There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ქართველები>>>
ტ.ფუტკარაძე - ქართველები // გამ."ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი", 2005 წ., გვ.85-86, გვ.253-254.
http://www.putkaradze.ge/qartvelebi/qartvelebi/links/1.2..htm
ხათები - ძვ.წ. XXIII საუკუნიდან ათასი წლის მანძილზე ცენტრალურ ანატოლიაში (კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიაზე) არსებობდა ძლიერი ხათის სახელმწიფო (სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გრ.გიორგაძე, 2002). შუმერულისა და ხურიტულის მსგავსად, ხათური ენა ითვლება ერგატიული კონსტრუქციისა და აგლუტინაციური ტიპის ენად; სპეციალისტთა ვარაუდით, იგი ენათესავება თანამედროვე ქართველურ და აფხაზურ-ადიღურ ენებს (ქრ.გირბალი, ი.დუნაევსკაია, ვ.ივანოვი). ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ხათური, როგორც ოფიციალური ენა, შეცვალა მოსული ინდოევროპული ეთნოსის ენამ - ხეთურმა, მაგრამ ხათური ტომების ენა-კილოები დარჩა ყოველდღიურ გამოყენებაში და გარკვეული ტრანსფორმაციებით შემოგვენახა ქართველურ და სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებში სიღრმისეული დაფენების სახით.
შენიშვნა: ქართველურისა და ხურიტულის მსგავსად, ქართველურ-ხათური ნათესაური მიმართების კვლევას სერიოზული პერსპექტივა უჩანს (იხ.: არნ.ჩიქობავა, 1948; არნ.ჩიქობავა, 1950; შ.გაბესკირია, 2003; შდრ., გრ.გიორგაძე, 2002, გვ.90)...
ხათური და იბერიულ - კავკასიური:
http://www.putkaradze.ge/qartvelebi/qartvelebi/links/2.1.3..htm
ძვ.წ. XXIII საუკუნიდან ათასი წლის მანძილზე ცენტრალურ ანატოლიაში, მოგვიანო პერიოდების კაბადოკიის, პონტოს... ტერიტორიულ ველში (შდრ., სხვადასხვა დროის დედაქალაქთა სახელები: ხათუსა/ბოღაზქოი; მაზაკა/მასახა) არსებული ხათის ძლიერი სამეფოს სახელმწიფო ენა - ხათური ენა, შუმერულისა და ხურიტულის მსგავსად, ერგატიული კონსტრუქციისა და აგლუტინაციური ტიპის ენაა; სპეციალისტთა ერთი ნაწილის ვარაუდით, იგი ენათესავება თანამედროვე ქართველურ ენას (ქრ.გირბალი, რ.შმიდტ-ბრანდტი, შ.გაბესკირია...), მეორე ნაწილის აზრით კი - აფხაზურ-ადიღურ ენებს (ე.ფორერი, ი.დიაკონოვი, ვ.ივანოვი, ი.დუნაევსკაია, მ.ჩუხუა...).
კერძოდ: ჩერქეზულ-აფხაზურ-ადიღურ ენა-კილოებთან გენეტურ ნათესაობაზე მიუთითებს: ზმნის აგებულება, ერგატიული კონსტრუქცია და ზოგი მორფემის მსგავსება (ვ.ივანოვი; იხ., აგრეთვე, გრ.გიორგაძე, 2002). ქართველურ ენა-კილოებთან გენეტურ ნათესაობას ადასტურებს: ერგატიული კონსტრუქცია, მორფემათა იდენტურობა (მესამე პირის ნიშნები: ჰ, ს), კუთვნილება-წარმომავლობის -ელ სუფიქსი და ლა-/ლე- პრეფიქსი და მრავალრიცხოვანი ლექსიკური პარალელები; მაგ., 2002 წლის მაისში ქართველოლოგთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმზე ("ინტეგრაციისა და დეზინტეგრაციის პროცესები კავკასიაში") წაკითხულ მოხსენებაში: "ქართველურ-ანატოლიურ-ეგეოსური ენობრივი პარალელების საკითხისათვის" რობერტ შმიდტ-ბრანტმა, ქრ.გირბალის კვალად, ხათური წარმომავლობის სიტყვებად მიიჩნია დიდი, წვიმა, პური, ლაპარაკი, სმენა, ცხვარი, შავი, ცუვა - ძუ ("ცოლი") და სხვა; მისი აზრით, ხათური ენა კავშირშია საერთოქართველურ ენასთან. შდრ., ურარტული ღვთაება დიდუანი, ქართვ. დიდი და ხათური დიდი... წარმოდგენილ მასალას შდრ., აგრეთვე: ხათური ღვთაება არმა ქართველური – არმაზი და ბერძნული – ჰერმესი (ბერძნულ პანთეონში ჰერმესი წინარებერძნული - პელაზგური (?) სამყაროდანაა შეთვისებული). ხათურთან მიმართებით საყურადღებოა შ.გაბესკირიას მრავალწლიანი კვლევის შედეგები; მისი აზრით: ენობრივი, არქეოლოგიური, მითოლოგიური და ფოლკლორული მასალის გათვალისწინებით დგინდება, რომ "ხათები არიან ქართველთა წინაპრები და შესაბამისად, ხათური ენა არის წინარექართული ენა, რომელიც ასახულია ინდოევროპულ-ხეთურ ანუ ნესიტურად დაწერილ ტექსტებში" (შ.გაბესკირია, 1998, გვ.29); ხათების სახელი მომდინარეობს ქართი ფორმისგან (შ.გაბესკირია, 2003, გვ.35). ხათების მემკვიდრენი არიან ქაშქები, ამ უკანასკნელთ კი აფხაზურ-ადიღურ ხალხთანაც აკავშირებენ და კოლხებთანაც (იხ. გრ.გიორგაძე, 2000; გრ.გიორგაძე, 2002, გვ.95-106; (პრობლემის მიმოხილვისათვის იხ. გრ.გიორგაძე, 2002, გვ.89-93); შდრ.: ქასქები დიდი ხნის მანძილზე ეომებოდნენ მოსულ ხეთებს. ამავე ტერიტორიაზე წელთაღრიცხვათა მიჯნაზეც აქტიურად ჩანან ქართველური ტომები; შემთხვევითი არც ის ჩანს, რომ, ქართული ტრადიციით, კაბადოკიელი წმინდანები ქართველთა უახლოეს წინაპრებად მიიჩნევიან (იხ. ზ.გამსახურდია, 1991, გვ.37). დამოწმებულ ლიტერატურაში საყურადღებო არგუმენტებია წარმოდგენილი როგორც ხათური ენისა და ჩერქეზულის (რესპ. აფხაზურ-ადიღურის), ასევე ხათურისა და ქართველურის გენეტური სიახლოვის ასპექტით; ეს კი იძლევა საფუძველს, ვთქვათ: ხათური ენა ახლო მონათესავეა საერთო იბერიულ-კავკასიური კონტინუუმისა; იბერიელ-კავკასიელი ხალხის ენა-კილოები ხათურის პარალელურად არსებობდა და რამდენიმე ათეული ენის სახით დღემდეა შემონახული; შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ხათურთან საზიარო ენობრივ-ლექსიკური მოვლენები შემოგვინახა როგორც თანამედროვე ჩერქეზულ-აფხაზურ-ადიღურმა, ასევე ქართველურმა ენობრივმა სამყარომ.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. შ.გაბესკირია, 1998 - აკად. არნ.ჩიქობავა და ქართველური ენების ხეთურ (ნესიტურ) და ხათურ (პროტოხეთურ) ენებთან ურთიერთობის საკითხები; არნოლდ ჩიქობავას 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, თბ., 1998.
2. შ.გაბესკირია, 2003 - შ.გაბესკირია, ქართველთა თვითსახელის, საქართველოსა და მისი დედაქალაქების ძველ სახელწოდებათა და წინარექართული ენის ისტორიის საკითხისათვის; ქუთაისური საუბრები - X, სიმპოზიუმის მასალები, ქუთაისი, 2003.
3. გრ.გიორგაძე, 1985 - გრ.გიორგაძე, ხეთურ-არმაზული ტრიადები; მნათობი, 1985, N7.
4. გრ.გიორგაძე, 2000 - გრ.გიორგაძე, ხეთური და ასურული ლურსმული ტექსტების ქასკების (ქაშქების) და აბეშლაელების ეთნიკური წარმომავლობისათვის, ახალციხე, 2000.
5. გრ.გიორგაძე, 2002 - გრ.გიორგაძე, უძველესი ახლოაღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა, თბ., 2002.
6. ქრ.გირბალი, 1986 - Ch. Girbal, Beitrage zur Grammatik des Hattischen, Frankfurt am Main, 1986.
7. Hattiler, Hatti ve Hitit Dilleri Üzerine Bazı Düşünceler (ზოგიერთი მოსაზრება ხათების, ხათური და ხეთური ენების შესახებ), Acts of the 3 th İnternational Congress of Hittitology, Ankara, 1998, გვ. 223-231.
8. შ.გაბესკირია - ხეთური მასალის შესწავლის მნიშვნელობა ქართული ენის ისტორიისათვის, ა.ჩიქობავას საკითხავები XXI , 2010, გვ.21-23
9. შ.გაბესკირია - იბერიულ-კავკასიური ენების ხეთურთან და ურარტულთან მიმართების შესახებ", კავკასიოლოგთა პირველი საერთაშორისო კონგრესის მასალები, თბ., 2007, გვ.46-48
10. On the Etymology of HATTI and HATTUSA, Acts of the V th International Congress of Hittitology, Ankara, 2005, გვ. 345- 357.
|