topmenu

 

ზ.კიკნაძე - აწყურის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


ზურაბ კიკნაძე

აწყურის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

(ისტორია და მითოსი)

მითოსი

"ახალ ქართლის ცხოვრებაში" სადაც მოთხრობილია ეპიზოდი უზუნ-ასანის მიერ მესხთა დარბევისა, ვკითხულობთ:  `ქორონიკონსა რჲდ (1476) კუალად შეიკრიბა ერი ურიცხჳ და წარმოემართა უზუნ-ასან ძალიტა დიდიდთა სამცხესა ზედა... მოვიდა სამცხეს და მერმე მოიწივნენ აწყუერს და მოსრნეს მრავალნი ქტრისტეანენი, მღდელნი და მონაზონნი და ერისკაცნი, და წარტყუევნნეს სრულიად სამცხე. აიყარა ყაენი და წარვიდა საყაენოსა თჳსსა და ტყუედ ჰყვეს ხატი აწყუერისა ღმრთისმშობელი, და წარიყვანეს ქუეყანასა მათსა. და იქმნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა. აღდგეს ყოველნი და შთავიდეს ქართლს, ვიდრემდის მწირობდენ მუნ შჳდ წელ" ("ქართლის ცხოვრება", II,478-479). რამდენიმე პერიოდის შემდეგ მეისტორიე უბრუნდება ხატის ამბავს (ხანი გასულია, უზუნ-ასანი აღარ არის ცოცხალი): "მაშინ ოდეს მოვიდეს უზუნ-ასან მძლავრითა ლაშქრითა და წარიყვანეს ხატი იგი აწყუერისა ღმრთისშობელი ქვეყანასა მას უცხოთესლთასა, ესევითარი რისხვა ღმრთისა მოავლინა: არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა და იქმნა დიდი გამოძიება მათ შორის უცხოსა ამისთჳს საქმისა და იტყოდეს: რაჲ-მე არს ესე?". რომელნიმე იტყოდეს: "შეცდომით იქმნა". ხოლო სხუანი სხუასაცა რასამე მიზეზსა მოიღებდეს. ხოლო უბრძნესსა კაცთა მის ქუეყანისათა ესრეთ თქუეს: "ოდეს-იგი საქართველოს ვილაშქრეთ, მაშინ ერთისა დიდისა საყდრიდაღმენ ფიცარი ერთი, შემკული მრავლითა პატივითა, ვიხილეთ და წარმოვიღეთ. და მგზავრობასა მას ჩუენსა უცხო სასწაული ვიხილეთ მისგან, რამეთუ მწუხრსა ჩავასუენით უღრმესსა ადგილსა ბარგისასა და, ვითარცა განთენდის, აღმოვიდის სიღრმისაგან და მაღლად მჯდომარე იხილვებოდის და ვითარცა მზე ბრწყინევდის. და საქმე ესე უეჭუელად მისგან იქმნა ქუეყანასა ჩუენსა და, თუ გნებავს განრინება ჭირისა მისგან, იგი მოვიძიოთ და ქუეყანასა მათსა განუტეოთ. მაშინ მოიძიეს წმიდა ესე ხატი და, ჰპოვეს რა, ესრეთ განიზრახეს: მოვედით და დავაკრათ კიცუსა უჴედსა და, უკეთუ წარვიდეს მართლიად გზასა თჳსსა, უწყოდეთ, რამეთუ ამისგან არს ყოველი. და უკეთუ მიიქციოს სხჳთკერძო, მაშინ შეხდომით რამე იქმნა და არა ამისგან" (ქართლის ცხოვრება II,480). როგორც ვხედავთ, რეალურ ისტორიულ თხრობაში შემოდის მითოსური პლანი, სახელდობრ, აწყურის ღვთისმშობლის ხატის სასწაულებრივი თავგადასავალი. გვეცნობა ძველი მითოსი ქვეყნიდან გაუჩინარებულ ღმერთზე. ქვეყანა, რომელიც დასტოვა ღმერთმა, მისმა პატრონმა, მოსთქვამს, გლოვობს და ეს გლოვა რიტუალურია. "კაცო, ვის გამო შექმნილხარ ასე? - ვკითხულობთ ერთ ბაბილონურ ტექსტში, - ადაპა, ვის გამო შემოსილხარ ძაძით?" "ჩვენი ქვეყნიდან ორი ღმერთი დაიკარგა, მათ გამო შევქმნილვარ ასე. მათ გამო შევმოსილვარ ძაძით". ძველი მითოსის მიხედვით, როცა ქვეყნიდან ღმერთი იკარგება, ქვეყანაში წყდება ნაყოფიერება, რადგან მასშია ნაყოფიერების გარანტია. ჩვენს თქმულებაში კი ხატი იმ ქვეყანას ართმევს ნაყოფიერებას, სადაც დატყვევებულია. მტერს მიაქვს ხატი, როგორც დოვლათი, მაგრამ ნაცვლად ქვეყნისათვის კეთილდღეობის მოტანისა, იგი უნაყოფობით სჯის ქვეყანას, რადგან ეს მტრული ქვეყანაა. ამგვარად ისჯება ფილისტიმელთა ქვეყანა იმის გამო, რომ მათ ქალაქებში იმყოფება ტყვედ წაყვანილი უფლის კიდობანი (1 მეფ.5:1-6). მესხნი სტოვებენ თავიანთ ქვეყანას, რომელიც შევედრებულია ღვთისმშობლის ხატს, და გადაიხვეწებიან უცხო მხარეში - ქართლში. მესხთათვის რომ ქართლი უცხო ქვეყანაა, ეს სავსებით შეესაბამება ფეოდალური ხანის ტომობრივ თვითშეგნებას. დაკარგულია ერთიანი საქართველოს განცდა. თუმცა ეს სხვა საკითხია. აქ ის არის საგულისხმო, რომ ხატდაკარგულ მესხებს ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ქვეყანა ხატის გარეშე, მათთვის ქვეყანა და ხატი ერთი მთლიანობაა. მათ აღარ დაედგომებათ იმ მიწაზე, რომელიც მოკლებულია ხატის მფარველობას. უფრო მეტი: უხატოდ დარჩენილი ქვეყანა ბნელმა მოიცვა. და ისინი სტოვებენ მას. ასევე ერთიანია და მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ისრაელიანთა რელიგიურ-ეროვნულ შეგნებაში მიწა და უფალი (იაჰვე). ეზეკიელის წიგნში ისრაელიანთა ბაბილონში გადასახლებას წინ უსწრებს უფლის მიერ ჯერ ტაძრისა და მერე მიწის დატოვება (ეზეკ.10:16-18). უტაძრო და უუფლო მიწა რელიგიურ საზრისს კარგავს და გამოუსადეგარია საცხოვრებლად რჩეული ერისათვის. ნიშანდობლივია, რომ მესხთა ექსორიობა და ხატის ტყვეობა შვიდ წელიწადს გრძელდება. "შვიდი", ეს რიცხვი ქანაანურ მითოსში გამოხატავს ნაყოფიერება-უნაყოფობის ერთმანეთის მონაცვლე პერიოდებს. აქ ლაპარაკია შვიდ უნაყოფო წელიწადზე, იმ პერიოდზე, რომლის განმავლობაში ნაყოფიერების ღვთაება გაუჩინარებულია. შვიდი ნაყოფიერი წელიწადის მეუფე არის ბაალი (უფალი), შვიდი უნაყოფოსი - მოთი (სიკვდილი). ასე, მესხეთში მეუფებს სიკვდილი, რამაც აიძულა მესხები მწირობის ქვეყანაში გადასახლებულიყვნენ. "მწირობდენ მუნ შჳდ წელს" - წერს მემატიანე და ამ სიტყვებით ის გამოთქვამს სავსებით მითოლოგიურ ჭეშმარიტებას, რომელიც თუ უნივერსალური არ არის, ყოველ შემთხვევაში, დამახასიათებელია ახლო აღმოსავლეთის საზოგადოებათა რელიგიური ცნობიერებისათვის. საქართველო კი ისტორიულ-კულტურულად მას ეკუთვნის. მესხთა "მწირობა" უცხო ქვეყანაში მხარს უბამს მათი სათაყვანებელი ხატის ტყვეობას უცხო ქვეყანაში. "მწირობა" აქ "ტყვეობის" ბადალია. როგორც "ტყვე", ისე "მწირი" ის ადამიანია, რომელიც მოშორებულია თავის ქვეყანას. მწირიც და ტყვეც უპირისპირდება "მკვიდრს". მესხები მკვიდრნი მხოლოდ მესხეთში შეიძლება ყოფილიყვნენ, ქართლი და საქართველოს სხვა ნებისმიერი მხარე მათთვის მწირობის ქვეყანაა. ასევე აწყურის ღვისმშობლის სამკვიდრო მესხეთია, სადაც ის ავლენს თავის კეთილისმყოფელ ძალას. უცხო ქვეყანაში მას უბედურება მოაქვს. შვიდი წლის თავზე, როცა უცხო ქვეყანა მიხვდება უნაყოფობის მიზეზს, აწყურის ხატს ათავისუფლებენ: ხატს დააკრავენ უხედნელ კვიცზე და გაუშვებენ. ასე იქცევიან ფილისტიმელები, რომლებსაც დიდი ზიანი მიადგათ მათ ქვეყანაში კიდობნის ტყვეობით. ისინი ხბორებიან მეწველ ძროხებს შეაბამენ ურემში, რომელზეც კიდობანია შედგმული. თუ ძროხებმა ხბორების ზმუილს არ ათხოვეს ყური და ისრაელის საზღვრისკენ გაეშურნენ, კიდობნის ბრალი ყოფილა ეს ზარალი. და ასეც მოხდა: ძროხები გაემართნენ ისრაელის საზღვრისკენ და გადალახეს საზღვარი (1 მეფ. 6:14). ცხადია, აწყურის ღვთისმშობლის თქმულების ამ ეპიზოდს არქეტიპად ბიბლიური ეპიზოდი უნდა ჰქონდეს, რომელმაც ქართულ ფოლკლორში ფართო გავრცელება ჰპოვა. საქართველოს ბევრ კუთხეში დადასტურებულია ანდრეზი მტრული ქვეყნიდან (სპარსეთი, ლეკეთი, ხორასანი...) თავდახსნილი ხატის დაბრუნებისა ხარის რქებზე ან ურემზე. ხატი ხელცარიელი არ ბრუნდება თავის წილხვდომილ ქვეყანაში. მეისტიორიე გვიამბობს, რომ მას თან დატვირთული ცხენები წამოყვნენ, "რომელთა ზურგები ჩადრეკილები დღესცა ჰქადაგებს მაშინდელსა სასწაულსა". სამცხეში შესვლისას მან სასწაულებრივი ელვარებით გაანათა მთელი სამცხე და იმ ადგილს სასწაულის აღსანიშნავად "ელავსი" ეწოდა. ნიშანდობლივია სამცხის მკვიდრთა სიტყვები, რომელთაც მათ მეისტორიე ათქმევინებს: "კურთხეულ არს მოსლვა შენი, დედაო სახიერისა ღმრთისაო, რასათჳს დაგჳტევენ ესოდენთა ჟამთა ბნელსა შინა, რომელთა შენ მიერ ვიხილეთ საღრმთო ნათელი ძისა შენისა?" ჩანს, იმ შვიდი წლის მანძილზე, სანამ ღვთიმშობლის ხატი ტყვეობაში იმყოფებოდა, სამცხე ბნელით იყო მოცული. მესხთა დაბრუნებას ქართლში მწირობიდან მეისტორიე კვლავ ბიბლიური სასწაულით გადმოგვცემს: ქართლის მეფე კონსტანტინე აკავებდა მათ, "ვითარცა იგი ოდესმე ფარაო ისრაელთა". იმართება ბრძოლა არადეთთან მესხთა წინამძღოლ ყვარყვარე ათაბაგსა და ქართლის მეფეს შორის. სასწაულებრივად ("რომლისა მსგავსი არა სადა სმენილ არს") იმარჯვებენ მესხნი და მშვიდობით ბრუნდებიან სამცხეში. აწყურის ხატის საქართველოში გამოჩენა წმ.ანდრია მოციქულის სახელთან არის დაკავშირებული. ანდრია მოციქულის საქართველოში "მიმოსვლის" მიხედვით, ამ ხატმა სასწაულებრივი ძალა პირველად დიდ-აჭარაში, "ქვეყანასა ქართლისასა" გამოაჩინა, როცა უწყლო ადგილას წყარო აღმოაცენა, ხოლო მეორედ - ქვრივი დედაკაცის გარდაცვლილი შვილის გაცოცხლებისას. მესამედ ხატის ძალა არტემისისა და აპოლონის კერპების დამხობაში გამოჩნდა. კერპების დამხობაც ბიბლიური მოდელის მიხედვით არის გადმოცემული. ამ ამბავში აშკარად იკითხება კვლავ უფლის კიდობნის არქეტიპული ქმედება, როცა მან, ფილისტიმელთა კერპის - დაგონის ტაძარში დამწყვდეულმა, დალეწა კერპი (1 მეფ.5:20-4). თხუთმეტი ასეული წლის შემდეგ, როგორც დავინახეთ, აწყურის ხატი კვლავ აჩენს, ამჯერად ტყვეობაში, თავის სასწაულმოქმედ ძალას. იქმნება ხატისა და ხალხის ერთიანი ისტორია. ხატი, ქვეყანა და მისი მოთაყვანე ხალხი ურღვევ კავშირშია მოაზრებული.

ისტორია

"პარიზის ქრონიკაში" რამდენჯერმე არის მოხსენებული აწყურის ღვთისმშობლის ხატის დატყვევება:

I. "ქორონიკონსა რ’ოდ იაღუბ-ყაენი მოვიდა, ახალციხე და აწყვერი აიღო. და აწყვერისა ღთისმშობელი დატყუევდა სეკდენბერს კე. ბატონმან მანუჩარ დაიხსნა". ეს მოხდა 1486 წელს.

II. "ქორონიკონსა ს’ლდ აწყურის ღთისმშობელი ტყუედ წაასუენა ციხისჯუარს იმერელმა მეფემ ბაგრატ~. ეს მოხდა 1546 წელს.

III.ამავე ქორონიკონსა (ს’მა) ციხისჯვარიდამ აწყურისა ღთისმშობელი ტყუედ წაასვენეს იმერითს". ეს მოხდა 1553 წელს. "მას ჟამსა, ოდეს ჟამთა ვითარებისაგან სამცხიდამე აწყურისა ღმრთისმშობლის საყმო აზნაურშვილი და გლეხი ჩუენს საბატონოში ჩამოსულიყვნეს და ღოღეთს დაესახლებინათ და, რაც ხატი და ჯვარი ყოფილიყო, თქუენს ტაზარში დაესვენებინათ და სამაწყუერლოს კაცს თქუენთუის ემსახურათ...

ვინ იცის და სოფლის საქმე ასრე მოჴდეს, რომე სათაბაგიშვილოს ქრისტიანე მეპატრონე გაუჩნდეს და აწყურისა ღმრთისმშობლის ჯუარი და ხატი თავის სამკციდროზედ მიასვენოს და მათი ყმა ასაყრელად მონდომოს, ვერავინ დაუჭიროს..."

შეწირულების წიგნი როსტომ მეფისა სვეტიცხოველისადმი, 1645 (ქართული სამართლის ძეგლები II, 1965, გვ.217).

 



მადლობას ვუხდით ბატონ ზ.კიკნაძეს მოწოდებული მასალებისთვის