილეში ქვემო და ზემო სამყაროს შორის განუწყვეტელი კავშირია, რაც გარკვეული წრის ღვთაებების წყალობით ხორციელდება.
43. თამუზის სიზმარი, გვ.128-134.
44. ლუგალბანდის ეპოსში ანზუდის ხმა ორ სკნელს აერთებს ერთმანეთთან: "მამლის ზარი ცას მისწვდა, დედლის ზარი უფსკრულს მისწვდა" (C.Wilcke, Das Lugalbandaepos, გვ.100, სტრ.78-79). მითოსურ პლანში დედალ-მამალი ერთი არსებაა; ქვემოთ მიმართული ხმა მდედრულად არის გააზრებული, რაკი სამყაროს ქვედა ნაწილი მდედრული ბუნებისაა (ქი-შარ); ხმა, მაღლა მიმართული, მამრულია.
45. მოგვიანებით აშურულ ხელოვნებაში მზის დისკოს (მირგვალას) არწივის ფრთები აქვს შესხმული.
46. ეს მოვლენა აღნიშნული აქვს დანტეს საგულისხმო კონტექსტში: "როს ბეატრიჩეს თვალი მოვჰკარ მარცხნით მიდრეკილს, მზეს გასცქეროდა, ისე როგორც ჯერ არასოდეს არ შეუხედავს არწივთაგანს ამ მნათობისთვის" (სამოთხე, I, 46-48).
ნარამსინი
ზურაბ კიკნაძე
რომელი მაღალი შესწვდება ზეცას?
რომელი ფართე გადასწვდება მიწას?
ძველი შუამდინარეთის ისტორიის აქადური ხანიდან (2334-2154 ძვ.წ.) ჩვენამდე მოღწეულ არცთუ მრავალრიცხოვან ძეგლთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ერთი ბარელიეფი. ორი მეტრის სიმაღლისა და ერთი მეტრის სიგანის ქვიშაქვის სტელაზე გამოსახულია ერთი ისტორიული ფაქტი, რაზეც სიტყვიერად მასზე ამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები გვაუწყებს: "ძლიერი ნარამსინი... სათუნმა ლულუბელნიშეკრიბა და..." აქ შემორჩენილია ბარელიეფის პერსონაჟთა სახელები: ნარამსინი - სემური მოდგმის აქადის დინასტიის ერთ-ერთი უკანასკნელი მეფე, ლულუბელნი - შუამდინარეთის ჩრდილოეთით, მთიანეთში მოსახლე ტომი, სათუნი - მათი ბელადი.
სხვას, ყველაფერ დანარჩენს, რაც ამ წარწერას აკლია (თუნდაც სიტყვა "დავამარცხე" თუ "მუსრი გავავლე"), თავად ბარელიეფი გვამცნობს უფრო მეტყველად, ვიდრე სიტყვას შეუძლია გამოხატოს. მასზე გამოსახული სცენა, როგორც ვხედავთ, ბრძოლის კულმინაციას გადმოსცემს - ნარამსინმა თავისი ლაშქრითურთ ლულუბელთა მთიანეთის უკიდურეს ზღვარს მიაღწია და იქ მოიმწყვდია მოწინააღმდეგე. ეს არის ბარელიეფის თხრობითი ემპირიული შინაარსი. მაგრამ მასში ჩამარხულია სიმბოლური აზრი, რაც ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მსგავს (საბრძოლო) თემაზე აგებულ სხვა ბარელიეფურ სცენებიდან გამოარჩევს. მთელს სცენაზე ბატონობს ნარამსინის ბუმბერაზული ფიგურა, რომელიც ერთი მესამედით აღემატება სხვა დანარჩენთ. იგი ბარელიეფის გეომეტრიული შუაგულია. ტრადიციული კანონის თანახმად, მის ქვემო კიდურები და სახე პროფილშია, ხოლო მკერდი გამოხატულია - ენ ფაცე. მისი ფიზიკური ძალა სხეულის მარჯვენა მხარეს არის კონცენტრირებული, მარცხენა მხარე კი რამდნადმე მიჩქმალულია, რასაც თითქოს რაგაც დისჰარმონია შეაქვს სხვამხრივ იდეალურად აგებულ მის ფიგურაში. მარცხენა ფეხი საგრძნობლად სუსტი და მოკლე ჩანს (არა პერსპექტივის გამო), თითქოს უმწეოდ უდგას მიწაზე. ამით გაძლიერებულია შთაბეჭდილება მარჯვენის სიმტკიცისა, რადგან მას აწევს, როგორც სვეტს, სხეულის მთელი სიმძიმე. ძალთა ამ განაწილებით პლასტიურად არის გადმოცემული აღმართზე სვლის ბუნებრივი წესი, რაც საჭიროდ ჩათვალა დანტემ აღენიშნა "ჯოჯოხეთის" ერთ ადგილას: "მერე გავყევი უდაბურ ფერდობს, ისე რომ მყარი ფეხი მუდამ დაბლა მქონდა". ასევე მარჯვენა ფეხი ნარამსინისა და მისი რაზმელებისა გამართულია და მარცხენი ქვემოთ მყარად დგას ბილიკზე. ბარელიეფზე ფიქსირებულია ის მომენტი, როცა მარცხენა ფეხია წინ წადგმული, მარჯვენა უკან დარჩა. თუ წინა პერიოდის, შუმერული ხანის ბარელიეფების სივრცე დაყოფილია დახურულ სართულებად, რაც სივრცულად გამოხატავდა ეპიზოდთა დროში მონაცვლეობას, ნარამსინის სტელაზე მიღწეულია გრადაციული მოძრაობის რიტმი ღია სივრცეში. დროისა და სივრცის ერთიანობა აქ მიღწეულია. ნარამსინის მეომარნი, რიცხვით შვიდნი, ორ ქვემო ქვემო "საფეხურზე" არიან განლაგებულნი. ეს ავანგარდია, რომლების ფერდობს შესევია, მათ ახალი ბილიკები გაუკვალავთ და წინ მიიწევენ. ლაშქარი მთაში ადის, მისი კუდი კი სადგაც ქვემოთ, უფსკრულში იკარგება. უფსკრულიდან ამოდის ჯარი, ხეები, მთა, - ყველაფერი, რაც კი ბარელიეფზეა გამოსახული. აღმასვლის ეფექტს აძლიერებს ვერტიკალები - აღმართული შუბები და შტანდარტები, ნარამსინის მეომრებს რომ მოაქვთ, ასევე მათი ზეაღმართული თავები, მზერა. მაგრამ, სადაც ერთი იმარჯვებს და მაღლა ადის, იქ მეორე მარცხდება და ძირს ემხობა. სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ნარამსინს ბილიკზე განრთხმული მტრის მკერდზე მარცხენა ფეხი უდგას (აქ ვხედავთ, ორ ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ გვამს, ძნასავით შეკრულს), უფსკრულისაკენ თავდაყირა ეშვება შიშველი სხეული კაცისა (ადამიანი შიშვლად ჩადის მკვდართა სამეფოში), რომელიც ქმნის ტრაგიკულ კონტრასტს გამარჯვებულის აღმართულ ფიგურასთან. ამავე დროს ჰაერში გამოკიდებული ეს სხეული ის ვერტიკალია, რომელიც აგრძელებს მარცხენა ფერდობის ხაზს და მასთან ერთად ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს ბარელიეფის სივრცეს. მარჯვენა მხარეს, სადაც განიარაღებული მტერია გამოსახული, კვლავ დავინახავთ ქვემოთ მიმართულ ვერტიკალს: თითქოს ციდან (თუმცა ის ნარამსინის ხელიდან უნდა გამოდიოდეს) ნასროლი შუბი თუ ისარი წაქცეულს ყელში გარჭობია და მისი წვერი მიწის ზედაპირთან მახვილ კუთხეს ქმნის. მაგრამ დროის უახლოეს მონაკვეთში ეს განგმირული კაცი გულაღმა დაეცემა და შუბიც (თუ ისარი) შვეულად აღიმართება. სწორედ ამ დროს ნარამსინი ერთ ნაბიჯს გადადგამს წინ და ახლა მის მკერდს დათრგუნავს ტერფით. ეს ნაბიჯი ბედისწერასავით გარდაუვალია, რომლის მოლოდინი მთასთან მდგარი კაცის სასოწარკვეთილი პოზაც გამოხატავს. ის ფეხზე დგას, მაგრამ ეს დგომა წამიერია. მხატვარმა ერთდოულობაში დაგვანახა ორი მდგომარეობა: ის გარბის კიდეც (რასაც მისი შუატანი და ქვემო კიდურები მოწმობს) და ვედრების პოზაშიც ყოვნდება საზარელი მტრის წინაშე მონუსხულივით. თუმცა გასაქცევი გზა აღარაა - მარჯვენა მხარეს მთავრდება არა მხოლოდ ბარელიეფის სივრცე, არამედ ქვეყანაც. ეს ქვეყნის კიდეა, რომლის მიღმა გარესკნელია. ქვემოთ კი უფსკრულია, სადაც მისი ერთი თვისტომი იჩეხება. სასოწარკვეთილის ფიგურის ქვემოთ ორიარუსიან ვერტიკალზე დგანან მსგავსი აღსასრულის მომლოდინენი: ერთს შუბის წვერი გადასტეხია, რომელიც ჩვარივით ჩამოჰკიდებია უსარგებლო ბუნს, თუმცა ის იძლევა დაღმავალ ვერტიკალს, კონტრასტულად ერიტმება ამ კაცის ვედრების ნიშნად ზეაწეულ ხელს. მეორე ფიგურას მის ქვემოთ ხელი კიდევ უფრო მაღლა აღუმართავს ნარამსინისკენ, მხარზე ჯერ კიდევ გამოსაყენებელი რაღაც იარაღი გაუდევს. ამ კონვულსიურ რიტმს უპირისპირდება გამარჯვებულთა ლაღი, მწყობრი რიტმი, რომლის წყარო თავად ნარამსინია. მეომრები ზუსტად იმეორებენ მათი წინამძღოლის მოძრაობას: მარშით მიჰყვებიან მას, იქითკენ იყურებიან, საითაც ნარამსინს მიუმართავს მზერა. ისინი მისი ნებით არიან აღძრულნი, საკუთარი მათ არ გააჩნიათ. ისინი აირეკლავენ ნარამსინს, თითქოს მისი ხატები არიან, მათზე მაღლა მასული კაცი მათი იდეალია. ამრიგად, ნარამსინი არა მხოლოდ გეომეტრიული ცენტრია ბარელიეფისა, არამედ ნებელური შუაგულიც. მის ფიგურაში მარხია ნება, რომელიც ყველაფერს ამოძრავებს, რაც ბარელიეფზეა გამოსახული. აქ ვხედავთ მეორე ცენტრსაც, საკრალურ შუაგულს. ეს არის მთა - უფსკრულის კარნიზის პირას მდგარი პიტალო კონუსი, მოგლუვებული მწვერვალით, რომელსაც უზარმაზარი, მასთან შეუზომადი ვარსკვლავები აგვირგვინებენ.ამგვარად გამოსახულ მთას ლულუბელთა რეალური მთიანეთიდან უშუალოდ გადავყავართ კოსმიურ არეში. ეს იმ მითოსური მთის ხატია, რომლის "ფესვი მიწის გულშია, ხოლო მწვერვალი ცას სწვდება". ეს ფრაზა, როგორც მითოლოგემა, იტევს მნიშვნელოვან აზრს, ძველ წარმოდგენას სამყაროს ღერძზე (ახის მუნდი). ამ ბარელიეფის შექმნიდან თექვსმეტი საუკუნის შემდეგ სხვა მბრძანებელმა შუამდინარეთის იმპერიისა, სარგონ აშურელმა, ურარტუში ლაშქრობისას ნანახი მაღალიმთა სწორედ ამ სიტყვებით შეამკო და ამით განსაკუთრებულ განზომილებაში გადაიტანა თავისი ლაშქრობა. იგი თითქოს მიადგა უხილავ კოსმიურ ღერძს, მთად აღმართულს, სადაც მისი რწმენით მან პირველმა დაადგა ფეხი. ჩვენს ბარელიეფზე კი თვალით პირველად ვხედავთ ამ სიტყვების მკვეთრ პლასტიურ გამოხატულებას. ჩვენ ვხედავთ მთის წვერზე მოკიაფე ვარსკვლავს, რომლის გამარტივებული გეომეტრიული ვარიანტი (+++) იმდროინდელ დამწერლობაში ცისა (ან) და ღმერთის (დინგირ) ნიშანს გამოხატავდა. ამ ნიშნით ბარელიეფი ამბობს, რომ მთის მწვერვალი ცას, ანის საუფლოს, ებჯინება. მეორე მომცრო ვარსკვლავი ნარამსინს ადგას თავს ზემოთ - ეს მისი ნიშანია. ის, როგორც მისი ღვთიურობის მიმანიშნებელი, დამწერლობით (სიტყვიერ) ტექსტებში წინ უძღვის მის სახელს . მაგრამ სტელაზე სხვა ღვთაებრივ ნიშანსაც ატარებს - ორრქიან მუზარადს. ორი ძლიერი რქა იმ მომცრო ვარსკვლავისკენ არის მიმართული, რომელიც თავზე დაჰნათის გაღვთაებრივებულ მეფეს და აცისკროვნებს მას. ის შეიძლება ნარამსინის ბედის ვარსკვლავად დავსახოთ ან, ამასთან ერთად, ის შეიძლება ქალღმერთ ინანას ნიშანიც იყოს - ინანა მისი დინასტიის მფარველი ქალღმერთია. ერთ დროს მან "შეიყვარა" (ამოარჩია) სხვა "შავთავიანთა" შორის მისი პაპა სარგონი (შარუ კენუ) და მთელი წინა აზიის ბატონობა ჩააბარა. ინანა ომის ქალღმერთიც არის. თუ ქალწული ინანა, "სამკაული ვრცელი ზესკნელისა", ერთის მხრივ, სიყვარულის ქალღმერთია, მწუხრის ვარსკვლავის სახით ცაზე მოკიაფე, მეორე მხრივ, ის არის "ქალბატონი ბრძოლის ველისა". ამ დროს ის ცისკრის ვარსკვლავია, რადგან ბრძოლა ცისკრისას იწყება. ამავე მთიანეთში, სადაც ნარამსინმა ძლევა განახორციელა, შეიძლება ითქვას, ინანას მფარველობით, მოხდა სხვა ბრძოლაც, რომლის ამსახველი ამბავი სარიპულის კლდეზეა ამოკვეთილი (ნარამსინის სტელა ამჟამად ლუვრის მუზეუმში ინახება). აქ უკვე ლულუბელმა სძლია აქადელს და ჩვენ ვხედავთ მათ მეფეს, სახელად ანუ-ბანინის (ის ატარებს აქადურ სახელს), მდგარს ნარამსინის პოზაში თუმცა არა მთის, არამედ მეომარი ქალღმერთის წინაშე (სიმბოლურ ენაზე ერთია მთა და ღმერთი), რომელსაც ძლეული აქადელნი საბელით მიუყვანია მასთან. ეს ის ქალღმერთია, რომელიც ადრე აქადის დინასტიას სწყალობდა, ახლა კი განდგომია მას. ინანამ პირი შეაქცია აქადელებს და მათი მტრის მხარეზე გადავიდა. ეს მოხდა სწორედ იმ მითოსის თანახმად, სადაც ინანა პერიოდულად ივიწყებს დუმუზის და დასაღუპავად გასწირავს მას, რათა მერე იხსნას ქვესკნელიდან და კვლავ შეიყვაროს. ასეთია მისი ბუნება, რაც გამოხატავს დინასტიათა ბედის ცვალებადობას. მაგრამ სარიპულის ბარელიეფზე სხვა რამ არის ნიშანდობლივი. თუმცა ერთი საუკუნის შემდეგ ლულუბელებმა შურისგება აღასრულეს თავიანთ ძველ მტერზე, მაგრამ ხელოვნებაში მარცხი განიცადეს: სარიპულის კლდეზე გამოკვეთილი ბარელიეფი ოდნავადაც ვერ უწევს მეტოქეობას ნარამსინის სტელას. აქ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ტლანქ, ბარბაროსულ ძალას, რომელიც მხოლოდ იმარჯვებს, თრგუნავს, მაგრამ ამის მიღმა არაფერს გულისხმობს. ლულუბელი მეფის ფიგურა იმეორებს ნარამსინის პოზას, მაგრამ მასში ვერ ვიგრძნობთ ნარამსინის დიდებულებას, ზესკნელისკენ სწრაფვას, რასაც ხელს უწყობს ბარელიეფის მთელი კომპოზიცია მრავალგვარად გამოხატული ვერტიკალებით. სარიპულის სცენაზე განივი ძლევს შვეულს. კვლავ ვუბრუნდებით ნარამსინის სტელას და შევნიშნავთ, რომ აქ იმის წინათგრძნობაც შეგვიძლია, რაც გამოსახული არ არის: კაცს, ნარამსინს, ჯერ არ დაუსრულებია სვლა, კაცმა კიდევ უნდა გადადგას ერთი ნაბიჯი, რომ ხელით შეწვდეს ვარსკვლავს, ცის თავანის გამომსახველს მის თავს ზემოთ. და თითქოს პასუხი გასცეს საუკუნო კითხვას, რომელიც ადამიანის დასაზღვრულ შესაძლებლობებს გულისხმობს: "რომელი მაღალი მისწვდება ზეცას?" ეს კითხვა, რომელიც აწვალებდა შუამდინარელი ადამიანის გონებას, პლასტიურ გამოხატულებას ჰპოვებს ამ ბარელიეფზე. ეს ძეგლი, ლულუბელთა ტომზე ძლევის ნიშნად რომ შეიქმნა, ამ წარმავალ ფაქტზე უფრო მეტს გვამცნობს. სტელა გვაუწყებს, რომ ნარამსინის პიროვნებაში კაცი გასცდა კაცობრივ საზღვარს, მან გაბედა და ღმერთის სახელი მიიკუთვნა - "ძლიერი ნარამსინი, ღმერთი აქადისა, მეფე სამყაროს ოთხივე კუთხისა" (ასეთია მისი ტიტულატურა). ამ სიტყვიერი ტექსტით გაცემულია პასუხი ჩვენი ეპიგრაფის მეორე სტრიქონზე "რომელი ფართო დაფარავს მიწას?", რადგან ძველი წარმოდგენით სამყაროს ოთხი კუთხე აქვს. ამგვარი უნდა ყოფილიყო გაღვთაებრივებული მეფის განზომილება, როგორც ინანა ჰპირდება გვიანი შუმერის ერთ მბრძანებელს: "სამყაროს კიდემდე სამარადისოდ გაგაფართოვებ". შემდეგ ვნახავთ, რა ბედი ეწია ნარამსინის პიროვნებას მომდევნო საუკუნეებში შუმერი ხალხის ცნობიერებაში, რომელთაც მისი აღზევება უდიდეს ჰუბრისად ჩათვალეს. არ ეპატია მას ღმერთთან გატოლების განზრახვაც, ღმერთების ინსინიის, რქიანი მუზარადის, მიტაცება. მანამდე კი ვნახოთ, რა ბედი ეწია თავად მის სტელას, რომელიც სიპარში, მზის ქალაქის მთავარ ტაძარში დაიდგა, როგორც შესაწირავი. სტელა იმეორებს მასზე გამოსახული ადამიანის ბედს, როგორც ის გამოიკვეთა ისტორიულ პერსპექტივაში. ნარამსინმა თავისი გამარჯვების მაუწყებელი ძეგლი მზის ღმერთს დაუდგა სიპარში, "მარადიულ ქალაქში", რომელსაც ერთი აქადური ეპოსის თანახმად, "წარღვნის ნიაღვარი არ შეხებია", და იდგა იქ თორმეტი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე ელამის მეფემ არ დააქცია სიპარი მისი ტაძრითურთ და ძეგლი თავის სატახტოში, შუშანში, არ წაიღო ნადავლად. ამ ამბავს ელამური წარწერა გვამცნობს, რომელიც ირიბად არის წარწერილი მთის გამოსახულების გლუვ ზედაპირზე, რომლის წინაშეც დგას ნარამსინი. ტექსტი ამბობს: "ღმერთი ინშუშინაქი შემეწია, დავამხე სიპარი, ავიღე ნარამსინის ძეგლი, ელამში გავაგზავნე და იქ ჩემი ღმერთის, ინშუშინაქის, წინაშე დავდგი". ცხადია, ნარამსინის სტელა სრულებითაც არ იყო იმისათვის დამზადებული, რომ ზედ ელამური წარწერა გაკეთებულიყო, ან რა იყო შუშანი და ვინ იყო ნარამსინისთვის ინშუშინაქი? და აი, ამ შუშანის ანუ სუზის ნანგრევებში აღმოჩნდა ეს ძეგლი გასული საუკუნის დამლევს. ეს ის სუზაა, სადაც ალექსანდრე მაკედონელმა გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა ათი ათას ელინ მებრძოლს, რომელთანაც ათი ათასი სპარსელი ქალწული შეაუღლა, რითაც სიმბოლურად გამოხატა დასავლურ-აღმოსავლური კულტურების სინთეზი - ელინისტური ხანის დაგვირგვინება. მანვე, ალექსანდრემ, სუზადან დააბრუნა ქსერქსეს მიერ ათენიდან გატაცებული ბერძენი ღმერთების ქანდაკებები. სად იყო ამ დროს ნარამსინის ძეგლი? ის ალბათ დიდიხნის დაქცეული ტაძრის ნანგრევებში ემარხა და ჩვენი დროის არქეოლოგს ელოდა. 636 წელ (ძვ.წ.) აშურის მეფემ აშურბანიპალმა გაანადგურა სუზა და ელამის ღმერთები ბაბილონში ტყვედ წაასხა. ამ დროისათვის სადღაც ღრმად, ნანგრევებში ეგდო გამარჯვების ძეგლი წუთისოფლის წარმავლობისა და ცვალებადობის უჩინარ დასტურად. ჰქონიათ თავისი ბედი ძეგლებსაც! ჭაბუკი ალექსანდრე ვეღარ იხილავდა მას ძველ შუშანში ელამელთა ღვთაების ინშუშინაქის ტაძარში. რადგან იმ ხანად აღარ არსებობდა ეს ტაძარი. მაგრამ ალექსანდრეს მოუხდა ტრიუმფალური გავლა გზისა იმავე მთებში, როცა მსოფლიოს საბატონოდ იყო გასული. შეგვიძლია ნარამსინის ადგილას ამ ძეგლზე ჭაბუკი ალექსანდრეს ბედი ამოვიკითხოთ. ალექსანდრეს ჰქონდა შემთხვევა შეტაკებოდა იმ ტომენს, რომელთაც ნარამსინი ებრძოდა და ამარცხებდა. ლულუბელები, კუთიელები, ქაშიელები ჯერ კიდევ ბინადრობდნენ იმ მთებში, რომელთაგან ერთ-ერთი გამოსახულია ძეგლზე სამყაროს შუაგულად. ბერძნული წყაროები მოგვითხრობენ, რომ ალექსანდრე შეჭრილა ლურისტანის მთიანეთში და ქვეყნის სიღრმეში დევნიდა კაშიელებს (ბერძნ. კოსსაი). არიანეს წიგნში "ალექსანდრეს ლაშქრობა" ვკითხულობთ: "მაშინ გაოლაშქრა მან კოსეების, უქსიების მეომარი მეზობლების წინააღმდეგ. ცხოვრობენ კოსეები მთის სოფლებში, რომლებიც მიუდგომელ ადგილებშია გაშენებული. როცა მტერი მიუახლოვდება მათ, ისინი თავს აფარებენ მაღალ მწვერვალებს, და ჯარი ვერაფერს აწყობს მასთან...ალექსანდრემ გაანადგურა ეს ტომი, თუმცა ზამთარში მოუხდა ლაშქრობა. მისთვის ხელი არ შეუშლია არც ზამთარს, არც უგზოობას..." აღმოსავლეთში ალექსანდრე "ორრქიანად" არის ცნობილი, მაგრამ დასავლეთი არ იცნობს (ან არ ცნობს) ამ ეპითეტს. საცნაურია მისი მსგავსება ძეგლზე გამოსახულ ნარამსინთან არა მხოლოდ რქებით - რქიანი მუზარადით, რომელსაც, აღმოსავლური გადმოცემით, ალექსანდრე ატარებდა, - არამედ ბედისწერითაც. პლუტარქეს შეეძლო დაეწერა მათი პარალელური ბიოგრაფიები, ნარამსინის არსებობა რომ სცოდნოდა. "პარალელურ ბიოგრაფიებში" ალექსანდრე მაქედონელი იულიუს კეისართან არის დაწყვილებული, თუმცა მათი შედარებითი დახასიათება ავტორს არ მოუცია. არ არის ცხადი, რას ემყარებოდა პლუტარქე მათი დაწყვილებისას. მაკედონელი ალექსანდრე კი ნამდვილად იჩენს მსგავსებას აქადელ ნარამსინთან, მათი "სინკრისისი" შეიძლება შემდეგ ისტორიულ ფაქტებს დაეფუძნოს: ორივე მბრძანებელი აღძრული იყო მსოფლიო ბატონობისკენ ლტოლვით, რასაც წინ ედგა, როგორც ცაუსა ფინალის, ერთიანი კაცობრიობის იდეა. სუზაში მომხდარი ქორწილი ამ უნივერსალობის, გახლეჩილი დასავლურ-აღმოსავლური სამყაროების კვლავ ერთ სხეულად შეკვრის, მისი გამთლიანების სიმბოლური ნიშანი იყო. თუმცა ნარამსინს არ ჰქონია ასეთი მასშტაბი, ასეთ სივრცეზე არ გაშლილა მისი მოღვაწეობა, მაგრამ არსი ერთი იყო. ნარამსინის დაპყრობების შედეგად მთელს ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა ენა და კულტურა ახლადჩენილი ერთ-ერთი სემური მოდგმის ხალხისა, რომელსაც სახელი ერთი უჩინო ქალაქის, აქადის მიხედვით, ეწოდა. ეს ენა ადგილს იკავებს შუმერული ენისა და კულტურის გვერდით და მერე ერწყმის მას, რათა შუამდინარული სინთეზური ცივილიზაცია შექმნილიყო. ამ სინთეზში ჩვენ შეიძლება დავინახოთ იმ მოვლენის ანალოგი, რომელსაც ალექსანდრეს ლაშქრობებმა დაუდეს სათავე - ეს იყო ელინიზმი. შუამდინარეთსაც ჰქონდა თავისი "ელინიზმი", რომელსაც შეიძლება "შუმერიზმი" ვუწოდოთ. ნარამსინის ტიტულში "მეფე სამყაროს ოთხივე კუთხისა" პირველად მსოფლიო ისტორიაში ჰპოვა სიტყვიერი გამოხატულება მსოფლიო ერთიანობის იდეამ. ამ ტიტულის მფლობელისათვის ეს შეიძლება რეალურიც ყოფილიყო, რადგან მასში იგულისხმებოდა იმდროისათვის ცნობილი მსოფლიოს დასახლებულ ნაწილი - ოიკომენა, რომლის მითოგეოგრაფიული სახელწოდება გეოპოლიტიკური მითოლოგემის შემცველია: შუამდინარეთის იმპერია, რომელიც დააარსა სარგონ აქადელმა (2369-2314 წწ. ქრისტემდე), ვრცელდებოდა "მზის აღმოსავლეთის ზღვიდან მზის დასავლეთის ზღვამდე", ანუ დღევანდელი სპარსეთის ყურიდან ხმელთაშუა ზღვამდე. სარგონ აქადელმა, როგორც ერთ ტექსტშია ნათქვამი, ამ დასავლეთის ზღვაში განბანა იარაღი. ამ ფარგლებს გარეთ, ამ ზღვათა გაღმა, ყველაფერი მითოსურ სამყაროში ძევს, სააქაოს არ ეკუთვნის. როგორ გამოიყურება ორი სხვა კუთხე - კუთხე ჩრდილოეთისა და კუთხე სამხრეთისა? ჩრდილოეთი, ვიცით, ბარბაროსი მთიელების სამყოფელია, სამხრეთში კი უდაბნოა, საიდანაც გამუდმებით ხდება კვლავ და კვლავ სემური ტომების ინფილტრაცია ტიგროსისა და ევფრატის ნაყოფიერ ხეობაში. მსოფლიოს ოთხსავე კუთხის ბატონობას უბრალო მოკვდავი ვერ აღასრულებდა, ასევე, იდეალურ პლანში, გახლეჩილ, დაქუცმაცებულ მსოფლიოს ვერ გააერთიანებდა. ამ აქტის პრეტენზიის მქონე მეფე ღვთაების რანგში უნდა აღზევებულიყო. მსოფლიო ბატონობა, ფლობა მისი ერთიანი სხეულისა, ზეკაცურ ძალას მოითხოვს, ადამიანის აპოთეოზი მისი აუცილებელი პირობაა. ინდოელ გიმნოსოფისტს ეკითხება ალექსანდრე: "როგორ შეუძლია კაცს, რომ ღმერთი გახდეს?", ბრძენი პასუხობს მარტივად, აღმოსავლელ ბრძენთა წესისამებრ: "თუ ისეთ რასმე მოიმოქმედებს, რისი ქმნაც კაცის შესაძლებლობებს აღემატება". ალექსანდრემ იგულისხმა, რომ ის უკვე გასცდა კაცებრივ შესაძლებლობათა საზღვარს და, სწორედ ინდოეთიდან დაბრუნებულმა, აიძულა ელინთა ლაშქარი, ღვთისდარი პატივი მიეგოთ მისთვის. მხოლოდ მისმა თანამემამულე მაკედონელებმა უარყვეს ეს წინადადება. პლუტარქეს აქვს შემონახული ცნობა: სამშობლოსკენ მიმავალმა ალექსანდრემ გზა გაიმრუდა და ლიბიის უდაბნოში, სივას ოაზისში, ეწვია ეგვიპტელთა მზის ღმერთის ამონის სახელგანთქმულ ტაძარს. ქურუმი გამოგებებია მას და უმცნობებია მისთვის, რომ ამონი ესალმება მას, ვითარცა ძეს. ალექსანდრე მარტოდ-მარტო შესულა ტაძრის წმიდათა წმიდაში, როგორც ფარაონი, და სახეგაბრწყინებული გამოსულა გარეთ, როგორც მზიური ძე ამონისა. ამიერიდან ალექსანდრემ ზევს-ამონის ნიშანი მიიღო - ვერძის რქები, ანუ ის ნიშანი, რომლითაც გამოირჩეოდა სხვა ღმერთებისგან ამონი (მას გამოსახავდნენ ვერძის ან ვერძისთავიანი დაგრეხილრქებიანი კაცის სახით). პავსანია გვამცნობს, რომ არკადიის ქალაქ მეგაპოლისში ალექსანდრესათვის აგებული სასახლის მახლობლად ვერძის რქებიანი ამონის ქანდაკება მდგარა. ვერძის რქებით არის ალექსანდრე გამოხატული მონეტებზე. ოღონდ ვერძის დაგრეხილი რქები შეფარულია ჭაბუკი მეფის ხუჭუჭა თმაში. ეს დასავლური თავშეკავებაა. იმ ეპოქის დასავლეთმა არ აღიარა საბოლოოდ მეფის ღვთაებრივობა (ამ იდეოლოგიამ რომის იმპერატორთა ხანაში მიაღწია აპოგეას). ნარამსინსა და ალექსანდრეს ერთმანეთთან აახლოებს მზის ტაძართან მათი კავშირი და მის ორაკულთან (სამისნოსთან). ლიბიელთა ამონს შუამდინარეთში შეესაბამება მზის ღმერთი შამაში (შუმ. უთუ), რომელიც ორაკულების ღმერთადაც ითვლება. შემთხვევით არ მომხდარა, რომ ნარამსინმა თავისი გამარჯვების ძეგლი მზის ღმერთს შესწირა სიპარში, თუმცა მის სახელში იკითხება მთვარის (სინ), არა მზის ღმერთის სახელი (ამას თავისი მიზეზი აქვს, რის ახსნას აქ არ შევუდგებით). ეს ორი ღვთაება - შუამდინარული შამაში და ეგვიპტური ამონი, მიუხედავად არსობრივი ერთიანობისა, განასახიერებს ორ განსხვავებულ ცივილიზაციას. ისინი მათ ნიშნებს წარმოადგენენ. მაგრამ ისინი ასევე წარმოადგენენ ნიშნებს თანამიმდევრულ ასტრონომიული ეპოქებისა - ერთია ეპოქა კუროსი და მეორეა ეპოქა ვერძისა. შუამდინარეთის ცივილიზაცია აღბეჭდილი იყო კუროს ზოდიაკოს ნიშნით. ამ ეპოქაში დაუვალი (აღმავალი) მზე ანუ შოლ ინვიცთუს გაზაფხულის ბუნიობისას ამ თანავარსკვლავედს მიითვლიდა, შედიოდა კუროს სახლში. ამიტომაც ნარამსინის მუზარადს კუროს რქებია აქვს. შემდგომი ეპოქა, რომელიც დაახლ. ძვ.წ-ის მე-18 საუკუნიდან იწყება, ის ასტრონომიული ხანაა, როცა მზე გაზაფხულის ბუნიობისას ვერძის ზოდიაკოშია. ამ ხანის მზის ღვთაება ვერძის რქებით გამოისახება. ასეთია ამონი და მისი ძეც, ალექსანდრე, ვერძის რქებით არის გამოხატული. მისი გავრცელებული აღმოსავლური (მუსულმანურ სამყარომდე მოსული) სახელწოდებაა "ორრქიანი" (არაბ. ზუ-ლ-კარნაინი). თითქოს ალექსანდრეს ნარამსინის სახით ვხედავთ სხვა ეპოქაში, ვერძის ეპოქაში. ორივე მბრძანებელი ანგრევდა ძველს ახლის ასაშენებლად ძველის ნანგრევებზე. ორივე მბრძანებელი აფართოვებდა გეოფრაფიულ თვალსაწიერს, თავისი ბატონობის ქვეშ აქცევდა მისთვის მისაწვდომ ოიკუმენას. მათი დამანგრეველი ენერგია იმავე წყაროდან მოდის, საიდანაც შენების დაუცხრომელი წყურვილი. იმ დინასტიამ, რომელსაც ნარამსინი ეკუთვნოდა, ბოლო მოუღო შუმერის ქალაქ-სახელმწიფოთა წყობას, დაანგრია ძველი ტაძრები, ახალ ნიადაგზე დააფუძნა რა საკულტო ცხოვრება შუამდინარეთის მთელს ტერიტორიაზე. ალექსანდრემ ნიწასთან გაასწორა მიდიისა და სპარსეთის ქალაქები, რის სანაცვლოდ მან, გადმოცემის თანახმად, 12 ქალაქი დააფუძნა თავის სახელზე. ამ სახელს წყევლა კრულვით იხსენიებს ერთი სასანური ხანის ძეგლი: "მოვიდა ჯოჯოხეთის ნაშიერი, ავბედითი მწვალებელი, ბერძენი ისქანდერი და ცეცხლს მისცა საღმრთო წიგნები. მუსრი გაავლო დასტურებსა და დატვარებს, ჰერპატებსა და მობედებს, და ერანშაჰრის ბრძენებს და რჯულისკაცებს. შური და მტრობა დათესა ერანშაჰრის ბელადებს შორის, თავად კი ჯოჯოხეთში შთაინთქა". სხვა, მოგვიანო ავტორი წერს: "ძველ მეზღაპრეთ შეუთხზავთ, თითქოს ისქანდერს ირანის მიწაზე თორმეტი ქალაქი აეშენებინოს, ისქანდერიად წოდებული... მაგრამ უსაფუძვლოა ეს გადმოცემა, რადგან ისქანდერი დამანგრეველი იყო და არა აღმშენებელი..." ასევე, ძველცხოვრებამოშლილ შუმერის ცნობიერებას ნარამსინის პიროვნება შერჩა, როგორც დამანგრეველი ძალის განსახიერება. ერთ შუმერულ პოემაში, რომელიც დაიწერა აქადის დინასტიის დამხობის შემდეგ, ვკითხულობთ: "ქალაქთა მძარცველი ყაჩაღივით უზარმაზარი კიბე მიადგა ექურის ტაძარს, რათა ექური დიდი ხომალდივით დაენგრია, ვერცხლის საბადოსავით გამოენგრია, ლაჟვარდის მთასავით გამოეთხარა... ტაძრის წმიდათა წმიდა, სადაც დღის სინათლე არასოდეს შეუღწევია, მისმა ლაშქარმა თვალით იხილა; ღვთიური, საიდუმლო დაფები აქადელმა იხილა..." ჰეგელის სიტყვით, ალექსანდრე მაკედონელის ტიპის პიროვნებანი მოწოდებით მსოფლიო სულის ადეპტები არიან. მსოფლიო სული მათი უშუალო მოქმედებით ახორციელებს აქა ქმნადს. სწორედ ამის გამო მათი პიროვნება უსაზღვროდ ფართოვდება. მაგრამ როგორია მათი, როგორც კერძო პირთა, ბედი?ჰეგელისავე სიტყვით, მათი ბედი არ არის ბედნიერი, ის ტრაგიკულია. ტრაგიზმი ცხადდება არ მხოლოდ იმაში, რომ ალექსანდრე ნაადრევად იღუპება. ბოლოს და ბოლოს, ნაადრევი სიკვდილი ძველი ბერძნული თქმით არათუ ტრაგიკული, კურთხეულობის ნიშანია: "ვინც ღმერთებს უყვართ, ჭაბუკებად კვდებიან". აღმოსავლური მსოფლგანცდისათვის ეს გამოთქმა მეტისმეტად ოდიოზურია. იქ ღმერთების კურთხევა კაცთა მიმართ სწორედ საწინააღმდეგოში ცხადდება. იქ დღეგრძელობაა კურთხეულობის ნიშანი. "სიცოცხლე შორეულ დღეთა მიმართ მომანიჭე მე", ასე მიმართავენ ღმერთებს. ნარამსინის მეფობის წლები - ოცდაჩვიდმეტი მთლიანად ფარავს ალექსანდრეს სიცოცხლის წლებს, და ნაშთიც რჩება. აღმოსავლური წარმოდგენით, ალექსანდრეს ხანმოკლე სიცოცხლე სასჯელი უნდა ყოფილიყო იმ ყველაფრისათვის, რაც მან აღმოსავლეთში ჩაიდინა. თუმცა მოგვიანო ხანაში, როცა სპარსულ-მუსლიმურ ტრადიციაში ალექსანდრეს რეაბილიტაცია მოხდა, მისი ასაკი იმ ორი რქის გამო ორ ადამიანურ ასაკს გაუთანაბრეს. რაც შეეხება ნარამსინს, მას თავის აღმოსავლეთში მიეგო შუამდინარული ისტორიოსოფიიდან გამომდინარე დამსახურებული სასჯელი. მისმა პიროვნებამ შუმერულ ტრადიციაში მოიცვა მთელი დინასტია. ამგვარად გაფართოვდა მისი კერძო-ადამიანური მე. და, რაკი ეს დინასტია დაეცა, მიზეზი ამ დაცემისა მთლიანად ნარამსინს დაეკისრა. ნარამსინი არ ყოფილა დინასტიის უკანასკნელი მეფე, უკანასკნელი იყო შარ-ქალი-შარი, რომლის სახელი "მეფე ყოველთა მეფეთა" ნამდვილად ირონიულად ჟღერს, მაგრამ ის ტრაგიკულია. "მითოსურ ისტორიას" არ ახსოვს შარქალიშარი, არც აინტერსებს. მას სურს დაცემა იმ პიროვნებაში დაინახოს, რომელიც ერთ დროს მეტისმეტად აღზევებული იყო. ხოლო, სადაც აღზევებაა, იქ გაბუდაყება (ჰუბრისი) გარდაუვალია. ძველბაბილონურ ენაზე შემორჩენილია ლეგენდა ნარამსინზე, სადაც ნარამსინის დიდების აპოგეაში, სწორედ იმ მდგომარეობაში, როგორადაც ძეგლზეა გამოსახული, თავს იჩენს ჰუბრისი. მას შემდეგ, რაც ღმერთებმა ორაკულლზე უარი უთხრეს (რაც ავბედითი ნიშანი იყო), ნარამსინი რისხვით მიუბრუნდა იშთარს (ინანას) და გამომწვევად შეეკითხა: "განა ლომი ოდესმე დაგიდევს ორაკულს? განა მას უმკითხავნია ნადირის ღვიძლზე? განა შეჰკითხვია ოდესმე მგელი სისზმრის ამხსნელ დიაცს? მაშ, ყაჩაღივით ჩემი ნებისაებრ შევუდგები საქმეს". ნარამსინის ნება დაუპირისპირდა ღვთიურს. ხოლო ნარამსინი, მიუხედავად იმისა, რომ "აქადის ღმერთად"`იწოდებოდა, ადამიანი იყო. და ვინ მისცა მას "აქადის ღმერთობა", ვინ აღაზევა ის "შავთავიანებზე", ვინ განუვრცო მას საბატონო მიწა-წყალი "მზის ამოსავლეთიდან მზის დასავლეთამდე"? ვინ დაადგა ორრქიანი მუზარადი თავზე? ამ ინსინიებით იგი ხომ თავად ინანამ შემოსა და ახლა თავის მწყალობელს ეტოქება. "ჩემი ნებისაებრ შევუდგები საქმეს", ანუ ის ამბობს, რომ ღმერთები ნების საწინააღმდეგოდ შევუდგები საქმეს. თუ ღმერთი ნებას არ მრთავს, მე მაქვს ჩემი ნება. ეს განზრახვა, ეს სიტყვები, გამოხატავს იმ უკანასკნელ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადადგას მთისკენ ძეგლზე გამოსახულმა რქებიანმუზარადიანმა. ამიერიდან ძლიერი რქა, რომელიც მის თავს ამშვენებდა, ურჩობისა და ქედფიცხელობის რქად გადაიქცა და ის უსათუოდ უნდა მოსტეხოდა მას. თუ რქა, ერთი მხრივ, "ხსნის რქაა" (ფსალმ.17:3), მეორე მხრივ, მეტისმეტად ამაღლებული რქა, როგორც ამპარტავნების ნიშანი, შეუწყნარებელია ღვთისთვის (ფსალმ.74,6), რადგან უკეთურთა რქებს დალეწავს უფალი (ფსალმ. 74:11). ნუ მოგვეჩვენება უადგილოდ ან ანაქრონისტულად ფსალმუნების დამოწმება. ფსალმუნთა ჭეშმარიტება ყოველ ეპოქაში ჭეშმარიტებაა, რადგან ის უნივერსალურია. ერთადერთი ღმერთია, რომელიც აუმაღლებს ადამიანს რქას და იგივე მოამტვრევს მას. "ნუ აიმაღლებთ მაღლად რქათა თქვენთა...(რამეთუ) ყოველნი რქანი ცოდვილთანი შეიმუსრნენ..."(ფსალმ. 74:6...11). რაოდენ მაღალია აღზევება და ამაღლება რქისა, იმდენად ღრმაა დამხობა. რამდენადაც მაღლა ავიდა ნარამსინი, იმდენად დაბლა დაეშვა იგი, ძეგლზე ერთად არის ვარსკვლავებით დაგვირგვინებული მთა და უფსკრული. ნარამსინში განსახიერებული დინასტია დაამხო იმავე მთიანეთის ტომმა, რომლის ძლევას მიუძღვნა მან თავისი გამარჯვების სტელა. ქალაქი აქადი, საიდანაც აღზევდა სარგონის დინასტია, ისე დაემხო, რომ შუამდინარეთის მთელი ისტორიის მანძილზევეღარ გაიმართა წელში. მისი ადგილიც კი დღემდე მიუკვლეველია.
|