topmenu

 

ქაშქები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

http://www.putkaradze.ge/qartvelebi/qartvelebi/links/1.2..htm

ქასქები/ქაშქები და აბეშლაელები - ძვ.წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთურ ლურსმულ წყაროებში, ასევე, ასურულ, ეგვიპტურ უგარიტულ ტექსტებში მოხსენიებულია ხალხი, რომელთა აღმნიშვნელი სახელი იყო: ქასქა, ქაშქა, გაშგა, კაშკა, კაშქა, ქაშკა; კაშკაშ (ეგვიპტ.), კაშკაია, კაშკა, კაშკუ (ასურ.); Ktkym (უგარიტ.)... ისინი ცხოვრობდნენ ხეთებისგან ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მოგვიანო ხანის ანატოლიაში (პონტოში). მკვლევართა ერთი ნაწილის (გ.მელიქიშვილი, ი.დუნაევსკაია, ი.დიაკონოვი, ა.კამენხუბერი, ვ.არძინბა, გ.ჩირიკბა) აზრით, ქასქების ენა ერთ-ერთი აფხაზურ-ადიღური ენაა (ტერმინის ფონეტიკური ვარიანტებისა და ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გრ.გიორგაძე, 2000, გვ.9-17). ასურული და ხეთური წყაროების ქაშქებ/ქასქების ერთ-ერთ სახელად (სინონიმად) მიჩნეულია ასურულ ლურსმულ ტექსტებში მოხსენიებული აბეშლაელები. მიუხედავად იმისა, აბეშლა და ქასქა სინონიმებად გამოცხადდება, თუ მონათესავე ტომებად (მსჯელობისათვის იხ.: გ.ქავთარაძე, 1985, გვ.125; გრ.გიორგაძე, 2002, გვ.113-121), ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია 30-40 საუკუნის წინანდელი და თანამედროვე ენების იგივეობაზე ლაპარაკი; შდრ., აგრეთვე, მაგ., მ.ქურდიანის აზრით, დაახლოებით 30 საუკუნის წინ არსებობდნენ ზანურენოვანი ხუბუშქიელები; ავტორის ვარაუდით, პარალელურად იყვნენ ქართულენოვანი აბაშებიც, რომელთა სახელიც შემონახულია ტოპონიმ აბაშას სახით (არადა, სწორედ დღევანდელი თუ ისტორიული აბაშელები მეტყველებენ ერთ-ერთ ზანურ დიალექტზე - ტ.ფ.); მისივე ვარაუდით, ხუბუშქიელები აბაშიდან ერთ-ერთი სამხედრო ექსპედიციის დროს ამიერკავკასიიდან გადასახლდნენ ვანის ტბის მიდამოებში; სალმანასარ III-სთან დამარცხების შემდეგ მათგან მხოლოდ "ქვეყნის სახელი და სამეფო დინასტია დარჩა" (მ.ქურდიანი, 2001, გვ.130-131)... მ.ქურდიანი ამ დასკვნებს აკეთებს ხუბუშქიას სათუო ეტიმოლოგიის მიხედვით; კერძოდ, მისი აზრით, საერთოქართველური (რესპ. ქართული) აბაშ- ფორმისგან წარმოიქმნა აბეშალ- და ზანური ხუბუშქ- ვარიანტი; აქ ლოგიკური ჩანს აბაშ- ფუძის დაკავშირება აბაზ- და აბეშალ- ფორმებთან (იხ.ქვემოთ). აქვე აღვნიშნავთ, რომ სპეციალისტთა დასკვნით, ხუბუშქიას მოსახლეობა ძირითადად ხურიტულენოვანი იყო... ივ.ჯავახიშვილის, პ.უშაკოვის და სხვათა აზრით, ქაშქები მერმინდელი კოლხების წინაპრები არიან; გრ.გიორგაძის ვარაუდით, ტომთა გაერთიანებანი ქასქები და აბეშლაელები მეგრულ-ლაზური წარმოშობისანი შეიძლება იყვნენ, რამდენადაც, ეთნონიმ მუშქშიც და სხვა ტოპონიმებშიც ხშირია სქ/სგ/შქ თანხმოვანთკომპლექსები, რომლებიც ზანურ-სვანური რიგის კომპლექსებია (გრ.გიორგაძე, 2000, გვ.16; გრ.გიორგაძე, 2002, გვ.121). პირველ რიგში, სავარაუდოა, რომ მოსხ-/მუშქ- ფუძეში გამოიყოფა -ხ- (>ქ კრებითობის გამომხატავი სუფიქსი. შესაძლოა, ქასქ - ფუძეშიც ვეძიოთ შეხორცებული უძველესი -ხ/-ქ მორფემა; შესაბამისად, ს-ქ (შ-ქ) ხომ არ არის მორფემათა ზღვარი (შდრ.: ქაშაგი "ტყვე" საბა; ყაბარდოელი - მ.ანდრონიკაშვილი)?; მეორეც, სქ/შქ კომპლექსი არ იკრძალება არც საერთოქართველურის, არც სამწიგნობრო ქართულის და არც სხვა ქართველური დიალექტების ფონემატური სტრუქტურით; ამდენად, მხოლოდ ამ კომპლექსის მიხედვით მსჯელობა გაჭირდება. უფრო ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ხათებისა და ხურიტების მონათესავე ქასქები, აბეშლაელები, ხუბუშქიელები, ურარტუელები... წინარექართველურ-კავკასიურ ტომთა აღმნიშვნელი სახელებია; ამ და სხვა ტომებისგან ძვ.წ. II-I ათასწლეულებში ჩამოიძერწნენ ქართველებიც, ჩერქეზებიც, ვაინახებიც და ლეკებიც... სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ ძველი წინააზიური ენების კვალი შთამბეჭდავია ქართველურშიც და სხვა იბერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ, ვაინახურ, დაღესტნურ) ენებშიც; ასევე, ძველ ეთნონიმებთან მასალობრივად ახლოს მყოფი ტერმინები დასტურდება როგორც ქართველური, ასევე ჩრდილოკავკასიური საზოგადოებების მიმართებით (ქაშაგი, აბაზა/ებზე...).