topmenu

 

სკანდის ეკლესიები

<უკან დაბრუნება

სკანდის სამი ეკლესია

ნანა ცინაძე

სკანდის ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფლის განაპირას, სასაფლაოზე სამი ტაძარია.

1.სასაფლაოს შესასვლელში მცირე  დარბაზული ეკლესიაა. ეკლესია დაზიანებულია, ჩამოქცეულია კამარა და საბჯენი თაღები (შერჩენილი საბჯენი თაღების ნაშთი).

ნაგებობა სამ საფეხურიან ცოკოლზე დგას. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შებრტყელებული აფსიდი აქვს, მის ცენტრში გაჭრილია ერთი პარალელურ-გვერდებიანი სარკმელი, რომლის ქვემოთ ორსავ მხარეს შეღრმავებული ნიშებია, სანახევროდ მიწით სავსე. აღმოსავლეთის ერთი სარკმლის გარდა, ტაძარში კიდევ ორი სარკმელია სამხრეთით და სამიც დასავლეთით, ორი გვედიგვერდ, ერთი კი მათ ზემოთ, თითქმის ფრონტონის წვერში. ამჟამად, ეკლესიას ერთი კარი აქვს დასავლეთით გაჭრილი. ეკლესია ნაგებია ნატეხი რიყის ქვისგან, კონსტრუქციულ ადგილებში გამოუყენებიათ გათლილი ქვიშა-ქვა. ეკლესია მოპირკეთებული ყოფილა კარგად გათლილი ქვიშა-ქვის კვადრებით. ამჟამად, პერანგი მთლიანად შემოცლილი აქვს, კარგად ჩანს დუღაბში რეგულარულად განლაგებული რიგების კვალი. მთლიანი წყობიდან მხოლოდ რამდენიმე ქვაა შემორჩენილი. ეკლესიის შიგნით რიყის ქვის წყობა დაფარული იყო თხელი კირ-ხსნარის ნალესობით. შერჩენილია გვიანი მოხატულობის კვალი. ეკლესიის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, არ ვიცით ვისი სახელობის ან როდის აშენდა ეს დიდებული ნაგებობა, მაგრამ თუ კი გადავხედავთ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, შეიძლება ეს ეკლესია XIV საუკუნის ნაგებობად მივიჩნიოთ. უახლოეს პარალელად გუდარეხის ზუსტად დათარიღებული ძეგლი გვესახება. თვალსაჩინოა სამი სარკმლის კომპოზიცია დასავლეთ ფასადზე და აფსიდში ღრმა ნიშები. სამშენებლო თვალსაზრისითაც იგი ამ ეპოქის ძეგლი უნდა იყოს, ოსტატი ჯერ კიდევ იყენებს გათლილი ქვის წყობას პერანგში და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ნაწილი რიყის ქვით ამოჰყავს მაინც ახერხებს წესრიგის დაცვას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დუღაბი იმდენად მტკიცეა, პერანგშემოცლილი კედლები არ ჩამოშლილა.

2.მცირე დარბაზული ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დიდი გუმბათიანი ეკლესიაა. სავარაუდოდ, მთავარანგელოზის სახელობისა უნდა იყოს 1900 წელს აშენებული ოსტატ ესტატე ასლანიდის მიერ. ეკლესია შვერილ-აფსიდიანია და ერთ საფეხურიან ცოკოლზე დგას, მაგებია ნატეხი ქვისან, თაღები, ბურჯები და ოთხივე ფასადი მთლიანად მოპირკეთებულია კარგად გათლილი ყვითელი, საშუალო ზომის კვადრებით. სანახევროდ ჩამოშლილი გუმბათი ემყარება აღმოსავლეთით კედლის შვერილებს, დასავლეთით კი ორ რვაწახნაგა სვეტს. თავისი მხატვრული გადაწყვეტით გუმბათი არც სივრცის გადაწყვეტაში და არც გარედან არ წარმოადგენდა დომინანტს, რადგან თავისი გარშემოწერილობით ვიწროა, თუმცა ხუროთმოძღვარს მასში მაინც გაუჭრია ტრადიციულად რვა სარკმელი. ჩამონგრევის შემდეგ ჩანს, რომ კონსტრუქციული გათვლით ყელში ჩალაგებული ყოფილა ერთნაირი ფორმისა და ზომის თიხის დოქები, ასეთივე დოქები იყო ჩალაგებული კონქის წყობაშიც. შესაძლოა აქ, გარდა კონსტრუქციული გათვლისა ვივარაუდოთ, რომ არქიტექტორს სურდა აკუსტიკურადაც გამართული ნაგებობა გამოსვლოდა. ტაძრის ძირითად კორპუსს დასავლეთით ებმის სამრეკლო, რომლის პირველი სართული დიდი ნახევარწრიული თაღით კარიბჭის ფუნქციის იყო. ამჟამად ჩამონგრეული მეორე სართული კი ღია ფანჩატური უნდა ყოფილიყო. ტაძარს სამივე მკლავში აქვს კარი, ინტერიერში გვაქვს ფართო-თაღიანი სარკმელები. ჩრდილოეთითა და სამხრეთით კარს ახლავს დეკორატიულად მოვლებული წვრილი ლილვები, რომელიც კარის ზემოთ შემოუყვება ჯვრის რელიეფს. ლილვები დაუყვება ასევე ყველა სარკმელს საპირედ. ტაძარში სხვა სამკობი ელემენტი არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით ინტერიერში ლურჯად შეღებილ სვეტის ბაზისებს. საინტერესო მოტივია გამოყენებული გუმბათის ძირში, იატაკზე დაუგიათ წრიული ფილა, რომელზედაც ამოკაწრულია რვაფოთლა ვარდული. საკურთხეველში გვაქვს სამი ნიში, ერთ-ერთი მათგანი გამშვენებული პირით შესაძლოა სახატედ გამოიყენებოდა. დანარჩენი ორი კი უშუალოდ ჩართული უნდა ყოფილიყვნენ საღვთისმსახურო რიტუალში. ერთ-ერთში აღმოჩნდა თიხის მილის კვალი. საფიქრებელია, მღვდელთმსახურის ხელ-საბანს წარმოადგენდა. ეკლესიაში ჩამონგრეულია კონქი, კამარები, გუმბათი. ნაგებობას დაუყვება ბზარები. 2010 წელს ტაძრის მონახულებისას დაგვხვდა ხარაჩოები, სარესტავრაციო სამუშაოებისთვის. თუმცა, ეს სამუშაოები არ ჩატარებულა, მოგვიანებით ხარაჩოები მოხსნეს და წაიღეს. სწორედ ხარაჩოების მოხსნა გახდა გუმბათის ჩამოშლის მიზეზი. ზოგადი სტილისტური ნიშნებით ეკლესია უცხოა იმდროინდელი ხუროთმოძღვრული ძეგლებისგან, თუმცა ეს გაუცხოება მხოლოდ სივრცის გადაწყვეტაზე შეინიშნება. შენების თვალსაზრისით კი ლილვები, კარის თავზე ჯვრის რელიეფი, იატაკის ფილა ვარდულით პარალელს პოულობს სკანდის მიმდებარე სოფლებში აშენებულ ტაძრებთან (რუფოთი, ალისუბანი). ასევე გაურკვეველია ისიც, ფუნქციონირებდა თუ არა ტაძარი, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას ამაზე არავითარი ცნობა არ გააჩნია.

3.გუმბათიანი ტაძრის აღმოსავლეთით, რამდენიმე მეტრში მცირე ზომის ნაგებობაა. პერანგშემოცლილი, მხოლოდ დუღაბიღა დგას. მძლავრი მცენარეული საფარის გამო ჭირს წყობის მიახლოებით გეგმის გაგება. სავარაუდოდ, ეკლესია მცირე დარბაზული ტიპისა უნდა ყოფილიყო. არ არის გამორიცხული საქმე გვქონდეს სამონასტრო დამხმარე ნაგებობასთან.