topmenu

 

ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე - არქეოლოგიური კვლევები ბაგრატის ტაძარში

<უკან დაბრუნება...<<<დაბრუნება მთავარ გვერდზე // არქეოლოგიური აღმოჩენები>>>

არქეოლოგიური კვლევები ბაგრატის ტაძარში

ომარ ლანჩავა, როლანდ ისაკაძე

http://www.heritagesites.ge/files/PDF/Maketi.pdf

ქუთაისისა და მისი მიდამოების (სურ.1) არქეოლოგიური ძეგლები თითქმის საუკუნენახევარია, რაც მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა1.

ამ რეგიონის ძველი ისტორიის კვლევის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. პროფ.ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით 1963-1965 წლებში ფართო მასშტაბიანი დაზვერვითი სამუშაოების შედეგად გამოვლინდა და სამეცნიერო მიმოქცევაში შევიდა სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები, რის საფუძველზეც შეიქმნა მიკრორეგიონის არქეოლოგიური ძეგლების რუკა2. ქალაქის ძველი და უძველესი ისტორიის წყაროთმცოდნეობითი ბაზა სრულიად ახალი და უცნობი მასალებით შეივსო იმ გეგმაზომიერი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც ქუთაისსა და მის შემოგარენში 1984 წლიდან დღემდე ახორციელებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი (2003 წლიდან) არქეოლოგიური ექსპედიცია, რომლის მიერ მოპოვებულმა მასალებმა თითქმის მთლიანად შეავსო ქუთაისის ისტორიის ის ქრონოლოგიური წყვეტილები, რაც მცირერიცხოვანი და ნაკლებ ინფორმაციული წერილობითი წყაროებით იყო გამოწვეული. მრავალწლიანმა არქეოლოგიურმა გათხრებმა სრულიად ახლებული წარმოდგენა შეგვიქმნეს ქალაქის ისტორიული განვითარების ცალკეულ ეტაპებზე. განსაკუთრებულ მიღწევად უნდა ჩაითვალოს საქალაქო ცხოვრების ჩასახვა-აღმოცენების ეტაპის (ადრე-რკინის ხანა) დადგენა; ადრეანტიკური ხანის მასშტაბური დასახლებისა და ელინისტური ეპოქის სამაროვნის მიკვლევა; ადრეშუასაუკუნეების მონუმენტური საფორტიფიკაციო, საერო, საკულტო, საზოგადოებრივი და საკომუნიკაციო დანიშნულების ნაგებობათა გამოვლენა-შესწავლა; განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეების ქუთაისის სტრატიგრაფიის დადგენა; კულტურული ფენებისა და სამშენებლო ეტაპების ქრონოლოგიური გამიჯვნა და წერილობით წყაროებთან შესაბამისობაში მოყვანა3. 2005 წლიდან არქეოლოგიური კვლევები ჩართულ იქნა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით დაწყებულ ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტში. დღეისათვის ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარებულია ბაგრატის ტაძარზე, რომლის ინტერიერსა და ექსტერიერში 2005-2006-2007-2009 წლებში გამოვლენილ იქნა ტაძრამდელი სამშენებლო ფენები, დადგინდა ძეგლის სტრატიგრაფია და ქრონოლოგია4. დღევანდელი ბაგრატის ტაძრის ადგილზე უძველესი დასახლება ზოგადად ენეოლით -ადრებრინჯაოს ხანით თარიღდება. მოყვითალო თიხნარ გრუნტსა და კლდოვან მასაზე დალექილი ამდროინდელი კულტურული ფენა ტაძრის სამხრეთის კარიბჭის აღმოსავლეთის კედლის ექსტერიერში გაჭრილ სადაზვერვო შურფში მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 4,5 მ-ის სიღრმეზე გამოვლინდა. ინვენტარი წარმოდგენილია რიყის ქვის იარაღებითა და სქელკედლიანი, ხელით ნაძერწი, უსახო კერამიკის ფრაგმენტებით (სურ.2-3)4 ისევე როგორც ნაქალაქარის სხვადასხვა უბანზე, ტაძრის ინტერიერსა და ექსტერიერში in situ მდგომარეობაში მიკვლეულია ძვ.წ. VIII-VII სს-ის კულტურული ფენა, რომლის სიმძლავრე ზოგ ადგილებში სამ მეტრამდე აღწევს.

ფენაში ფიქსირებულია ხის ძელური და წნული ნაგებობების ანაბეჭდებიანი თიხის ბათქაშების კომპაქტური გროვები (მაქსიმალური სიმძლავრე ორ მეტრამდე. სურ.4). ორ შემთხვევაში დადასტურდა ქვის ერთრიგა ცოკოლზე აღმართული ხის ნაგებობათა ნაშთები, რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა ამ ეპოქის კოლხური ნამოსახლარებისათვის და შესაძლოა მათ განსაკუთრებულ (საკულტო)დანიშულებაზეც მიუთითებდეს. ამ კონტექსტში სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბათქაშების გროვაში აღმოჩენილი თიხის მუქად გამომწვარი ცხვრის მინიატურული ქანდაკებისა და თიხისავე საბეჭდავის ნაშთები (სურ.5).

კულტურულ ფენაში და ბათქაშების გროვებშიც მრავლად აღმოჩნდა ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევრით დათარიღებული ზოომორფულყურებიანი და კანელურებიანი ჭურჭლების ნატეხები (სურ.6).

ენეოლით-ადრებრინჯაოსა ფენა და წინარეანტიკური ხანის ნამოსახლარი სამომავლოდ ცალკე პროექტით კვლევას საჭიროებს. არქეოლოგიური კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ("არქიელის გორა") საქალაქო ცხოვრების აღმავლობის ახალი ეტაპი იწყება ახ.წ. III-IV საუკუნეებიდან. ახ.წ. IV ს-ში ორ ეტაპად აგებული ციხე - ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იქ, სადაც დღეს ბაგრატის ტაძარი დგას, შენდება დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა (სურ.7). მიუხედავად იმისა, რომ ბაზილიკის ადრევე დაზიანებული კედლების ქსოვილი მომდევნო ეპოქების სამშენებლო ფენებითაა გადაფარული, მოხერხდა მისი გეგმის შეკვრა და ინტერიერის მოწყობის ცალკეული ელემენტების გამოკვეთა ბაზილიკა გეგმაში წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისაა. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეზე ფიქსირებულია თანადროული სწორკუთხა მინაშენები. ჩრდილოეთის მინაშენი ორნაწილიანია: სანათლავი (8,8X5,2 მ.) და მასზე დასავლეთიდან მიდგმული დამხმარე სათავსი (5,4X5,2). სანათლავის ინტერიერში დადასტურებულია აგურებით შედგენილი არხი, რომელიც დასავლეთ ნაწილში ჰიდრავლიკური ხსნარით მოპირკეთებულ აუზში იხსნება (სურ.8). სამხრეთის სათავსის (7,4X5,8 მ.) ფუნქციის გარკვევა კვლევის ამ ეტაპზე არ ხერხდება. ნაოსის დასავლეთის კედელზე მიშენებული ყოფილა ბაზილიკის თანადროული ნართექსიც (10,6X6,4 მ.). მისი დასავლეთის კედლის ცენტრში კირხსნარით მოლესილი კარის ზღურბლი დადასტურდა (რომლის სიგანეც 2 მეტრამდე იზომება). ზღურბლის ჩრდილოეთის მხარეს ხის ჩარჩოს მასიური ძელის ჩასასმელი ცილინდრული ღრმული დადასტურდა. მისი მდებარეობის მიხედვით ნართექსის კარი ინტერიერისკენ იღებოდა (სურ.9). კიდევ ერთი კარის ზღურბლი დაფიქსირდა ბაზილიკის ჩრდილოეთის კედელში, რომლის მეშვეობითაც დამხმარე სათავსის გავლით სანათლავში შეიძლებოდა მოხვედრა (სურ.10). ამ მომენტისათვის მიმდინარე სამუშაოებმა გამოავლინა სწორკუთხა ფორმის საკურთხეველი ცენტრალური ნავის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის ორივე მხარეს, გვერდითა ნავების გაყოლებაზე ასევე სწორკუთხა მოხაზულობის მცირე ზომის სათავსების (პირობითად პასტოფორიუმები) გეგმა იკითხება. ანალოგიურადაა მოწყობილი ნეკრესის ნაქალაქარზე გამოვლენილი IV ს-ის ბაზილიკის საკურთხევლის მონაკვეთი6. საკურთხევლის მონაკვეთის ასეთი მოწყობა ხშირად დასტურდება ჩრდილოეთ სირიისა და პალესტინის, იშვიათად მესოპოტამიისა და ეგვიპტის ადრინდელ ბაზილიკებზე7. კვლევის ამ ეტაპზე გაურკვეველია ნაოსის (27X10,6 მ.) ნავების გამყოფი სვეტების რაოდენობა. ჯერჯერობით მოხერხდა ზედა სამშენებლო დონეებით გადაფარული მხოლოდ ორი სწორკუთხა სვეტის ფუნდამენტის გამოვლენა. ბაზილიკის ფუნდამენტები ჩაშვებულია წინარეანტიკური ხანის კულტურულ ფენაში. მათი სიმაღლე მერყეობს რელიეფისა და გრუნტის სიმკვრივის შესაბამისად და ნაგებია რიყის ქვითა და ჭარბკირიანი, მაღალი ხარისხის დუღაბით.

კედლების ფასადები ფუნდამენტისაგან 20-30 სმ-ის სიგანის ცოკოლით გამოიყოფა და ამოყვანილია მყიფე ჯიშის თეთრი კირქვის მცირე ზომის, შუბლგამოყვანილი ქვებით, შიდა სივრცე კი შევსებულია ნატეხი ქვითა და ჭარბკირიანი დუღაბით. წყობაში შეძლებისდაგვარად დაცულია რიგების ჰორიზონტალობა, რითაც იგი წააგავს რომაულ ხუროთმოძღვრებაში კარგად ცნობილ "Oopus incertum-ს" (სურ.11-12) კედლების სიგანე 1,4 მ-ია, მინაშენებში 1,1 მ. ანალოგიური ტექნიკითაა ნაგები ახ.წ. IV ს-ით დათარიღებული ვარდციხის, ნოქალაქევისა და საკუთრივ ქუთაისის საფორტიფიკაციო და საერო ნაგებობები8.

ბაზილიკის ნაოსსა და ნართექსში დაფიქსირდა სამშენებლო ანატკეცებზე დაფენილი კირხსნარიანი იატაკის თხელი (10 სმ-დე) შრე. სანათლავის კედლები, იატაკი და არხი კი ჰიდრავლიკური ხსნარითაა შელესილი. 2009 წლის სამუშაოებმა უჩვენა, რომ მომდევნო ეტაპზე ბაზილიკა საფუძვლიანად გადაუკეთებიათ, მანამდე კი დროის რაღაც მონაკვეთში, როგორც ჩანს მისი ფუნქციო ნირება შეფერხებულია, რისი დასტურიცაა თავდაპირველ იატაკზე დაფენილი 0,4 მ-დე სიმძლავრის მიწის ფენა, რომელშიც იკითხება ნგრევისა და ნახანძრალი შრეები. ბაზილიკის ინტერიერში ფიქსირდება ბაგრატის ტაძრის მშენებლობის დროს ძლიერ დაზიანებული, სახელდახელოდ ნაშენები, ერთმანეთის პარალელურად განლაგებული სხვადასხვა ზომის სულ ცოტა 4 სათავსოსგან შემდგარი ნაგებობის ნაშთები, რომლის ძირითადი ნაწილებიც გაუთხრელ ფართობებში გადის. ერთი სათავსის ინტერიერში დაფიქსირებულია ლოკალური, ხან გრძლივი ცეცხლის ანთებისგან გადაწითლებული თიხატკეპნილი იატაკის დონე. მეორე სათავსში სამხრეთის კედელთან დაფიქსირებულია ფართო, ბრტყელ ძირიანი, სადაზედაპირიანი ქვევრი. არცერთი მათგანი ქრისტიანულ მსახურებას არ უკავშირდება და ფრთხილი ვარაუდის დონეზე არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ყველაფერი V ს-ის 70-80-იანი წლებიდან 523 წლამდე (ბიზანტიაში ჩასული წათეს გაქრისტიანება და შესაბამისად პოლიტიკური ორიენტაცი ის შეცვლა) ეგრისში ირანის გააქტიურების, მეფე წათეს "...წარმართთა სარწმუნოებაზე..." გადასვლის და შესაბამისად ცეცხლის კულტის არსებობის გამოძახილიც იყოს9. ამ კონტექსტში (ირანის გაბატონება ეგრისში) უნდა განვიხილოთ თერჯოლის რაიონის სოფ.ღვანკითში "დედაღვთისაზე" გათხრილი ეკლესიაც, რომლის მშენებლობაც ფუნდამენტის დონეზეა შეწყვეტილი10. სადღეისოდ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით დაახლოებით VI ს-ის II მეოთხედში ბაზილიკა საფუძვლიანად ჩანს განახლებული: აღდგენილია ჩრდილოეთის კედლის ნაწილი., შენდება ახალი,NS ხაზზე რამდენადმე დავიწროვებული ნართექსი და მისი სახურავის თაღების გადასაყვანად გაჩენილია ორი სწორკუთხა სვეტი., ნაოსში ჩნდება კარგად დამუშავებული ქვებით ამოყვანილი ნავების გამყოფი სწორკუთხა სვეტები, რომელთა ბაზების ძირა საფეხურები VIII საუკუნეში ახალი, ჯვრის ფორმის სვეტების საყრდენებად გამოუყენებიათ, ნაოსი სადა ნართექსის იატაკები მოპირკეთებულია საგანგებო მომზადებაზე დაფენილი მაღალი ხარისხის ჰიდრავლიკური ხსნარით.სანათლავის იატაკსა და არხში ჩალექილ ნგრევის ფენაში in situ დაფიქსირებული სამშენებლო (მაღალბორტიანი [h=7 სმ.] კრამიტები და სხვადასხვა ზომის აგურები) და საყოფაცხოვრებო (პირქედიანი, ფართოძირიანი დერგები, თხელკედლიანი, მოჩალისფროკეციანი, ვიწროდ ტანდაღარული ამფორა) კერამიკის ფრაგმენტები VI ს-ით თარიღდება. ბაზილიკის მეორე და საბოლოო ნგრევა VI ს-ის შუახანებში ეგრისში "დიდ ომიანობას" უკავშირდება. VII ს-ში, სავარაუდოდ ჰერაკლე კეისრის ლაშქრობებიდან (VII ს. 20-იანი წლების ბოლო) სერგი ბარნუკის ძის აჯანყებამდე (697 წ.), ამ ადგილზე ახალი ბაზილიკა აუგიათ, რომლის აღმოსავლეთის ნაწილი იმდენადაა დაზიანებული, რომ ამ ეტაპზე გეგმის აღდგენაც კი ვერ ხერხდება (სურ.7, 10). დასავლეთის კედლის ცენტრალურ და სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში კარის ღიობები ფიქსირდება. კედლების სიგანე 1,4 მ-ია და ნაგებია საშუალო ზომის ზედაპირდაკეჭნილი, უხეშად დამუშავებული კვადრებით. სამხრეთის კედლის (კედლების მაქსიმალურად შემორჩენილი სიმაღლე 0,5 მ.) დასავლეთ ნაწილში ერთ საფეხურიანი ცოკოლი გამოიყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის ელემენტები კვლევის ამ ეტაპზე უცნობია, ძეგლის მოცულობა (რაც თითქმის ბაგრატის ტაძრის ტოლია) გვაძლევს საფუძველს, წარმოვიდგინოთ სამნავიანი ბაზილიკა, რომლის საკურთხევლის მონაკვეთი მომდევნო ეტაპების მშენებლობაშია ჩართული და კვლევის ამ ეტაპზე არ იკითხება. სწორედ ეს არის ქართულ წყაროში მოხსენიებული "ქუთათისის საყდარი", რომელშიც უნდა დაეკრძალათ ქართლის ერისთავი სტეფანოზი11.

მურვან-ყრუს ლაშქრობის შედეგად დაზიანებული "საყდარი" საფუძვლიანადაა გადაკეთებული ლეონ II მიერ VIII ს-ის მეორე ნახევარში: გაფართოებულია ინტერიერი, რომელსაც სამ ნავად ყოფდა ჯვრის ფორმის სვეტები, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს ჩნდება სწორკუთხა მკლავები, სამხრეთის სწორკუთხა მკლავში სანათლავია მოწყობილი, რისი დასტურიცაა ღარიანი კრამიტებით შედგენილი არხები; დასავლეთიდან მიშენებულია შესანიშნავად დამუშავებული საფასადო ქვებით აგებული ნართექსი (სურ.15), რომლის ცენტრში ორდამატებით პარალელურ საყრდენ კედელზე ფიქსირებული ჯვრის ფორმის სვეტებზე გადაყვანილი თაღებით ნართექსის სივრცე სამ არათანაბარ ნაწილად ყოფილა გაყოფილი, ნალისებური აბსიდები გარე სწორკუთხედშია ჩაწერილი. VIII ს-ის განახლება-გადაკეთების კვალი "საყდრის" ინტერიერშიც კარგად ჩანს. გათხრილ მონაკვეთებში აღმოჩნდა ნავების გამყოფი ჯვრის ფორმის სვეტების ნაშთები. ერთი მათგანის საფეხურებრივი ბაზა თითქმის მთლიანადაა გადარჩენილი (სურ.13).

დანარჩენები მომდევნო მშენებლობის დროსაა დაზიანებული ან გადაფარული და მათი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე გაძნელებულია. ამ ფენის კუთვნილია ასომთავრულწარწერიანი ანტეფიქსიც, რომელზეც ქარაგმის გახსნით იკითხება "გაბრიელი" (სურ.14). ანალოგიური ანტეფიქსი ცნობილია გუდაუთიდან, სადაც იკითხება "მიქაელი". ამ ეპოქის კედლების ქსოვილი (ასევე სარკმლების, სართულის გამყოფი თაღების, ნალისებური სამი აფსიდის, აფსიდისწინა მრგვალი სვეტების ნაშთები) ორგანულადაა ჩართული X-XI სს-თა მიჯნაზე აგებული ბაგრატის ტაძრის სტრუქტურაში და სართულნახევრის სიმაღლეზე დღემდე კარგად იკითხება, ინტერიერის ელემენტები კი ბაგრატის ტაძრის იატაკის დონეზეა ნიველირებული. ბაგრატის ტაძრის ხუროთმოძღვარმა ძველი "საყდრის" სწორკუთხა მკლავები ნახევარწრიულით, ჯვრისებური სვეტები კი მრგვალი და წახნაგოვანი სვეტებით შეცვალა, რომელთაც გუმბათი ეყრდნობა., ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს გაჩნდა ღია გალერეები., XI ს-ის I მეოთხედში (გიორგი I დროს) აიგო კარიბჭეები, XIV ს-ში კი დასავლეთის კარიბჭეს ჩრდილოეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი მიაშენეს. 1985 წლიდან დღემდე ტაძრის ინტერიერისა და ექსტერიერის გათხრებისას 100-მდე სამარხი აღმოჩნდა. მათი ქრონოლოგიური ჩარჩო V-XIX სს-ით იფარგლება. სამარხთა ძირითადი ტიპებია: ორმოსამარხები, ქვაყუთ სამარხები, აგურით ამოშენებული სამარხები, კირხსნარითა და ნატეხი ქვებით ამოშენებული სამარხები, აკლდამები, კირხსნარიანი სამარხები, სარკოფაგი. განსაკუთრებით საინტერესოდ ადრეული შუა საუკუნეების სამარხებში ორი ქრონოლოგიური ჯგუფი გამოიყოფა:

1. უინვენტარო ორმოსამარხები, რომელთაც ფარავს VI ს-ის დასაწყისის ჰიდრავლიკურხსნარიანი იატაკი. მათ ჩაჭრილი აქვთ IV ს-ის ბაზილიკის იატაკის დონე

2. VIII ს-ის მეორე ნახევრით დათარიღებული ორმოსამარხები და კირხსნარიანი სამარხები.

ამ უკანასკნელთა შორის გამოირჩევა N50-ე მდიდრული სამარხი, რომლის კამერა მოწყობილი იყო ლეონ II მიერ განახლებული VII ს-ის ბაზილიკის ნართექსში. N50-ე სამარხის კონსტრუქცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ზედა ნაწილი წარმოადგენს w-o ხაზზე დამხრობილ, კარგად დამუშავებული საშულო ზომის ქვის ფილების ერთი რიგით შედგენილ ყუთს, რომლის სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში ოთხ-ოთხი ფილა დევს, თავსა და ბოლოში კი თითო (სურ.16). ამგვარად შეკრული ყუთის გარე ზომებია 2,3X0,68 მ., სიმაღლე 0,4 მ-დე. ფილები ერთმანეთთან დაკავშირებულია სუსტი დუღაბის ხსნარით. ასეთივე ხსნარის თხელი შრით გადალესილი შიდა სივრცე ქვის ფილებით ყოფილა გადახურული, რომელთაგან უძრავად აღმოსავლეთის ნაწილში მხოლოდ ერთი ფილა იყო შემორჩენილი (ქვაყუთის სახურავი თავის დროზე ნიველირებული იყო VIII ს-ის ნართექსის იატაკის დონეზე, რითაც შემსვლელთათვის მონიშნული იყო საფლავის ადგილი). დანარჩენები, როგორც ჩანს, ბაგრატის ტაძრის მშენებლებმა ააცალეს, მაგრამ საბედნიეროდ სიღრმეში აღარ ჩავიდნენ და ზემოდან სამშენებლო ანატკეცებით გადაფარეს. ეს სტრუქტურა აზის 0,2-0,3 მ-ის სიმძლავრის ღორღიანი მიწის შრეს, რომელიც დაფენილია სამარხის კამერაზე. მართკუთხედის ფორმის კამერის კედლები (სიფართე 5-10 სმ.) შედგენილია ადვილად შლადი დუღაბით და შიგნიდან კარგად ეტყობა ხის ფიცრების კვალი (სურ.18).

ამგვარად მოწყობილ კამერაში მიცვალებული დაკრძალულია პირდაპირ მიწაზე, ხის ფიცრებით შემოზღუდულ ტრაპეციის ფორმის (ფეხებისკენ დავიწროებული) სივრცეში და ზემოდან მთელ ტანზე გადავლებული აქვს სილისა და კირხსნარის თხელი შრე ისე, რომ მხოლოდ სახის ნაწილი არ არის დაფარული (სურ.17).

დუღაბის შრემ ძლიერ გაართულა ჩონჩხის პრეპარაცია და ზოგიერთი ნივთის გამოცალკევება მხოლოდ ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ლაბორატორიაში მოხერხდა, თუმცა ინვენტარის ძირითადი ნაწილი ინ სიტუ მდგომარეობაში დაფიქსირდა მიცვალებულის დამხრობა კანონიკურად ქრისტიანულია, ხელებისა და ფეხების პოზაში კი წარმართული მიკროდეტალები ჩანს. მარჯვენა ხელი ედო მკერდზე, მარცხენა კი მენჯზე. მარჯვენა ფეხის მუხლს ქვემოთა ძვლები გადაჯვარედინებული (გადალაგებული) იყო მარცხენა ფეხზე (სურ.18). ფეხის თითები ნაკლული და გაბნეულია. ფეხების ასეთი პოზა ხშირად დასტურდება სამხრეთ რუსეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის სტეპებისა და ჩრდილო კავკასიის იმ რეგიონების ძეგლებზე, რომლებიც სალტოვო-მაიაცკის (ხაზართა ხაკანატის) კულტურის არეალშია მოქცეული. ფეხების გადაჯვარედინება (შეკვრა), ძვლების საგანგებოდ არევა, ან ფეხის თითების ნაწილობრივი ამოცლა ამ კულტურის ძეგლებზე სავარაუდოდ ქურუმი ქალების სამარხებშია დაფიქსირებული12. მკვლევართა ერთი ნაწილი სამართლიანად შენიშნავს, რომ ასეთი პოზა გვხვდება ყუბანისპირეთში მეოტებთან ძვ.წ. I-ახ.წ. I სს-ში (სამარხების 11 %), სარმატებთან მხოლოდ II-III სს-ში (7 %, 366 სამარხიდან13), X-XIV სს-ით დათარიღებულ დაღესტნის ქრისტიანულ სამარხებში (ურადის სამაროვნის N2-3-5 სამარხები14), არ განეკუთვნება რომელიმე კონკრეტულ არქეოლოგიურ კულტურას და მით უმეტეს არ წარმოადგენს ეთნიკურ მახასიათებელს15. ფეხებგადაჯვარედინებული სამარხები დადასტურებულია წებელდაშიც, აბგიძრახუს სამაროვანზე (N9 და 54 სამარხები). მ.თრაპში მათში სარმატული დაკრძალვის წესს ხედავს16. ანთროპოლოგის წინასწარი დასკვნით 25 წლამდე ასაკის გარდაცვლილი ქალბატონი იყო 1,5 მ-დე სიმაღლის, 30-35 კგ. წონის და რაქიტით იყო დაავადებული, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა როგორც ცნობილია, ლეონ II დედა ხაზართა მეფის ასული იყო. ლეონ II სამეფო კარს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ხაზარეთთან და კვლევის ამ ეტაპზე ფრთხილი ვარაუდის დონეზე არ გამოირიცხება გარდაცლილის, რომელიც უთუოდ სამეფო ოჯახის წევრი იყო, ამ სამყაროდან წარმომავლობა. N50-ე სამარხის ინვენტარი წარმოდგენილია ოქროს, ვერცხლის, მინის და ძვირფასი ქვებისაგან შედგენილი სამკაულებით: ოქროს სასაფეთქლეები, ლალისა და ფირუზისთვლიანი ოქროს ბეჭდები, ოქროს შედგენილი სამაჯურები, ოქროს მთლიანად სხმული სამაჯური გრავირებული ზედაპირით, ვერცხლის მთლიან დასხმული, ჭვირულგამოსახულებიანი სამაჯური, ტრაპეციის ფორმის ოქროს საკიდები ცენტრში ცისფერი მინანქრით, შავი და ფერადი მინის სამაჯურები, პირამიდული ფორმის ოქროს ფირფიტებითა და ტყავით შედგენილი სამაჯური (სურ.19-26)17.

აღნიშნული ნივთების ჭედურობის ტექნოლოგიაში შეინიშნება გარკვეული მსგავსება ბიზანტიური სამყაროს ოქრომჭედლობასთან და ცალკეული ანალოგები ეძებნებათ VII-VIII სს. აღმოსავლეთ ევროპის მომთაბარე ტომების (ავარები, ხაზარები, ბულგარები) კულტურების ძეგლებთან. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტაძრის სამხრეთის ნალში აღმოჩენილი N24-ე სამარხი. შიდა მხრიდან შესანიშნავად დამუშავებული ფილებით შეკრულ ქვაყუთში ორი მიცვალებული ესვენა. ქრისტიანული კანონიკით დაკრძალულ ძირითად მიცვალებულს (ქალი) მარჯვენა ბეჭის ორივე მხარეზე გადაფენილი ჰქონია წვრილი ძაფებით ნაქსოვი ოქრომკედი, ხოლო ბავშვის (გოგონა) თავთან აღმოჩნდა ოქროს მრგვალგანივკვეთიანი მავთულისგან დამზადებული წყვილი საყურე (სურ.30). სტრატიგრაფიის გათვალისწინებით N24-ე სამარხი IX-X სს-ით შეიძლება დათარიღდეს. 2010 წლისთვის ტაძრის ინტერიერში დაგეგმილი არქეოლოგიური სამუშაოები სტრატიგრაფია-ქრონოლოგიის დაზუსტებისა და ცალკეული სამშენებლო ფენების გეგმის კორექტირების საშუალებას მოგვცემს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. Fr. Dubois de Montpereux,Voyage autour du Caucase, I. Paris 1839, გვ.15 და შემდეგ., А. Берже, Кавказ в архэологическом отношении, «зариски обшества любителей Кавказской археологии», I. Тифлис, 1879, стр. 17., Г. Церетели, Заметки о курганах и раскорках по Рионской долине, «Протоколы подготовителъного комитета V Археологического съезда в Тифлисе», М. 1882, с.337., დაწვრილებით იხ.ქუთაისი უძველესი დროიდან XIII ს-მდე, თბილისი-ქუთაისი, 1994, გვ.6-13;

2. ექსპედიციის წინასწარი მოკლე ანგარიშები, იხ. სამეცნიერო სესია მიძღვნილი საველე კვლევა-ძიების შედეგებისადმი (მოხსენებათა ანოტაციები), 1963 წ. გვ.26-30; 1964 წ. გვ.27-29; 1965 წ. გვ.19-21; ოთ.ლორთქიფანიძე, ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბ. 1966, გვ.41-44;

3. იხ. ქუთაისი უძველესი დროიდან XIII ს-მდე, თბილისი-ქუთაისი, 1994; ო.ლანჩავა, ქუთაისი ეგრის-ლაზიკის ციხე-ქალაქთა სისტემაში, ქუთ. 1996., ა.გაბრიაძე, ქუთაისი X-XV სს-ში, საკანდიდატო დისერტაცია, ხელნაბეჭდი, ქუთ. 1999., რ.ისაკაძე, ქუთაისი XV-XVIII სს-ში, საკანდიდატო დისერტაცია, ხელნაბეჭდი, ქუთ. 2006; ო.ლანჩავა, ქუთაისის არქეოლოგია, ქუთ. 2007.

4. ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე, არქეოლოგიური გათხრები ბაგრატის ტაძრის ინტერიერში, ქართველური მემკვიდრეობა, VIII, ქუთ. 2004, გვ.136-140.

ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე, დ.ბერძენიშვილი, მ.ჭუმბურიძე, ნ.ქარციძე, ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის 2005 წლის საველე სამუშაოების წინასწარი ანგარიში, ხელნაბეჭდი, ქუთ. 2006.,

ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ბაგრატის ტაძრის ინტერიერში 2006 წლის ივლის-ოქტომბერში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში, ხელნაბეჭდი, ქუთ.2006.

ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრისა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ექსტერიერში 2007 წელს (15 ივნისი–30 აგვისტო) ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში, ხელნაბეჭდი, ქუთ. 2007.

ო.ლანჩავა, ქუთაისის არქეოლოგია, ქუთ. 2007, გვ.112-113, 150-151.

ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე, 2009 წელს ბაგრატის ტაძრის ფუნდამენტების გამაგრებასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე არქეოლოგიური მეთვალყურეობის ანგარიში, ხელნაბეჭდი, ქუთ. 2010.

რ.ისაკაძე, ქუთაისის ადრექრისტიანული ეკლესიები, ქართველური მემკვიდრეობა, XIII, ქუთ. 2010, გვ.136-153;

5. ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრისა და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ექსტერიერში 2007 წელს (15 ივნისი - 30 აგვისტო) ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში, ხელნაბეჭდი, ქუთ.,2007, გვ.16-19.

6. ნ.ბახტაძე, ნეკრესის ნაქალაქარზე გამოვლენილი ჭაბუკაურის ეკლესიის დათარიღებისათვის, ძიებანი, N19, თბ. 2010, გვ.202-220;

7. ნ.ბახტაძე...დას. ნაშრომი, გვ.203.

8. ვ.ჯაფარიძე, ვარდციხის ნაქალაქარი, თბ. 1989, გვ.112, პ.ზაქარაია, თ.კაპანაძე, ციხე-გოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევი, თბ. 1991, გვ.17, და შემდეგ., ო.ლანჩავა, ქუთაისი ეგრის-ლაზიკის ციხე-ქალაქთა სისტემაში, ქუთ. 1996, გვ.79-98, სურ.5-6-11-12.,

ო.ლანჩავა, ქუთაისის არქეოლოგია, ქუთ. 2007, გვ.109-115, სურ.95-97-98-100-101;

9. რ.ისაკაძე, ქუთაისის ადრექრისტიანული ეკლესიები, ქართველური მემკვიდრეობა, XIII, ქუთ. 2009, გვ.139-140;

10. ზ.ბრაგვაძე, არქეოლოგიური გათხრები სოფელ ღვანკითში, იბერია-კოლხეთი (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი), N5, თბ., 2009. გვ.5-13;

11. ქართლის ცხოვრება, ს.ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ.I, თბ. 1955, გვ.241

12. С.А. Плетнева, “Амазонки” как социально-политическое явление, “Культура славян и Русь”. М., 1998 г., стр.529-537;

13. М.Г.Мошкова, К вопросу о катакомбных погребальных сооружениях как специфическом этническом определителе, История и культура сарматов. Саратов, 1983, стр.30-31;

14. П.Тахнаева, Христианская кулътура средневековой Аварии (VII-XVI вв.) в контексте реконструкции политической истории, Махачкала, 2001, стр.243-2454;

15. М.Г.Мошкова, К вопросу....стр.529-537;

16. М.Трапш, Култура Цебелъдигнских некрополей, Труди, Т.3, ТБ. 1971. стр.121.

17. ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე, ნ.ქარციძე, ქალის მდიდრული სამარხი "ქუთათისის საყდრიდან" (ახალი აღმოჩენა), ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XIX, ქუთ., 2009, გვ.17-20.

ARCHEOlOGICAl RESEARChES AT BAGRATI CATHEDRAl

Omar Lanchava, Roland Isakadze

More then one and a half century has passed since the time when archeological sites and monuments located in kutaisi and its surroundings came under the special interest of scholars. As a result of archaeological excavations carried out in 1963-1965 and 1984-2009 several sites of Eneolithic, Early Bronze, Early Antique, hellenistic pre-Christian and medieval epochs were revealed within the area The remains of the ancient settlement of kutaisi, central section of which was excavated through - out the period of 2003-2009 within the scope of the Project for reconstruction of Bagrati cathedral, heave revealed that the territories of the interior and exterior of the monument contained rich archeological material indicating to the existence of the first settlements as early as in the Eneolithic and Early Bronze Ages. The following 3 meter-strong cultural layer dated back to the 8-7-th centuries BC contained remains of timber architecture plastered with clay,shreds of Colchic pottery, a small statue of some domestic animal (ram?) and an ancient seal. A rectangular in shape large basilica of the 4-th century was the first Christian cult structure built on the plot of late time Bagrati cathedral. It had three annexes, two of which - a baptizing room and another space were attached from the north and on more room was added from the south. The structure had a rectangular narthex on the west. Both the altar and past o - pho riums have rectangular configuration. It seems that sometime in the turn of 5-6-th centuries, when the west Georgian kingdome of Egrisi was subjugated to the almighty Iranian Empire a structure comprising either four or five rooms was built within the basilica interior. One of those rooms apparently was used for fire worshiping – it still bears the trace of perpetual fire. In the second quarter of the 6-th century the basilica underwent considerable alterations: northern wall and narthex were rebuilt, rectangular stone columns were included in the naos/nave and basilica floor was added made of high quality hydraulic solution. The structure was destructed sometime in the second half of the 6-th century, apparently as a part of costs paid during the Great War between Iran and Byzantium. New basilica was constructed on the foun dation of an old one. This event should have taken place in the 7-th century, during or soon after the ride of the Byzantine emperor heracles. however this structure was also destructed in the 30-es of the 8-th century as a result of punitive ride of the Arabs. Some time later, in the second half of the 8-th century the basilica was restored under the king of Abkhazs Leon II, when the naves were widened and divided by the cross-shaped columns, rectangular arms were attached to the main building from the north and south, a narthex was renewed by the neatly hewn masonry and the horseshoeshaped apses were inscribed into the external rectangle. Bagrati Cathedral, built in the turn of 10-11-th centuries, in fact is a structure obtained thorough the fundamental reconstruction of its predecessor- the basilica rebuilt and reconstructed by king Leon II Up to one hundred graves of different periods were found during the excavations. The 50-th tomb plastered with lime solution is the most interesting of all of them. This grave was cut sometime at the fall of the 8-th century, when a 25-30 years old lady was buried in kutaisi church. She was lain stretched, face up, with the left upper extremity located at the neck area and the right one at the area of pelvis, legs crossed; right over the left one. Numerous grave goods found there are as follows: golden and silver bracelets adorned with different gemstones, golden temple-rings, golden pendants with plique-a-jour ornamentation, gol den rings with turquoise and garnet gemstones, etc. The final stage of excavations planned for the nearest future will be helpful in understanding of all details related to the most accurate specification of startigraphy of construction layers and their exact dating.