topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ქ.დიღმელაშვილი - თევზის ქრისტიანული სიმბოლოს საქართველოში გავრცელების საკითხისათვის (გემების მაგალითზე)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები//დიდი მცხეთის სახელმწიფო არქეოლოგიური მეზუემ - ნაკრძალი>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ქეთევან დიღმელაშვილი

დიდი მცხეთის არქეოლოგიურის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი

თევზის ქრისტიანული სიმბოლოს საქართველოში გავრცელების საკითხისათვის (გემების მაგალითზე)

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები. კრებული XXII. ქუთაისი, 2012. გვ.29-36.

ქრისტიანობის გავრცელების საკითხის კვლევისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მომცემია სიმბოლო, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პირველ ეტაპზე, მაშინ, როცა ახალი რელიგიის მიმდევრები იდევნებოდნენ, ერთგვარ რელიგიურ ენას წარმოადგენდა. ამ თვალსაზრისით, ქრისტიანულ სიმბოლოებს შორის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი გახლდათ თევზის სიმბოლო. თევზის, როგორც ნაყოფიერების წარმართული სიმბოლოს არსებობის ფაქტორმა სხვადასხვა ხალხებში (მათ შორის საქართველოშიც, სადაც იგი ნაყოფიერების სიმბოლო იყო1) ერთგვარად უბიძგა ამ სიმბოლოს ქრისტიანულ რელიგიაში დამკვიდრებისაკენ, თუმცა, ამის უპირველესი მიზეზი მაინც მისი ბერძნული სახელწოდება და სახარება იყო. იესოს სასწაულებმა საფუძველი შეუქმნეს თევზის სიმბოლოს წარმოშობას, ხოლო მისმა ბერძნულმა სახელწოდებამ - ”ΙΧΘΥΣ” (”იესო ქრისტე ძე ღვთისა, მაცხოვარი”) - ხელი შეუწყო მის ფართოდ დამკვიდრებას2. თევზი ქრისტიანებისათვის რწმენის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. მას გამოსახავდნენ სარკოფაგებზე, კედლის მხატვრობაში, აკეთებდნენ პატარა გამოსახულებებს, რომლებსაც მკერდით ატარებდნენ [Уваров 2001: 180; Успенский 1997: 62]. ამ სიმბოლოს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გამოსახულება I ს. ბოლო - II ს. დასაწყისით დათარიღებულ ლუცინას კატაკომბაშია მოცემული [Wilpert 1903: ტაბ.27]. II საუკუნიდან თევზის სიმბოლო აქტიურ ხმარებაშია. ჩნდება მისი გამოსახულებიანი ბეჭდები, რომელთაც ქრისტიანები ატარებდნენ როგორც შემდგომში ჯვარს. რომაელი ავტორი ტერტულიანე (155/165-220/240 წწ.) წერს, რომ ნათლობის შემდეგ ადამიანები ქრისტიანული ხასიათის სამკაულს ატარებდნენ (ძირითადად ბეჭდების სახით). ა.ფონ ფრიკენს მოხმობილი აქვს II ს. სარდიონის ინტალიო, რომელზეც შვიდი ქრისტიანული სიმბოლოა გამოსახული და ერთი, მათ შორის, არის თევზი. აღნიშნული სიმბოლოს არსებობას უკვე II ს. ადასტურებს კლემენტი ალექსანდრიელიც (150/155-215/220 წწ.) [Фрикен 1877:89,98-100]. გარდა ქრისტეს სიმბოლური გამოხატულებისა, თევზს კიდევ რამდენიმე დატვირთვა ქონდა და თითოეული ეს მნიშვნელობა ისევე სახარებისეულ სიტყვებს ეფუძნებოდა. ის იყო მორწმუნეთა სიმბოლო, რაზეც ტერტულიანეც მიუთითებდა: ”ჩვენ თევზები ვართ, რომელთაც ΙΧΘΥΣ მიგვიძღვის, წყალში ვიბადებით და მხოლოდ წყალში ყოფნით გადავრჩებით” [Tertullien 1852:§1]. იმავე დროს, კალისტეს კატაკომბებში წარმოდგენილი თევზები, რომელთაც ზურგზე პურით სავსე კალათა უდგათ (მათ შორის ერთი ხუთი პურითაა წარმოდგენილი, ხოლო მეორე - ექვსით) ევქარისტიის სიმბოლოა და ქრისტეს სასწაულების გამომხატველი. სხვა მოსაზრება ჰქონდა ა. ფონ ფრიკენს, რომელიც თვლიდა, რომ ამ სიუჟეტში მსხვერპლად შეწირული ქრისტე უნდა დაგვენახა, რადგან თევზის ზურგზე გამოსახული ჭურჭელი იმ ჭურჭლის მსგავსი იყო, რომელშიც ღვინოს ასხამდნენ, ხოლო პური მოგვაგონებდა ებრაელების მიერ სპეციალურად გამომცხვარ წმინდანებისადმი მირთმეულ პურებს [Фрикен 1877:99]. სამარხებზე თევზის გამოსახულება აქ განსვენებულის ქრისტიანობაზე მიანიშნებდა (მაგრამ თუ კი თევზი სამარხი ქვის თავში იყო მოთავსებული, რომელსაც შემდეგ წარწერა მოსდევდა, იგი უკვე ქრისტეს გამოხატულებას წარმოადგენდა) [Уваров 2001:146,178]. ადრექრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული გახლდათ თევზი ღუზასთან ერთად ისე წარმოდგენილი, რომ მათი კავშირი ჯვარს ქმნიდა. ოდითგანვე ღუზა, თავისი დანიშნულების გამო, იმედის, რწმენისა და სიმტკიცის სიმბოლოდ აღიქმებოდა. ამიტომაც, ქრისტიანობაშიც იგივე მნიშვნელობით გადავიდა, მაგრამ, როცა მას თევზთან ერთად გამოსახავდნენ, ზოგადად ის ჯვარცმულ ქრისტეზე მიანიშნებდა [Tristan 1996: 88-89; Покровский 2000:35]. კონკრეტულად კი, იმისდა მიხედვით თუ რაზე გამოსახავდნენ ამ ორ სიმბოლოს, სხვადასხვა შინაარსს იძენდა. მაგალითად, ბეჭდებზე მათი გამოსახვა ქორწინებას ნიშნავდა, ხოლო სარკოფაგებზე აღიქმებოდა, როგორც ქრისტეში გადარჩენილი მორწმუნე [Уваров 2001:183; თინჰ 1995:98-99]. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ამ სიმბოლოსი იყო ღუზის თავისკენ პირშექცეული ფორმით მოცემული ორი თევზი. ბეჭდებზე წარმოდგენილი ეს სიუჟეტი რწმენის საფარქვეშ ქორწინების გამოხატულება იყო [Фрикен 1877:102]. აღნიშნული სიმბოლო, როგორც მეცნიერები მიუთითებენ, ახლო აღმოსავლეთში შეიქმნა. თუ კლემენტი ალექსანდრიელისა და ტერტულიანეს სიტყვებით ვიმსჯელებთ, ახ.წ. II ს. იგი უკვე ფართოდ გავრცელებული სიმბოლო გახლდათ. კონსტანტინე დიდის მეფობის შემდგომი პერიოდიდან ის თანდათან გაქრობას იწყებს, და IV ს. შემდგომ აღარ გვხვდება [Tinh 1995:98-99; სურგულაძე... 1981:741-744; ბიბილური 1983:51-52]. ქრისტიანებისთვის ამ სიმბოლოს აუცილებლობა და მნიშვნელობა იმდენად დიდი გახლდათ, რომ ისინი ყველაზე უფრო დიდხანს მის შინაარსს მალავდნენ. იმდენად დიდხანს, რომ ქრისტიანული სწავლების არც ერთი ავტორი IV საუკუნემდე არ იძლევა მის მთლიან ახსნას (რა თქმა უნდა, იმ ნაშრომების მიხედვით, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია) [Фрикен 1877:101; Уваров 2001:177; Успенский 1997:62; Покровский 2000:44-45]. არქეოლოგიური მასალის მიხედვით თევზი, როგორც ქრისტიანული სიმბოლო, საქართველოში გამოჩენას იწყებს ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან. ძირითადად, ესაა სხვადასხვა სამაროვანზე მოპოვებული გემა-ინტალიოები, რომლებიც თავისი გამოსახულების ტიპის მიხედვით შეგვიძლია ასე დავაჯგუფოთ3: 1.თევზი, 2.ორი თევზი ერთმანეთის პარალელურად მოცემული, 3.საკურთხეველზე დადებული თევზი, 4.ჯვრის ფორმის ღუზა, რომლის ღერძის ორივე მხარეს მისი თავისკენ პირშექცეული თითო თევზია გამოსახული. დღეისათვის ცნობილი თევზის გამოსახულებიანი გემების იმ 16 შემთხვევიდან, რომელზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდებოდა, ნაწილი წარმოადგენს ზუსტად განსაზღვრულ ქრისტიანულ სიმბოლოს, ხოლო ნაწილი - არა. ამათგან, ქრისტიანული საკრძალავი წესით დაკრძალულ მიცვალებულთა სამარხებში თევზის გამოსახულებიანი გემები აღმოჩნდა:

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

1. თევზი, წარმოდგენილი სარდიონის თვალზე მცხეთის №15 ქვაყუთში4 (III ს.) [ნიკოლაიშვილი... 2000] (სურ.1).

2. ორი თევზი ერთმანეთის პარალელურად მოცემული მინის თვალზე ციხისძირის №2 ორმოსამარხში5 (III-IV სს.) [ინაიშვილი 1993:86-88].

3. ერთ მხარეს მიმართული ორი თევზისა და ღუზის გამოსახულება წარმოდგენილი სარდიონის თვალზე სვეტიცხოვლის III ს. დათარიღებულ №17 თიხის ფილასამარხში6 (სურ.2) [სურგულაძე... 1981:741-744].

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ყველა დანარჩენ შემთხვევაში მეცნიერთა მოსაზრებები თევზის გამოსახულებიანი გემა-ინტალიოების ქრისტიანულ სიმბოლოდ მიჩნევისა ერთმანეთს არ ემთხვევა7, რისი მიზეზიც ამ სამარხების არაქრისტიანული საკრძალავი წესის - მიცვალებულთა პოზისა და სამარხეული ინვენტარის არსებობა გახლავთ. ასეთი შემთხვევები დადასტურებულია:

1.არმაზისხევის №2 კრამიტსამარხში8, რომელშიც აღმოჩენილ თევზის გამოსახულებიან ბეჭედს მ.ლორთქიფანიძე III ს. რომაულ ნაკეთობად მიიჩნევს [აფაქიძე... 1955: 129-130; ლორთქიფანიძე 1958:47-48],

2.სამთავროს №970 ქვაყუთში9 (სურ.3),

3.1938 წ. S №29 თიხის ფილასამარხში10 (სურ.4) [Максимова 1950: 259-260; ბიბილური 1983:165-166],

4.1939 წ. N24 ქვაყუთსა11, (სურ.5) [Максимова 1950: 243; ნიკოლაიშვილი... 2000] და

5.1939 წ. S №83 ქვაყუთში12 [Максимова 1950:256], რომლებშიც აღმოჩენილი ერთი თევზის გამოსახულებიანი სარდიონის გემები ზოგადად III ს. თარიღდება [აფაქიძე... 2001:27].

ანალოგიური ინტალიოები დადასტურებულია ყათლანიხევის №1 და №2 II-III სს. ორმოსამარხებში13, რომელთაგან პირველს II ს. ნახელავად მიიჩნევენ (სურ.6), ხოლო მეორეს - მ.ლორთქიფანიძე II-III სს. ათარიღებს (სურ.7) [ხახუტაიშვილი 1964:90-91]. ასეთივე გამოსახულების ინტალიოები აღმოჩენილია ურბნისის №55 და №109 სამარხებში, რომლებიც II-III სს. განეკუთვნება. მათგან №55 სამარხის გემა წარმოადგენს სარდიონის თვალზე ერთი თევზის გამოსახულებას, №109 სამარხიდან მომდინარე სარდიონის გემაზე კი ერთმანეთის თავშექცევით ორი თევზია მოცემული (სურ.8) [ჯავახიშვილი 1972:51,61]. აღნიშნულ სამარხებში მიცვალებულთა პოზა წინაქრისტიანული ან წარმართულია14, რის გამოც, დაზუსტებით იმის თქმა, რომ ეს გემა-ინტალიოები ქრისტიანული სიმბოლოების გამომხატველია, რთულია. მით უფრო, რომ ისინი მხოლოდ თითო თევზის გამოსახულებითაა წარმოდგენილი, რომლის სიუჟეტი წინაქრისტიანულ სამყაროშიც გავრცელებული გახლდათ [Фрикен 1877:103] და ხშირად აღიქმებოდა როგორც ზოდიაქოს ნიშნის გამოხატულებად. ნიშანდობლივია, რომ მ.მაქსიმოვამ დაუშვა შესაძლებლობა სწორედ ამ სემანტკის მატარებელი ყოფილიყო სამთავროს გემები. ხოლო ქ.ჯავახიშვილმა ზოდიაქოს ნიშნად მიიჩნია ურბნისის თევზის გამოსახულებიანი გემა-ინტალიოები, რომელთა ტარება თანავარსკვლავედთაგან მფარველობად აღიქმებოდა [Максимова 1950: ჯავახიშვილი 1972:8]. მაგრამ მიცვალებულთა პოზა ყოველთვის განმსაზღვრელი რომ ვერ იქნება ამ კონკრეტულ შემთხვევებში თევზის გამოსახულებიანი გემების სიმბოლური ხოლო, მეორე მხრივ, მიცვალებულთა რელიგიური კუთვნილებისა, ამაზე მიუთითებს ქართლის სამაროვნებზე დადასტურებული ოთხი შემთხვევა: სამთავროს სამაროვნის IV ს. I ნახევრის 1976 წ. N უბნის №71 ქვასამარხი15 (სურ.9) [მანჯგალაძე 1985: 45-46], 1939 წ. N უბნის №533 ორმოსამარხი16 (IV ს. დასაწყისი), ჟინვალის სამაროვნის №156 მიწაყრილიანი ორმოსამარხი17 [აფაქიძე... 1982:191-192; მანჯგალაძე 1985: 89-90; ჩიხლაძე 1999:79-80] და III ს. ურბნისის №183 სამარხი (სურ.10) [ჯავახიშვილი 1972:77]. ამ სამარხებიდან პირველ სამში აღმოჩენილია თითო-თითო სარდიონის გემა-ინტალიო ჯვრის ფორმის ღუზისა და მისი პირისკენ მიმართული ორი თევზის გამოსახულებით, ხოლო მეოთხეში - სარდიონის თვალი, საკურთხეველზე დადებული თევზის გამოსახულებით [ჯავახიშვილი 1972:77]. მიუხედავად იმისა, რომ სამთავროს ორივე სამარხში მიცვალებულები (სამარხები ინდივიდუალურია) დაკრძალულნი იყვნენ გულაღმა გაშოტილნი, მაგრამ თავით აღმოსავლეთისკენ18, ხოლო ჟინვალის სამარხში დედა-შვილი დაკრძალული იყო თავით დასავლეთით, მაგრამ გვერდზე და კიდურებმოხრილი, აღნიშნული გემები იმდენად აშკარა ქრისტიანული სიმბოლოს გამომხატველებია (როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ეს სიმბოლური სიუჟეტი ახ.წ. II ს. ახლო აღმოსავლეთში შექმნილად მოიაზრება და იგი წმინდად ქრისტიანული არსის მატარებელია), რომ მიცვალებულები ქრისტიანებად უნდა მივიჩნიოთ. იგივე უნდა ითქვას ურბნისის №183 სამარხის შემთხვევაშიც. მსგავსი სიუჟეტები ადრექრისტიანულ სიმბოლიკაში საკმაოდაა ცნობილი კატაკომბებიდან (მაგალითად, ტრაპეზზე დადებული თევზის სიუჟეტები, რომლებიც II-III სს. მიჯნით თარიღდება, მოცემულია კალისტეს კატაკომბაში [De Rossi 1867: tab.XV,XVI]), რაც კატაკომბების სიმბოლოებზე მომუშავე მკვლევართაგან ახსნილია, როგორც ევქარისტიის გამოხატულება [Фрикен 1877:113-115]. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს გემაც ქრისტიანულ სიმბოლოდ უნდა მივიჩნიოთ. თევზის გამოსახულებიანი გემების განხილვისას შევნიშნავდით კიდევ ერთ დეტალს, რის გამოც მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გემები ვერ ჩაითვლება ქრისტიანული სიმბოლოს გამომხატველად. ესაა აღნიშნულ სამარხებში სხვა ღვთაებათა გამოსახულებიანი ბეჭდების აღმოჩენის შემთხვევები. თვალშისაცემია ის, რომ ამ სამარხებში ღვთაებათა გამოსახულებიანი გემების არც თუ დიდი მრავალფეროვნებაა. დადასტურებულია მხოლოდ 4 შემთხვევა: ტიხე-ფორტუნას (სამთავროს სამარხი №29), ათენასა (სამთავროს სამარხი №83 და ურბნისის სამარხი №55) და რომელიღაც ქალ-ღვთაების (ურბნისის სამარხი №183) გამოსახულებიანი ინტალიოებისა. დანარჩენ შემთხვევაში კი ან ბერძნულენოვანი (სამთავროს სამარხი №970) და არამეული წარწერები (სამთავროს სამარხი №533), ან პურის თავთავების თუ ცისტოფორის (ჟინვალის №156 და არმაზისხევის №2 სამარხები) და ერთ შემთხვევაშიც სამი ადამიანის პროფილში მოცემული (მცხეთის სამარხი №15) გამოსახულებებია აღმოჩენილი [Максимова 1950: 256; ბიბილური 1983: 165-166; აფაქიძე... 2001:26-28; ლორთქიფანიძე 1958:45-47; მანჯგალაძე 1985:89-90; ჩიხლაძე 1977; ნიკოლაიშვილი... 2000]. რაც მთავარია, მათგან ნაწილი სწორედ იმ სამარხებშია დადასტურებული, რომლებშიც ორი თევზისა და ღუზის და საკურთხეველზე დადებული თევზის გამოსახულებიანი გემები აღმოჩნდა. ქრისტიანული სიმბოლოების გვერდით ბერძნულ-რომაული ან წარმართული რელიგიის სიმბოლოიანი ნივთების აღმოჩენა ქრისტიანობის გავრცელების პირველ ეტაპზე ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. განსაკუთრებით ეს ითქმის გემა-ინტალიოებიან ბეჭდებზე. როგორც ცნობილია, ძველ სამყაროში გემებს რამდენიმე დანიშნულება ჰქონდათ. მათ ერთ ნაწილს, მიაწერდნენ რა აპოტროფულ ძალას, ატარებდნენ როგორც ამულეტებს ავი თვალისა და ძალისაგან დასაცავად [Максимова 1950: 230]. ხოლო მეორე ნაწილს, გამოსახავდნენ რა მასზე ღვთაებებსა და მასთან დაკავშირებულ წმინდა არსებებს, ატარებდნენ ამ ღვთაებათა თაყვანცემისა და მფარველობის ნიშნად. ინტალიოების შემთხვევაში კი საქმე ეხებოდა პირველ რიგში საბეჭდავს ე.ი. ინსიგნიას და როგორც სამკაული მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობით იხმარებოდა. შესაბამისად, მასზე დატანილ გამოსახულებებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა [Максимова 1950:238]. ახ.წ. III ს. ქრისტიანი მოსახლეობა ბერძნულ-რომაულ, წარმართულ ღვთაებათა და მათ იპოსტაზურ გამოვლინებებს რომ ისევ მიმართავდა, ამაზე კლემენტი ალექსანდრიელის შენიშვნა მიუთითებს. იგი წერდა, რომ ქრისტიანებს შეეძლოთ გამოეყენებინათ საბეჭდავები, მხოლოდ იმ გამოსახულებებით, რომლებიც შეესაბამებოდნენ ქრისტიანულ სწავლებებს (ასეთები იყო თევზი, მტრედი, გაშლილი იალქნიანი ნავი, ღუზა, ზღვის ნაპირზე მდგარი მებადური და სხვა) [Clément d’Alexandrie 1846: III,11]. მიუხედავად იმისა, რომ იმ სამარხებში, რომელშიც თევზის გამოსახულებიანი გემები აღმოჩნდა, მიცვალებულთა დაკრძალვის წესი არაა წმინდად ქრისტიანული (რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ახ.წ. პირველ საუკუნეებში მკაცრად კანონიზებული ქრისტიანული დაკრძალვის წესები ჯერ კიდევ არ არსებობდა), აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავთ საქართველოს ტერიტორიაზე მიკვლეული თევზის გამოსახულებიანი გემების ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირს. აღნიშნული საკითხის შესწავლისას, ჩვენი ყურადღება მიიქცია იმანაც, რომ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, თევზის სიმბოლოიანი გემები საქართველოში ძირითადად ახ.წ. II საუკუნიდან ჩნდებიან ვიდრე IV ს. ბოლომდე. შესაბამისად, თევზის გამოსახულებიანი გემების გავრცელების ქრონოლოგიური ჩარჩოები საქართველოში მთლიანად ემთხვევა ქრისტიანულ სამყაროში ამავე სიმბოლოს გამოსახულებიანი გემების გავრცელების პერიოდს. ამდენად, ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული თევზის გამოსახულებიანი გემა-ინტალიოები, ვფიქრობთ, ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებულ სიმბოლოებად შეგვიძლია მოვიაზროთ, რომელიც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, იქამდე, ვიდრე ქრისტიანობა გაბატონებულ მდგომარეობას მოიპოვებდა, ფართოდ გავრცელებულ და ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ სიმბოლოს წარმოადგენდა მთელს ქრისტიანულ ”სამყაროში”. IV ს. შემდგომ, მას შემდეგ რაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა საქართველოში, ამ სიმბოლომ ბეჭდებიდან საკულტო ძეგლებზე გადაინაცვლა (ბიჭვინთის მოზაიკა, ანაკოფიისა და მრამბის ეკლესიები).

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. საქართველოში თევზის წარმართული სიმბოლო, როგორც ნაყოფიერების გამოხატულება, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანიდან ფიქსირდება, ამ პერიოდიდან თევზის გამოსახულებები გვხვდება როგორც სკულპტურული, ისე გრავირებული სახით. კოლხურ-იბერიულ კულტურაში მის არსებობაზე მეტყველებს კოლხური ცულების, სამთავროს ბრინჯაოს სარტყლის მორთულობები [ფანცხავა 1988:46]. თევზის კულტი დადასტურებულია ნიგვზიანის ძვ.წ. VII-VI სს. და ნარეკვავის ძვ.წ. XI-V სს. სამარხების ინვენტარშიც ბრინჯაოს თევზის საკიდების სახით [აფაქიძე 1999:13,90,113; აფაქიძე 2000:32,40; მიქელაძე 1985:85-92].

2. ამ სიმბოლოს მაცხოვართან კავშირის დამადასტურებელი ერთ-ერთი ნათელი გამოსახულება წარმოდგენილია რავენის წმინდა აპოლონიის ტაძრის VI ს. მოზაიკაზე, სადაც ქრისტეს თავთან გამოსახული ჯვრის ვერტიკალურ მკლავზე მოცემულია სიტყვა ΙΧΘΥΣ [Bovini 1974: 99].

3. ზოგადად I-IV სს. მასალაში დადასტურებული თევზის გამოსახულებიანი ბეჭდებიდან დღეს გამოქვეყნებულია 16 და ყველა სამარხშია აღმოჩენილი. აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენი კვლევის საგანს ამ შემთხვვაში არ წარმოადგენს კრევეტის ან დელფინის გამოსახულებიანი გემები.

4. №15 ქვაყუთში (III ს.) დაკრძალული იყო 2 ზრდასრული მიცვალებული გულაღმა გაშოტილი თავით ჭ-სკენ. გარდა აღნიშნული სარდიონის თვლიანი ვერცხლის ბეჭდისა, სამარხში აღმოჩნდა: ხელადა; ნიჟარა-კაური; რგოლები ბრინჯაოსი; ბეჭედი ვერცხლისა იასპის ინტალიოთი, რომელზეც სამი ადამიანის პროფილია გამოსახული; ბეჭედი ვერცხლისა და ოქროსი კონუსურთვლიანები; ბეჭედი რკინისა; წყვილი საყურე ოქროსი წიწიბოსებრი; ქოირის ფურცლები ოქროსი; დანა რკინისა; მახათი ძვლისა; აბზინდა ვერცხლისა; მძივები გიშრისა, პასტისა, აქატისა და სარდიონისა; სანელსაცხებლე მინისა; ავგუსტუსის დენარები და გოტარზეს დრაქმა [ნიკოლაიშვილი... 2000].

5. №2 ორმოსამარხში დაკრძალული იყო ერთი მიცვალებული თავით დასავლეთისკენ.

6. სვეტიცხოვლის №17 თიხის ფილასამარხში (III ს.) დაკრძალული იყო დედა-შვილი გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ, ხელებით მკერდზე დაკრეფილი. სამარხში ერთადერთი ნივთი დაფიქსირდა - ბეჭედი ვერცხლისა აღნიშნული გემით [ბიბილური 1983:215].

7. მაგალითად, მ.მაქსიმოვამ და ქ.ჯავახიშვილმა თევზის გამოსახულებიანი გემების ნაწილი ზოდიაქოს გამოსახულებად მიიჩნიეს. ვ.ნიკოლაიშვილი მცხეთაში აღმოჩენილ მსგავსი გამოსახულების გემებს ქრისტიანობას უკავშირებს. მ.მშვილდაძე კი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ II-IV სს. დათარიღებულ თევზის გამოსახულებიან ინტალიოებს ქრისტიანული სიმბოლოს გამომხატველად მოიაზრებს [Максимова 1950: ჯავახიშვილი 1972: 8; ნიკოლაიშვილი... 2000; მშვილდაძე 2008:67-72].

8. №2 კრამიტსამარხში მიცვალებული დაკრძალული იყო მარჯვენა გვერდზე ფეხებმოკეცილი, თავით დასავლეთისაკენ. სამარხში აღმოჩნდა: ორი ხელადა თიხისა; დანისპირი რკინისა; აბზინდა ბრინჯაოსი; მძივი პასტისა; ბეჭედი რკინისა სარდიონის ინტალიოთი, რომელიც გამოსახავს ცისტოფორს, საიდანაც გველი მოძვრება; ბეჭედი რკინისა სარდერის თვლით, პურის ორი თავთავის გამოსახულებით და განსახილველი რკინის ბეჭედი (სამივე ბეჭედს მ.ლორთქიფანიძე III ს. რომაულ გემებს განაკუთვნებს) [აფაქიძე... 1955:129-130; ლორთქიფანიძე 1958:45-47].

9. ქვაყუთი №970 (III ს. ბოლო – IV ს. დასაწყისი) დამხრობილი იყო N-შ ღერძზე. მასში დაკრძალული იყო ორი ინდივიდი თავით ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. ძვლების არეულობის გამო მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოითქვას იმის შესახებ, რომ მიცვალებულები უნდა დაესვენებინათ გაშოტილ მდგომარეობაში. სამარხში აღმოჩნდა: კოჭობი და 2 ხელადა თიხისა; ბეჭედი ვერცხლისა ნეფრიტის თვლით, რომელზეც გაურკვეველი წარწერაა ამოკვეთილი; ბეჭედი ბრინჯაოსი ბერძნული წარწერით «ΖΟΗ» - ”სიცოცხლე”; საყურე ოქროსი; ხვია ოქროსი; ყურძნის მტევნის იმიტაციის საკიდები ოქროსი და ბრინჯაოსი; 3 საკიდი ოპალისა და მინისა; ზარაკი ბრინჯაოსი; მძივები მინის, სარდიონის და პასტის; ჭურჭლის ფრაგმენტები მინისა; მონეტები ვერცხლისა გოტარზესი და ავგუსტუსისა და განსახილველი რკინის ბეჭედი სარდიონის ინტალიოთი [აფაქიძე... 2001:26-28].

10. ფილასამარხი №29 (III ს.) გამართული იყო ქალბატონისთვის, რომელიც დაკრძალული გახლდათ გულაღმა გაშოტილი, თავით აღმოსავლეთისკენ. მარჯვენა ფეხის მუხლი გადადებული ჰქონდა მარცხენაზე. მარჯვენა ხელი მკერდს ოდნავ ქვემოთ, მარცხენა ბოქვენზე ჰქონდა დადებული. სამარხში აღმოჩნდა: ქოთანი თიხისა; სანელსაცხებლე მინისა; წყვილი საყურე ოქროსი წიწიბოსებრი; ბეჭედი ტიხე-ფორტუნას გამოსახულებით; ილარი ბრინჯაოსი; სარკე ბრინჯაოსი (რომლის გამო ქალს ბერძენად მოიაზრებენ); საკიდები; მძივები და განსახლველი ვერცხლის ბეჭედი სარდიონის გემით [ბიბილური 1983:165-166].

11. №24 ქვაყუთში დაკრძალული გახლდათ სამი ინდივიდი, ამათგან ორის ძვლები არეული იყო, მესამე ესვენა გულაღმა, გაშოტილი, თავით აღმოსავლეთისკენ, ხელები ტანის გასწვრივ ჰქონდა ჩამოშვებული. გარდა განსახილველი სარდიონის გემიანი ოქროს ბეჭდისა, სამარხში აღმოჩნდა: 3 სანელსაცხებლე მინისა; საკინძი ოქროსი; დანა რკინისა; ჯვრისებრი ფიბულა ბრინჯაოსი; მძივები გიშრისა [ტყეშელაშვილი 1955: 116; უგრელიძე 1967: 102; ნიკოლაიშვილი... 2000].

12. №83 ქვაყუთში (III ს. მიწურული) დაკრძალული იყო 3 მიცვალებული: ქალი გაშოტილი თავით W-სკენ, კაცი გაშოტილი თავით O-სკენ და ბავშვი - თავით W-სკენ. გარდა თევზის გამოსახულებიანი ოქროს ბეჭდისა, სამარხში აღმოჩნდა: 4 სანელსაცხებლე მინისა; წყვილი საყურე ოქროსი; ბეჭედი ოქროსი; ბეჭედი ვერცხლისა ათენას გამოსახულებიანი სარდიონის თვლით; მონეტები ავგუსტუსისა და გოტარზესი; მძივები პასტისა და გიშრისა; ამათგან, თევზისა და ათენას გამოსახულებიანი ბეჭდები მამაკაცს ეკუთვნოდა [ნიკოლაიშვილი... 2000].

13. ყათლანიხევის ორმოსამარხ №1-ში მიცვალებული დაკრძალული იყო მარჯვენა გვერდზე, ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში, თავით ჩრდილო-დასავლეთისაკენ. სამარხში აღმოჩნდა: ღილაკები ოქროსი; 2 სარტყლის ბალთა ვერცხლისა; სარტყლის 3 საკიდი ვერცხლისა; მძივები მინისა და პასტისა; 2 საკინძი ვერცხლისთავიანი; ყელსაბამი გიშრისა და მინის თვლებით; სარდიონის გემა თევზის გამოსახულებით; მონეტები ტიტესი, ავგუსტუსისა და გოტარზესი [ხახუტაიშვილი 1964:89-90]. რაც შეეხება №2 ორმოსამარხს, მასში მიცვალებული დაკრძალული იყო მარჯვენა გვერდზე თავით ჩრდილოეთისაკენ. სამარხში აღმოჩნდა: 2 დოქი თიხისა; ყელსაბამი პასტის მძივებისა და რკინის ბეჭედი თევზის გამოსახულებიანი სარდიონის ინტალიოთი [ხახუტაიშვილი 1964:91].

14. ურბნისის ჩეენთვის საინტერესო სამარხები გამოუქვეყნებელია, ამიტომ ჩვენ დავეყრდენით ქალბატონ ქ.ჯავახიშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც მას უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.

15. №71 ქვაყუთში (IV ს. დასაწყისი) დაკრძალული იყო ბავშვი გულაღმა გაშოტილი თავით აღმოსავლეთისკენ. სამარხში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭლის ნატეხი; 3 სანელსაცხებლე მინისა; მშვილდსაკინძი ბრინჯაოსი ჭვინტიანი; ქოირის ფურცლები ოქროსი; რგოლი ოქროსი; საყურე რგოლი ოქროსი; მძივები ქვის, პიროპის და პასტის და განსახილველი ვერცხლის ბეჭედი [მანჯგალაძე 1985:45-46].

16. ორმოსამარხ №533-ში (IV ს. დასაწყისი) დაკრძალული იყო მამაკაცი გულაღმა გაშოტილი, თავით აღმოსავლეთისკენ. სამარხში აღმოჩნდა: 4 ბრინჯაოს ბეჭედი არამეული წარწერით; ფარაკიანი ბეჭედი ბრინჯაოსი; ბეჭედი ბრინჯაოსი კონუსური თვლით; ბეჭედი მინისა; მშვილდსაკინძი ბრინჯაოსი; სანელსაცხებლე მინისა; მძივები ქალცედონისა, პასტისა, მინისა, გიშრისა, პიროპისა და სარდიონისა და განსახილველი ბრინჯაოს ბეჭედი მინის ინტალიოთი [მანჯგალაძე 1985:89-90; აფაქიძე... 1982:191-192].

17. ორმოსამარხი №156 გამართული იყო დედა-შვილისთვის, რომლებიც დაკრძალულნი იყვნენ თავით დასავლეთით, კიდურებმოკეცილი, ერთი მარცხენა, მეორე მარჯვენა გვერდზე. სამარხში აღმოჩნდა: ხელადა თიხისა მსხლისებური, ყელწიბოიანი (იდო ბავშვის თავთან); რკინის ბეჭდის ნატეხები; ბრინჯაოს ბეჭედი ინტალიოთი, რომელიც გამოსახავს პურის თავთავებს; ბეჭედი ვერცხლისა სარდიონის ინტალიოთი, რომელზეც გამოსახულია ღუზა და ორი თევზი; მძივები მინისა, გიშრისა, სარდიონისა, ალებასტრისა, ქარვისა და მინისებრი პასტისა (216 ც.); ვერცხლის მონეტა რომაული, გახვრეტილი და საკიდად გამოყენებული (ყველა ინვენტარი ქალს აღმოაჩნდა). სამარხი III-IV სს. მიჯნით თარიღდება [ჩიხლაძე, 1977].

18. სამთავროს სამაროვნის IV-VIII სს. დათარიღებული სამარხების დამხრობა, ცალკეულ გამონაკლისთა გარდა მიმართულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. შესაბამისად, მიცვალებულები დაკრძალულნი არიან თავით აღმოსავლეთისკენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ გულაღმა, გაშოტილი ხელების ნებისმიერი მდებარეობით ხასიათდებიან. სამთავროს სამაროვნის ეს ”სპეციფიკურობა”, როგორც ვ.ნიკოლაიშვილმა აღნიშნა [ნიკოლაიშვილი... 2000], დიდი ხანია მკვლევართა ყურადღებას იქცევს. მათგან ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამთავროს სამაროვანი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო მცხეთის არაქრისტიანი მოსახლეობის განსასვენებლად; მათ შორის ებრაელების, როგორც იუდაიზმის, ასევე იუდაური ქრისტიანული თემების წევრებისთვისაც [ბიბილური 1994: 40-41].

გამოყენებული ლიტერატურა:

1. აფაქიძე ა., გობეჯიშვილი გ., კალანდაძე ა., ლომთათიძე გ. 1955: მცხეთა,  არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები. - აფაქიძე ა. (რედ.), მცხეთა. I. თბილისი.

2. აფაქიძე ა., ნიკოლაიშვილი ვ., მელითაური კ., სიხარულიძე ა., სადრაძე ვ., ძნელაძე მ., მანჯგალაძე გ., ხეცურიანი ლ., ჭილაშვილი თ., გიუნაშვილი გ., დავლიანიძე რ., გავაშელი ე., ირემაშვილი შ., ბიბილური თ., ღლონტი ნ. 1982: დიდი მცხეთა 1979. - აფაქიძე ა. (რედ.), მცხეთა. VI. თბილისი.

3. აფაქიძე ა., ნიკოლაიშვილი ვ., ყიფიანი გ., სიხარულიძე ა., გიუნაშვილი გ., გავაშელი ე., ღლონტი ნ., კაპანაძე მ. 1999: ნარეკვავი I. - აფაქიძე ა. (რედ.), მცხეთა 1998. თბილისი.

4. აფაქიძე ა., ნიკოლაიშვილი ვ., ყიფიანი გ., სიხარულიძე ა., გიუნაშვილი გ., გავაშელი ე., ღლონტი ნ., კაპანაძე მ. 2000: ნარეკვავი II. - აფაქიძე ა. (რედ.), მცხეთა 1999. თბილისი.

5. აფაქიძე ა., ყიფიანი გ., მანჯგალაძე გ., გიუნაშვილი გ., ნიკოლაიშვილი ვ., სიხარულიძე ა. 2001: არქეოლოგიური გათხრები სამთავროზე 2000 წელს. - მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის V სამეცნიერო სესია. 2000 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგების ანგარიშები. თბილისი. გვ.24-29.

6. ბიბილური თ. 1983: თიხის ფილასამარხები გვიანანტიკური ხანის საქართველოს ტერიტორიაზე, საკანდიდატო დისერტაცია. საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კვლევის ცენტრი.

7. ბიბილური თ. 1994: ქრისტიანობის შემოსვლა-გავრცელება ქართლის (იბერიის) სამეფოში და დიდი მცხეთის ებრაული თემი. - ქრისტიანული ცივილიზაცია და საქართველო. კონფერენცია მიძღვნილი ადრექრისტიანული არქეოლოგიის პირველი მსოფლიო კონგრესის 100 წლისთავისადმი. მოხსენებათა მოკლე შინაარსები. თბილისი. გვ.34-41.

8. ინაიშვილი ნ. 1993: ციხისძირის ახ.წ. I-VI სს. არქეოლოგიური ძეგლები. - ხახუტაიშვილი დ. (რედ.), სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები. XXI. თბილისი.

9. ლორთქიფანიძე მ. 1958: არმაზისხევსა და ბაგინეთზე აღმოჩენილი გლიპტიკური ძეგლები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გემები. II. თბილისი.

10. მანჯგალაძე გ. 1985: სამთავროს სამაროვნის გვიანანტიკური ხანის სამარხები. კატალოგი. - აფაქიძე ა. (რედ.), მცხეთა. VII. თბილისი. გვ.43-108.

11. მიქელაძე თ. 1985: კოლხეთის ადრერკინის ხანის სამაროვნები. კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები. II. თბილისი.

12. მშვილდაძე მ. 2008: ადრეული ქრისტიანობა საქართველოში. თბილისი.

13. ნიკოლაიშვილი ვ., მანჯგალაძე გ. 2000: სამარხეული ინვენტარი ქრისტიანული სიმბოლოებით დიდი მცხეთის სამაროვნებიდან. -საერთაშორისო სიმპოზიუმი - ქრისტიანობა. წარსული, აწმყო, მომავალი, მოხსენებათა შინაარსები, თბილისი.

14. სურგულაძე თ., ბიბილური თ., ძნელაძე მ. 1981: ადრეული ქრისტიანობის სიმბოლო მცხეთიდან. - საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. 3. გვ.740-744.

15. ტყეშელაშვილი ო. 1955: ადრეფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის ძეგლები სამთავროს სამაროვნიდან (ახ.წ. IV-VIII სს.). საკანდიდატო დისერტაცია. საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი.

16. უგრელიძე ნ. 1967: ადრეულ შუასაუკუნეთა მინის წარმოების ისტორიისათვის. თბილისი.

17. ფანცხავა ლ. 1988: კოლხური კულტურის მხატვრული ხელოსნობის ძეგლები. თბილისი.

18. ჩიხლაძე ვ. 1977: 1977 წლის ჟინვალის სამაროვნის არქეოლოგიური გათხრების ანგარიში. ხელნაწერი. ნაშრომი ინახება დუშეთის არქეოლოგიური მუზეუმის ბაზაზე.

19. ჩიხლაძე ვ. 1999: არაგვის ხეობა ახ.წ. I ათასწლეულის I ნახევარში (ჟინვალის სამაროვნის მასალების მიხედვით). საკანდიდატო დისერტაცია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის კვლევის ცენტრი.

20. ხახუტაიშვილი დ. 1964 : უფლისციხე. I. თბილისი.

21. ჯავახიშვილი ქ. 1972: ურბნისის ნაქალაქარის გლიპტიკური ძეგლები. თბილისი.

22. Максимова М. И. 1950:  Геммы нз некрополя Мцхеты – Самтавро (раскопки 1938-1939гг.). - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. XVI-B. გვ.221-274.

23. Покровский Н.В. 2000: Очерки помиатников христианского искусცтва (Издание второе). Санкт-Петербург.

24. Уваров А.С. 2001: Христианская символика. ч.I.  (дополненное и переработанное издание) Москва-Санкт-Петербург.

25. Успенский Л. А. 1997: Богословие иконы проваславной церкви. Москва.

26. Фон Фрикен А. 1877: Римские катакомбы и памятники первоначального христианского искусства. ч. II. Москва.

27.Bovini Giuseppe. 1974:Les ”sinopie” résemment découvertes sous les mosaïques de l’abside de Saint-Apollinaire-in Classe, à Ravenne. - Comptes-rendus des séances de l’année...-Académie des inscriptions et belles-lettres. Volume 118, №1. pp.97-110.

28.Clement d’Alexandrie. 1846: Le divin maitre ou le pedagogue. - Défense du christianisme par les pères des premiers siècles de l’église, contre les philosophes, les païens et les juifs. Traductions publiés par M. de Genoude. Paris.

29.De Rossi Giovani Battista. 1867: La Roma sotterranea Christiana. Tomo II, Roma.

30.Tertullien. 1852: Du baptême. - Ouvres de Tertullien. Traduites en Français par Eugine-Antoine de Genoude, Paris. [livre on-lain]. Le site: www.tertullian.org

31.Tran Tam Tinh. 1995: Archéologie paléochretienne et patristique. - La documentation patristique: bilan et prospective. Edision de Presses Université Laval.

32.Tristan Frédérick. 1996: Les premieres images chretiennes, Du symbole a l’icone: II-IVe siècles. Fayard.

33.Wilpert Joseph. 1903: Die malereien der katakomben Roms. Freiburg im Breisgau.

სურათების აღწერილობა:

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)

(+)......სურ. 1 - ვერცხლის ბეჭედი სარდიონის თვლით მცხეთის №15 სამარხიდან.

(+)......სურ. 2 - სარდიონის ინტალიო სვეტიცხოვლის №17 სამარხიდან.

......სურ. 3 - რკინის ბეჭედი სარდიონის თვლით სამთავროს №970 სამარხიდან.

.......სურ. 4 - სარდიონის გემა სამთავროს №29 სამარხიდან.

(+)......სურ. 5 - სარდიონის გემა სამთავროს №24 სამარხიდან.

(+)......სურ. 6 - სარდიონის გემა ყათლანიხევის №1 სამარხიდან.

(+)......სურ. 7 - რკინის ბეჭედი სარდიონის თვლით ყათლანიხევის №2 სამარხიდან.

.(+).....სურ. 8 - სარდიონის გემა ურბნისის №109 სამარხიდან.

(+)....სურ. 9 - ვერცხლის ბეჭედი სარდიონის თვლით სამთავროს №71 სამარხიდან.

(+).......სურ. 10 - სარდიონის გემა ურბნისის №183 სამარხიდან.

Ketevan Digmelashvili

Great Mtskheta Archaeology state museum-reserve

On Distribution of the Christian Fish Symbol in Georgia

(As Examplified by Gems)

The paper deals with the question of distribution of the Christian fish symbol in Georgia, on the example of gem-intaglios. The foundation for the establishment of the fish symbol in Christianity was laid by the miracles of Christ, whereas the Greek name of fish facilitated its becoming one of the main Christian symbols and its wide distribution. Fish for the Christians turned into a symbol of the Lord and became a sign of faith. The image of two fish facing the top of an anchor was widespread in the early Christian world, which originated in the Near East and was a widespread symbol already in the 2nd c. AD. After the reign of Constantine the Great it begins to disappear, and does not occur from the 5th century. Gems with the representation of fish were found in Georgia at a certain period of time - in the 2nd-4th centuries and can be grouped typologically in the following way: 1.representations of a fish, 2.two fish shown in parallel to each other, 3.two fish facing the top of an anchor, and 4.fish placed on an altar. They are recorded in burials arranged according to the Christian and pagan rites at Mtskheta, Zhinvali, Urbnisi, Qatlanikhevi, Tsikhisdziri, due to which part of intaglios are regarded as expressions of a Christian symbol, and others as those of a zodiacal sign. However, the fact that the posture of burying the deceased and grave goods cannot be always the determinant of their religious affiliation is indicated by instances recorded at Samtavro and Urbnisi, where pagan burials contained, along with intaglios bearing representations of various deities, gems with the Christian fish symbol. It should be noted that gems showing the fish symbol appear in Georgia mostly from the 2nd century AD, continuing until the end of the 4th c. Accordingly, the chronological boundaries of distribution of gems with the fish image in Georgia completely coincide with the period of distribution of gems with the same symbol in the Christian world. Thus, gem-intaglios bearing the representation of fish, found on the territory of Georgia from the beginning of Common Era, in my view, should be interpreted as expressing a Christian symbol, which in the first centuries until Christianity became predominant, was a widespread Christian symbol in entire Christendom. After the 4th c. this symbol moved from rings to cult sites.