topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

არმაზისხევი

<უკან დაბრუნება...<<<მცხეთა>>>


არმაზისხევი - ქ.დიღმელაშვილი

არქეოლოგიური, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის დასავლეთით, 2 კილომეტრზე, არმაზისხევისა და მდინარე მტკვრის შესართავთან, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ერთ-ერთ ტერასაზე. კომპლექსის ტერიტორიაზე გათხრილი სხვადასხვა ტიპის სამარხები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები ძირითადად ახ.წ. II-VIII სს. პერიოდით თარიღდება. არის ენეოლითისა (ობსიდიანის იარაღის სახელოსნოს ნაშთები) და ბრინჯაოს ხანის (ორმოსამარხი) ძეგლებიც. არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1937-41, 1943-46 წწ. გათხრები ჩაატარა ჯერ ენიმკის არმაზის ექსპედიციამ (ხელმძღვ.: ა.კალანდაძე), შემდეგ ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის არმაზის ჯგუფმა (ხელმძღვ.: ა.აფაქიძე), და ბოლოს იმავე ექსპედიციის არმაზისხევის რაზმმა (ხელმძღვ.: გ.ლომთათიძე). მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. არმაზისხევი II-III სს. ქართლის ერისთავთა და სპასპეტთა რეზიდენციას წარმოადგენდა. IV ს. მას მტრის შემოსევის შედეგად ნგრევა განუცდია, რის შემდეგაც, როგორც ჩანს, მან თავდაპირველი მნიშნველობა დაკარგა. მართალია აქ გაგრძელდა ცხოვრება, მაგრამ არა წინანდელი დიდებით და ინტენსივობით. 735 წ. მურვან ყრუს ლაშქრობის შემდეგ კი ეს ადგილი გაუდაბურდა.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

არმაზისხევის კომპლექსი მოიცავს: ერისთავთა აბანოს, ორსენაკიან ნაგებობას, ერთსენაკიან ნაგებობას, ”ზღურბლიან ნაგებობას“, გვიანი პერიოდის ორსენაკიან ნაგებობას, ერისთავთ II-IV სს. სამარხებს, ერისთავთა რანგის IV-V სს. სამარხებს, გვიანი პერიოდის ღარიბულ სამარხებს.აბანო ერისთავთა სასახლიდან ათიოდე მეტრის დაშორებით ახ.წ. II საუკუნეში აიგო. იგი მოქმედებდა IV საუკუნემდე, ვიდრე მტერმა არმაზისხევი არ დაანგრია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძველი ქართლის ტერიტორიაზე არაერთი აბანოა გათხრილი, მაგალითად არმაზციხე-ბაგინეთის, არმაზხევის, ძალისის, ბიჭვინთის, შუხუთის, ნოქალაქევის. მათგან ყველაზე ადრეულია არმაზისხევის აბანო, რომელიც რომაული აბანოების ტიპისაა. სწორედ ასეთი აბანოები იყო გავრცელებული მცირე აზიაში, სირიაში, სომხეთსა და საქართველოშიც. ეს აბანოები, ცხადია, განსხვავდება რომის დიდებული თერმებისაგან, მაგრამ პასუხობდნენ თავის პირდაპირ დანიშნულებას.

არმაზისხევის აბანო საოჯახო აბანოს წარმოადგენდა, აქ მხოლოდ პიტიახშები და მათი ოჯახის წევრები ბანაობდნენ და ისვენებდნენ. ისინი, როგორც წესი საბანაოდ შუადღით მიდიოდნენ. აბანო შედგება 5 განყოფილებისაგან: გასახდელისაგან, გასათბობისა და სამი საბანაო - ცივი, თბილი და ცხელი - განყოფილებისაგან. მობანავეები ჯერ ხის იატაკიან გასახდელში შედიოდნენ, აქ განიმოსებოდნენ და აქედან ცივი აბანოს გავლით ჯერ თბილ, ხოლო შემდეგ ცხელ განყოფილებაში ხვდებოდნენ. ცხელ აბანოს დასავლეთიდან ეკვროდა გასათბობი განყოფილება, რომლის ძირითადი დანიშნულება აბანოში ცხელი წყლისა და სითბოს უზრუნველყოფა იყო. გასათბობში შემოდიოდა არმაზისხევიდან მომავალი წყალსადენი მილი და საცეცხლურში შედიოდა. ამდენად აბანოს ცხელი წყალი აქედან მიეწოდებოდა. გასათბობშივე დატანებული იყო საკვამლე სარკმელი, რომლიდანაც საცეცხლურში დაგროვილი კვამლი გარეთ გადიოდა. გასათბობი განყოფილების აღმოსავლეთ კედელსა და ცხელი აბანოს შორის მდებარეობდა საცეცხლე განყოფილება, რომელშიც 5 საფეხურიანი კიბით ჩადიოდნენ. საცეცხლურში საალეა გამართული. სწორედ აქ შემოდიოდა სპილენძის მილი, რომელშიაც წყალი ცხელდებოდა და ცხელი წყლის აუზში შედიოდა. საცეცხლურის წინ დადებული იყო უნაგირის მსგავსი ლოდი, იმისთვის რომ შეშის მორები, თავდაღმა ჩაყუდებული ყოფილიყვნენ საცეცხლურში, სწრაფი წვისა და დიდი აალებისათვის. ცხელი აბანო ორსართულიანია, ქვედა სართული კალორიფერს წარმოადგენს ზედა კი საბანაო განყოფილება იყო. აუზი ორადაა გაყოფილი: ცხელი წყლის და ცივი წყლის აუზებად. აუზს წყალი რომ არ გასვლოდა, კედლები შელესილი გახლდათ  წყალგაუმტარი ხსნარით. ცხელი აუზი დაახლოებით 2850 ლიტრს იტევდა. ცხელი აბანოდან გადაინაცვლებდნენ თბილ აბანოში, სადაც ჩრდილოეთით ნახევარწრიული ნიშაა. შენობის ეს ნაწილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. თბილი წყლის აუზი 1000 ლიტრ წყალზე იყო გათვლილი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აუზი 1 მეტრის სიგანისა და სიგრძის ნაგებობა უნდა ყოფილიყო. ცხელი და თბილი აბანოს ქვეშ გამართული იყო ორგანყოფილებიანი გასათბობი განყოფილება - ჰიპოკაუსტი. თითოეულ მათგანში აგურის მრგვალი და ოთხკუთხა სვეტები - კალორიფერებია აღმართული. სვეტების აგურებით აგება აადვილებდა ცხელი და ცივი აბანოების დაქანებული იატაკის გამართვას. სვეტების მრგვალი აგურებით გამართვა განპირობებული იყო ცეცხლგამძლეობისა და გარსშემოდენილობის დიდი უნარით. აღსანიშნავია, რომ თბილი აბანოს კალორიფერლში უმეტესად ოთხკუთხა სვეტებია გამოყენებული. ეტყობა მშენებლები აქ ცხელი გაზების სწრაფ მოძრაობას აღარ აქცევდნენ ყურადღებას. ჰიპოკაუსტის ჭერთან, თითო საკვამლე კერამიკული მილია ჩაყოლებული. ეს საკვამლე ამომწოვი მილები ჰიპოკაუსტის ორივე განყოფილებაში ისეა განლაგებული, რომ ცხელი გაზები მის მთელ ჭერს მოსდებოდა და გაეხურებინა იგი. ცხელი ჰაერი კალორიფერიდან ცხელ აბანოში ადიოდა კედლებში დატანებული სწორკუთხა კრამიტის მილებითა და კერამიკული მილებით. ჰიპოკაუსტის თითოეულ სვეტზე დალაგებული იყო თიხის ოთხკუთხა ფილები, რომლებიც იმავე დროს ცხელი და თბილი აუზის იატაკს წარმოადგენდა. იატაკი სიგნინით ანუ ჰიდრავლიკური ხსნარით იყო გადალესილი, იმისთვის რომ აბანოდან წყალი ქვემოთ არ ჩასულიყო. თბილი აბანოდან გადიოდნენ ცივ აბანოში, სადაც უკვე გახურებული სხეულის გაგრილება და გაკაჟება ხდებოდა. აქვე ხშრად იკეთებდნენ მასაჟებს. ცივი აბანოს სამხრეთ ნაწილში აუზი იყო მოწყობილი და იქ სამსაფეხურიანი ქვის კიბეებით ჩადიოდნენ. აუზის იატაკი დაქანებულია და კუთხეებში დატანებულია წყლის გასასვლელი კერამიკული მილები. არქიტექტორს უზრუნია იმაზეც თუ სად დაიღვრებოდა ნაბანი წყალი. იგი ცხელი აბანოდან მოყოლებული, თბილისა და ცივ აბანოთა გავლით კარში მოწყობილ შემკრებ ღარში გაედინებოდა და შემდეგ ტრაპში იღვრებოდა. ტრაპი თავის მხრივ ასევე მოკალული გახლდათ. მის ქვემოთ გაკეთებული იყო წყალშემკრები ჭა, რომლიდანაც წყალი რუში მიედინებოდა. რუ თავად მოკალული იყო და მის ქვეშ სადრენაჟე ღორღი იყო გაშლილი. ეს იმისთვის, რომ თუ საკანალიზაციო რუდან წყალი გაჟონავდა, იგი სწრაფად დაიწრიტებოდა. კანალიზაცია უერთდებოდა კოლექტორს - ანუ ნაბანი წყლის შემკრებ აუზს, აქედან კი წყალი მდ.მტკვრისაკენ მიმავალ არხს უერთდებოდა. აბანო მარაგდებოდა ორი წყალსადენით. ერთი მათგანი სამხრეთიდან, არმაზისხევიდან, მოემართებოდა და საცეცხლე განყოფილებასთან ერთვოდა სადინარის მუხლს. არმაზის აბანოს სამხრეთის კელდებში დატანებული ჰქონდა ფანჯრები, რომლიდანაც მზის სხივები საბანაო განყოფილებაში იჭრებოდა. მთელი ნაგებობა კი გადახურული იყო კრამიტით. ”ზღურბლიანი ნაგებობა“ ნაწილობრივაა გამოვლენილი. დამხრობილია გრძივ ღერძზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.

ნაგებობის სენაკები ერთმანეთისგან გამოყოფილია კაპიტალური კედლით. აღმოსავლეთით მდებარე მეორე სენაკს ებმის სამი კედელი. პირველი და მეორე სენაკის საერთო სიგრძე 20,5 მეტრს უდრის, სიგანე -10 მეტრს. ნაგებობის კედლების სისქე არათანაბარია და 1-1,6 მეტრს შორის მერყეობს. ნაგებობის საძირკველი დაფუძნებულია ტერასაზე ვრცლად და სქლად დაფენილი ღორღნარსა და დელუვიონზე, რომელსაც ტერასული ალუვიონი უგია ძირს. კედლები შემორჩენილია ცოკოლის ხაზს ზემოთ, 0,5-0,95 მეტრ სიმაღლეზე. კედლები ამოყვანილია ჩვეულებრივი ნატეხი ქვითა და კირით. დასავლეთის, პირველი სენაკი თითქმის კვადრატული მოყვანილობისაა (შიდა სიგრძე - 7 მ; სიგანე - 6,75 მ). სენაკის ჩრდილო კედლის შუაში შემორჩენილია 1,53 მ სიგანის კარი, რომელსაც ორივე ამყოლი, ზედანი და ზღურბლი თლილი ქვისა ჰქონია. ზღურბლი წარმოადგენს რუხი ქვიშაქვის დიდსა და მასიურ, მშვენივრად გათლილ ფილაქვას. გარეთა, ჩრდილო ნაპირს გასწვრივ ზღურბლში ამოკვეთილია სწორი, დაბალი საფეხური. მის მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში ამოჭრილია ორი ტოლი და მრგვალი, ოდნავ ოვალური ფოსო. ფოსოები კარის ქუსლთა ჩასდგმელადაა გაკეთებული, რაც მოწმობს, რომ კარი ორფრთიანი ყოფილა. ზღურბლის მოპირდაპირე სამხრეთი კედლის შუაში დარჩენილია 5 მ სიფართე თავისუფალი არე, რომელშიც შესაძლოა, ამ სენაკის მეორე კარიც ყოფილიყო. ამავე სენაკში აღმოჩნდა სვეტისთავი და სვეტისძირი. მეორე სენაკი უფრო დიდია პირველზე (სიგრძე - 8,2 მ; სიგანე - 6,75 მ). ამ სენაკის კედლების მთლიანობა დარღვეულია, იმის გამო, რომ შენობის განადგურების შემდეგ სენაკში მრავლადაა გამართული სამარხები. ნაგებობა, კრამიტით იყო დახურული, სახურავის ნივნივები და იატაკი ხის ჰქონდა. ნაგებობა, IV ს. ხანძრის შედეგაა განადგურებული. ორსენაკიანი ნაგებობა იდგა აბანოს სამხრეთ-დასავლეთით, ორმოციოდე მეტრის მანძილზე. შემორჩენილია კედლების ქვედა წყობა. კედლები ნაგებია ნატეხი ქვით და კირხსნარით. ნაგებობა დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. იგი შედგება ორი არატოლი განყოფილებისაგან, რომელთაც მიჯნავს კაპიტალური კედელი, იმავე სისქისა, როგორიც გარეთა კედლებია. პირველი, აღმოსავლეთით მდებარე განყოფილება უფრო დიდია. მეორე განყოფილება სიმეტრიულადაა მიშენებული პირველზე, ისე, რომ მის აქეთ-იქით თითო მეტრი ცარიელი არე რჩება. არაფრის თქმა არ შეიძლება ნაგებობის სიმაღლის, გადახურვის, მისი თავდაპირველი სახისა და დანიშნულების შესახებ. ამ ნაგებობაში ჩადგმულია ერისთავთა პირველი და მეორე სამარხი. ისინი ერთმანეთის თანადროულია. არაა გამორიცხული, რომ ნაგებობა ან ერისთავთა სამარხებზე აშენებული სამლოცველო, ანდა დამცავი კედელი ყოფილიყო. ერთსენაკიანი ნაგებობა, რომლის დანიშნულება უცნობია, არმაზისხევის კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. შარაგზის ჩრდილოეთით 11 მეტრის დაშორებით. ნაგებობა ქვითკირისაა და ნატეხი ქვითაა ამოყვანილი. შემორჩენილია აღმოსავლეთის კედლის ქვედა ნაწილი, რომლის სიმაღლე 1,5 მ-ია, სიგრძე კი 8 მეტრს უდრის. შიგნით, სამხრეთის კედლის ახლოს აღმოჩნდა მცირე ნიშისებრი, სწორკუთხოვანი, აგრეთვე ქვითკირით ამოყვანილი ნაგებობის ნაშთი. შენობა კრამიტით იყო დახურული. გვიანი პერიოდის ორსენაკიანი ნაგებობა მდებარეობს უბნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ზღურბლიანი კედლის სამხრეთით, 27 მეტრის მანძილზე. ნაგებობა მოგრძოა და დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. მისი ძირითადი სენაკი ჩრდილოეთითაა და უფრო დიდია მეორეზე. კედლები შემორჩენილია საშუალოდ 2 მეტრის სიმაღლეზე. სენაკის ფართობი 3,6 კვმ უდრის. აღმოსავლეთი კედლიდან 1,5 მეტრის მანძილზე სენაკს აქვს გარდიგარდმო კედელი, რომელიც მცირე დერეფანს ქმნის. დერეფნიდან მთავარ ოთახში შესასვლელი კარი ყოფილა გაჭრილი. შემორჩენილია ოთხსაფეხურიანი ქვის კიბეც. უფრო დიდი კარი თუ სარკმელი ქონიდა დატანებული სენაკს დასავლეთ კედელშიც. სამხრეთ კედელში დატანებული კარით კი მცირე სენაკს უკავშირდება (ფართობი - 11,4 კვმ). მცირე სენაკის სამხრეთ კედელში დატანებულია 0,7 მეტრის სიმაღლის და 0,8 მეტრის სიგრძის თახჩა. სენაკის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან შემონახულია საკარე და კარიდან ჩამომავალი ქვის კიბის ერთი საფეხური. სამხრეთიდან და დასავლეთიდან ნაგებობაზე მიდგმულია უფრო გვიანდელი და თხელი კდლები. ნაგებობის თითოეულ სენაკში აღმოჩნდა ორ-ორი ქვისსამარხი, რომლებიც მჭიდროდ ეკვრის ერთი-მეორეს და სენაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მოთავსებული. ორივე დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. სამარხები ნაგებობის თანადროულია, თუმცა, მისი აგების შემდეგაა გამართული.

ერისთავთა II-IV სს. სამარხები 8 სამარხითაა წარმოდგენილი.

1. სამარხი №1 ნაგებია მოჟანგისფრო-რუხი ფილებისაგან. კედლებად თითო ფილაქვაა გამოყენებული, გარდა ჩრდილოეთი კედლისა, რომელიც რკინის სამაგრებით გადაბმული ორი ფილითაა შედგენილი. იატაკად გამოყენებულია ოთხი ფილაქვა, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმულია რკინის ბრტყელი სამაგრებით. სახურავი ბანური აქვს, ოთხი ფილით შედგენილი. სამარხი ორსენაკიანი ნაგებობაშია გამართული. მიჩნეულია ასპარუგ პიტიახშის სამარხად.

2. სამარხი №2-ის კედლებად თითო ფილაქვაა გამოყენებული. ფილაქვებს ნარიბანდები აქვს ამოჭრილი, რომლითაც ერთმანეთშია შედგმული კედლები. იატაკი ოთხი ფილაქვისაა. სამარხი ორფერდა გადახურვისაა. გამართულია სამარხი №1-ის სიახლოვეს, ორსენაკიან ნაგებობაში. სამარხი ერისთავთა ოჯახის ქალბატონის განსასვენებელია.

3.  სამარხი №3 ნაგებია მსხვილმარცვლოვანი, მომწვანო-მორუხო ქანის ფილაქვებით. ფილაქვების კიდეებში ნარიბანდებია ამოჭრილი. კუთხეები კირით იყო ამოლესილი სიმტკიცისათვის. ბანური ტიპის სახურავად გამოყენებული იყო სამი ფილაქვა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო რკინის წყვილ-წყვილი სამაგრებით. სამარხი ბერსუმა პიტიახშს ეკუთვნოდა.

4. სამარხი №6 მდებარეობს ბერსუმა პიტიახშის სამახრის სამხრეთით. სამარხი ორი ნაწილისგან შედგება. ქვედა ნაწილი მთლიანი ქვისგან არის გამოკვეთილი და წარმოადგენს სწორკუთხა პარალელოპიპედს. კოდვისას თუ გადატანისას, კედლები დაბზარვიათ, ამიტომ იმთავითვე რკინის სამაგრებით შეუკეთებიათ. ზედა ნაწილი, სახურავი, ასევე მთლიანი ქვისგან გამოჭრილი ბრტყელი ლოდია. სამარხში ზევახ პიტიახშის ოჯახის ქალბატონი იყო დაკრძალული.

5. სამარხი №7 სარკოფაგია. გაკეთებულია მონაცრისფრო-ყვითელი კარბონატული ქვიშაქვისაგან. სახურავის განივკვეთი ხუთკუთხედია. შიგნიდან ამოჭრილია კამარისებურად. სახურავის თავსა და ბოლოში დატოვებულია პრიზმული გამონაშვერები გადასაადგილებლად. მის ჩრდილო და სამხრეთ ნაპირებზე ამოჭრილია სწორკუთხოვანი ფოსოები, რკინის სამაგრებისათვის, რომლებითაც სახურავი სარკოფაგის ქვედა ნაწილთან მაგრდებოდა. სარკოფაგის ქვედა ნაწილის შიდა სივრცე და ზედა კონტურიც სწორკუთხოვნადაა გამოყვანილი. სარკოფაგი სერაფიტას განსასვენებლადაა მიჩნეული.

6. სამარხი №8 მდებარეობს №1 და 2 სამარხების აღმოსავლეთით. დამხრობილია დასავლეთიდან აღმოსავლეთით. კედლები ნაგებია ოთხი მასიური ფილაქვით, გადახურულია სამი ასეთივე ფილით. ტლანქი ნამუშევარია. ოთხივე კუთხეში აქვს ნარიბანდები. იატაკად დაგებული ქვს თითქმის კვადრატული ფილები. სამარხში დაკრძალული იყო ცოლ-ქმარი.

7. სამარხი №9 აგებულია მოცისფრო-ნაცრისფერი ქვიშაქვის ფილებით. დამხრობილია დასავლეთიდან-აღმოსავლეთით. სამარხის კედლები თითო მთლიანი ფილაქვაა, სახურავად ორი ასეთივე ფილაქვა იყო გამოყენებული. განივ კედლებში ამოჭრილია ნარიბანდები. ნაწიბურები კირით არის ამოვსებული. სამარხი 7-8 წლის ერისთავთა ოჯახის გოგონას ეკუთვნოდა.

8. სამარხი №18 მეცხრე სამარხი სამხრეთითაა გამართული. შედგენილია მოცისფრო-მონაცრისფრო ქვიშაქვის ფილებისაგან. სამარხის განივი კედლები ხუთკუთხედია, გრძივი კი ორ-ორი ფილისგანაა შედგენილი. სახურავი ორფერდაა. იატაკად დაგებულია ორი ფილაქვა. კედლებს ამოჭრილი აქვს ნარიბანდები. სამარხი გულმოდგინედ იყო შეკრული. სამარხი სავარაუდოდ ქალს ეკუთვნოდა.

IV-V სს. ერისთავთა რანგის სამარხები: სულ გამოვლენილია 12 ქვასამარხი, რომელთა კედლები შედგენილია თითო-თითო ქვიშაქვის ფილისაგან და გადახურული გახლდათ უმეტესად ორი ან სამი ასეთივე ქვით, ბანური გადახურვის პრინციპით. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა სამარხებს ორფერდა გადახურვაც ქონდათ. სამარხთა ნაწილი გაძარცვული გახლდათ. ამდენად, არმაზისხევის კომპლექსის ტერიტორიაზე გათხრილ სამარხთა და მიცვალებულთა დამხრობა ორივე ჯგუფში ერთნაირია - მეტწილად დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ან თავით დასავლეთისკენ. მიცვალებულები ძირითადად პირაღმა გაშოტილი იწვნენ. ბერსუმა პიტიახშის სამარხში დაფიქსირდა მეორედ დაკრძალვის შემთხვევა, პიტიახშის ძვლები ვერცხლის ლანგარზე იყო დალაგებული. ერისთავთა სამარხები ძირითადად ინდივიდუალურია, მეორე ჯგუფში კი არის კოლექტიური, საოჯახო სამარხები. ერისთავთა სამარხებში დაფიქსირდა ასევე მიცვალებულის ვერცხლისფეხებიან სარეცელზე დასვენების სამი შემთხვევა. IV ს. სამარხებში კი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა - მიცვალებულები აქ რკინის ლურსმნებით შეკრულ ხის კუბოებში ასვენია. ერისთავთა სამარხებში აღმოჩნდა: ერისთავთა ინსიგნიები (საზეიმო სატევრები, საბეჭდავი, სარტყელი, დიადემა), მონეტები, ვერცხლის ჭურჭელი (საღვინე სურები, ნაირნაირი სასმისები, დეკორატიული ლანგარი, პინაკები სკულპტურული გამოსახულებებით და სხვ.), მინის ჭურჭელი (მეტწილად სანელსაცხებლები), სამკაული (საშუბლე გვირგვინები, სამაჯურები, ყელსაკიდები, საწვივე რგოლები, აბზინდები, საყურეები, ბეჭდები, მძივები, საკიდები, კილიტები, საკინძები და სხვ.), თილისმა-ავგაროზები, მხედრისა და ცხენის აღკაზმულობის ნაწილები (ლაგამი, დეზები); წამოსასხამთა თუ ცხედრის საფართა ოქროს შემკულობა (კილიტები), ფეხსაცმლის ნაშთები, რკინის დანისპირები, სარკეები და სხვა პირსაფარეშო საგნები, თავსამკაულის ნაწილები და სხვ. IV ს. სამარხებში აღმოჩნდა მხოლოდ სამკაული (ოქროს საყურეები, მძივედი ყელსაბამები, დასახსრული და მძივედი სამაჯურები, ბეჭდები, ვერცხლისა და ბრინჯაოს აბზინდები და რკინის მშვილდსაკინძები, ერთი საავგაროზე მილაკი). ერისთავთა სამარხებში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი და მდიდრული ინვენტარი მაჩვენებელია იმდროინდელი აღმოსავლეთ ქართულ სამეფოს განვითარებული სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და მაღალი ეკონომიკური და კულტურული დონისა. II-IV სს. სამაროვანზე აღმოჩენილ ინსიგნიებზე, სამკაულზე, ზოგიერთ ვერცხლის ჭუეჭელსა და საფლავის ქვებზე ამოკვეთილია წარწერები. IV-VIII სს. სამაროვანი საშუალო და დაბალი სოციალური ფენების მასობრივი სასაფლაოა. სამარხები ნაგებია დაუდევრად, გაუთლელი ფილებით. გრძივი კედლები ხშირად ნატეხი ქვითა და თიხითაა ამოყვანილი. ყველა სამარხი დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ (აქა-იქ მცირე გადახრით), მიცვალებულები ასვენია თავით დასავლეთისაკენ, გულაღმა, ხელდაშვებული და გაშოტილი. ქვის სამარხები უმეტესად კოლექტიური, საოჯახო სამარხებია. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია სამკაული (სპილენძის, ბრინჯაოს, რკინის ღეროვანი და მშვილდური საკინძები, ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, აბზინდები, მძივები), ტანსაცმლის ლითონის ნაწილები და მინის ჭურჭელი. იშვიათად გვხვდება პატიოსანი თვლები და ძვირფასი ლითონი. იყო თითო-ოროლა რკინის დანისპირი, ორი ცალი არაბული მონეტა (VIII ს.), რკინის ლურსმნები.


გამოყენებული ლიტერატურა:

1.აბრამიშვილი გ. შარაგასის სტელა და ქართული კულტურის ისტორიის პრობლემები. ჟურნ. ნარკვევები. 9. თბ., 2004.

2.აფაქიძე ა., გობეჯიშვილი გ., კალანდაძე ა., ლომთათიძე გ. არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937-1946 წწ, განათხარის მიხედვით. მცხეთა. I. თბ., 1955.

3.აფაქიძე ა. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში. წ. 1. თბ., 1963.

4.აფაქიძე ა. არმაზისხევი. საქართველოს კულტურისა და ისტორიის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. თბ., 1990.

5.მელითაური კ. არმაზისხევის გვიანანტიკური ხანის აბანოს რეკონსტრუქცია. მცხეთა. 10. თბ., 1989.

6.ყაუხჩიშვილი ს. არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები. საქ. მეცნ. აკად. მოამბე. ტ.2, №1-2, 1941.

7.<წერეთელი გ., არმაზის ბილინგვა. „ენიმკის მოამბე“. ტ.13, 1942.

8.Церетели Г. В. Армазское письмо и проблема происхождения грузинского алфабита. «Эпиграфика Востока». Кн. 2-3, 1948-1949.

არმაზისხევი (მცხეთა), ბიბლიოგრაფია:

1. არმაზისხევი //ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. -თბ.,1990.-გვ.235-239. - აღწერილია მცხეთაში არმაზისხევის გათხრების დროს აღმოჩენილი სამარხები და სხვადასხვა ტიპის სამეურნეო ნაგებობები, კერძოდ: აბანო, ზღურბლიანი ნაგებობა, ერთი და ორ სენაკიანი ნაგებობა,მარანი. ერთვის გეგმა, გათბობის სისტემის დეტალი (ფოტო).

2. არმაზისხევის აბანო //საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.202. - ერისთავთა სამყოფელ-განსასვენებლის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებული არმაზისხევის აბანოს (II-IIIსს.) აღწერა.

3. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.-გვ.87. - ცნობები არმაზისხევის აბანოზე (II-III სს.)

4. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. -თბ., 1995. -გვ.31-32. - მოკლე ცნობები არმაზისხევის პიტიახშთა რეზიდენციიდან შემორჩენილი სასახლისა და აბანოს ნაშთების შესახებ.

5. ხიმშიაშვილი კ. არმაზისხევის ანტიკური ნაგებობანი //ლიტერატურა და ხელოვნება.-1993.-N3.-გვ.101-109. - ნაშრომში განხილულია 1937-1947 წწ. არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ არმაზისხევში გამოვლენილი ანტიკური პერიოდის ნაგებობათა ნაშთები.

6. თბილისი - მცხეთა //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია. - თბ., 1977. -გვ.11. - არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული სიძველენი; სასახლის ნაშთი, აბანო(II-III სს.), არამეული და ბერძნული წარწერები - მოკლე მიმოხილვა.

7. არმაზისხევი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.1. - თბ., 1975.-გვ.576. - ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანი-ქართლის მეფეთა ერისთავების(პიტიახშების) რეზიდენცია. 1937-1946 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგები (აღსანიშნავია: ოქროს სარტყელი, ოქროს ქარქაში, დიადემები, ყელსაბამები და სხვ; ბერძნული და არამეული წარწერები(არმაზის ბილინგვა; ცნობილნი გახდნენ იბერთა დიდი მეფე ქსეფარნუგი, ზევახ (ჯავახ) უფალი, ასპარუგ ერისთავი, ჯავახ მცირე, სერაფიტა, ბერსუმა პიტიახში და სხვ.).

8. Чубинашвили Н. Хандис.Проблема рельефа на примере одной группы грузинских стел последней четверти V века, VI и первой половины VII века. - Тб., 1972. -с.93-94 с табл. - В книге дается описание стелы VI века с рельефными изображениями.

9. Цицишвили И. Истоки грузинского зодчества .-Тб.,1956.-с.35. - Говорится о бане из плитняка и рванного камня, обнаруженного грузинским археологом А.Н. Каландадзе во время раскопок в 1937-1938 гг.

10. Мамукелашвили В. Татарашвили Г. Мцхета и его окрестности. -Тб.,1986.-с.32-34 с илл. - Путеводитель знакомит с археологическими памятниками, выявленными на участке Армазисхеви (остатки дворца Питиахшей, культовое сооружение, дворцовая баня, подземное водохранилище).

11. Квезерели копадзе Н. Военно-грузинская дорога. -Тб.,1967.-145 с. с илл. - Описание Питиахшских могильников в районе Армазисхеви.

12. Беридзе В. Древнегрузинская архитектура. -Тб.,1959.-с.3. - Упоминается крепость Армазисхеви, где находились , остатки сооружений комплекса резиденции Эриставов и развалины бани.

13. Беридзе В. Грузинская архитектура с древнейших времен до начала XX века. -Тб.,1967.-с.9-10; 29 с табл. - В книге изложены краткие сведения об остатках сооружений и гробниц комплекса резиденции Эриставов в Армазисхеви.

14. Арджеванидзе И. По военно-грузинской дороге // Военно-грузинская дорога.-Тб.,1954.-с.124-135. - Описание Армазисхевского Некрополя.

15. Апакидзе А., Гобеджишвили Г. и др. Археологические памятники Армазисхеви по раскопкам 1937-1946 гг.-Тб.,1958.-283 с. с илл.

16. Эпиграфические памятники //Апакидзе А. Города древней Грузии. - Тб., 1968. - с.194-237. - Расширофка десяти Армазисхевских надписей начиная с I-го века.

17. Амиранашвили Ш. История грузинского искусства. Т.I.-М.,1950.-с.84-87; 94. с илл.

18. Мшвениерадзе Д. Строительное дело в древней Грузии. - Тб., 1952. - с.38-42. - Автор дает оценку конструктивных особенностей бани и некрополя в Армазисхеви.

19. Шмерлинг Р. и др. Окрестности Тбилиси: Архитектурный путеводитель .-Тб.,1960.-с.7-8.